ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნათია ზოიძე - ინდივიდის ძიება ვირჯინია ვულფის ,,ტალღებში“
ინდივიდის ძიება ვირჯინია ვულფის ,,ტალღებში“ და ფრაგმენტი ამავე რომანიდან
,,გამუდმებით ვიქმნები და გარდავიქმნები, სხვადასხვა ადამიანები
სხვადასხვა სიტყვებს იღებენ ჩემგან“ - ვულფი, ,,ტალღები“
ვირჯინია ვულფი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა, თუმცა ხშირად, როდესაც მეოცე საუკუნის დიდ მწერლებს ახსენებენ, ვულფი ვერ ხვდება ჩამონათვალში ან თუ ხვდება, მხოლოდ და მხოლოდ ფემინისტური რაკუსის განხილვისას და რადგან არამც და არამც არ ვეთანხმები ვულფის ამგვარად დავიწროებას (Pinned and formulated - როგორც ელიოტი იტყოდა), ვეცდები ამ ფანტასტიური მწერლისადმი ინტერესის აღძვრას. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რომში ერთ-ერთ კონფერენციაში მონაწილეობას ვიღებდი, როდესაც ‘’key speaker’’-ი მომიახლოვდა (და ვინაიდან იცოდა, რომ ვულფზე უნდა წამეკითხა მოხსენება, ცდილობდა ,,ყინულის გადნობას“), ბედნიერი სახით მითხრა, ვულფის ,,გზა შუქურისაკენ“ დავასრულე ახლახანს, ძალიან საინტერესო იყო ქალის პერსპექტივის დანახვაო. ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, არ გასცდენია თავაზიან ღიმილს, თუმცა მტკიცედ გადავწყვიტე ვულფის, როგორც მწერლის (და არა ქალი მწერლის) უფლების დაცვა და მის იმ სიმაღლეზე აყვანა, რომელსაც იმსახურებს. ძალიან გავნაწყენდი, მაშინაც და ახლაც ჩემს სადისაერტაციო ნაშრომში (რომელიც ვულფზეა) გენდერზე-ქვეთავშიც კი არსად არ მაქვს სიტყვა დაძრული. არ ვიცი, რამდენად გამოვდექი ვულფის ადვოკატად, ან ჩემმა ნაშრომმა რამდენად დიდი წიაღსვლები მოიტანა, თუმცა ვეცდები ჩემი ვულფისადმი ერთგულება არასტანდარტული, არააკადემიური, სტატიის-ფორმატ-მრღვეველი ფორმით გადმოვცე.
ჩემი შეფასებები ძალიან თამამი და ხმამაღალი რომ არ მოგეჩვენოთ, აუცილებელია აღვნიშნო, რომვულფის ქართული თარგმანები გვაქვს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მკითხველს საშუალება ეძლევა აღმოაჩინოს იმ თემების მრავალფეროვნება, რომლებზეც ვულფი წერს. უფრო ნათლად კი, რასაც ალბათ ყველა აღმოაჩენს და, რისთვისაც, ზოგი შეიყვარებს კიდეც, არის ის, რომ ვულფს აქვს უნარი ცხოვრების ჩვენების ,,ისეთად როგორც ის“ სინამდვილეშია, თუმცა, ამავდროულად, ისეთადაც, რომელსაც, როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობა ვერც კი ამჩნევს. არ მეგულება მეორე მწერალი, რომელიც ასე დაბეჯითებით ერთმანეთისაგან გათიშული დეტალებითა და კაკაფონიით კონტროლირებად ქაოსს ქმნიდეს და საბოლოო ჯამში სიმფონიად აქცევდეს. როცა მწერალი მოგწონს, მისი ყველა ნაწარმოები შენთვის ახლობელია, მაგრამისე, როგორც ცხოვრებაში, რომელიღაცა ერთი შენთვის უფრო მეტად საყვარელი ხდება. ჩემთვის ასეთი რომანია ვულფის ,,ტალღები“, რომელიც იმითაა გამორჩეული, რომ მწერალი ცხოვრებას ორი ურთიერ-საპირისპირო პრიზმიდან: განზოგადებული თარგისა და სუბიექტური შინაგანი სამყაროს რაკუსებიდან აკვირდება. ამავდროულად, აჩვენებს ცხოვრებისადმი უდიდეს სიყვარულსა და სილამაზისადმი ადამიანის გამუდმებულ სწრაფვას... ‘’In a world which contains a present moment, why discriminate’’ - ამბობს ვულფი.,,ტალღები“ ვულფის უკანასკნელი, ყველაზე ჩახლართული და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რომანია, რომლის თარგმანიც ჯერ-ჯერობით არ გვაქვს, ამიტომ (და კიდევ იმიტომ, რომ ბოლო ოთხი წელია ვულფთან თანავარსებობ და ვინც სადისერტაციო ნაშრომს წერს, იცის, როგორია მწერალთან მეგობრობა) მინდა ვცადო და რომანი ,,ტალღების“ ჩემთვის საყვარელი ნაწილის თარგმანი შევთავაზო ჟურნალის მკითხველს.
ვირჯინია ვულფმა ,,ტალღების“ წერა 1927 წელს დაიწყო, ხუთი წელი წერდა და ის 1931 წელს დაასრულა. რომანი გვიყვება შვიდი გმირის: ბერნარდის, ლუისის, ნევილის, სიუზენის, ჯინის, როდასა და პერსივალის ამბავს და აგებულია მათ შინაგან მონოლოგებზე, თუმცა საინტერსოა ის, რომ მეხსიერების ხარჯზე რომანში მეშვიდე გმირი - პერსივალიც აქტიურია, მიუხედავად იმისა, რომ პერსივალის შინაგანი მონოლოგი რომანში არ გვხვდება და მისი არსებობისა და შემდეგ დაღუპვის შესახებ დანარჩენი გმირების საუბრიდან ვიგებთ. რომანში ვირჯინია ვულფი ფუნდამენტურ და მარადიულ პრობლემებს ექვსი გმირის პერსპექტივიდან განიხილავს. ერთ-ერთი წამყვანი თემაა იდენტობის პრობლემა და ადამიანის ცხოვრების საზრისის ძიება. ცხოვრების, როგორც უმნიშვნელო ყოველდღიურობების ნაკადისა და მასში ინდივიდის გამორკვევის მცდელობა. ის პასაჟი, რომლის თარგმანსაც წარმოგიდგენთ, ბერნარდის ნარატივია. ნაწარმოების გმირებს შორის ბერნარდი ყველაზე მძაფრად განიცდის მყარი იდენტობის არქონის პრობლემას და ცდილობს, ადამიანის ,,მეს“ ფორმირების ფენომენის გაანალიზებას.
...,,რა მქრქალი, რა უცნაურია“, -თქვა ბერნარდმა, ჩემს წინ ნისლში ჩაფლული მოელვარე, წვეტიანი და გუმბათოვანი ლონდონი, რომელსაც გაზის მრიცხველები და ქარხნების საკვამურები უდგას მცველებად. ვუახლოვდებით, მას კი სძინავს. გულში იკრავს ჭიანჭველების ბუდეს. ყოველი დაძახება, ხმაური ფრთხილად ჩანთქმულა სიჩუმეში. რომიც კი არ არის ასეთი მაგიური. ლონდონი ჩვენი სამიზნეა. დედასავით ფხიზლად თვლემს. სახლებით მოფენილი ქედები ნისლიდან ამოდიან. ქარხნები, ტაძრები, შუშის გუმბათები, ინსტიტუტები და თეატრები - მედგრად დგანან. ჩრდილოეთიდან მომავალი დილის მატარებელი რაკეტასავით მიიჩქარის მისკენ. ჩავლისას ფარდებს ვწევთ. ცარიელი მოლოდინით სავსე სახეები მოგვშტერებიან, როცა სადგურებზე დავშრიალ-დავძრწივართ. კაცები სულ უფრო მაგრად უჭერენ ხელს გაზეთებს, რადგან ქარი მათ მიაგვის სიკვდილის გაფრთხილებას. ჩვენ კი ხმაურს ვაგრძელებთ. ქალაქის გვერდებში მოყოლილები,ეს ესაა ისე გავსკდებით, როგორც მძიმე, დედობრივი, მაგიური ცხოველის ქვეშ მოქცეული კვერცხი. ლონდონი ზუზუნებს და ჩურჩულუებს, გველოდება.
ამ დროს, მატარებლის ფანჯრიდან ვიხედები, უცნაურად თან დამაჯერებლად ვგრძნობ, რომ ჩემი დიდი ბედნიერების გამო (რადგან დავინიშნე და დავქორწინდები) ამ საერთო სიჩქარის ნაწილი ვხდები - ქალაქისაკენ მომართული რაკეტა. მდუმარე თანხმობით და ამტანობით გაშეშებული. ძვირფასო ბატონო, გეტყოდით, რატომ მოუსვენრობთ, ჩამოგიდგამთ ჩემოდანი და ზედ მთელი ღამე რომ გეფარათ იმ კეპს აჭეჭყებთ, გამოსადეგს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენს მიღმა ყველაფერი ბრწყინვალე ერთსულოვნებას ქმნის. გადიდებულები ვზეიმობთ და მერე ერთსახოვანები ვხდებით, როგორც უზარმაზარი ბატის სერი ფრთა (მშვენიერი უფერული დილაა),რადგან მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს - სადგურზე ჩასვლის. არ მინდა, მატარებელი უხმოდ გაჩერდეს. არ მინდა, დავარღვიოთ კავშირი, რომელიც მთელი ღამე ერთმანეთის საპირისპიროდ ჯდომისას გავაბით.არ მინდა ვიგრძნო,როგორ განაგრძეს თავიანთ გზაზე სვლა სიძულვილმა და მეტოქეობამ. გაქანებულ მატარებელში ერთად მჯდომნი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი - იუსტონში ჩასვლის სურვილით გაერთიანებული, ჩვენი საზოგადოება გულთბილი იყო. მაგრამ, დაიცა! ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ ჩვენს საწადელს მივაღწიეთ. პლატფორმაზე გამოვიჭიმეთ. სიჩქარე და დაბნეულობა და კიდევ ლიფტის კარებთან პირველი მისვლის სურვილი, ყველაფერს გააცხადებს. ინდივიდის ცხოვრების სიმძიმის საკუთარ თავზე ასაღებად, ლიფტის კარებთან პირველი მისვლა არ მინდა. მე, ვინც ორშაბათის შემდეგ, როცა მან თანხმობა მითხრა, მთელი სისავსით შევიგრძნობ საკუთარ იდენტობას, ვისაც თავისი კბილის ჯაგრისის დანახვაც კი არ შეეძლო ისე, რომ არ ეთქვა ,,ჩემი ჯაგრისი“, ახლა მინდა ხელები დავუშვა და ჩემს საკუთრებებს დავემშვიდობო, უბრალოდ ვიდგე ამ ქუჩაზე, ამ ყველაფერში ჩაურთველად, სურვილით დაცლილმა ვუყურო ავტობუსებს, შურის გარეშე; ვუყურო მხოლოდ უსაზღვრო ცნობისმოყვარეობის თვალით ადამიანის ბედ-იღბლის მიმართ,თითქოს ჩემს ფიქრებს ჰქონდეთ საზღვრები. მაგრამ, არა აქვთ. მე ჩამოვედი, მე მიმიღეს. არაფერს ვითხოვ.
ისე მოვწყდი მატარებელს, როგორც დანაყრებული ბავშვი დედის ძუძუს. ახლა თავისუფალი ვარ და შემიძლია ჩავყვინთო უფრო ღრმად იმაში,რაც ჩაივლის, ამ მარადიულ აწმყოში, ზოგად ცხოვრებაში (და თუ რამდენად ღრმად, დავამატებ, დამოკიდებულია შარვალზე, ჭკვიანი გონება გაცვეთილი შარვალივით კარგავს სრულყოფილებას). ლიფტის კარებთან ცნობისმოყვარე ყოყმანს შენიშნავთ. აქეთ თუ იქით? შემდეგ ინდივიდუალობა მყარდება და მიემგზავრებიან. ყველას რაღაც აუცილებლობა აგულიანებს. შეხვედრაზე მისწრების, ქუდის ყიდვის უბედური სურვილი, არღვევს ადამიანების ლამაზ ერთიანობას. რაც შემეხება მე, - მიზანი არ მაქვს, არც ამბიცია. უფლებას მივცემ ჩემს თავს, რომ ზოგადმა იმპუსებმა წამიღონ. ჩემი გონების ზედაპირი ისე მიცოცავს, როგორც ღია-ნაცრისფერი დინება, ირეკლავს იმას, რაც ხდება. არ მახსოვს ჩემი წარსული, როგორია ჩემი ცხვირი, ან ჩემი თვალების ფერი, ან ის, თუ რა აზრისა ვარ საკუთარ თავზე. მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობის დროს, გადასასვლელებთან, ტროტუარებთან, ჩემი სხეულის გადარჩენის სურვილი მიპყრობს და მაჩერებს, აქ,ამ ავტობუსის წინ. მგონი დაჟინებით გვინდა სიცოცხლე... და მერე ისევ გულგრილები ვხდებით. ქუჩის მოძრაობის ხმაური, აქეთ-იქით მოარული უცხო სახეების სვლას სიზმრებისკენ მივყავარ. მათ სახის ნაკვთებს შლის. ადამიანები,შესაძლოა, ჩემში გადიან... და რა არის ეს წუთი, ეს კონკრეტული დღე, რომელშიც გამომწყვდეული ვარ ? ქუჩების ხმაური შეიძლება ნებისმიერი ხმაური იყოს - მაგალითად ტყეში ხეების ან ველური მხეცების. დრო ერთი-ორად შენელდა, ჩვენი პროგრესი გაუქმებულია და მგონია,რომ ჩვენი სხეულები სინამდვილეში შიშველია. ჩვენ მხოლოდ მსუბუქად ვიფარავთ მას ჩაღილული ნაჭრებით, ამ გზის მიღმა კი ქერქი, ძვლები დასიჩუმეა.
თუმცაღა, ისიც სიმართლეა, რომ ჩემი საცდელი სვლა, როგორც ნაკადის ზედაპირიდან ჩაძირული, როგორც სიზმრებში, სპონტანური და უადგილო, ცნობისმოყვარე, ხარბი, მოსურნე, უპასუხისმგებლო შეგრძნებებითაა შეწყვეტილი, გაგლეჯილი, დაჩხვლეტილი და გაბრდღვნილი (მაგალითად, როცა ეს ჩანთა მინდა და ა.შ). მაგრამ, არა, მინდა ჩავეძიო, ფსკერი მოვინახულო. ხანდახან, მოქმედების ნაცვლად, გადავხედო ჩემს უფლებებს, შევისწავლო და გავიგონო წინაპრების ტოტების ჩუმი ტკაცუნი, მამონტების ხმა, მინდა მივენდო მთელი სამყაროს გაგებისა და ჩახუტების სურვილს - მოქმედებაში ჩართულებისათვის მიუწვდომელს. განა არ ვცახცახებ და თანაგრძნობის ვიბრაციული ტალღებით, რყევებით არ გადავადგილდები, რომლებიც,თითქოს, ფარული ყოფიერებიდან გამოსულს, მათავისუფლებენ და მთავაზობენ მოუსვენარ მაყურებელთა და ტურისტთა, კურიერი ბიჭებისა და შეუმჩნეველი, გამქრალი გოგონების გუნდში ჩართვას. ისინი, ვინც თავიანთ ბედზე არ ფიქრობენ და მაღაზიის ვიტრინებს ჩაშტერებიან. მაგრამ მე ხომ ვაცნობიერებ ჩვენი მგზავრობის ეფემერულ ბუნებას. თუმცაღა, ისიც სიმართლეა,რომ სიცოცლე ჩემთვის მისტიურად დაგრძელდა. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა შვილები მყავდეს და ჩემი თესლი უფრო ღრმად,აი, ამ, ბედისწერითგარშემორტყმული მოსახლეობის, თაობის მიღმა გადავისროლო, რომლებიც დაუსრულებელი შეჯიბრებით ქუჩებში ერთმანეთს ცვლიან. ჩემი გოგონები მოვლენ აქ რომელიმე ზაფხულს, ჩემი ბიჭები მოხნავენ ახალ მიწებს. გამოდის, რომ წვიმის წვეთები კი არ ვართ, ქარი რომ სწრაფად აშრობს; ჩვენ ბაღებს ვაყვავებთ და ტყეებს ვახმაურებთ, სხვადასხვა ფორმით ვჩნდებით, უკუნითი უკუნისამდე. მაშ სწორედ ეს ხსნის ჩემს თავდაჯერებას და მთავარს - სტაბილურობის შეგრძნებას, სხვანაირად საშინლად აბსურდული იქნება ამ წინაღობების გადალახვა და ადამიანების სხეულებისათვის თავის არიდება, საკუთრი გასასვლელის ძიება, უსაფრთხო გადამკვეთი წუთებით სარგებლობა. ამაო არ არის, მე ხომ ამბიციისაგან დაცლილი ვარ, არ მახსოვს,რაიმე განსაკუთრებული ნიჭი მქონდეს, ან ხასიათის თვისება, ან პიროვნების გამორჩეული ნიშა, თვალები, ცხვირი ან პირი. ამ წამს ,,მე“ არ ვარ. თუმცა, მოიცა, ბრუნდება. ადამიანს არ შეუძლია მუდმივი თანმდევი სუნის მოცილება, ის რომელიღაცა ბზარიდან სტრუქტურაში-იდენტობაში მაინც აღწევს. ქუჩის ნაწილი არ ვარ -ქუჩას ვაკვირდები. გამოდის,რომ ადამიანი დაყოფილია. მაგალითად, ზემოთ, ქუჩაზე გოგონა დგას და უცდის: ვის? რომანტიული ამბავი. მაღაზიის კედელზე პატარა ამწეა მიმაგრებული. რატომ, რა მიზნით? და ვსვამ შეკითხვას, ეს ამწე აქ მიამაგრეს? და წარმოვიდგენ იასამნისფერ, გაბერილ ქალბატონს, რომელსაც გაოფლიანებული ქმარი ეტლით მიათრევს, რომელიღაცა დროს სამოციან წლებში. აბსურდული ისტორია. მე ბუნებით სიტყვების შემწებებელი ვარ, ერთიდან მეორე საგანში ბუშტების მბერავი. ამ სპონტანური დაკვირვებების წაშლით საკუთარ თავს ვაზუსტებ, საკუთარ თავს განვასხვავებ და ვუსმენ ხმას, რომელიც ამბობს ,,შეხედეთ! ყურადღებით!“ვფიქრობ, ზამთრის ღამის შექმნისკენ ვარ მოწოდებული და ჩემი დაკვირვებებისთვის მნიშვნელობის პოვნისკენ - იმ სტრიქონის, რომელიც ერთიდან მეორეზე გადავა და დასასრულისკენ შეჯამდება. მაგრამ პატარა ქუჩაში მონოლოგი მალე მბეზრდება. აუდიტორია მჭირდება. ესაა ჩემი ნაკლი. ეს ყოველთვის არღვევს საბოლოო სიტყვის კიდეებს და ხელს უშლის მის ფორმირებას. ვერ ვიჯდები რომელიღაცა საძაგელ რესტორანში, ერთსა და იმავეს ვერ შევუკვეთავ და მთლიანად ერთი სითხით, - ამ ცხოვებით, ვერ გავიჟღინთები. ჩემს ფრაზას ვაგებ და ათობით სანთლით განათებულ, მოწყობილ ოთახში მასთან ერთად გავრბივარ, რომ გამოვაჩინო მოკაზმულობა-მორთულობები. იმისთვის,რომ მე მე ვიყო (დავძენ),სხვა ადამიანების თვალების ანარეკლი მჭირდება, ამიტომაც არასდროს არ ვარ დაწრმუნებული იმაში, თუ რომელია ჩემი მე. ისეთი მყარი ბუნების პატრონები,როგორებიც ლუისი და როდა არიან, მთელი სისავსით მარტობაში არსებობენ. ისინი ვერ იტანენ ანარეკლებსა და გაორებას. როცა მათი სურათი იხატება, ნახატებსპირით ძირს აყრდნობენ. ლუისის სიტყვას წყალი არ გაუვა. მისი სიტყვები, მჭიდროდ, ჩამოყალიბებულად და მტკიცედ მთავრდება. ამ თვლემის შემდეგ მინდა მრავალსახოვნად ჩემი მეგობრების სახის ქვეშ გავიბრწყინო. იდენტობის გარეშე, მზისაგან დაცლილ ტერიტორიას ვკვეთ. უცნაურ მიწას. ჩემი სიმშვიდის ჟამს, კმაყოფილების დაშლის წამს - ოხვრა გავიგონე, რომელიც ნაკადში შედის და გამოდის და ცდება კაშკაშა სინათლეს, ამ სულელური მძვინვარების ხმაურში. უშველებელი სიმშვიდის ერთი წუთი განვიცადე. ალბათ ეს თუა ბედნიერება. ახლა ისევ ვუბრუნდები მჩხვლეტარე შეგრძნებებს; ცნობისმოყვარეობის, სიხარბის (რადგან მშია ) და საკუთარ მედ არსებობის დაუოკებელ სურვილს. იმ ადამიანებზე ვფიქრობ, რომლებსაც შეიძლება რამე ვუთხრა: ლუისზე, ნევილზე, სიუზანზე, ჯინისა და როდაზე. მათთან ერთად მრავალწახნაგოვანი ვარ. ისინი სიბნელიდან უკან მაბრუნებენ. ღმერთს მადლობა, ამაღამ უნდა შევხვდეთ. კიდევ კარგი, მარტო ყოფნა არ მომიწევს. ერთად უნდა ვისადილოთ. ინდოეთში მიმავალ პერსივალს გამოვემშვიდობოთ. შეხვერის საათი ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ წინასწარ ვგრძნობ გამცილებლებს და ერთი მეგობრის ნაკლებობით შედგენილ ფორმას. ლუისს ვხედავ, ქვასავით მაგარს, ქანდაკებასავით მედგარს, ნევილს - მაკრატელივით მჭრელსა და ზუსტს, მსხვილიკრისტალებისთვალებიან სიუზანს, ცეცხლის ალივით მშრალ მიწაზე მოცეკვავე ჯინის, ციებ-ცხელებიანს და მხურვალეს, წყაროს ნიმფასავით მუდმივად სველ როდას. უცნაური სურათებია, გამოგონილი; ზმანება, რომელშიც მეგობრები არ არიან, აბსურდული, დასნებოვნებული, რეალური ჩექმის მიწასთან შეხების მომენტშივე აქროლვადი. და მაინც, სწორედ ისინი მაცოცხლებენ. ისინი შლიან ამ ორთქლს. უკვე მოუთმენლად ველი მარტოობას, ვგრძნობ, როგორ ვკიდივარ მთელი კანით, მცხუნვარე მზეში და ცუდად ვარ. მოვიცილო ისინი და გავაქტიურდე! ნებისმიერი გამოდგება, მომთხოვნი არ ვარ. დამლაგებელს რომ შევეჩეხები,ისიც კი - გუშაგიც, ფრანგული რესტორნის მიმტანი, გულკეთილი მუშა, რომლის გულთბილობა ვიღაცისკენაა მიმართული. თავისი ხელით ურევს სალათას რომელიღაცა საპატიო სტუმრის დასახვედრად. რომელია საპატიო სტუმარი, ვკითხულობ და რატომ? რას ეუბნება საყურეებიან ქალს; მეგობარია თუ კლიენტი? მაგიდასთან დაჯდომისას ერთდროულად ვგრძნობ დაბნეულობის, ბუნდოვანების, შესაძლებლობებისა და ფიქრების გემრიელ ხმაურს. სურათ-ხატები მყისიერად მრავლდება. მრცხვენია ჩემივე ფანტაზიის ნაყოფიერების. ყველა სკამის, მაგიდის, მოსაუზმის დეტალურად და თავისუფლად აღწერა შემიძლია. ჩემი გონება აქაც და იქაც აკაკუნებს, თავისი სიტყვების ვუალით. მიმტანთან ღვინის შესახებ საუბარსაც კი შეუძლია აფეთქება გამოიწვიოს. რაკეტა გაშვებულია. ოქროსფერი ნამცეცები ზედ მეცემა და კიდევ უფრო ანაყოფიერებს ჩემი წარმოსახვის მდიდარ ნიადაგს. ამ აფეთქების მოულოდნელი ბუნება - ესაა დამყარებული კავშირისგან მიღებული სიამოვნება. უცნობ იტალიელ მიმტანთან შერეული - ვინ ვარ? ამ ქვეყანაში არ არსებობს სტაბილურობა, ვინ უნდა თქვას რა მნიშვნელობა აქვს რამეს? ვინ უნდა იწინასწარმეტყველოს სიტყვის დინება? ეს ის ბუშტია, ხის კენწეროებზე რომ ფრენს. ცოდნაზე საუბარი უსარგებლოა. ყველაფერი ექსპერიმენტია და თავგადასავალი. ჩვენს საკუთარ მეს მუდამ უცნობი დოზებით ვაზავებთ, რა მოხდება? არ ვიცი. მაგრამ როცა სათვალეს ვიხსნი, მახსოვს, რომ დანიშნული ვარ და დავქორწინდები. მეგობრებთან ერთად ვივახშმებ. მე ბერნარდი ვარ“.
ახალი სტატიები
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ნინო დარბაისელი - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ქეთევან ნათელაძე - ლექსები