გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით დეფი - დეფი♔სიახLOVE - ლექსები

დემე

ვიცით მდინარე ზღვას როგორ ერთვის,
მთელი ზღვა წვეთშიც როგორ ეტევა,
დიდი სიჩუმით როგორ იღვრება
სამყაროს სუნთქვა ფიქრებში ღმერთის.
სამყაროც ოდესღაც იყო შენხელა,
კეთილშობილი ყოველი წამით,  
მის მთლიან სახეს შუქი ეხება,
შენ გულში რადგან სინათლე ჰყვავის.

24 იანვარი, 2022.






ქეთი

სწორედ ახლაა მთელი სამყარო სულგანაბული, თავით აღსავსე,
ჩვენი შემყურე და მომღიმარი, აგვავსებს ვინც კი თავისი სუნთქვით,
თავისი სიზმრით, წამით ნასესხებ ვინც კი სიყვარულს თავისას გვჩუქნის,
ზედ ცის მწვერვალზე ვისაც სახლი აქვს, შუაღამეებს ფიქრით მიმოწერს
და თავის გულზე გვიფენს სიცოცხლედ, ვინც დაიჯერა სიტყვები ჩვენი
და ის ღიმილიც ყოველთვის შვენის.

12 / 14 / 21.

















***
არსად გვინახავს სისხლს ასე სვამდნენ.
დღეს სიჩუმეში ნელ-ნელა ვკვდებით.
ჩვენს ასე ლამაზ ცარიელ თვალებს,
მსხვერპლად იწირავს სამყაროს ფსკერი.

18 ნოემბერი, 2021.






***
განთიადი. ახალგაზრდა ღამე.
ჩვენ უცხოები ვართ ერთმანეთისთვის.
ჩვენ ვუყვირით. არ ვუმღერით.
ღამე. ახალგაზრდა განთიადი.

19 იანვარი, 2022.







სიმბოლო ღმერთის

„მან სამი რამ მითხრა, მაგრამ მე თუ გეტყვით თუნდაც ერთს
მისი ნათქვამიდან, თქვენ ქვებს აიღებთ და მესვრით, ქვებიდან კი
ცეცხლი გამოვა და ყველას გადაგწვავთ.“ თომას სახარება (აპოკრიფები).

გული სულს მიგრძნობს, ამბავი ჩვენი,
გადმოწერილი სამყაროს სხვენიდან
სხვებს ანუგეშებს გადასარჩენად,
ამოსაცნობად თავის და ღმერთის.
გაშიშვლებს შენივე სიკეთე ქვეყნად,
სიშიშვლის გამო ქვეყნიდან გდევნის,
ყოველი შენი შემხვედრი თუნდაც,
ხმა საკუთარი, ვისაც არ ესმის.
არც სამყაროს ხმა ასე არ ესმის,
არც ძალა შესწევს თუნდაც ინდომოს.
ასე შიშველი ყველა შენ შემხვედრს
თავს მაინც ანდობ ღმერთის სიმბოლოდ.

24 მაისი, 2020.







რაც მოხდა, მოხდა

რაც მოხდა, მოხდა. რა გაეწყობა. გული დავიმშვიდე
და განვმარტოვდი. წამების წყობა, ჩვენს ბედს შემოწერს
და გამოგვარჩევს მთელ სამყაროში, როგორც ვანსხვავებთ
ფქვილსა და ქატოს, ლხინსა და ჭირსაც და ჩვენს იმედებს
და ცეცხლი ჩვენი გვსურს გადავანთოთ მას, ვინც სხვებისთვის
თავს გაიმეტებს, ვინც მოგვიფონებს და გულთან ახლოს
ჩვენს სიმარტოვეს გააცისკარებს და ვინც ისედაც ჩვენ გულში
სახლობს და მახსოვრობის მთლიან სიმწარეს, არაფრად აგდებს
რადგანაც ესმის, დარჩენის ტკივილი წასვლის ტკივილზე
მთელი არსებით, როცა დიდია, მაშინ მიდიან და მაშინ ხდება
თუ კი რამ ხდება ქვეყნად ძვირფასი, ასე ერთმანეთს თავი
მივართვით და ავირჩიეთ სხვა დასასრული, გზად დედამიწაც
ვარსკვლავს გარს უვლის და სუნთქვაც ჩვენი თავისთან მიჰყავს.

10 მარტი, 2020.









ღვთისღიმილიანი

თუნდაც ხედავდე სხვა როგორ გძარცვავს.
შენივე საქმე შენ თვალწინ თელონ.
გზად გადებული ხიდების ნაცვლად,
ხრამის ხახაზე შემდგარი წერო.
დიდი ამბების მოსვლას ნიშნავდეს,
შენ უკვე იცი, აზრის აქ ყოფნის,
უკვე იგრძენი, როცა წამის წინ,
გული შეახე შენით გულისსწორს
და გაგეღიმა და გაიმარჯვე,
სამშვიდობომაც ბედზე მოგისწრო,
შუქი ზღვაში დგას მარგალიტამდე
და ზედ ირხევა, უნდა ჩაიწვას
და ისე ცეკვავს და ზღვას
ააკრთობს იმ ღიმილივით
ახლა წამის წინ
ვინც შთამაგონა
მთელი სამყარო.

9 თებერვალი, 2020.






სუნთქვა სუნთქვას და წამი წამს მისდევს

ყოველთვის ვიცოდი, ასე მოხდებოდა,
ჯერ დავიღლებოდით, შეგვეშინდებოდა,
შემდეგ სიმშვიდე გარს დაგვეხვეოდა,
საფიქრელს ჩვენსას დაწმენდდა.
შენი ხმა ხსნაა მზიან ღამეთა.

შემდეგ კი ერთად, ხელიხელ, გზადაგზა,
სიმღერით, სიცილით გადავუფრენდით
ნისლეულების შუქს და სიჩუმეს
და სიბნელეებს იმ შუქებს შორის.
შენი ხმა შვებაა, სამოთხის ბროლი.

შემდეგ კი ასე, ფრენით დაღლილნი,
ჩვენ ქვეყანაში ჩამოვსხდებოდით,
ჩვენს გზას ჩვენ თვითონ როგორც ავივლით
ყოველი ნატვრაც ახდება ისე,
სუნთქვა სუნთქვას და წამი წამს მისდევს.

24 მაისი, 2020.






ყოველთვის ასეა

ყოველთვის ასეა, როცა კი თენდება, შემოგეხვევა სიჩუმე
ირგვლივ, შენი ცხოვრების აზრიც და მშვენებაც შენთანვე
რჩება, დროც არსად მირბის და ყველა გაქრა, ვინც გულს
გიმწარებდა, რას აღარ გავდნენ შენზე დაგეშილს, შენი
სანატრელი ბაღის სიმწვანედან დილის სიჩუმეში სიმღერა
ჩაგესმის. იცი შენ ვინ ხარ, რა ხარ და რა გსურს, როგორ
გაუძელი და გაიმარჯვე, გასულ ასწლეულს წარსულს
და აწმყოს, მთლიან სამყაროს ანდა მის ნარჩენს, გულით
დაატარებ, გულიდან ამოზრდი, ახალი ცხოვრების ზეიმს
და სიცოცხლეს, გზად გამჭვირვალე ჩრდილებში სამოთხის
ღვთის ყველა მაცნეც თავს მოიწონებს, რადგან გხედავენ
საქმით და სიტყვით, ყოველთვის ასეა, როცა კი თენდება,
შემოგეხვევა სიჩუმე ირგვლივ, თავისუფლების მშვენებად.

10 მარტი, 2020.










***
ჰო, ასე მოხდა, აღმოვჩნდი მარტოდ... საერთოდ
მარტოდ... და იმწამითვე გამგესლა შიშმაც. ჩემი
ნატვრაა ჩემივე სატრფო, არსობა ჩემი გზად ვისაც
მიჰყავს. დიახ, მეშინოდა ასე სხვასავით, მაგრამ
მოვიქეცი მე სხვანაირად. სწორედ ამიტომ შიში
აღარ მაქვს. გამიქრა. მორჩა. ამოვისუნთქე. მწიფე
ვარსკვლავის ოქროს თავთავიც ციდან მოვწყვიტე.
გულზე დაგიკრავ, არ დაგანახებ ცრემლს თუ
ნასახლარს, ბინად დაგიდებ თვითონ ღვთის უბეს.

10 მარტი, 2020.





არც წამი

და მერე კი ახედავ
ცას და გაიღიმებ,
გული არ გწყდება
სიზმრიდან გასვლით,
გვირილებს შენ ირგვლივ
მზე როცა დაწნავს
და იმ სიზმრებსაც ერთ წამში ახსნის,
როცა მიიღებ თუ რამ გინატრია,
გაიგებ საერთოდ ყველაფრის შინაარსს
და თანაც იგრძნობ, ეგრევე იგრძნობ,
გული ღია გაქვს სინამდვილისთვის.


აპრილი 28, 2020, ნიუ იორკი.




скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge