გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზაალ ებანოიძე - ლექსები



და თავს ავალებ
ცა ხავერდია, დაუჯერებლად ლურჯი,
ჩაწობილია ჭალის ტბორებში ფუნჯი.
რიჟრაჟმა მჩატედ ამოამთქნარა მოლი
და მოლს დაეცა ლანდი დამფრთხალი ქორის.
ეალერსები ცამდე აზიდულ სერებს
და თავს ავალებ: _ წერე! წერე და წერე!


***
ცას ფშანები უცქერის,
უთრთის ტყეებს სხეული;
შორს _ მინდვრები, ფურცლები,
სუფთა წერის რვეული.
ჭალა. შამბის არშია.
ყანა. ღობე ტყრუშული.
იკლავს გულის ხვაშიადს
ჩალა ქართან ჩურჩულით.


ხავსი

დუმილი. დუმილის მერე _
ზიარი კურცხალი თვალებში,
ცახცახი შვენოდათ ხელებს,
თუ სანთლებს _ გატანილს ღამეში.
გატეხე, გატეხე ნავსი _
ბაგეზე სათქმელი აჩქამდა,
ორთავეს იმედი _ ხავსი,
არადა, აქამდე არ ჩანდა.
არადა, ეძებდა თვალი,
არადა, ხელები ეძებდა;
და გწამდა _ წამწამზე ნამი,
ორთავეს სიმშვიდეს შეგძენდათ.
კაეშანს ამხელდა სახე
და მჭკნარი ფოთლების ფარფატი,
სიზმარი, სიზმარი ნახე,
სიზმარში ერთმანეთს ხატავდით.
ფერი ფერს ფარულად ცვლიდა
და უთქმელ სინაზეს ტოვებდა,
პოეტთან კამათი ღირდა,
სიზმარში კამათი პოეტთან.
კამათი!.. კამათის მერეც,
ზაირი კურცხალი თვალებში...
ცახცახი შვენოდათ ხელებს,
თუ სანთლებს _ გატანილს ღამეში.


***
ვარსკვლავების შეუნიღბავ
და შორეულ მუსიკიდან,
სფეროების შეუნიღბავ
და შორეულ მუსიკიდან,
ისე შეშინებული ხარ _
დაითვალო პულსი, გინდა.
დაითვალო,
დაითვალო,
დაითვალო პულსი, გინდა.


***
აწონასწორებს ტირილი სიცილს,
შვენის პირბადეს მოელმო მზერა:
ღაწვზე სისველე ორთავემ იცის,
ორთავე გწამს და ორთავე გჯერა.


მჭვრეტელის როლი

ელვის ისარი და ცეცხლის ენა,
ასუყებული ჭალებზე ტბორი;
ხარ კმაყოფილი _ მოგეცა ლხენა,
ხარ კმაყოფილი მჭვრეტელის როლით.
ჰა, შემოდგომის მოძრავი ფარდა, 
ქარს აყოლილი ძოწი და ლალი _
უხდება ღაჟო ვენახის ხარდანს
და ლილა ფერში დაცურავს თვალი. 


***
ეს ცხოვრება ტკბილ-მწარეა
და მაინც სასურველი:
მეფეს - ოქრო!
ღმერთს - გუნდრუკი!
კაცს - საკმევლის სუნნელი!
        


დასეტყვილი რთველი

ეცდები და რო ვერაფერს პოებ _
თვალი ფურცელს კურცხალ-კურცხალ ასველებს,
გუთნისდედის ჯაფა მართებს პოეტს,
მესენაკის ამტანობა ასევე.
ეს ცხოვრება _ დასეტყვილი რთველი,
თუ ღარიბი საჩუქარი მღვრიე ცის,
შუბლზე სიცხე გაიზომე ხელით
და საკუთარ თავს ნუგეში მიეცი.
ღარტაფებში ღელეები კვნესის,
შემოდგომის ქარს მიჰყვება ქედანი,
იწერება ზიგზაგებით ლექსი _
ე. ი. შესწორების შეტანით.
თანაგრძნობის თანმხლებია სევდა
და თვალები _ ნაცრისფერი ნაღველი,
უფრო ხშირად გესიზმრება დედა,
რაც ასაკში, რაც ასაკში წახვედი.
ჩამოიფქვა შენი წილი თითქმის,
რჩება მინდი _ მინდი უფალს ეკუთვნის
და ყოველდღე ელოდები სიკვდილს _
ამოუცნობს და სათუთად შეფუთვილს.


ლეჩხუმი და იმერეთი
     ავთანდილ ყურაშვილს

ლეტიბაჩები კორიში.
ბერნაობალი. შხივი.
მზის სხივზე ჩამოეკიდა
სითხის ლივლივა მძივი.
და სარკიათის ბეკიდან
ნისლის დაცურდა ტივი.
გზა-გზა ანთია ტყემალი,
გზა-გზა ასკილი ღვივის.
ერთმანეთს გული ვაჩვენეთ,
ცრემლი ვაჩვენეთ თბილი.
ღვირიში შენ ამაჩემე.
მე აგაჩემე დიმი.
ლეტიბაჩები. კორიში.
ბერნაობალი. შხივი.


***
ღრუბლები თანდათან
ფარსაგად დაგიდიან,
მზე გინდა?! _ არა და
პირჟამი ამინდია:
აქვითინებს ხრამებს,
მოგყვება და მოგჩივის,
შებოღმილი ღამე,
ქარი _ ხმადაკორძილი.


ომი

წინათ და ახლა,
ახლა და მერე:
ტყვიების დახლა
და სისხლის ღელე.


სიბერე

პირ-სახე, პირ-სახის ღარები,
ცრემლები, ცრემლები ღვარღვარა,
სხეული დაღალე ტარებით,
სხეულმა ტარებით დაგღალა.
მაჯაზე ცერა თითს იჩერებ
და ითვლი შიშით და რიდობით...
სიბერე! სიბერე! სიბერე!
მშვიდობით მშვიდობით! მშვიდობით!


***
ვიძინებ!_რა მეშველება,
რა ფორიაქით ვიძინებ!
სიცოცხლე?_ცივი ცხელება!
სიკვდილი?_ცხელი სიცივე!


***
„ძვირფასო, სული მევსება თოვლით“.
                             გალაკტიონი

ღაწვზე კურცხალი ციმციმებს, შებოლილია თვალი,
ქარი, წვიმა და სიცივე. წვიმა, სიცივე. ქარი.
ეჰეი, სეტყვა რამდენი, თოვლი, რამდენი თოვლი.
უდაბნო ნახავერდები _ კრძალვა უდაბნომოვლილს.
ჩამოდიოდა ღვარღვარა ტანჯულ სახეზე ხვითქი,
იყო მიწიდან წასული _ ღმერთთან მისული? _ თითქმის!


***
მამყოფა ერთ ლიტრ ღვინოში ანდა ორ ჭიქა არაყში,
ხანდახან ხელი გამირბის, თავს ვიგდებ ხათაბალაში.
სხვა რამეც მესაკლისება, მიჭირს საქვეყნოდ გამხელა,
ეს სამი რამე კაცისთვის ტრაგედიაა რამხელა.


***
აემგზავრა თვალი სერებს
და პირჯვარი გადიწერე.
აბსტრაქციის უფერო ცა
მჩატედ აითარგმნა როცა.


მღერის ჩემში

საყდრის ჩამონგრეულ ყელზე
ამოსული რტოსავით,
მღერის ჩემში ცრემლიანი,
მარტოსული მგოსანი.


***
დარდი ვარამის ტბაში შეცურდა,
უმწეობისთვის სიტყვა შემძულდა.


***
სიტყვები ფარდოვანები,
სხვა ჟღერით, სხვა ხმოვანებით,
ბოლომდე ჩამოღვენთილა...
რა მექნა, აღარ ვიცოდი,
მომადლებული სიცოცხლით-
მეხარხარა თუ მეტირა.


გვალვა

ელურსება ნიავს ლელი,
ხელი! _ გაწვდილი მაქვს ხელი _
ვუსამძიმრებ საირმის ნაძვს,
აჯამეთის მუხას...
ელურსება ნიავს ლელი,
ელურსება ნიავს ლელი,
აწი წვიმას მე არველი,
გვალვაა და _
ვწუხვარ! 


***
და ჩრდილების საუბარში
შენი ხმაც რო გაიგონე:
ბერიკაცი გახდი ბავშვი _
მოგემატა მკლავში ღონე.


***
რა ვქნა, აღარ მასვენებს, ქედი ულამაზესი,
დარდებს გადაასვენებს ფრთაქათქათა გედი,
ბედი, დღემდე დაბმული იყო ლუსკუმ ღამეში,
სევდა იდგა თვალებში და ტირილით ვწერდი.


საიდუმლო წერილი

გაშიშვლებული სახე.
ავი ზმანების განცდა.
გული ხვაშიადს ამხელს,
რო დაინახონ რაც ვარ.
ხე _ კაცზე უფრო ბრძენი
და კაცზე უფრო სანდო,
ჩუმად მიგზავნის წერილს
და საიდუმლოს მანდობს.
ავემგზავრები ჩემ თავს
და უწონადო ლანდებს.
ცხრაწყაროს წყალით შემთვრალს,
ყელთამდე ვალი მადევს.
ტალღა აგრილებს ნიავს,
ხოლო ნიავი _ ხრამებს:
გიკვირს? _ უმთვარო დღეა!
გიკვირს? _ უმზეო ღამე!


***
ქარი ბრუნდება სხეულში,
იალქანების მკერვალი;
ამ სურათს ხელს ვერ შეუშლის,
ვერც მარტი, ვერც თებერვალი.
რაისგან რაი იქნების
არარაისგან _ არც არა.
ძილით, სიზმარით, ფიქრებით,
მთვრალი კაცივით ვბანცალებ.


***
ცაში ოცნების მკრეფელი,
მიწის ხავერდის მონა,
ცხოვრების მატარებელით
ამა წუთიერს ზომავ.


***
ემბრიონიდან ფერფლად ქცევამდე,
ჩვენ შენი ზრუნვის საგანს შევადგენთ.
მერე რა ხდება? - მერეც ბატონო -
ჩვენს უსხეულო ლანდებს პატრონობ.


იმ საუკუნის ოცდაცხრამეტში

სხვისი თვალებით ვიშინაურებ ჩემ თავს,
როცა წარსულის გადამოწმებას ვიწყებ;
რვა ათეული წელიწადია მთენთავს,
სიცხე! სიცივე! სიცხე! სიცივე! სიცხე!
მკერდის ხიხინი... მაჯაზე ხელი ხშირად,
ჯანგატეხილი და მოწყენილი ბავშვი...
ბებრის ოჯახში მე - მეთერთმეტე შვილად,
იმ საუკუნის ოცდაცხრამეტში გავჩნდი.


***
რაც რო იყავი, ის არ ხარ,
დაბერდი, კაი ხნისა ხარ,
თითქმის 1000 თვის ხარ,
83 წლისა ხარ
და 30 000 
ტკბილი და მწარე დღისა ხარ...
დაბერდი, კაი ხნისა ხარ,
რაც რო იყავი, ის არ ხარ.


ტოპონიმების კვალზე

მიყვარდი, ბერნაობალო,
დილის ცვარ-ნამით მომბალო;
`დიმნას~ ბებერო ციხეო,
თვალში ვერ ამოგიღეო;
ბიბინა სარკიათაო,
ვარდ-ყვავილების კალთაო;
თო-თოხოურის ქედოო _
სულ რო ღრუბელი გედოო;
ნა-ნაისლარის ვაკეო _
გაღიმებულო სახეო;
ცაში აწვდილო ხელოო,
ამილახვარის სეროო;
ზი-ზირაქაძის ფერდობო _
მოშარიშურე შქეროო;
წაბლარო, წაბლიღელეო,
თენებოურო მერეო;
ი-იფრანიის ღარტაფო _
ქარებით მოსიმღერეო;
ტყეებს ვუტოვებ ანდერძად,
რაც დღემდე თქვენზე ვწერეო!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge