გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზაბინე შიფნერი * - ლექსები (თარგმანი - ბელა ჩეკურიშვილი)


           


          ფოტოს ავტორი - შტეფან ვინტერშტაინი (გერმანულიდან თარგმნა - ბელა ჩეკურიშვილმა)




ქარში

ბავშვი ვარ ისევ და მეფიქრება,
რომ გამიტაცოს ქარმა, თითქოს
ჰქონდეს მას ფრთები, მკვრივი სხეული,
ყოფილიყოს თითქოსდა გედი
და დასჯის მიზნით, რაკი ცუდად ვიქცეოდი,
თან წამიყვანოს.

ბავშვი ვარ ისევ და მეფიქრება,
ტაძარი, რომლის წინაც ვდგავარ, ჩამოიქცეს,
მე კი მაინც უძრავად ვიდგე. წარმოვიდგენ, ქვა დამეცა
და დედ-მამისკენ გავრბივარ, იქნებ
მითხრან რამე სანუგეშო და დამაწყნარონ.

ბავშვი ვარ ისევ და მგონია,
ციგურებით სრიალმა ისე შორს გამიტაცა,
მარტოდმარტო შევრჩი ყინულს და მაკანკალებს,
და ვერაფერს ვხედავ მოსაჭიდს
ამ უზარმაზარ მოედანზე, კათედრალთან, ასე რომ ცივა.

ბავშვი ვარ ისევ და, აი, ახლა
მიმაქანებს ქარი გადაღმა, დაჰქრის
და ღმუის კათედრალის კარიბჭის ირგვლივ,
და ხარხარებს და უხარია, რომ რასაც უნდა,
დამმართებს იმას.



მეფეტვიები

შავი ჩიტები,
ფანჯრის მინას მიწებებული,
გაწმენდისას სულ ჩამოვფხიკე.
წელიწადის ეს დრო ნათელი ფერებით გვავსებს
და ჩემს სახლშიც შუქად იღვრება.

ჩიტების წყვილი შეუპყრია არშიყის სურვილს,
ლივლივებენ მზის სინათლეში
დაცვარული ფოთლებიდან აფრენილები,
ნისკარტების შეხებით ტკბილად
სიყვარულობენ.

და ამ გიჟური საქორწინო ცეკვის ცქერისას,
ვერ ამჩნევენ ფანჯრების მინას,
მიჯნას, გარე და შიდა სივრცეებს შორის,
ბედნიერებით დაბრმავებულნი,
ასკდებიან და კისრებს იმტვრევენ.

მე კი, ჩუმი კაკუნის ხმა ჩამესმის თითქოს.
ალბათ ქარია, ვიტყვი ჩემთვის,
გავალ ჭიშკართან,
გამოვაღებ
და სიკვდილის პირისპირ ვრჩები.



ყვირილი / ტირილი

მაჯის საათის ვიბრაციამ რომ გამაღვიძა,
გაწეწილი თმით ვიწექი და ადგომა რომ
მეზარებოდა, ძილი მძალავდა,
გამიელვა: ჯენის ჯოპლინი,
ორმოცდაათი წლის წინათ, ამ დღეს,
სასტუმროში შევიდა მარტო
და ნარკოტიკის ოქროს დოზა მიიღო და
გამახსენდა,
ძილში ვყვიროდი, დამესიზმრა,
შვილი მომიკვდა,
ხოლო ფიტნესსამაჯურის მონაცემებით
ძილის რიტმი წუხელ 70 მქონია.
ნორმალურია,
უფრო მეტი ხომ არც კი ვარგა,
გარდა ამისა, მაჩვენებს რომ წუხელ სამჯერ გამიღვიძია -
ეს აღარ მახსოვს
ალბათ მაშინ, როცა შვილის სიკვდილს ვხედავდი.
ახლა კი მას გიჟვით ვუხმობ.
ცოცხალია.
იმ დილით, როცა ჯენის ჯოპლინი მოკვდა,
დეპეშა იყო მის სახელზე კაცისგან, ასე რომ უყვარდა,
მაგრამ მისგან არაფერი ჰქონდა პასუხად.
რახანია დეპეშები აღარ არსებობს.
მაღვიძარას ვუთიშავ საათს და ჩემს ყვითელ,
ხელოვნური ბამბის საბანს ვიფარებ თავზე,
და სასწრაფოდ
ისევ ვიძინებ.




ფერფლის ნახვა


ჩემმა გოგონამ ფეხით იარა
გზა საბაზო ბანაკიდან ქალთა
ბაზამდე და იმის იქით,
ვიდრე იმ ტბას არ მიაღწია,
ლურჯი რომ მეტად არასოდეს
აღარ იქნება.
ეს მანამდეც იცოდა, მაგრამ
როცა უკვე ტბის პირას იდგა,
სადაც ყველაფერს გასჯდომოდა
წყლისფერი რუხი,
მითხრა, ისეთი გრძნობა ჰქონდა,
სიცოცხლის მთელი სიხარული დაკარგა
თითქოს. პოლონეთიდან კი ჩამოჰყვა
ის ჭუჭყიანი ფეხსაცმელი,
საბაზისო ბანაკიდან რომ იარა
ქალთა ბაზამდე და მერე იმ
ფერფლისფერ ტბამდე. *

*ფერფლის ტბა (Aschesee) ტბა ბირკენაუში, სადაც იყო აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი მეორე მსოფლიო ომის დროს.



ცხოვრების გაკვეთილი

ნაშუადღევს სულ აქ ვთამაშობთ,
კენტავრებიან შადრევანთან
და სახლში წასვლა არავის გვსურს
დაღამებამდე.
დილით კი ყველას გვიჭირს ადგომა,
ძილი გვაკლია და საუზმეც
ყველას ერთი გვაქვს.
მასწავლებელი ტყავის ჩანთას
მაგიდასთან დაიდებს და გამოგვიცხადებს,
რომ დღეს ატომის საფრთხეებზე ვიმეცადინებთ.
მერე კი ყველა მერხის ქვეშ ვძვრებით.
ერთ თანაკლასელს აირწინაღიც აქვს მოტანილი,
ბებოსეული.
მერე რაღაც ფილმს გვაჩვენებენ
ცივი ომის შესახებ და ისე მკაცრად ლაპარაკობენ,
ვერაფერს ვიგებთ.
მასწავლებელი ცდილობს, ახლა
ოზონის ხვრელზე მოხსენებით გამოგვაფხიზლოს,
სადღაც, ჩვენს თავზე რომ ფართოვდება.
უმანქანო კვირა დღე კი თვეში ოთხია,
როგორც შობის წინ და ნავთობის
შეიხები სულ მთლად გაგიჟდნენ,
არაფრით ჰგვანან კარლ მაის ამბის
აღმოსავლელებს, წასაკითხად რომ გვირჩევდნენ
ბებო-პაპები.
მერე ის იყო, ტერორისტებმა გაგვაჩერეს
და გაჩხრიკეს ჩვენი მშობლები,
ვიდრე ბავშვები ლურჯ მანქანაში ვისხედით
და ცნობისმოყვარედ შევყურებდით
გამვლელ-გამომვლელს.
რა შთამბჭდავად მოქმედებდა,
თვალს თუ მოვკრავდით შავ-თეთრ სახეებს,
დამნაშვეთა მოსაძებნ განცხადებებზე.
არ გაუღოთ უცნობებს კარი, - გვაფრთხილებს დედა.
გაზეთში წერენ, რომ ბავშვებზე მოძალადე
დაუჭერიათ, ვინმე სახელად იურგენ ბარჩი
და ნებაყოფლობით კასტრაციისას კიდეც მომკვდარა.
და ნაშუადღევს,
კენტავრებიანი შადრევანის გარშემო, როცა
კოვბოების და ინდიელების თამაშს ვთამაშობთ,
ჩერდება კაცი და შარვლიდან ასოს გვაჩვენებს.
აი, მაშინ კი გავრბივართ სახლში,
რაც ძალი და ღონე გვაქვს, სწრაფად.


ქალი, დაახლოებით, ჩემი ხნის და

სიმაღლით
ჩემი ნახევარიც არ იქნება,
შეიძლება სულ ოდნავ მეტი.
ახლა შევხედავ
და ის ათას ბოდიშს მოიხდის,
რომ უნდა რაღაც მითხრას პირადად.
ვეუბნები, არ სჭირდება ბოდიში, არა,
ის კი აგრძელებს: გასაჭირში ჩავვარდიო,
ჩემოდანი ბონში მაქვსო, ერთ-ერთ ჰოტელში,
მაგრამ კიოლნში უწევს ღამის გათევა,
დასარჩენი ფული კი არ აქვს,
უსინათლოთა თერაპევტი ვარო, იძახის,
ადამიანთა დასახმარებლად ჩამოვედიო,
მაგრამ ერთი ღამით სადმე დარჩენა, ოცი ევრო ღირს,
ჩემი ჯიბე ვერ გასწვდებაო.
მთელი მისი ამბავი ხომ შეთხზულია,
გამოგონილი, ცხადზე ცხადია, რომ იტყუება,  
მაგრამ მაინც მოქმედებს ჩემზე
და ვიდრე განსჯას დავიწყებდე,
საფულეს ვიღებ, სადაც ზუსტად 20 ევრო მაქვს.
და ისიც ათას მადლობას მიხდის,
მოწყალებისთვის. ვეუბნები,
რომ არ არის საჭირო, აკი
უნებურად აღმოჩნდა დღეს ამ გასაჭირში...
კი, ეს ასეა, იტყვის და მერე, კიდევ ერთელ
თვალს თვალში მიყრის. და ამატებს:
ყოველთვის მარტო ღარიბებზე გაეცით ხოლმე.


ფრიზენპლაცზე

ზღვის გოჭი მყავდა, შნუპის ვეძახდი,
შეიძლება მისი ნახვა ძველ ფოტოებზე,
თვინიერი ცხოველი იყო.
ჩემი ოთახის მეზობელი კი
ნაგავს ახვავებს ერთმანეთზე
და ხელოვნებას ეძახის ამას,
ერთ მეტრს რომ სწვდება.
მერე ხალიჩას ედება ცეცხლი,
მერე ჩემი ავადმყოფი, გამხდარი კაცი
თავდაყირა მიშვებს კიბეზე.
მერე შიშველ ნატურად ვდგები
ხატვის უფასო გაკვეთილზე,
ჭრილობებზე კი სალბუნს ვიკრავ.
ექიმი მათი წარმოშობით ინტერესდება,
მე ვიტყუები, ის იჯერებს და
ნევროლოგთან მიშვებს, რომელიც
ვერაფერსაც ვერ აღმომიჩენს.
აბა, საიდან უნდა მიხვდეს, რომ
ავადმყოფი, გამხდარი კაცი
მავნებლობს ასე,
შემოუძღვა ჩემს ბინაში უსახლკაროებს
და ყველაფერზე დააფსმევინა,
სადაც ხალიჩა იწვის ახლა
და ზღვის გოჭს სძინავს,
ავადმყოფი, გამხდარი კაცი კი
ისევ მირტყამს. და ამასაც არავის ვეტყვი,
ზღვის გოჭმაც ხომ ლაპარაკი არ იცის და
ამ მოგონებას სადღაც უჯრაში მივმალავ მერე,
გასაღებსაც შორს გადავაგდებ.
ადრე ხშირად ხდებოდა ასე,
თანაც საკმაოდ სასწრაფო წესით
და აბდაუბდად,
იკარგებოდა
საუკეთესო მოგონებები.






* ზაბინე შიფნერი თანამედროვე გერმანელი პოეტია, რომლის სახელიც ქართველ პოეტთა წრეში უცნობი არ არის და ეს ნაცნობობა ორმხრივია: თანამედროვე ქართული პოეზიის ბწკარედული თარგმანები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყრის მასთან თავს, რასაც მერე იგი პოეტურად ამუშავებს.  
ზაბინე შიფნერის პოეზიის მთავარი სათქმელი ქალის სამყარო და მისი თანმდევი ემოციები, განცდები და პრობლემებია. თავისი ბოლო კრებულით „გაოცება“, რომელიც ორიოდე თვის წინ გამოვიდა, უამრავ სხვა თემასთან ერთად, წარსულის გადამუშავების მცდელობასაც შეიცავს. მან თითქოს მოგონებათა ზარდახშა გახსნაო, სადაც ბავშვობის მტკივნეული ამბებიც არის გადანახული და ახალგაზრდობის მწარე გამოცდილებანიც.
იგი ასევე მუშაობს პროზაში (მისი სადებიუტო რომანი „მელოგინეთა ცხელება“ 2005 წელს იურგენ-პონტოს ფონდის პრემიით აღინიშნა), ახლახანს კი მან პუბლიკას წარუდგინა ახალი რომანი წერილებად „მე ერთი შავი სული ვარ“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ორი გერმანული ოჯახის ამბავს ასახავს.
ზაბინე შიფნერი არაერთი პრემიის და საერთაშორისო სტიპენდიის მფლობელია, ეწევა სარედაქციო და მთარგმნელობით საქმიანობას, ცხოვრობს კიოლნში.







скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge