გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ქეთევან გარაყანიძე - სამი მოთხრობა

                                        
მოთხრობების ციკლი - სოფოს და თათოს ცისფერაივნიანი სახლის ამბები

 
                                         ხარახურა
         სოფოს და თათოს ბევრი სათამაშო აქვთ, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ პატარებს გასართობად სათამაშოებზე მეტად შთაგონება სჭირდებათ.  ასეთ დროს სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შეუზღუდავი არჩევანი აქვთ: უზარმაზარი სახლი სარდაფითა და სხვენით, ბაბუას სახელოსნოთი და საბძელით, ნალიითა და შუაცეცხლის სამზარეულოთი, რომელიც ეზოს სიღრმეში დგას და შენთვის მუდამ ღიაა;  ტყე სახლთან ახლოს და მდინარის მზიანი სანაპირო; კიდევ ბევრი ადგილი, თხრობის დროს თანდათან რომ მომაგონდება.
        წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. აღარ არსებობს მაღაზიები და გასართობი ადგილები. როგორ მოიქცევით? მე არ ვიცი, როგორ მოიქცევით თქვენ, მაგრამ მოგიყვებით როგორ იქცეოდნენ სოფო და თათო.  უკვე მოგახსენეთ, რომ გოგონების ეზოში ბევრი სახელდახელო ნაგებობა იდგა. ამ ფიცრულებსა და მოხურულებში ოჯახში წლების მანძილზე დაძველებულ–მოძულებული ნივთები ინახებოდა, ისეთი, გადასაგდებად რომ დაგენანება, მაგრამ ვერც იმას წარმოიდგენ, ოდესმე გამოვიყენებო. სწორედ ამ ნივთებში ძებნისას აღმოაჩინეს დებმა უძველესი ნახშირის უთო და სახლში სიხარულით მოიტანეს. გახეხებს, დაფერეს, ბუხრიდან აღებული ნაკვერჩხლებით გაავსეს და გაახურეს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიხარა დედამ, რადგან უშუქობის გამო თვეების განმავლობაში დაგროვებულ სარეცხს ერთიანი ძალებით შეუტიეს და ცოტა ხნის შემდეგ კარადა გაივსო გაუთოებულ–გატკიცინებული თერთეულითა და ტანსაცმლით. ძველმანებშივე აღმოაჩინეს ოჯახის ძველი „სიფონი“ თავისი აირის ბალონებით, რომელიც სახლში რომ მოიტანეს, გარეცხეს და დაფერეს, გამართული და მუშა აღმოჩნა. იმ დღიდან სტუმრად მოსულ ბავშვებს საოჯახო ლიმონათი აღარ მოჰკლებიათ, თავად სოფო და თათო ამზადებდნენ უგემრიელეს ლიმონათებს ეზოს მწიფე ხილეულისაგან. ძველმანების ფარდულშივე აღმოჩნდა ვაფლის საცხობი მოწყობილობა, რომელსაც სადენი აღარ ჰქონდა, თუმცა ეს უკანასკნელი საჭირო მაინც არ იყო, რადგან არავინ იცოდა, სოფელში როდის დაბრუნდებოდა  ცივილიზაცია–ელექტროენერგია და წყალი. 
              გოგონებმა იფიქრეს, ბუხარშიც შეიძლება მისი ისე გახურება, რომ ვაფლი გამოცხვესო. ამიტომ სამზარეულოში მოიტანეს, გარეცხეს, დაფერეს და იმავე საღამოს გამოაცხვეს ვაფლის რამდენიმე გემრიელი ფირფიტა. კიდევ ბევრი ნივთი აღმოჩნდა ხარახურაში, რომელმაც გოგონების ცისფერაივნიან სახლში საოჯახო ყოფა შეცვალა.  
სოფოს და თათოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, რა კარგია, როცა მეგობრებს გემრიელი ვაფლითა და ლიმონათით უმასპინძლდები და თან ეუბნები, რომ ეს ხელსაწყოები საკუთარი სახლის სხვენსა და სარაიაში აღმოაჩინე, რომ მათი არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.  დამიჯერეთ, ამ დროს მეგობრების სახეების დანახვას არაფერი სჯობს. არ გჯერათ? მისწერეთ სოფოს და თათოს, ისინი თავად გიამბობენ ცისფერაივნიანი სახლის უცნაურ ამბებს: sofoandtato@gmail.com



ამბავი წიგნებზე
I თავი-ჩემი წიგნი
 
        ერთხელ დასურათებული წიგნები გვაჩუქეს. საჩუქრები დედამ მისაღები ოთახის დიდ მაგიდაზე დაალაგა და გვითხრა, ამოირჩიეთო.  არჩევანი პირველად სოფომ გააკეთა და ის წიგნი აიღო, რომელსაც ფერადი და ძალიან ლამაზი ნახატებით შემკული ყდა ჰქონდა, მე კი მეორე წიგნი მერგო, რომლის გარეკანი იუწყებოდა, რომ მისი ავტორი სამუილ მარშაკია და შიგ საყმაწვილო იგავ-არაკები წერია.
როცა ხელში დიდი და ლამაზი ილუსტრაციებით მოხატული წიგნი გიჭირავს, აუცილებლად მოგინდება, გადაფურცლო. 
     მისაღები ოთახის საყვარელ კუთხეს მივაშურე, ძველ სარკიან მაგიდას მივუჯექი (გვერდით ჩემი პატარა და სოფო მომიჯდა),  წიგნის ლაპლაპა ყდას ფრთხილად გადავუსვი მარცხენა ხელი, გადავშალე და ხმამაღლა დავიწყე კითხვა.
პირველი იგავ-არაკი ასე იწყებოდა:
„საახალწლოდ, სადიდკაცოდ ლავაშების გარდა,
დედაბერმა გამოაცხო ადლიანი ქადა“....
ახლაც მახსოვს სოფოს სახის გამომეტყველება, ოდნავღიმილიანი ბაგეები და მოციმციმე თვალები თითქოს რომ მეუბნებოდნენ: გააგრძელე კითხვა, რა მოხდა მერე?!
ისევ წიგნის იმ გვერდს დავხედე, რომელზეც მოხუცისა და ქადების ამბავი ამოვიკითხე, მაგრამ ჩემი ყურადღება ახლა ილუსტრაციამ მიიპყრო. 
აქ მხატვარს უშველებელი მაგიდა დაედგა, რომელზეც ცომის გუნდები იყო გაშლილი. მაგიდასთან კი თავწაკრული ფუმფულა ბებო იდგა, რომელსაც ხელში ცომის გასაბრტყელებელი ეჭირა და უკმაყოფილო ჩანდა. 
-ნეტავ, რაზე ბრაზობს?-გავიფიქრე და კითხვა გავაგრძელე. 
„კარზე იდგა შემოდგომა, ზუზუნებდა ქარი,
ადე, კარი დახურეო,
საწოლიდან გასძახოდა ცოლს უქნარა ქმარი“...
სოფო ჩემკენ გადმოიხარა და თვითონაც ჩარგო თავი წიგნში. 
-ბებო ქადებს აცხობს, ბაბუა წევს, რა მოხდება, რომ ადგეს და კარი დახუროს?-მკითხა მან.
-იქნებ ადეს კიდეც, მოდი წავიკითხოთ და გავიგებთ-ვუთხარი მე. 
-კარგი, აბა, წაიკითხე!-დამაჩქარა სოფომ.
ახლა წავიკითხე, რომ ბებოც ჯიბრზე დადგა და თავის მოხუც ქმარს გასძახა:
„არ გამოვალ, არ დავხურავ კარსო,
მე ისედაც თავსაყრელი საზრუნავი მაქვსო“....
ჩავფიქრდი.
მართალია ბებო (გავიფიქრე ჩემთვის), სოფომ კი, თითქოს გაიგონაო, კვერი დამიკრა. 
-ეს ბაბუა  როგორი ზარმაცი ყოფილა, ხომ არის ღირსი, რომ ბებომ ქადები აღარ გამოუცხოს?!
პირველი გვერდი გადავფურცლე და მეორე გვერდზე გაშლილ ილუსტრაციას დავხედე. საშიში ამბავი ჩანდა. წარმოიდგინეთ აივანი, საიდანაც სახლში ორი შავნიღბიანი კაცი ძვრება.  საჩვენებელი თითი პირველი სტროფის პირველ ტაეპს დავადე. აქ გავიგე, რომ მოხუცებს სანაძლეო დაუდიათ:
„ვინც პირველი იტყვის სიტყვას,
ის დახურავს კარსო“...
კარი ღიაა. 
გარეთ წვიმს და ქარი ქრის. 
როგორ გინდა, დაეხმარო მოხუცებს, რომლებმაც თურმე არ იციან ჯიუტი თხების ამბავი!
-ესენი ვინ არიან?-მკითხა სოფომ,- რა უცნაურად გამოწყობილი სტუმრები ეწვივნენ მოხუცებს!
-ესენი? ჩემი აზრით ქურდები არიან-განვუმარტე მე და კითხვა გავაგრძელე. 
ის ნიღბოსნები აივნიდან სახლში გადავიდნენ, მოხუც ცოლ-ქმარს რაც გააჩნდათ ხურჯინში ჩაყარეს, ქადებიც გადასანსლეს და წავიდნენ, მაგრამ წასვლამდე თქვეს: რა უგემური ქადები იყოო, რაზეც ბებო გაბრაზდა და მიაძახა: პირში გემო არ გქონიათო და წყევლა-კრულვა მიაყოლა მძარცველებს. 
„სანაძლეო წააგეო“, გაიხარა ბაბუამ და მოგუზგუზე ბუხრის პირას საზეიმო დავლური დასცხო.
ბებომ, რადგან სანაძლეო წააგო, კარი დახურა. სახლში ქარი აღარ ქროდა, ოდნავ დათბა კიდეც... 
ხასიათი წამიხდა:
- ქურდებისთვის აცხო ბებომ ქადები?! -ვფიქრობდი ჩემთვის, სოფო კი იდგა ჩემ გვერდით, დაჰყურებდა ილუსტრაციას (შავნიღბიანი კაცები რომ აივანზე ძვრებოდნენ) და დუმდა. 
  ზაფხული იყო. გარეთ არც წვიმდა, არც ქარი ქროდა, მაგრამ ჩემმა დამ მითხრა: წავალ, კარს დავხურავ, მერე კი ჩემი წიგნი დავათვალიეროთ!

II თავი
სოფოს წიგნი

ფერადყდიანი ულამაზესი ილუსტრაციებით დამშვენებული სოფოს წიგნიც იგავ-არაკების კრებული აღმოჩნდა, მისი ავტორი კი ივან კრილოვი იყო. 
წიგნის ყუაზე ეწერა, რომ აქ მოთხრობილი ყოველი ამბის მთარგმნელი დიდი პოეტი აკაკი წერეთელია.
მოწიწებით გადავფურცლეთ ფერადი ყდა, მერე-პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე გვერდები, რომლებზეც საინტერესო რამეები ეხატა, თუმცა ჩვენი ყურადღება მეექვსე გვერდმა მიიპყრო. რატომ? ახლავე გიამბობთ. 
აქ ტექსტი პატარა იყო, ილუსრტაცია კი უზარმაზარი. წარმოიდგინეთ, თქვენს თვალწინ როგორ იშლება დიდი ქალაქის ხედი ქუჩებით, შესახვევებით, დიდი და პატარა სახლებით, მაღაზიებით, ქარხნებით, თონეებითა და საფუნთუშეებით,  ქალაქის თავზე კი უშველებელი ბუზი ფრინავს, რომელსაც  საცეცებით საფულე უჭირავს. 
-ნეტავ, აქ რა ხდება?-გავიფიქრე მე.
-ბუზი და საფულე?!-გაუკვირდა სოფოს. 
-მერე რა მოხდა, ეს ხომ იგავ-არაკია? ასეთ მოთხრობაში ყველაფერი შეიძლება ამიკითხო!-შეძლებისდაგვარად განვუმარტე ჩემსდას ჟანრის თავისებურება.
-აბა, წაიკითხე, რა წერია!-დამავალა სოფომ. 
საჩვენებელი თითი ისევ დავადე იმ ერთადერთი სტროფის (რომელიც წიგნის ამ გვერდზე ეწერა) პირველ ტაეპს და წავიკითხე:
„ბუზმა, ბუზმა, ბუზანკალამ, ფრთაკანკალამ, გულკანკალამ,
ჩაუარა საპურეს და იპოვა საფულე...“
-უპოვნია. ალბათ ქუჩაში ვიღაცამ დაკარგა-საშინლად შეწუხდა სოფო. 
-თუ ვიღაცამ არ დაკარგა, შენ როგორ უნდა იპოვო?-ჭკუაშიჩავარდნილის ინტონაციით განვმარტე დაკარგულის პოვნის არსი და ფილოსოფია, მერე სოფო გავკიცხე:
-ნუ მაწყვეტინებ, ხომ უნდა გავიგოთ, მერე როგორ მოიქცა ეს ბუზანკალა მეთქი და კითხვა გავაგრძელე!
„საფულეში ფულია, ბუზი მხიარულია...“
აქ უკვე თავად გადავწყვიტე მცირე პაუზის გაკეთება და წაკითხულის გაანალიზება. სოფო კი დუმდა.
-როგორ ფიქრობ, რას იზამს ბუზანკალა?-ვკითხე მას.
-საფულის პატრონს მოძებნის. ქალაქს გადაუფრენს და დაინახავს, ვინ ეძებს დაკარგულ ნივთს,-შემომთავაზა თავისი ვერსია სოფომ. 
-არ იზამს მაგას, ზუსტად ვიცი, არ იზამს, ნახე რა წერია, „ბუზი მხიარულიაო“, გამოვთქვი ჩემი ვარაუდი და მომდევნო გვერდზე გადავშალე. ამ გვერდზე მდიდრული სუფრაა გაშლილი და მის გარშემო სხედან: ხარაბუზა, ხოჭო, კალია, ჭრიჭინა და კიდევ ორი ბუზი, ალბათ ბუზანკალას უახლოესი მეგობრები.
ნიშნისმოგებით გავხედე ჩემს დას, რომელსაც სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა. გულგატეხილს წააგავდა.
-მე რა გითხარი?-ვკითხე სიცილით. 
-საფულე პატრონს არ დაუბრუნა, რას ვიფიქრებდი!-ჩაილაპარაკა სოფომ.
-არ იდარდო, შეიძლება არ დაუბრუნა, მაგრამ, ნახე, ნაპოვნი ფული კეთილ საქმეს მოახმარა, მეგობრები მოიწვია!-დავამშვიდე სოფო.
ამის შემდეგ კიდევ დიდხანს ვიკითხეთ ბუზანკალების, ვირების, კალიებისა და ჭრიჭინების ამბები, მაგრამ ამ საოცარი წიგნიდან კიდევ ერთი ბიჭის ისტორია მაგონდება, რომელსაც ბანაობა ეჯავრებოდა, რის გამოც თმა ისე გაებურძგლა, უშველებელი მაკრატლით ძალისძალად გაკრიჭეს, მაგრამ ამ იგავის წაკითხვაზე სოფომ უარი განაცხადა, ამიტომ, სჯობს, აქვე დავივიწყოთ...
ალბათ მკითხვათ, ისევ მაქვს თუ არა ეს ორი წიგნი. არა, აღარ მაქვს, რადგან ორივე წიგნი მეტისმეტი სიყვარულის წყალობით ჯერ გაიცრიცა, მერე კი გაქრა.
                                             ჩონგურის გაკვეთილები
    ბაბუა მომღერალი იყო. ახალგაზრდობაში სხვადასხვა გუნდებში მღეროდა, მაგრამ როცა მოხუცდა, ამ საქმეს თავი დაანება. მე და სოფოს სიმღერის დასწავლისა და სცენაზე გამოსვლის შეფარული სურვილი მუდამ გვქონდა. ხშირად ვაკეთებდით სახელდახელო მიკროფონებს და ჩვენი სახლის კიბის ქვეში მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ვენაცვლებოდით, მაგრამ ეს საქმე მაინდამაინც კარგად არ გამოგვდიოდა, რადგან გენეტიკამ გვიმტყუნა. 
    ერთ დღეს მამას ჩონგური აჩუქეს. მან ეს საოცარი ნივთი მოწიწებით მოიტანა სახლში და ბაბუას უთხრა: -ახლა საჩონგურო კომპოზიციებსაც მივხედოთო. ბაბუას გაუხარდა. მახსოვს, ბუხრის პირას იჯდა და ზურგით ეფიცხებოდა მოტკრციალე ცეცხლს. ჩონგური აიღო და სიმებს ჩამოჰკრა. მერე რაღაც არ მოეწონა და ერთ-ერთ სიმზე დაიწყო თითის გასმა, თან კოჭებს, რომლებიც ჩონგურის ტარზე იყო გამწკრივებული აქით-იქით ატრიალებდა. მე და სოფო პატარა სკამებზე ჩამოვსხედით, იქვე ბუხის პირას და აღტაცებით ვადევნებდით თვალს ამ საოცარ რიტუალს. მაშინ არ ვიცოდი, რას აკეთებდა ბაბუა, მაგრამ კოჭებს რომ ხელი გაუშვა და თითები სიმებს ჩამოჰკრა, მივხვდი, რომ ეს საოცარი ნივთი იმაზე უკეთესი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. ბაბუამ ხმა ჩახველებით გაისწორა და დაიწყო:
დილა არის ცა ლაჟვარდი,
მზისა სხივით იფერება,
და ქურდულად მიმალულა
თვით მთვარე და ვარსკვლავთ კრება
    გეფიცებით, ამ სიტყვების ჯადოსნური მომხიბვლელობა არაფერია იმასთან შედარებით, რა ხმასაც სიმები გამოსცემდა. მონუსხულივით ვიჯექი, ბაბუას შევცქეროდი და ვცდილობდი, არც ერთი სიტყვა და არც ერთი ბგერა არ დამეკარგა ახლა ჩემთან ამ თეთრ გამჭვირვალე ძაფებს რომ მოჰქონდა. 
   ბაბუა მღეროდა იმის შესახებ, თუ როგორ თენდება გურიაში, როგორი შემპარავია აქაური ცა, როგორ ყვავილობს ბუნება და როგორ ემზადება სამეჯლისოდ. სიმღერას რომ მორჩა, შემოგვხედა. ჩვენ რომ გვიყურებდა, თვალები ვარსკვლავებივით უციმციმებდა. ახლაც ასე შემოგვხედა და გვკითხა: 
-ბაბუ, გასწავლოთ ეს სიმღერა? 
     ამაზე უკეთესი კითხვა, ვფიქრობ, კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს დასმულა. გული ისე ამიჩქარდა, მეგონა ყელში მომებჯინდა. მერე, მახსოვს, თავს ძალა დავატანე და გული ისევ საგულეს დავაბრუნე. ბაბუამ გვითხრა, რომ სიმღერა სამ ხმაში უნდა შესრულდეს. ტონებიც მოგვცა. 
     არ ვიცი, ვმღეროდი თუ არა სწორად ან სოფო როგორ მღეროდა თავის ხმაში, მაგრამ საღამოს მე, ჩემი და და ბაბუა გადარეული ბუხრის პირას ჩონგურზე ვამღერებდით დასწავლილ მელოდიას.  ფანჯრიდან მოჩანდა მცხრალი მთვარე, რომელიც მარტო არ იყო, თან თავისი გუნდი ახლდა. ასე მგონია, ეს გუნდი იმ წუთს ჩვენთან ერთან ასრულებდა ამ საოცარ სიმღერას, მთვარე კი ვარსკვლავების ტონებს ანაწილებდა. 
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge