გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელისაბედ ჯავახიშვილი - ერთი მოთხრობა და ჩანახატები

  

                   ფუძის ანგელოზი

       (ავტობიოგრაფიული მოთხრობა)
 
     სოფლის მტვრიან შარაზე თაფლისფერთვალება, თავაწეული გოგონა მიაბიჯებს. ფიქრიანი მზერით კავკასიონის მწვერვალებს გასცქერის. როცა ასე გაჰყურებს დათოვლილ მწვერვალებს, მაშინ მიწას ტოვებს და წარმოსახვით სხვა სამყაროში გადადის. გამოქვაბულში, მინავლულ ცეცხლთან, თეთრთმიანი ბერიკაცი ჩაფიქრებული დაჰყურებს  მთვლემარე ნაღვერდალს. ისმის თოვლის ჭრაჭუნის ხმა და ორი პატარა ნაფეხური რჩება ქათქათა, მბზინავ თოვლზე.
     - გამომყვება?! ეკითხება გოგონა საკუთარ თავს შიშით. ხელში გაცვეთილი ნაჭრის ჩანთა უჭირავს, რომელშიც ერთი ბოთლი წითელი ღვინო, თიხის პატარა ფიალა და ცოტაოდენი შაქარი უდევს. ნაწნავების სიმძიმე თავს უკან აწევინებს და ასე დადის ნიკაპაწეული, ცაში მოცქირალი დიდი თაფლისფერი თვალებით.  ჯიუტად მიაბიჯებს გაუკვალავ თოვლში. გაყინულ ღაწვებზე თბილი ცრემლები ჩამოსდის. მის გარშემო ყველაფერი ცივია და გაყინული, მხოლოდ ეს ცრემლებია თბილი, მონატრებული დედის ხელებივით. ჩურჩულით ამბობს: - მუხლებზე დავუდგები, ყველას მაგიერ პატიებას ვთხოვ, ოღონდაც გამომყვეს, ოღონდაც დედა გადამირჩინოს...  დედის გადარჩენა კი იმაში მდგომარეობს, რომ მის სახლში ფუძის ანგელოზი არ მკვიდრობს, ასე თქვეს მეზობლის ქალებმა.
    - როგორ თუ არ მკვიდრობს? - გაიოცა გოგომ და შეშინებულმა იკითხა: - აბა სად წავიდა? - ქალებმა ერთმანთს  მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს და თავის გაქნევით მიანიშნეს, სოფლის თავში, თქვენს ნამოსახლარზე, სადაც უწინ ცხოვრობდითო. ზედაშეებიც იქ გქონდათ და სადაც ზედაშეა, ფუძის ანგელოზიც იქ მკვიდრობს, თუმცა იქიდანაც წავიდოდა, მიტოვებულ და მოუვლელ ზედაშესთან როგორ გაჩერდებოდაო?!.. გოგომ კითხვა ვეღარ შეჰბედა, ბევრი ფიქრის შემდეგ კი დაასკვნა, იქ წავიდოდაო, მთებში, სადაც დიდი სიკეთე ცხოვრობსო...
    რამდენი ხანი უტრიალა ამ ფიქრს, რამდენი ღამე დაათენდა თავზე, როგორმე უნდა დაებრუნებინა ფუძის ანგელოზი სახლში. ხან ბებიის მონაყოლებს გადასწვდა გონებით, ხანაც თვითონ ფუძის ანგელოზს ემეტყველებოდა, ეაჯებოდა, დედა გადამირჩინე და სახლში დამიბრუნეო. გაახსენდა, როგორ ეკამათებოდა ბებია მამას, ზედაშეები მოუვლელი და მიტოვებული გვაქვსო. მამა კი ჯიუტობდა, ხელებს ნერვიულად აქნევდა, ეგ რა შუაშია, ცუდადაა და მორჩაო...
     მდუღარედ მოსთქვამდა ბებო, ლოყებს იხოკავდა, ვინ გაიგონა, ქა, ზედაშეების ასე მიტოვება, წლის მოსავალიც უბარაქოა, შენი ნაშრომი წყალს მიაქვს, ამიტომაც შემოგვეჩვია სიკვდილი და ჩვენი სახლის დირეს ზის, მოლოდინე თალითა, ეს ბალღები მაინც შეიცოდე შენ თუ ეშმაკის ცხენზე ხარ გადამჯდარიო. დაკოჟრილ ხელებს ზეცას აღაპყრობდა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, შვილის გონზე მოყვანას. ყველაფერი ერთნაირად ამოუტივტივდა გოგოს გონებაში. როგორ ართავდა ბებია მატყლს თითის ტარზე, როგორ გამოჰყავდა ფერები, რომელსაც უცნაური სევდის ფერი დაჰკრავდა. საჩეჩლაზე წეწავდა სევდისფერ ფთილებს  და სევდიან ამბებს უამბობდა. გოგონასათვის სახლის ჭერიცა და კედლებიც  მრუმე ჟანგისფერი იყო. არადა, ცეცხლისფერი მოსწონდა გოგოს, ევედრებოდა ბებიას, ცოტა გაანათეო, სჯეროდა, რომ ცეცხლისფერი  მატყლის ფრთილები მის სახლის ჭერსაც გაათბობდა და გაანათებდა. ბებია თავს იმართლებდა, ცეცხლისფერი რომ დააყენო, ნათელ ფერებში უნდა იცხოვროო.  მე კი, მასეთ ფერებში არასდროს მიცხოვრია, მხოლოდ ვოცნებობდი შენხელობისას, ჩემი ფერები გაიცრიცა და რასაც ვგრძნობ, ისეთი გამომდისო. შენ ეცადე, რომ ეგ ფერები არ დაკარგო, ეძიე და უფრო ლამაზებს აღმოაჩენო.
     მას  შემდგომ დაიწყო ძიება გოგონამ. უნდოდა თავისი სახლი ამ ფერებით მოერთო. მიხვდა, რატომ იყო მისი სახლის ჭერი მუქად დათალხული, რატომ დაიტოტა დარდის ხე ცრემლებით და წუხილით მოგვირისტდა. იტანჯებოდა, იცრემლებოდა, კავკასიონს იმედის თვალით გასცქეროდა. უფრო და უფრო სწვავდა სურვილი, მიახლოებოდა ფუძის ანგელოზს, მუდარით, თხოვნით დაებრუნებინა სევდისფერ მარანში. მაშინ ხომ, მისი სახლის სტოას ჩამომჯდარი სიკვდილიც დატოვებდა ეზო-კარმიდამოს და მისი გულიდან და გონებიდან სიკვდილის ლანდი სამუდამოდ განქარდებოდა. იმ ქვეყნად სიკვდილმა მისი ორი ძმა წაიყვანა, ცხრა თვის პატარა ზაქარია და თექვსმეტი წლის ონავარი ზაზა.
     დღე-ღამის გაყრისას ალიონი ქალის კივილმა გაჰკვეთა, როცა აკვანს, ძუძუს მოსაწოვებლად მიუჯდა და პაწიამ ძუძუს კერტს ძებნა აღარ დაუწყო. ათრთოლებული თითები, მის მარმარილოსავით გაყინულ პაწია ლოყებს შეახო. ღია თვალები ჟანგისფერ ჭერს მიშტერებოდა და კითხულობდა, რატომო?! ძლივს დაიტირა დედამ სიყრმის შვილი, გულის ნაწილი გააყოლა პაწია კუბოს ცივ სამარეში. აღარ შეეძლო ცარიელი აკვნის ყურება, სამყაროც ამ აკვანივით დაცარიელდა მისთვის. ცარიელ აკვანს არწევდა, ეფერებოდა, ცრემლიან ნანას უმღეროდა. შემდეგ შვილს შიშით დაატარებდა მუცლით. ვაჟიშვილი გაუჩნდათ. აკვანზე ხელგადაყოფილს ეძინა, წუთითაც არ ტოვებდა მარტოს, ერთ მოჟამულ, ღრუბლიან დღეს კი ბიჭი ავად გახდა, მენინგიტი დაემართა და გონება წაერთვა, ცხოვრების სიმძიმილად იქცა ყველასთვის. მასაც მუდმივად აწუხებდა კითხვა ,,რატომ?!“, ამ კითხვაზე პასუხს არავინ იძლეოდა. მათ ნამოსახლარზე კი ზედაშეებთან, ჭინჭრების მწკრივი იდგა. არავინ ანთებდა თაფლის სანთელს. შემდეგ მესამე ძმა გაჩნდა. შავტუხა ცელქი ბიჭი, მუდმივად ეპაექრებოდა სიკვდილს, მასაც არ მოსწონდა ჟანგისფერი სახლის ჭერი და მასაც სულ აწუხებდა კითხვა ,,რატომ?!“. როგორღაც თექვსმეტი წელი ჩამოიმარცვლა. ბებიის მონაყოლი საგმირო საქმეები ბიჭს სხვა თვალით აყურებინებდა საწუთროს. ერთხელაც, სხვათათვის განსაკუთრებულის გაკეთება მოინდომა. ნეფე-პატარძალს მტრედებს ავუფრენო. ამ ლამაზ სურვილს შეეწირა, მტრედების ქროლვას ჩამოჰყვა და მიწას ხელგაშლილი დაასკდა. მათი სახლის სტოას დაყუნცულმა სიკვდილმა ბოლო ზვარაკიც წინ წაიმძღვარა. ვეღარ გაუძლო დედამ ამდენ უბედურებას, მისი ღიმილიანი სახე ცრემლებით დაიღარა. მძიმედ დაავადდა, ისევ დაიწყო ჭიდილი სიკვდილთან. თაფლისფერთვალებიანი გოგონას გულში შიში ჩასახლდა. ერთხელაც, წყალზე წასულს, სოფლის ქალების ჩურჩული ჩაესმა: ,,ეს ტოტებაანთ ბალღი არ არის ქა!.. როგორა ჰგავს თავის მამიდას!“, ,,არა, ბებიასა ჰგავს, ლიზას! რა ლამაზი იყო, ცხონებული, დარდმა მოუღო ბოლო“. 
    თვალიერება დაუწყეს, თან მოსახვევის ბოლოები ყურებთან შეიკეცეს.
  - ისევ საავადმყოფოშია დედაშენი?.. როგორ გაწვალდნენ ეს ცეროდება ბალღები...  
    გოგომ თავი დაღუნა, უხმოდ აავსო თიხის დოქი წყლით  და ხმის ამოუღებლად გამოტრიალდა, ფეხები ძლივს მოჰქონდა. მთელი სამყარო თალხით იმოსებოდა, სული ეხუთებოდა და გაქცევა უნდოდა სხვა სამყაროში, სადაც თავისი ძმები სახლობდნენ. პასუხისმგებლობა ყველას წინაშე, მყისიერად ატოვებინებდა საოცრად მიმზიდველ სურვილს. მას დედა უნდა გადაერჩინა, დედას უნდა დახმარებოდა. ასე გადიოდა დღეები მოლოდინით. ზამთარს გაზაფხული სცვლიდა, მის სახლში შავმაკრატელა მერცხლები მოფრინავდნენ, ბუდეს აშენებდნენ, შეუბუმბლავ ბარტყებს აფრთიანებდნენ, ის კი ამაოდ გასცქეროდა ჭიშკარს და როცა არ ელოდა, მაშინ გამოჩნდებოდა დედა, წამლის სუნითა და გაუცხოებული ურთიერთობით. დედის სახლში მოსვლისთნავე სახლის ჭერი ფერებით ირთვებოდა, ცრემლები სიხარულით იცვლებოდა. მაშინ, როდესაც სიკვდილის შიში მოეძალებოდა, ამ შიშს ქართული ზღაპრებით იგერიებდა, იქ ხომ ყველაფერი კეთილად მთავრდებოდა, სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებდა. მასაც სჯეროდა, რომ აქაც, ამ ქვეყანაშიც, არსებობდა უხილავი სიკეთე, რომელიც დაეხმარებოდა. დადიოდა და ყველგან დაეძებდა. თავიდან ეგონა,  რომ დიდ ლამაზ ხეში სახლობდა, ხანაც ღრუბლებში დაეძებდა მის სახლს, ზოგჯერ ხელმოჩრდილვით კავკასიონის მთებს გაჰყურებდა. მუდმივად ეჩურჩულებოდა თავის სურვილებზე და ოცნებებზე. დაისვამდა გაშლილ ხელისგულზე ჭიამაიას და სთხოვდა, მაპოვნინეო. ჭიამაია გაშლიდა კოპლებიან ფრთებს და მისი სურვილებიც თან მიჰქონდა. ერთი სურვილი სწვავდა, როგორმე ნატვრისთვალი უნდა ეპოვა. თუ იპოვიდა, სანუკარი სურვილი შეუსრულდებოდა, დედა სახლში დაუბრუნდებოდა და ცუდად აღარასოდეს გახდებოდა. აძვრებოდა ვაშლის ხის კენწეროზე და კავკასიონის მწვერვალებს თვალით ზომავდა. ეს დათოვლილი მწვერვალები კი მისი ფიქრებივით უსასრულო და უკიდეგანო იყო.
  საბოლოოდ, გოგონამ გადაწყვეტილება მიიღო, დაებრუნებინა სახლში ფუძის ანგელოზი. ყველაფერი აწონ დაწონა და მზადება დაიწყო. თითქოს იოლი გასაკეთებელი საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა შესასრულებლად და აი, როგორც იქნა, სოფლის შარაგზას დაადგა, ხელში ნაჭრის ჩანთით მხნედ მიაბიჯებდა, მიაგნებდა თავის ნამოსახლარს, აბა, არ მიაგნებდა?! პირველად მიდიოდა ამხელა მანძილზე მარტო ,,გულო ჩაჯექ საგულესა, გულო ნუ გეშინია“... ბებიის ნასწავლი სიტყვებით ამშვიდებდა აფართხალებულ გულს. სახლში ყველაფერი გამზადებული დატოვა, მარანი მორწყა, მიწა დატკეპნა, დაატენიანა, ქათამიც ილო პაპას დააკვლევინა და გაასუფთავა, თანგირა ქვაბში ჩადო მოსახარშად. სანამ ქათამი მოიხარშებოდა, ღვინო ჩამოასხა თიხის დოქში, გარს თიხის ჯამები შემოუწყო. დოქის ტუჩზე სამი თაფლის სანთელი მიაწება. ბოსტნიდან ქორფა მწვანილი შემოიტანა. შუშა კიტრები და ჩაშაქრებული პამიდორები. ნასვრეტებიანი ყველიც ამოიღო და გვერდით გამტკიცული დედას პურებიც მიუწყო. კმაყოფილმა გადახედა ტაბლას, ნათელა მამიდას გამომცხვარი ნაზუქი დადო იმ ადგილას, სადაც ფუძის ანგელოზი უნდა დამჯდარიყო. პატარა თიხის ფიალით ხორბალი დადო და ერთი მოზრდილი კელაპტარი პურის ყუაში ჩაარჭო. მერე პირჯვარი გამოისახა და სანთელს ცეცხლი მოუკიდა. ხმააკანკალებულმა ღმერთს შეჰღაღადა: ,,ღმერთო, მომეცი ძალა და უნარი დავარწმუნო ფუძის ანგელოზი, რომ აღარასოდეს აღარ მივატოვებთ და უპატიოდ აღარ მოვექცევით“. პურის ყუადან ამოიღო სანთელი, ტაბლას სამჯერ შემოატარა და მარნის კუთხეში სახატესთან მიაწება. ხატის ადგილი ცარიელი იყო, მხოლოდ სანთლის ალისგან გამურული კედელი შემოსცქეროდა. მარნის ამ კუთხეში ბებია ვარცლის მონარეცხ ცომიან წყალს ღვრიდა, კაცის უწმინდური ფეხი არ შეხებიაო. მარანი მიათვალ-მოათვალიერა, გაცრეცილი და ღარიბი ეჩვენა. ეჭვმა გაჰკენწლა. განა აქ დაიმკვიდრებდა ფუძის ანგელოზი, სადაც წმინდა კუთხე ცარიელი იყო. ისიც გაცრეცილი, თეთრ პერანგში წარმოიდგინა, ალაგ-ალაგ დალამბული შარვლითა და გაცვეთილი ქალამნებით, თეთრი თმა-წვერითა და ფიქრიანი თვალებით. განა ასეთი კეთილი, მის მუდარას ,,არას“ ეტყოდა?! განა მას არ ჰყავდა დედა? აკი, ბებია ამბობდა, დედა ყველაფერს ჰყაავსო? დედა ყველაფრის საწყისიაო. ჰოდა, შესთხოვდა: ,,მეც სხვა ბავშვებივით მინდა დედა სახლში მყავდეს, სკოლიდან დაბრუნებულს ანთებული ბუხარი და თბილი სადილი მხვდებოდეს. აღარ შემიძლია სიკვდილის შიშთან ერთად ცხოვრება“. 
     მას ხომ სჯეროდა დედამიწაზე არსებული სიკეთის არსებობის. ერთხელ ხომ უკვე აღმოაჩინა მისი ძალა, როცა ღამით ხმაურმა გამოაღვიძა. შეშინებული წამოხტა საწოლიდან, მეზობლები მოგროვილიყვნენ, ბებია ტიროდა, მამა პირმოკუმული გადი-გამოდიოდა. ძლივს გაარღვია გარს შემოჯარული ქალების წრე და დედის საწოლთან მუხლებზე დაეცა. პატარა ხელები მის უსიცოცხლო ხელებს ჩასჭიდა, მისი თვალები სითბოს მაგივრად, ყინულად ქცეულიყო, ჭერს მიშტერებოდა. მისი თვალებიც კითხულობდა - რატომო?! არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ დედაც დირეზე ჩამომჯდარ სიკვდილს მიჰყავდა თავისთან. ვიღაცამ მისი აყენება სცადა. უშედეგოდ. გოგონამ დედის გაყინული ხელი გულში ჩაიხუტა და იმ დიდ სიკეთეს უხმო, მე ხომ ასე მჯერა შენი და დედას  სიკვდილს ნუ გააყოლებო... წარმოიდგინა დედის თბილი ხელისგული, ჩვეული მოძრაობით მის სახეზე, ყვრიმალებზე, თმებზე... იგრძნო, როგორ გაუთბა დედას გაყინული ხელი. მის გაყინულ თვალებში საღამოს ჩამავალი მზე გაბრწყინდა... ამასობაში, სასწრაფოც მოვიდა, დედას წნევა გაუზომეს, ჟანგბადის ბალიშის ნიღაბი მოარგეს, რომელიც აღარ გახდა საჭირო, წნევაც ნორმაში ჩამდგარიყო, ექიმი მხრებს იჩეჩავდა, მეზობლები კი პირჯვარს ისახავდნენ და გაოცებულები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, რა სასწაული მოხდაო... 
    იმ ღამეს თაფლისფერთვალება გოგომ დედამიწაზე მცხოვრები სიკეთე აღმოაჩინა, რომელმაც მის პატარა გულში ჩასახლებული შიში სამუდამოდ გააძევა. იმ ღამით მიხვდა, რომ მარტო ზღაპარში კი არა, დედამიწაზეც იმარჯვებდა სიკეთე, თუ გულით შესთხოვდი. ახლაც ამის იმედი ჰქონდა. მთელი სოფელი უნდა აევლო ნასახლარამდე მისასვლელად. როგორ უყვარდა თავისი სოფელი, ის მიწა, სადაც ბებიის ფეხით გაცვეთილი ბილიკები იკლაკნებოდა. ახლაც ამ ბილიკს მიუყვებოდა. როგორ უყვარდა ეს ცა, ვენახის ზვრები, სახლები, მოხნული მიწა, სადაც ხელგაშლილი წვებოდა და ლაჟვარდისფერ ცას შეჰღიმილებდა. ამ დროს, მისი მონატრებული დედა ეს გახუნებული ზეცა იყო, ისეთი ბედნიერი ხდებოდა, უნდოდა ეყვირა, ყველა და ყველაფერი მიყვარსო. 
     მიუყვებოდა გზას, ცხვირგაცვეთილი ვარდისფერი სანდლებითა და გახუნებული, გვირილებიანი ჩითის კაბით. როგორც იქნა, მიაღწია ნამოსახლარს. თვალი მოავლო მოუვლელ, დაბერებულ ხეხილს, ჩამონგრეულ სახლის კუთხეს და ჩაჟამებულ კარ-ფანჯარას. ჩაჭყლეტილი ღობის გასწვრივ, ღელის პირზე ვიწრო ბილიკი გამოჩნდა, ეს ბილიკიც მიეტოვებინათ ადამიანებს და დასაკარგად გაეწირათ. თავის სიმაღლე ჭინჭრებში მოუწია გადახტომა. იქვე ხავსიანი, მოტეხილი ტოტი იპოვა და იმით დაიწყო ჭინჭრების მოგერიება, რომელნიც მწარედ იკბინებოდნენ. როგორმე უნდა მისულიყო ზედაშეებამდე. ძლივს გადააქცია ჭინჭრები ჯოხით, ნეშომპალაში ფეხი ეფლობოდა. პირველ ქვევრს სიპი ქვა ეფარა, მეორე ქვევრს პირი სანახევროდ ჩამოსტეხოდა, მისი სიცარიელე ხმელი ფოთლებით ამოვსებულიყო. მესამეც წვიმის წყლითა და ფოთლით იყო სავსე. დრო არ იცდიდა, მზის ჩასვლამდე უნდა მოესწრო გასუფთავება, მერე კი ფუძის ანგელოზი თავის  სახლში, მარანში მდგომ ტამბლამდე  მიეყვანა. ხელები დაიკაპიწა და ქვევრის ამოცლას შეუდგა, გონებით თავის წინაპრებს გადასწვდა. ვერაფრით ვერ აეხსნა, თუ რატომ მიატოვეს სახლი და ეს ზედაშეები უპატრონოდ. რამ გადაწონა მათი აზრი, სამივე ძმის ფუძეზე ერთი და იგივე  ხდებოდა, სიკვდილი ცელავდა ნორჩ სიცოცხლეებს. გოგონა ძლიერ დაიღალა, გონებით ისევ კავკასიონზე გამოქვაბულში მჯდომ ფუძის ანგელოზს მიეახლა. კარზე ფრთხილად დაუკაკუნა. გამოქვაბულიდან ცეცხლის ტკაცუნის ხმა ისმოდა. ისევ ასწია პატარა მუჭი დასაკაკუნებლად  და კარიც ჭრიალით გაიღო. კარებში თეთრწვერა, მხცოვანი, ბადაგისფერთვალებიანი მოხუცი გამოჩნდა. გოგონა მოიბუზა და აწეული ნიკაპი მხრებში ჩარგო. საიდან დაეწყო სათქმელი?! მისი წინაპრების ცოდვა-მადლი უმწეო მხრებზე დასწოლოდა. იმ წუთას დედა გაახსენდა... და აქედან დაიწყო. თურმე რამოდენა სათქმელი დაჰგროვებია. სათქმელს გულიც თან ამოაყოლა... ბერიკაცი თავდახრილი უსმენდა გოგონას. მერე ნაბადს გადასწვდა, მხრებზე მოიხურა და ფართე ხელისგული გაუწოდა, ანიშნა, წავიდეთო. გოგოს გაახსენდა, სიტკბოთი უნდა წამოიყვანოვო და ნაჭრის ჩანთიდან მუჭით შაქარი ამოიღო, ანგელოზს ფეხქვეშ გაუშალა. ჩვენს ოჯახში სიტკბო შემოიტანეო. თიხის ჯამით ღვინოც გაუწოდა, ოჯახის წევრები დამილოცეო, ჩემი მარნის სახატესთან ხატი ისევ დააბრუნეო. ანგელოზმა თიხის ფიალა ჰაერში ასწია, მის გარშემო საოცარი ფერები გაიშალა, ზუსტად ისეთი ფერები, თაფლისფერთვალება გოგონა მუდმივად რომ დაეძებდა. ერთი ფერი ბედნიერების იყო, მეორე სიყვარულის, მესამე ჯანმრთელობის, მეოთხე სიცოცხლის ხანგძლივობისა, დოვლათისა და სიმდიდრისაც კი... აირჩიეო, ანიშნა ფუძის ანგელოზმა და ბადაგისფერი თვალები მოლოდინით მიაპყრო... გოგონას ბევრი არც უფიქრია. არჩევანი მეორე ფერზე შეაჩერა. იფიქრა, სიყვარული თუ გექნება, დედამიწაზე ყველანაირ განსაცდელსა  თუ გაჭირვებას გაუძლებო. სიყვარული კი დედამიწაზე მცხოვრებ სიკეთეს, ადამიანები ღმერთს რომ ეძახიან, იმასაც გაპოვნინებსო. გამიძეხიო წინ, ანიშნა ფუძის ანგელოზმა. გოგომ შაქარს დახედა, გაახსენდა მეზობლის ქალების ნათქვამი, გზა და გზა უნდა აბნიო შაქარი და უკან არაფრით არ უნდა მიიხედოო. ყრიდა გზაზე შაქარს და კავკასიონს გაჰყურებდა მუდარის თვალით, სიკეთეს ეჩურჩულებოდა, ლოცულობდა დედა გადამირჩინეო. ძველ ნამოსახლარზე, ჭინჭრების მწკრივი მიწაზე იწვა, ზედაშეების პირზე, თაფლის სანთელი ლიცლიცით იწვოდა, ამოსუფთავებული ზედაშეებიდან საღამოს მზის სხივი იცქირებოდა, წითელი ღვინო ჯამით შემსმელს ელოდა, პატარა, თაფლისფერთვალებიანი გოგონას სურვილი კი, სიკეთეს ბოროტობაზე გაემარჯვა, შესაძლებელი ხდებოდა. მარნის სტოასაც გადააბიჯეს, ხის ტაბლასთან მოაბნია ბოლო შაქარი გოგონამ. დაბრძანდითო და ხის სამფეხაზე ანიშნა თვალით, იქ, სადაც ნათელა მამიდას გამომცხვარი ტკბილი ნაზუქი იდო. აქ, უკვე, გული ამბობდა სათქმელს. სახატესთან თაფლის სანთელი ლიცლიცებდა, ცრემლად იღვრებოდა. გოგოს სურვილები კი ჟანგიან მრუმე ფერებს ათინათებად ეფინებოდა, აშუქებდა. მინდა ეს სახლი დალოცვილი იყოს, ყველას ერთმანეთი უყვარდეს, გავმრავლდეთ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიყოთო... თავისი ყველა სურვილი გაანდო ფუძის ანგელოზს. დაღლილს მალევე ჩაეძინა ტაბლასთან. სიზმარი ნახა: ბებია სახატესთან დაბრძანებულ დედაღთისმშობელს სანთელს უნთებდა და თავის მონაგარს ავედრებდა. მათი სახლი კი ულამაზეს ფერებში ზიმზიმებდა, დედა ბედნიერი და ჯანმრთელი კერიასთან ტრიალებდა, იღიმებოდა და გოგონას გულში იკრავდა. დრო მიდიოდა ტაატით... ფუძის ანგელოზი მათ ნაშრომს გვირგვინს ადგამდა, ივსებოდა მარანი ჭირნახულით, ქვევრში დაყენებული რქაწითელი კი შემსმელს ელოდა. 
       


ჩანახატები
***

    დილამშვიდობისა, დილა მზიანობისა, დილა ბარაქისა და ხვავისა, ნაირფერობისა,შემოდგომის ფუნჯით მორთმეულისა შემოქმედისაგან, ასე მზამზარეულად... 
სიყვარულით და თბილი სიტყვით დავათბოთ ერთმანეთი, მეტს რას წავიღებთ ამ ქვეყნიდან, მითხარით, აბა?!.. 
   იმ დღეს, ერთი პაპა იჯდა ავტობუსში და თურმე სასახლეებს არ ამზადებს?!.. ისეთი ნათელი ედგა თვალებში...სევდით დანაფერი სიკეთე ედგა შარავანდედად. როგორც ხდება ხოლმე,მუდმივობაში, ვიღაცებმა პოლიტიკურად დასცხეს ერთიმეორეს, ერთი მიშას დროს მისტიროდა და ამბობდა, ქვეყანა ააყვავაო. მეორე კი, ბიძინას აღმერთებდა (არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე თურქი), ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ (მამლუქი გამახსენდა).
    მიუბრუნდა პაპა და უთხრა: ,,დამშვიდდით! არავინ იცის, დავაღამებთ თუ არა!“, მერე ამოიოხრა,ჩაფიქრდა, დანაღვლიანდა. ხმაც ფანდურის დაწყვეტილი სიმებივით აუჟღრიალდა.ჩემს 25 წლის ვაჟს, აი, ამ ხელებით შევუკარი,ჩემი ხელებით სასახლეო (ხელებს დახედა, სიბრალულით). ზუსტად 11 ფიცარია საჭირო, რომ ერთი სასახლე გააკეთო...ავტობუსში ყველა დადუმდა ერთიანად... მან კი,დაჟეჟილო ხმით გააგრძელა ისევ... 11ფიცრის მეტს აბა რას წავიღებთო, ჰაა...თვალი მიმოავლო ყველას. მერე თითი ცისკენ აიშვირა, ,,იმასთან იყავით მართლები, თორემა“...ამოიოხრა და დადუმდა... მერე რა, რომ სხვადასხვას აფასებთ, ერთმანეთი შეიყვარეთ, ქართველები ვართ... ერთი სისხლის და ხორცისანი,რა ვიციო, კაცო! ეს რას შევესწარი,დაჭამეს ერთიმეორეო.
   ვზივარ მეც მათ შორის და ამ დავი-დარაბას ვუსმენ და უცებ, ვდგები.რწევა-რწევით გადავდივარ წინ, იმ სასახლეების გამკეთებელი კაცისკენ და ვეკითხები: ლურსმანი რამდენი სჭირდება-თქო?!.. ყველამ გაოცებულმა გამომხედა... ვდგავარ ამ არეული სამყაროს ახლანდელი ფუფალა ქალი,ჩემი ფერებით, ერთი შეხედვით ყველაფრით გალაღებული ქალი (ასე ვჩანვარ), ხოდა,უცებ,გაკვირვებული პაუზა ჩამოდგა...
    პაპამ გაიღიმა და ასოციო, მიპასუხა დაფიქრებით... ხოოვო!!!..არავინ ფიქრობს წუთისოფელში თერთმეტ ფიცარსა და ასოც ლურსმანზეო,მასში!!!
    აი ასე!..არადა, სულ უნდა ვფიქრობდეთ სიყვარულის მარაგი რომ წავიღოთ საგზლადაო... ასე დამთავრდა ჩემი მგზავრობა ნათლუხის ბაზრობამდე, მე და ის კეთილშობილი გურული პაპა ერთად ჩამოვედით ავტობუსიდან. დამემშვიდობა გულიანად.მეც თვალი გავაყოლე. ომახიანად მიაბიჯებდა კივკივით...თუმცა მხრებში მოღუნული, როგორია საკუთარ ვაჟიშვილს შენი ხელებით სასახლე შეუკრა და მაინც არ გაბოროტდე წუთისოფელში, ისევ რომ სიყვარული იქადაგო თერთმეტი ფიცრითა და ას ოცი ლურსმნით...
   

        ***
     როგორც იქნა, გათენდა, არადა, დაღლილობისგან სათითაოდ აყმუვლებული ძვალ-სახსარი მტკივა, სული კი, შვილმკვდარი დედის მოთქმასავით ამოდინებული სხეულიდან მოთქვამს... რაოდენის დატევა შესძლებია ადამიანს მაინც?! ვის როგორ მიაქვს გულთან მომხდარი და წინდახვედრილი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენები?!ვინ იცის, რა არის ბედნიერება და სად შეიძლება მისი გასაღების მოძიება?! მივუყვები გზას ნაწვიმარზე და მეფიქრება, ეს აქვითინებული ცაცა და ჩემი ფორიაქა გულის დარდ-ვარამამოშლილი ნაფიქრებიც. ქვის თუ ხარ-თქო, ვეკითხები თავს და ისევ და ისევ არშემჩნეულ გუშინდელ ჭირს, განსაცდელს, ყოფის ზურგსდაწოლილ სიმძიმილებს, ასე რომ მაწრთობს და იმუნიტეტი უფრო რომ გამიმძაფრა სიყვარულისა, ადამიანების ცნობადობისა, ნამდვილი სიხარულის მოძიებისა, იმ ინტერესის და წყურვილის დაოკებისა, პატარა გოგოობიდან რომ ვეძიებ არსებობაში, ნატვრის თვალს, დედის გადასარჩენად.
     არადა, დედა მართლაც გადავარჩინე, ის ჩემს სულში დავამკვიდრე, მუდმივობაში სანთლის მოპარპალე ალივით ანთებული და იმ სიყვარულის აქამომდის გამოყოლილ მარაგს, დღემდე რომ მომყვება ადამიანებთან საურთიერთოდ, ძალას რომ მმატებს, ვიზოგებ...სხვანაირად მე - მე ვერ ვიქნებოდი. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს, არასოდეს! ვერ ვიტან კანონებსა და წესებს, მხოლოდ გულისთქმებს მივყვები სიყვარულისას და გულისძაფებით დაქსელილ ამოდენა სამყაროში ვინთქმები და ვიკარგები. სიყვარულის აკვან ატაცებით, გულზე მეჭდობა სამყაროში მიმდინარე მოვლენები და ჩემებურად ვხვდები, ვუმკლავდები... აღვიქვამ და ვეგებები. მერამდენე ენკენისთვე, გაოქროსფერებული სევდით დანაფერი, გავისტუმრე ასე გემრიელი,ჩემებური მასპინძლობით და შიმშილნაკლულევანი ტკივილები გავატანე, ვინ იცის ჩემნაირად, როგორ და რანაირად. აგერ ღვინობისთვეც ჩემს გულის კარს ჩამოდგა ჟინჟლითა და მოლოდინით ავსილი წინათგრძნობით, არავინ იცის რას გვიმზადებს დედაღვთისმშობელი, რომელიც მუხლმოყრილი შუამდგომლობს ჩვენთვის მამასთან, შემოქმედთან სამყაროისა... რა იქნება ხვალე, რა იქნება დღეს?! სადაა ხსნა გადარჩენისა... მე ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს და არც არავის მოვახვევ თავს...ნეტავი ეს წვიმა განსაწმენდელი იყოს-თქო, ვფიქრობდი გულში, ნეტავი ადამიანთა გულების დასუფთავება შეიძლებოდეს-თქო, ნეტავი მათი თვალებიდან დარდ-წუხილის გაწმენდა შემეძლოს-თქო, რამდენ აბდღვრიალებულ მზეს ავანთებდი მათ თვალებში, ნეტავი ტკივილი სიხარულით ჩამანაცვლებინა-თქო ყველასთვის და სიძულვილის გაქრობა შემაძლებინა-თქო დედამიწაზე.... ჩემს სამითვის მობარებულ ანგელოზს ვასეირნებდი კიკვიძის ბაღში, მარტო ვიყავით მე და ეს პაწია თებედ წოდებული ანგელოზი, რომელმაც კალთამადლიან დედას ცხრა შვილისას, ისევ აღმიძრა დედობის სურვილი და აი ასე მომეძალა გულსშემოსეული ნაფიქრები რა გადაგვარჩენს და რა გვიშველის-თქო... ისევ დარდ-წუხილად ვიცრემლები, ამინდივით...
     სიტყვა კი გამიგრძელდა, მაგრამ მაინც ვიტყვი ბოლომდე, თუნდაც ასე მარტივად და ალალად... სიყვარული გაცვდა კაცთა გულებში და ანგარებადატენილი გულებით ის მივიღეთ, რაც ახლა იხილვება,თითოეული ჩვენგანის ირგვლივ. გულმოდგინება დაიკარგა ყველგან, ყველა ურთიერთობაში, ზედაპირულობამ იჩინა თავი, ფასადური გახდა ცხოვრება... მექანიკურობამ წალეკა არემარე, სამყარო...  გარყვნილებამ, თავშეუკავებელობამ,უპატივისცემლობამ,ახლის ხელაღებით შემოტანამ ის ძველიც სულ დაგვაკარგინა და ასე აღრეულ-გზადაკარგულნი ვყვირით ჩვენს მაგარ ქართველობაზე! რომ ყველაზე კარგები ვართ ქართველები!!! დედაშვილობის სიყვარული მიინავლა და ვიღას უნდა თუნდაც, ტკივილით მიირქვას პირმშო გულზე?! სამყარო შეშლილი ქალივით გარბის ფეხარეული და გაჰკივის... სადაა სულის მშვიდობა?! სადაა ნამდვილობა?! სადაა ადამიანობა?! სადაა უბრალოება და სიალალე?! როცა ამ ყველაფერს ჩვენში დავიბრუნებთ,მაშინ გვეშველება. ახლა კი ღვინობისთვის პირველი დღეებს, მეც ვცდილობ დავუხვდე ჩემი არეულ- აფუსფუსებული განცდებით და ტკივილნარევი მოლოდინითა. ამ წვიმიანი ამინდივით ჩამოვდგები იმედიანად დედაღვთისმშობლის ხატთან, ცრემლიანი მოლოდინით,რომ იქნებ ჩვენც შეგვიწყალოს გამჩენმა და ქვეყანას პატრონი, წინამძღვარი გამოუჩინოს, მართალი და გულიანი, იქნებ ჩვენც დავიბრუნოთ დაკარგული ღირსება და წინაპრთა დანატოვარი ღირსეულად დავახვედროთ ჩვენს შვილებს... იმედისთვალი ნუ ჩაგვიქროს უფალმა, იმედიანი შაბათი გაგითენოთ ღმერთმა! ღმერთს ებარებოდეთ!


***
     უთენია გამომეღვიძება ხოლმე,თითქოსდა გონებაში რეკენ ზარები და გაჰყვირიან უხმოდ: ადექი!ადექი! მკვირცხლად წამოვდგები ხოლმე, ბავშვური ხალისით და ესევე გარეთ გავრბივარ,არეს თვალი უნდა გადავალო და დამშეული ცნობისწადილი დავინაყრო...
მონუმენტური აღქმა მაქვს სამყაროსი და ისეთი სუფთა,მგრძნობიარე ყური, რომელიც სამყაროსეულ ხმებს თავისებურად აღიქვამს. მერე მოდის და მოდის გონებაში, აქა-იქ გაფანტული ხმები, იქ იყრიან თავს და ორკესტრივით გუგუნებენ. ასე ვივსებ თვალისა და სულის დაცლილ ბეღელს...
    მარაგს ვიღებ დედასამყაროსაგან.მუსიკა მართავს სამყაროს და მერე ჩვენში იღვრება, რომელიც შემდგომში სხვადასხვა ნიჭებით წარმოჩინდება. მოაქვს და მოაქვს ემოციათა ნაკადები,წუხანდელი თავსხმა წვიმასავით ნიაღვრობს სულში და ასე ამგვარად მოედინებიან აზრები, ფრთახატულა პეპლებივით დაფარფატებენ სამყაროს სივრცეში, ეძიებენ ალაგს სულისმოსათქმელს.
    რა საოცარია დილა, როცა ყველაფერი იღვიძებს და იშმუშნება, როცა თანამონაწილე ხდები ამ პროცესებისა და სამშობიარო ტკივილებით დაღვრილ წყლებს გაფანტულს, მიმობნეულს, თითქოსდა მარგალიტების მძივი გაჰწყვეტიაო სამყაროს შემოქმედს და გაფანტულა მთელს არე-მარეზე...ციმციმებენ და თავს გაწონებენ...
    მოიმღერის დილიდან სალაღობო განწყობილება და იწყება მეორე განყოფილებაც, ყოფაში თავჩარგულობა,ბრძოლა არსებობისათვის... აი, შევსვი სამსალა, სოკრატეს შხამიანი თასივით, უკვე მრავალგზის გამოვცალე და ვიგემე ბოლო წვეთამდე... ვიცი რაა მისი სიმწარე,ძნელია იყო ჯარისკაცი ამ ცხოვრების წინა ხაზზე, ამიტომ ვცდილობ დაბალანსებას თვალსაწიერიდან აღქმული მიღმიერისას და ყოფისას, ყოველდღიური მარაზმიდან აღებულსა და გამორჩეულს, ემოციების გორგალებისას... ვზივარ და იმ სამყაროსეულ მუსიკას გულში ამოხვეული გორგალიდან ვაგვირისტებ...
    ჩამოკონკილ ურთიერთობებს ვლამბავ ცრემლებით, ადამიანთაგან ვერდანახულ სიკეთეებს და უმადურთაგან მოყენებულ ღია ჭრილობებს.ამიტომაც მომგროვებელი მეზარდახშე ვარ სამყაროში იმ ყველაფრისა, რასაც ხმა აქვს,რაც უკრავს და ბგერებს გამოსცემს...
    დილამშვიდობისა, მეგობრებო!
***
     ამ ბოლო დროს, ქარი მაღვიძებს და მისი აშარი ბუნებაც ნაკლებად მომაბეზრებელი გახდა ჩემთვის, პირიქით, დავმეგობრდით, მგონია.. 
ყველამ მიმატოვა, ყველამ... წუხელისაც მომიკითხეს, საოცარი სიტყვებით მისურვეს -ძილინებისაო! - მიყვარხარო!.. შენს გვერდით მიგულეო და მისთანანი... და წავიდნენ!.. მან კი არ მიმატოვა, მთელი ღამე ჩემს გისოსებში ყოფდა გათოშილ თითებს და პლედის გადახდასაც კი ცდილობდა... თუმცა მე ძალიან დაღლილი ვიყავი, ტკივილებთან ნაბრძოლი, მაგრამ არ ვნებდებოდი და  მისგან გაყინულ შიშველ მხრებს მაგრად ვიკუჭავდი, პლედით დაფარვას ვცდილობდი. მსიამოვნებდა მისი შეხება, მისგან თავდაცვა... თვალის ჭრილები ისე მეწვოდა, ძილი ლორწოვანი ბლანტი სითხესავით იღვრებოდა ჩემში. მასაც ვუძალიანდებოდი და დღის ბოლო აკორდებს ჩემში ისე ვაჟღრიალებდი, მინდოდა კიდევ მეტი გამომეწურა, მეტი და მეტი...
თან როცა გეუბნებიან მენატრებიო, შენითაა ეს ცხოვრება ემოციური და საინტერესოცო...  გჯერა?! პრინციპში, ამას აზრიც არა აქვს, გჯერა თუ არ გჯერა. უბრალოდ ეს გჭირდება...
ქარი მომკიოდა, ნუუო... არავის ენდოო, მე უფრო მიყვარხარო, მე სულ შენთან ვარო და გამეტებით მიკრავდა გულში... ამნაირი მოძალადე არავინ შემხვედრია, მისი შემტევი ბუნება მაოცებს. მთელი ღამე ერთად ვიყავით, ძილშიც ვგრძნობდი მის თავზეხელაღებულ ალერსს. მე დავიღალე, ის კი - არა... ჩიტების ჟღურტულმა გამომაღვიძა. ქარი ახლაც ცდილობს ფანჯრის გისოსებში შემოჭრას და ისევ მის ცივსა და გათოშილ თითებს ვგრძნობ მთელ სხეულზე. მასაც უყვარს ხალების ძებნა ჩემსავით! თუმცა ერთის მეტს მაინც ვერ იპოვის?!.. ეძებოს და ეძებოს... დილაც მოვიდა ისევ  ჩემთან, მთელი თავისი ემოციურობითა და მოკრძალებით, ისევ გაცრეცილი მიტკლის თეთრი საღამური აცვია... რამდენი ხანია ასე ვხვდებით ერთიმეორეს უთენია და გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს, აბა რაა... არასოდეს მბეზრდება მისი მოლოდინი და ყოველთვის გახელილი თვალებით, დაცქვეტილი სმენადობით, გულისფანცქალით და უსაზღვრო მადლიერებით ველი... თურმე როგორი მეგობრები მყოლია, მე კი ხანდახან მათ უარვყოფდი, აღარ მსურდა! მას გუშინაც ვუქციე გვერდი და ვაწყენინე... დღეს კი ამ სიტყვებით ვცდილობ მის შემორიგებას, სიყვარულს ამგვარად ვუხსნი. მადლობასაც ასე ვეუბნები...
ქარი მამრობითი სქესისაა, დილა კი - მდედრობითი, რომელიც გაივსება ნაყოფითა და ერთი ლამაზი წელგაზნექილი დღეც ჩამოგდება, რომელიც განწყობებსა და ემოციებს შობს, მრავალგზის...
სახლის სახურავიდან გვრიტები ღუღუნებენ. მეძახიან: ელისაბედო!!!.. ელის-აააა- ბედო?!..
მე სულ ველი ბედს! ველი დიდ გაოცებას, ააააააასე რომ, აღმომხდება ხოლმე და თვითონ სახელს ვგავარ, ანდაც, პირიქით! 
ქარი შემომიძვრა  საწოლში, სასთუმალს მისწორებს და თმებზე მეალერსება... სულ შენთან ვიქნებიო, სულ მემახსოვრებიო, რა ასაკიო, მაგას რა მნიშვნელობა აქვსო! ესეც ამას ჩამძახის!
მეც ვერ ვუძალიანდები მასთან შეყრის მძაფრ სურვილებს, ქარია და!..
მოძალადეადა! გადარეულია და! 
ყველამ მიმატოვა მის გარდა! 
არადა, მზე მჭირდება, დიდი სიყვარული მჭირდება, სადაა მზე? ნუთუ ისიც მოვა?! აქ ნამდვილად არ მოვა, მხოლოდ საღამოს მესტუმრება აქ... ქანცგაცლილი, წასასვლელად გამზადებული...
უნდა ავდგე და ლოჯიის ღია ფანჯარასთან დაველოდო, ისევ იქ. ნამდვილად მოვა და გულში ჩამიკრავს...
    ქარი, დილა და მზე!
ღმერთო, რამდენი მიზეზი მქონია სიცოცხლისათვის!
ვ ი ღ ი მ ე ბ ი... მ ი ხ ა რ ი ა!
     ქარი ისევ ძალადობს და მინგრევს დარაბებს!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge