გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

როლანდ გიორგაძე - თეთრი მტრედი


ვუძღვნი ქუჩის მუსიკოსებს

- წავედით ლუკა, წავედით. ადექი! დღეს ცხრასართულიანი კორპუსების წინ უნდა მოვაწყოთ სანახაობა.  გუშინ დავათვალიერე. შენ ჯერ იქ არ ყოფილხარ. ეზო ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია კორპუსებით, რომლებიც საბრძოლო გოდოლებს წააგავენ. შუაში, შემაღლებულ ადგილას, სასპორტო მოედანია - ბუნებრივი ავანსცენა. თავისი პარტერით, ლოჟებით და ქანდარებით. ამდენი მაყურებელი „როიალ ალბერტ ჰოლსაც“ კი არ დაესიზმრება. მქუხარე აპლოდისმენტებზე  ოთხივე მხარეს მოგიწევს თავის დახრა. რას იტყვი? - ღიმლი არ შორდებოდა ახალგაზრდა ქალს სახეზე, - სხვა თუ არაფერი, ოცნება ხომ მაინც შეგვიძლია. ვცადოთ, ხანდახან ოცნებებიც ხომ ხდება და თუ  იღბალიც  გვერდზე დაგვიდგა,  აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, - ცოტა ხანს შეყოვნდა, ჩაფიქრდა,  მერე თავი ჯიუტად გადაიქნია  და შემართებით განაგრძო, -  კი, ბატონო, რთული სიტუაციაა, ყველას უჭირს,  ვერაგი  სენი არავის  ინდობს,  ყველანი სახლებშია გამოკეტილი, მაგრამ ხელდაკრეფილები ხომ არ ვიქნებით? სანახაობა მოვუწყოთ, ჩემო ბატონო, გავართოთ და იქნებ მცირედით მაინც მოვწყვიტოთ დამთრგუნველ ერთფეროვნებას, გამოვუკეთოთ გუნება-განწყობილება, გავახალისოთ. დარწმუნებული ვარ,  მადლიერების ნიშნად  ჩვენს შრომას სათანადოდ შეაფსებენ.  შენ რას იტყვი? - თითქოს ეჭვი შეეპარა  თავის ნათქვამში.  თვალები მეუღლეს შეანათა  და გამხნევების მოლოდინში გაილურსა. პასუხმა რომ დააგვიანა, ნაღვლიანი ხმით დააყოლა, - ბევრს ხომ არ ვითხოვთ!.. არა, არა  გული კარგს მეუბნება, - ისევ მხიარული ნოტები გაკრთა ხმაში, - ცოტაც  და ღვთის შეწევნით საჭირო თანხასაც მოვუყრით თავს და მერე კი სოფლისაკენ ჰერი, ჰერი!  გესმის ჩემი? ტყუილად ვილაპარაკე ამდენი? გამოიღვიძე, შე ძილის გუდა!
ეკა მეუღლეს ლოგინთან ჩამოუჯდა, თმები მოუჩეჩა და ლოყაზე ეამბორა. ლუკა წამოიზლაზნა, ათივე თითით გაბურძგნული ქერა თმები მოიქექა, ცოლი მკლავეში მოიქცია და გულში ჩაიკრა.  
- როგორ არის ჩვენი პატარა? ხომ არ შეუწუხებიხარ ღამე? ჰა? - მერე  მეუღლეს წამობერილ მუცელზე ხელი ფრთხილად მოუსვა, ეამბორა და ფეხზე წამოვარდა.
ძალზე უყვარდათ ერთმანეთი და მიუხედავად სიდუხჭირისა, სიცოცხლით ხალისობდნენ.
- გოგო თუ ბიჭი? ა, იქნებ გოგოც და ბიჭიც? - გულში გაიფიქრა ლუკამ, - რა მნიშნელობა აქვს? შვილი მეყოლება, შვილი, მაგრამ მისი ადგილი აქ, ამ სოროში არ იქნება, - დაექადნა უხილავს, - რაღაც უნდა შევცვალოთ, ჩემო ლუკა, ზოზინის დრო სად გვაქვს!
ლუკა  ფიქრებიდან  მეუღლის ხმამ გამოიყვანა.
- გესმის, წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე. ძილში თეთრი მტრედი გამომეცხადა, თოვლივით თეთრი. ჩემს წინ ფრთებს ატკრციალებდა, მერე თავზე შემომიფრინა და მხარზე დამასკუპდა. რას უნდა ნიშნავდეს? ხომ ამბობდი, ბებიაჩემი სიზმრების კოლექციონერი იყოო. იქნებ ახსნაც იცოდა?
- დიდი ფანტაზიორი იყო ბებიაჩემი, რას არ მოყვებოდა, შემოიფრენდა მიწიერ და ზეციურ სამყაროს და ყვებოდა და ყვებოდა დაუჯერებელ ამბებს, მაგრამ ჩემი რა მოგახსენო, არც  რა მესიზმრება და არც მჯერა მისი. ყურადღებას არ ვაქცევ, იშვიათად თუ რამე დამესიზმრება.
- შენ რაც გინდა ის თქვი, მაგრამ მე მტრედის ღუღუნმა გამომაღვიძა. ისევ სიზმარში მეგონა თავი. სიზმრიდან გადმოსული თეთრი მტრედი თავისი წითელი ფეხებით ჩვენს ფანჯრის წინ დაპაკუნებდა.
ლუკა ნაამბობმა ჩააფიქრა, მაგრამ არაფერი უთქვამს. სასწრაფოდ გადაიცვა სამოსი, მიკროფონსა და ხმის გამძლიერებელს ხელი წამოავლო და მეულესთან ერთად ეზოსკენ გასწია. სანამ ეზოში გამოვიდოდნენ, მეუღლეს გაცისკროვანებულ თვალებში ჩახედა. ზღვასავით უძირო და ცასავით კრიალა თვალებმა მისი სახე აირეკლა, გრძნობამორეული მოეხვია და თვალები ამოუკოცნა.
- წავედით ლუკა, წავედიეთ! დაიღალა ხალხი ლოდინით, -  მხიარულად გადაისკისა ეკამ, მეუღლეს ხელი გამოსდო და ხმაურიანი ქალაქის მდინარებას შეერივნენ.
თავდავიწყებით, არაამქვეყნიური ხმით მღეროდა ლუკა. თითქოს არც არსებობდა,  თითქოს უმცირეს ნაწილაებად  გაბნეულიყო ეთერში, ყველაფერში იყო: ქვაში, მცენარეებში, ყვავილებში, ჩიტების გალობაში, თვითონ კი არა - სამყარო მღეროდა და ამ სამყაროში მხოლოდ ერთი ხატება ციალებდა მის თვალწინ - სიცივისაგან აბუზული, მუცელგამობზეკილი საყვარელი არსება. ,,მალე შვილი გაგვიჩნდება, ნეტავ რა გრძნობაა მამაშვილური გრძნობა?!“ - გაიფიქრა ლუკამ. მომაჯადოებელი მელოდია და ზარივით წკრიალა ხმა არემარეს მოედო და კორპუსის ფანჯრებსაც  გაეალერსა. აქა-იქ სარკმლებიც  გაიღო და ხურდა ფულიც  გაჟღრიალდა ასფალტზე. ზოგი ცელოფნის პარკებში ახვევდა და ისე ისროდა. სიცივისაგან აწურულ ეკას თითებამდე ჩამოეწია ჯემპრის სახელო და მორცხვად კრებდა მოწყალებას. თავდავიწყებიდან ლუკა ეკამ გამოიყვანა.  
- გეყოფა, ლუკა,  გეყოფა! ამ კეთილმა ხალხმა რისი გაცემაც შეეძლოთ, უკვე გასცეს. იქით ერთი ხუთსართულიანი კორპუსია, იქაც მოვსინჯოთ.
- კარგი, ჩემო ანგელოზო, იქაც მოვსინჯოთ, - მერე მოეხვია, დალურჯებული თითები მოუსრისა და ხელგადახველებმა  მომიჯნავე კორპუსისკენ გასწიეს.  
კორპუსს სიმწვანეში ჩაფლული პატარა ბაღი ამშვენებდა. ზაფხულში, სიცხისაგან გათანგული მობინადრეებისათვის შვების მომგვრელი. ბალახების და ყვავილების სურნელით გაჯერებულიყო მიდამო. მიუხედავად უჩვეულო სუსხიანი მაისისა, ბუნება ბავშვივით ცელქობდა. თავდავიწყებაში გდავარდნილი შაშვი არამიწიერად  და ჟრუანტელის მომგვრელად გალობდა.
– ეკა, გესმის? ამაზე უკეთესს რას მოისმენს ადამიანი, არ მინდა დავაფრთხო. შენც ნუ დააფრთხობ, გაეჯიბრე... შააშვს? ჰო, შაშვს!
წლებისაგან მხრებჩამოშვებული და თმაგათეთრებული მათე ტელეფონით  საუბრობდა.  შორეთიდან  გარკვევით ისმოდა ახალგაზრდა კაცის ხმა:
- მათე ძია, ჩვენ მზად ვართ! უბანში მშენებლობის მცოდნე ბიჭებს მოვუყარე თავი. დაფინანსება გვჭირდება და შევუდგებით საქმეს. ათ დღეში შევაკეთებთ სახლის დაზიანებულ მხარეს და შეგეძლებათ მშვიდად გაატაროთ მთელი ზაფხული შვილიშვილებთან ერთად. ხომ ამბობდი, ბავშვები სოფელში ჯერ არ ყოფილანო, სამყარო სოფლიდან უნდა გავაცნოო. ა, ბატონო,  ათ დღეში ყველაფერი დამთავრდება  თუ ფულს დროულად გამოგვიგზავნი.
- კეთილი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო. მეც მზად ვარ, საჭირო თანხა მოგროვილი მაქვს და ხვალ უცილობლად მოგაწვდით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.   ჩამოვალ  და დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ.
- როგორც იქნა, ეს საქმეც დაიძრა! - შესძახა გამხიარებულმა ბაბუამ და ხელები მოიფშვნიტა, - რას გაიხარებენ ბავშვები! წარმოგიდგენია? ცოცხალი ქათამი არ უნახავთ, არც მამლის ყივილი გაუგონიათ.
- ბაბუა, ბაბუა! შემოესმა ბავშვების ძახილი, - რამდენი ხანია გელოდებით, ხომ არ დაგავიწყდა დღეს წიქარას ვკითხულობთ.
- ბაბუ, მაგას რა დამავიწყებს, ახლავე წაგიკითხავთ.
პატარები ყურადღებით უსმენდნენ ბაბუას და ნელ-ნელა იმეცნებდნენ სამყაროს, მის ავკარგიანობას. წიქარასა და ბიჭის ამბის თხრობისას ცრემლი ადგებოდათ დედინაცვლის გულქვაობაზე. უჭირდა ბაბუას  ბავშვებისათვის აეხსნა, ვინ იყო დედინაცვალი, რას წარმოადგენდა სიკვდილი და ასეთ ადგილებს გამოტოვებდა ხოლმე. პატრებმა მხოლოდ ბოროტი და კეთილი დაიმახსოვრეს. კითხვისას, როცა დედინაცვალს მიადგებოდნენ, ბავშვები ერთხმად წამოიძახებდნენ:
- ბოროტია, ხომ, ბაბუ. ისეთი, რაპუნცელში რომ დედაბერია, ხომ?
ახლა უკვე იმ ადგილს მიადგნენ თუ როგორ შესჩიოდა ბიჭი მერცხალს და ევედრებოდა სალამურის მოტანას:
„საით მიფრინავ, მერცხალო  
გულთეთრო, მსუბუქფრთიანო,
მინდორში იცი ალვის ხე?
ცივნი წყარონი დიანო,
პეპლებიც იქა სხდებიან,
ტურფად ჭრელ ფრთებსა შლიანო,  
შეეყრებიან ჩიტები,
სიმღერით დატკბებიანო“.                                                                                                                        
ეზოდან  ისეთი საამო,  ჩიტების გალობას შეზავებული მელოდია შემოესმა,  ბაბუამ  წიგნი სასწრაფოდ დახურა, ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ბავშვებიც წამოცვივდნენ, ბაბუას კვალს მიჰყვნენ და გვერდით ამოუდგნენ. მერე სკამები მოიმარჯვეს, ზედ შესკუპდნენ და ცხვირი ფანჯრის მინას მიაჭყლიტეს. მაღალი, ტანხმელი, ქერათმიანი ახალგაზრდა მღეროდა ნაღვლიან მელოდიაზე. გამორჩეული ტემბრის ხმა ჰქონდა. ასეთი სიმღერისათვის ნამეტანი ახალგაზრდა ხარ, ყმაწვილო, გაიფიქრა ბაბუამ. თითქოს მისი შეისმინაო, მალე ნაღვლიანი მელოდია უფრო მხიარულმა შეცვალა, ხმაც უფრო წკრიალა  და სუფთა გაუხდა.  ასეთი მომენტალური გარდასახვა  გაუკვირდა ბაბუას. მომღერალი შიგადაშიგ ისეთს შემოსძახებდა, ფანჯრის მინებს ზრიალი გაჰქონდა. თავდავიწყებული, საწუთროს სრულიად მოწყვეტილი ახალგაზრდა მიღმიერში გადასულიყო. შაშვის ჭახჭახმა დააბრუნა საამქვეყნოს, რომელმაც მომღერალს წინ ჩამოუქროლა და ფიჭვს კენწეროზე მოექცა. ბიჭი გაოგნებული უსმენდა შაშვის საოცარ გალობას.
- მოდი და გაეჯიბრე თუ ბიჭი ხარ. ზეცის ანგელოზია შაშვად ხორცშესხმული, -  გაიფიქრა ბიჭმა.  
ბაბუას ყურადღება მომღერალივით ტანთხელმა კაფანდარა გოგომ მიიქცია,  რომელიც წინ და უკან მიმოდიოდა და ფანჯრებს შესცქეროდა. სიცივისაგან მობუზული,  გალურჯებულ თითებს მალიმალ ისრესდა და წამობზეკილ მუცელს სათუთად ეალერსებოდა. ძალიან სციოდა გოგონას. შვილიშვილები განაბული უსმენდნენ და ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ  ახალგაზრდა წყვილს. მოხეტიალე ცივი ქარი მსუბუქად ჩაცმულ  გოგონას სამოსს ტანზე აკრავდა,  თმებს უწეწავდა  და სახეს მთლიანად უბურავდა. ამაოდ ცდილობდა თავის შერხევით თმები გაესწორებინა. ნუკრისთვალება, დროდადრო წყლიანი თვალებით ფანჯრებს შემოირბენდა  და მერე მორცხვად  დაბლა ხრიდა.  კანტიკუნტად გადმოცვივდა ხურდა ფული. ბაბუა შეძრა ნანახმა. შვილიშვილის ხმამაც ცეცხლი წაუკიდა.
- ბაბუ, ნახე როგორ ცივა, ხელთათმანებიც კი არ აქვს. ხომ არ ჩაუტანოთ, რატომ მღერიან  ბაბუ ქუჩაში? ბაბუ, ქუჩა სცენაა?
- ჰო, ბაბუ, ყველაზე დიდი სცენაა, ყველაზე დიდი! - ბავშვები თვალს არ აშორებდნენ მომღერალს. მობუზული გოგონას ანგელოზის სადარ თვალებში ცრემლი კიაფობდა, - პატარებო, თქვენ აქ დამელოდეთ, ფეხი არ მოიცვალოთ, მე ახლავე  დავბრუნდები.  
ბაბუა მეორე ოთახში გავარდა და ცოტახნის შემდეგ ახალგაზრდასავით მკვირცხლად დაეშვა კიბეზე,  პირბადეც კი არ გახსსენებია. ღელვაშეპარული გოგონას მიუახლოვდა და  საკმაოდ მოზრდილი, სავსე კონვერტი გადასცა. უნდოდა რაღაც ეთქვა. პირგამშრლმა სიტყვაც ვერ დაძრა. აცრემლებული გოგონა წინ წამოიწია, მოხუცს თავისი წყაროსავით ანკარა თვალებით შეაცქერდა და მერე გულში ჩაეკრა. ცრემლი ღაპაღუპით მოსდიოდა. ტიროდა მოხუციც, გულდამწვარმა თავზე ხელი გადაუსვა  და ყურში ჩასჩურჩულა:
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, სიყვარულის მძლეველი არ არსებობს. გაუფრთხილდით ერთმანეთს, - მეტის თქმა ვეღარ მოახერხა. წასვლისას კიდევ ერთხელ შეხედა,  შემობრუნდა  და  რამდენადაც შეძლო, მხრებში გამართული, მადლმოსილი სახით  კიბეს მხნედ აუყვა.
გარინდებიდან გოგონა უცნაურმა ღუღუნმა გამოიყვანა, რომელიც უფრო და უფრო მატულობდა. გაოცებულმა ჯერ გახევებულ ქმარს გახედა, მერე ზეცას. ცრემლით  გაკვალულ ბილიკებზე მომაჯადოებელი ღიმილის ათინათები აციაგდნენ. გაცხადებულმა ზმანებამ წყვილს რამდენჯერმე შეუფრინა, მერე ფრთების ტკრციალით ზეცაში აიჭრა  და სულ მალე თვალსაწიერიდან გაქრა...

2021 წელი, თბილისი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge