გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

რაულ ჩილაჩავა - ლექსები

   
   
              მომავალი კრებულიდან - „დედამიწის ანტრესოლი“


სეირნობა წვიმაში

ვსეირნობ წვიმაში.
უქუდოდ. უქოლგოდ. ულაბადოდ.
საგანგებოდ ეკიპირებული გამვლელები ირიბ მზერას მაყოლებენ და, ალბათ, ან სულელი ვგონივართ ან გიჟი. მე კი შუბლს ვუშვერ მსხვილ წვეთებს და მათი ყოველი დაცემა ათეული წლებით უკან მაბრუნებს. იქ გაზაფხულია, ქუხს, მალე ჩემი დაბადების დღეც მოვა და არდადაგებიც დაიწყება. ეს წვიმაც იქიდანაა, მაგრამ ასაკი სულ არ ეტყობა, ისეთივე ანცია და დაუდგრომელი, როგორც მაშინ. ჩვენ ახლა შემთხვევით შევხვდით და მან, ცხადია, არ იცის, რამდენმა წყალმა ჩაიარა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. მეც, რა თქმა უნდა, არ ვეტყვი, როგორი დაღლილი და გულგატეხილი ვარ. კიდევ კარგ ხანს მოვუსმენ მის მუსიკას და მერე დაუმშვიდობებლად გავერიდები. შევალ შინ, გავიხდი სველ სამოსს და თვალს მივადევნებ, როგორ აორთლდება ჩემი ბავშვობის წვიმა და წავა ზეცისკენ, რათა ოდესმე ისევ შემხვდეს და დღევანდელი შეხვედრა მომაგონოს. ბავშვობისგან განსხვავებით წვიმები ბრუნდებიან ხოლმე. მთავარია, ჩვენ დავხვდეთ ცოცხლები.

6 თებერვალი, 2021


ქაღალდის გემი

პატარა ბიჭობისას ჩემი სოფლის მდინარეში ქაღალდის გემებს ვუშვებდით ხოლმე. ჩქარი დინება გაიტაცებდა სიფრიფანა ნაკეთობას, რომელიც მალე მოსახვევში თვალს მიეფარებოდა. სულ რამდენიმე წუთის სიხარულისთვის ვირჯებოდით პატარები, რომლებსაც ნამდვილი გემი მაშინ თვალითაც არ გვენახა. ზოგჯერ ვფიქრობდი, რა იქნა ჩემი ნახელავი, რომელმა მორევმა დანთქა იგი?.. მას შემდეგ თითქოს ასი წელი გავიდა და აგერ ახლა, სულ სხვა ქვეყანაში, სულ სხვა მდინარის ნაპირზე მდგარი ვხედავ, როგორ მოაქანებენ ლურჯი ტალღები ქაღალდის პაწაწინა გემს, ზუსტად ისეთს, მე რომ ვუშვებდი ჩემი სოფლის მდინარეში.ნუთუ ისაა, გადაურჩა ათას ქარიშხალს და თავგანწირული ძებნის შემდეგ მაინც მომაგნო? გახევებული ხმას ვერ ვიღებ, წამში იცვლება ირგვლივ ყველაფერი და მე ისევ იქ ვარ, სადაც ვიყავი პრაისტორიულ ხანაში, როცა ჩემი უძლეველი ფლოტილია მედგრად მიაპობდა შორ სივრცეებს და და თან მიჰქონდა პატარა გულის უსაზღვრო ოცნებები. მინდა ადგილიდან მოვწყდე, მივაშურო ჩვენს უკვე არარსებულ სახლს და ჭიშკრიდან დავიძახო: “დედა, სადილი მზადაა? მე მოვედი!”

6 თებერვალი, 2021


ჰაერი

ყველაზე უფასო და მუქთა, რაც ჩვენს გარშემო არსებობს, ჰაერია. დააღე ხახა და ისუნთქე რამდენიც გინდა, არავინ დაგიშლის, არავინ გეტყვის უარს. ჩაისუნთქავ, ამოისუნთქავ, ჩაისუნთქავ, ამოისუნთქავ, ერთი-ორი, ერთი-ორი... გღვიძავს თუ გძინავს, შინ ხარ თუ გარეთ, მუშაობ თუ ისვენებ, ფილტვები ხარბად ითხოვენ საკვებს და კარგი დედ-მამის შვილი ხარ, დროზე არ მიაწოდო... სისულელეა, როცა ამბობენ, მავანი რაღაც სენმა მოკლაო. არ დაიჯეროთ მსგავსი რამ, რადგან ჩვენ ვკვდებით მხოლოდ ჰაერის უკმარისობის გამო. ის, რაც მთელი ცხოვრება თავზე საყრელად გვქონდა, უცებ წარმოუდგენელი დეფიციტი ხდება და სხეული გრძნობს, რომ მისი მუდმივი საბერველი დაჩუტულა, ჰაერი სადღაც გამქრალა, სამყარო უზარმაზარ ვაკუუმად ქცეულა და ქარონის ნავიც ნაპირთან მომდგარა. ერთი დღით ადრე კვდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც სიყვარულის უკმარისობა აწუხებდა. იქ უკვე არათუ მედიცინა, ჰაერის უზარმაზარი რეზერვუარებიც უძლურია!
6 თებერვალი, 2021


დადებითი პასუხი

დადიხარ. გჯერა, რომ სული გიდგას, მეტიც - ხვალნდელ დღეზე ფიქრობ. ყოველ დილით გასაკეთებელ საქმეებს ჩამოწერ ხოლმე. რამე არ დამავიწყდესო. ჯერ კიდევ გიგზავნიან წერილებს ნაცნობები თუ უცნობები. ხან რაღაცას გილოცავენ, ხან რაღაცას გთხოვენ. შენც პასუხობ: გმადლობთ!... შევეცდები!... რა თქმა უნდა!.. დრო შეუმჩნევლად გარბის, მზე თითქოს ესე-ესაა ამოვიდა, გაიხედავ და - უკვე დასალიერზეა. რიტუალს არასდროს არღვევ - როგორც საპატიო ყარაულს, ჩამოუვლი
წიგნის თაროებს და ახლობლებივით ესალმები წაკითხულ თუ წასაკითხ ტომებს. განსაკუთრებით ამ უკანასკნელთ. ერთგვარი დანაშაულის გრძნობა გაქვს მათ წინაშე, რომ დღემდე ვერ გადაშალე, ვერ ჩაუღრმავდი. ზოგჯერ ეჭვიც გაგკენწლავს: მჭირდება კია? რაში გამომადგება? ვის მოვუყვე, ვის გავუზიარო? თანაც ახლა სხვანაირ წიგნებს წერენ და რეტროზე ეგებ დაგცინონ კიდეც. შენ მაინც არ კარგავ იმედს, რომ ბევრი მათგანის წაკითხვას  მოასწრებ. იქნებ სულაც მათშია ის, რასაც ამდენი ხანია ეძებ და ვერ პოულობ. საღამო თანდათან მუქდება და შენც შეუმჩნევლად გადადიხარ ღამის ბარში - ასე ეძახი სიზმრების სამყაროს, სადაც დილამდე ყველა ცოცხალია და შენს არსებობასაც აზრი აქვს. როცა ახალი დღე შემოაღებს კარებს, ფეხზე ხარ და უკვე მას ეკითხები: „აზრი აქვს?“ მალე წინასწარ განსაზღვრულ საქმეებს შეუდგები და ქვეშეცნეულად დაელოდები შეკითხვის ექოს. და თუმცა ამჟამად (გასაგები სიტუაციის გამო) დადებითი პასუხის ეშინიათ, გინდა, რომ იგი სწორედ დადებითი იყოს!
10 აპრილი, 2021


„ხარ თუ აღარა!..“

ასწიეთ თითი, ვისაც გგონიათ, რომ ცხოვრებას იცნობთ და გაქვთ უფლება გვასწავლიდეთ სახლის აგებას, ოჯახის შექმნას, შვილების გაზრდას. ჩამწკრივდით ერთ ხაზზე, ვინც ქვეყანას ყოფთ ამისტებად და იმისტებად, მტრებად და მოყვრებად, თეთრებად და შავებად. ამოიღეთ ხმა, ვინც მიტინგებზე გაიზარდეთ და ქუჩის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ - ბოლოს და ბოლოს რა გინდათ, რას გვთავაზობთ ისეთს, რომ თქვენს გვერდით დადგომა მოგვინდეს და თავბრუდახვევამდე ვიღრიალოთ „ჯოს... ჯოს... ჯოს!“ მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ და სულ ესაა თქვენი აღმშენებლური აზროვნების მწვერვალი: „Miha hamodi!..” „ბიძინა წადი!..“ რატომ არავინ იტყვის, რამ მიგვიყვანა იმ დღემდე, როცა გადამთიელის მიერ ძაღლებმიქსეული ქართველები ენგურში იხრჩობიან, სამაჩაბლოელი ლტოლვილები წეროვანის გეტოში იტანჯებიან, ჩვენ კი ვიღაც ტალიავინის დასკვნის გარეშე ვერ გაგვირკვევია - მართლები ვართ თუ მტყუვნები?.. უხსოვარი დროიდან დღემდე მრავალჭირვარამგამოვლილო ჩემო ნამდვილო, ჭეშმარიტო საქართველოვ, ჩემო ღირსეულო, უდრეკო ქვეყანავ, ისე ნუ მომკლავ, არ გასცე დამაჯერებელი პასუხი პოეტის ოდინდელ და ამჯერად კიდევ უფრო   შემაძრწუნებელ შეკითხვაზე: „ხარ თუ აღარა!..“

10 აპრილი, 2021


გააგრძელე შენი ბავშვობის ისტორია!

ყველაფერი იწყებატრიფოლიატის ღობიდან, ცისფრად შეღებილი რკინის ჭიშკრიდან, კოინდრით დაფარული კოპწია ეზოდან, პატარა ბაღ-ბოსტნიდან, ოწინარიანი ჭიდან, ოდის სახელურებიანი კიბიდან, ჩუქურთმიანი აივნიდან, მერცხლისბუდეებიანი ჭერიდან, ზალის მრგვალი მაგიდიდან, სარკეებიანი შიფონერიდან და საზურგიანი „ოტამანკიდან“ („ატამონკას“ რომ ვეძახდით), „კაიზერის“ საკერავი მანქანიდან და კედელზე მიკრული კეცის მსგავსი რადიოდან, ქსოვილგადაფარებული პატეფონიდან და მისი შავი, მსხვრევადი ფირფიტებიდან, ზამბარებიანი საწოლებიდან, მიტკლისშალითებიანი საბნებიდან და შტაბელებად დაწყობილი ბალიშებიდან, დედის ნაქარგი ფარდაგებიდან, ბებიას ნამზითვი სკივრიდან, ბაბუას სასულიერო წიგნებიდან, ხატებიდან, ემბაზიდან და ყელზე დასაკიდი ვერცხლის ჯვრიდან, მოსახევი კალენდრიდან, ნახშირის უთოდან და ნავთის ლამპიდან, წინაპართა და მშობლების გადიდებული სურათებიდან და შავ-თეთრი ფოტოების საოჯახო ალბომიდან, მამის სამუშაო კაბინეტიდან, და-ძმის ჟრიამულიდან და კიდევ: ყველაფერი იწყება ორთვალიანი ხის სამზადიდან, ერთგან ბუხრით, მეორეგან შუაცეცხლით, ლარჭითა და საღომე ქვაბით, სასურსათო კარადითა და საყველე დერგით, კოკებით, ბოცებით, ხელადებით, ჯამ-ჭურჭლით, ტაბლით, ჯორკოებით  და დაბალი სამფეხა სკამებით, და კიდევ: ყველაფერი იწყება სათვალთვალო ჯიხურივით მაღალ ხიმინჯებზე შემდგარი ბეღლით, მუხის ფიცრებით ნაგები მარნით, საწნახელით, არყის სახდელი „ზაოდით“, გომურითა და ვრცელი აგვარით, ქათმებით, ინდაურებით, თხებით, თიკნებით, ძროხებით, ხბორებით და, რა თქმა უნდა, ოჯახის ერთგული ოთხფეხა მცველით. და კიდევ, ყველაფერი იწყება ახლობლის წასვლის პირველი ელდით, შაოსანი ქალების გულისშემძვრელი მოთქმით და ასევე ახლობლის ქორწილში პირველად მოსმენილი „კუჩხაბედინერით“, შობისა და ახალი წლის შემოსვლით, „ალილოთი“ და „კირიალესათი“, სააღდგომო საჩუქრებითა და წითელი კვერცხებით, ხვნა-თესვით, საზაფხულო არდადაგებით, სიმინდის მარგვლით და მოროდით, ჩაის კრეფით, ტუნგოს შეგროვებით, აბრეშუმის ჭიის მოვლით, ჭიაკოკონით, ჭალაში უბელო ცხენის ჭენებით და ღელეში თევზაობით, მოსავლის აღებით, წისქვილსა და სოფლის მაღაზიაში სიარულით, რაიცენტრისკენ თუხთუხით მიმავალი „კარობკით“, მესხის, მეტრეველისა და ბარქაიას გენიალური გოლებით, ეროსისა და კოტეს განუმეორებელი რეპორტაჟებით, ჯერ სოფლის ცენტრში ხეებს შორის გაჭიმულ ეკრანზე, მერე კი „რეკორდის“ მარკის ტელევიზორთან ფილმების ყურებით, ახალი სახელმძღვანელოებითა და პირველი სექტემბრის დაუვიწყარი ზარით. სკოლის ახლადშეღებილი კედლებისა და მერხების სუნით. და კიდევ...
გააგრძელე შენი ბავშვობის ისტორია!

10 აპრილი, 2021


მგზავრობა

შენი ცხოვრება შეუცნობელისკენ ლტოლვაა, აკრძალულით დატკბობის ცდაა, ჟინის დაცხრობის წყურვილია, სიკვდილის შიში და უკვდავების რწმენაა. დაბადებიდან ზიხარჯერ კიდევ გაჩენამდე დაჯავშნულ ვაგონში და შენი თითქოს შემთხვევითი თანამგზავრები სინამდვილეში ზემოდან წინასწარ დანიშნული მეთვალყურეები არიან. არც ერთი ნაბიჯი უკონტროლოდ, არც ერთი სიტყვა ჩაუნიშნავად. ყველაფერი იწერება და იშიფრება. თვით გულის სიღრმეში ჩაბეჭდილი ზრახვებიც ცნობილია მათთვის.  ვერ გაიქცევი, ვერ  დაიმალები, ტყუილს ვერ იტყვი. ადრე თუ გვიან დაგიჭერენ, ხელებს გადაგიგრეხენ, ისეთ ცოდვას გაღიარებინებენ, რაც არასოდეს ჩაგიდენია. შენა ხარ მეობადაკარგული ინკოგნიტო, აკვიატებული სურვილის ლანდი, აუხდენელი ოცნების ასლი და საკუთარ თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებ თუ შესძლებ ყველა თანამგზავრის გაცურებას. სადგური უცნობია, დანიშნულების ადგილამდე ჩასვლის თარიღიც. დრო თითქოს კიდევ გაქვს. შეგიძლია რესტორანში გახვიდე და მოილხინო. და მხოლოდ მაშინ, როცა მატარებელი დაიკივლებს, სხეული მოისინჯე და თუ ვერაფერი იგრძნო, ჩათვალე, რომ ჩახვედი!

11 აპრილი, 2021


გედი

ეტყობა წყვილი მოუკლეს და მარტო დაცურავს
ქათქათა გედი... მთელი თვეა, გრძელდება გლოვა.
მისმა წუხილმა ჩემი გული ცრემლად დაწურა,
რადგან მე ვიცი რასაც ნიშნავს: "ის აღარ მოვა!"
ზეობს ზამთარი, ალბათ, მალე იქნება თოვა,
მალე ცისკიდეს დააჩნდება საფიფქე ბზარი,
ჯერ კი ტბისპირა ლაქაშებში სისინებს ქარი:
"ის აღარ მოვა, აღარ მოვა, ის აღარ მოვა!"

4 იანვარი, 2021


ნაცნობი მორზე

ხმას ვერ მოგაწვდენ, ვერც ხელნაწერს გადმოგცემ... აწვიმს
შენი გრანიტის შავ სახურავს... ღამეა... ცივა...
ავასხამ წვეთებს მარგალიტთა კრიალა მძივად,
მათი დამარცვლით თავს შევიქცევ წყვდიადში აწი.
როგორც მეთევზე წყლის ნაპირას პატარა მორზე,
მე ჩამოვჯდები ცარიელი საწოლის თავთან
და როგორ ვუძლებ უსაშველოდ გაწელილ ზამთარს,
გაცნობებს გულის ბაგაბუგი - ნაცნობი მორზე.

4 იანვარი, 2021


ტკივილ

ამდენი ხანი წყალში ჩადგება კაცი,
თვალს არ მილულავს, ტანთ არ გაიხდის სამოსს.
მაინც რა ჩქარა მოხველ იანვრის სამო,
თითქოს დაუსხლტი სივრცეს, დროსა და მანძილს.
ისევ ის სახლი, ისევ იგივე განცდა,
ტანის ღუმელში ვნების ნარჩენი იწვის.
თითქოს უეცრად ფრჩხილქვეშ შემერჭო ხიწვი,
მტკივა მყოფადი, მე რომ წარსულში ამცდა.
შენს ძვირფას წიგნებს შემოცვეთია ყდები,
თვითონ სარკეში ჩანხარ სურათის მსგავსად.
ლამის ვიფიქრო, რომ არ წასულხარ არსად, 
მე კი ახალ წელს სხვა პლანეტაზე ვხვდები.
ვხედავ იგივე ტორშერს, მაგიდას, დივანს,
ნაცნობი ხელით ნაწერ ბარათთა დასტას.
მტკივა წარსული, მე რომ აწმყოში ამცდა,
უშენო როა, ის მომავალი მტკივა.

4 იანვარი, 2021


შობა

ზაურ მოლაშხიას ხსოვნას
ხეებზე სხედან ჩიტუნები... უთოვლო ზამთარს
შეჟღურტულებენ... შორს შიშველი ჩანან კორდები,
თითქოს ჰაერში დაკიდულა სიმუხთლე ჟამთა,
ისმის სიჩუმის ზარის რეკვა: „მივალ, გშორდებით!“
შობაა უკვე... ირგვლივ შობის მადლი ტრიალებს,
იგი მოვიდა, შენ მიდიხარ - ო, საოცრება!
დაფერფლილია ყველა ფიქრი, ყველა ოცნება,
ამაღლდი სულო, ლაჟვარდებში იხეტიალე!
შენ უკვე იქ ხარ, სადაც ერთხელ ერთად ვიქნებით,
სადაც დასაწყისს დასასრული არ ენაცვლება
და არის მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ წიგნები,
ხოლო სიცოცხლე აღარაა მხოლოდ გაძლება.
დრო გაშეშდა და ვარ უსულო ასლი მკვდარი ხის,
რომელიც უკვე არ შეჰხარის აწმყოს თუ მყოფადს.
მე ამომაჭრეს მკერდზე შენი წასვლის თარიღი,
მაგრამ წერია იქ სიკვდილის მაგივრად: „შობა!“

6 იანვარი, 2021


ჩემი დრო

ჩემი დრო თითქოს მგზავრია და ვაგონში ადის
მცირე საგზლით და უფრო მცირე განძით, რომელიც
შემორჩა... (ადრე რომ მეგონა მიუწვდომელი),
ხოლო სადგურის საათზე კი ხუთია ათის
თუ ათის ხუთი... სულ ერთია, დრომ
დროის ფასი
უკეთ იცის და ფანჯარასთან მსუბუქად ჯდება.
ხოლო ვაგონი, მის ვაგონს რომ ბოლოში ება, 
მეგონა ჩემი, მაგრამ იქაც, მგონია, სხვა ზის.

2 იანვარი, 2021


უეცარი გამოღვიძება

ალბათ, ყველაფერს დაადგება საშველი ერთხელ
და სიჭაბუკის ნათელ ველზე სიზმრად გავივლი,
სადაც ოდესღაც მე მოვწყვიტე ბედის ყვავილი
და ნატვრის ხიდან უმწიფესი ნაყოფი ვფერთხე.
ო, ის მიწები, დღეს რომ ჩანან უცხო მიწებად, 
გადაუხსნიან მკერდს საჯიშე თესლისთვის მყოფადს,
და ეს იქნება ჩემთვის, როგორც მეორედ შობა,
როგორც კოსმოსში უეცარი გამოღვიძება.

2 იანვარი, 2021


ბლანტერის მარში

ზურაბ სოტკილავას ხსოვნას

დაღამებამდე თამაშობენ ბიჭები კარში,
ცხელია ბურთი, მზე ცხელია, მიწაც ცხელია,
თუმცა ბიჭებთან ვის რა უნდა, ვის რა ხელი აქვს,
როცა მიდამოს ეფინება ბლანტერის მარში!
აფორიაქებს იგი მრავალს, მაგრამ "აიდაც"
მრავალს აღელვებს და როდესაც იფეთქებს ნიჭი,
წინ უცაბედად გაიჭრება შავტუხა ბიჭი
და სცენაზედაც თავბრუდამხვევ გოლებს გაიტანს.

8 იანვარი, 2021


წყალი

დაუკითხავად მოვიდა თოვლი
და შეგვახსენა, რომ ცოცხალია,
რომ სილამაზე არის სითეთრე
და დანარჩენი მხოლოდ წყალია.
მესამე დღეა, თოვს განუწყვეტლივ
და მე სითეთრის ალი მედება,
თითქოს საჩემოდ გაფინა ზეცამ 
თვალთუხილავის შემოქმედება.
დაფარულია ყველა ნახმლევი,
ყველა წყლული და ყველა იარა,
ტკივილი სადღაც გაქრა უეცრად
და მოწყენამაც გადაიარა.
თოვს... არემარე საოცრად ბზინავს,
თვალს მჭრის, მაბრუებს, მხიბლავს ძალიან
და ვებრძვი ფიქრებს, რომ რასაც ვხედავ
(სითეთრის გარდა) მხოლოდ წყალია!

12 იანვარი, 2021
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge