გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლუკა ბაქანიძე - გზაზე ძაღლი მოდიოდა




გაკვეთილები უკვე დაწყებული იყო, დერეფნებში ჩამომდგარ სიჩუმეს კი, მისი აზრით, სწორედ რომ ძალიან მოუხდებოდა კარის ავისმომასწავებელი ჭრიალი, ან წყლის წვეთების მონოტონური წანწკარი, როგორც საშინელებათა ფილმებშია ხოლმე. იდგა დირექტორის კაბინეტის კართან, კედელს უდარდელად მიყრდნობოდა და თავისუფლად ესმოდა, როგორ უმეორებდა დირექტორი მოთმინებით და თავაზიანად დედამისს: - გასაგებია და ვწუხვართ, რომ სტრესულ მდგომარეობაშია, გისამძიმრებთ  მთელი გულით, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენს შვილს სკოლაში ვეღარ დავტოვებთო. დედამისმა გაუბედავად შესთავაზა: - ზარალი რომ ავანაზღაუროთ? იმ ფარდებს კიდევ თავად მოვიტანდით, რაც იყო, იმაზე უკეთესს... აქ შეცბა, რადგან მიხვდა - უხერხულად გამოუვიდა, ფარდები რომ დაუწუნა სკოლას და დირექტორსაც წყენა დაეტყო ხმაში: - რას ვიზამთ, ქალბატონო, დიზაინერს ვერ მოვიწვევთ ხოლმე, მაგრამ როგორი ფარდებიც არ უნდა ეკიდოს, ბავშვმა არ უნდა წაუკიდოს ცეცხლი, თუ ნორმალურია. აქ დირექტორიც მიხვდა, უნებურად შვილი რომ გამოულანძღა ქალს და უხერხულობის დასაფარად მტკიცედ და გადაწყვეტილად მოუჭრა: - თქვენს შვილს ჩვენს სკოლაში ვეღარ გავაჩერებთ, სამწუხაროდ და, საერთოდაც, არსებობს სპეციალური სკოლები პრობლემატური ბავშვებისთვის... სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი კიდევ იდგა დერეფანში და ცდილობდა წარმოედგინა, რა ჯანდაბა იყო ეს „სპეციალური“ სკოლა, ათასგვარ ფანტასმაგორიულ სურათებს ჩმახავდა წარმოსახვაში და ერთობ ხალისობდა, რადგან სულ არ აწუხებდა სკოლიდან გადასვლა. უცებ გაიგო, როგორ ამოსკდა დედამისს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ქვითინნარევი ხმით: - მესამე სკოლას იცვლის უკვე, ორ თვეში მესამე სკოლას!  და მერე დირექტორის წყნარი პასუხიც მოეყურა: - ვწუხვარ და ვიზიარებ, ქალბატონო, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით.
*  *  *
დილაუთენია გავიდა სახლიდან, ჭიშკარი ფრთხილად გამოიხურა და გაუყვა გზას. გასცდა სოფელს, პატარა ნაკადულთან შეჩერდა და გულდასმით შეარჩია სათევზაოდ გამოსადეგი გრძელი და სწორი ლერწამი, შემდეგ მოტეხა, მხარზე გაიდო და გასცდა ნაკადულსაც, უნაპიროდ გადაშლილ, გადახრიოკებულ მდელოებს შეუყვა. სადღაც იქით, გორაკების მიღმა, ახსოვდა პატარა ტბა, სადაც მამამ წაიყვანა ერთი-ორჯერ და თევზაობას ასწავლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ამაზე სულელური და მოსაწყენი საქმიანობა არ ეგულებოდა. გზა ხომ არ შემეშალაო, - ფიქრობდა, მაგრამ ცოტა ხანში მოშორებით გამოთეთრებული მიწის ზოლი შეამჩნია, ნათოვლარივით რომ მოჩანდა და იქით გაეშურა: იცოდა, ტბიდან გამომავალ პატარა არხს წაადგებოდა მალე, მარილიან ნაპირებში მოქცეულს; ტბაშიც და არხშიც მომლაშო წყალი იდგა და წვიმიანობის ჟამს, როდესაც დიდდებოდა და ნაპირებს ლახავდა, ასეთ თეთრ ზოლებს ტოვებდა, რომლის სალოკავად ტურები მოდიოდნენ ხოლმე შებინდებულზე და გაუთავებლად გაჰკიოდნენ. ადრე, მამასთან ერთად რომ დადიოდა ამ გზაზე, ტურების სულ არ ეშინოდა, ახლა კი ჰორიზონტი ყურადღებით მოათვალიერა: უდაბური ველები გადაშლილიყო ყველგან და იოლად შეამჩნევდა რაიმეს, მოძრავს. მალე არხსაც მიადგა და მის გვერდით პატარა ბილიკს ჩაუყვა. ამ დროს, პირდაპირ მისკენ, ბილიკზე მომავალი უზარმაზარი ცხოველი შეამჩნია და შიშისგან გააცია. ერთხანს იდგა და გამალებული ფიქრობდა, სად დამალულიყო, მაგრამ გარშემო  არც ხე მოჩანდა არსად, არც ბუჩქი. ბოლოს არხში შევარდა, დაბალ წყალში ტანსაცმლიანად ჩაწვა და ცხოველს მიაჩერდა. მალევე მიხვდა, ეს ჩონჩხივით გამხდარი და ძლივს მოლასლასე არსება ძაღლი რომ გახლდათ და ცოტა დამშვიდდა, რადგან ქვეყანაზე ყველაზე მეტად ძაღლები უყვარდა, მაგრამ ცოფიან და ავ ძაღლებზეც სმენოდა ბევრი, ამიტომ განაგრძობდა თბილ დინებაში წოლას და ძაღლს უთვალთვალებდა. ძაღლი ბიჭს გაუსწორდა და ნაპირზე დაგდებული ჩანთა და ლერწმის ჯოხი საფუძვლიანად დაყნოსა. შემდეგ  თავი ნელა მოატრიალა, პირდაპირ ბიჭს შეხედა საწყალი, გატანჯული მზერით და ბიჭმა ინსტინქტურად იგრძნო, რომ აქ მისთვის ცუდი არავის სურდა, რომ საფრთხე არ იყო, მაგრამ მაინც ეჭვით ათვალიერებდა ალაგ-ალაგ ბალანგაცვენილ, ჩონჩხადქცეულ დიდ ყვითელ ძაღლს, ზოგან კოშტებად რომ მოუჩანდა ტანზე რაღაც, შავი ყურძნის მარცვლებივით. ბოლოს გადაწყვიტა გზა გაეგრძელებინა. წყლიდან ამოძვრა, ძაღლს ფრთხილად მიუახლოვდა, სწრაფად წამოკრიფა თავისი ჩანთა და ლერწმის ჯოხი და ბილიკს გაუყვა, თან დროდადრო უკან იხედებოდა. მალე  დარწმუნდა, არავინ რომ არ მოსდევდა და მშვიდად გააგრძელა გზა ტბისკენ.
* * *
- არც ისე იშვიათი რამაა ჩვენს პრაქტიკაში. გარდატეხის პერიოდში მყოფ ფსიქიკაში, ცამეტი წლის ასაკში მძიმე სტრესი არანორმატიულ და ხშირად აგრესიულ გამოვლინებას პროვოცირებს ხოლმე. ამით მოზარდი ქვეცნობიერად ცდილობს იმ შიშთან წინააღმდეგობას, იმ გაურკვევლობისგან გათავისუფლებას, რასაც მასში  სტრესის შემდგომი განცდები იწვევს... თქვენი ბიჭის შემთხვევაში სახეზე გვაქვს აშკარად გამოხატული პირომანია, რაც ერთი მხრივ გასაგები და შედეგობრივია, რადგან მისი სტრესი სწორედ ცეცხლთან ასოცირდება, მაგრამ მეორე მხრივ დასაფიქრებელია, რადგან ასეთ დროს კი არ უნდა უყვარდეს, ასე თავდავიწყებით კი არ უნდა მიელტვოდეს ცეცხლის ალს, არამედ პირიქით: უნდა ეშინოდეს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, სწორედ შიში რომ აღძრავს ასეთ უკუღმართ ლტოლვას, მისი ხასიათის სპეციფიკიდან, თავად ბიჭის სულიერი სტრუქტურიდან გამომდინარე. გამუდმებული მეთვალყურეობა და ფრთხილი მიდგომაა ამ დროს საჭირო, ბავშვს სამუდამოდ რომ არ დაუზიანდეს ფსიქიკა. გარემოს შეცვლაც არ აწყენდა დროებით, შედარებით წყნარ ადგილას, სადმე სოფელში ყოფნა, ბუნებასთან სიახლოვე...
ბიჭი ოთახში იჯდა, იქაურობას ინტერესით ათვალიერებდა და მეორე ოთახიდან ვიღაც სათვალიანი, მელოტი კაცის ლაპარაკს უსმენდა, რომლის ინჩიბინჩიც ვერ გაეგო. არც ის კაცი ჰგავდა ექიმს და არც ოთახი - ექიმის კაბინეტს, როგორიც სკოლებში იყო ხოლმე. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის იერი ჰქონდა აქაურობას და ბიჭი ხვდებოდა, რომ მოატყუეს, როცა ფრთხილად შეაპარეს, - ექიმთან უნდა წავიდეთო. ეს გაუთავებელი ლოლიავიც უკვირდა, რასაც მის მიმართ იჩენდა ყველა ბოლო ხანებში და ძალიან აღიზიანებდა, სიბრალულით  რომ ათვალიერებდნენ ახლობლები და ოჯახის წევრები. თავად ღრმად იყო დარწმუნებული, რომ არაფერი სჭირდა. სჭირდა კი არა, პირიქით: მოსწონდა ის გამბედაობა და თავზეხელაღების ნეტარი შეგრძნება, მანამდე  საერთოდ რომ არ ჰქონდა და სწორედ იმ ამბის შემდეგ გაუჩნდა. მოკლედ, არც ისე ცუდად გრძნობდა თავს და მარტო დედამისი ეცოდებოდა, ცრემლიანი თვალებით რომ შემოჰყურებდა სულ და იქით ანუგეშებდა: - კარგად ვარ, დე, არაფერი მჭირს, ნუ გეშინია. დედას კიდევ ბიჭის ხელისკენ, თითებში სწრაფად და ნერვიულად ათამაშებულ სანთებელაზე გადაჰქონდა მზერა, რომელიც ათასჯერ გადაუმალა უკვე, თუმცა ისევ  შოულობდა ბიჭი საიდანღაც და ცდილობდა, ყველასთვის შეუმჩნევლად ეტარებინა ჯიბით, მაგრამ თავისდაუნებურად  კვლავ ხელში გადაიტანდა ხოლმე და თითებში ატრიალებდა.
*  *  *
ტბის ნაპირას დიდი, ყვითელი ძაღლი იწვა, თავი თათებში ჩაერგო და ბიჭის თევზაობას ადევნებდა თვალს. ბიჭი მუხლამდე წყალში იდგა და სულ ამაოდ მისჩერებოდა ტივტივას - არ მოდიოდა თევზი. ტბის ნაპირებზეც და გარშემოც, სადაც თვალი მიუწვდებოდა, ადამიანის ჭაჭანი არ იყო, მარტო სადღაც შორს მოჩანდა ასანთის კოლოფივით მინდორზე მბობღავი ტრაქტორი, შავი კვამლის ქულები რომ ასდიოდა. დროდადრო ძაღლს გახედავდა და თუმცა ის ერთობ მშვიდობიანად გამოიყურებოდა,  მაინცდამაინც არ ჩქარობდა ნაპირზე გასვლას. ალბათ ჰგონია, თევზს ვუწილადებ. ალბათ სხვა მეთევზეებსაც ასე ელის ხოლმე ნაპირზე, - ფიქრობდა ბიჭი. ბოლოს, შიშველი ბეჭები ძალიან აეწვა და მტკიცედ გადაწყვიტა, სადმე ლელქაშების ჩრდილს შეფარებოდა, სანამ მზე შუბისტარს გადასცდებოდა და ცოტა მაინც მოაკლდებოდა ძალა. მოტრიალდა და უცებ ძაღლის გვერდით ჩაცუცქული, შორტებიანი და ბიჭივით წელსზემოთ შიშველი, წვერგაბანჯგვლული კაცი დაინახა, ნაპირზე გასვლა გადაიფიქრა და კაცი ეჭვით შეათვალიერა.  საიდან გაჩნდა, მე ამის. საიდან მოახლოვდა, თვალი რომ ვერ მოვკარი ამ უდაბნოში, - ფიქრობდა და სულ უფრო უნდობლად  უყურებდა კაცს. მერე იქვე ბალახზე მიგდებული ანკესი შეამჩნია და ცოტა დამშვიდდა. თევზაობს ესეც, - დაასკვნა და ისევ შეტრიალდა, ტივტივა მოისროლა წყალში.
- შენია ძაღლი? - მოესმა ნაპირიდან.
- არაა ჩემი, არხთან ამეკიდა, - უკანმოუხედავად უპასუხა ბიჭმა.
ერთხანს სიჩუმეს მხოლოდ ბაყაყების ყიყინი არღვევდა და მერე ისევ მოესმა:
- ცოდოა.
- ხო, ავადაა ალბათ, - გაეხმიანა ბიჭი.
- შეჭამენ ესენი, თუ არ მიხედა ვინმემ, - თქვა კაცმა.
ბიჭს გააჟრჟოლა:
- ტურები?
- არა, ტკიპები, - გაეცინა კაცს.
ბიჭს გაუკვირდა, მოიხედა და დაინახა, კაცი ძაღლს თხილისოდენა შავ მარცვლებს რომ აძრობდა ტანიდან, ძაღლი კი ჩუმად წკმუტუნებდა, ტკიოდა ალბათ.
- ტკიპაა ეგა? მეც დავუნახე რაღაცა შავები, - ინტერესით ჰკითხა ბიჭმა, თან გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ უქრებოდა უნდობლობა.
- მაგიტომაა ასე ჩონჩხივით, მთელ სისხლს და ძალას ტკიპები აცლიან, - აუხსნა კაცმა და მოულოდნელად შეეკითხა:
-  საიდან ხარ?
ბიჭი ერთხანს დაფიქრდა, რაიმე ხომ არ მოვიგონოო, მაგრამ ამ სიცხეში დაეზარა წარმოსახვის გაშლა და პირდაპირ მოახსენა:
- ქალაქიდან გადმოვედი საცხოვრებლად. აქ უნდა ვისწავლო აწი.
კაცი ძაღლს მოეშვა და ბიჭი ინტერესით შეათვალიერა:
- ხოო? მეც ქალაქიდან გადმოვედი.
შენ რაღატომ გადმოხვედი და საერთოდ, ვინ ჯანდაბა ხარო, - კინაღამ ჰკითხა, მაგრამ ენას კბილი დააჭირა. სულ არ მკიდია, ვინაა და რატომ გადმოვიდა? - დაირწმუნა თავი და თევზაობა გააგრძელა, თუმცა ტივტივა ისევ გაუნძრევლად ეგდო წყალში.
საათზე მეტხანს იდგა ასე და ბოლოს ძალიან დაიღალა, ჩამოჯდომა მოუნდა. არც თევზი  უახლოვდებოდა სატყუარას. ხანდახან ნაპირისკენ იხედებოდა, სადაც კაცი კვლავ მოთმინებით და დაუღალავად აცლიდა ძაღლს ტკიპებს. ბიჭმა ტივტივა ამოიღო, ნაპირისკენ გასწია და მოულოდნელად წყალში ჩაემხო პირქვე: ვერც კი შეამჩნია, ისე ჩაფლულიყო მუხლამდე შლამში. სწრაფად წამოხტა დარცხვენილი და კაცს გახედა, მაგრამ ის ისევ ხმაგაუღებლად აგრძელებდა თავის საქმიანობას. ბიჭმა გადაწყვიტა, ვერ შემამჩნიაო ალბათ და ნაპირზე გავიდა.
- ჩაეფალი, ხომ? - უბრალოდ, გაუღიმებლად თქვა კაცმა, - ეგრე იცის თევზაობამ.
- რაის თევზაობამ, ვერაფერი დავიჭირე, - ხელი ჩაიქნია ბიჭმა და ძაღლის გვერდით ჩაცუცქდა ისიც.
- რას დაიჭერდი, ამ ტბაზე აღარაა თევზი კაი ხანია, - გაეცინა კაცს.
ბიჭს გაუკვირდა:
- აბა, ანკესი რო გაქვს შენც? - თან ენაზე იკბინა, თქვენობით უნდა მიმემართაო, მაგრამ რატომღაც ასაკობრივ ზღვარს ვერ გრძნობდა მათ შორის და, საერთოდაც, სულ უფრო და უფრო მოსწონდა.
კაცი ძაღლს შეეშვა და აუხსნა:
- თევზაობა მიყვარს, თორემ ისე ვერ ვიტან თევზს.
- აჰა, გასაგებია, - ჩაილაპარაკა ბიჭმა, თუმცა ვერაფერს მიხვდა. მერე ძაღლს გაუბედავად შეუყო ხელი ბალანში, ერთ მსხვილ ტკიპას წაავლო ხელი, გააცალა და ზიზღით მოისროლა ტბაში. ძაღლმა ხელი გაულოკა.

*  *  *
მოდიოდა ხრიოკზე, წყურვილით პირი უშრებოდა, თან შიოდა და დედის გაკეთებულ ცივ აჯაფსანდალს და კოკა-კოლებით გამოტენილ მაცივარს ნატრობდა. უცებ გაღმა სერიდან ტურის კივილი შემოესმა და განუყრელი სანთებელა ინსტინქტურად მოისინჯა ჯიბეში, თუმცა ჩანთაშიც ეგდო სათადარიგო. ამასობაში ეულ ტურას სხვა ტურებიც აჰყვნენ და მთელი ჰორიზონტი აკივლდა თითქოს. ბიჭმა იქვე შორიახლოს, მზისგან გამომხმარი რამდენიმე დაბალი ბუჩქი შენიშნა. სწრაფად მივიდა, ბუჩქებთან ჩაიცუცქა და ხელის კანკალით შეეცადა სანთებელათი ცეცხლი მოეკიდებინა, მაგრამ ქარი ძლიერდებოდა და სანთებელა უქრებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გაუკიდა ტოტს და ქარმაც ნელ-ნელა ჯერ ხმელ ბალახს და შემდეგ სხვა ბუჩქებს გადასდო ალი, ფართო კოცონი გაჩაღდა და ბიჭს შიში გაუქრა. კოცონის შორიახლოს ფეხი მოირთხა და ალს მიაჩერდა: ბუჩქები და ბალახი სწრაფად იწვოდა და დიდხანს ვერ გაძლებდა კოცონი, მალე ჩაქრებოდა. ბიჭი ფეხზე წამოდგა და გზას გახედა: იქნებ ის მეთევზეც აქეთ მოდისო, მაგრამ კაცის ჭაჭანი არ იყო არსად. ამასობაში ცეცხლი თანთადან ქრებოდა, მზეც ჰორიზონტს უახლოვდებოდა, ბიჭმა კი იცოდა, ტურები სწორედ მოსაღამოებულზე რომ მოუახლოვდებოდნენ არხს. ისიც იცოდა, ტურაზე მშიშარა ცხოველი რომ არ არსებობდა, მაგრამ ბაბუის მონაყოლიც კარგად ახსოვდა, - ზამთარში თავის ყაზარმაში მიმავალი მთვრალი ჯარისკაცი შეჭამესო ტურებმა ამ მინდვრებზე. უცებ შეამჩნია, ყმუილი რომ აღარ ისმოდა. ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა, მარტო ქარი დაჰქროდა ველებზე და ნაცეცხლარზე ადენილ თეთრ კვამლს აქეთ-იქით ფანტავდა. შემდეგ ზემოთ აიხედა და დაინახა, როგორ სწრაფად ფარავდა ცას ნაცრისფერი ღრუბელი, რომელშიც ხანდახან ელვა კვესავდა. ბიჭმა ჩანთა აიღო, ლერწმის ჯოხს ძუა მოხსნა და შეინახა, ჯოხი კი დატოვა იქვე და გზას გაუყვა. ქუხილი სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ეყურებოდა უკვე ზედ თავზემოთ და წვიმის პირველი წვეთებიც დაეცა. მიდიოდა სწრაფად და დროდადრო უკან იხედებოდა იმედით: დამემგზავროსო იქნებ ვინმე, ან ის წვერგაბურძგნილი ტიპი, ან თუნდაც ყვითელი ძაღლი მაინც გამოჩნდესო სადმე. ამ დროს იქაურობა დღესავით განათდა, ჰაერში ოზონის სუნი დატრიალდა და მალევე ისეთი იქუხა, რომ ბიჭი გზაზე ჩაიცუცქა და თავზე ხელები წაიფარა. ქალაქში არც ქუხილს აქცევდა ყურადღებას და არც ქარიშხალს, ჩართავდა კომპიუტერს და თამაშობდა, მაგრამ აქ, ამ უდაბურ მდელოებზე, სხვაგვარად იყო საქმე, არც თავშესაფარი მოჩანდა სადმე და ბიჭს ცხოვრებაში პირველად ეწვია მარტოობის და მიუსაფრობის განცდა და უმწეობისგან ცრემლები მოაწვა ყელში. ამასობაში კოკისპირულმა წვიმამაც დასცხო და მიდიოდა მთლად გალუმპული, ხანდახან ფეხსაცმელზე აკრული ტალახის კოშტებს დაიბერტყავდა და ისევ მიდიოდა. უცებ გორაკიდან გამოჩრილი, გადაჭრილი ნავთობსადენი მილი შეამჩნია და იქით გაეშურა. მიუახლოვდა, შეათვალიერა, ბოლოს კიდეზე ხელი წაავლო და შიგნით შეძრომას შეეცადა, მაგრამ სველ რკინაზე ხელი ვერ მოიკიდა და ძირს მოადინა ბრაგვანი. ბედს არ შერიგებია, მეორედაც სცადა და ამჯერად მიზანს მიაღწია, მილში შეძვრა და შიგნით მყუდროდ მოკალათდა.

*  *  *
დედა სამსახურში იყო, მამა, როგორც ყოველთვის, სარდაფში ჩხირკედელაობდა და ბიჭმა დრო იხელთა, სააბაზანოში შევიდა და საშხაპის გვერდით კედელზე მიმაგრებულ დიდ გაზის გამათბობელს - „კალონკას“ მიადგა, ქვეშიდან ბრტყელტუჩა შეუყო, კარგა ხნის წინ შეგულებული ჭანჭიკი მოხსნა და ჯიბეში ჩაიდო, თან გულდასმით შეამოწმა რაიმე ხომ არ ზიანდებოდა, მაგრამ გაზის მილები სულ სხვა მხრიდან შედიოდა და გამოდიოდა, ამ ჭანჭიკის გარდა კი მისი მსგავსი რამდენიმე ჭანჭიკი მოჩანდა გამათბობელზე და ბიჭი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ერთი ჭანჭიკი თუ დააკლდებოდა ამ გაუგებარ მექანიზმს, არაფერი დაშავდებოდა. თანაც, მის სამეგობროში უკვე ყველას არბალეტი ჰქონდა, მარტო თვითონ ეჭირა უხეიროდ ნაჩორკნი, მამამისის მიერ გაკეთებული მშვილდისარი და არბალეტის ასაწყობად სწორედ ასეთი დეტალი აკლდა მარტო, რომელსაც ვერსად მიაგნო და ბედზე ამასწინათ შემთხვევით გადააწყდა გაზის გამათბობელზე. საქმეს მორჩა, გამათბობელს ხელი დაუტყაპუნა და სრულიად დამშვიდებული შევიდა თავის ოთახში, ჭანჭიკი უჯრაში შეინახა და კომპიუტერს მიუჯდა. ცოტა ხანში გაიგო, როგორ შემოვიდა მამამისი სახლში და ონკანი მოუშვა. მერე ბიჭის ოთახში შემოიხედა და უთხრა: - შენ სულ ასე უნდა იჯდე კომპიუტერთან? გადი გარეთ, ნახე, გაზაფხულის რა მშვენიერი ამინდია, გაიარ-გამოიარე!  ბიჭს არც შეუხედავს, ისე ჩაილაპარაკა: - ხო, კაი, გავალ მერე, - და თამაში გააგრძელა. მამა ერთხანს დაფიქრებული უყურებდა, შემდეგ თმა აუჩეჩა: - წავიდეთ ხვალ სათევზაოდ? ბიჭი შეყოყმანდა. თევზაობა არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ მამა უყვარდა ძალიან და არ უნდოდა  ეწყენინებინა. ბოლოს  უნდილად ამოღერღა: - ხვალ ონლაინ შეკრება გვაქვს გეიმერებს. გეგმას ვაწყობთ,  ბოსი უნდა მოვკლათ ხვალ. - თან მამას გახედა ფრთხილად. მამა ხმაგაუღებლად, სევდიანად შემოჰყურებდა. მერე ჩუმად თქვა: - აჰა, ბოსი უნდა მოკლათ ესეიგი... კი ბატონო, რა გაეწყობა, მაშინ მარტო წავალ. ბიჭმა უცებ წარმოიდგინა წყლისპირზე სულ მარტო ჩამომჯდარი მამა და გული მოეწურა, მაგრამ მონიტორისთვის მაინც არ მოუშორებია თვალი. მამა ოთახიდან გავიდა და კარში თავისთვის ჩაილაპარაკა: - ეჰ, შვილო, შენხელა რომ ვიყავი... შენხელა რომ ვიყავი... თან კარი გაიხურა და გავიდა. ბიჭს ისე შერცხვა, ყურები გაუხურდა. წამით დაუძლეველი სურვილი მოეძალა, მიეგდო სადმე ჯოესტიკი, გასულიყო გარეთ და ევლო, სულ ევლო, ევლო საითაც გაიხედავდა, რომ მერე მამამისივით, მძიმე-მძიმედ შემოსულიყო სახლში, ჩექმებზე ტალახაკრული, კოცონის კვამლის სუნით აქოთებული, ქარში აქერცლილი სახით და ჰორიზონტებჩამდგარი მზერით... მაგრამ მის თითებს ისევ ჯოესტიკი ჩაებღუჯა მაგრად და ბიჭმა გაიფიქრა: - სისულელეა. გარეთ ყველაფერი სისულელეა. და გააგრძელა თამაში.
ის-ის იყო კვლავ შეიყოლია თამაშმა და სულ გადაავიწყა მამამისიც და თევზაობაც, გამაყრუებელი აფეთქების ხმა რომ გაისმა, მთელი სახლი იძრა და ბიჭი რაღაც ძალამ წინ გაისროლა. ერთხანს ხალიჩაზე იყო გაშოტილი და მერე წამოდგომას შეეცადა, მაგრამ თავბრუ დაეხვა, ისევ მუხლებზე ჩაიჩოქა და არწყია. შემდეგ მოახერხა და ნელ-ნელა ფეხზე წამოიმართა, თავისი ოთახის კარი გამოაღო და იმწამსვე სახეში ეცა ცხელი ბუღი და მტვრის კორიანტელი. გაურკვევლობამ და აუტანელმა შიშმა მუხლები აუკანკალა, თუმცა მაინც განწირულად, ბანცალ-ბანცალით და ხველებით მიიწევდა სადარბაზო კარისკენ. ამ დროს არაადამიანური ღრიალი შემოესმა და ადგილს დაეყინა,  ლოჯიისკენ გაიხედა და გაარჩია, სასტუმრო ოთახის და ლოჯიის გამყოფი შუშაბანდი საერთოდ რომ გამქრალიყო, სააბაზანოს ნაცვლად კი ცეცხლის კედელი გიზგიზებდა. იდგა და სიზმარში მყოფივით, უაზროდ, გაუნძრევლად მისჩერებოდა ცეცხლს. უცებ ალში რაღაც მოძრაობა შენიშნა და კვლავ მოესმა ყურისწამღები, არაადამიანური ღრიალი.  მა, - თქვა ბიჭმა და შუშის ნამსხვრევებით მოფენილ იატაკზე ჩაიკეცა. - მა, - დაიჩურჩულა ისევ, სანამ გონებას დაკარგავდა.

*  *  *
რამდენჯერ უცდია. გონების მთელი დაძაბვით, მთელი თავისი ბავშვური ძალით რამდენჯერ გამოუხმია მეხსიერებიდან რაიმე სხვა, ნებისმიერი, ან სუნი, ან თვალები, ან ხელები, - გამოუწელია ძლივძლივობით სადღაც შორიდან, თითქოს მოუახლოვებია კიდეც, მოუწევია სულ ახლოს და ის იყო გაუჩნდებოდა კანის ამხორკლავი რწმენა და იმედი, ის იყო სადღაც გადაიკარგებოდა ეს ყოვლის წამლეკავი დანაშაულის შეგრძნებაც, რომლისგანაც საწოლიდან წამოდგომაც არ უნდოდა ხოლმე ბიჭს, რომლისგანაც, საერთოდ, არც გაინძრეოდა, მოძრაობაზეც კი უარს იტყოდა საერთოდ, რომ არა დედა, რომ არა დედამისის სიბრალული, - რამდენჯერაც მოიახლოვებდა მამამისს ისევ, ცოცხალს და ნამდვილს, სწორედ ამ დროს ამოიმართებოდა რაღაც კედელივით მისი ქვეცნობიერიდან და აეფარებოდა ყოველს, სადაც მამა იგულისხმებოდა, აეფარებოდა და ნელ-ნელა აწვებოდა და ჩქმალავდა, მიათრევდა სადღაც უკუნეთში ყველა მოგონებას, ამის გარდა - ამ წყეული ცეცხლის ალის გარდა... არც დედამ, არც ბებიამ და ბაბუამ, არც იმ სათვალიანმა ტიპმა, ძალიან ჭკვიანი რომ ეგონა თავი და ბიჭს ათასგვარ სისულელეებს ეკითხებოდა, - არავინ იცოდა, ბიჭს რომ აღარ შეეძლო მამამისის გახსენება, თუ არა ასე, ამგვარად: მხოლოდ ცეცხლში მოდიოდა მამა, მხოლოდ ცეცხლის ალით შეეძლო ბიჭს მისი გამოხმობა, სულ იოლად და თავისუფლად...
ცა ფეხად ჩამოდიოდა, წამდაუწუმ შუაზე სკდებოდა თითქოს მთელი ცა და ბიჭი მილიდან ხედავდა, დღესავით რომ ჩახჩახდებოდა დროდადრო იქაურობა. ასეთ ავდარს არ გადასწყდომია არასოდეს; ქალაქური უწყინარი ქუხილი ამ მეხთატეხასთან შედარებით ტუალეტის ბაკიდან წყლის ჩაშვების ხმას ჰგავდა და ასეთი პეიზაჟებიც  აპოკალიფტურ საშინელებათა ფილმებში თუ ენახა მარტო და ეშინოდა ბიჭს, ცივ რკინაზე ჯდომითაც იყინებოდა და თავადაც ვერ ამჩნევდა, ყოველ დაქუხებაზე თავისდაუნებურად მილის სიღრმეში რომ ჩოჩდებოდა, და რაც უფრო მეტად ინაცვლებდა შიგნით, მით უფრო უნელდებოდა შიში და სიმყუდროვის განცდა ეუფლებოდა. სულ აღარ იხედებოდა გარეთ, სადაც მილის შემოსასვლელი მრგვალად ეკიდა უსასრულო წყვდიადში, სხვა პლანეტასავით. სანთებელა აანთო და ალს მისჩერებოდა, სანამ არ გახურდა სანთებელა და თითები არ დაეწვა. ცოტა რომ გაგრილდა, ისევ სცადა ანთება, მაგრამ ვეღარ აანთო - გაზი გასთავებოდა უკვე, მეორე, სათადარიგო სანთებელა კი გარეთ ეგდო გალუმპულ ჩანთაში. ბოლოს ოთხზე დადგა და ხოხვით შეუყვა მილს სიბნელეში; გორაკის სიღრმეში შედიოდა, სადაც სულ უფრო დაგუდულად და ყრუდ აღწევდა ხმა გარედან და მიხოხავდა ბიჭი სიწყნარისკენ, სიმყუდროვისკენ.
- გამოდი გარეთ! - მოესმა უცებ ძალოვანი, მკაცრი და მჟღერი ხმა, ექოდაკრული, - თითქოს უხმობდა თავად სამყარო. ბიჭი გაიტრუნა.
- გამოდი გარეთ! გამოდი გარეთ! გამოდი გარეთ! - ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა, მთელ მილს ავსებდა და ბოლოს ბიჭი დაემორჩილა ხმას, შემოტრიალდა და მილს უკან გამოუყვა ხოხვით. გასასვლელს რომ მიაღწია, მრგვალ დისკოში წვერგაბანჯგვლული თავი გაარჩია.
- ეს ხო ისაა. - იცნო ბიჭმა და თავადვე გაუკვირდა, ისეთი შვება იგრძნო. საჭირო ყოფილა ადამიანი გვერდით, ავდარში. შემდეგ მილიდან ჩახტა და კინაღამ ზედ დაეცა დიდ ძაღლს.
- არ გიკბენს, ნუ გეშინია! - დაუყვირა კაცმა  და ერთიანად გალუმპულ ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა. ძაღლმა კუდი გააქიცინა და ბიჭმა შეამჩნია, რომ სულ არ გამოიყურებოდა ისე უბედურად, როგორც დილით, არხთან მოჩანდა. მერე კაცი შეათვალიერა ელვის შუქზე. ისე არიან, გეგონება სადმე მყუდრო ოთახში ისხდნენ ბუხართან, - გაიფიქრა ბიჭმა და პატივისცემა იგრძნო ორივეს მიმართ.
- შენია, ხო? - კაცმა სველი ჩანთა მიაწოდა და მილს ახედა: - ეგრევე მივხვდი, აქ რომ შეეფარებოდი ავდარს.
- ხო, სიმშრალეა შიგნით, - ყვირილითვე უპასუხა ბიჭმა და გაეღიმა.
- კაია ხომ, წვიმაში ყვირილი? - მიუხვდა კაცი და თავადაც გაეღიმა. - არ შეიძლება. - უთხრა მერე, - როცა ქუხს, რკინასთან მიკარება საშიშია.
ბიჭმა ცას ახედა: - აქ, გარეთ უფრო საშიშია. წეღან დავინახე, მეხი როგორ ჩამოვარდა.
კაცი ყურადღებით დააკვირდა.
- დედაჩემივით რო მიყურებს, სიბრალულით, - გაიფიქრა ბიჭმა და ბრაზი მოაწვა.
კაცმა თვალი აარიდა და ღრმად ჩაისუნთქა რამდენჯერმე. შემდეგ, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ ბიჭმა კარგად გაიგო, რაც თქვა:
- რომ არ გეშინოდეს, უნდა შეიყვარო.
ბიჭი ერთხანს ნათქვამის გააზრებას ცდილობდა. მერე გაუბედავად ჩაეკითხა:
- ვინ, რა უნდა შევიყვარო?
- ყველაფერი! - გაუღიმა კაცმა და ხელები ფართოდ გაშალა.
ბიჭმა შეათვალიერა. - ხომ არ ურიკინებს, ნეტა? - გაივლო გულში.
ბოლოს მხნეობა მოიკრიბა:
- ვინ ხარ?
- შენი ახალი სკოლის მასწავლებელი! - სულ უბრალოდ, სასხვათაშორისოდ უპასუხა კაცმა.
გაოგნებული მიაჩერდა.
- ფუ, შენი... - შეიგინა გულში. შემდეგ გაიფიქრა: - მეხუმრება, ალბათ.
გამომცდელად უყურებდა კაცს, წვიმა რომ ჩამოსწურწურებდა სახეზე და წამწამებს სასაცილოდ ახამხამებდა და თანდათან რწმუნდებოდა, რომ არ ეხუმრებოდნენ.
- ჰოო? - ჩაილაპარაკა ბოლოს უხერხულად და გაუკვირდა თავისი სიმშვიდე; სულ არ გასჩენია დისტანცირების და სიუცხოვის განცდა, რაც აქამდე მუდამ ჰქონდა პედაგოგებთან ურთიერთობისას.
- ჰო! - დაემოწმა კაცი და ყვითელ ძაღლს დრუნჩზე წაავლო ხელი, გაეთამაშა.
- ფუ, შენი! - წამოსცდა ბიჭს ახლა უკვე ხმამაღლა და შეცბა,  გაუბედავად გახედა, მაგრამ კაცს გაუთავებელი ელვის შუქზე მხიარული ნაპერწკლები უთამაშებდა თვალებში, შემდეგ კი ვეღარ მოითმინა და გემოზე გადაიხარხარა. ბიჭიც აჰყვა.
და მოდიოდნენ გზაზე კაცი, ბიჭი და ძაღლი. „რომ არ გეშინოდეს, უნდა შეიყვარო“ - კაცის ნათქვამზე ფიქრობდა. კოკისპირულად წვიმდა, ცაზე წამდაუწუმ ელვა იკლაკნებოდა და ქუხდა გამაყრუებლად და ბიჭი უეცრად მიხვდა, რომ აღარასოდეს დასჭირდებოდა სანთებელა მამის გამოსახმობად. რომ ის ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა ისედაც: წვიმაშიც, ქუხილშიც, ტურების ყმუილშიც...
სანთებელა შეუმჩნევლად ამოიღო ჯიბიდან და გზაზე დააგდო.







скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge