ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ლუკა ჭყოიძე - ლექსები
„ფრჩხილები“
(ფრჩხილებს შორის მოვექეცი, ვერ ვპოულობ გამოსავალს,
აღარავინ არ კითხულობს ჩემს ასავალს ან დასავალს.
თვალზე ლიბრი გადამეკრა, რა ვქნა, ვეღარ გამიგია,
წესიერი რითმაც ქრება, ისიც ფრჩხილებს წაუღიათ.
ვეხეთქები
აქეთ-
იქით,
იქით-
აქეთ
მზაკვარ ფრჩხილებს,
სასოება და ნუგეში კი შეუხრავთ ფრჩხილის მღილებს.
მახსოვს ჩემი ბავშვობა და სანუკვარი, ტკბილი წლები,
როცა ბაბუ მარიგებდა, შვილო, ფრჩხილებს ნუ ენდობი,
ბედი უცბად გიმუხთლებს და სატანჯველად გაგიმეტებს,
წამში დაგშლის ნაწილებად, გაგითელავს დიდ იმედებს.
ფრაზა ფრჩხილს რად საჭიროებს? ერთ დროს ამას ვკითხულობდი,
მსგავსად პირველკლასელისა, სახლში წასვლას ვნატრულობდი.
ახლა არ მაქვს არც სახლი და მით უმეტეს - აღარც კარი,
ნუთუ აღარ შეეპარა მტარვალ ფრჩხილებს მცირე ბზარი?
აღარ ვიცი, რა ვაკეთო, სანუგეშოდ ვიწყებ წერას,
მაგრამ ჩემი სასოება ემსგავსება ეფემერას.
ვარ პიესის პერსონაჟი, ახლა უკვე საწყალობლად
სცენის მიღმა მიგდებული, შესაბრალ და საწყალ ობლად.
ღმერთმანი, ეს რაღა ხდება? ნუთუ ბნელში სხივი კრთება?
ნუთუ გულში მჭკნარი ია ხელმეორედ აყვავდება?
ნუთუ გაქრა, გაიცრიცა ფრჩხილი ურჩი და მტარვალი,
მარწუხს თავი დავაღწიე, გამინათდა ცა-ცარგვალი).
„ახლა გეტყვით, იმედი მაქვს, არ დაიწყებთ ხორხოცს, სიცილს...
დამნაშავე მე ვარ მხოლოდ, რომ ვერ მოვრჩი ძილს და ღვიძილს.
კვლავ თვითგვემას მივეცემი, მეტი რაღა დამრჩენია,
ლექსსაც დასრულების მეტი არაფერი დარჩენია.
ბრჭყალებს შორის მოვექეცი, ვერ ვპოულობ გამოსავალს,
აღარავინ არ კითხულობს ჩემს ასავალს ან დასავალს...“
P.S.
თავს არ შეგაწყენ ათასი სიტყვით,
მრავალ აბზაცით ან თუნდაც რითმით...
დავწერე შენთვის მცირე წერილი,
მოკლე ფრაზები ქაღალდს ფენილი.
და ფოსტალიონს გამოვატანე,
მანამდე ჯიბით დიდხანს ვატარე,
მისამართს, ქუჩა რომ გასდევს ფონად,
ვიმედოვნებ, რომ დავწერდი სწორად.
ახლა კი, თუკი კითხულობ ნაწერს
და ვერაფრით ცნობ ყოველის დამწერს,
აქ დავასრულებ წერილსაც ჩუმად
და შენთან მოვალ ვრცელ პოსტსკრიპტუმად.
P.S.
როგორც შეხედე, წერილი არის ათი მარცვლისგან შემდგარი წყება,
მაგრამ გა-ოც-და ათივე პწკარი და შეიფერა საამო შვება,
გაერთიანდა, გნებავს - შეუღლდა, ანუ შეერწყა ერთურთს ათივე,
გაორმაგებით, ჭირსა თუ ლხინში, მრავალი ღამე ერთად ათიეს.
თუ ჯერაც ვერ მცნობ, ნურც მაგას ჩივი, ეს ელეგია გიჩვენებს, ვინც ვარ,
შენთვის სიტყვები დაემსგავსება კეკლუც ყვავილზე გაჩენილ თბილ ცვარს.
გახსოვს, სახლისკენ ნელა მიმავალს გზად ისე უცბად რომ გაგიწვიმდა,
ვერც მოასწარი სადმე შემალვა (ჭექა-ქუხილსაც ხმა დაუწვრილდა),
და დაუბერა თავნება ქარმაც - ფოთოლთა დასი შემოგაყარა,
ღრუბლის ნაფლეთის ანარეკლმა კი თითქოსდა გუბეს წვიმა ახარა.
თმებს გიმორცხვებდა სველი კოცნებით წვეთად მოსული ბგერების გმინვა
(აქ ჰიპერბოლამ მოიკოჭლა და აღარ მაღირსა დღის შუქის ხილვა).
იქვე რომ იდგა მოხუცი ქალი და ნორჩ ყვავილებს თავსხმაში ყიდდა,
ენატრებოდა გამვლელის კითხვა - თითო ყვავილი რამდენი ღირდა...
რაღა თქმა უნდა, უხმოდ გაჩუქა მომცრო იების თაიგული და
გამოგიწოდა დაკოჟრილ ხელით - ბაღში იების გუნდს რომ უვლიდა.
მადლიერებით აღსავსე ტემბრით გადაუხადე დიდი მადლობა,
შენი სიტყვები კი ჩაიკარგნენ წვეთებში, როგორც ტკბილი გალობა.
...აქ სწრაფად წყდება ლექსის წერის და რითმების ხატვის მარდი ქმედება,
რადგანაც თვალებს შენი ანფასის ხილვის სურვილი ისე ედება,
რომ აშრობს მელანს, კალამს აწუხებს ნაცოდვილარი სიტყვის ხველება,
ფრაზები ქრება იმ მთვარესავით, განთიადისას შნო რომ ელევა.
ახლა მხოლოდღა ვუსმენ საათს და მის მჟღერად ბანებს - წიკწიკ-წიკწიკას,
კვლავ ვიმედოვნებ, არ დამიწუნებ ეპითეტებს და ზოგად ლექსიკას.
ეგება ვცადო და რომ გამართლდეს, რომ გადაეფრქვეს ქაღალდს მელანი,
ნუთუ ამგვარად წვალობს წერისას სასიქადულო ყველა მწერალი?
...არ იფიქრო, რომ ამის დამწერი ჭკუაშემცდარი, გიჟი, შლეგია -
ვგონებ, რომ უკვე არის მდიდარი სინონიმებით ეს ელეგია -
არ მაქვს ბოროტი აზრი-სურვილი-ზრახვა-ნდომა და გულისწადილი,
უბრალოდ, შენთვის გავპოსტსკრიპტუმდი, აქ მივუჩინე რითმას ადგილი.
ახლაც კი მახსოვს (სულ მეხსომება) ის წვიმიანი ამინდი, როცა
შენ გიყურებდი, ვსველდებოდი და კვლავ გრძელდებოდა ისეთი მოცდა,
რომ არ უჩანდა ბოლო წერტილი და დასასრული, როგორც ამ ფრაზებს
და შენს სარკმელში შემოპარულ და დაბინავებულ მზის სხივთა ხაზებს,
რომლებიც წყრომას ვეღარ მალავდნენ, წვეთად ტიროდნენ ფანჯრის რაფაზე
(თუ როგორ მიჭრის მე წარმოსახვა, შენვე განსაჯე და შეაფასე).
ქუჩის კუთხეში დიდხანს ვიდექი და არ ვიცოდი, თუ რას ველოდი,
შენ მიიხურე უცბად ფანჯარა იმ შიშით, თითქოს დასველდებოდი.
ჩამობნელდა და გადაეფარა ქუჩებს ჩრდილების შავი არშია,
თითქოს სამყარომ ნაცნობ სინათლეს უცნობი ღამე ისევ არჩია,
არც მახსოვს, როგორ მოვედი სახლში, როგორ ავანთე ბნელში ნათურა,
ვწერე, წავშალე და ქაღალდებზე კალამმა ხელი მოაფათურა...
დასაწყისშივე როგორც გითხარი, არ შეგაწყენდი თავს ბევრი სიტყვით,
გთხოვ, მომიტევო ყველა ტაეპი, დასასრული ხომ ყოველ წამს ითვლის,
გავილექსე და კვლავ გამიგრძელდა სიტყვა, რომელიც არ უნდა მეთქვა
(ან უნდა მეთქვა, ასო-ბგერებად უნდა მექცია მე გულის ფეთქვა).
ჩვენში დარჩეს და სულ მაკვირვებდა - რატომ არ სძინავთ მკრთალ ლამპიონებს
და სად მიდიან ის წერილები, ჩანთით რომ დააქვთ ფოსტალიონებს?
P.P.S
უკვე კარგად ვცნობ იმ ფოსტალიონს, რომ დააბიჯებს ქუჩა და ქუჩა,
რომ არ ბეზრდება ხეტიალი და კაკუნით იკლებს ყველა კარს ურჩად.
წეღან ჩემს კარებს მოადგა შფოთვით, ბრახუნ-ბრახუნით მეტად აიკლო,
დავთარის მსგავსში ჩაიხედა და უფრო ზუსტად კი - თავით ჩაეფლო.
მითხრა: უთითებ ისეთ მისამართს, რომელიც თურმე არ არის არსად!
ჯახირობ, წვალობ, ანდა თამაშობ და შენივე თავს ასაღებ ფარსად!
მან დამიბრუნა ყველა კონვერტი საგულდაგულოდ შენთვის ხელთქმნილი,
დამცინა, ქუჩას უნდა მივადგე, რომელიც გახლავს შენი შექმნილი!
კვლავ და კვლავ ვზივარ ჩემს მაგიდასთან, პირს ღიმილი მაქვს გადაფენილი,
აუარება წერილი მიმზერს, შენთვის მრავალჯერ გადაწერილი.
არშემდგარი პოლილოგი
- გამარჯობა, როგორა ხარ?
- არა მიშავს, ვცოცხლობ, თავად?
- სულ მივიწყებ, სად დადიხარ?
- დიდი ხანი ვიყავ ავად.
- მერე, ახლა მომჯობინდი? თავს როგორ გრძნობ, ისევ ცუდად?
- ზოგჯერ თვალებს მეკვრის ბინდი და სამყაროს ვხედავ მრუდად.
- ამოხვედით უკვე ყელში შენ და შენი მეტაფორა.
- ღამე კოცნის ნაზად დღეს და - ჩემგან შენ ეს ჰიპერბოლაც.
- რას დამცინი? მასხრად მიგდებ? ზედმეტები ხომ არ მოგდის?
- მე უბრალოდ აზრებს მივსდევ, ვამბობ, რაც კი თავში მომდის.
- შენი აზრით, საუბარი რატომ არის უცნაური?
- ჩემი აზრით, ყველა პწკარი არის მეტად საცნაური.
- რაღაც რიგზე რომ ვერაა, დავიჯერო, სულ ვერ ატყობ?
- უცნაური ის მზერაა, რომლითაც შენ ახლა მამკობ...
- აქ რა ხდება? თქვენ ვინღა ხართ? მე რა მინდა, ანდაც ვინ ვარ?
(აქ მესამე პირი ჩნდება, ვით ქაღალდზე მელნის გმინვა).
- გამარჯობა, შენ, უცნობო, აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
- სალამს გიძღვნი, ახლა მყისვე მხოლოდ ჩვენ ორს უნდა გვენდო.
- ვნახე სიზმრად, ვიღაც წერდა რაღაც ლექსს ან ლექსისმაგვარს
- ნეტავ მარად ჩაგვცემს ჩვენი დიალოგი მწარე ლახვარს?
- ეს უფროა პოლილოგი, რადგან ჩვენ ვართ სამნი ახლა.
- ხომ არა ხართ ფილოლოგი? თქვენს საუბარს რიტმი ახლავს.
- არა, დამიფაროს ღმერთმა, მე არ ვიცი სიტყვის ფასი.
- ჩანს, ანათებს ჩუმი რითმა, ძალზე ტკბილი, მეტად ნაზი...
(ამ ლაპარაკს აყურადებს ვიღაც უცხო, თან მეოთხე,
არვის უმხელს გულისნადებს, პოეზიის არს მეხოტბე).
- გაიგონეთ, რა თქვეს ამ წამს? ყური უგდეთ, ისმის ჩქამი.
- დაგვენახე! გაძლევთ სამ წამს. ვითვლი: ერთი... ორი... სამი...
- მომიტევეთ, შეგაშინეთ, არ მინდოდა თქვენი შფოთვა.
- ალბათ, თქვენც კი შეამჩნიეთ, საუბარი რომ ჰგავს ბოდვას.
- გაგეცნობით, მე ვარ... თუმცა, ეს ხომ თავად მეც არ ვიცი.
- უგრძნობლობით, ვინც ამას წერს, თავს დაგვატეხს ხორხოცს, სიცილს.
- ანუ ჩვენ აქ არ ვარსებობთ? მე ხომ ვიცნობ ერთ-ერთ თქვენგანს.
- ახლა მხოლოდ ის მბრძანებლობს, ვინც დასცინის ყველა ჩვენგანს.
- ერთი წუთით... რომელი ვარ? ავირიე, დავიბენი...
- „თქვენ ოთხიდან ყველა მე ვარ, თანაც ამ დროს ყოვლის მქმნელი!“
- მეშინია, აღარ მინდა არავისთან საუბარი.
- შენ კი არა, მე არ მინდა და საშველიც აღარ არის.
- დავიშალოთ, ვეღარ შედგა ჩვენი ტკბილი დიალოგი.
(ხმა გაისმა) – „უფრო სწორად, შესაბრალი პოლილოგი“.
გამქრალი სასვენი ნიშნები და სხვა
დაიკარგა წერტილ მძიმე და ნიშანი ძახილისა
ლექსის სტროფის და ტაეპის თუ სტრიქონის ნაწილისა
აღარავინ აღარ ბრაზობს აღარავის აღარ უკვირს
რადგან უკვე არ არსებობს ის რაც ტექსტში აზრს თავს უყრის
გაქრა ყველა აბზაცი და გაქრა ყველა შედარება
გაჩნდა სრული ქაოსი და ქაოტური ნეტარება
უდეფისოდ ამახინჯებს ამ ლიცლიცა რითმას პწკარი
თითოეულ ასო ბგერას შორის ამოვარდა ქარი
მოთქმა კვნესა ტირილი და ვაი ვუი ბევრი ვიში
თითქოს წყალმა წალეკაო ამ ლხინსა და უფრო ჭირში
ვერ იკვეხნის გულწრფელობით ვერც სინაზით ეს ღიმილი
ლექსს კი ნაცვალსახელების ეფინება სიმძიმილი
სივრცემ შთანთქა მეტაფორა აღარ უჩანს ლექსს ნაპირი
მაგრამ ხოლო თორემ ანუ გაიცრიცა და კავშირიც
მოსალოდნელს ეომება თქვენი მონა და მორჩილი
შიშით თრთის და ვერ ისვენებს ბაგაბუგით გული ჩვილი
დგება მოსალოდნელი და მტკივნეული გაწბილება
რადგან
ახლა
ყველა
სიტყვაც
ერთურთს
მყისვე
დასცილდება
რომ
იცოდეთ
რა
რთულია
ამ
წვალებით
ლექსის
წერა
თითქოს
ნებით
და
შეპარვით
სიტყვებს
მოხვდათ
მწველი
მზერა
გაიწელა
უაზრობა
ლექსსაც
ბოლო
აღარ
უჩანს
რადგან
ჩუმად
გამოკრთება
სამწერტილი
ბოლოს
ურჩად...
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა