გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინა ტერიკო - სარკე


              წიგნიდან - ,,მეორე დედამიწა“

- ეს მომწონს, ძალიან! - აღტაცებით წამოიძახა და ცნობისმოყვარედ აისვეტა ჩემს წინ. დაჟინებული მზერა მომაპყრო და მუშტრის თვალით დამიწყო თვალიერება. მისმა სილამაზემ წამში მომხიბლა. მთლიანი სხეული ავირეკლე და სუნთქვა შევაჩერე. მინდოდა დიდხანს მდგარიყო და მეცქირა მის ჩამოქნილ ტანისთვის.
- ნეტავ, წამიყვანოს, - ვინატრე გულში და უფრო მეტად შევისრუტე მისი სილამაზე. თითქოს მიხვდა, ჩემს წინ კეკლუცად დატრიალდა და გამიღიმა. ლამის გული გამიჩერდა. სურვილი, რომ დავესაკუთრებინე, უარესად გამიმძაფრდა.
- ეს? - მეორეს ხმა მომესმა, თუმცა სანამ ჩემს წინ არ დადგა, იქამდე ვერ დავინახე. უშნოდ ავირეკლე და უკმაყოფილოდ შევხედე. ჩემი მოწონება ვერ დაიმსახურა, დაბალი, მსუქანი და მოუქნელი იყო. ქშენით სუნთქავდა.
- კი ეს, ნახე რა კარგი ხედვაა, კრიალა, სუფთა, - მხრებზე გადამისვა  ხელი. ისე გამაჟრჟოლა, ლამის კედლიდან ჩამოვცურდი.
- ფრთხილად ლაურა, არ გატეხო, - მეორე ხმამ შიშით შესძახა.
,,ლაურა"- ვთქვი ჩუმად. ისე დამატყვევა, თანახმა ვიყავი მის ფეხებთან დავმსხვრეულიყავი.
- ხომ მიყიდი, კირილ? - ჩემზე თვალმოუცილებლად ჰკითხა.
- ცოტა ძვირია, - შეყოყმანდა.
- შენ რა, ჩემთვის გენანება?! - ლაურას თვალებში მტაცებლები ჩასახლდნენ.
- მასე რატომ ამბობ? უბრალოდ, დიდი ვერაფერია ამ თანხად!
უცებ დამდო წუნი. ისე გავბრაზდი, მის სიტყვებზე, კბილები გავაკრაჭუნე.
- მე ეს მომწონს! - გაჯიუტდა ლაურა და უფრო ახლოს შემითამაშა ტანი.
მეც უარესად ამიჩქარდა გული. კირილის გადაწყვეტილებას მოუთმენლად ველოდი.                      
- რა გაეწყობა, რადგან შენ მოგწონს... - კირილმა კოტიტა თითები წელზე შემოხვია ლაურას და ლოყაზე აკოცა.
არ მესიამოვნა ასეთი სიახლოვე. ეჭვიანობამ გამკრა გულში და გამეცინა, რომ ასე უცებ მოვინდომე სხვისი ქალის დასაკუთრება.
- უთხარი, დღესვე მოიტანონ! - ბრძანებასავით გაისმა ლაურას ხმა და ნაკოცნი ადგილი ხელის ზურგით მოიწმინდა.
მაშინვე მივხვდი ყველაფერს.
კირილი ქოშინით გაემართა სალაროსკენ. ლაურას ჩამოსხმული ტანი კიდევ ერთხელ ავირეკლე და სიხარულის ჟრუანტელმა დამიარა. ლაურაზე უკვე ყურებამდე შეყვარებული, ველოდი როდის დავსახლდებოდი მასთან.
***
- აი, ზუსტად აქ დაამაგრეთ, რომ მთლიანი საწოლი ჩანდეს, - ლაურამ ადგილი მის საძინებელში მიმიჩინა. ისე ვღელავდი და ვთრთოდი, ლამის ხელიდან დავუსხლტი მუშებს. ერთი სული მქონდა, დროზე მოემთავრებინათ საქმე, რომ ჩემი მიჯნურის სილამაზით დავმტკბარი-ყავი.
- რად გინდა, რომ საწოლი ჩანდეს? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა კირილმა.
- კირილ! - თვალები დააკვესა ლაურამ.
სიბრაზეც ისე უხდებოდა...
- კარგი, როგორც შენ იტყვი, -ყურმოჭრილ მონასავით გაჩუმდა კირილი და ჩემს კედელზე მოთავსებას უკმაყოფილო მზერით მიადევნა თვალი.
დიდი დრო არ დამჭირვებია, ახალი ადგილი ისე მომეწონა, სახეგაბადრულმა დავიწყე ოთახის თვალიერება. მოულოდნელად კუშტ მზერას წავაწყდი და შევცბი.
- იცოდე, ეს ქალი ჩემია! - მითხრა დაბღვერილმა.
- მეეჭვება, - ცინიკურად ჩავიცინე.
- ნახე, თუ რამ უყვარს, მე მაბარებს, მარტო მე მანდობს, - მითხრა და ჩემად მიჩნეული ქალის სამოსი გააშრიალა. ერთიმეორეზე ძვირფასი კაბები იწონებდნენ თავს.
- უჩემოდ მაგ ყველაფერს ფასი არ აქვს, - იმედი გადავუწურე.
- მასე ვერ მოვრიგდებით! - დამიყვირა.
- არც ვაპირებ შენთან მორიგებას, მან მე თავის საკუთრებად მაქცია! - მეც არ დავაკელი ყვირილი.
- ტყუილად გიხარია, თავი გააქნია. მაგ ადგილზე შენამდე ვინც იყო, ისიც შენსავით ეცადა ჩემთვის საყვარელი ქალის წართმევას, მაგრამ...
- რა დაემართა? - ცოტა შიშმა გამკრა გულში.
- დაამსხვრია და ნაგავზე მოისროლა, შენც ეგ ბედი გელის, - გესლიანად გაიცინა.
- რატომ დაამსხვრია? - გული შემეკუმშა.
- იმიტომ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ქალი. ის ხომ პრეტენზიულია. რამე არ მოეწონება მის გარეგნობაში და ჯავრს თქვენზე იყრის. აი, მე კი მშვიდად ვარ მაგ მხრივ, - ნიშნისმოგებით ჩამიკრა თვალი.
მისმა სიტყვებმა საგონებელში ჩამაგდო. ვერ ავიტანდი სიკვდილს ჩემი საყვარელი ქალის ხელით. დავდარდიანდი, თუმცა არ შევიმჩნიე.
***
ისე მოსაღამოვდა, ლაურა არ დამნახვებია. სად წავიდა, ან როდის, არ გამიგია. არც კირილი გამოჩენილა, მისგან მაინც მივმხვდარიყავი ჩემი ქალის ასავალ-დასავალს.
- ელოდები? - ისევ ძვირფასი კაბები შეარხია.
- შენი საქმე არ არის, - შევუღრინე.
- შენ მას არ იცნობ, როცა გაიცნობ, გვიანი იქნება, არ უნდა მოსულიყავი.
მტრულად შევხედე. ვიცოდი, ეჭვიანობა ალაპარაკებდა. ხმა არ გამიცია, ენაგადაყლაპულივით ველოდი ლაურას მოსვლას...მოვიდა!
ძლივს ვიცანი. გაწეწილი თმით და ამღვრეული თვალებით დადგა ჩემს წინ. სასმელს სუნი მეცა. არ მესიამოვნა...
ჩემში არეკლილს ირონიულად შეხედა. ისე ახლოს მომიტანა სახე, ლამის სიმთვრალისგან გახურებულ ბაგეზე დავაკვდი. მოულოდნელად ვიღაც უცხო მამაკაციც რომ ავირეკლე, თავი უკან გავწიე. გამიკვირდა, რას აკეთებდა მის საძინებელში.
- რა გითხარი, შენ ლაურას არ იცნობ, - გამომძახა გვერდით კედლიდან და საკიდები შეარხია.
ყურადღება ისევ ლაურაზე გადავიტანე. წელში გასწორდა, მის ზურგზე აკრულ მამაკაცს ვნებიანად მიეტმასნა და კისერი გვერდზე გადააგდო. მამაკაცმაც არ დააყოვნა და კოცნით ჩაუყვა ჩემი ქალის სხეულს.
მტკივნეულად ამოვიგმინე. ჩემს წინ, ურცხვად ნებდებოდა ჩემი მიჯნური ვიღაცის მკლავებს და სიამოვნების კვნესას არ აკლებდა.
თვალებში დამიბნელდა, როდესაც ერთი ხელის მოსმით გაძარცვა ძვირფას კაბისგან და ქალის შიშველი სხეული ხელში აიტაცა.
ვეღარ ვუძლებდი. ვეცადე თვალი ამერიდებინა. არაფერ გამომივიდა. ვუყურებდი  მთელ საწოლს და მასზე ერთმანეთში ახლართულ ორ სხეულს, რომლებიც გაშმაგებით კოცნიდნენ ერთმანეთს.
გონება ამერია, ვიგრძენი როგორ ამაწვა სისხლი თავში.
ძლივს ჩაცხრნენ.
მამაკაცი წამოდგა. ლაურა არ განძრეულა. თვალდახუჭული იწვა და მძიმედ სუნთქავდა.
მამაკაცი მომიახლოვდა, ჩემს წინ ჩაიცვა ტანზე, თმა შეისწორა. ჯიბიდან ფულის შეკვრა ამოიღო, საწოლზე დააგდო და წავიდა.
- მეძავო! - დავუყვირე ლაურას. - მეძავო, მეძავო! - გიჟს დავემსგავსე.
- მიეჩვევი, - გამომძახა გვერდით კედელმა.
***
გვიან ღამემდე მდიოდა ცრემლი. ვერაფრით წარმოვიდგენდი საყვარელი ქალი მეძავი თუ აღმოჩნდებოდა.
გაეღვიძა. საწოლზე დაგდებულ თანხას ღიმილით დახედა და წამოდგა. სრულყოფილი სხეული ჩემს წინ აღმართა და უცხოსგან დალოშნილ მკერდზე თითები გადაიტარა.
ადგილზე მოვკვდი. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი... იმ წუთში ვაპატიე ღალატი.
***
იმ დღის შემდეგ, თითქმის ყოველ დღე ახალ-ახალი მამაკაცები ირეკლებოდნენ და მეც, მისი ღალატის თანამონაწილე ვხდებოდი. თავს ვატყობდი, აღარ მაღიზიანებდა მისი ავხორცობა. პირიქით, მომწონდა კიდეც და ვტკბებოდი მისი სხეულის სიშიშვლით.  მისი ბაგედან აღმოხდილი ყოველი კვნესა მაგიჟებდა და მახელებდა.
- ხომ გითხარი, მიეჩვევი-მეთქი, - გაეცინა გვერდით კედელს.
- მიყვარს! - აღმომხდა.
- მეცოდები, - დანანებით შემომხედა.
აღარ მაინტერესებდა არაფერი, ოღონდ მის ოთახში ვყოფილიყავი და ჩემში არეკლილიყო დედიშობილა. ვერ ვძღებოდი მისი ცქერით. ყოველი  ხელის დასმა თავის სხეულზე გონებას მირევდა და მიბინდავდა. მინდოდა კედელს მილურსმული გავთავისუფლებულიყავი და ჩემს ქალს დავუფლებოდი.
დრო გადიოდა. ლაურას სიყვარულის ცეცხლი უარესად მწვავდა. ვნატრობდი, სასწაული მომხდარიყო და ადამიანად ვქცეულიყავი. ლაურაც თითქოს ხვდებოდა ჩემში აგიზგიზებულ მუგუზალს, უფრო და უფრო გამომწვევად მექცეოდა.
ძვირფასი კაბებით დახუნძლული კი შურისგან იბერებოდა. იმედი იმისა, რომ მალე მოვბეზრდებოდი და სანაგვეზე მომისროდა, უცრუვდებოდა. ცდილობდა, მწარე სიტყვებით მოვეშხამე და ხასიათშეცვლილს ჩემი ქალის არეკვლა გამჭირვებოდა. ყურადღებას არ ვაქცევდი მის ეჭვიანობას, მე ბედნიერი ვიყავი და ვცდილობდი მეტად გამეხარებინა ლაურას გული.
***
ერთ დღეს, თვალცრემლიანი დადგა ჩემს წინ და შუბლით მომეყრდნო. მეუცნაურა მისი ქცევა. თვალებში ჩავხედე და შევცბი. ის ლაურას გამოხედვას არ გავდა, თითქოს ვიღაც უცხო ქალი მიყურებდა. ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. მთელი მკერდი დამისველდა. სისველეს არ დავეძებდი, გაურკვევლობამ გამაგიჟა. ტირილით რომ იჯერა გული, საწოლზე დაწვა და პატარა ბავშვივით მოიკუნტა.
- რა დაემართა? - კედელს გავძახე. არც ის იყო ნაკლებ დღეში. გაოგნებული ხან მე მიყურებდა, ხან საწოლს.
ყველაფერი კირილის მოსვლის შემდეგ გაირკვა. ნეტა არ მომესმინა, ნეტა იქვე ჩამოვშლილიყავი და ის სასიკვდილო განაჩენი არ მომესმინა.
- რამდენი მაქვს დარჩენილი? - საწოლზე წამოჯდა ლაურა.
- ლაურა, -გაუჭირდა თქმა.
- მითხარი, უნდა ვიცოდე!
- ექიმს, თუ დავუჯერებთ, ცოტა... - თქვა და დამნაშავედ ჩაკიდა თავი.
- წადი!
- ლაურა!
- წადი, მარტო დამტოვე! - კბილებში გამოსცრა და ავად დააკვესა თვალები.
მორჩილად ადგა კირილი, თავზე აკოცა და უხმოდ გაერიდა. ლაურა წამოდგა და მომიახლოვდა. სხეული სამოსისგან გაითავისუფლა და შიშველი ამეკრა გულზე. მთელი ძალით მესრისებოდა ზედ, თითქოს ჩემში შემოსვლას და გაუჩინარებას ლამობდა.
სიმწრისგან ცრემლები წამსკდა. ლაურა არ ჩერდებოდა, უფრო და უფრო მეკვროდა და გალიაში გამოკეტილ ველურ ფრინველივით ფართხალებდა.
უცებ, შეჩერდა. ავის მომასწავებლად გაირინდა. მივხვდი, აღსასრულითვის ემზადებოდა.
თითები ფრთხილად გადამატარა სახეზე, შემდეგ მუშტი შეკრა და გამეტებით დამიშინა მკერდზე.
- ლაურა!
- ლაურა!
ვუყვიროდი სიმწრით. არაფერი გაუგონია. ჩემი გაბზარული მკერდიდან ნატეხი ამომაძრო, მაჯაზე გადაიტარა და ძირს გაწვა.
ვიდექი ჩამსხვრეული მკერდით და ვუყურებდი, როგორ იღებებოდა წითლად ჩემი გულის ნამსხვრევი.
ლაურამ უკანასკნელად ამომხედა, გამიღიმა და თვალები დახუჭა. მკერდგაგლეჯილმა დიდხანს ვერ შევიკავე თავი, ზრიალით დავეშვი ძირს და ჩემს საყვარელ ქალის სხეულზე მოვიფანტე.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge