გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლეილა მესხი ჩენჩი

(,,ჩენჩი“_ქართულად გაცვლას ნიშნავს...)

ეს ამბავი, სულ ახლახან მოხდა, ნაცნობ  დაბაში... ჩემს  მშობლიურ ადგილ_სამყოფელში. მოქმედ პირთა უმრავლესობას ვიცნობ, პირადად  შევხვედრივარ, შორიდან თვალიც  მომიკრავს... ამიტომ, მათზე წერა, მეტ-ნაკლებად არ მიძნელდება...  
მაშ დავიწყოთ...
მაღალი, ხმელ-ხმელი, ფართოშუბლიანი  კაცი  იყო პოლიციის ახალი უფროსი _ ვაჟა კენჭაძე.  იურიდიულ ფაკულტეტდამთავრებული,  უნივერსიტეტის (ყოფილი) ლექტორ_თანამშრომელი. იგი მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა, უფრო სწორად,  პოლიციის უფროსად  მოევლინა დაბას. თუმცა,  არავის გაკვირვებია, ჩვეულებრივად  მიიღეს.  ერთობ სიტყვაძუნწი  აღმოჩნდა,   მოლაყბე თუ მოლაქლაქე, ნაკლებად ეთქმოდა.  საერთო მსვლელობას აჰყვა, დასაჭერს იჭერდა, გასაშვებს უშვებდა. ზოგიერთს,  ციხეში აგზავნიდა,  ასე რომ, არც დიდად მკაცრი ეთქმოდა  უფროსს და არც დიდად  შემწყალე... დედაქალაქში კარგახანს მოუწია ცხოვრება, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. ხარისხიც დაიცვა, მერე ერთბაშად  მიატოვა ყველაფერი  და  მშობლიურ დაბაში დაბრუნდა _ ცოლ-შვილთან ერთად.  
მეგობრების სიუხვით დიდად ვერ დაიტრაბახებდა უფროსი, არც  ხმაურიანი მისვლა-მოსვლა ჩვეოდა, სუფრებსა და გრძელ-გრძელ სადღერგძელოებს საერთოდ  გაურბოდა, დიდად არც  იზიდავდა... პოლიციელებისთვის  გაუგებარი რა არის ამქვეყანაზე?!.. უმალ გაარკვიეს, უშიშროების მინისტრის მოადგილე (კადრების დარგში) მისი  მეგობარი აღმოჩნდა. ერთად სწავლობდნენ იურიდიულ ფაკულტეტზე, ხუთი წელი ერთ ბინაში ცხოვრობდნენ... მოკლედ, ასე იყო თუ ისე...  ,,როგორც ორაგული ჩქერში...“ ისე გადაეშვა...

*
ახსოვს, დაბაში, თაობებად იზრდებოდნენ ,,მოშავო ელემენტები’’, მათი ბუმი იყო! ზედმეტ სახელებით იწონებდნენ თავს, ავტორიტეტი თუ ემატებოდათ, თორემ არ აკლდებოდათ. დაბის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ერეოდნენ, შემთხვევებიც ახსოვთ, თანამდებობის პირები რომ დანიშნეს, წილებსაც ინაწილებდნენ... მერე კანონის გამკაცრებამ მათი თავმომწონეობა თანდათან შეაფერხა, დააცხრო.  ძველებურად ვეღარ იწონებდნენ თავს.  მიმალვა სცადეს...  ზოგმა რუსეთს შეაფარა თავი, ზოგიც სხვა ქვეყნებში გაემგზავრა. ევროპულ ქვეყნებს  მოედვნენ.  ჰოდა, დამშვიდდა დაბა. დაყუჩდა.  წლებიც  ნელ-ნელა გავიდა...
და უცებ, ის გამოჩნდა... მოულოდნელად.
ორი ღამე უთვალთვალეს, შორიდან  უტრიალეს პოლიციელებმა მის ეზო-კარს აყურადეს... ვინ ჩადიოდა და ვინ გადმოდიოდა... რა შექონდათ ან რა გამოქონდათ... ეჭვმიტანილი არ ჩანდა! ერთხელ რომ  შეიხურა კარი, გარეთ აღარ გამოსულა.  წაბლის ხისგან ნაშენი, ძველებური, იმერული ოდა-სახლი ედგა, წითელი კრამიტით დახურული,  ქარსაყოლილი ჩანდა შენობა. იატაკი ჭრიალებდა. ოდესღაც აქ მისი მშობლები ცხოვრობდნენ... თვითონაც აქ გაიზარდა.
სახელიანი ქურდი  ნაკლებად ეთქმოდა, არც თავმომწონე ჩანდა. არც პირველ სიტყვას ამბობდა... თუმცა ციხეში იჯდა.  გამოვიდა და ხელახლა მიაბრუნეს... არ შეურცხვენია თავი. ჭადრაკის თამაშში და  წიგნების კითხვაში გაყავდა დრო... მოგვიანებით, უკვე თავისუფლებაში მყოფს, მცირედი შეხლა_შემოხლა მოუხდა ,,თავისიანებთან...“ მაშინ იყო, მცირე განაკაწრი თუ ნაჭდევი დაადეს  შუბლსა და წარბზე (ხმლით ნაჩეხს  უგავდა!).  ჭრილობა მოიშუშა და საქართველოდან წავიდა. აღარც მშობლებს დამშვიდობებია და  არც მეგობრებს. უჩინმაჩინის ქუდი დაიხურა და ქვეყნიდან გაქრა.  თექვსმეტი წელი გავიდა...  მშობლები გარდაიცვალნენ. მათი დასაფლავებისას, ხმა დაირხა:  პარიზში ცხოვრობს, ლაღად და უდარდელად, თუ ვინმე ჩვენებური იპოვა, ეხმარება, სტუდენტებს სტიპენდიას უნიშნავსო... რამდენად მართალი იყო, არავინ იცოდა. ზღაპარივით ჰყვებოდნენ  მის ამბავს, კიდეც რომ გჯერა და არც...  მშობლების დასაფლავების ხარჯი თავად გაიღო. თანხა გამოგზავნა. ეზო_კარს,  ბიძაშვილი უვლიდა. მრავალშვილიანი, ხითხითა კაცი. სულ ეს იყო, მეტი არაფერი იცოდნენ!

*
ვიღაცას, სადღაც... ზედმეტი სიტყვა წამოცდა და... პოლიციასაც მეტი რაღა უნდოდა!  უმალ ღამეული თავდასხმა განახორციელეს... ჩუმად შეიპარნენ ეზოში, უხმაუროდ შეხსნეს ჭიშკარი, ფეხაკრეფით გაიარეს აჭრიალებული იატაკი. ხელი არ გაანძრევინეს, ისე აიყვანეს. ნასვამი ჩანდა,   ღრმად, გუნებიანად ეძინა. წამოაყენეს და, ფანრების პარპალა შუქზე, ჩაცმა უბრძანეს. წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც ზედმეტი სიტყვა უთქვამს... მგონი, ელოდა მათ გამოჩენას!  
პოლიციის მანქანაში შესვეს და კარი მიუხურეს. გვერდით პოლიციელები ჩამოუსხდნენ.   ყოველგვარი კითხვა_პასუხის გარეშე, უბრად იმგზავრეს. წინასწარგამოძიების საკანში მოათავსეს.  კარებთან დაცვა დააყენეს... მცირედად რომ დამშვიდდნენ, პოლიციის უფროსმა, უპირველესად, თავის სამუშაო კაბინეტს მიაშურა. ჩქარობდა,  მინისტრის  მოადგილისთვის  სიახლე უნდოდა ეცნობებინა.. ყოველთვის ასე იქცევა!
თავიდანვე გააფრთხილა ძმაკაცმა: ,,უჩემოდ ნაბიჯი არ გადადგა, გამაგებინე. ხომ იცი, ჯერ კიდევ გამოუცდელი ხარ!“ ამგვარი შეგონებები დიდად არ სიამოვნებდა, მაგრამ  რა ექნა, დაწვრილებით ჩაუკაკლა ყოველი წვრილმანი. არაფერი დაუფარავს. გაიხარა უფროსმა, ზედმეტად აჭიხვინდა... ,,ვახ, ბიჭო! ეს რა მითხარი. თუ იცი ვინ აიყვანე... ,,ინტერპოლი“ ეძებს, აწრიალებულია ქვეყანა! მაგარი ვინმეა. ფრთხილად იყავი, ხელიდან არ გაგისხლტეს. ახლავე წამოიყვანე, აქ უფრო საიმედოდ იქნება. გამოჰყევი... მინისტრთან შეგიყვან, აბა, დროზე!“ აფოფინებული ჩანდა.
_ მთელი ღამე არ მიძინია, ცოტა თუ არ დავისვენე, ამოდენა გზაზე მგზავრობა გამიძნელდება.  ვიბანავებ, ტანზე გამოვიცვლი და წამოვალ...
_ რა ბანაობა აგიტყდა. დროულად წამოდი. არ დააგვიანო. მანამდე მასალებს გამოგიგზავნი, გაეცანი. რომ იცოდე, ვინ აიყვანე?! რაები აქვს ნაკეთები... პარიზი თუ მადრიდი... აიღო იქაურობა... ვერაფრით ვერ გააბეს, ცხვირსახოცივით იცვლის სახელსა და გვარს... ვახ, ჭირიმე,  ვაჟა, როგორ გამახარე. ხელიდან არ გაგისხლტეს, ბიჭო!  ფრთხილად იყავი. შენც გამოჰყევი...
_ გასაგებია!

*
გამოეღვიძა. უპირველესად, საათს დახედა. კარგა დრო გასულიყო. იბანავა, ისაუზმა კიდეც. ადეკალონიც იპკურა. დედაქალაქში მიდიოდა, მინისტრთან აპირებდა შესვლას. ,,მინდორს თვალი აქვს და კედელს_ყურიო“, რა იცი, რა ხდება.
ხელახლა გახმოვანდა ზარი. ახლა რიგითი თანამშრომელი რეკავდა სამინისტროდან,  პატიმრის დროულად გადაყვანას ითხოვდა. წუთებს ითვლიდა, მთავარი გამომძიებელი გელოდებათო. ყველაფერი სწრაფად და აკურატულად უნდა მომხდარიყო. მაგარი ჩიტი გააბეს! თუმცა, გული რაღაც უსიამოს უგრძნობდა უფროსს, ამგვარი დაფეთება არ მოსწონდა. მცირედად ზოზინობდა კიდეც. რაც უფრო აწვებოდნენ, მით უფრო უკან იხევდა. გუმანით გრძნობდა, რაღაც არ იყო ისე, ერთი შეხედვით რომ ჩანდა.  დაცვა ფეხუცვლელად იდგა საკნის კართან, ძინავს პატიმარსო, აცნობა. უნდა ეჩქარა! ბავშვები სკოლაში წავიდნენ, მეუღლე საავადმყოფოში წასასვლელად ემზადება, ექიმია...  მოწესრიგდა და  თავისივე მანქანით (რძისფერი ,,მერსედესით“) პოლიციის შენობისკენ გაქროლდა.
დაბის ცენტრში, ყოფილი აღმასკომისა და სასტუმროს  შორის, ორსართულიანი შენობა პოლიციას ეკუთვნოდა. ვიწრო შესასვლელით, მეორე სართულზე ამავალი კიბეებით და შესასვლელთან მომლოდინე  უცნობი კაცით.
მას ელოდა, ერთხანს სკვერში იჯდა, ნაძვის ჩრდილქვეშ. მორიგე პოლიციელი, ლოყაწითელი, ღაჟღაჟა კაცი, შორიდან უთვალთვალებდა.  ღელავდა, მალიმალ გზას გასცქეროდა... უფროსს ელოდა. ნაძვის ჩრდილქვეშ მჯდომს, თვალებში ქუდჩამოფხატულ,  ასაკიან კაცს, ფარულად უთვალთვალებდა. ეტყობა იცოდა ვინც იყო. უფროსის გამოჩენაზე, პოლიციელმა ღრმად ამოისუნთქა და მისალმების ნიშნად ხელი აუღო.
უცნობი წამოდგა. ცალ ხელში ჯოხი დაიბჯინა, მეორე ხელი_მუცელზე მიიჭირა (კუჭატკივებულებმა რომ იციან-ხოლმე.), უგუნებო ჩანდა. უფროსი კიბეს  აჰყვა, თავადაც აედევნა. მძიმედ სუნთქავდა. აშკარად უჭირდა სიმაღლეზე ასვლა. მოპარვით მიჰყვებოდა, უხმაუროდ, ლანდივით... მისი ხილვა, რატომღაც, არ ეამა  უფროსს, თუმცა არ შეიმჩნია. რაღაც უსიამოს უგრძნობდა გული... მეძებრის  უნდო მზერა ჰქონდა უცნობს... კურდღელზე  თუ ადამიანზე დაგეშილს ჰგავდა... ვერაფერს რომ ვერ გამოაპარებ, იმგვარი. ამას ინტუიციით გრძნობდა უფროსი, პოლიციელებიც... ფარდის ვიწრო ჭრილიდან უთვალთვალებდნენ მათ.
ამდენ ხანს, ჩრდილს შეფარებული თუ მშვიდად იჯდა უცნობი, გაზეთი დაეფინა და ისე დამჯდარიყო. მერე ჯიბიდან ჯაყვა ამოიღო, ნაძვს ტოტი შეაჭრა და  თლა წამოიწყო... უფროსი რომ გამოჩნდა, უმალ  დაკეცა, ჯიბეში ჩააცურა, ხოლო გათლილი  ჯოხი  შორს მოისროლა. ფეხდაფეხ აედევნა უფროსს. თავისი სურვილით მოსულს ჰგავდა.  პოლიციელებმა იცოდნენ ვინც იყო იგი. ,,ზოზო“_იგივე ზერო ზარნაძე, მთელი ცხოვრება ციხეებში გაატარა. თუ გამოვიდოდა, სულ მალე, უკან ბრუნდებოდა, თავისუფლება აფორიაქებდა, ადგილს ვერ პოულობდა. ახლა შინ იჯდა. კუჭსა და ელენთას იტკივებდა, მგონი კიბო ჰქონდა. საავადმყოფოდან ახალი გამოსული იყო,  მოყვითალ-მომწვანო ფერი ედო. თუმცა, თანამოძმეებს პატივში ჰყავდათ, ,,ობშიაკიდანაც“ მოსდიოდა თანხა.
_ ,,მთა მთას არ შეხვდება, თორემ კაცი_კაცს... რა იცი სად შეეყრება! _ გაიფიქრა ვაჟამ.
_ შეიძლება, უფროსო? _ ოდნავ ხრინწიანი, უძალო ხმა ჰქონდა.  ახლოს ჩამოჯდა.  მკლავზე ტატუირება უჩანდა, ლურჯი საღებავით, ისარგაყრილი გული თუ რაღაც  სხვა... დაეხატათ. ძველი წარწერა იყო... რუსული ,,ლაგერის“ კვალი. სამოცდაათ წელს გადაცილებული ჩანდა.
_ გამარჯობა, უფროსო!
_ გაგიმარჯოს! დაბრძანდი...
_ შეიძლება მიცნობ, შეიძლება არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა...
_ რა გნებავთ?
_ მე, პირადად, არაფერი... უბრალოდ დამაბარეს და მოვედი...
_ ვინ დაგაბარა?!
_ არ  ვიცნობ, უცხოები იყვნენ...
_ რა უნდათ?
_ სამ საათზე, შენი ბიჭი  სტადიონზე მიდის, ხომ ფეხბურთის სათამაშოდ?.. ახლა რომელი საათია?!
_ რა გინდა ამით თქვა?
_ არაფერი. თუ დროულად არ დაბრუნდა, არ იღელვო! საიმედო ოჯახში იქნება.
_ ვერ გავიგე, რას მიქარავ, ბერიკაცო!
_ შეიძლება მივქარავ...  ოღონდ, აუღელვებლად არ გამოვა ეგ საქმე.  რაც დამაბარეს, იმას გამცნობ, არაფერი შემიცვლია. წუხელ პატიმარი რომ აიყვანეთ, ციხეში მის გადაყვანას არ გირჩევთ...
_ ვითომ რატომ?
_ ასეა... _ წამოდგა, _  ფეხზე ძლივს ვდგევარ, საავადმყოფოში უნდა  ვიწვე ახლა, მაგრამ... მთხოვეს და უარი ვერ ვუთხარი.
_ ვინ გამოგგზავნა?
_ არ ვიცნობ-თქო, გითხარი... ხეირიანად არც დამინახავს ვინ იყვნენ. დილაუთენია დამადგნენ თავზე...
_ რამდენი იყვნენ?
_ ორნი... დანარჩენები მანქანაში ისხდნენ...
_ რა  მარკის მანქანა იყო?
_ არ დამინახავს, ცაცხვის ქვეშ იდგა... მოფარებულში, _ მიჩუმდა, _ ებრაელებს აქვთ  ამგვარი გამოთქმა ,,ჩიჩმი არ მივარგა...“ მეც ეგრე ვარ, ვერ ვცნობ ადამიანებს. დავბერდი.
გაქუცული ბეწვის ქუდი კიდევ უფრო ჩამოიფხატა შუბლზე, ქურთუკის საყელო ასწია, გასაქცევად გამზადებულ ბებერ მელას ჰგავდა, ბეხრეკს, უძალოს. ორიოდე ნაბიჯი რომ გადადგა, მცირედად შებორძიკდა კიდეც. გვერდულად მოხედა ვაჟას. ,,კურდღელმა თქვა, სანამ წამომახტუნებდნენ, მანამ უფრო მეშინოდაო...“_ ჩაილაპარაკა და გავიდა. ვერაფერი გაიგო ვაჟამ. ბერიკაცის საუბარი იმდენად ორაზროვანი იყო, მიხვედრა გაუძნელდა. წასვლისას, თითქოს დაიბარა:
_  მე თუ მკითხავ, უფროსო! საქმის დიდად გაჯანჯლებას არ გირჩევ... საშიშია, ვაი თუ ცუდად დამთავრდეს... რაც არ უნდა იყოს, შვილის სიცოცხლეს ეხება.
სიტყვა კი არა, შხამი დატოვა, სამსალა... რა კაციც იყო, კოჭებზე ეტყობოდა.
ერთხანს, გონზე მოსვლა გაუძნელდა ვაჟას. მაგიდასთან მჯდომი, გაშეშებულივით დარჩა...  ჩრდილივით გაილალა უცნობი, გაძვრა, გაიძურწა. მხოლოდ უსიამო, ავადმყოფური სუნი დატოვა... ,,რაც  მიწაზეა, ორი იმდენი მიწის ქვეშო“_ ასეთ კაცზე იტყვიან.
_ ჰეი, ბერიკაცო! მობრუნდი უკან, _ ფეხზე წამოვარდა, _  ამოღერღე რა გინდა?!
_ მე რა მინდა, არაფერი, _ შეიშმუშნა, ბეჭებში კიდევ უფრო მოიხარა, _ გამიშვი... ფეხზე ძლივს ვდგევარ... ,,მწყემსს ერთი დღე შეხვდა, ისიც ავდრიანიო“, ასეა ჩემი საქმეც, _  აშკარად გაურბოდა, დროულად გაცლას ლამობდა. მწკლარტე, უსიამო სუნი, თან რომ ასდევნებოდა ახლადმოსულს, სიძველისა და სიბინძურის კი არ იყო, არამედ მომატებული შაქრიანობის ბრალი იყო.... ალბათ დიაბეტი ჰქონდა.
_ გამაგებინე, რას ითხოვენ?!
_ ვახ, რად ვერ გაიგე, კაცო! ,,ჩენჩიო“ შემოგითვალეს. ,,გავცვალოთო“ შენ პატიმარს გაუშვებ, ისინიც შვილს დაგიბრუნებენ. ყველაფერი მშვიდად და უდავიდარაბოდ მოხდება... თანახმა ხარ?
_ რას მიქარავ?! გაეთრიე აქედან!
_ შენი ნებაა...მე წავედი.  გითხარი, ცუდად ვარ-თქო... მაინცადამაინც აქ უნდა მოვკვდე? მე თქვენი დედა მოვტ...

*
გონზე მოსვლა გაუძნელდა უფროსს.... ,,ტაშტი გატყდაო, კი არ გატყდა, ხმა გავარდაო...“ მიდი და არკვიე  სიმართლე!  ამიტომ იყო, უპირველესად, ცოლს გადაურეკა. ჯერაც არ წასულიყო საავადმყოფოში, ღამით უწევდა მორიგეობა. წყნარი, მორჩილი ხმით უპასუხა.  შვილები მოიკითხა კაცმა...
_ ვაჟიკო სკოლიდან დაბრუნდა, ისადილა და სტადიონზე წავიდა, დღეს თამაში აქვს, _ ამცნო მეუღლემ, ოდნავ უდარდელი ხმა ჰქონდა, _ თეო პიანინოზე  მეცადინეობს. რა იყო? მოხდა რამე?
_ არაფერი.
მამა-შვილს ერთნაირი სახელი ერქვათ (ვაჟა და ვაჟიკო). ქალიშვილს კიდევ, დედა  თეოს ეძახდა, თვითონ _ ,,თებროლე გოგოს“, ,,თებროლე მიდის წყალზედაო“ პატარაობისას უმღეროდა. ,,ვაჟიკოს ჩანთაში შალის რეიტუზი და ახალთახალი ,,ბუცები“ უწყვია“_ გაუელვა წამით. ,,ბუცები“ განსაკუთრებით  მოსწონს... საკმაო თანხა გადაიხადა... თანატოლების წინაშე თავს იწონებს _ ,,ისეთი მსუბუქებია, ჩემზე სწრაფად  გარბიანო“... იღიმოდა, ლაფართქანა კბილებს აჩენდა. შუბლთან, ხბოს ანატლეკივით უჩანდა  წაბლისფერი ქოჩორი... გული ჩაეთუთქა მამას. ეგებ სიცრუეა ყოველივე, მის გასამწარებლად, ვიღაც ვიგინდარას მიერ შეთხზული. ასეთი რაღაცები ჩვევია დაბას გაერთობიან, ხალისობენ, სინამდვილეში, გულს გიხეთქავენ.
ამ დროს იყო, კაბინეტში მორიგე პოლიციელმა შემოჰყო თავი,  მოახსენა: ,,უფროსო, ვიღაც ველოსიპედიანმა ბიჭმა პოლიციის ეზოში შემოიქროლა და  ცელოფნის პარკი მოისროლა, უფროსს გადაეციო, დაიბარა. შუბლზე ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული. ვერ ვიცანით, უცებ გაქრა.
ზაფრაატანილს დაემსგავსა ვაჟა... პარკში გაძნელებით  ჩაჰყო ხელი (აკაკი ხორავა გაახსენდა, გიორგი სააკაძის როლში, პაატას მოკვეთილ თავს რომ უფათურებს თითებს! ამგვარ დღეში აღმოჩნდა თვითონაც). მცირედად მოითქვა სული... პარკიდან შვილის ,,ბუცები’’ ამოიღო, ჯერაც ჩაუცმელი. ახალთახალი (ერთი სული ჰქონდა,  მოედანზე როდის გაიჯირითებდა ბიჭი!), ახლა ისინი მაგიდაზე ეწყო ვაჟას. გადააბრუნ_გადმოაბრუნა.  ტალახი ნაკლებად აჩნდა. ერთგან, ლანჩაზე, წითელი მელნით, ჯვარი თუ რაღაც ნიშანი  იყო გამოსახული... წითელი ფერი, სისხლის ლაქათ მოეჩვენა... დაფეთდა კაცი, ფეხსე წამოვარდა.
კიბე ჩაირბინა, ეზოში პოლიციელები გამოსულიყვნენ. უხმოდ შეცქეროდნენ უფროსს. ყველაფერს რომ ხვდებიან და გამხელის უფლება არ აქვთ,  ამგვარად.
იქვე მანქანა გუგუნებდა. ,,პოლიცია“_ მოჩანდა წარწერა. წასასვლელად ემზადებოდნენ. საცაა პატიმარს გამოიყვანენ და დედაქალაქისკენ გასწევენ, ჩქარობენ, ფაციფუცობენ. ერთი სული აქვთ, სანამ აქაურობას გააცილებენ, საბუთზე ხელს მოაწერს უფროსი და... ჰაიდა, გზას გაუდგებიან... მაგრამ! ,,კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალაო“, ასე იყო მისი საქმეც.  მაშინ იყო, ახლავე დავბრუნდებიო, _ დაიბარა და ,,მერსედესში“ ჩაჯდა.
მანქანა ადგილს მოწყვიტა. მოედანი გადაჭრა, ძველ ბაღს _ ყოფილ ,,ბულვარდს“ ჩაუქროლა. ასწლიანი ხეების,  მათი სიმწვანის თუ სინორჩის სუნი შეიყნოსა. წმინდა გიორგის ეკლესიიდან მლოცველთა ჯგუფი გამოვიდა. ყოველ კვირას სტუმრობს მეუღლე... სტადიონთან მიახლოებულს, ბიჭების ყიჟინა ჩაესმა, ბურთის დარტყმის ხმაც... ლურჯი მაისურით,  შიშველი წვივებით გამოვარდა, ვაჟიკოს თანაკლასელი, შავადგახუხული, ფეხებგაღუნული ბიჭი (სახელი დაავიწყდა!).
_ ერთად მოვედით, ვაჟა ბიძია!  ტანზე გამოვიცვალე და მოედანზე გავედი. ვაჟიკო ,,ბუცებს“ იცვამდა, ვიღაცამ დაუძახა და გავიდა... მე მეგონა თქვენ მოაკითხეთ, უკან აღარ დაბრუნებულა... ჩანთა აქ დატოვა.  თქვენს ,,მერსედესს“ ჰგავდა, მოთეთრო ფერის... _ ღელავდა ბიჭი, მალიმალ  ქსუტუნებდა... თავს დამნაშავედ გრძნობდა. ,,ერთი ცხვრისკენ და მეორე მგლისკენო“, წადი და არკვიე სიმართლე!
სტადიონიდან დაბრუნებულმა, ცოლი მოიხმო ჭიშკართან, ლამის გული გაუჩერდა ქალს, რაც ესმოდა, არ სჯეროდა. სახეგანაცრისფერებულს, თითები უთრთოდა... მიხვდა, მისთვის არ უნდა გაემხილა...
_ ვაიმე, ვაჟა!  ეს რა მითხარი?! შვილი  მოგვტაცენ?! მერე...
_ რა მერე... დამშვიდდი. სახლში შედი... დავაბრუნებ, აბა რას ვიზამ... _ არადა, სულშეძრულსა და სახეგაშეშებულ ქალს, სადღაც უსასრულობისკენ გაქცეოდა მზერა. ცრემლი ედგა თვალებში. ხმას ვერ იღებდა.  მძიმე სულიერი ტკივილის დროს აქვთ ადამიანებს  ამგვარი გამოხედვა... საიმედო ვერაფერი უთხრა ცოლს. ,,ძაღლის კუდი შვიდი წელიწადი კალაპოტში იდო, გამოიღეს და ისევ გამრუდდაო“. მათთან საქმის დაჭერა არ იყო ადვილი, არც იოლი.
_ თბილისში გადავრეკავ. ეგებ რაიმე მირჩიონ... თუ არადა, მე თვითონ... მოვუვლი მაგ საქმეს!
_ ვაიმე, შვილო... _ საცა იყო, გაიშხლართებოდა ქალი, გული წაუვიდოდა. გამხდარი და გამოლასტული ჩანდა.
_ გითხარი, სახლში შედი_თქო! ჭიშკარი მიხურე... _ ლამის უბრძანა.

*
,,რომელ თითსაც მოიჭრი, ყველა გეტკინებაო“, ნათქვამია... წამით, ღამეულმა მოგონებებმა შეახსენეს თავი. კი არ შევიდნენ, ჩრდილებივით შეიპარნენ ეზოში,  ერთიანად ჩაჩუმებულ, ჩალუსკუმებულ სახლში, ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმოდა. სიფრთხილით აჰყვნენ კიბეს. მცირედი ჩქამი, ბიძგი, ხმაური... არ გამსხლტარა. ლანდებს ჰგავდნენ, უდროო დროს ახეტებულთ. მცირედათ არ გატოკებულან! ჩაკეტილი კარი შეხსნეს, უხმაუროდ გადაატრიალეს გასაღები. ერთ-ერთ პოლიციელს, დაბალ, თავჯირკა კაცს, გამოცდილი ხელი ჰქონდა... ყველაფერი ეხერხებოდა! ასეთ საქმეებში დაოსტატებული ჩანდა. იმან შეაღო კარი, პირველი შევიდა. ფეხაკრეფით გაიარა შესასვლელი, საძინებელს მიაღწია და დანარჩენებს მოხედა.. აულაგებელი სუფრა, ნახევრად შეუსმელი ჭიქები, მსუბუქი კერძები, ფარდებდაშვებულ ბინა, აი, რაც დახვდათ. სინათლე ძნელად აღწევდა... ღამის ფარნებით მოძრაობდნენ. შუქი აღმა-დაღმა ხტოდა, ყველაფერს ედებოდა. კედლიდან _ იატაკს, იატაკიდან _ ჭერს. ადვილად შეამჩნიეს _ გახუნებული შპალერი, გაქექილი ხალიჩა,  საწოლთან მიყუდებული გიტარა... საძინებელი ოთახი სიგარეტის კვამლით იყო ამოვსებული. ღრმად ეძინა დამხვდურს, მოშვებული სხეულით საბანში ჩაფლულიყო. სასთუმალთან, ჭაღარა ქალის გადიდებული სურათი მოჩანდა. საწოლში ჩაკარგულს ჰგავდა თვითონ... გაღვიძება დაგენანებოდა (თუმცა გააღვიძეს!). თანამესუფრენი ადრიანად წასულიყვნენ ,,ლოქო დასაჯეს და მორევში ჩააგდესო“...
ნახევრადმძინარეს, სანამ ხელბორკილს დაადებდნენ,  ჩაცმა უბრძანეს... მშვიდად მოქმედებდა, არავითარი დაძაბულობა! ჩანთიდან სამოსი ამოიღო, მთლად ახალთახალი, ჯერაც ხელგაუყრელი, თითქოს სადღაც, საპატიო თავყრილობაზე იწვევდნენ... პოლიციელეები საქმეს  შეუდგნენ, ბინა  გაჩხრიკეს, ყოველი კუთხე_კუნჭული გადაქექეს, კარადის სიღრმეებში იძრომიალეს, ძველისძველი ნივთები მოჩხრიკეს,  ვერაფერი იპოვეს.
წამოსვლისას, რატომღაც, საწოლთან მიყუდებულ გიტარას დაწვდა უფროსი. ხელში აიღო, შეათვალიერა, ესპანური ფირმა აღმოჩნდა. ძვირადღირებული ინსტრუმენტი. ოქროსფრად ბზინავდა... უნებლიეთ მოხვია ხელი, როგორც საყვარელ ქალს,  თეძოზე ხელი შეუსვა.  შვიდსიმიანი გიტარა აღმოჩნდა... ამგვარ ისტრუმენტზე საუკეთესო მუსიკა იკვრება (კედელზე, კარმენის პორტრეტი გაილანდა... რეპროდუქცია აღმოჩნდა!).
წამით მოეჩვენა, რომ ,,ამ კაცთან,“ რაღაც საერთო ჰქონდა, ვერ მიხვდა, როდინდელი. ძველი თუ ახალი... თუმცა, დარწმუნებული იყო, არსად შეხვედროდა მას. ოღონდ,  გამოსვლისას, საწოლიდან  ნახევრადჩამოცურებული გიტარა,  გადმოსავარდნად გამზადებული,  აიღო და საწოლზე დადო...  ჭაღარა  ქალბატონის პორტრეტისკენ ერთხელაც არ გაუხედია.  ერთობ სევდიანი ჩანდა ქალი. სულშეძრულს ჰგავდა. თითქოს ესაყვედურებოდა. მისი მზერა უნებლიედ ჩარჩა სულში.
მაშინ იყო, თავისდაუნებლიეთ, კარგა ხნის დავიწყებული დღეები დაუდგა თვალწინ. სიჭაბუკე გაახსენდა. მშობლების ნამალევად, მათემატიკის მასწავლებელთან მეცადინეობის ნაცვლად,  სომხის ქალთან, ჯულინასთან დადიოდა და  გიტარაზე დაკვრას სწავლობდა...  ძველი გიტარა ჰქონდა ხულინას, გახუნებული და საკმაოდ გაცვეთილი, მაგრამ ხმები ჰქონდა!  ჟღერადობა... იმ გიტარას.  ხათრით დადიოდნენ ბიჭები. რაიონულ საავადმყოფოში,  საწყობის გამგედ მუშაობდა ჯულინა, ეზოს ბოლოს, მორგთან ახლოს, მოზრდილი სათავსო ეკავა. ღობე გაარღვიეს ბიჭებმა  და იქედან ძვრებოდნენ ჯულინასთან, საწყობი ძველი ნივთებით იყო სავსე, თეთრეულით, ქვეშაგებით, საწოლებით, წამლის მოზრდილი ყუთებით... აქ იღებდა მოსწავლეებს. ხის ვეება კარს მიხურავდნენ და წავიდა კონცერტი! ჯაზი. ,,როკენლორი“,  ,,ბიტლები“, ,,ფლემინგოსაც“ უკრავდნენ. თავისი საიდუმლო ჰქონდა  ჯულინას, დაკვრაშიც და პირად ცხოვრებაშიც, თუმცა! ვერც გიტარის დაკვრა ისწავლეს  ბიჭებმა და ვერც ქალის ასავალ-დასავალი გაიგეს (ერთ ჩვეულებრივ დღეს გაქრა იგი). რომ მივიდნენ, არ დახვდათ, ,,ძმამ ჩამოაკითხა და წაიყვანაო“, უთხრეს. თეთრკბილებიანი, ხითხითა ქალი იყო ჯულინა, ტიპიური სომეხი, ფართო, ზეთიანი თვალებით და ეშმაკური ღიმილით. დაკვრის დროს, თითქოს, ლამაზდებოდა... წამით მოეჩვენა, ახლადდაპატიმრებულიც ჯულინას ნამოწაფარი იყო... მის აღზრდილებში ისიც ერია.
უარყო ფიქრი, გახსენება არ სურდა!
გიტარაზე დაკვრა მაინც ვერ ისწავლა, სტუდენტობის წლებში, მეგობრებთან, თავყრილობისას, სხვის ისტრუმენტზე უკრავდა, თავისი არ ჰქონდა! რამდენჯერაც მოინდომა შეძენა, გაუძნელდა (ყოველ მათგანში, ჯულინას გიტარის ჟღერადობას ეძებდა!) და დარჩა უგიტაროდ!
წინ წასულებს გაედევნა... ხელბორკილდადებული კაცი პოლიციელებმა მანქანაში შესვეს. თენდებოდა. ჯერაც ეძინა დაბას... სადღაც, ძაღლი ყეფდა. მამალიც ყიოდა... პოლიციელები ერთი-მეორის მიმდევრობით შემოუსხდნენ გვერდით პატიმარს. თავჩათუნული იჯდა.  ვერ გაარკვევდი, ეძინა თუ თვლემდა.


*
მის შესახებ ბევრი რამ იცოდნენ_თქო, ვერ ვიტყვი... ყოველი ნაბიჯი თუ არა, უმთავრესი მაინც იცოდნენ. რახანია აღრიცხვაზე ჰყავდათ აყვანილი. საშიშ რეციდივსტად თვლიდნენ,  ,,მგელს მგლობა ერქვა, ტურამ ქვეყანა ამოაგდოო“, - შეიძლება ასეც იყო. არადა, ისე თვინიერად გამოყვათ, ისე მორჩილად, გაოცდებოდი... ვერც იარაღი უპოვეს, ფული და ძვირფასეულობა ნაკლებად აღმოაჩნდა. მხოლოდ ჩემოდანი, სამოსით და თეთრეულით ამოვსებული. პირადი ნივთები ეწყო შიგ, დასაფეთებელი ვერაფერი ნახეს...
...მშობლებმა კარგად აღზარდეს. პედაგოგები  ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.  დედა ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა ბავშვებს... თავად, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაერიცხა. ქალიშვილები შორიდან ეტრფოდნენ... ორი კურსი ბეჯითად ისწავლა... მესამეზე აურია.  ვერ მიხვდნენ, რომელმა ბზიკმა უკბინა, ლექციების გაცდენა დაიწყო... ბიჭები აკითხავდნენ, ქალაქელები, ,,მოშავო ელემენტები“... მიჰყავდათ. ერთმა რეჟისორმა კინო_გადაღებაზეც მიიწვია, როლიც შესთავაზა. უცხო მეფის კარზე წარდგენილ, ახალგაზრდა ქალებსა და ვაჟებს შორის, ყველაზე წინ იდგა, ორიოდე სიტყვაც ჰქონდა სათქმელი. ,,ჯერ ეს იყოს“, _ პირდებოდა რეჟისორი, _ ,,დანარჩენი შემდეგ ვნახოთ“. ბოლო გადაღებაზე არ გამოცხადდა. ხმა გავარდა, ,,დაიჭირესო“. ციხეშიც ინახულეს თანაკურსელებმა... ვაჟის დედა, უცრემლო და სახეგამეხებული, ციხის კარებთან  იდგა, იქ აღამებდა და ათენებდა...  დარდმა შეიწირა. ორჯერ მოუწია საკნის ხეხვა, მართალია, მცირე ხნით... ჭკუა მაინც ვერ ისწავლა! დანაშაულის ჩადენას აბრალებდნენ და ვერ უმტკიცებდნენ.  ძიების საქმე გაიწელა, გამოვიდა და სულ მალე უახლოესი ძმაკაცი  მოუკლეს. მასაც, ეშხიან სახეზე, დანა გადაუსვეს... აშკარად გაიმეტეს! ნაწიბური შეხორცდა, მაგრამ... კვალი დარჩა.  ,,ორმა კაცმა რომ გითხრას, ბრმა ხარო, თვალები უნდა დახუჭო“.
მკრთალ, თეთრ ხაზად აჩნდა ნაწიბური სახეზე.


*
მთელ დაბას მოედვნენ პოლიციელები. პოლიციის უფროსის შვილს ეძებდნენ. 12-13 წლის ბიჭს. სათითაოდ დაკითხეს მწვრთნელები, ფეხბურთელები, სტადიონის დარაჯიც მოინახულეს, ენამოსწრებული, მკვირცხლი კაცი (მისი შეუმჩნეველი რა იყო ამქვეყანაზე!). დაინახა, როგორ არა,  რძისფერ ,,მერსედესთან“ მიირბინა ბიჭმა (მამის მანქანა ეგონა!) ჩაჯდა და... თვალსა და ხელშუა გაქრა, აორთქლდა. მხიარული ყმაწვილი, ბურთის დამრტყმელი,  ახალთახალი ,,ბუცები“ გაიყოლა და მიიმალა. სულ ეს იყო!
მთელი რაიონი ფეხზე დადგა. პოლიციელებმა თავი გამოიდეს, უფროსის წინაშე  თავმოწონება სურდათ. თან შეურაცხოფილნი იყვნენ (უკადრისი აკადრეს, ყმაწვილი თვალწინ ააცალეს), ვერც კვალს  მიაგნეს... წადი და ეძებე ქარი მინდორში! რამდენი მანქანა მიმოქრის ქუჩაში, ყველას ხომ ვერ გააჩერებ... ,,მერსედესების“ ბუმია საქართველოში! ყველა ეზოში დგას. თუ რამ საეჭვო ეგულებოდათ, სახლი, ეზო, კუთხე_გარემო თუ დასახლება, ყველა მოჩხრიკეს. კინო_დარბაზი, საცურაო აუზი, კალათბურთის მოედანი... ვერსად ვერ იპოვეს. ზოგან, ძალიძალად შეიჭრნენ. მოუთმენლობა შეყროდათ. სახლის კარი კი არა, საწოლის კარიც შეაღეს. ვერსად იპოვეს. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ძნელი გასარკვევი აღმოჩნდა. არც ,,მოენე“ დავიწყნიათ, საავადმყოფოში მიაკითხეს ავადმყოფს. ჟანგბადის ბალიშზე აღმოჩნდა მიერთებული, სახეზე მკვდრის ფერი ედო. ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. ძლივს ამოილუღლუღა, ,,ხომ გითხარით, არ ვიცი, ვინ იყვნენ! მაცალეთ სიკვდილი! ჩემთან სირბილს, გირჩევნიათ, რაც გითხარით, ის გააკეთეთ, მერე გვიან იქნება!“ ამ დროს, პალატაში, მორიგე ექიმი შემოვიდა, წითური, ღაჟღაჟა ქალი, განაწყენებული ჩანდა, გამოედვა პოლიციელებს. დასჭექა: ,,რა უფლებით შემოდით, ახლავე დატოვეთ პალატა!“ უხმოდ გამოიძურწნენ.
პოლიციაში დაბრუნებულ უფროსს, კოპიუტერში, ახალი მასალები დახვდა, ინტერნეტით გადმოეგზავნათ სამინისტროდან, საიდუმლო კოდით.  სურათები, წარწერები, თითის ანაბეჭდები, მოწმეთა ჩვენებებიც აქ იყო. ჩანს, ძველი  და ახალი ცოდვების ერთად  აკიდებას აპირებენ. აშკარად გასწირეს. მრავალწლიანი პატიმრობა ელის... შეიძლება, ,,სამუდამოს“ გამოჰკრას ხელი! თავადაც ვერ მიხვდა, ასე რამ ააფორიაქა. ფეხზე წამოიჭრა.
_ პატიმარი შემოიყვანეთ! _ იღრიალა.

*
რწევით შემოვიდა. მაღალი, ტანადი, აღნაგი კაცი. თითქოს, პირველად დაინახა იგი... წაბლისფერი თმის ბუჩქი თვალებში ჩამოჰყროდა, მზერას უფარავდა.  მაღალი შუბლი და ნაიარევი წარბი. ეჭვით მზირალი თაფლისფერი თვალები... უძალოს და უმაქნისს ნაკლებად ჰგავდა. უაზროდ გატარებული წლებიც ნაკლებად ადარდებდა... ახლა, ამ წუთში შეიძლება ყველაზე მეტად ის აფიქრებდა, ღამის თავყრილობიდან (ოთხი კაცი უჯდა ნაგვიანებ სუფრას!) რომელი იყო ჩამშვები?!  ამ ხმაურიან, მიეთ-მოეთა დაბაში, რა დამალულა, მისი  ჩამოსვლა რომ  ვერ გაეგოთ?! ჰოდა, შეატყობინეს, სადაც საჭირო იყო...
ხელბორკილს ნაკლებად უფრთხოდა,  ნაჩვევი ჩანდა. სკამის საზურგეს  ისე მიეყრდნო, თითქოს მიესვენა... პოლიციელი კარებთან დარჩა... ერთხანს ზოგადი ფრაზებით გაესაუბრნენ ერთმანეთს, უფროსი და პატიმარი. რასაც დაკითხვა ნაკლებად ეთქმოდა, არც ოქმის შედგენას აპირებდა, საამისოდ სხვები ჰყავდა.  პირველსავე თვალის შევლებაზე მიხვდა,  მასთან  სიმკაცრე ნაკლებად გასჭრიდა, არც მშვიდი, პირმოთნე საუბარი გასჭრიდა. თავისნება ჩანდა! გადაწყვეტილებებს თვითონ იღებდა. მოესურვებოდა უპასუხებდა, თუ არადა, დუმილს ამჯობინებდა. ,,როცა სიტყვა ხშირდება, მაშინ საქმე მცირდება“. გაუელვა ფიქრმა.
გემოვნებით ეცვა, ევროპული ეშხით, ფრანგული მოდის შესატყვისად (ჩემოდანში, თეთრეულთან ერთად, ფერადი ხალათები, ჭრელი შარფები და საღეჭი რეზინის  კოლოფი   უპოვეს... მობილურის დამტენიც (თუმცა, მობილურს ვერ მიაგნეს).  ,,დავკარგეო“_ იოლად თქვა. გამოქცეულს ჰგავდა, უცაბედად რომ აიკრავ გუდა-ნაბადს  და მოკურცხლავ, ამგვარად. ფული საკმაოდ ედო გულის ჯიბეში, დოლარები თუ ევროები,  ლარებიც... თუმცა, არც ისე ბევრი. უცხოეთიდან დაბრუნებულ ყოველ მგზავრს უდევს ჯიბეში მაგოდენა თანხა. ნაძარცვი და ხელსგამოყოლილი არაფერი გააჩნდა. მიხვდა, მასთან საუბარი გაძნელდებოდა. ვერც  შვილის გატაცების ამბავს ჰკითხავს, შეეძლო, უარი ეთქვა. ,,სანამ თონე ცხელია, ლავაში უნდა ჩააკრა“.  უცხო სიტყვა გაახსენდა_ ,,ჩენჩი“ პაროლად რომ შემოთვალეს. მცირედად უამბო, კანტიკუნტად. შვილიც ახსენა...
_ თქვენ როგორ მოიქცეოდით?._ ჰკითხა ბოლოს.
_ ვერ გავიგე, რას მეკითხებით?  შვილს გავიმეტებ თუ თანამდებობას?! არ ვიცი... შვილი არ მყავს... _ აშკარად აიცდინა კითხვა.
ყველაზე მეტად რაც სულს უშფოთებდა, სწორედ იმის კითხვა ვერ გაბედა... თუმცა, უმალ მიუხვდა.
_ არ მოკლავენ, ნუ გეშინია... _ჩაიღიმა, _ თვითონ აღზრდიან.
_ ვიცი მე, თქვენი აღზრდა...
_ ჩემთან რა გინდათ? მაგ საქმეში სუფთა ვარ. საქართველოში  საერთოდ არაფერი დამიშავებია, ოდესღაც თუ რაღაც მივქარე, სასჯელიც მოვიხადე... ამჟამად სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ, საფრანგეთის პასპორტი მაქვს. ჩემი გასამართლება არ შეგიძლიათ.
_ ,,ინტერპოლი“ გეძებს...
_ ვიცი მე მაგათი ძებნა... ანკესს ისვრიან, თუ მოვყვები, გაიხარებენ. ყველაფერს მე ამკიდებენ, გამარჯვებას თავის თავზე მიიწერეს. შენი უფროსიც  მოიმატებს ჩინს... შენ კიდევ, გამოხრულ ძვალს მოგიგდებენ. უმჯობესია შვილს მიხედო... _ გვერდზე გაიხედა, თითქოს მზერა აარიდა.
_ გაიყვანეთ!_ბრძანა უფროსმა, ბრაზი და უძალობა,  ერთდროულად შორეოდა...

*
ხელახლა გახმოვანდა ზარი.  მოუთმენელი, ჟინიანი.
_ რა ადგილას ხართ?_იკითხეს.
_ ჯერ არ გამოვსულვართ.
_ რატომ? რას ზოზინობთ? არ მითხრათ ახლა, ბენზინი გაგვითავდაო... ან მძღოლი გახდა ავადო... ასეთი რაღაცები არ მიყვარს, ვაჟა!  დაგავიწყდა ჩემი ხასიათი? ნუ გამანაწყენებ!
_ სხვა მიზეზია.
_ რა? რა მოხდა?!
_ჩემი შვილი... თორმეტი წლის ბიჭი... გაიტაცეს.
_ ვინ? როდის?
_ ორი საათის წინ... სტადიონზე მიაკითხეს და მოტყუებით  ჩაისვეს  მანქანაში  მთელი დაბა მოვტყავეთ, სად არ ვეძებეთ, ვერსად კვალს ვერ მივაგენით. გიჟად ვარ კაცი!
_ რაიმე შემოთვალეს? რას ითხოვენ?
_ ,,ჩენჩიო“, გავცვალოთო... წუხელ პატიმარი  რომ ავიყვანე, იმაში მიცვლიან...
_ რას მიქარავ, მე მაგათი დედები..._ აღრიალდა მინისტრის მოადგილე._ ჩავხოცავ ყველას... ვაჟა, გესმის? უპირველესად პატიმარი ჩამოიყვანე.  ბიჭს, მე მივხედავ, მთელ რესპუბლიკას დავაყენებ ფეხზე. აბა, დროულად! _ ყურმილი დაახეთქა.
ერთხანს მდუმარედ იჯდა, უაზროდ, მიუხვედრელად. კვლავ ,,ინტერპოლს“ მიუბრუნდა. მეტი მონდომებით ჩაეძია, რა ბრალდებას უყენებდნენ. რა სურდათ... ჩამოთვლიდნენ და ჩამოთვლიდნენ (უმეტესობა შეწერილს ჰგავდა!), ხელსახოც ქაღალდივით უპირებენ გამოყენებას, მერე მოისვრიან!  ყველაზე საეჭვოდ და  ძნელად დასაჯერად ,,დიადემა“ ეჩვენა. ანტიკური სამყაროს  შედევრი. თრაკიის პრინცესა მედას კუთვნილება. ალექსანდრე მაკედონელის მამის, ფილიპე მეორის ცოლის (ცოლები მრავლად ჰყავდა ფილიპეს!) შეუფასებელი ნივთიაო, იტყობინებოდა ,,ინტერ_პოლი“... ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნის უძვირფასესი ნაკეთობა აღმოჩნდა, 24 კარატიანი ოქრო, უცხო გრანულაციითაა და ფილიგრანული ტექნიკით დამზადებული. გამოყენებული იყო მუქი ცისფერი შუშა, დიადემა მოიცავდა მცენარის ყლორტებს, ერთმანეთზე გადაბმულ ოქროს ფოთლებს, ვარდის კოკრებს, ეკლებს და ფუტკრებს, რომლებიც ყვავილებიდან ნექტარს შეექცევიან, აშკარა შედევრი იყო! ყუთიანად გაქრა... ვერგინას მუზეუმში ინახებოდა! საღამოს მუზეუმი დაიკეტა, დაცვამ გასაღები ჩაიბარა (არავინ შესულა და არავინ გამოსულა!). დილით ნივთი ვეღარ იპოვეს, ყუთიანად გაქრა. ძიებამ ქართული კვალი აღმოაჩინა... იმ კვალს გამოჰყვნენ..  კვალმა საქართველომდე... მათ დაბამდე ჩამოაღწია... ახლა მის გადაყვანას ითხოვენ... ამიტომაა გაუთავებელი რაწკა-რუწკი. ლამის ააფეთქონ!


*
უთავბოლოდ გაწელილი დღის ბოლოს, ფუტკრის სკას  რომ ჰგავდა პოლიციის განყოფილება. ამდენ მისვლა-მოსვლასა და ხმაურში, როგორც იქნა ჩამოდგა წუთი, როცა  წასასვლელად მოემზადნენ... მანქანა სრულ წესრიგში აღმოჩნდა! საბუთზეც ხელი მოაწერა უფროსმა... საცაა პატიმარს გამოიყვანენ და მანქანაში შესვამენ... ოთხი პოლიციელი თან მიჰყვება, ნავარჯიშევი, დაკუნთული ბიჭები. ყველანი შეიარაღებულნი არიან. უფროსი წინდაწინ წავა, საკუთარი მანქანით, გზას გააკანტროლებს... ,,მოვდივართ!“_ უკვე აცნობა მინისტრის მოადგილეს... დედაქალაქამდე საკმაო მანძილი იყო, უნდა ეჩქარათ!
ბაზარს რომ ჩაუქროლეს, ნავაჭრით დატვირთული ქალები და კაცები ნელი ნაბიჯით მოჰყვებოდნენ შარას. ველოსიპედიანი ბიჭების ჯგუფი შემოეფეთათ. სულ ახლოს ჩაუქროლეს. მარათონის მონაწილეები აღმოჩნდნენ. წითელი ალმები უფრიალებდათ, რაწკა-რუწკით ჩაიარეს. რესტორნის ღია კარიდან მუსიკის მხიარული ხმები გამოდიოდა... დოლ-გარმონის შეწყობილი ჰანგები ისმოდა. უდარდელები ჩანდნენ!
რწევით მიიწევდა მანქანა, რა ხანია დაბას გაცდნენ,  ორსართულიანი სახლები, წითელ კრამიტიანი ოდები, კოპწია ეზოები, ჩახატულ-ჩაქუჩუჩებული, იმერული ეშხით დამშვენებულნი, გზის პირას ჩანდნენ ჩამწკრივებულნი. პოლიციელებით სავსე მანქანამ სიჩქარეები აკრიბა და დაბიდან  გავიდა, გააღწია. გზა ორად გაიყო, ვაჟას გაახსენდა, მანქანაში, სხვა ჩანაწერებთან ერთად, ,,ფლამენგოს“ ჰანგები ჰქონდა... ხშირად ამღერებდა, განსაკუთრებით თუ  მარტო იყო. მოიძია და ჩართო. გიტარის წკრიალს თითების ტკაცუნი და შეძახილები მოჰყვა.
...2010 წელს, იუნესკომ, კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა ,,ფლამენგოს“ (როგორც ,,ჩაკრულოს”!). მუსიკა აახლოებს ადამიანებს, ძნელად მისახვედრელს ახვედრებს, ახლაც, ტაშის ხმა, თითების ტკაცუნი, შეძახილები გარკვევით რომ ესმოდა... რაღაც სხვას, ძნელად მისახვედრს ახვედრებდა... ანდალუზიის მთებში აჟღერებული... ესპანური, ბოშური, არაბული ფოლკლორის ელემენტებით გაჯერებული საცეკვავო მელოდიის მოსმენა საოცრად სიამოვნებდა. თანდათან მშვიდდებოდა. მამაკაცები, ფეხების ძლიერი, რიტმული მოძრაობით გამოირჩეოდნენ, ხოლო ქალები, ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი რხევით. კასტანეტკების ტკაცუნი ისმოდა, შეძახილებიც...
წამით მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი მის შესაღვიძებლად იყო გამიზნული. გონზე მოსაყვანად...  თითქოს განგებამ შეურჩია საჭირო წუთი... უცებ მოეჩვენა, მხიარულ ტკარცალსა და შეძახილებში, მოულოდნელად  შვილის ხმა ჩაესმა. სადღაც შორიდან, უსასრულობიდან ეძახდა იგი, ,,მამა, მამიკო!“თითქოს შველას თხოვდა... ლამის თვალს დაუბნელდა... მოვალეობამ შვილი დაავიწყა, საკუთარი პირმშო... მასზედ ფიქრიც კი აუკრძალა საკუთარ თავს! რა ემართება?!
და ამ დროს, ხელახლა გაისმა მობილურის ხმა... არ უპასუხა. რა მოუთმენლობა სჭირს?! ასე რამ გადარია?! მისი შვილი ფეხებზე ჰკიდია!  ასეა, ხომ?! კარგი... მაცადეთ...
ამდენ ხანს თუ ქროლვით მიიწევდნენ მანქანები,  გვერდიგვერდ, ერთმანეთზე გადაბმულებივით, ახლა თავად შეანელა სვლა.  ჩამორჩა. სადღაც, ალვის ხეების ჩრდილქვეშ,  შეაყენა მანქანა. მუსიკა გამორთო. ოდნავ სული ჩაითქვა  და...  აწოწილმა პოლიციელმა შემოყო თავი.
_ მოხდა რამე, უფროსო?! ცუდათ ხომ არა ხარ?!
_ არა... რაღაც მინდა ვკითხო პატიმარს.
_ მოვიყვანოთ?
_ ჰო.
მანქანაში ხელბორკილიანი პატიმარი შემოსვეს.
_ წამოვიდეთ?_ ჩაეძია მეორე, მხარბეჭიანი, ჯიჯგვი კაცი..
_  წინ იარეთ... მალე დაგეწევით!
დაიძრნენ. თავდაპირველად, მალიმალ, უკან იხედებოდნენ პოლიციელები, უფროსს უჭვრეტდნენ... მერე, გზა ორად რომ გაიყო და საცა იყო, რაიონის საზღვრებს გასცდებოდნენ, ერთბაშად ტრასიდან განზე გადაუხვია ,,მერსედესმა“,  ეკალ_ბარდებს გაცდა და  ცაცხვების ჩრდილქვეშ, სიმყუდროვეში, უცებ შეჩერდა. ირგვლივ სიჩუმე იყო. გამვლელი არავინ ჩანდა, სულ ახლოს რუ მირაკრაკებდა. სუფთა,  კამკამა. ლორთქო ბალახი ფეხქვეშ ეგებოდა... ფართო შარას და მიმქროლავ მანქანებს საკმაო მანძილით იყვნენ დაშორებული. ალბათ ვერც მოაგნებდნენ. თავადაც არ იცოდა რას აპირებდა! გადაწყვეტილების მიღება გაუძნელდა... მხოლოდ ფიქრს აჰყოლოდა, უნუგეშოს და ძნელად შესაცნობს...
ერთხანს ჩუმად ისხდნენ. ერთმანეთისკენ არ გაუხედავთ...  თავისდაუნებლიეთ, უცებ, ვაჟამ  ღილაკს დააჭირა თითი. გიტარის მჟღერი ხმა გაისმა. შეწყვეტილი მელოდია გაგრძელდა და ორთავემ _ პატიმარმა  და პოლიციელმა, იგრძნეს, როგორ შეეცვალათ  განწყობა. მცირედად, თითქოს აჰყვნენ კიდეც მუსიკის საამო ხმებს, თითების ტკაცუნს, შეძახილს. ეს მოხდა წამით... პატიმრის პირველსავე ჩაცინებაზე, უფროსი მიხვდა... იგი  დასცინოდა მას! მისი არ სჯეროდა... ,,მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა!“_ შეეცადა, ყოველგვარი შიში, უკან დახევის სურვილი გაექრო. ყოველი წუთი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. მაშინ იყო, მკლავი უკან გადასწია და... პატიმარს სამაჯური შეხსნა (მოეჩვენა, რომ ამას,  ვიღაც სხვა აკეთებდა!).
სამაჯური უჯრაში  მოისროლა...
და იგრძნო... აღარც  სტანგანეტკების ტკაცუნი ესმოდა და აღარც მოცეკვავეთა შეძახილები... გიტარაც მიყუჩდა... წამით, სარკეში, უკანმჯდომს  წაჰკრა თვალი. მღელვარე ჩანდა იგი, თვალებდახუჭული იჯდა. კბილები დაეჭირა ტუჩზე, თითქოს სუნთქვას იკავებდა... ეგებ მოწოლილ ცრემლს... მიხვდა, ახლა თუ არ გაუღებდა კარს, შეიძლება მერე თავად  გადაეფიქრა!
და საოცრება მოხდა! სწორედ მაშინ, კარგა ხნის დავიწყებული... შორეული წუთები აუტივტივდა თუ აებლანდა  თვალწინ (წამიერი გაელვებით მოხდა!).  პატარა ბიჭობისას, ჩვევად ჰქონდა, კვირა დღეს ბაზრობაზე მიმავალ მშობლებს თან აედევნებოდა. არ მიყავდათ და ღნავილით იკლებდა იქაურობა... ბაზრის შესასვლელთან, ცალფეხა თუ ცალხელა (კარგად არ ახსოვს!), მედლებით მკერდდამშვენებული, ხმელ-ხმელი მოხუცი ჩანდა. დახლზე გალიები ქონდა ჩამწკრივებული, იგი ჩიტუნებს ჰყიდდა, ბავშვები ესეოდნენ. გალიებში მრავლად ჩანდნენ _  თეთრგულა თუ ყვითელგულა მელაღურები, შავ-შავი  შაშვები თუ შოშიები, კუდმაკრატელა მერცხლები, ნიბლიები, ტოროლები... გარჩევა უჭირდა!  ეტყობა, კაკანათით იჭერდა ბერიკაცი... არადა, მოწყენილები ჩანდნენ ჩიტუნები, ნაკლებად ჟივჟივებდნენ. თავისუფლებადაკარგულები, გაფრენა-გაქროლებას დანატრულები... ,,დედა, მიყიდე, გეხვეწები,“ - ფეხს აბაკუნებდა... ხელჩანთას თავისკენ ქაჩავდა. მოხუცი ცნობდა ბიჭს... უღიმოდა, სათითაოდ გამოყავდა გალიიდან ჩიტუნები, მცირედად ეფერებოდა, ეგურგულებოდა და წკნელით ჩახლართულ გალიაში ათავსებდა. გულში ჩახუტებული მიჰქონდა ბიჭს გალია. შინ დაბრუნებული, როგორც კი მშობლიურ ეზო-გარემოში იგრძნობდა თავს, ატმებისა და უნაბების  ბოლოს, გრძელ მწკრივს შორის, ჩრდილოვან კუთხეში, ერთბაშად აღებდა გალიის  კარს და სათითაოდ გამოჰყავდა ფერად-ფერადი ჩიტუნები და... აფრენდა მათ. მისი დიდი სიამოვნება იყო! ჩიტუნები კარგა ხანს თავს დასტრიალებდნენ ეზოს, ხის ტოტებზე სხდებოდნენ, მერე გალაღებულნი, კამკამა სივრცეს დანატრულები, შორეულ სივრცეებს მიაშურებდნენ, იქ იკარგებოდნენ. სწორედ ეს ახარებდა ბიჭს!
იგრძნო,  როგორ დაენამა შუბლი ოფლით... რატომღაც ახლა, ამ წუთში, სიჭარმაგის ჟამს... მოუნდა თუ მოესურვა,  კიდევ ერთხელ განეცადა მსგავსი განცდა, გაფრენის თუ განთავისუფლების შეუცნობელი შეგრძნება, რაც მთავარია, ხელახლა განეცადა ის... ,,გალიაში ჩიტუნები ზიან...“ სიმღერაშიც ასეა.  ჩიტების ნაცვლად ახლა დამნაშავის გათავისუფლებას აპირებდა, რომელსაც მრავალ დანაშაულს აბრალებენ, სამუდამო სასჯელისთვის ამზადებენ და  ჩქარობენ, რომ დროულად აღასრულონ... მიხვდა, მისი გაფრენის დრო დამდგარიყო!
მაშინ იყო, უკან მჯდომ მოხედა და მშვიდი ხმით უთხრა:
_ აქ დაგელოდები... დროულად მომიყვანეთ ბავშვი.
ბრძანება ნაკლებად ერია ხმაში, არც თხოვნა იყო.
_ გასაგებია, _ უპასუხა.
_ ერთ საათს გაძლევ დროს.
სხვა არაფერი უთქვამს! არც ის დაუნახავს, როგორ  გადავიდა მანქანიდან ტანმაღალი, მხრებში ოდნავ მოხრილი, მცირედად დამფრთხალი კაცი! აჩქარებული ნაბიჯით შარაგზისკენ გასწია, პირველსავე  შემხვედრ მანქანას ორივე ხელი აუწია და ჩაჯდა. არც ის შეუმჩნევია, საით წავიდა მანქანა, რომელ მხარეს... რა მიმართულებით.
იმასაც მიხვდა, ბედისწერას  რომ ეთამაშებოდა, შეუცნობელსა და ერთობ საეჭვოს.


*
აღმართს შეჰყვა, სიმწვანეში ჩაკარგულ სოფელს ზემოდან გადმოადგა. სხვა ეშხი ჰქონდა აქაურობას, ლორთქო ფოთლებს, ღელის პირას ჩაბნეულ მინდვრის ყვავილებს... ოჯახის პოვნა არ გაძნელებია... სულ ახლოს, ბურთის დარტყმის ხმა და ბიჭების ყიჟინა ისმოდა. ჩამავალი მზე ბოლო სხივებით ემშვიდობებოდა  სოფელს. ეზოში გაფენილი სარეცხი ფრიალებდა.  მწვანეკაბიანმა, ტანსავსე ქალმა, ჭაში ოჭინარი ჩაუშვა, მერე პირამდე აავსო საწყლე და ჭიშკართან შეჩერებულ მანქანას გაოცებით მოხედა. ტალღოვანი თმა წაბლისფერ ბულულად  ადგა თავზე,  სტუმარი შინ მიიპატიჟა, თან  ფეხბურთის მოთამაშე ბიჭებს გასძახა: ,,თემო, გია! დროზე!“ ქალის  ხმამ მსუბუქად გადიგურგულა, სოფლის მყუდროება შეარხია....
_ მოვდივართ, დედი! _ ბიჭის ხმა მოისმა.
მანქანიდან  გადმოვიდა ვაჟა. ჭიშკარი შეაღო. წამით მოეჩვენა, რომელიღაც ხიდან შაშვების  გუნდი აფრინდა. ერთხანს სივრცეში იფარფატეს, ჟივილ-ხივილით იქაურობა აიკლეს, ბოლოს,  უსასრულობაში შთაინთქნენ... ,,მთელი დღე ჩიტები მელანდება...“ გაუელვა წამით. ვერ მიხვდა რას ნიშნავდა. რა ხანია, ბურთის ცემის ხმა მინელდა,  ქალი კიბეს აჰყვა, უკან სტუმარი მიჰყვებოდა. მოღიავებულ კარში გაშლილი სუფრა გამოჩნდა... კეციდან ახლადარეკილი, ნეშოიანი მჭადის სურნელი შეიყნოსა, ჯერაც ცხელი, კანდამსკდარი (ნასვრეტებიდან ერბოს რომ  გამოეჟონა...) ხაჭაპური ამშვენებდა სუფრას!  ღრმად ჩაისუნთქა სტუმარმა.
_ ახლავე მოვლენ!_შემოღიმა ქალმა.
ვერაფერს მიმხვდარიყო... ახლა, ამ წუთებში,  ყველაზე მეტად,  შვილთან შეხვედრა   აფორიაქებდა... მისი გამოჩენა, თვალის შევლება.
ერთი-მეორის მიმდევრობით შემოლაგდნენ ბიჭები. ჯიკავ-ჯიკავით, ხითხითით. გაოფლილები ჩანდნენ, სახეაჟინჟღილებულები, ხელ-პირი ხომ დაიბანეს, სველი კისრები პირსახოცით შეიმშრალეს. სამი ბიჭი და ერთი გოგო. შვილიც  მათ შემოჰყვა... ვაჟიკო. მათივე თანატოლი,  ფეხზე ,,ბუცები“ ეცვა, ძველი, სხვისი ნახმარი, სხვადასხვა  თასმით შეკრული.
_ მოხვედი, მამი? _ გაიხარა ბიჭმა _ უკვე მივდივართ?!
_ არ წახვიდე, ვაჟიკო! _ წამოხტა გოგო, წინ გადაუდგა. ყველაზე უმცროსი ჩანდა, კაპარჩხალა, კიკინანაწნავიანი _არ წახვიდე, გეხვერწები...
_ამეღამ დარჩი ვაჟიკო, ხვალ ერთად წავიდეთ სკოლაში..._ ყველაზე უფროსმა, ნაფოტა კბილებიანმა, მაღალმა ბიჭმა, მკლავი მოხვია.
რაღაც არ იყო ისე, მას რომ ეგონა... ეს ქალიც, თითქოს, ეცნო. სადღაც შეხვედრია (რომელიმე ,,იმათთაგანის“ ნათესავია...), ,,ყვავი, ჩხიკვის მამიდა“. რაც მთავარია, ბიჭები ერთმანეთთან შეწყობილნი ჩანან,  ერთ გუნდში თამაშობენ.
არადა, მთელი რაიონი მოჩხრიკეს, ამ ადგილებში მისი მოძებნა ნამდვილად არ უფიქრიათ, ვერც მოიაზრეს. ბიჭი მხიარული ჩანდა, უდარდელად მიდი-მოდიოდა, ფეხბურთი ხომ ითამაშა, ახლა ცხელ ხაჭაპურს მიირთმევს. ეს ახტაჯანა გოგო, კიდევ განუწყვეტლივ უტრიალებს,  ცმუკავს,  ბიჭებს ტოლს არ უდებს! პირველი მიუჯდა მაგიდას, რძით სავსე ჭიქა და ხაჭაპურის მოზრდილი ნაჭერი თავისკენ დაითრია. თითებს წვავდა. მაგრამ არ ეპუებოდა, გემრიელად ილუკმებოდა. ვაჟიკოც მათთან იჯდა, მალიმალ მოხედავდა მამას, უღიმოდა. თბილი, ხალასი ატმოსფერო სუფევდა, სინამდვილის მოძიება, კითხვის დასმა, ვერ გაბედა ვაჟამ, ეუხერხულა.
მასპინძელმა, სტუმარი მიიწვია მაგიდასთან,  ჭიქა ღვინით შეუვსო, დაგვლოცეო, თხოვა... ,,რა ხდება?!“ _ წამით გაუელვა პოლიციის... ,,ყოფილ“ უფროსს! ყოველივე უჩვეულო ჩანდა... მცირედად, სახალისოც.
_ ,,ჩენჩი!“ _ გაელვა წამით.
საკუთარ თავზე თუ ვიღაც სხვაზე ჩაეცინა... ჭიქა ბოლომდე დასცალა.

2022 წ. 10 იანვარი,
თბილისი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge