გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარინა ჯიქია - სამი ნოველლა

     
ობლის კვერი
  
       ასეთი სუსხიანი მარტი ხანშიშესულებსაც არ ახსოვდათ. მოქურუშებული ცა, გადაუღებელი წვიმები, ქარ-ყინვა, აშარი ქალივით, ყველას თავს აბეზრებდა.   
       ერთიანად გალუმპულმა ლილიმ თბილ ოთახში შვებით ამოისუნთქა, ბოლო გაკვეთილი მეშვიდე კლასელებთან ჰქონდა, სადაც თორმეტი მოსწავლიდან სამი ობოლი იყო და მათი ნაღვლიანი გამომეტყველების ხილვა ყოველთვის გულს უკლავდა.
  გამოცდილი პედაგოგი ცდილობდა კარგი გუნება-განწყობილება შეექმნა ბავშვებისათვის და ამიტომაც ხშირად სთავაზობდა მათ თავისუფალი თემის დაწერას. ამჟამადაც ჩვეული სიდინჯით აუხსნა გეგმის მონახაზი, თუ რაზე უნდა გაემახვილებინათ ძირითადად ყურადღება.
    კლასში ისეთი სამარისებული სიჩუმე იდგა - ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგონებდით. ლილი ყურადღებით ადევნებდა თვალს თითოეულ მოსწავლეს. ისინი მთელი გულისხმიერებით შედგომოდნენ დავალების შესრულებას. მხოლოდ ლევანი, ყველაზე მაღალი და გამხდარი ბიჭი, ღრმად ჩაფიქრებული ჩასჩერებოდა რვეულს. სულ სხვაგან ჰქროდა მისი გონება. ვერანაირად შეძლო ესეს დაწყება. გაკვეთილის გამოსვლამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, მას კი ერთი სიტყვაც არ ჰქონდა დაწერილი.
     გულჩათხრობილი ბავშვი იყო, სწავლით თავს არ იკლავდა, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა და დამაკმაყოფილებელ ნიშნებსაც იღებდა. სანიმუშო ყოფაქცევითაც გამოირჩეოდა. განსაკუთრებით სპორტი უყვარდა. თითქმის ყველა სახეობაში კარგი მონაცემები ჰქონდა - ეს იყო ფეხბურთი, კალათბურთი თუ ჭიდაობა. ლილი მასწავლებელს საყვედურის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა - სხვების თანდასწრებით თავმოყვარეობა შეელახებაო და ზარის დარეკვას დაელოდა, შემდეგ ლევანის მერხთან მივიდა, გვერდით დაუჯდა, ხუჭუჭა თმაზე ხელი ალერსიანად გადაუსვა, მოწყენის მიზეზი ჰკითხა, თუმცა ყველაფერს მიხვდა, როცა მის გარღვეულ ფეხსაცმელს დახედა. სპორტული თხელი კედიდან შიშველი ცერა თითი მოუჩანდა. ნანახით აფორიაქებული, გულდამძიმებული საკუთარ თავს იდანაშაულებდა. როგორ, ასეთ საშინელ ამინდში სველი ფეხებით დადის სკოლაში ანგელოზივით ბავშვი, რომ გაცივდეს, ანთება დაემართოს - განა ჩვენი ბრალიც არ იქნება? რატომ არ ვეხმარებით? ასეთი უმოწყალო, გულქვა როდიდან გახდა ჩვენი ხალხი. ნუთუ ყველა დავბრმავდით, დავყრუვდით. ბავშვი ასეთ დღეშია და ჩვენ კი... ვითომც არაფერი... სწორედ ამაზეა ნათქვამი: „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო.“ ლილის თვალებზე ცრემლი მოადგა.
   სამასწავლებლოში რომ შევიდა - დირექტორი ატარებდა თათბირს, რომელსაც დედაქალაქიდან საგანგებოდ ჩამოსული პარლამენტარიც ესწრებოდა. პრეზიდენტ გამსახურდიას დავალებით რაიონებში დახმარების ფონდიდან თანხა იყო გამოყოფილი, რომლის მიღების სურვილი ბევრმა გამოთქვა. მეწყერულ ზონაში მოხვედრილი, მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლებული, ორი თანამშრომელი, ორი ადგილობრივი პედაგოგიც ითხოვდა ფულად დახმარებას, ერთი ხელმოკლე, მრავალშვილიანი ოჯახიც იყო სათვალავში. არადა 1000 მანეთი ყველას როგორ გაწვდებოდა? თანხა ყველაზე ხელშეშლილ, ყველაზე გაჭირვებულ ადამიანს უნდა გადასცემოდა.
    ლილიმ გულდასმით მოისმინა გამომსვლელთა მოსაზრებანი და შემდგომ მოკრძალებით ითხოვა სიტყვა:
- „მეგობრებო, თქვენი მესმის, რომ ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდით, მაგრამ ახალგაზედები ხართ, ჯან-ღონით სავსენი, ცხოვრება წინ გაქვთ, ხელს გამოიღებთ, მიდგებით - მოდგებით, უხვ მატერიალურ დოვლათსაც შექმნით და საყოფაცხოვრებო პირობებსაც გაიუმჯობესებთ. მე ახლა VIII  კლასში მქონდა გაკვეთილი და ენით ვერ აგიწერთ, ისეთი საცოდაობის მომსწრე შევიქმენი. ყველანი ხედავთ - რა უჟმური ამინდია დღეს, რომ იტყვიან, ძაღლიც არ გაიგდება გარეთ და ასეთ დროს შორი მანძილიდან ბავშვი დახეული ფეხსაცმლით მოდის სკოლაში.  ჩვენ არც  ვკითხულობთ რა უჭირს, რა ულხინს. მას ხომ არც დედა ჰყავს, არც მამა; უმცროს დასთან და ავადმყოფ ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ის იმდენად ამაყია, რომ არც კი იმჩნევს თავის ხელმოკლეობას, არ წუწუნებს, გაკვეთილებს არ აცდენს, გვისმენს, უწყინარი და ზრდილობიანია. მოხუც ბებიას საოჯახო საქმეებშიც ეხმარება. ყველაზე სამართლიანი იქნება, რომ მას ვაჩუქოთ სიხარული.
   მასწავლებლის ნათქვამმა, რა თქმა უნდა, მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ფულადი დახმარება სწორედ ლევანის ბებიას გადაეცა, რომელმაც, თვალდანამულმა, მადლიერების ნიშნად  ასე დალოცა ლილი მასწავლებელი: „შვილო, შენ გაიხარე შენს ქმარშვილში. სამაგიეროს მე თუ არა- ღმერთი გადაგიხდის, რა ოქროს გული გქონია. ჩემი ობლები არასდროს დაგივიწყებენ ამ კეთილ საქმეს“.
  გავიდა წლები...  ლევანი სამხედრო მოსამსახურე გახდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ ავღანეთში მსახურობდა. იქ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიჭრა და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. ნათქვამია: ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ასე მოხდა. სიმპათიური ახალგაზრდა საავადმყოფოში გაეცნო მომავალ მეუღლეს, მკურნალ ექიმს, რომელთან ერთადაც შექმნა შესანიშნავი ოჯახი. ჰყავთ სტუდენტი შვილები. ლევანმა კარიერაც აიმაღლა, დღეს ის პოლკოვნიკია - ბედნიერი მამა, რომელიც შვილებს ყოველდღიურად უღვივებს გულში მშობელი ქვეყნისა და ხალხის უსაზღვრო სიყვარულს.
                                            
მარო ბებია
    2017 წლის  ნოემბრის ცივი და ქარიანი დილა თენდებოდა. მარო ბებომ წელი ძლივს აითრია ლოგინიდან, თვალები მოიფშვნიტა და მზერა მოპირდაპირე მხარეს მდგარ ტახტს მიაპყრო, სადაც მისი ერთადერთი იმედი და თვალისჩინი შვილიშვილი ეგულებოდა. მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა ნია. მას ხომ მალე 14 წელი უსრულდებოდა. ასაკოვან ქალს დანაოჭებულ სახეზე სიამოვნების ნათელი გადაეფინა. შესცქეროდა თავის საყვარელ გოგონას და თანდათანობით ღრმა ფიქრებში იძირებოდა.
   ნიამ სამი წლის ასაკში დაკარგა დედა. იგი უკურნებელმა სენმა შეიწირა. მამამ კი მალე მეორე ოჯახი შექმნა და ბავშვი ბებიას დარჩა აღსაზრდელად.
   მარო ბებია ცივ ნიავს არ აკარებდა, ზედ დაჰკანკალებდა, უდედობა რომ არ ეგრძნო, ამისთვის თავს არ ზოგავდა.
   ნია საოცრად ჰგავდა დედას. ყელყარყარა, ირმისფეხება, ბუდეშური თვალების სევდიანი გამომეტყველებით ლადო გუდიაშვილის ნახატ „მერის“ მოგაგონებდათ.
   ასაკის მატებასთან ერთად მშობლის ალიკვალი ხდებოდა. ნაზი, ენაუთქმელი და ემოციური იყო. 
  ,,-ღმერთო, ბედნიერი მიმყოფე ჩემი სისხლი და ხორცი!“ - ყოველდღე უფალს ევედრობოდა საწყალი მარო. წელზე ფეხს იდგამდა, ორ ადგილას მუშაობდა, მაგრამ დამლაგებლის მცირე ხელფასი მაინც არ იყო საკმარისი.
   ბოლო დროს ავადმყოფობაც მიეძალა და მხოლოდ პენსიის ამარა დარჩნენ.
   ნია პატარა ქალაქის განაპირას მდებარე საჯარო სკოლის მეათე კლასში სწავლობდა. გულჩათხრობილს თანაკლასელებთან კონტაქტი უჭირდა. წიგნების კითხვა უყვარდა. საოჯახო საქმეებშიც შველოდა ბებოს.
   ამხანაგებიდან ერთ თამამ გოგოს ამოჩემებული ჰყავდა. ყველაფერს უწუნებდა: ხეპრეს, აწოწილს და უშნოს ეძახდა. - აჰა, მოვიდა ჩვენი პრინცესა, - ოღონდ ძონძები უშლის ხელსო. თავის დაბადების დღეზე ყველა გოგო დაპატიჟა - ნიას გარდა, ბაიყუშივით იქნება და რა აზრი აქვს წვეულებაზე მის მოსვლასო.
   ნიას გული დაწყდა, სახლში მისულმა ბებიას შესჩივლა - ხათუნა აბუჩად, მასხრად მიგდებსო.
   მოხუცი ქალი საგონებელში ჩავარდა, დამეჩაგრა ჩემი ობოლი, რაღაცა უნდა ვიღონო, რომ არ დასცინონო. გულისტკივილი ძველ ნაცნობს გაანდო, მან კი ცოტა საჩოთირო, მაგრამ მომგებიანი „ბიზნესი“ შესთავაზა: სასაფლაოდან თუ მოახერხებ და ყვავილებს მომიტან - ფულსაც იშოვიო.
   თავიდან ითაკილა - არა, შენი ჭირიმე, მაგას ვერ ვიზამ, მკვდარს ყვავილები როგორ მოვპაროო, მაგრამ ეშმაკის ცდუნებას მაინც ვერ მოერია. ძვირფასი, ნარჩევი ყვავილებით სავსე ჩანთა „დამკვეთს“ მიუტანა. მანაც რიგიანად გადაუხადა.
       ბებიამ ნიას ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უყიდა. გახარებული გოგონა დაარწმუნა, რომ კერძო სახლებს ალაგებდა და ფულიც იქიდან შემოდიოდა. ბავშვს ერთი წუთითაც არ შეპარვია ეჭვი ბებიას ნათქვამში და სახეგაბრწყინებული მოხუცს ეფერებოდა.
   ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე, მაგრამ მძიმე ტვირთის ტარებამ თავისი დაღი დაასვა. წელის ტკივილი საშინლად აწუხებდა. დღითიდღე გაუსაძლისი ხდებოდა მისი ყოფა. წუწუნი არ უყვარდა და ითმენდა, რაც შეეძლო. ბოლოს გადაწყვიტა თავი მიენებებინა ამ საქმისთვის. ეს იქნება უკანასკნელი ქმედება, მეტი არ შემიძლიაო და ყვავილებიანი დიდი ხელჩანთით ის-ის იყო სასაფლაოს გასასვლელს მიუახლოვდა, რომ შენიშნა იქვე გაჩერებული პოლიციის მანქანა, საიდანაც მაღალი, ფორმიანი ახალგაზრდა გადმოვიდა.
   შეშინებული, დამფრთხალი მარო იქვე მოზრდილ ორმოში ჩაიმალა, საცოდავად მოიკუნტა. საბრალოს გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. ახლა დავიღუპე, თავი მომეჭრა. შეიძლება დამიჭირონ კიდეც. რა მეშველება მე საცოდავს - გაიფიქრა და თვალები ცრემლებით აევსო.
   უცბად ამინდი შეიცვალა, ძლიერი ქარი ამოვარდა, ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილს კოკისპირული წვიმა მოჰყვა. თითქმის მუხლებამდე მიწვდა წყალი მაროს. ჯანდაბას ჩემი თავი, ბავშვს რა ეშველებაო, მწარედ ამოიკვნესა და ყვირილი მორთო.
   პოლიციელმა გაიგონა ქალის განწირული ხმა და გალუმპული, მისავათებული მოხუცი ორმოდან ამოიყვანა, შეკითხვაზე თუ სად ცხოვრობდა, ძლივს გასცა პასუხი. 
   ცოცხალ-მკვდარი ბებიის დანახვაზე აფორიაქებულმა ნიამ ტირილი დაიწყო: ჩემო კარგო ბებო, სად იყავი, რა გინდოდა ამ დროს გარეთ, მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალს გხედავო...
   მაროს მეზობლები თავს დამნაშავედ გრძნობდნენ, რომ ავადმყოფ ქალს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. ის ამიტომაც შეიქნა იძულებული არასასურველ გზას დასდგომოდა.
   ამ დღიდან ყველა თავისებური მოკრძალებით ეფერებოდა. ზოგი სადილს სთავაზობდა, ზოგმა ფულით გაუმართა ხელი, ზოგიც მედიკამენტებით - ეხმარებოდა.
   ნიას მამასაც მიაწვდინეს ხმა და ისიც გულდათუთქული სასწრაფოდ ჩამოფრინდა უცხოეთიდან.
   მამის სიახლოვემ ნიას შინაგანი ბუნება სრულად შეცვალა. ადრე თუ ითმენდა თანაკლასელისგან დამცირებას და წყენას გულში იკლავდა, ახლა უკვე ხმა აიმაღლა და ვერავინ ბედავდა მის დამცირებას. გოგონაში მიძინებული სიამაყის გრძნობამ ერთბაშად იფეთქა, უფრო თავდაჯერებული და თავმომწონე გახდა.
   მარო ბებოს გამოჯანმრთელებას საკმაო ხანი დასჭირდა. ახლა უფრო ხალისიანად ეზიდებოდა წუთისოფლის ჭაპანს. სიხარულს ვერ მალავდა შვილიშვილისა და სიძის მზრუნველობითა და სიყვარულით განებივრებული.
  მინადორა
       მინადორა ნაჭყებია საუკუნის წინ ცხოვრობდა სამეგრელოს მაღალმთიან უმშვენიერეს სოფელ მუხურში. ის ბებიაჩემი იყო და გული მწყდება, რომ ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. იმდენ რამეს მიყვებოდა დედა მასზე, სურვილი გამიჩნდა -  გავაცოცხლო მისი სახე, თქვენაც დაგარწმუნოთ- რაოდენ შრომისმოყვარე,  გერგილიანი  და გონიერი ქალი ყოფილა.
     მღვდლის ოჯახში გაზრდილს განათლება არ აკლდა. მართალია, სკოლაში არ უვლია, მაგრამ წერა-კითხვა იცოდა და ,რაც მთავარია, ხელსაქმეც გვარიანად ემარჯვებოდა.  ტანხმელი, მაღალი, შავგვრემანი, მარილიანი გოგონა ბევრ ახალგაზრდას მოსწონდა, მაგრამ მისი რჩეული ღარიბი, თვალტანადი, მეტად სანდომიანი, ახალულვაშებაკოკრებული ზოსიმე გახარია აღმოჩნდა.
    18 წლის მინადორა ცხენზე ამორძალივით ამხედრებული ხშირად უნახავთ თანასოფლელებს. იმდენად თამამი და უშიშარი იყო, რომ უფროსების დარიგებას - ფრთხილად იყავი, სადმე კლდეზე არ გადაიჩეხოო-აინუნში არ აგდებდა.
   სწორედ მთაში, საძოვარზე გაიცნო თავისი საბედო, თანატოლი. მორცხვი მოჯამაგირე კვარაცხელიას ნახირს მწყემსავდა, როცა მინადორას მოკრა თვალი. გაუკვირდა გოგოსგან ასეთი სითამამე. ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ. მათ შორის გრძნობა გაჩნდა და თითქმის ბავშვები ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ.
   ზოსიმემ ხელი გამოიღო და კვარაცხელიას ჯიშის განთქმული საქონელი მოამრავლა. არც მინადორა იყო გულხელდაკრეფილი და სახლი დოვლათით აავსეს.
   ხუთი შვილი ეყოლათ. უფროსო ვაჟები მამას საქონლის მოვლაში ეხმარებოდნენ. ზოსიმეს ჯოგი დაზამთრებამდე ქვემო იმერეთში, რიონის სანაპიროზე ჭყვიშში დაჰყავდა (ჭყვიში მეგრულად მწყემსს ნიშნავს, ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელწოდებაც აქედან მოდის).
   მინადორა მუხლჩაუხრელი ქალი იყო, ოჯახში ციბრუტივით ტრიალებდა, ავადმყოფ დედამთილს მოვლას არ აკლებდა და საკაცო საქმეებსაც არ თაკილობდა. 
სოფელში ყველა დიდ პატივს სცემდა მინადორას, რადგანაც ოთარაანთ ქვრივივით მკაცრი ხასიათის, სამართლიანი, პირისწყლიანი, ყველას გამკითხველი და გულუხვი მასპინძელი იყო.
   ზოსიმესა და მისი ვაჟების დაბრუნებას ახლობლები დიდი სიხარულით ელოდნენ. იმ წლის შემოდგომაც მიილია და მინადორას ქმარ-შვილი ყველით სავსე ურმებითა და ცხენებით დაბრუნდნენ შინ. სულგუნთან ერთად სენაკის ბაზრობიდან წამოღებული საჩუქრებით გაახარეს ოჯახის წევრები და ნათესავები.
  სამზადი სახლის სხვენი ქათქათა სულგუნებით დაამშვენეს, ცეცხლის ალზე რომ კარგად შებოლილიყო.
   სოფელში ქორწილები გახშირდა. მინადორას მაზლისშვილმა ხაბუმელი თვალმწყაზარი, თეთრგვრემანი გოგო მოიყვანა ცოლად. ყველა იზიარებდა სიძის ოჯახის სიხარულს. რა თქმა უნდა, მინადორაც მათთან ერთად იყო და მოყვრებს ერთგულად ემსახურებოდა. გულმა არ მოუთმინა, უეცრად გადაწყვიტა ავადმყოფი დედამთილისთვის მიეკითხა და მალევე დაბრუნებულიყო უკან. სამზადის კარი ღია დახვდა, არადა კარგად ახსოვდა, გარედან ურდულით ჩაკეტა. დედამთილი ჩაძინებული დახვდა. კერიის ნაკვერჩხლებს შეშა მიაყარა. ჭრაქს ფითილი აუწია. მის მახვილ სმენას არ გამოპარვია სხვენიდან ჭრაჭუნის ხმა. ქალმა ზემოთ აიხედა და კაცის ლანდს მოჰკრა თვალი.
     ქურდი დაკიდებულ სულგუნებს ფრთხილად ხსნიდა და ტომარაში აწყობდა - მაგ ქურდბაცაცას ახლა ვუჩვენებ სეირს, ჭკუას ვასწავლი, სად წამივა? - გაივლო გულში მინადორამ და გადაწყვიტა ეშმაკური ხრიკით გამოეჭირა იგი.
    ქალმა დიდ ქვაბს, რომელშიც მდუღარე სველი ესხა, სახურავი ახადა, ნაკვერჩხლები მიყარ-მოყარა, ბუტბუტი დაიწყო, ქვედა საცვალი ჩაიხადა, შიშველი საჯდომი ქვაბს მიუშვირა და ისტერიკული ყვირილი მორთო:,, ჩქარა დალიე ფუჩ...ი სველი, თორემ ამ მუგუზლით გამოგწვავ. დალიე!.. დალიე!.. დალიე!..“ მინადორა ისეთი ძალით წიოდა, რომ თვითონაც უკვირდა - ეს რა დღეში ვარო. ხმაურზე გულგახეთქილი მეუღლე, შვილები და ახლობლები მოცვივდნენ - რა მოგოვიდა მინადორა, - საწყალ აღათის ხომ არ მოეწია რამეო. მისავათებულმა ქალმა ზევით აახედა შინაურები- პირდაღებული დოყლაპია ქურდი შერჩათ ხელში. შეშინებული და გაოგნებული სუსტი აღნაგობის კაცი ხაფანგში გაბმული თაგვივით აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ვერ მოეფიქრებინა- რა უნდა ექნა.
    ბებია მინადორამ მაინც შეიცოდა ახალგაზრდა კაცი, როცა გაიგო წვრილშვილის პატრონი იყო და ლუკმა-პური უჭირდა. ქმარს დაყვავებით მიმართა: აიღე და რამდენიმე ცალი სულგუნი გაატანე ამ გაჭირვებულს ბავშვები არ დახოცოს მშიერიო. მერე ქურდბაცაცას თავისებურად დაუცაცხანა-გაანძრიე ხელი და შენც ყველაფერი უხვად გექნება, სხვისი ნაშრომ-ნაამაგარის მოპარვა-რა საკადრისიაო. ნირწამხდარი ქურდი ჩუმად გაიძურწა სახლიდან. მოგვიანებით კი, მადლიერების ნიშნად, რამდენიმე კილოგრამი თაფლი მიუკითხა ზოსიმეს ოჯახს. 
   მინადორა იმდენად უშიშარი იყო, რომ ხშირად იცოდა თქმა, კაცის მომრევი ამქვეყნად არავინ არის, მთავარია, შიში არ გაივლოს გულშიო. შეეძლო კუნაპეტ ღამეშიც მარტო გადასულიყო მეზობელთან, თუ საჭიროება მოითხოვდა, დიდ კეტს დაიკავებდა ხელში და თამამად გასწევდა თუნდაც შორეულ მანძილზე.
  ყველის ქურდის დაჭერიდან არ გასულა დიდი დრო. ერთ საღამოს შორეული ნათესავი ესტუმრათ, ღამე მათთან დარჩა, მშვენიერი ვახშამი გაუმართეს. სტუმარი უთენია ამდგარიყო და დაუმშვიდობებლად გამგზავრებულიყო თავისი ჯაგლაგი ცხენით. მინადორას ეს ამბავი არ მოეწონა და შეფიქრიანდა: აქ რაღაცაშია საქმე, თორემ ასე უცნაურად არ მოიქცეოდაო. თავლაში რომ შეიხედა - ელდა ეცა, მისი ულამაზესი თეთრონი „ჩელა“ არსად ჩანდა. იმ წუთში ეჭვი, რა თქმა უნდა, დაუპატიჟებელ სტუმარზე მიიტანა, მითუმეტეს, შელანძღული სახელით დაიარებოდა. არც შეყოვნებულა მინადორა ცხელ კვალზე მიჰყვა ეჭვმიტანილს. დედამთილს დაუტოვა ოჯახი, ათი კილომეტრი შეუსვენებლივ იარა ქარ-წვიმაში და მიადგა ურცხვი ნათესავის საცხოვრებელს. შინ მხოლოდ მოხუცი დედა, რძალი და პატარა შვილიშვილები დახვდა. მინადორა ბებიამ მტკიცე, მკაცრი ტონით გააფრთხილა ისინი, რომ მოპარული ცხენი დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ, თორემ კარგი დღე არ დაადგებოდათ.
   ახალშეღამებულზე დაბრუნდა მინადორა სახლში და რაღაც ერთ საათში თავლიდან ჩელას ჭიხვინიც მოისმა. ჭრაქის შუქზე ბებიამ საყვარელი ბედაური დაინახა, სიხარულისგან ცრემლები მოადგა თვალზე. ჭკვიანმა ცხოველმაც იგრძნო პატრონის სიახლოვე და ერთგულების ნიშნად თავი მიადო მკლავზე.
  ბებია მინადორა ძლიერი პიროვნება იყო, მაგრამ საბჭოთა რეპრესიების სუსხს ვერ გადაურჩა, ბაბუა ზოსიმეც შეიწირა მკაცრმა, უსამართლო სისტემამ. საკუთარი ოფლითა და დაუღალავი შრომით მოპოვებული 80 სული ძროხა კოლექტივმა ჩამოართვა ოჯახს. მინადორას ძმა ინჟინერი ბესარიონ ნაჭყებია, რომელმაც სამტრედიაში მდინარე რიონზე ხიდი ააგო, გერმანიის აგენტობის ცილისწამებით გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც არ დაბრუნებულა. სამი ვაჟიდან ნაბოლარა სანდრო გახარია II მსოფლიო ომში, ქერჩში დაიღუპა, ხოლო ორი შვილი მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა, ერთმა ცალი ხელი დაკარგა, მეორემ კი კანტუზია მიიღო და დიდხანს დასჭირდა მკურნალობა.
    დღეს მინადორას და ზოსიმეს შთამომავალნი მრავლად არიან მუხურში, მთელს საქართველოში. მე ქვემო იმერეთში, ვანის რაიონში ვცხოვრობ და სიამაყით ვუყვები ჩემს შვილებს და შვილიშვილებს სახელოვანი წინაპრების თავგადასავალს.
                                         
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge