გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით შემოქმედელი - ლექსები


***
მზე  დარჩა გაღმა, უცხო ნაპირზე,
ღრუბელმა ცას რომ გამოარიდა,
თითქოს დაუცდა ფეხი კრამიტზე
წვიმას და ობლის ცრემლით ატირდა.
ცა მშორდება და თან მოდის ახლო,
ვყოვნდები შინ თუ შენკენ ვიჩქარი,
რაც მიყვარს, სულში რომ შევისახლო,
მივუგდო აფთრებს დასავიწყარი.
გზაზე სხივები აღარ იელვებს,
სველ ჭადრებს შერჩათ ყინვა და თქეში,
ქარი შესუდრავს სიცარიელეს,
უშენობით რომ იკივლებს ჩემში.
...
უნებურ ვიგრძენ, დღე რომ მონაზდა,
კუნაპეტ ცაზე მზემ რომ იელვა,
აჩონჩხილ მხრებზე უცებ, ანაზდად
რომ წაიკიდა ცეცხლი იელმა.
ვერ ჩააქრობდა ამ სანახს სული,
ჩამქრალ სხეულში ისევ რომ ენთო.
სოფლის ჭალებთან ჩემი წარსული
მიტოვებული ლოდივით ეგდო.



გოდერძი

ხმები... ხმები...
მიღმიეთიდან რომ ბრუნდებიან და
არც რო იცი, თავს 
როდის დაგატყდებიან...
კადრები... კადრები...
ჰერბარიუმში შემალულ ბავშვობასავით
რომ არ ხუნდებიან...
თვალის ერთი დაფახულებაა საჭირო, რომ
რეტროსპექტული გამოფენებივით
თვალწინ ჩაიაროს...
საით მეტია ,,ადამიანთა სევდა’’, ძმაო,
აქეთ თუ მანდ?
სულეთშიც ბევრჯერ შემოვაბიჯე
და, წესით, 
სადმე უნდა გადაგყროდი.
სად მიდიან ჩვენი სიზმრები,
თავს სად იყრიან,
საძმო საფლავს სად პოულობენ.
დედა დავმარხე...
დავმარხე მამა...
საკუთარი თავიც შემომემარხა
და დავრჩი ასე...
საკუთარი ,,მეს“_ს ნაწილი,
გადადღაბნილ პეიზაჟივით,
წარსულს რომ ვერ ერევა და
აწმყოსთანაც ვერ დაუდევს 
ვერაფრით ბინა...
ჩამოდი, ძმაო, გურიაში,
ჩემს გამჭვარტლულ ჯარგვალში...
თეთრ არაგვში ჩახატული მთა შემოიყოლე
და შავი არაგვით წაშლილი
აჯაგრული ღრუბლები ამაშორე...
ვბერდებით თანაბრად _
შენ მიღმიერში, მე - ცხადში...
ვერ გპატიობ,
ხილვაში ერთხელ მაინც,  
უნდა შემოეხეტო,
რომ კლდიდან კლდეზე მფრინავი ჯიხვი
და გურიის მთების მიხვეულ-მოხვეული
ბილიკებივით ცამდე აწეული ,,კრიმანჭული“
ერთმანეთს დავაწყვილოთ.
სინერგიაა პანაცეა ამ სამყაროსი,
სხვას წახვეტს ქარი...
დაჭმუჭნული-გაცრეცილი ფურცლებიდან
პერსონაჟები გარბიან მთებში...
აქ რა უნდათ, რა ესაქმებათ.
ბარისახოს მჟავე წყალთან 
მუხლს ასვენებენ
და შეჰყვებიან სვენებ-სვენებით
ვიწროებს მერე...
ჩვენ ერთმანეთის უჯრედებში
ჩავსახლდით უკვე,
მე აქეთკენ გწევ,
ერთხელ კიდევ მოვიხილოთ 
გზა ჩემს შინისკენ,
შენ შენკენ მიხმობ მარადიულში,
რომ ავშორდე ამ ტყეს ქაოსის,
აბრაკადაბრას...
ხოლო სიმართლე, 
საით უნდა გადასწონოს ამ თოკმა თავი,
გამობმულმა სიკვდილ- სიცოცხლეს, 
იცის მხოლოდ უზენაესმა...
წუხელ უნებურად გაწყენინე
და გულში მძიმე  ნაჭდევი  ჩაგიტოვე,
დღეს მის ამოსაღებად მოვსულვარ და
მეშინია ხელში არ ამიფეთქდეს.



***
გარეთ უსრულო მარულა გააქვთ,
შეშლილი დროით მართულ ქაოსებს,
სამგლოვიარო დებენ გვირგვინებს
ცოცხალ გვამების სასაფლაოზე.
ვმადლობთ, რომ ასე გამოგვარჩია
ბედმა თუ  ყველა ჯიღა ვარსკვლავმა,
რომ სიყვარულით დამუნჯებულებს,
ცამიწა გზნებით შემოგვატარა.
როცა საღამო ვუალს იფარებს,
მებმება ფრთები ცის სარეცელზე,
და უსასრულო ღამის ორგაზმებს
ვჩუქნი პლანეტებს კოსმიურ ველზე.
ვინთქმები შენში, ჩემში ხარ როცა,
თითქოს ჩემს თავზე ადლით ვმეტდები,
გარეთ კი ჰყრია გამცვდარ გროშებად
უსახურ კაცთა ეპოლეტები.
მოგეახლე და სივრცეც  განაზდა,
მზის დისკო სულზე მომიახლოვდა,
ერთვსხეულდით და ა, იმ წამიდან
დავდივარ წრეზე ზოდიაქოთა.
არ გაწყრეს ღმერთი, არ გაგიტაცონ,
ზავთების ზღვამ თუ ავმა ქარებმა,
თორემ ეს სული აქ რომ ბორჯღალობს,
აღსავლის კართან მიებარება...


ანატომია 
მიგვატოვა

გადაჭიმე ჩემი სული შენს პალიტრაზე,
ყოფის შხამ-თაფლშიჩაწებულ ყალმით რომ ხატავ.
გადამფრენი  ჩიტებივით 
ყველა ფრთოსანმა,
ბაღლინჯოები გვისხედან ირგვლივ, _
თითო ისარს არავინ დაგვამადლის
ავტოგრაფად სარკეზე გულის.
აუხდენელი სურვილები ვერ უძლებენ
ყინვიან ქარებს,
როგორც ლტოლვილი, 
უსასოო ბავშვები ღამით, ჭუბერის გზაზე შეყენებული.
დრო მარბიელი სულ ნაწილ-ნაწილ
აქუცმაცებს ლოდინის წამებს,
სუნთქვას რომ იკრავს
დავიწროებულ საყელოსავით.
სქესთა ბრძოლა კორიდაზე გასულ
მორკინალთა შეჭიდებაზე მწვავეა უფრო.
მინდა ჩაგისუნთქო, რომ მერე
ვეღარ დასხლტე ჩემი სუნთქვიდან.
მინდა, შენი სისათუთე
დავფლა ჩემს ძვლებში
შიშით იმისი,
მერე ყვავილად არ ამოიყარო,
უმალ ვინმემ არ შეგაწყვიტოს.
შენს სალუქ წელზე,
ნეკნები რომ მიიწევს ზემოთ,
ისე მაღლდება ჩემი სუნთქვის ამპლიტუდები.
რადგან ქალი ხარ,
შენგან ყოველი უარყოფით,
ჩემი ვნებებზე გამარჯვება
შენს აუღებელ ციხეებზე
ალამდაშვებულ დამარცხებად
მიქციე უმალ.
ახლა შორსა ვარ,
მირიადი კოლომეტრით
დაშორებულ სხვა პლანეტაზე.
კომეტების ესკორტით ჩამოვაზავთებ
ჩემი ტვინის თხემიდან გულამდე,
გულიდან ფეხის თითებამდე,
ჩემი სხეულის ანატომიით
აყმუვლებულ 

შ 
ე 
ნ 


ა 
ს!!!


დოპელენგერი
ჩემმა უამრავმა ,,მემ“ დაწერა
ეს ლექსი,
თქვენი უამრავი ,,მე“
კითხულობს.



გაბრაზებული ლექსი

განქრა გულთეთრა დღეების
მოლურჯისფერო რემა,
თან წაჰყვნენ ლალი, ანანო,
თაკო, მაგდა და ემა,
წარსულს დავტირი ქალივით,
აწმყოსი მიტანს გვრემა.
ვეღარ ვწერ ძველი ალებით,
დაქტილ პეონის წრედო,
საითკენ მიმაჩანჩალებ,
გაავებულო ბედო,
წერეთელივით შუა ვარ,
მიწის არ ვარ და არც ცის,
მღლის, როგორ უნდა ვუღიმო,
ამდენ შეთსა და ნარცისს.
ყველა მწერლობას იჩემებს,
ვინც ორი სიტყვა აბა,
ლაღობენ ვენა, პარიზში,
,,ილიაც“ ირგეს, ,,საბაც“,
არ მშურს, მათ ნაცვლად მრცხვენია,
ნენა მიცხონდეს, ბაბაც...
ჩემი ნაოფლიც ავწონე,
სულ მისხალ-მისხალ ჯამით,
გავხევდი, ცუდად მენიშნა,
არ ერქმეოდა გრამიც...
სად, ვის შევბღავლო, ვიყვირო.
სად, სად ავუშვა ჯინი,
როცა სარდაფში გვიქრება
ერის ამდენი ტვინი.
გორგასალიც და დავითიც
სიზმრებში დარჩნენ უკან,
შაგრენის ტყავად დამცრობილ
ბერ-იბერიის რუკა
დღეს შენი დასაცველია,
ჩემო ლადო და ლუკა...
მტრად მუდამ ასე მებედა
ძმა და მომხდური უცხო,
სად, რომელ ხატთან დავემხო,
რომელ ანგელოსს ვუხმო,
თაფლი მაქვს, კაცს კი ვერ ვხედავ
საერთგულოდ რომ ვუცხო.
ყვარყვარე პოლიტიკოსთა
უზნეო სახის ცქერა
აღარ მოგბეზრდა, სამშობლოვ,
რომ მიაბჯინე მზერა,
ვყვირი დამწყდარი ნერვებით,
სანაგვის ფსკერზე ყველა!...
როგორც მუხრანი იტყოდა,
მართლა, რა მწარედ ბნელა...
ჩემს თავს რას ვჩივი, ამ ხროვამ,
ქვეყანა მოინელა.
ამ ძველმოდური ფიქრებით
ბევრს მოვაწყინე თავი,
არ იქნა, ამ ცრუ ყოფასთან
ვერა, ვერ დავდე ზავი.
დაორსულებულ კაცებს და
ქალს ქალობისგან გაცლილს...
ჩემი სისხლის და ცრემლის და
ჩემი კივილის ნაწილს,
ცხადს თუ კოშმარ ფილმს ვუყურებ,
სულში ხან თოვს და ხან წვიმს,
იჭვიც ამიტანს ხანდახან,
იქნება სუნთქვაც არ ღირს...
ზოგჯერ მზე გაიზმორება,
თავთუხა სხივებს დაყრის,
ივრის ცას გამოამზევებს,
ნაღველს სულიდან ამყრის,
ცას ქულაბატკნებს გამოფენს,
მეც გამხდის იმათ ამქრის...
იმედს არგანად დავიბჯენ,
სხვა ვიღა არის მშველი,
ავდგები, აბჯარს ავისხამ
ვით უსახელო მცველი.
ძველ ფოლიანტებს დავკეცავ,
გავყვები ფიქრთა ფიორს,
გავხედავ გაშლილ ალაზანს.
არმაზს, გელათს და იორს,
თითქოს დავითმა საომრად
სპა შეუყენა დიდგორს.
მეაბჯრესავით დავდგები,
ცრემლში გავავლებ სტრიქონს,
გავძახი ხევებს, მთა-გორებს,
მიწის სისხლით რომ მიპყრობს,
აწმყოზე ფიქრი აშლილი
სულს ამირევს და მიფრთხობს,
ჩემს სამშობლოში _ სამშობლოს,
მე სხვას არაფერს ვითხოვ!..
...
დარჩენისათვის არა,
წასვლისათვის მზადებაა
მთელი სიცოცხლე.
ნინველობიდან_ ზრდასრულობამდე,
ზრდასრულობიდან_სიბერემდე,
სიბერიდან_უსასრულობამდე...
შხამგარეული თაფლივით აქვს
ჩვენს ხსოვნას გემო.
თან დავიწყება რომ გინდა
და თან ვერ ელევი.
ზღურბლთან იდექი.
იქით სიყვარულის ნამსხვრევები,
გაუცხოება,
აქეთ_
მარტოობის საპირწონედ,
პინამ ჩემკენ დახარა თავი,
ფრთებდაცლილი  
უსასოო, უსიყვარულოდ
შემოეხეტე ჩემს მეგობრად.
და გაერითმნენ დაქტილებივით
ჩვენი ცხოვრების დღეები
ერთურთს.
საკუთარ თავს შიგნით ჩახედე
და მიხვდი, რომ
დარჩენისთვის არა,
წასვლისათვის მზადებაა
მთელი ცხოვრება.
იქ სადაც არ გველოდებიან,
იქ გვიწევს გული,
იქ, იქ ვხედავთ,
მართალ გრძნობებს,
იმ ჩვენს ძალასუსტ,
ნარჩენ იმედებს.
გულში ფარულად
იმ ქალების ყოველთვის გშურდა,
ვინც ერთ დღეს ადგნენ
ამაყად და უკან მიუხედავად
მიუხურეს წარსულს კარი.
თუმცა არასდროს დაფიქრებულხარ,
წასვლა ყოველთვის
არ ნიშნავს წასვლას....
...
მივსულვარ, აჰა, წუთისოფლის ბოლო კალომდე,
ვერ ამოვცალე სულის ფსკერი, გამიცვდა ჩამჩა,
ჩემი ბავშვობა მივაცილე სასაფლაომდე,
ჩემი სიკვდილის მოსახვევში ბავშვობა დამრჩა.
... ვერც სასახლენი,  მზვაობენ სადაც,
ჯილდო, სახელი, სიგელ-გუჯრები,
თუ გადამარჩენს, ვით მწყემსი ბატკანს,
ლექსი საფლავთან ანაყუდები.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge