გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დეივიდ ჰერბერტ ლორენსი - უსინათლო (თარგმანი - მაია ბოლაშვილი)

   
                   
                          ინგლისურიდან თარგმნა - მაია ბოლაშვილმა

    იზაბელ პერვინს გარედან ეტლის და ჰოლში ქმრის ნაბიჯების ხმა ერთდროულად მოესმა.  უძვირფასესი და ყველაზე დიდი ხნის მეგობარი, კაცი, რომელიც მისი ცხოვრების შეუცვლელი თანამგზავრი გახლდათ, წვიმიანი ნოემბრის საღამოს შინ ბრუნდებოდა. ცხენშებმული ეტლი სადგურზე მის დასახვედრად გაემგზავრა და მეუღლე, რომელიც ფლანდრიის ომში დაბრმავდა და წარბზე ნაიარევი აჩნდა, შინ უნდა მოსულიყო.
     კაცი ახლა, უკვე ერთი წელი იყო, რაც სახლში იჯდა. სრულიად უსინათლო გახლდათ, თუმცა მაინც ძალიან ბედნიერნი იყვნენ. გრენჟი მორისის საკუთრება იყო. სახლის უკან დამხმარე ნაგებობებთან ერთად ფერმა ჰქონდათ გაშენებული და ვერნემები, რომელთაც უკანა მხარე ეკავათ, ფერმერებად მუშაობდნენ. იზაბელი ქმართან ერთად სახლის წინა ნაწილში, კარგად მოწყობილ ოთახებში ცხოვრობდა. ცოლ-ქმარი, მას შემდეგ, რაც კაცი ომში დაჭრეს, მთლად მარტონი იყვნენ. საოცარ და უსიტყვო სიახლოვეში ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, მღეროდნენ და კითხულობდნენ. მერე, ქალი შოტლანდიური გაზეთისთვის წიგნებზე რეცენზიებს წერდა, ძველ პროფესიას არ ღალატობდა, ხოლო კაცი ფერმის საქმიანობას წარმატებით უძღვებოდა. ბრმას ვერნემთან კამათი ისევ ყველაფერზე შეეძლო  და ფერმაში მოსამსახურის მოვალეობის შესრულებაც ნამდვილად კარგად გამოსდიოდა, რაც კმაყოფილებას ჰგვრიდა. ძროხებს წველიდა, სათლები დაჰქონდა, სეპარატორს ატრიალებდა, ღორებს და ცხენებს უვლიდა. უსინათლო კაცისთვის ცხოვრება კვლავაც ისეთივე სავსე და უჩვეულოდ აუღელვებელი იყო, უსაზღვროდ მშვიდი, სიბნელესთან უშუალო კონტაქტში მყოფი.
     ცოლ-ქმარი თავს სხვანაირად და სავსებით ბედნიერად გრძნობდა. კაცი თვალის სინათლის დაკარგვას არც ნანობდა, ძალიან  მხიარულად იყო. მის სულში მუდმივი დღესასწაული ზეიმობდა.
     მაგრამ დროის მდინარებასთან ერთად ხანდახან რომანტიზმის შარავანდედიც ცვდებოდა. ზოგჯერ, რამდენიმე თვიანი ასეთი აქტიური ცხოვრების შემდეგ, იზაბელს სიმძიმის შეგრძნება ეუფლებოდა, იმ მდუმარე სახლში,  ცამდე აზიდული ფიჭვის ხეების რიგებს შუა, გადაღლა, საშინელი მოწყენილობა დაისადგურებდა ხოლმე. ქალი გრძნობდა, რომ ჭკუიდან შეიშლებოდა, ამას ვერ გაუძლებდა და ზოგჯერ დეპრესიის გამანადგურებელი შეტევები, რომელიც ჩანდა, მის მთელ არსებაში გამჯდარიყო,კაცსაც ემართებოდა.  ეს დეპრესიაზე უარესი იყო,-აუტანელი წამება, როცა კაცს საკუთარი სიცოცხლე ტანჯვად გადაექცეოდა და მისი არსებობა ცოლისთვისაც გაუსაძლისი ხდებოდა.  ასეთი შავბნელი დღეების შიში   ქალის სულის სიღრმეში აღწევდა. ცდილობდა, ქმრისთვის არაფერი ეგრძნობინებინა და თვითონ გამკლავებოდა. საკუთარ თავს აიძულებდა და ცხოვრებას კვლავაც მოჩვენებითი მხიარულებითა და ხალისით აგრძელებდა, თუმცა საკუთარი თავისთვის ასეთი ძალდატანება, თითქმის დამანგრეველი იყო. ქალმა იცოდა, რომ ვერ გაუძლებდა. გრძნობდა, ერთ დღესაც, დაძაბულობისგან კივილს მორთავდა და მისგან თავის დასაღწევად, ყველაფერს, ყველაფერს დათმობდა. ქმრის დაუფლების უზომო სურვილი ჰკლავდა; მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საბოლოოდ თავისთან დაიგულა, მაგრამ როდესაც კაცი ისევ იმ ძლიერ და საშინელ ტანჯვაში ჩავარდა, მისი ატანა აღარ შეეძლო, საკუთარ თავსაც ვეღარაფერს შველოდა; ნატრობდა, რომ ვინმეს ძალით გაეტაცა, ვიდრე აქ, ამ ყველაფრის ფასად ეცხოვრა. 
     გაოგნებულმა ქალმა  გამოსავლის საპოვნელად  მოქმედების გეგმა შეიმუშავა. მეგობრები დაპატიჟა, ცდილობდა ქმრისთვის გარე სამყაროსთან ურთიერთობის საშუალება მიეცა, მაგრამ ამაოდ. მათი ამდენი სიხარულის თუ მწუხარების, სიბრმავის, განმარტოების, უსიტყვო სიახლოვის, შავბნელ და დიდებულ წლებთან შედარებით, სხვა ადამიანები უგულო, ენეტარტარა და უტიფარნი ჩანდნენ. გაუთავებელი ყბედობა კადნიერებად მიაჩნდათ. კაცი მოუთმენელი და გაღიზიანებული გახდა, ქალი დაიქანცა და კვლავაც საკუთარ განმარტოებაში ჩაიძირნენ. ასე ერჩივნათ. თუმცა, ახლა, სულ რამდენიმე კვირაში, ქალს მეორე შვილზე უნდა ემშობიარა. პირველი ჩვილობაშივე  გარდაეცვალა, როცა მისი ქმარი საფრანგეთში, ომში პირველი წავიდა. მეორე ბავშვის დაბადებას ქალი სიხარულით და შვებით ელოდა. პატარა მხსნელად მოევლინებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ღელავდა კიდეც. თვითონ ოცდაათის იყო, ქმარზე ერთი წლით უფროსი. შვილი ორივეს ძალიან უნდოდა. შიში თავს მაინც არ ანებებდა. ქმარი მისი საკუთრება იყო, უკიდურესი სიხარული და ამავე დროს შემაძრწუნებელი ტვირთიც. ბავშვს კი დედის სიყვარული და ყურადღება სჭირდებოდა და მერე, მორისი? კაცს რაღა  უნდა ექნა?შვილის დაბადების მერე, როცა ცოლს ეს განცდა აწუხებდა, კაცი მშვიდად და ბედნიერად როგორღაიქნებოდა?  დედობით ტკბობისა და კმაყოფილების უზარმაზარი სურვილი გააჩნდა, მაგრამ ქმარი, მას რა უნდა ექნა? მასზე ზრუნვას როგორღა შესძლებდა, მის მძიმე ხასიათზე,  ორივეს რომ ცხოვრება გაუმწარა, თვალს როგორ აიხვევდა?
      შიშით ამოიოხრა, მაგრამ ზუსტად მაშინ, ბერტი რეიდმა იზაბელს წერილი გამოუგზავნა. ის ქალის ძველი მეგობარი, მისი მეორე თუ მესამე გარე ბიძაშვილი იყო, შოტლანდიელი. თავადაც შოტლანდიელი გახლდათ. ერთად გაიზარდნენ და მთელი ცხოვრება მეგობრად თვლიდა, როგორც ძმას ისე უყურებდა, თუმცა მასთან ღვიძლ ძმებზე გაცილებით მეტი სიახლოვეჰქონდა. ქალს ის უყვარდა, რა თქმა უნდა, მეგობრულად. მათ შორის ნათესაური კავშირი და სიახლოვე იყო. ერთმანეთს უსიტყვოდაც უგებდნენ. თუმცა, იზაბელს ბერტის ცოლობა  ფიქრადაც არასოდეს გაუვლია. ეს ხომ საკუთარი ოჯახის წევრზე გათხოვებას ნიშნავდა. 
      ბერტი ადვოკატი და მწერალი, შოტლანდიელი ინტელექტუალი, მკვირცხლი, ირონიული, სენტიმენტალური კაცი იყო და ქალის წინაშე, რომელსაც ეთაყვანებოდა, შეეძლო  მუხლებზე დაჩოქილიყო, მაგრამ დაქორწინება არ სურდა. მორის პერვინი მისგან განსხვავდებოდა. ის ძირძველი სოფლელი, კარგი ოჯახის შვილი გახლდათ,-გრანჟი ოქსფორდიდან არც თუ ისე შორს მდებარეობდა. ვნებიანი, მგრძნობიარე, შესაძლოა მეტისმეტად მგრძნობიარეც, ბრგე ახალგაზრდა კაცი იყო,  რომელსაც დაკუნთული სხეული ჰქონდა და შუბლი შემაწუხებლად წამოუწითლდებოდა ხოლმე. გონებაც  ზანტი ჰქონდა, გეგონებოდათ, ძლიერი, პროვინციული სისხლი ძარღვებში რომ უჩქეფდა, აზროვნებას უმუხრუჭებდა. საკუთარი გონებრივი მოუქნელობის მიმართ ძალიან მგრძნობიარე დამოკიდებულება გააჩნდა, თუმცა გრძნობების სიჭარბე და მძაფრი განცდა ყოველთვისაც შეეძლო. ასე, რომ ბერტისგან, რომლის აზროვნება ემოციებს გაცილებით წინ უსწრებდა, სრულიად განსხვავდებოდა და ეს არც თუ ისე კარგი იყო.
    კაცებს ერთმანეთი გაცნობისთანავე არ მოეწონათ. იზაბელს ეგონა, რომ ისინი ერთმანეთს  შეეგუებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ქალი ხვდებოდა, რომ თუ თითოეული მათგანი  ერთმანეთის გამოსაცნობ გასაღებს იპოვიდა, მათ შორის იშვიათი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდებოდა. ამის მიღწევა რატომღაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ბერტს უმნიშვნელოდ დამცინავი, ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჰქონდა.  მორისი   შოტლანდიურ იუმორს თავისი ინგლისური აღშფოთებით პასუხობდა, რაც ზოგჯერ ძალიან ბრიყვულ სიძულვილში გადაიზრდებოდა ხოლმე.
     იზაბელისთვის ეს ცოტა არ იყოს და თავსატეხი აღმოჩნდა, თუმცა იმ აზრს ეთანხმობოდა, რომ მამაკაცები ჭირვეული და უგუნური არსებანი იყვნენ. ასე, რომ როცა მორისი საფრანგეთში ხელმეორედ წავიდა, ქალმა  ქმრის გამო, ბერტისთან მეგობრული ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მან ამის შესახებ ადვოკატს მისწერა. ბერტრემ რეიდმა მარტივად უპასუხა, რომ ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ქალს ამ საკითხშიც  ემორჩილებოდა, თუ ნამდვილად მას ასე სურდა.
     თითქმის ორი წლის მანძილზე მეგობრები ერთმანეთს არ შეხმიანებიან. იზაბელი ამით ამაყობდა. სინდისი ოდნავადაც არ ქეჯნიდა. ქალს მხოლოდ ბედის ერთი შეგონება ახსოვდა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის ისეთი მნიშვნელოვანნი და საჭირონი არიან, რომ სხვა ყველაფერი  უბრალოდ სისულელეა. ის და მორისი ცოლ-ქმარი იყვნენ. ერთმანეთი უყვარდათ. შვილები უნდა გაეჩინათ. დაე, ყველა და ყველაფერი, უმნიშვნელო გარე სამყარო, ამისთანა საქორწინო ბედნიერებაში ჩამჭკნარიყო. საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ სავსებით ბედნიერი, მორისის მეგობრების მისაღებად მზად იყო. ქალი ბედნიერი და მზადმყოფი გახლდათ: ბედნიერი ცოლი, რომელსაც მეუღლე თავის საკუთრებაში მოექცია და ამიტომაც მზად იყო.
     შეცბუნებული მეგობრები,სახლიდან ისე გაქრნენ, რომ წასვლის მიზეზიც არ უთქვამთ და აღარც არასოდეს გამოჩენილან. მორისიც, რა თქმა უნდა, იზაბელის მსგავსად, ოჯახურ გარემოში  კმაყოფილებით ჩაიძირა.
     კაცი იზაბელის ლიტერატურულ საქმიანობას იზიარებდა, ქალიც სოფლის მეურნეობისა და საქონლის მოშენების ყოველდღიურობაში დიდი ინტერესით იყო ჩართული. ცოლი, რომელიც გულით გრძნობებს  ეთაყვანებოდა, ცხოვრების პრაქტიკულ მხარეს ყოველთვის აფასებდა და საკუთარი ოსტატობით ამაყობდა კიდეც. ასე, რომ ცოლ-ქმარმა ქორწინების ხუთი წელი ასე გაატარა. ბოლო წელი კი სიბრმავისა და უსიტყვო ურთიერთგაგებისა იყო და ახლა, იზაბელს მძაფრი გულგრილობა, უხალისობა დაუფლებოდა. ქალს უნდოდა, რომ ბავშვზე სიმშვიდეში ემშობიარა, ბუხართან ჩათვლემდა ხოლმე და დღითიდღე ბუნდოვან სიზმარ-ცხადში იყო. მორისი ავისმომასწავებელ ჭექა-ქუხილს ჰგავდა. ქალი ქმრის ასეთი მდგომარეობიდან გამოსაყვანად უნდა გამოფხიზლებულიყო.
     როდესაც ბერტისგან პატარა ბარათი მიიღო, რომელშიც კაცი მათი დასამარებული მეგობრობის აღდგენას სთხოვდა და მისი ქმრის თვალის ჩინის დაკარგვასგულით განიცდიდა, ქალმა უეცარი ტკივილი იგრძნო, თითქოს მსუბუქად შეანჯღრიეს, რომ გაღვიძებოდა და მორისს წერილი წაუკითხა.
-სთხოვე, ჩამოვიდეს, თქვა კაცმა.
-ბერტს სთხოვე, აქ გვესტუმროს! გაიმეორა ქალმა.
-დიახ, თუ რა თქმა უნდა, სურვილი აქვს.
იზაბელს ცოტა ხანს არაფერი უთქვამს.
-ვიცი, რომ უნდა, მხოლოდ ძალიან  გაეხარდება, უპასუხა ქალმა, მაგრამ, შენ მორის? შენ თუ გაგაჩნია ამის სურვილი ?
-მე მინდა.
-კარგი, მაშინ ასეთ შემთხვევაში... თუმცა, მეგონა, რომ ის არც გაინტერესებდა.
-ოჰ, არ ვიცი. შეიძლება, ახლა მასზე სხვანაირად ვიფიქრო, უპასუხა უსინათლო კაცმა. ასეთი პასუხი იზაბელისთვის რთულად აღსაქმელი  იყო.
-კარგი, ძვირფასო, უთხრა ქალმა, თუ ნამდვილად დარწმუნებული ხარ, მაშინ..
-საკმაოდ დარწმუნებული ვარ. მისწერე, რომ ჩამოვიდეს, თქვა მორისმა.
    ასე, რომ ბერტი მოდიოდა, ნოემბრის წვიმიან და ამ ბნელ  საღამოს მოდიოდა. იზაბელი აღელვებული, მისთვის ჩვეული მოუსვენრობითა და გაუბედაობით იყო აღვსილი. ასეთი მტკივნეული ეჭვიანობა,  გაურკვევლობის საშიში გრძნობა ქალს ყოველთვისაც სტანჯავდა. თუმცა, მომავალ დედობაზე ოცნებამ მასში ეს გრძნობა გააქრო, მაგრამ ახლა კვლავ დაბრუნებოდა და ქალს გული მოუვიდა. როგორც სჩვეოდა, სიმშვიდისა და თავშეკავებულობის მოსაპოვებლად ახლაც ისე იბრძოდა, მეგობრული ნიღბის მთელ სხეულზე მორგებას კვლავაც ცდილობდა.
    ქალმა მაგიდის გვერდით მაღალი სანათი აანთო და მაგიდას სუფრა გადააფარა. გრძელი სასადილო მაგიდა დახვეწილი, თუმცა საკმაოდ პირქუში შესახედაობის, ძველებური  სკამებით, ბუნდოვნად ჩანდა. სინათლის ქვეშ  მხოლოდ მდიდრული, ლამაზი მრგვალი მაგიდა ოდნავ კიაფებდა. თეთრი სუფრა  სინათლეს ჰფენდა და კუთხეებში მძიმე, დაწინწკლული მაქმანი ლამის ხალიჩამდე ეშვებოდა. ჩინური სერვიზი ძველმოდური და ლამაზი, კრემისფერ-მოყვითალო იყო, რომელიც მკვეთრი წითელი და მუქი ლურჯი ფერებით მოეხატათ. დიდი, ზარის ფორმის ფინჯნები დაელაგებინათ, მშვენიერი ჩაიდანიც იდგა. იზაბელი მათ გულგრილი მადლიერებით უმზერდა.
    ქალს ნერვები ღალატობდა. მაღალი, უფარდო ფანჯრებიდან დროდადრო ინსტიქტურად იყურებოდა. საღამოს ბინდში უზარმაზარი ნაძვისხის მოქანავე ტოტები გაარჩია : თითქოს, უფრო მეტად ეჩვენებოდა, ვიდრე ხედავდა. ფანჯრის მინებს წვიმის წვეთები მოხვდა. ეჰ, სიმშვიდე რატომ არ ჰქონდა? ეს ორი მამაკაცი ასე  რატომ ეძალავებოდა? რატომ არ ჩანდნენ? გაურკვევლობა რატომ ანერვიულებდა? 
    მოლოდინმა და გაღიზიანებამ ქალი  სულიერად დაქანცა. სხვა თუ არავინ, მორისი შეიძლებოდა რომ შემოსულიყო, გარეთ არაფერი გააჩერებდა. ქალმა ფეხის წვერებზე აიწია. როცა სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი მოჰკრა, ნაცნობივით ოდნავ გაუღიმა, თითქოს მისი ძველი მეგობარი შენიშნა. ოვალური ფორმის, მშვიდი სახე და ოდნავ მოკაუჭებული ცხვირი ჰქონდა. კისერი მხრებშუა ლამაზად ჩაჯდომოდა. უკან შეკრული თმა, რაღაცნაირად თბილ და დედობრივ იერს მატებდა. თვითონაც ეს გაიფიქრა, ოდნავი ღიმილით, წარბები და საკმაოდ დიდი ქუთოთოები მაღლა აჭიმა. წამიერად ქალს ღია ფერის თვალები ღვარძლშეპარული, ავი და კმაყოფილი გაუხდა, რამაც ღმრთისმშობლის სადარი სახე დაუმახინჯა. 
    შემდეგ, კვლავაც მდედრებისთვის დამახასიათებელი მოთმინებით,-ის მართლაც რომ საბედისწეროდ დამოუკიდებლად მოქმედი ქალი გახლდათ, უმნიშვნელოდ სწრაფი მოძრაობით, კარისკენ გაეშურა. თვალები ცოტათი ჩასწითლებოდა.
    ქვემოთ, განიერი ჰოლი გაიარა და კარებიდან გავიდა. ახლა უკვე ფერმის  შენობებთან იყო. რძის, ქათმის ფერმების, ეზოს და საქონლის სუნმა ქალი თითქმის მთლიანად მოიცვა, მაგრამ ყველაზე მძაფრად რძის სუნი იგრძნობდა. მდუღარე რძისგან დამწვარი ქვაბები გარეთ გამოეტანათ. ქალის წინ ქვით მოპირკეთებული შესასვლელი ბნელი, დატბორილი და სველი იყო. სამზარეულოს ღია კარიდან სინათლე გამოდიოდა. წინ წავიდა და კარებში ჩადგა. ფერმის მუშები ჩაის სვამდნენ, მისგან ოდნავ მოშორებით, მრგვალ და ვიწრო მაგიდასთან ისხდნენ, სამზარეულოს ცენტრში, სადაც თეთრი სანათი იდგა. ღაჟღაჟა სახეებითა და ხელებით საჭმელს მიირთმევდნენ, პირს აცმაცუნებდნენ და თავები ჩაის ფინჯნებთან დაეხარათ:  კაცები, ფერმაში სამუშაოდ დაქირავებული გოგონები და ბიჭები იყვნენ: ჩაის დალევის, ჭამის დრო იყო. რამდენიმემ ქალს თვალი მოჰკრა. მისის ვერნემმა, რომელიც სკამებს უკან, დიდი, შავი ჩაიდნით ოდნავ კოჭლობით მიდი-მოდიოდა, იზაბელი თავიდანვე ვერ შეამჩნია. მერე, უცბად შემოტრიალდა.
-ოჰ, თქვენ ბრძანდებით, მადამ? წამოიძახა მან. შემობრძანდით, შემობრძანდით! ჩაის ვსვამთ და სკამი წინ გაათრია.
-არა, არ შემოვალ, თქვა იზაბელმა, მგონი, ჭამა შეგაწყვეტინეთ.
-არა, არა, მსგავსი არაფერი, მადამ, სულ არაფერი.
-მისტერ პერვინი მოვიდა, თუ იცით?
-დარწმუნებული არ ვარ, ვერ გეტყვით! მოგენატრათ, ხომ, მადამ?
-არა, უბრალოდ მინდოდა, რომ სახლში მოსულიყო, მორცხვად გაიცინა იზაბელმა.
-გინდოდათ, არა? აბა, ადე, ახლავე ადექი, ბიჭო.
მისის ვერნემმა ერთ-ერთ ბიჭს მხარზე ხელი მოუტყაპუნა. ბიჭი შეიშმუშნა, თან ლუკმას გამეტებით ღეჭდა.
-მგონი, ზემოთ, თავლაში უნდა იყოს, მაგიდიდან დაიძახა ვიღაცამ.
-ოჰ! არა, ნუ ადგები. მე თვითონ წავალ, თქვა იზაბელმა.
-ასეთ წვიმიან ღამეში როგორ წახვალთ. ბიჭიც წამოვიდეს.  გაიყოლეთ, თქვა მისის ვერნემმა.
-არა, არა. იმ ჩვეული სიმტკიცით თქვა იზაბელმა, რომელსაც ყოველთვის უნდა დამორჩილებოდი. ჩაის სმა გააგრძელე, თომ. მსურს, რომ თავლაში თავად წავიდე, მისის ვერნემ.
-არ გესმის, რაც გითხარი? წამოიძახა ქალმა.
-ეტლი აგვიანებს, ხომ? ჰკითხა იზაბელმა.
-რატომ? არა, თქვა მისის ვერნემმა და შორიდან მაღალ, ცუდად განათებულ საათს მიაშტერდა.-არა, მადამ, ასე, თხუთმეტი-ოცი წუთი კიდევ, ასეა, დიახ, სულ მცირე თხუთმეტი წუთი მაინც დასჭირდება.
-ოჰ! გვიანი გგონია, როცა ასე ადრე ბინდდება, თქვა იზაბელმა. 
-ასეა, ასე. შემაწუხებელია, როცა დღეები ასე მოკლდება, უპასუხა მისის ვერნემმა. -ნამდვილად ცუდია.
-ასეა, თქვა იზაბელმა და თან უკან იწევდა.
ქალმა ბოტების ყელი ამოიწია, დიდ, კუბოკრულ შალში გაეხვია, მამაკაცის ნაბდის ქუდი თავზე ჩამოიცვა და ცუდ ამინდში წინა ეზოსკენ მიმავალ ქვაფენილს გაუყვა. ძალიან ბნელოდა. ეზოს სათავსოების უკან, დიდი თელების ტოტებქვეშ ქარი ღრიალებდა. როცა მეორე ეზოს მიაღწია, უფრო მეტად ჩამობნელდა. ფეხებს გაუბედავად ადგამდა. ფარნის წამოღება ინატრა. წვიმა მის წინ ასხამდა  და სიარულს ურთულებდა. ასეთი ამინდი  თან მოსწონდა, თან მასთან შებრძოლების სურვილი არც გააჩნდა. 
   როგორც იქნა, თავლის კარიც გამოჩნდა. სინათლის ნიშანწყალიც  არსად ჩანდა. კარი სანახევროდ შეაღო და ღრმა სიბნელეში, შიგნით შეიხედა. იმ შავბნელ ღამეში ცხენების, ნიშადურის სპირტის და სიმხურვალის საშინელი სუნი ეცა. სმენა დაძაბა, მაგრამ ცხენის მოძრაობის მეტი ვერაფერი გაიგონა.
  -მორის! ქალმა ისე ხმადაბლა და ნაზად  დაიძახა, თითქოს ეშინოდა, -მორის, აქ ხარ?
   სიბნელიდან არავინ გაპასუხებია. იცოდა, რომ ცხოველების ცხელ სადგომში წვიმა და ქარი ცხენებამდეც აღწევდა. ამას გამართლებას ვერ უძებნიდა და კარის დაბალი ნახევარი ჩაკეტა, ხოლო მაღალს ჩაეჭიდა და თავისკენ მოქაჩა. გაუნძრევლად იდგა, რადგან სიბნელეში ოთხფეხა ცხოველების უკანა ნაწილს გრძნობდა, თუმცა მათ ვერ ხედავდა და ეშინოდა. გულში უკაცრიელობის მიმართ შიში უფუთფუთებდა.
   სმენა დაძაბა. მერე, მანძილიდან, შორიდან უმნიშვნელო ხმაური მოესმა, ქვაბის წკარუნს ჰგავდა და მამაკაცის მოკლე-მოკლე სიტყვებით საუბარიც გაიგონა. თავლის მეორე ნაწილში მორისი უნდა ყოფილიყო. ქალი ადგილიდან არ იძვროდა, კაცის შუა კარიდან გამოსვლას ელოდა. უჩინარი ცხენები მასთან შემაძრწუნებლად ახლოს იდგნენ. შიდა კარის ურდულის მკვეთრმა ხმაურმა გამოაფხიზლა და კარიც გაიღო. ქალმა სიბნელეში, რომელსაც თვითონაც შერწყმოდნენ, ქმრის შემოსვლა, მის სიახლოვეს, ცხენებს შორის, უჩინრად ჩავლის ხმა გაიგონა და იგრძნო. კაცის ცხენებთან  საკმაოდ ხმადაბლი საუბარი ქალის ნერვებს მოესალბუნა. როგორ ახლოს და როგორი უხილავი იყო! სიბნელე ქალის შფოთიანი ცხოვრების უცნაურ მორევს ჰგავდა. იზაბელი თავბრუდახვეული შემოტრიალდა.
  გონება მოიკრიბა და წყნარად, ალერსიანად დაიძახა.
  -მორის! მორის, ძვირფასოო!
  -დიახ, გაეპასუხა კაცი. იზაბელ?
   ქალმა ვერაფერი დაინახა და ჩანდა, რომ კაცის ხმამ მასზე იმოქმედა.
  -გამარჯობა! მხიარულად გაეპაუხა ქალი და მის დასანახად მხედველობა დაძაბა. კაცი ქალთან ახლოს, ისევ ცხენებთან საქმიანობდა, თუმცა იზაბელი სიბნელის მეტს ვერაფერს ხედავდა, რამაც თითქმის სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.
-სახლში არ წამოხვალ, ძვირფასო? თქვა ქალმა.
-დიახ, მოვდივარ, ნახევარ წუთში. ზემოთ დადექი, ახლა! ეტლი ჯერაც არ მოსულა, ხომ ასეა?
-ჯერ არა, თქვა იზაბელმა.
კაცს სასიამოვნო და ჩვეული ხმა ჰქონდა. თუმცა მის ნათქვამს თავლაში დარჩენის ოდნავი  შეთავაზების მნიშვნელობა  ეტყობოდა. ქალმა ინატრა, ნეტა უკან წავიდოდესო. ქალს კაცის უკიდურესი უჩინრობის ეშინოდა.
-რა დროა? ჰკითხა კაცმა.
-ჯერ ექვსი არ შესრულებულა, უპასუხა ქალმა. სიბნელეში გაპასუხება არ მოსწონდა. ახლა უკვე, ქმარი მასთან ძალიან ახლოს იყო და მანაც კარიდან დაიხია.
-ქარი აქაც ჰქრის, თქვა კაცმა, თან მტკიცედ წინ-წინ მოიწევდა, კარებებს ეძებდა. ქალი უკან გახტა. როგორც იქნა, ქმარი ბუნდოვნად გაარჩია.
-ბერტს მგზავრობა დიდხანს არ მოუწევს, თქვა კაცმა და კარი დახურა.
-რა თქმა უნდა, არა! მშვიდად მიუგო იზაბელმა და თან კართან მდგარ ბნელ ფიგურას თვალს არ აშორებდა.
-შენი ხელი მომეცი, ძვირფასო, უთხრა ქალმა.
    უმალვე მასთან გაჩნდა და ქმრის ხელი მიიხუტა, მაგრამ მისი დანახვის, მისი შეხედვის სურვილი კლავდა. ნერვები აეშალა. კაცი წელში გამართული, საკმაოდ თავაწეული მოაბიჯებდა, თუმცა ძლიერ, დაკუნთულ ფეხებს გასაკვირი გაუბედაობით ადგამდა. როცა გვერდით მისდევდა, ქალი მიწასთან კაცის ტერფების  გონივრულ, ფრთხილ და ძლიერ შეხებას გრძნობდა. მცირე ხნით ქალისთვის ის თითქოს მიწიდან აღმდგარი, წყვდიადით მოცული კოშკი იყო.
    სახლის დერეფანში კაცი შედრკა და ფრთხილად შევიდა, მდუმარე გულმოდგინებით მოგრძო სკამს ეძებდა. მერე, მძიმედ ჩამოჯდა. საკმაოდ მოხრილი მხრები, თუმცა მსხვილი კიდურები ჰქონდა, მიწაზე ფეხებს ღონივრად ადგამდა. ჩვეულებისამებრ მომცრო თავი  მაღლა აწეული, მსუბუქად ეჭირა. როცა მაღალყელიანი წინდის და ჩექმების გასახდელად დაიხარა, სიბრმავე სრულებითაც არ ეტყობოდა. წაბლისფერი, გრუზა თმა, დიდი, წითური, დახვეწილი ხელები ჰქონდა, მაჯებზე ძარღვები აჩნდა; მსხვილი წვივები და მუხლები მოუჩანდა. წამოდგომისას სახე და კისერი წამოუწითლდა, საფეთქლებზე ძარღვები ამოებერა. ქალი კაცის სიბრმავეს არ იმჩნევდა.
    იზაბელს მუდამ უხაროდა, როცა კარის ზღურბლს გადააბიჯებდნენ და საკუთარი სახლის სიმშვიდესა და მშვენიერებაში აღმოჩნდებოდნენ. იქ, სახლის უკან, პირუტყვთა დიდ სადგომში ქალს ცოტა არ იყოს და, ქმრის ეშინოდა. ცოლის ნაცნობმა, გაურკვეველი სურნელით გაჟღენთილმა გარემომ, რომელსაც  ნაზი, ოდნავ მომწარო სუნი ასდიოდა და ალბათ არომატიზირებული სითხით სავსე ფიალიდან მოდიოდა, კაცის დამოკიდებულებაც შეცვალა.
   კაცი კიბის ბოლოს მონუსხული იდგა, რაღაცას უსმენდა. ქალი თვალს არ აშორებდა. ჩანდა, რომ ქმარს საკუთარი ბედისწერისთვის მიეყურადებინა.
-ჯერაც არ გამოჩენილა, თქვა კაცმა.-ზემოთ ავალ და გამოვიცვლი.
-მორის, უთხრა ქალმა, მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი არ ხარ,ხომ?
-ზუსტად ვერ გეტყვი, უპასუხა კაცმა. -თავს საკმაოდ ფხიზლად ვგრძნობ.
-ვხედავ, რომ ასე ხარ, უპასუხა ქალმა. კაცს მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა. ქალმა კაცის პირზე მომდგარი ღიმილი შენიშნა.
-რა გაცინებს? ეშმაკურად ჰკითხა ქალმა.
-შენ მე მანუგეშებ, უპასუხა კაცმა.
-არაფერიც, უთხრა ქალმა. -სანუგეშებელი რა გჭირს? იცი, რომ ერთმანეთი გვიყვარს, იცი, რომ ცოლ-ქმარი ვართ! სხვა რაღა უნდა მოხდეს?
-სულაც არაფერი, ჩემო ძვირფასო.
კაცი ქალის სახეს წაეტანა, შეეხო და გაუღიმა.
-ხომ კარგად ხარ? ჰკითხა აღელვებულმა.
- გადასარევად ვარ, სიყვარულო, გაეპასუხა ქალი.-დროდადრო მხოლოდ შენზე დარდი მომეძალება ხოლმე. 
-ჩემზე რატომ დარდობ? უთხრა კაცმა, თან თითის წვერებით მის ლოყებს ნაზად ეალერსებოდა. ქალი ქმრის შეხებამ მონუსხა. 
   კაცი კიბეს აუყვა. ქალმა კიბის თავში წამომართულ, ბრმა და შეუდარებელ ქმარს ახედა. კაცმა არ იცოდა, რომ ზემოთ, დერეფანში სინათლე არ ენთო. სიბნელეში ნაბიჯი არ აუჩქარებია. ცოლი მიხვდა, რომ აბაზანაში შევიდა.
   მიუხედავად სიბნელისა, ნაცნობ გარემოში პერვინი თითქმის გაუცნობიერებლად მოძრაობდა. შეხებამდე იცოდა, სად რა იყო. მისთვის ნაცნობი, ლამის სისხლისმიერი ახლობელი  ნივთების გროვაში ასე, წინ და უკან ბორძიკი  ერთგვარი სიამოვნება იყო. სულაც არ თვლიდა, რომ წვალობდა. თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობდა, როცა რეალურ სამყაროსთან ასეთი, თითქოს სისხლით ნათესაური,  უშუალო ურთიერთობა ჰქონდა, საგნების ვიზუალურად შეცნობის არანაირი სურვილი არ გააჩნდა. ასეთ მდგომარეობაში  რაღაც განსაკუთრებულად უხვი, პოზიტიური, ზოგჯერ კი უდიდესი სიხარულის გრძნობა ეუფლებოდა. კაცში სიცოცხლე წყლის ნაკადივით მიედინებოდა და ძალას იკრებდა, ყველაფერს ბნელ საბურველში ხვევდა. სიამოვნებდა, როცა უხილავ საგნებთან შესახვედრად ხელებს წინ გაიწვდენდა, შემოხვევდა და თავის  მკლავებში ნამდვილი მესაკუთრესავით  მოაქცევდა ხოლმე. მათ დამახსოვრებას ან შეხედვას არც არასდროს ცდილობდა. არ სურდა. ცნობიერება თავისთავად, ასეთი ახალი სახით უბრუნდებოდა. 
   ამგვარი შეგრძნებებით აღვსილი თავს ბედნიერად გრძნობდა, ცოლისადმი ვნება  უფრო მეტად უმძაფრდებოდა. თუმცა დროდადრო გრძნობების ასეთ მოზღვავებას შეკავება და თავის დაღწევა სჭირდებოდა. მერე, თითქოს ზღვის მორევში ჩათრეულს, შინაგანად ძალა გამოეცლებოდა  და საკუთარი სისხლის ქანცგამცლელი ქაოსი საშინლად ტანჯავდა. ამ შიშის, ამ თავის დაღწევის, ამ შინაგანი ფორიაქის  შეჩერება სურდა, როცა საკუთარი ძლევამოსილი  და წინააღმდეგობრივი ხასიათის კლანჭებში აღმოჩნდებოდა ხოლმე. თვითკონტროლის გარანტია როგორ უნდა შესძლებოდა? საკითხავი აი,ეს იყო და როცა კითხვა თავს წამოჰყოფდა და გააცოფებდა, მუშტებს ისე შეჰკრავდა, თითქოს მთელ სამყაროს დამორჩილებას აიძულებდა. თუმცა, ამაოდ. საკუთარი თავის იძულებაც კი არ შეეძლო.
   მაგრამ ამ ღამეს მშვიდად იყო, მხოლოდ ოდნავ, რაღაც უცნაურ, შინაგან კანკალს აეტანა.  პარსვისას სამართებელი ძალიან ფრთხილად ეჭირა, რადგან ვერ ეგუებოდა, მისი ეშინოდა. სმენაც ძალზედ გამახვილებული ჰქონდა. გაიგონა, ქალმა დერეფანში სანათები  როგორ აანთო და სასტუმრო ოთახში ბუხარი გაამზადა და მერე, როცა კაცი თავის ოთახში შევიდა, ეტლის ხმა მოესმა. შემდეგ, იზაბელის ხმამაღალი  დაძახილის,ზარივით წკრიალა ხმაც ყურს მისწვდა:
-შენ ხარ, ბერტი? ჩამოხვედი?
და კაცმაც სუნთქვაშეკრულმა უპასუხა:
-გამარჯობა, იზაბელ! აი,შენც აქ ხარ.
-ცუდად ხომ არ იმგზავრე? ვწუხვარ, რომ დახურული ეტლი ვერ გამოგიგზავნეთ. საერთოდ ვერ გხედავ,  იცი?
-მოვდივარ. არა, მგზავრობით კმაყოფილი გახლავარ, პერტშაირს ჰგავდა. კარგი, შენ როგორა ხარ? როგორც ყოველთვის, რიგიანად გამოიყურები.
-ოჰ, დიახ, თქვა იზაბელმა. თავს ჩინებულად ვგრძნობ. შენ როგორა ხარ? ვფიქრობ, საკმაოდ გამხდარხარ. 
-თავგადაკლული ვმუშაობ, ყველა ასე წუწუნებს, თუმცა, მე კარგად ვარ, სის. პერვინი როგორ არის? აქ არ არის? 
-ოჰ, დიახ, ზემოთაა და ტანსაცმელს იცვლის. დიახ, ისიც ძალიან კარგადაა. სველი ტანსაცმელი გაიხადე. გასაშრობად გავატან.
-და ორივე სულიერად თავს როგორ გრძნობთ? ის ხომ არ ჭირვეულობს ხოლმე?
-არა, არა, სრულებითაც არა. არა, არა, პირიქით, მართლა. არაჩვეულებრივად ბედნიერები ვართ, წარმოუდგენლად. გაცილებითმეტადაც,  ვიდრე ვხვდები,  ისე საოცრად: ახლოს  და მშვიდად.
-ოჰ, კარგია, ძალიან კარგი ამბავია.
    აღარ გამოჩენილან. პერვინს აღარაფერი გაუგონია. თუმცა, როცა მათი ხალისიანი საუბარი მოისმინა, კაცს ბავშვური სევდა დაეუფლა. გარეთ დარჩენილ ბავშვს ჰგავდა, შინ რომ არ შეუშვეს. თავს უმიზნოდ და გაგდებულად გრძნობდა, არ იცოდა, რა ექნა. უმწეო სიმარტოვის განცდა ჰქონდა. ტანსაცმელს ნერვიულად, ბავშვივით მოუხერხებლად იცვამდა. ბერტის შოტლანდიური აქცენტი და იზაბელის ოდნავი შოტლანდიურით შეპარული პასუხები ეზიზღებოდა. თვითკმაყოფილი კატის   კრუტუნის მსგავსი,  შოტლანდიური მეტყველება აღიზიანებდა. მათ ბედნიერებასა და სიახლოვეზე იზაბელის უკიდურესად ენაწყლიანი საუბარი ნერვებს უშლიდა. ზიზღის გრძნობა გაუჩნდა. გულფიცხი ხასიათი ჰქონდა და ცხოვრების ფერხულში ჩასაბმელად ბავშურ ნოსტალგიას შეეპყრო. თუმცა, ამავე დროს, უთქმელი და ძლიერი, საკუთარი სისუსტით გამძვინვარებული  მამაკაცი გახლდათ. რამდენიმე საბედისწერო ნაკლის გამო, თავისთვის ყოფნა არ შეეძლო, სხვის თანადგომაზე იყო დამოკიდებული, რაც ასე საშინლად  აცოფებდა. ბერტი რეიდი სძულდა და თან იცოდა,  ეს სიძულვილი სისულელე იყო, კარგად აცნობიერებდა,  რომ მისი სისუსტის ბრალი იყო. 
    კაცი ქვევით ჩავიდა. იზაბელი სასადილო ოთახში მარტო დახვდა. ქალი კაცს უყურებდა, რომელსაც თავი მაღლა აეწია და ფეხებს ფრთხილად ადგამდა. სისხლი უდუღდა და ჯანსაღად გამოიყურებოდა, თუმცა ამავე დროს წაშლილი ჩანდა. წაშლილი, ეს ის სიტყვა იყო, რაც ქალს გონებაში მოუვიდა. ალბათ, ასე კაცის ნაიარევებმა აფიქრებინა.
-გაიგონე, ბერტი რომ მოვიდა, მორის? ჰკითხა მან.
-დიახ. აქ არ არის?
-თავის ოთახშია. ძალიან გამხდარი და გადაღლილი ჩანს.
- თავაუღებლად მუშაობის ბრალი უნდა იყოს.
   ოთახში ხელში ლანგრით ქალი შემოვიდა და მალე ბერტიც გამოჩნდა. ჩია ტანის, შავგვრემანი, გამხდარი  კაცი იყო. ძალიან ფართო შუბლი, თხელი თმა და სევდიანი, დიდი თვალები ჰქონდა. მეტისმეტად ნაღვლიანი, თითქმის სასაცილო გამომეტყველება აღბეჭდოდა. უჩვეულოდ მოკლეფეხება იყო. 
   იზაბელი ხედავდა, კაცი კართან როგორ ყოყმანობდა, მერე ნერვიულად ქმარს შეხედა. პერვინმა ბერტის შემოსვლა გაიგონა და მოტრიალდა.
-უკვე აქ ხარ, თქვა იზაბელმა. მოდი და საჭმელად დავსხდეთ.
   ბერტი მორისთან მივიდა.
-როგორა ხარ, პერვინ? ჰკითხა კაცმა, როგორც კი დაწინაურდა.
უსინათლომ ხელი გაიშვირა და ბერტიმ ჩამოართვა.
-ძალიან მხნედ. მიხარია, რომ მოხვედი, თქვა მორისმა.
   იზაბელმა თვალი ორივეს შეავლო და მერე განზე გაიხედა, თითქოს მათი დანახვა არ შეეძლო.
  -მოდით, თქვა ქალმა. მაგიდასთან მოდით. ორივეს საშინლად არ გშიათ? მე უკიდურესად მშიერი ვარ.
  -ვწუხვარ, რომ გალოდინეთ, თქვა ბერტმა, როგორც კი დასხდნენ.
  მორისს სკამზე ჯდომის  უცნაურად მონოლითური მანერა ჰქონდა,- წელგამართული და დისტანციური. იზაბელს გული ყოველთვის უცემდა, როცა ქმარს ასეთ პოზაში მჯდომარეს ხედავდა. 
  -არა, ქალი ბერტს გაეპასუხა. - ცოტა დავაგვიანეთ, ვიდრე ჩვეულებისამებრ. ჩაის დავლევთ, სადილობას არ ვაპირებთ. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? მშვენიერ ხანგრძლივ საღამოს ვატარებთ ხოლმე, დაუსრულებელს.
  -ეს მომწონს, - თქვა ბერტმა.
მორისი უცნაურ, უმნიშვნელო მოძრაობებს აკეთებდა, იმ კატის მსგავსად, დასაწოლად ადგილს რომ ქექავს.  ცმუკავდა, დანა-ჩანგალს და ხელსახოცს აწვალებდა. გარემომცველი სიტუაციის მთელი გონებით აღქმასა და გაცნობიერებას ლამობდა. წელგამართული და იდუმალებით მოცული იჯდა. მისგან მოშორებით მჯდარი ბერტი დაბნეულ ბრმა კაცს თვალს არ აშორებდა, რომელსაც საგრძნობლად დიდი, უხეში ხელები ჰქონდა  და ნაიარევს ზემოთ უცნაურად მოღუშული წარბი მოუჩანდა. დაზაფრულმა განზე გაიხედა და ისე, რომ არც კი იცოდა რას აკეთებდა,  მაგიდიდან  ბროლის მომცრო, იებით სავსე ვაზას ხელი წამოავლო და ცხვირთან მიიტანა.
-რა ტკბილი სურნელი აქვს, თქვა კაცმა. სად დაკრიფე?
-ბაღში, ფანჯრებქვეშ, მიუგო იზაბელმა.
-ასე ნაგვიანევია და როგორ სურნელს აფრქვევს! ბიცოლა ბელის სამხრეთის კედლის ქვეშ ამოსული იები თუ გახსოვს?
ორმა მეგობარმა ერთმანეთს შეხედა და გაიღიმეს, იზაბელს თვალები გაუბრწყინდა.
-როგორ არ უნდა მახსოვდეს! გაეპასუხა ქალი. რა უცნაური ქალი  იყო, არა?
-უცნაური მოხუცი, გაიცინა ბერტმა. მთელი სანათესავო ასეთი უცნაური და ახირებულები ვართ, იზაბელ.
-ოჰ, შენი და ჩემს გარდა, ბერტ, თქვა იზაბელმა. -მორისს ხომ არ მიაწვდიდი? დაამატა ქალმა, რადგან ბერტი ვაზის დადგმას აპირებდა. იებს უკვე  ხომ არ უყნოსე, ძვირფასო? ხოო? ისინი ისეთი სურნელოვანია.
  მორისმა ხელი გაიწვდინა და ბერტმა ციცქნა ვაზა მის დიდ, თბილ თითებში მოათავსა. მორისმა  ადვოკატის თხელ, თეთრ თითებს ხელი ზემოდან შეახო. ბერტმა ხელი ფრთხილად გაითავისუფლა. მერე, ორივე უყურებდა, უსინათლო იებს როგორ სუნავდა. კაცს თავი დაეხარა და ჩანდა, რომ ფიქრს წაეღო. იზაბელი უცდიდა.
-ტკბილი სუნი აქვთ, არა, მორის? მღელვარედ ჰკითხა ქალმა.
-ძალიან, თქვა კაცმა და ვაზას ხელი გაუშვა. ბერტმა გამოართვა. ორივეს, ბერტსაც და იზაბელსაც ცოტა არ იყოს და ,  ეშინოდათ და ძალიან შეწუხებულნი ჩანდნენ.
  ვახშამი გაგრძელდა. იზაბელი და ბერტი გაუთავებლად ჭორაობდნენ. უსინათლო ჩუმად იყო, საჭმელს ჩანგლის წვერით დროდადრო სწრაფად, ნაზად ეხებოდა და მერე,  უსწორმასწორო, პატარა ნაჭრებად ჭრიდა. ვერავის დახმარებას აიტანდა. ორივე, -ბერტიც და იზაბელიც იტანჯებოდნენ და იზაბელს აინტერესებდა, რატომ: როცა მორისთან ერთად მარტო  იყო, ასეთი განცდა არ ეუფლებოდა. ბერტის სტუმრობამ მისი გონება უცნაურად შეცვალა.
  ვახშმის შემდეგ, სამივემ სკამები ბუხართან ახლოს მიათრიეს და სასაუბროდ მოემზადნენ. გრაფინები მაგიდაზე ერთი ხელის გაწვდენაზე ელაგა. იზაბელმა ბუხარში კუნძებს შეუჩხიკინა და ბუხრიდან გაღვივებული ცეცხლის კაშკაშა ალი ავარდა. ბერტმა იზაბელს ოდნავი გადაღლილობა შენიშნა.
-ბავშვს  გააჩენ და  შვებას იგრძნობ,  არა,იზაბელ? ჰკითხა კაცმა.
ქალმა ნაზი ღიმილით ახედა.
-დიახ, ასე იქნება, უპასუხა ქალმა. ძალიან დიდხანს გამიგრძელდა. დიახ, ძალიან გამეხარდება. შენც, ხომ ასეა, მორის? დაუმატა მან.
-დიახ, მეც, უპასუხა ქმარმა.
-მის დაბადებას ორივე ისე მოუთმენლად ველით, თქვა ქალმა.
-დიახ, რა თქმა უნდა, თქვა ბერტმა .
   უცოლო იყო, იზაბელზე ასე, სამი-ოთხი წლით უფროსი იქნებოდა. ლამაზ სახლში ცხოვრობდა, მდინარეს რომ გადაჰყურებდა და ერთგული, შოტლანდიელი მოსამსახურე მამაკაცები ჰყავდა. მეგობართა წრეში  სუსტი სქესის წარმომადგენლებიც ერია, თუმცა, საყვარლები არა, მხოლოდ მეგობრები. ფლირტისა და ქორწინების საშიშროებისგან თავის ხანგრძლივად არიდების მიუხედავად, რამდენიმე ღირსეული ქალის მიმართ ურყევი და უღალატო თაყვანისცემის გრძნობა გააჩნდა და ნამდვილი რაინდის მსგავსად აღმერთებდა, მაგრამ როცა ისინი მის ცხოვრებაში შეიჭრებოდნენ, წამსვე გაეცლებოდა და მათგანთავს შორს დაიჭერდა ხოლმე.
   იზაბელმა კაცის ხასიათი ძალიან კარგად იცოდა, მისი მტკიცე ერთგულების, კეთილშობილების  და იმ  განუკურნებელი სისუსტის შესახებ, რომელიც არავისთან ახლო ურთიერთობის გასაქანს არ აძლევდა,  ასევე კარგად უწყოდა. კაცს საკუთარი თავის რცხვენოდა, რადგან დაქორწინება, ქალებთან ფიზიკური შეხება არ შეეძლო. სურდა, მაგრამ არ შეეძლო. გულის სიღრმეში ეშინოდა, უმწეოდ და სასტიკად ეშინოდა. იმედი გადაეწურა და საკუთარ სისუსტესთან გამკლავების მოლოდინიც კი დაკარგა. ამის გამო, უბადლო და წარმატებული ადვოკატი, ასევე მაღალი რეპუტაციის  littérateur1, მდიდარი და დიდი საზოგადოებრივი წარმატების მქონე კაცი გახლდათ. საკუთარ თავს განუვითარებელ სასქესო ორგანოებიან არსებად, არარაობად თვლიდა.
    იზაბელი მას ზედმიწევნით კარგად იცნობდა. ქალს კაცი   მაშინაც კი ეზიზღებოდა, როცა მისით აღფრთოვანებული იყო. მის ნაღვლიან სახეს, მოკლე ფეხებს შეჰყურებდა და სიძულვილს გრძნობდა. კაცის ჭროღა, საძაგელ, თითქმის ბავშვური ინტუიციით სავსე თვალებს შეჰყურებდა და უყვარდა. კაცი ამ ყველაფერს სოცრად კარგად ხვდებოდა, თუმცა ქალს მისი მიხვედრილობის შიში სულაც არ გააჩნდა. ქალი მას როგორც მამაკაცს, ისე მფარველობდა.
   და ქალი უემოციო, მდუმარედ მყოფი ქმრისკენ შეტრიალდა. კაცი უკან გადაწოლილიყო, გულზე ხელი დაეკრიფა და სახე ოდნავ მაღლა აეწია. სწორი და ძლიერი ფეხები გაეჭიმა. ქალმა ამოიოხრა,  საჩხრეკს დასწვდა და ალის გასაღვივებლად ბუხარში ცეცხლის ჩხრეკას მოჰყვა.
-იზაბელმა მითხრა, დაიწყო უცბად ბერტმა, რომ მხედველობის დაკარგვას  აუტანლად არ განიცდი.
მორისმა წამოიწია, მაგრამ გულ-ხელი ისევ დაკრეფილი ჰქონდა.
-არა, თქვა კაცმა, აუტანლად არა. ისევ და ისევ ბრძოლაა საჭირო, ხომ იცი? თუმცა კომპენსაციებიც არსებობს.
-ამბობენ, ქვასავით სიყრუე  გაცილებით რთულიაო, თქვა იზაბელმა. 
-მჯერა, რომ ასეა, თქვა ბერტმა. აქ თუ არსებობს, რამე, სანაცვლოდ? მორისის გასაგონად თქვა კაცმა.
-დიახ. უამრავ რამეზე დარდს თავს ანებებ. მორისი ისევ გაიზმორა, ზურგის ძლიერი კუნთები გაჭიმა და ზემოთაშვერილი სახით უკან გადაიხარა.
-და ეს შვებას გაძლევს, თქვა ბერტმა, მაგრამ დარდის ნაცვლად რაღაა? აქტიურ ცხოვრებას რა შეცვლის?
დუმილმა დაისადგურა. დიდი ხნის შემდეგ, უსინათლომ დაუფიქრებლად, უდარდელად უპასუხა.
-ოჰ, არ ვიცი. უმოქმედობას უმრავი სიკეთე ახლავს.
-მართლა? ჰკითხა ბერტმა. კერძოდრა? ყოველთვის მეჩვენება, რომ როცა ვერცაზროვნებ და არც  მოქმედებ, აზრი არაფერს აქვს.
მორისმა ისევ ზანტად უპასუხა.
-არის რაღაც, თქვა მან. ვერ გეტყვი, რაც არის.
  და საუბარის თემა კიდევ ერთხელ შეიცვალა. იზაბელი და ბერტი ჭორაობდნენ, წარსულ მოგონებებში გადავარდნენ, უსინათლო ჩუმად იყო.
   გარკვეული დროის შემდეგ, მორისმა ზორბა, წარმოსადეგი სხეული მოუსვენრად ასწია. თავს დაძაბულად და შეზღუდულად გრძნობდა. გაცლა სურდა.
-წინააღმდეგი ხომ არა ხართ, თქვა მან, რომ ვერნემთან სალაპარაკოდ წავიდე?
-არა, მიდი,ძვირფასო, უთხრა იზაბელმა.
და ისიც წავიდა. ორ მეგობარს შორის სიჩუმე ჩამოვარდა. დიდი ხნის შემდეგ ბერტმა თქვა:
-მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დიდი დანაკარგია, სისი.
-ასეა, ბერტ, ვიცი, რომ ასეა.
-მუდამ რაღაცის უკმარისობა აქვს, თქვა ბერტმა.
-დიახ, ვიცი. და მაინც-და მაინც, მორისი მართალია. არის კიდევ რაღაც, რაღაც არის, რაც არასოდეს იცოდი, რომ იყო, რასაც ვერ გამოხატავ.
-რა არის? ჰკითხა ბერტმა.
-არ ვიცი. ამის ახსნა საშინლად რთულია, თუმცა რაღაც ძლიერი და უშუალოა. მორისის არსებობაში არის   რაღაც უცნაური-აღუწერელი, თუმცა ამის გარეშე არ შემიძლია. გეთანხმები, რომ მისი გონება მიძინებულია, მაგრამ როცა მარტონი ვართ, არაფერს არ ვნატრობ; რომ იცოდე, როგორ  საშინლად ნოყიერად, თითქმის ბრწყინვალედ მეჩვენება!
-ვწუხვარ, მაგრამ შენს აზრს ვერ გავიზიარებ, თქვა ბერტმა.
  ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდნენ. გარეთ ქარი ღრიალებდა, ფანჯრის მინებზე წვიმა  წკაპუნით ეცემოდა. წვეთების ხმა სიძველის გამო დაკეტილ, ოქროსფერ, შიდა დარაბებზე დოლის ბრახა-ბრუხივით, მკვეთრად გაისმოდა. ცეცხლი ცხელი, თითქმის უჩინარი, პატარა ალით ნელა იწვოდა. ბერტი აფორიაქებული ჩანდა, თვალების გარშემო მუქი წრეები აჩნდა. დედური მზრუნველობით აღვსილი იზაბელი ბუხრისკენ დაიხარა. ხვეული თმა უცნაურად, კულულებად დაყროდა და გაეშალა, რაც კაცისთვის ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მაგრამ ქალს გულში მივიწყებული  დარდის უცნაური გრძნობა შეჰპარვოდა, გაცვეთილი, სამარადისო, ღამის დარდი.
-ასე მგონია, ჩვენ, ყველას მაინც რაღაცნაირად არასრულყოფილების განცდა  გვაქვს, თქვა ბერტმა.
-მეც ასე ვფიქრობ, გადაღლილი ხმითმიუგო იზაბელმა.
-ღმერთმა დასწყევლოს, ადრე თუ გვიან.
-არ ვიცი, თქვა ქალმა და ფეხზე წამოდგა. ხვდები, რომ თავს სავსებით კარგად ვგრძნობ. ბავშვის დაბადება ყველაფრის მიმართ გულგრილს გამხდის,  უბრალოდ დამამშვიდებს. ვერც კი ვგრძნობ, რამე თუ მაინც მაქვს სანერვიულო, შენ ამას უნდა ხვდებოდე.
-უნდა გითხრა, რომ კარგია, კაცმა ზანტად უპასუხა.
-კარგი, ვთქვათ,  ასეც არის. მგონია, რომ ეს უბრალოდ ხასიათია. ოდნავადაც ვიგრძნობ თუ არა, რომ მორისზე  სადარდებელი არაფერი მაქვს, სავსებით კმაყოფილი ვიქნები.
-მაგრამ, თვლი,რომ მასზე უნდა იდარდო?
-კარგი, არ ვიცი. ქალმა ძალიან იწყინა. 
   საღამო ზლაზვნით გავიდა. იზაბელმა საათს შეხედა. -ლამის ათი ხდება. სად შეიძლება, მორისი წასულიყო? დარწმუნებული ვარ, უკანა ეზოში ყველას უკვე სძინავს. ერთი წუთით, ბოდიშს ვიხდი.
   გარეთ გავიდა და თითქმის მაშინვე დაბრუნდა.
  -ყველაფერი დაკეტილია და სრული სიბნელეა, თქვა ქალმა. საინტერესოა, სად არის? ალბათ, ფერმაში თუ წავიდა.
  ბერტმა ქალს შეხედა.
-მგონი, მოვა, თქვა კაცმა.
-მეც ასე მგონია, თქვა ქალმა, თუმცა, ამ დროს გარეთ ყოფნა მისთვის უცხოა.
-გინდა გავიდე და მე მოვძებნო?
-კარგი, თუ ასე გინდა. მე გავიდოდი, მაგრამ. საკუთარი თავისთვის ფიზიკური ძალდატანება არ სურდა.
  ბერტმა ძველი საწვიმარი ჩაიცვა და ფანარი აიღო. გარეთ გვერდითი კარიდან გავიდა. წვიმიანი და ქარიანი ღამისგან მოიკუნტა. ასეთი ამინდი მასზე მოქმედებდა: ყველა ფეხის ნაბიჯზე სისველე მასში თითქმის ჭკუასუსტობის განცდას ბადებდა.  უხალისოდ მიდიოდა. ძაღლმა გააფთრებით შეჰყეფა. ყველა შენობაში შეიჭვრიტა. როგორც იქნა, შუა ბეღელის ზედა კარი გააღო, დაფქვის ხმა მოესმა და შიგნით შეიხედა, ხელში ფანარი ეჭირა. მორისი შენიშნა, პერანგის სახელოები აეკაპიწებინა, მიყურადებული იდგა, თალგამის დასაფქვავი მანქანის სახელური ეჭირა. მის უკან, კუთხეში, გროვადდაყრილ თალგამის ტკბილ ფესვებს ფქვავდა.
-შენ ხარ, ვერნემ? - ჰკითხა მორისმა და მიაყურადა.
-არა, მე ვარ, - უთხრა ბერტმა.
დიდი, ნახევრად ველური, რუხი კატა მორისს ფეხებთან ეხახუნებოდა. უსინათლომ ქვევით დაიხია. ბერტი ამ სცენას უყურებდა, მერე გაუაზრებლად შევიდა და კარი მიიხურა. მაღალი კლასის ბეღელში აღმოჩნდა, საიდანაც, მარჯვნივ და მარცხნივ, მსხვილფეხა საქონლის ბაგის წინ დერეფნები გადიოდა. მოხრილი კაცის მოძრაობას თვალს არ აშორებდა, რომელიც დიდებულ კატას ეალერსებოდა.
მორისი წელში გასწორდა.
-მეძებდი? - ჰკითხა კაცმა.
-იზაბელი ცოტა შეშფოთდა, - უთხრა ბერტმა.
-შემოვალ. ასეთი საქმეებისთვის ფუჭი გარჯა მსიამოვნებს.
კატა უკანა ფეხებზე დადგა, თავისი ავისმომასწავებელი ბრჭყალებით კაცის ბარძაყს ალერსიანად ჩაეჭიდა. კაცმა ბრჭყალებისგან ფეხი გაითავისუფლა.
-ვიმედოვნებ, რომ აქ, გრანჟში თქვენი მყუდროების დასარღვევად  არ ჩამოვსულვარ, თქვა საკმაოდ დარცხვენილმა და ჯიუტმა ბერტმა.
- სიმყუდროვის დასარღვევად? არა, ოდნავადაც არა. მიხარია, რომ იზაბელს სასაუბროდ ვიღაც ჰყავს. მგონი, მე გიშლით ხელს.ვიცი, რომ არც თუ ისეთი მხიარული კომპანიონი ვარ. იზაბელი თავს კარგად გრძნობს, რას იტყვი? უბედური არ არის, ხომ ასეა?
-ასე არ ვფიქრობ.
-რას ამბობს?
-ამბობს, რომ სავსებით კმაყოფილია, მხოლოდ ცოტას შენზე ნერვიულობს.
-ჩემზე რატომ?
-ალბათ, ეშინია, რომ შესაძლოა შენ სევდიანი ფიქრები დაგეუფლოს, ფრთხილად თქვა ბერტმა.
-ასეთი რამის არ უნდა ეშინოდეს. კაცმა კატის ბრტყელ თავზე მოფერება განაგრძო. -რისიც მეშინია, -დაასკვნა მან, -ის არის, რომ ერთ დღესაც, ჩემი სახით, აქ, დაბლა, მუდამ ეულად მყოფი, უსარგებლო ტვირთი არ აღმოაჩინოს.
-მგონი, არასწორად ფიქრობ, თქვა ბერტმა, თუმცა ზუსტადაც ის ითქვა, რისიც თავადაც ეშინოდა.
-არ ვიცი, თქვა მორისმა. ზოგჯერ ვგრძნობ, უსამართლობაა ტვირთად რომ ვყავარ წამოკიდებული. მერე, კაცმა ხმას ცნობისმოყვარედ დაუწია. -რას იტყვი, სახე ძალიან დამიმახინჯდა? შეგიძლია, მითხრა?
-ნაიარევი გეტყობა, ინტერესით თქვა ბერტმა. დიახ, დასახიჩრებული ხარ, მაგრამ სიბრალულს უფრო იწვევს, ვიდრე  აღშფოთებას.
-თუმცა ძალიან საშინელი დაღი მაზის, თქვა მორისმა.
-ოჰ, დიახ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
-ზოგჯერ ვგრძნობ, რა საშინელებაც ვარ. ისე  ჩუმად თქვა მორისმა, თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ბერტს ჩვეული შიშისგან გააჟრჟოლა.
-სისულელეა, თქვა მან.
მორისი წელში კვლავ თავისით გასწორდა, კატას თავი მიანება.
-სათქმელადაც არ ღირს, თქვა მან. მერე, ისევ იმ უცნაური ხმით დაუმატა: -მე ნამდვილად არ გიცნობ, ხომ ასეა?
-ალბათ, არა, მიუგო ბერტმა.
-წინააღმდეგი ხომ არა ხარ, შეგეხო?
ადვოკატი ინსტიქტურად მოიკუნტა და მაინც, კაცთმოყვარე ხასიათიდან გამომდინარე, დაბალი ხმით უთხრა: -სულაც არა.
მაგრამ, როცა უსინათლომ შიშველი ხელი მისკენ გაიწოდა, დაიტანჯა. მორისს შემთხვევით ბერტის ქუდზე  ხელი მოუხვდა.
-უფრო მაღალი მეგონე, საუბარი ამით დაიწყო. მერე, ბერტს თავზე ხელი დაადო, თხემის წვერს ნაზად ჩაებღაუჭა; მერე,  თავზე ისევ მსუბუქად უსმევდა ხელს, ვიდრე ჩია კაცის სახესაც არ მისწვდა, წარბებიც მოძებნა, დახუჭულ თვალებს, პატარა ცხვირსა და ნესტოებს, მოკლე ულვაშებს, პირს და საკმაოდ ძლიერ ნიკაპსაც  შეეხო. უსინათლომ   ხელი კაცს მხარზე, მკლავსა  და ხელზეც მოჰკიდა. სჩანდა, რომ ნაზად, მოგზაურის ინტერესით სინჯავდა.
-ახალგაზრდა უნდა იყო, წყნარად თქვა ბოლოს.
ადვოკატი თითქოს განადგურებული იდგა, პასუხის გაცემის თავიც არ ჰქონდა.
-ისეთი რბილი თავი გაქვს, რომ ახალგაზრდა მგონიხარ, გაუმეორა მორისმა.-ხელებიც ასეთი გაქვს. გინდა,რომ თვალებზე შემეხო ან ნაიარევი მომისინჯო?
ბერტი ახლა უკვე უეცარი ცვლილებისგან კანკალებდა. უსინათლოს ძალაუფლების ქვეშ მოჯადოებულს ჰგავდა. თავი ასწია და თითებით მის ნაჭრილობევს, ნაიარებ თვალებს შეეხო. მოულოდნელად, მორისმა ხელზე  ხელი დააფარა, დასახიჩრებული თვალის ბუდეებზე დადებულ კაცის თითებს მოუჭირა, თითოეული ძარღვი უთრთოდა და ერთი ადგილიდან მეორეზე, ნელა, მსუბუქად ირწეოდა. ერთი ან რამდენიმე წუთით, ასეთ მდგომარეობაში დარჩა, ვიდრე ბერტი გონდაკარგულივით, უგრძნობი, დაპატიმრებულივით იდგა.
  შემდეგ, მორისმა წარბზე კაცის ხელი მოიშორა და თავად მოჰკიდა.
-ოჰ,ღმერთო ჩემო, - თქვა მან, - ახლა უკვე ერთმანეთს ვიცნობთ, ხომ ასეა? ერთმანეთს უკვე ვიცნობთ.
ბერტს პასუხის გაცემა გაუჭირდა. საკუთარი სისუსტით დამარცხებული, დამუნჯებული და თავზარდაცემული, დაჟინებით უმზერდა.  მიხვდა, რომ პასუხის გაცემის თავიც არ ჰქონდა. კაცის მხრიდან უცაბედი განადგურების უგუნური  შიში დაუფლებოდა. მორისი კი ჩვეული მხურვალე, მტანჯველი სიყვარულით, მეგობრული მგზნებარებით აღვსილიყო. ალბათ, სწორედაც ეს მგზნებარე მეგობრობის განცდა იყო , რამაც ბერტი გაანადგურა.
-ახლა ჩვენს შორის ყველაფერი ძალიან კარგად არის, ხომ ასეა? - თქვა მორისმა - და ვიდრე ვიცოცხლებთ, ასეც იქნება, ხომ, რამდენადაც ეს ჩვენ გვეხება?
-დიახ, თქვა ბერტმა. სულ ერთი იყო, რა სახით, გაქცევას ლამობდა. 
მორისი თავაწეული იდგა, თითქოს უსმენდა. ფატალური მეგობრობის ასეთი დახვეწილი დასასრული  აღმოჩენასა  და სიურპრიზივით  მოევლინა, რაღაც ნატიფი და უეცარი. სჩანდა, უსმენდა, ყოველივე  რეალური იყო თუ არა.
შემდეგ პალტოს ასაღებად შეტრიალდა.
-წამოდი, თქვა მან, იზაბელთან უნდა წავიდეთ.
ბერტმა ფანარი აიღო და კარი შეაღო. კატა გაუჩინარდა. ორი მამაკაცი ქვაფენილს მდუმარედ მიუყვებოდა. იზაბელს კაცების ნაბიჯების ხმა ეუცნაურა. მათ შემოსვლას შეასაბრალისად და მღელვარედ შეხედა. მორისს ამაღლებული განწყობა ეტყობოდა. ბერტი ჩაცვენილი თვალებით ქანცგაწყვეტილი ჩანდა.
-რა ხდება? ჰკითხა ქალმა.
-დავმეგობრდით, თქვა მორისმა. უცნაური გოლიათივით განზე ფეხებგაწეული იდგა.
-მეგობრები! გაიმეორა იზაბელმა და ისევ ბერტს შეხედა. კაცმა ქურდული, დაღლილი მზერა შეაგება;  ტკივილით სავსე თვალები ჰქონდა.
-ძალიან მიხარია, თქვა სრულიად დაბნეულმა ქალმა.
  -დიახ, - თქვა მორისმა.
  კაცი ნამდვილად გახარებული იყო. იზაბელმა ხელზე ორივე ხელი მოკიდა და სწრაფად მოუჭირა.
-ახლა, თავს გაცილებით  ბედნიერად იგრძნობ, ძვირფასო, - უთხრა ცოლმა.
  თუმცა, ქალი ისევ ბერტს შეჰყურებდა. იცოდა, რომ კაცს მხოლოდ ერთი სურვილი კლავდა,-იმ სიახლოვიდან, მეგობრობიდან გაქცევის სურვილი, რომელიც ძალით თავს მოახვიეს. კაცი უსინათლოს შეხებას ვერ აიტანდა, მისი შეურაცხადი თავშეკავებულობა განადგურებულიყო. იმ მოლუსკს ჰგავდა, ნიჟარა რომ დაუმსხვრიეს.

შენიშვნა
Littérateur (ფრანგ)-მწერალი
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge