გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელისაბედ ჯავახიშვილი - ლექსები




***
მარტოობამ ამიტირა
სულის კბოდე,
მარტის თვეა არეული,
ცრემლობს,
თოვს და
გიჟი ქარი ქარაშოტობს, არაფერი აღარ ხდება
ჩემს გარშემო,
თითქოს მოვკვდი,
ჩემს საფლავზე
გალობს შაშვი,
გასუდრულა არე-მარე, თოვლის თეთრი
სინარნარე
ალაგ-ალაგ,
ნაგლეჯ-ნაგლეჯ,
წუხილს მათოვს,
წავიდაო,
გადავიდა წარსულ მხარეს,
გაზაფხულის მზეკაშკაშა სიმცხუნვარე.
აგერ ტყემალს დახეთქვია გულის კვირტი,
ხსენი მოსდის  
კერტებიდან
ხეთა მკლავებს.
დედობაში ტკივილია უფრო მეტი,
ახლა გული
სევდითა მაქვს
დანაფერი,
არას ვუცდი,
გარეთ გიჟი ქარი
ქრის და
მარტი პენტავს
დღეთა რიგის
გრძელ მაქმანებს,
ფერებს ურევს ერთმანეთში, ფიქრში წუხილს
აზავებს და სიყვარულებს  გულგრილობით შეაზავებს...
ფერი ისე გასცრეციათ
გრძნობებს ჩემსას,
მზედაკოცნილ ჩემს
ყვრიმალებს,
ახლა ცრემლით დანაღარებს,
შლეგი მარტი
საცერივით
თვის მკლავებში
აქანავებს...
მე ნამდვილად აღარავის აღარ ვუცდი,
სარკმლის მინას
ნაზად კოცნის
თოვლის ფიფქი.
ცამეტია
მარტის დღეთა მინათვალში,
ქარი ანცობს,
ფიქრებს წეწავს ერთმანეთში,
წარსულს ფერი შერჩენია მონატრების,
გული ჩემი,
როგორც ტყვია გასროლილი,
დაცლილია ტკივილების არაფრობით,
იქნებ უკვე მკვდარი
ვარ და, სადღაც, გზაზე,
სიკვდილსაც კი
უიმედოდ დავავიწყდი,
რადგან ასე, ჩემს მიღმაა გაზაფხული,
რადგან იქით გადასულან ყველა უხმოდ,
მზე ჩამიქრა ამოშრეტილ თვალთა კბოდეს,
აღარავის აღარ  ველი,
აღარ ვუცდი,
ჩემი გული  ტკივილისგან გარდაცვლილი,
უხმოდ მოთქვამს,
იცრემლება
უცრემლებოდ...
მარტია და გარეთ ანცობს გიჟი ქარი,
სევდიანობს ჩემებურად
დღეთა რიგი,
სადღაც გზაზე ასკინკილით
ჩამოირბენს
მზეფრიალა,
კაბამოკლე
გაზაფხული.
***
გულზე თრთოლვით ანამღერებ სიტყვებს,
თვალზე ცრემლებ დანაპკურებ სევდას,
დილის მზისგან
დანაკოცნებ თვალებს,
სულის ცამდე
სიყვარულით ვზიდავ.
გულის ქურას
გამოვაწრთობ გრძნობებს,
სიყვარულის ფერთა შუქით
დავფერ,
შენს არყოფნით
მოყენებულ ტკივილს,
ნემსის ყუნწში
განატარებ წამებს,
გულის ძაფით, ხელის თრთოლვით ვუვლი,
მიხარიხარ,
მე ამგვარად მსურხარ,
წუხელ ღამეს ვუდარაჯე
ფიქრით,
დილის ნიავს ვეჩურჩულე, ვუთხარ,
რა სიწრფელით, რა ბალღურად მიყვარს.
სულში ვნების ქარიშხალი მიტევს,
ამიკვირტდა გაზაფხული მზისებრ,
გულის ბაღი ყვევილწნულად მექცა,
მიბდღვრიალებს გულში მწველი განცდა.
რა ვქნა, ტკბილო,
მე შენსავით, ასე,
ვერვის ვუთხარ,
მიყვარხარო ძლიერ,
რომ სიცოცხლე დაფერილი
შენით, გულს მიკრული,
ჩვილ ბავშვივით დამყავს,
ავსილია სული შენზე ლოცვით,
ეს რა სენი შემომყრია, თურმე,
სიყვარული რა ყოფილა, მწარე,
გამიგია, ტკბილიაო,
თუმცა...






***
თუ სამყაროს ასე უნდა,
ჩვენი დაშორიშორება,
რად მივტირი, რატომ ვეძებ
მე გლახაკი,
ვითხოვ შველას...
ვითხოვ ხსნას და ვითხოვ შვებას,
სიყვარულით გადარჩენას,
ღამე ისე გაყურსულა,
თითქოს მასაც ენატრება,
ელოდება ყველა იმ  წამს,
როცა მძლავრობს მონატრება,
თითქოს ღამეც იხდის სამოსს,
ისიც სატრფოს ელოდება,
მონატრების დგება წამი,
ჟამი დგება სიგიჟისა,
როცა სიყვარული  ითხოვს
სიგიჟმაჟით აღმაფრენას,
ყველაფერი აქ იწყება,
ყველაფერი იქ მთავრდება,
როცა მე ვწერ
ამ სტრიქონებს,
გული ისე მეტანჯება,
ვერ ამოვდე მას სადავე,
შლეგია და მეურჩება.
თუ სამყაროს ასე უნდა
ჩვენი დაშორიშორება,
აბა, მე რა შემიძლია,
ან რა ჭკუა მეკითხება,
გარეთ გაზაფხული იცმევს კვირტთა ნაალერსალ ვნებას,
ახლა სიყვარულის დროა, გული ამას  მეუბნება,
რა გავაწყო, რა მიშველის,
რასაც ჩემი ბაგე ჰყვება,
გარეთ ღამე იცრემლება,
მასაც ჩემებრ ენატრება,
ღმერთო! რატომ მაპოვნინე,
თუკი ისევ დამტოვებდა,
ღმერთო, რატომ მოახდინე
ჩვენი დაშორიშორება?!..




***
გათენდა,
გულზე მჩქმეტს  ტკივილი,
გარეთ ქარებიც კი დამცხრალან,
სიჩუმე პირზე ხელს მაფარებს.
მე შენთვის აღარავინ აღარ ვარ?!
მძიმეა ასეთი განწყობა,
პირზე მზეც ვეღარ ღიმილობს,
იმედი როგორაც ნაღველი,
თვალსა და ხელებს შუა გამქრალა,
გული დამელია ლოდინით,
არ გინდა ჩემს გულთან ფეთება?!
აგერ, გაზაფხული იღვიძებს
ღმერთო,
რა ლამაზად თენდება!..
იქნება,
მეც გადაგიყვარო,
მეც გავქრე,
ღამინდელი სიზმარი,
არ ვიყო მე დილის პირმაღზე,
სადაც მზე
უშურველად ბრწყინვალებს!
დაისად გადამექცა,
ეს გული,
ჩადის და რა ლამაზად ბნელდება,
წავედი, არ მიღირს ლოდინი, როს ასე,
სევდიანად თენდება.
მე ხომ მზისგულა და მზის კაბით, მხოლოდ სიყვარულით ვენთები,
ცისკარზე ამოსულ აისებს
პირზე ღიმილებით შევხვდები.
არ გინდა?!
მე რა მაქვს სახვეწი,
მზეს დილით
კვლავაც უნდა დავუხვდე.
ჩიტი სტვენს საღაცა, კენწეროს,
ისიც სიყვარულით გადიფრენს...
ასე, ლექსით გითხარ, გაგანდე,
გული ფიანდაზად დაგიგე,
მე შენთვის თუ არაფერს არ ვნიშნავ,
დაე, იქ დამთავრდეს
სათქმელი,
გული სულთათანას მიგალობს,
ძაღლი ყეფს,
ქარავანი იჩქარის,
ნეტავი,
რაგორ უნდა დავუხვდე
ცრემლებით ნაგვირისტებ
გაზაფხულს.
წავედი,
ციდან მზე დამნათის,
მე მასთან მინდა ცელქობა,
მე ხომ, მზის შვილი და მზის დარი,
ქალი ვარ, მწველი და მჩქეფარე,
ხოდა, მეც მინდა
ანცობა, ხალისი,
აგერ, გაზაფხული სარკმლიდან მეძახის,
გამოდი!

***
თებერვლის დღეებს სუბსარქისის ქარებით ვპენტავ,
ფიქრის გორგალებს ნაზამთრალი ტოტებით ვართავ,
ოცნებებს ღამით დაპენტილებს,
კაბების ქობას,
მწველ განცდებს ჩემსას, სისხლძარღვებით დღემუდამ ვკვებავ.
მზეს მივუფიცხებ,
იმ ნაცრემლებ თენებულ ღამეთ,
მონატრებებით ჩამოქცეულ იმედის მწვერვალს,
იქნება ოდეს ცად ავწიო
ოცნების ფრესკა,
სიყვარულების ცისარტყელა
გულზედ რომ მერტყას,
ჩემს ნაოცნებარ სულის ფთილებს
დღე და ღამ ვართავ,
ჰა, სადაცაა,
გაზაფხულიც შემოხსნის კარებს,
ისე ჯიქურად მომასკდება
აპრილის სევდა,
გიჟმაჟ კვირტებად დაიღვრება
ირგვლივაც არე,
მკერდს გადიღეღავს მოვარდნილი წვიმების ღელე
და სიყვარულზე კვლავაც
იმღერს
სამყარო სათქმელს.
ავაგვირისტებ,
გრძნობებით მთვრალი,
მდელოებს სულის,
მე რომ მეწადა, შენთვის მეთქვა,
ის ერთი სიტყვა,
რარიგ მწყურიხარ,
რარიგ მიყვარხარ,
როგორც მზეს ზეცა.
ო, რა რთულია,
ყამირებზე
გაავლო ხნული,
მოძებნო სიტყვა, შენეული,
გრძნობებს რომ ზიდავს,
ო, რარიგ მტკივა
თენებული,
უშენო წამი,
არ მტოვებს მუდამ
უძლურების მტანჯველი სევდა და, აი, ისევ,
კვლავ წამოვდგე,
როგორმე, ვინძლო,
მუხლისმოდრეკით ღმერთს შევჩივლო,
იქნება მითხრას,
მე რა მიშველის ქვეყანაზე,
რა გადამარჩენს?!
ჩემი სინდისი თუ მექცევა
მოსამართლედ,
გამასამართლოს,
ჯვარზე გამაკრან უმოწყალოდ,
გამროზგონ თუნდაც,
მე ამ სიყვარულს  ვერ
ვუხერხებ
ვერაფერს ჯერაც,
გამასამართლეთ, თუნდაც
თავში მახალეთ ტყვია, გეტყვით,
რომ მზად ვარ ვიყო მსხვერპლი,
ზვარაკი გრძნობის,
მე სხვაგვარად არ შემიძლია!
სულს ვუნანავებ
განაწამებს ქარებით ნაქროლს,
იქ, გულის ფსკერზე,
მაწერია,
ბოლო სათქმელი,
თუ რარიგ მიყვარს,
ისე ძალუმად,
ისე ძლიერად,
მეტი რა ვთქვა, მეტი რა გითხრა,
შენ, ჩემო სუნთქვავ,
ჩემო კელიავ,
ჩემო სამყაროვ,
ტკბილგულიანო,
გუნდრუკს რომ გიკმევ გრძნობებისას,
შემინდო ვინძლო.
გულში, როგორაც
სალი კედელი სიყვარულისა,
საუკუნოდ ამომაშენო.







***
მოდით,
ყვავილებო, გულზე შემომენთეთ,
მოდით, სიყვარულის დიდო ქარიშხლებო,
მოდით, ამამღერეთ,
სადღაც წამიყვანეთ,
მოდით, სიხარულით უბე ამივსეთო;
მოდით, ისევ მწვავედ,
გული მომიწურეთ,
მონატრების
ცეცხლი კვლავაც
წამკიდეთო,
მოდით, მერე ცაში მაღლით ამიყვანეთ,
ნისლის თეთრი კაბა
ტანზე მაცვითეთო,
მოდით, მზის პირმაღზე ლოცვად დამაყენეთ,
სიყვარულის ცრემლი
უბეს მაწვეთეთო;
მოდით,
გულის კარი,
ვით სავსე ბეღელი,
იმედით და ლხენით სუმთლად ამივსეთო,
მოდით,
განთიადებს
კვლავაც  შემახვედრეთ
ლოცვად მუხლმოყრილი
ღმერთს კვლავ ვუბნობდეო,
მოდით, სანამ მოხვალთ,
მე სიცოცხლეს წამგვრით,
მოდით,
კიდევ ერთხელ,
კიდევ მაცრემლეთო,
ისევ მათქმევინეთ,
სიყვარულით მთვრალი,
აქ, მიწაზე, მუდამ,  
ტკივილს რად ვიტევო;
მოდით, თუ მოდიხართ, თბილი ქვეყნებიდან,
მოდით, მოჟღურტულე
ჭიკჭიკა მერცხლებო,
ჩემი სახლის ჭერი ისევ გელოდებათ,
მოდით, მაგ ჟღურტულით სული ამივსეთო!
მოდი, გაზაფხულო,
ისევ გულისფეთქვით
გეჩურჩულები და
შენით ვხალისობო!













***
რადმე მახველი ამ ჩემს  გულს,
რად შამომიხსენ კარები,
თუ ისევ უკან ვიდოდი,
ცრემლით დამიშრე თვალები.
მეუბნებიან,  ქალაუ,
ღიმილი ისრემც გშვენისო,
როგორც აისზე დილის მზე,
ფოთოლზე ცვარი დილისო...
შენ კი მიცრემლებ ლამაზ თვალთ,
წუხილმა გულიც
დამიმცრო,
ისე მიკვნესის ტიალი,
სულ ცრემლობს,
ვეღარც ხალისობს.
იტირე გულო, ამოთქვი,
შენი გულისა ვარამი,
ვის არ შაჰყრია ეგ სენი,
გირჩიონ  იქნებ წამალი.
რადმე მახველი ამ ჩემს გულს,
რად შამამიღე კარები,
თუ ისევ გაიხურავდი,
ასერიგ დამაღონებდი,
რადმე მიკრთები, წუხილო,
რად შამომიჩნდი ნეტავი,
აღარ მასვენებ წამითაც,
ჰგოდებ ნიბლია ჩიტივით,
გაფრინდი, შაჰკარ ირაო,
დაემშვიდობე ქვეყანას,
იმღერე ბოლო სიმღერა,
გაჰყევ ღრუბელთა ქარავანს.
რადმე მახველი, წუხილო,
რადმე ჩამოჯექ გულსაო,
რადმე ჩამიქრე მზე თვალთა,
შენი თოლების გარდაო,
ვერაფერს ვეღარ ვხედავო.






***
გარიჟრაჟისას,
რამდენი ცაზე
გადაიფრენს
თვითმფრინავი,
ჩუმი გრუხუნით,
სარკმელს ვაღებ,
მოლოდინით იქ
ვიცქირები,
ვჩურჩულებ ლოცვით:
- ღმერთო, სიკეთით
მიიყვანე
სახლის კარამდის,
ისიც არ ვიცი,
შიგნით ვინ ზის,
მე, უბრალოდ, მერევა შფოთი,
ღია  სარკმელში
ვდგავარ და ვიცდი,
ვლოცულობ გულით,
ხანაც ცრემლებით...
მე გავხდი ასე,
ნაღვლიანი,
რიჟრაჟზე მდგომი ქალი,
ქალი მლოცველი,
თვითმფრინავების გამცილებელი.





***
ახლა ჩემს სულში, ისევ ისე, როგორც მაშინ,
ტირის ის გოგო,
როცა დედა ენატრებოდა, იმალებოდა ეზოს ბოლოს, თხილების  ძირში,
მიწაზე მოსიარულე ჭიანჭველების ოჯახს დაჰყურებდა,
მათი შურდა, ალბათ ცოტათი,
იმიტომ, რომ ერთად იყვნენ,
შვილებს დედა დაჰფუსფუსებდათ,
მე კი, მაშინ, მონატრებისგან გული მეწვოდა,
ვხედავდი დედას,
იქ, პალატაში,
გადახამებულ თეთრეულში მწოლიარეს,
დალურჯებული მკლავებით,
ვენებდახეთქილი  სისხლჩაქცევებით და
ისე მწარედ მენატრებოდა,
იქ მინდოდა იმ პატარა ორმოსთან დარჩენა და დაძინება,
სადაც ჭიანჭველები უწყვეტ ნაკადად მოძრაობდნენ...
იქამდე ვიწექი მიწაზე,
სანამდის მზე, თხილების ტოტთა შორის,
კაბის ბოლოებს არ გადაფენდა,
ბებოს ნათქვამი მინჯღევდა
გონს,
მაფხიზლებდა
გრილ მიწაზე ჩაძინებულს,
მიწამ არ დაგგრილოსო,
ჩემო გოგო,
ჩემო თურაშაულოო,
გამოვრბოდი ვაზის რიგებში,
მოხნული მიწის ბელტოები ცხრათავიან დევებს ჰგავდნენ,
მხართეძოზე წამოწოლილებს.
მე ობოლი გოგო  ვიყავი, თითქოსადა,
დედინაცვლის რისხვას გავურბოდი,
ზღაპარს ჰგავდა ირგვლივ სამყარო,
მჯეროდა სიკეთის გამარჯვების,
გული მეიმედებოდა,
ვწვებოდი  ცივ ლოგინში და ჩემივე გამოგონილ სამყაროში ვმოგზაურობდი,
იქ ვიყავი ყველაფრით სავსე,
ახლა ისევ იმავ განცდით ვზივარ ღუმელის გვერდით,
ვიცი, რომ დედაჩემი ზეგნისეულში წევს,
გათოშილ დედამიწაში,
ის თხილებიც ბოსტნის ბოლოს გადაბერდნენ,
ჭიანჭველები  კი ალბათ ისევ იქ არიან,
ვაზიც გადახმა,
მიწის ბელტოებსაც არვინ აბრუნებს
ცხენის გუთნით და
ჩემი ეზოს ბილიკებიც გაუდაბურდა...
სული მეწვის, ტირის უცრემლოდ,
სამყარო იმ ცარიელი აკვანივით დაცარიელდა,
დამტვერილ სათონეში რომ დგას და იცდის,
სადაც დედას და ბებოს აჩრდილებიც აღარ არიან...
დღეს ოცდახუთი იანვარია,
ამ ბუხრის სითბომ საღერღელი ამიშალა ლაპარაკისა,
ცრემლებიც დაშრა ჩემი სოფლის ღელესავით დაიწკრიტა, გამოიფიტა...
მე მაინც ვტირი, ისევ ის გოგო ვარ,
ნაწნავებიანი,
დედის მონატრებისაგან
ძალები რომ დაკარგა,
დღე ღამედ ექცა. რა ვქნა,
არ ვიცი,
ყოველ საღამო ვიშლი დარდებს, იმ გათოშილი
ქვეშაგებივით,
ბალიშის ქვეშ
დამალული დედის პერანგით,
ვიშლი მაჯისსიმსხო ჩემსა
ნაწნავებს,
გოგოობისას ჩამოწნულებს,
რუდუნებით საგულდაგულოდ...
დედა, სადა ხარ,
მოდი, სასთუმალს
ჩამოაყრდენ
დაღლილი მკლავნი,
მოდი, უბრალოდ
გულში ჩამიკარ, გიცდი!
***
ბოროტი ურტყამს
ჩემს ლაბილურ ადგილებს, ბოროტი ურტყამს,
აქვე, მიწაზე მომიკოდა
გულის ფიცარი,
მოვიდა, სახლში ჩამისახლდა,
როგორც მოკეთე,
ისე მწარედ გამოვიცდები...
დედაშვილობის სიმწრით ნაშენი დუღაბები
ჩამომიშალა, გამიცამტვერა,
სულ დამინგრია...
ისე მტკივა დედის წიაღი,
რაც მქონდა წმინდა, მე პატიებით
გამოვიცდები, რა შემიძლია,
აქ ვარ ნამდვილი,
ღმერთს შევტირი,
დედაშვილობის დიდ დედაბოძს ვებღაუჭები,
სიკვდილი ჩემში დანავარდობს,
ჩემს ორგანოებს ანაწევრებს
წიქარას გულ-ღვიძლივით
ითხოვს ზვარაკად,
მსხვერპლად მირთმეულს.
მე ძალი არ მაქვს,
ან რა ვავნო,
ჩემს მონაგარს  დავარტყა ისევ?!..
სული მეწვის, ფორიაქობს,
უძლურებამ ხელი დამრია,
თითქოსადა, უკვე მოვკვდი,
საიქიოს პირმაღზე მდგარი
სინანულის მოსასხამს ვირგებ,
ადგილი არსად აღარა მაქვს,
ჰოდა, ისევ, ცაში დავფრინავ
მოფარფატე პეპელასავით,
დამსხვრეული ფრთები მეწვის,
ჩემი ლაბილური  ადგილები იავარ იქმნა,
ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგელი მიტევს,
მძიძგნის კბილებით,
მართმევს იმას,
რაც მეკუთვნის,
რაც გამაჩნია...




***
გულს რამოდენა ტვირთის ტარება შესძლებია,თურმე...
არადა, უმწეო ბეღურასავით ჩუმად ფრთხიალებს,
ცოტაოდენი საკენკი უნდა სიყვარულისა,
მერე დაჰქრის გალაღებული, მჭვირვალი ცის ქვეშ, აღარაფრის არ ეშინია.
გულს რამოდენა ტკივილების დატევა შესძლებია, თურმე.
მერე მხოლოდ ერთი ტკბილად ნათქვამი სიტყვა კურნავს: მიყვარხარო!..
გულს რამოდენა მანძილებზე შესძლებია წამში მიმოსვლა,
სადაც თვითმფრინავიც კი
დროს ვერ ამოკლებს,
გულს რამოდენა ცეცხლის დანთება შესძლებია, თურმე...
ვერაფერი ვერ აქრობს მის მწველ კოცონს,
აი, მივდივარ იქ, სადაც არვინ მელის ისევ,
ვემეტყველები ჩემი ფიქრებით ჩემსავე გულს,
საკენკს  ვუყრი  მოითმინე-თქო, სიყვარულით
ვეჩურჩულები...
გულო, ახლა, ამ წუთას აღმოვაჩინე,
შენ ყოფილხარ მართლაც ძლიერი,
რომ ასე გტკენენ,
შენ კი ისევ მიყვარხარო,
ეჩურჩულები,
ყოველ ცისმარე...
გულო, მასწავლე შენებურად, დაგი-დუგი,
გულო, მასწავლე როგორ გავძლო მე მის გარეშე...
გულო, გული ისე მეწვის,
დაყუჩდი და  ჩამოჰკარი  ხელი სიმებზე,
ააჟღრიალე  ეს მოლოდინიც, გამიფერადე,
გულო, ნუ გაფრინდები შორს,
საიდანაც ჯერ არავინ
დაბრუნებულა,
გთხოვ, მოდი, ერთად ვიღიმილოთ ამ სიყვარულზე,
რომელიც ასე უბოდიშოდ, ურჩად მეწვია,
გულო, მასწავლე, როგორ ვიცხოვრო მე მის გარეშე,
გულო მასწავლე,
გთხოვ, ჩემო გულო!








***
ვზივარ და ვიცდი.
როგორც მოსწავლემ,
უკვე ათასგზის ამოვშალე გულს ნაფიქრები,
მწველი განცდები
მოლოდინისა,
თითქოსადა, დიდი ხნის წინათ
გარდავიცვალე.
როცა მოხვალ, ნაზად მაკოცებ,
გულში ჩამიკრავ, გავცოცხლდები, ისე
ძალუმად
მოვვარდები, როგორც
ღვართქაფი
წვიმებისას, ამღვრეული
ღელე-მდინარე,
ავზვირთდები,
ავნაპირდები...
მომინდები ისე ძლიერად,
სურვილებით გადმოვდინდები.
ვზივარ და ვიცდი,
დრო სადღაც გაქრა,
მიილია მწველი განცდები...
გარეთ ყინავს,
გულს შემომეჭდო ყინვის მაქმანი. მოდი, თორემ
ერთიანად გავიყინები,
მე შენზე ვზრუნავ,
ვარჩევ შენთვის, ბებოს ხელით ამოყვანილ
ჭრელა-ჭრულა შალის წინდებს,
თითქოსადა, თითოეულ ამოყვანილ
წინდის თვალში
მოიქსოვა
ეს მოლოდინიც,
მეძვირფსება ჩვენს ორთაშორის ჩამომდგარი
დრო და მანძილი,
გულიდან გულზე გამოფსკვნილი
ნატვრა, სურვილი...
აი, გაიღო გულის კარი,
როგორც მზე ცაზე
ამოშუქდება,
ისე მოხვედი.




***
საიდან წვეთავს,
სად აქვს სათავე,
ჩემი ცრემლების საწვეთურებს მჭვირვალე ცისას,
ან როგორ არ გამომელია,
არ აიმღვრა
მისი სათავე,
როცა გულის უდაბნოებს ცხელ გრიგალებმა
უკვე ათასგზის გადაუარეს,
ნეტავი სად აქვს,
გულის ემბაზს წმინდა ალაგი?!
ჩემო მდუღარედ დადენილო, წრფელო ცრემლებო,
რამდენ სულმტკივანს მიეცით შვება,
ასე რაკრაკ-რაკრაკით ჩამოწკრიტეთ ფიქრის სადავე,
ცოტაღა დარჩა,
სულ ერთი ბეწო,
ერთი ნაბიჯი სინანულის ციხე კოშკამდე,
კარს მიღმა მჯდარი,
უფალი ჩემი,
მე, მაგდალინელს,
თუ მიმიღებს ჩემი ცოდვებით?!
სადამდე უნდა იწანწკაროთ,
უნდა იდინოთ
თვალთა ემბაზში განბანილნო გულისთქმებო,
ჩემსა ღაწვებზე ჩამორბენილნო ასკინკილებით,
ჩემო მდუღარედ დადენილო წრფელო ცრემლებო?!..



***
რა ეშველება ამ ჩემს გულს
ისრიმად დარჩენილსაო,
მამკიდდე ძლიერ მხარ-მკლავსა,
ცის თაღსა მამიზიდავო,
იქნებდა ისევ მწიფობის
დამიდგეს დრო და ჟამიო,
ლალისფრად ვიხილვებოდე,
ისრიმ არ ვიყო შხამიო...
რა ეშველების ამ ჩემს გულს,
დაშრეტილს უსიყვარულოდ,
შამოსჩენია ნაღველი,
თვალზე ცრემლს მიტომ
ვერ იშრობს.





скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge