გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირინოლა გურული - ლექსები



ჩემი ნატვრის ხე 

იმერეთიდან გურიის გზაზე,
საჯავახოსთან ნატვრის ხე რომ დგას,
ფიქრის ფერადი ნაფეხურები
ქარს გატანებულ ოცნებებს მოჰგავს...
ააშრიალებს ნატვრის ხეს ცელქი,
მოუსვენარი ოცნების ქარი,
ისევ და ისევ იალებს ფერფლი,
მოგონებების იხსნება კარი...
რამდენ ფიქრს იტევს ნატვრის ხის ტოტზე
გულგაწეწილი ბაფთა ფარფატა,
ნატვრის ხეს ესმის და ნატვრა შენი
ბავშვობის ფიქრებს ამოახატა...
და წლების მერე იმ გზაზე ჩავლილს,
შეგეფეთება ფერმრკთალი ბაფთა.
სევდით შეავლებ ოცნებას თვალებს,
იქ,ნატვრის ხესთან,ერთ დროს რომ დაგრჩა...
იმერეთიდან გურიის გზაზე,
საჯავახოში ნატვრის ხე რომ დგას,
ნატვრის ფერადი ნაფეხურები
ქარს გატანებულ ოცნებებს მოჰგავს....


იყო სიტყვა, იყო ღმერთი

რად მინდოდა ფრთები,ღმერთო,
თუ ცას რკინის ბადე ედო...
რატომ მომეც სიტყვა წრფელი,
თუ ამ ზამთარს ვერ ვუშველი.
სიყვარული ვერ გავბედო,
თუ სხვას მიაქვს ჩემი ერდო,
თუ ვყივი და ვერ ვათენებ,
თუ გატეხილს ვერ ვამრთელებ...
თუ მტკივა და ტკივილებში
ვერც ვკვდები და ვერც ვილევი.
მონატრებას ვეურჩები,
ვერც გავურბი, ვერც ვურჩები.
რატომ მომეც გული,ღმერთო,
თუ სიყვარულს კლიტე ედო!
ვფრინდი, ვფრინდი,ვერ გავფრინდი,
საკუთარ თავს გავუფრინდი.
დამაქვს ფრთები, ვერ ნაფრენნი,
სიყვარული ვერ ნაშველი,
სიტყვა მახრჩობს ვერნათქვამი,
ზღვის ზვირთებად მექცა ნამი!
ღმერთმა მითხრა: თუ იბადე,
რად გაშინებს ზეცის ბადე?!
ცას მოგლიჯე, გაისარჯე,
კიბეებად გადაადნე!
სადაც დაივანებს ბნელი,
სიტყვით გასჭერ, გაუძელი!
იყო სიტყვა, იყო ღმერთი,
მე კი ღია კარებს ვტეხდი...


ქალს

ქალს, შვლისთვალებას, ქალს გაზაფხულს,
ქალს საფერებელს, ქალს ზღვის შესადარს,
მუზის, ფიქრის, ცისფერ საკინძეს.
ქალს, მზის სხივებში ჩაკარგულს და სულის შესაფარს,
ქალს, ქარებსა თუ ქარიშხლებში მუდამ აპრილეთს.
ქალს, იმედების წარმომშობს და გამოზამთრებას...
ქალს, ლოცვასავით აალებულ სანთელს და ლამპარს,
ქალს, ღიმილებით, ავდარების გამოდარებას 
ქალს ,გაზაფხულად დაბადებულს,
ყვავილის სადარს...
შენ მშვენიერო, ლამაზო და ფერად ფერადო,
შენ ვისაც გქვია, ბებო, დედა, და, ანდა სატრფო,
შენ, ცისთვალებავ, სურვილო და გრძნობის მკერავო,
მინდა აგიხდეთ ყველა ნატვრა, რასაცა ნატრობთ...
გქვიოდეთ ქალი, არ დაგჭირდეს ოღონდ ის სიტყვა,
თქვენს სიფერადეს ფურისულის ჰქონდეს იერი,
გერქვათ სულიკო, სიხარული, ცხოვრება, სუნთქვა,
არ დაგიძახონ, არ დაირქვათ მხოლოდ ძლიერი...
მხარს გიმაგრებდეთ სიძლიერით რჩეული ქმარი,
ათასჯერ მეტად კაშკაშებდეთ თქვენი ქალობით,
გერქვათ დიდედა, დედა, სატრფო, ცოლი და ქალი,
ძლიერი გედგეთ გვერდით კაცი მამაკაცობით...
        

სულელი

ალბათ სულელს მიწოდებ,
ისე ბევრი ვითმინე,
ბოროტება ამ თმენით
მტრად რომ გადავიკიდე.
ალბათ სულელს დამარქმევ,
გული შემრჩა რადგანაც,
რადგან უიმედოც კი
იმედის გზას ვადგავარ...
დამიძახებ სულელს შენ,
დღემდე მჯერა ზღაპრების...
და გზადაგზა დაკარგულს,
სიყვარულად დაგხვდები.
გიკვირს, როგორ, საიდან...
სასიმღერო ძალას ვკრებ
და გადამხმარ მინდორში
ია-იებს სადა ვკრეფ...
ხშირად თოვს და ქარიშხლებს
ერთ სულს როგორ ვარიდებ,
როცა უნდა ვტიროდე,
სულ ღიმილებს ვარიგებ.
დამიძახებ სულელს შენ,
მე კი დიდი ღმერთი მყავს,
რადგან ვერ დამიმსგავსა,
ბოროტება ვერ მიტანს...
დილა მზიდან დილამდე,
ლექსებს ვწერ და ვიწვები,
ასე შენ ჭკვიანი და 
მე ,,სულ-ელი“ვიქნები.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge