გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლუკა დვალიშვილი - გერმანული და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა საფლავები სოფელ სულორში



  ცნობილი ფაქტია, რომ ფაშისტური გერმანიის მთავრობამ საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო ფიქრი და შესაბამისი გეგმის შემუშავება, რომ ომის დაწყების შემთხვევაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, თავის დროზე ძალის გამოყენების გზით შეყვანილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რაც  შეიძლება მეტი მომხრე გაეჩინა და მოეწყო ანტისახემწიფოებრივი გამოსვლები.
  მტრის ზურგში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობის კორდინაციისა და გააქტიურებისთვის ფაშისტური გერმანიის მთავრობამ შექმნა სპეციალური სადაზვერვო ცენტრი: მშვიდობისმოყვრული სახელწოდებით ,,უნტერნემენი ცეპელინი“ (საწარმოო, (კომპანია) ცეპელინი).
გერმანიის მთავრობა არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობდა, რომ საბჭოეთთან ომის შემთხვევაში, ანტისაბჭოთა გამოსვლებისთვის, მოკავშირე რესპუბლიკებიდან ყველაზე უფრო,საქართველოს მოსახლეობის ერთი არცთუ უმნიშვნელო ნაწილის აყოლიება-წაქეზებისთვის ყველა პირობა არსებობდა. ჩვენი ვარაუდით, ზემოთქმული ფიქრის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებაშიგერმანელებს დიდი დამსახურება მიუძღვით. ფაქტია, რომ შემდეგშიც სუვერენული საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტად, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამდე, ისევ  გერმანია იყო.
  1921 წელს უცხოეთში გახიზნულ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობისა და ემიგრაციის წარმომადგენლების ერთ დიდ ნაწილს რეგულარული, აქტიური კონტაქტები ჰქონდათ გერმანიის ხელისუფლებასთან და, მეორე მსოფლიოომის  დაწყების პირველ ხანებში, მაინც, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში მათ დახმარების დიდი იმედი ჰქონდათ. შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, გერმანის მთავრობის ინციატივითა და ქართული ემიგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილის აქტიურობით, შეიქმნა განსაკუთრებული დანიშნულების დანაყოფი თამარ 1, რომელიც დაკომპლექტებული იყო ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებისგან, ხოლო 1941 წლის ოქტომბერში, ყოფილი საბჭოთა ტყვეებისაგან შეიქმნა სადაზვერვო-დივერსიული ბატალიონი თამარ-2. მოგვიანებით ფრონტზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თამარ - 1 და თამარ - 2 გაერთიანდა და მათ დაეკისრა საქართველოში აჯანყების მომზადება.
   რა თქმა უნდა,გერმანიის თავდასხმისაგან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისად ემზადებოდა საბჭოთა კავშირიც. როგორც ირკვევა, საბჭოთა მთავრობა, სტალინის მეთაურობით, უფრო რეალურად აფასებდა იმდროინდელ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, ვიდრე 1933 წელს გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოსული ნაცისტები. პირველ მსოფლიო ომში დამარცხების გამო მეზობელი და არა მარტო მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რევანშისტულად განწყობილი ფაშისტური გერმანიის მეთაური, ადოლფ ჰიტლერი, ყოველგვარი პოლიტიკური რევერანსებისა და ფორმალობის გარეშე ღიად აცხადებდა: ,,როდესაც ამჟამად ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპის ახალ მიწებზე, ჩვენ პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს რუსეთი და მის დაქვემდებარებაში მყოფი განაპირა მხარეები (საქართველოს ისტორია, ტ. 4. გვ. 365). როგორც ზემომოყვანილი ციტატიდან ირკვევა, ჰიტლერი ხაზგასმით აცხადებდა, რომ მას ძალიან აინტერესებდა რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი განაპირა მხარეები. ფაქტია, რომ თავისი განსაკუთრებული სტრატეგიულ-პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და გეოგრაფიული მდებარეობის გამო  რუსეთის განაპირა მხარეებიდან გერმანელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი იყო საქართველო და აზერბაიჯანი. ორ ზღვას შორის მდებარე ეს ქვეყნები: საქართველო თავისი მოხერხებული პორტებითა და აზერბაიჯანი ბაქოს უზარმაზარი ნავთობის მარაგებით გერმანიის სამხედრო მანქანის საჭირო და გემრიელ ლუკმას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, იმდროინდელი მსოფლიო პოლიტიკური ელიტა, რომელიც მალე სერიოზულ გართულებებს მოელოდა გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, გარკვევულწილად დააბნია 1939 წლისსაბჭოთა კავშირ-გერმანიის თავდაუსხმელობის პაქტმა, რომლითაც ამ ორმა მილიტარისტულმა სახელმწიფომ ფაქტიურად ერთმანეთში გადაინაწილა გავლენის სფეროები, თუმცა როგორც შემდგომმა მოვლენების განვითარებამ ცხადყო, ეს ორი მრისხანე სამხედრო მანქანა მოძრაობაში იყო მოყვანილი და ადრე თუ გვიან ერთმანეთს დაეჯახებოდა.
მართლაც, 1941 წლის ივნისში, საბჭოთა კავშირთან ომის დაწყების შემდეგ, უკვე 1942 წლის ზაფხულში ფაშისტური გერმანიის მთავრობამ აქტიურად დაიწყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მათ შორის საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადმოსმა. როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია მითითებული, 1942 წლისათვის გერმანიის სპეციალურ სადაზვერო სკოლებში და კურსებზე სწავლობდა რამდენიმე ათასი კაცი. სკოლებში სწავლა გრძელდებოდა  თვენახევრიდან 3 თვემდე. 
  ,,ცეპელინის“ გეგმის მიხედვით, გერმანელებმა ქართველ ,,დივერსანტ პარაშუტისტთა“ პირველი ჯგუფი საქართველოში გადმოისროლეს 1942 წლის ზაფხულში, სავაუდოდ აგვისტოში. ჯგუფების გადმოსროლის ამ ოპერაციას კოდურ სახელწოდებად ,,ნინა“ მიენიჭა. სოფელ სულორის მთებში (ვანის მუნიციპალიტეტი) გადმოსროლილი ქართველ ტყვე-მეომრებისგან დაკომპლექტებული 8 კაციანი რაზმი, გერმანიის  სამხედრო თვითმფრინავით, სავარაუდოდ, თურქეთის ტერიტორიიდან შემოფრინდა. როგორც ირკვევა, გერმანულმა თვითმფრინავმა ფრენა ღამით განახორციელა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულორის მთებში, საზაფხულო საძოვრებზე მყოფი მწყემსები და ტყის მჭრელები მათ ადვილად შეამჩნევდა. დღესაც ბევრი ჭარმაგი ადგილობრივის თქმით, სოფელ სულორის ახლოს გადმოსმულ ქართველ სამხედრო ტყვეებისგან შედგენილ რაზმს გერმანიის სპეციალურ ბანაკებში გერმანელებთან ერთად წვრთნებს უტარებდა და შესაბამის მითითებებს აძლევდა დივერსანტების მომზადების ბანაკში მყოფი, საბჭოთა სამხედრო ტყვე, სოფელ სულორის გერმანული ენის ყოფილი მასწავლებელი - ერასტი დვალიშვილი. უცნობია ადგილობრივებს საიდან ჰქონდათ ასეთი ინფორმაცია. ასევე არავინ იცის, როცა პარაშუტისტები სულორის მთებში გადმოსხეს, ერასტიც იმყოფებოდა თვითმრფრინავში და იმავე თვითმფრინავით უკან გაბრუნდა თუ არა. ამ ფაქტის შემდეგ ამ პიროვნების შესახეხ ინფორმაციები არ იძებნება.
     როგორც თვითმხილველთა ნაამბობიდან ირკვევა და შესაბამისი დოკუმენტური წყაროებიც ადასტურებენ, ყოფილ ქართველ სამხედრო ტყვეებისგან დაკომპლექტებული პარაშუტისტთა ჯგუფი სოფელ სულორის მთებში, ალპურ საძოვრებზე, სანისლია-სახადი-საყივარას გორაზე გადმოსხეს. ეს მთაგრეხილი მართლაც ულამაზესი და სტრატეგიულად მოხერხებული ადგილია. მოწმენდილ, დარიან ამინდში თითქმის მთელი კოლხეთის დაბლობი და ქალაქი ქუთაისი ხელისგულივით ჩანს აქედან. მთიდან დაშვებული ჯგუფის წევრები, როგორც გეგმით ჰქონდათ გათვალიწინებული, შეიკრიბნენ სოფელ სულორის განაპირას, ხახუტაშვილების უბნის ბოლოში, კაკოურეს გორაზე. სოფელში ჯერ კიდევ არიან ჭარმაგი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ  შეხვედრიან გულკეთილ და ხელგაშლილ ქართველ მეომრებს. ჯარისკაცებს გულუხვად, შოკოლადებით და სხვა ტკბილეულით დაუსაჩუქრებია ადგილობრივი ბავშვები. სოფლელებსაც თავის მხრივ ღვინო, ხილი და პროდუქტები მიუტანიათ საქართველოს ხილვით გახალისებულ თანამემამულეეებთან. დღესაც კი წლებით დამძიმებული გლეხები სიამოვნებითა და გულისტკივილით მოგვითხრობენ მათთან შეხვედრაზე. კაკოურას გორაზე შეკრებილები ,,ვითომცდა დივერსანტი პარაშუტისტები“ თავისი ნებით ჩაბარდნენ ადგილობრივ საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელმაც, თავის მხრივ, არ დაინდო ისინი. თვითმხილველთა თქმით, გერმანელთა ტყვეობაში მყოფი უდანაშაულო ქართველი მეომრები ჯერ ვანის რაიონის ცენტრში ჩაიყვანეს, მერე სასწრაფოდ უკან დააბრუნეს და სოფელ სულორის ცენტრიდან ახლოს, მდინარესულორის ნაპირთან, ხვედელიძეების უბნის გამოღმა მხარეს, ძალით თუ ნებით შეკრებილ-მოგროვილ ხალხის თვალწინ დაუნდობლად დახვრიტეს. ერთ-ერთი ჭარმაგი რესპონდენტის თქმით: ,,დაპატიმრებულები ფიზიკურად ძალიან ლამაზი, წარმოსადეგი  ბიჭები იყვნენო“. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პარაშუტისტებს ჩექმების სარჩულში ჰქონდათ დამალული ასაფეთქებელი ობიექტების გეგმა და ძალიან ბევრი ფული. ერთი ვერსიით, რაიონიდან ამოყვანილ დაპატიმრებულებს თან ამოჰყვათ 7 სამხედრო პირი. დასახვრეტად განწირულ ჯარისკაცებს საკუთარი საფლავები თურმე თვითონვე გაათხრევინეს წინასწარ. რადგანაც 8 კაცი უნდა დაეხვრიტათ და ამ საქმის შესასრულებლად კი 7 სამხედრო პირი იყო განმწესებული ცენტრიდან,  მერვე კაცად დაუმატებიათ სოფელ სულორში არსებული დივერსანტების წინააღმდეგ მებრძოლი გამანადგურებელი ბატალიონის ადგილობრივი წევრი. როცა ავისმომასწავებელი ზალპის ხმა გაისმა 7 დატყვევბული ადგილზევე ჩაიკეცა თურმე, მერვეს კი შეგნებულად ააცილა გამანადგურებელი ბატალიონის წევრმა. გადარჩენილი ისევ სამხედროებმა დავხრიტეს თურმე. ვანის რაიკომის მაშინდელ  პირველ მდივანს საკონტროლო სროლებით მედიდურად დაუსრულებია ეს ამაზრზენი პროცესი და შეკრებილ საზოგადოებას, მიტინგის ბოლოს მკაცრად განუცხადა თურმე, რომ ყველა მოღალატეს ასე დავსჯითო. ცხრა ათეულ წელს გადაცილებულმა რესპონდენტმა დაბეჯითებით დაადასტურა, რომ სოფელ სულორში, დივერსანტებთან მებრძოლ გამანადგურებელ ბატალიონის შტაბთან, არსებობდა  უმცროსი ოფიცრების მოსამზადებელი სკოლა, რომელშიც მეც ვსწავლობდიო. მისი თქმით, გამოსაშვები გამოცდის დროს, რუსულ წერაში შეგნებულად აკლებდა ასოებს საკონტროლო დავალებას. ამით გადაურჩენია თავი ფრონტზე გაწვევისგან. ,,ამიტომ ,,დამბრაკეს“ და სკოლის დარაჯად გამამწესესო.“ ასე შეეწირა 8 ქართველი ახალგაზრდის უდანაშაულო სიცოცხლე ადგილობრივი ხელისუფლების სულსწრაფობას, რამეთუ ზოგიერთი ადგილობრივის თქმით: დახვრეტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ცენტრიდან ბრძანება მოვიდა ტყვე პარაშუტისტების დასჯა, ვითარების საბოლოო გარკვევამდე, გადაედოთ, მაგრამ ყველაფერი უკვე გვიან იყო.
      ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა რეპრესიული სახელმწიფო მანქანის მუქარის მიუხედავად, ამ ადგილას მცხოვრებმა აკაკი ხელაძის ოჯახმა, ვის ნაკვეთშიც დახვრიტეს სამშობლოს მონატრებული უიღბლო ჯარისკაცები, მოუარა და უპატრონა ტრაგიკულად დაღუპულ უდანაშაულო ქართველი ახალგაზრდების საფლავებს. მოგვიანებით, ამ ოჯახის უფროსმა ვაჟმა, ზურაბ ხელაძემ, კიდევ უფრო ღირსშესანიშნავი გახადა აქაურობა და შესაბამისი მემორიალური დაფითაც შეამკო უიღბლო ჯარისკაცების საფლავები. ზურაბ ხელაძე უდავოდ დასაფასებელი, გამორჩეული, საპატივცემულო კაცია. მაშინდელი და ახალი ეპოქის ფონზე არაჩვეულებრივად გულისხმიერი ადამიანი. დღეს, როცა ჩვენი დღევანდელი, მეტწილად ანტისახენწიფოებრივად და ანტისაზოგადოებრივად განწყობილი პრესა-ტელევიზიები, საეჭვო სიტუაციებში,  ,,წამდაუწუმ ნახულობენ“,,გმირებს“ და დაყენებული პოზა-ტონითა და ცრუ პათეტიკით წარუდგენენ  საზოგადოებას. ზურაბ ხელაძისნაირი კაცების დამსახურება ხშირად ამ და იმ ეპოქაშიც მიჩქმალულ-დაუფასებელია. რატომ?! ალბათ მძიმე თავთავის თავდაწეულობის გამო....
      საქართველოში ბევრი ლამაზი სოფელია, მაგრამ, ვფიქრობ, სულორი (ყოფილი სოფელი დვალიშვილები ლ. დ.) ბუნება-კლიმატით ერთ-ერთი ყველაზე შემკული და გამორჩეულია. იგი თავისი უმშვენირესი ბაღ-ვენახებით, მდიდარი ტყეებით, ცივი და ცხელი წყაროებით, კალმახიანი, ანკარა მდინარით უაღრესად მოხერხებულ სტატეგიულ ადგილზე მდებარე დასახლებული პუნქტი იყო და არის (ამასთან დაკავშირებით იხილეთ ჟაკ ფრანსუა გამბას მრავალმხრივ საინტერესო წიგნი - ,,მოგზაურობა ამიერკავკასიაში“). ანტიკურ პერიოდში,   როცა ვანის აყვავებულ ქალაქ-სახელმწიფოს იმდროინდელი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებთან ინტენსიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა, ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ ახლანდელ სოფელ სულორზე გადიოდა ვანიდან მომავალი სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი დიდი სახმელეთო, სამხედრო და საქარავნო გზა (ყოველივე ზემოთქმული დაადასტურა სოფელ სულორში აღმოჩენილმა ბოლოდროინდელმა მნიშვნელოვანმა არქეოლოგიურმა მასალებმა). 
მდინარე სულორის ხეობაში მდებარე სოფელი მის ირგვლივ ბეძნული ამფითეატრივით წრიულად შემორკალულ მთის კალთებზე გაშენებული და სოფლის ცენტრიც ლამის თანაბარი მანძილითაა დაშორებული კოლორიტულ უბნებს...  გასული საუკუნის 70-80 იან წლებში ჩვენი უბნის (ხახუტაშვილები ლ. დ.) ბავშვებს ძალიან ხშირად გვიწევდა სოფლის განაპირას, აკაკი ხელაძის (ზურაბ ხელაძის მამა) ვაშლების ბაღის ახლოს, უდანაშაულოდ დახვრეტილ პარაშუტისტთა საფლავებთან გავლა. ამ გზაზე იყო სოფლის წყლის წისქვილიც, რომელსაც კვირაში ორჯერ მაინც სიმინდის მარცვლის დასაფქვავად ვესტუმრებოდი.  წისქვილთან მისასვლელ უზარმაზარ, ცალფა კაკლის ხიდის ქვეშ იყო სოფლის ბავშვების საყვარელი საბანაო ადგილი მბრუნავი წყალი, რომელსაც ზემოდან ხეებით დაფარული ცხვირკეხიანი მტირალა კლდე დაჰყურებდა. მაშინაც მიკვირდა და ახლაც განცვიფრებული ვარ, თუმცა გულში მიხაროდა, რომ იმ არაეკლესიურ ეპოქაში, როცა ახლობლის საფლავებსაც კი ბევრი ადამიანი იდეოლოგიის პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეგონების გამო  დიდ ყურადღებას არ აქცევდა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დახვრეტილი, თითქოსდა ,,საბჭოეთისა და პარტიის მოღალატე, ,,სააუგო ხალხის საფლავებს“ გამრჯე და მადლიანი კაცის მუყაითი და მოყვარული ხელი ყოველთვის ეტყობოდა. თეთრად შეღებილ ბოძებზე მავთულბადე კოხტად იყო შემოყოლებული. ღობის შიგნით პატარა შეღებილი მაგიდა იდგა დაფითა და ძელსკამით.  ... დიახ! აქ წყდებოდა ბავშვური ლოგიკის ჯაჭვი!
    საბჭოთა ეპოქაში მიზანმიმართულად, განსაკუთრებით განდიდებული, დაფასებული და პატივგებული იყო მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ადამიანი, რაც თავისთავად ცუდი არ იყო. თუმცა ზოგჯერ აკვიატებული გამორჩევითაც მიაგებდნენ ზოგიერთს პატივს (სამწუხაროდ, ომის მონაწილე მრავალჭირნახული მეომრების არცთუ მცირე ნაწილი, ცრუ ბრალდებით გადაასახლეს კიდეც. ლ. დ). ჰოდა, ამ სტანდარტებით, შეზღუდვებით, დიდი ცენზურის, პარტისა და სახელმწიფოსთვის მიუღებელი განსხვავებული აზრების დევნის ეპოქაში, თითქოს ვერავინ ამჩნევდა სოფელ სულორის განაპირას, მდინარესთან ახლოს, პატარა დაცემულ ვაკეზე, ე. წ. ,,მოღალატე ქართველი პარაშუტისტების“ მოვლილ საფლავებს. ალბათ უდავო ჭეშმარიტებაა ის ქართული ანდაზა, რომელიც ღაღადებს: ,,როგორც ქუხს, ისე არ წვიმსო“. ზურაბ ხელაძე იგონებს: გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა ის ზაფხულის სიცხეში, მდინარის პირას, პარაშუტისტების საფლავების ახლოს, სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, მთებში მდებარე საზაფხულო საზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე მშენიერ ცხენზე ამხედრებული, წარმოსადეგი კაცი დაინახა. ზურაბს არც გაკვირვებია, რადგან ამ გზით ხშირად სარგებლობდენ არა მარტო ვანის, არამედ მიმდებარე რაიონების მწყემსები და ტყისმჭრელები. შეგახსენებთ, რომ ეს ის ცნობილი საქარავნო გზაა, რომლითაც ანტიკური ვანი თავისი აღზევების ოქროს ხანაში უმოკლესი და მოხერხებული გზით სამხრეთ საქართველოს უკავშირდებოდა. 
     ...შუა ზაფხულის მოგვიანო შუადღის ხვატს დაუცხრომლად შერკინებოდა მთის ცივი მდინარიდან მონაბერი დაუოკებელი ნიავი. მზე დასავლეთისკენ გადახრილიყო. გზაზე ზანტად გაწოლილი ჩრდილები დაგრძელებულიყვნენ. ამ ადგილებიდან საკმაოდ დაშორებულ იალაღებზე მიმავალ მგზავრს გვარიანად უნდა ეჩქარა თუ არ უნდოდა, რომ ღრმა ხეობიდან მთის ღრანტეებსა და ქარაფებზე მიმავალ გზაზე, ამ ადგილებში მრავლად მობინადრე დათვებს ან სხვა გარეულ ცხოველებს გადაჰყროდა. ხოლო თუ ადგილობრივებს და ხანდაზმულ მწყემსებს დავუჯერებთ, გვიან ღამით ხეობასა უდაბურ მთებში აუცილებლად შეგხვდებოდა ალი (წყლის ქალი), ქაჯი, ჭინკა, მალადური, ტყის კაცი, მაცუცელა და სხვა არასასურველი ირეალური არსებები. მათ შესახებ ისე მხატვრულად და ამაღლებულად ყვებოდა და ყვება ზოგიერთი ადგილობრივი ,,ერთხელ ისინი მეც შემხვდნენ?!“ (ამასთან დაკავშირებით იხილეთ ჩემი პატარა მოთხრობა ,,ჭინკობისთვის ორი დღე“). 
     ზურაბის გასაკვირად, ბაღში მომუშავე კაცის დანახვისას მთისკენ მიმავალი მგზავრი, რომელსაც მაღალყელიანი რეზინის ჩექმები და თხელი საწვიმარი ეცვა, ნაცვლად აჩქარებისა, უკან მობრუნდა და ნაკვეთში მოფუსფუსე გლეხს გაესაუბრა. აღმოჩნდა, რომ მგზავრი არა მარტო კარგად ერკვეოდა ადგილმდებარეობაში, ისიც კი იცოდა, რომ ამ ბაღში იყო მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ სულორის მთებში  გადმოსმული, კომუნისტების მიერ დახვრეტილი საბჭოთა ტყვე მეომრების საფლავები. ისიც იცოდა, რომ დაწერილი თუ დაუწერელი აკრძალვების მიუხედავად, აქაურობას გულმოდგინედ უვლიდა აკაკი ხელაძის ოჯახი და სხვ.  მოსულმა გულმოდგინედ დაათვალიერა ტრაგიკულად დაღუპული, ტანჯული ჯარისკაცების საფლავები. დამხვდურს გარჯა, მუყაითობა, გარდაცვლილების დაფასება- პატივისცემა მოუწონა და ღიმილიანი სახით შეაქო. აღმოჩნდა, რომ მხედარი ვანის რაიონის პირველი მდივანი - გივი ყიფიანი იყო. კაცი უდავოდ საქმიანი და შესაბამისად სხვისი გარჯა-შრომის დამფასებელიც. სწორედ მისი ხელმძღვანელობით იქნა გაყვანილი ვანის რაიონისა და საერთოდ კოლხეთის დაბლობის მესხეთის ულამაზეს მთათა მასივთან, კონკრეტულად გზაბოძალ, ლამაზ მთასთან, საზაფხულო იალაღებთან, სარეწაო მნიშვნელობის ტყეებთან დამაკავშირებელი გზა, რომელსაც დიდ სასოფლო სამეურნეო სარგებლიანობასთან ერთად, ვფიქრობ, დღესაც დიდი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობაც გააჩნია. სამწუხაროდ, ასე დიდი მნიშვნელობის მაგისტრალი უყურადღებოდ არის მიტოვებული. რაიკომის მდივანმა კიდევ ერთხელ უთხრა მადლობა ზურაბს, თან გააფრთხილა, ის ახლა მაღალ მთებში მყოფი რაიონის მეცხოველეობის ფერმებისა და მწყემსების დასახედად მიდიოდა და, როცა უკან დაბრუნდებოდა, რაიონისა და რესპუბლიკის პარტაქტივის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულებდა დახვრეტილი ჯარისკაცების საფლავებს. ამის შემდეგ მოსული მშვენიერ ცხენზე სასწრაფოდ ამხედრდდა და გვიან ნაშუადღევს შორეულ მთებისკენ, მწყემსების მოსანახულებლად, გულსრულად გაემართა... მცირედი ლირიკული გადახვევა: ნეტავ მთაში გვიან მიმავალ რაიკომის მდივანს რეალურ-ირეალური სამყაროს წამომადგენლები თუ შეხვდნენ?! მეორეც, იმდროინდელ პარტელიტას, რა თქმა უნდა, თავის ცოდვები ჰქონდათ, მაგრამ პოსტსაბჭოური ეპოქის, ერისა და ქვეყნის გულდათუთქული მეწინავენი თუ შეძლებენ ავიდნენ იმ გზით დღეს ცალკ-ცალკე, ანდა ,,ჯგროდ“ თავისი მამულის მთებში ლ. დ.)
ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ზურაბს ადგილობრივი კოლმეურნეობის დირექტორი, წარმოსადეგი და კოლორიტულად მოუბარი კაცი, დაფეთებული სახით ესტუმრა და სთხოვა, საგანგებოდ მომზადებული დახვედროდა სულ მალე დედაქალაქიდან და რაიონიდან მომავალ საპატივცემულო სტუმრებს.  სოფელში სტუმრის დახვედრა ნამდვილად არ ეშლებოდათ და არ ეშლებათ. ჰოდა, გაიშალა დიდებული სუფრა სამაგალითო სტუმარ-მასპინძლობით. პარაშუტისტების საფლავების ზემოთ მშვენიერ კორდზე წყარო გამოდის. გულისხმიერ მასპინძელს წყაროს წყალი მილებით დასასვენებელ მაგიდასთან მიუყვანია. წყაროს გვერდით დაუფლავს მომცრო ჭურიც, რომლისგან გამომავალი მილი მაგიდასთან, წყაროს წყლის ონკანის გვერდით მოუთავსებია. ერთი სიტყვით, ფრიად გაკვირვებულ-განცვიფრებულა და აღფრთოვანებულა ადგილობრივი თუ მოსული სტუმრები. ერთ ონკანს მოუშვებდი წყაროს ყინულიანი წყალი მოდიოდა, ხოლო მეორე ონკანიდან ადგილობრივი ჯიშის ადესას ალისფერი სურნელოვანი ღვინო გადმოედინებოდა და დარბაისლურად შევარვარებდა ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების თავზე მოკრიალე სულორის ცას. საველე პირობების მიუხედავად, ბევრი შესანდობარი, ბევრი სადღეგრძელო დაილია გარკვეულ-გაურკვევლობას შეწირულ ქართველი ჯარისკაცების საფლავთან. მრავალჭირნახული მდინარეც კი დაბნეული ბუტბუტებდა: თუ ასე უყვარდათ ეს პირტიტველა ბიჭები, რაღას ხვრეტდნენო?! ფაქტია, ქართულ სუფრასა და სტუმარმასპინძლობას თავისი დაუწერელი წესები აქვს. შესაბამისად, ეს მაინც მინდვრის სუფრა იყო და ყველაფერი ასე მაინც ვერ დამთავრდებოდა. ძირითადი მაგიდა ოჯახში იყო გაშლილი... ერთი საინტერესო დეტალიც... ორსართულიან ოდა სახლში შესულმა კოლმეურნეობის შეზარხოშებულმა დირექტორმა ცალკე გაიხმო მასპინძელი. 
-  ზურაბ! ამდენ სიკეთესთან ერთად, ერთი კარგი საქმეც მიყავი! კარაქი გექნება სახლში, ცოტას გავსინჯავ, სმის დროს კაცს ამაგრებს, შეღვინინება არ ეტყობა, ამათთან თამადობა მომიწევს და მე რომ ადრე დავთვრე, ჩვენი, ადგილობრივების დიდი სირცხვილი იქნება. 
ხელგაშლილმა მასპინძელმა კარაქიც არ დაუკავა სტუმარს, ისე კი ძალიან გაუკვირდა: ადგილობრივი კოლმეურნეობის დირექტორი ფიზიკურად გოლიათივით წარმოსადეგი, ძვალმსხვილი კაცი იყო, ღვინოსაც ბევს სვამდა და ჩამოსულებთან რა უნდა გაჭირვებოდა. მაგრამ წინდახედული და შორსმჭვრეტელი ყოფილა სოფლის თავკაცი. ხალხის ბედისთვის თავგადადებულ-დამაშვრალი, სტუმრები ღვინოს უნაპიროდ მიძალებიან და, ჰოდა, სიფხიზლის ნაპირს მოწვეტილებს სხვა ნაპირამდე ვერ მიუღწევიათ. თუმცა სამაგიდო ბატალიები დილამდე გაგრძელებულა და კმაყოფილი სტუმარ-მასპინძელი დილით ძლივს შელევია ერთმანეთს. კარაქნაჭამ დირექტორს მართლაც უსახელებია თავიც, სოფელიც და ტიტულიც. დავით კლდიაშვილის დიდებული პერსონაჟის ბაკულას სტუმრებისაგან განსხვავებით, საბჭოურ დელეგაციას  და რაიკომის მდივანს თავი არ შეურცხვენია, სიტყვა არ გაუტეხავთ. ტრაგიკულად დაღუპული ჯარისკაცების საფლავების მცველსა და მომვლელს, უპატიოსნეს, შრომისმოყვარე და კეთილშობილ გლეხს ჯილდოდ იმდროისათვის სერიოზული ფულადი თანხა გამოუყვეს... მაგრამ - კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო... ელიტისაგან ბოძებული დამსახურებული ფულადი საჩუქარი, მოამაგე კაცს, ადგილობრივმა პარტიულმა ფუნქციონერმა შეუჭამა. თუმცა ღირსეულმა გლეხმა ისევ თვითონ დათმო და პრობლება დაზარალებულის სიტყვიერი პროტესტის იქეთ არ წასულა. 
მკითხველისთვის უდავოდ საინტერესო იქნება გერმანულ და საბჭოთა ტოტალიტარიზმს შეწირული, სოფელ სულორში დახვრეტილი რვა უდანაშაულო ქართველი მეომარის სახელის, გვარისა და მოკლე ბიოგრაფიული მონაცემების გაცნობა. მასალები აღებულია წიგნიდან - გელა სულაძე - ,,ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები.“ თბ. 2012 წ.
           1.დონდუა ბენია სევერიანის ძე, დაბადებული 1918 წელს აბაშის რაიონის სოფელ მარანში.              საბჭოთა არმიის რიგებში გაწვევამდე ცხოვრობდა თბილისში. პროფესიით ტექნიკოსი.
  1. ბოხუა კარლო პროკოფის ძე, დაბადებული 1921 წელს.საშუალო განათლებით.  საბჭოთა    არმიის რიგებში გაწვევამდე ცხოვრობდა აბაშის რაიონის სოფელ გუგუნოკოთში. 
3.  ვაჩეიშვილი ვარლამ პეტრეს ძე, დაბადებული 1918 წელს აბაშის რაიონის სოფელ მარანში.   უპარტიო. სერჟანტი.
  1. თანდაშვილი ილია ვასილის ძე, დაბადებული 1915 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში. საბჭოთა არმიის რიგებში გაწვევამდე ცხოვრობდა ყირიმის ასსრ ქალაქ ევპატორიაში. უმაღლესი განათლებით.
  2. ნადირაძე ივანე გიორგის ძე,  დაბადებული 1915 წელს.  საბჭოთა არმიის რიგებში გაწვევამდე ცხოვრობდა თბილისში. უპარტიო. პედაგოგი.
  3. კროხებაშვილი ირაკლი ბესარიონის ძე, დაბადებული 1922 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ პხელშეში. უპარტიო. წითელი არმიის ყოფილი სერჟანტი.
  4. ვარდიაშვილი გიორგი იოსების ძე, დაბადებული 1901 წელს დუშეთის რაიონის სოფელ შატილში. საშუალო განათლებით. უპარტიო. ადრე სამართალში მიცემული საქართველოს სსრ-კის 144 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. წითელი არმიის ყოფილი სამხედრო ტექნიკოსი. 
  5. ღუდუშაური ვახტანგ მიხეილის ძე, დაბადებული 1917 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში. მცხოვრები ქალაქ ორჯონიკიძეში. მძღოლი.  
   როგორც ირკვევა, გერმანულ დაზვერვას დივერსანტ-პარაშუტისტთა ჯგუფში,  სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ჩაურთავთ სოფელ სულორიდან არც ისე შორს მდებარე აბაშის რაიონში დაბადებული სამი ჯარისკაცი. სარწმუნოა, რომ მათ კარგად ეცოდინებოდათ მეზობელი რაიონის გეოგრაფიული გარემო, ადგილობრივთა ხასიათები და მნიშვნელოვანი სამხედრო თუ სამეურნეო ობიექტები.
  მუხანათურად დახვრეტილი რვა ქართველი მეომრის ტრაგიკული ბიოგრაფიისა და ბედის უცნობი დეტალების გააზრება, ვფიქრობ, ახალ, საინტერესო მასალებს წარმოაჩენს მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობის შესახებ.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
როლანდ კოპალიანი - სუბტროპიკული მეურნეობის შესახებ როლანდ კოპალიანი - სუბტროპიკული მეურნეობის შესახებ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული თამარ პაპაშვილი - სინკაპუ თამარ პაპაშვილი - სინკაპუ ჟურნალი / სტატიები / პროზა / მომხმარებლები მარიამ მარჯანიშვილი - ,,მე მიზიდავს მხოლოდ საქართველო“ (მარიამ კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით) მარიამ მარჯანიშვილი - ,,მე მიზიდავს მხოლოდ საქართველო“ (მარიამ კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით) ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები ორჰან ბერიძე - „...ბერიძეთა აღვადგინე ჯიში...“ ორჰან ბერიძე - „...ბერიძეთა აღვადგინე ჯიში...“ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები ცისკარა ფაჩულია -  ნაწყვეტი წიგნიდან:  ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემები და კონფლიქტის მოგვარების  პერსპექტივები“ ცისკარა ფაჩულია - ნაწყვეტი წიგნიდან: ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემები და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები“ ჟურნალი / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge