ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იოსებ გრიშაშვილის ეროვნული მრწამსი
მიუხედავად იმისა, რომ აზრის თავისუფლად და შეუზღუდველად გამოხატვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში რუსული მმართველობის არსებობის ყოველ ეტაპზე ჰქონდათ მკაცრად შეზღუდული და შესაბამისი პერიოდის იმპერიული ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი ცენზურული კონტროლით შებოჭილი, მეფის დროინდელ რუსეთსა და საბჭოთა კავშირში ამ თვალსაზრისით არსებული მდგომარეობანი მაინც მნიშვნელოვანწილად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. კერძოდ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ საბჭოთა რეჟიმამდელ პერიოდში აზრის გამოხატვის მხრივ უფრო მეტი თავისუფლება არსებობდა, ვიდრე კომუნისტური მმართველობის დროს.სწორედ ამის ერთ-ერთ ნათელ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბჭოთა ხელისუფლებამდელი დროის ჩვენი მწერლობა ნაკლებკონიუნქტურული იყო, ვიდრე შემდგომი პერიოდისა. კერძოდ, განსხვავებით საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე ჩვენი მწერლების უმეტესობისაგან, რომელთა ლიტერატურულ ნააზრევშიც ამ ეპოქის პარტიული ლიდერებისა და იმჟამინდელი იდეოლოგიური პოლიტიკის ხოტბამ არნახული მასშტაბები შეიძინა, მეფის რუსეთის დროინდელ საქართველოში მცხოვრებ ქართველ მწერალთა შემოქმედებაში ხსენებული იმპერიის მესვეურთა და მათ მიერ გატარებული მმართველობითი პოლიტიკის განმადიდებელი ტექსტები, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, საერთოდ არ გვხვდება.
სამწუხაროდ, საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე მწერალთა დიდი ნაწილის მსგავსად, ზემოთ აღნიშნულმა მოვლენამ იოსებ გრიშაშვილის (1889-1965 წწ.) შემოქმედებასაც დაასვა საკმაოდ მძლავრი დაღი. კერძოდ, 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწერილ მის ლექსებში საკმაოდ დიდი ადგილი დაიმკვიდრა იმ ლექსებმა, რომლებშიც სწორედ იმდროინდელ იდეოლოგიურ მოთხოვნათა შესატყვისი ფორმით იყო განდიდებული საბჭოთა სინამდვილე, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ეროვნული თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაც.
ნათქვამის ნათელსაყოფად დავიმოწმებ რამდენიმე ფრაგმენტს იმხანად შექმნილი მისი ლექსებიდან (აქაც და ქვემოთაც, ი. გრიშაშვილის ლექსთა ციტატები დამოწმებული მაქვს მისი ხუთტომეულის პირველი (1980 წ.) და მეორე (1982 წ.) ტომებიდან, 2011 წელს გამოცემული პოეტური კრებულიდან - „საქართველოს მტრებს“ და ჟურნალ „ცისკრის“ 2011 წლის მეხუთე ნომერში გამოქვეყნებული „უჯრაში ჩაკეტილი ლექსებიდან“).
1940 წელი, ნაწყვეტი ა. წერეთლისადმი მიძღვნილი ლექსიდან: „ჩემო ძვირფასო! დღეს სულ სხვა არი ჩვენი სამშობლოს ნორჩი დიდება, ჩვენთვის უცხოა დღეს ცრემლის ცვარი, თუნდ დაიწინწკლოს მარგალიტებად;“
1941 წელი: „“სამშობლო“ და „გამარჯვება!“ კრემლს დავუდგეთ დარაჯებად;“
1947 წელი: „უკვდავია ჩვენი ერი, ჩვენი მიწა, ჩვენი წყალი, კრემლს ვესროლეთ ქართული მზის კიდევ ერთი ნაპერწკალი;“
1951 წელი: „დიდმა რუსმა ხალხმა ჩვენ სხვადასხვა ერთან მეგობრობით შეგვკრა, ძმურად შეგვაერთა;“
1952 წელი: „დროშა დიდი ლენინისა მუდამ ასე იფრიალებს, გადაღმიელ გველაძუებს დაუბრმავებს ელამ თვალებს;“
1954 წელი: „ფიცი დავდოთ საახალწლო: გავამტკიცოთ ძმობა უფრო, მარად გვერდში ამოვუდგეთ დიდ რუსის ერს, ჩვენს ძმას უფროსს;“
1958 წელი: „ერეკლეს გულის დავთარში ჰქონდა ერთი რამ წადილი: ჩრდილოეთისკენ მეგობრად მიეპყრო ხელი გაწვდილი... და ასეც მოხდა... გაბრწყინდა ჩვენი სამშობლოს დიდება. ოქტომბრის მზეში თბილისი არასდროს დაიბინდება!“
ალბათ, სულაც არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ დამოწმებულ ფრაგმენტებში საბჭოთა პერიოდის საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ი. გრიშაშვილის მიერ გაკეთებული ამგვარი შეფასებანი პირდაპირი შედეგი იყო იმ რეპრესიული დამოკიდებულებისა, რაც მისი, როგორც პოეტის, მიმართ მიზანმიმართულად და მასშტაბურად ტარდებოდა ხელისუფლების მესვეურთა და მათ მსახურებად ქცეულ კრიტიკოსთა მიერ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეებიდან მოყოლებული.
ამ დამოკიდებულების განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორად უპირველეს ყოვლისა ის კრიტიკულ-ოპოზიციური თვალთახედვა იქცა, რასაც ი. გრიშაშვილი ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ავლენდა იმხანად შექმნილი თავისი ლექსებით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამ ლექსების მხოლოდ ნაწილი იყო გამოქვეყნებული, ხალხში ამგვარი სულისკვეთების გამომხატველი მისი დაუსტამბავი პოეტური ქმნილებანიც ფართოდ იყო გავრცელებული ხელნაწერების სახით.
იმისათვის, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნეს ი. გრიშაშვილის ნამდვილ და არა საბჭოთა იდეოლოგიით დაღდასმულ ეროვნულ თვალთახედვაზე, ქვემოთ შევეცდები კონკრეტულად გავაანალიზო ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო მისი ის ლექსები, რომელნიც ცენზურული შეზღუდვების ჯერ შერბილების, შემდეგ კი საერთოდ მოხსნის დროიდან, გახდა მკითხველთათვის ხელმისაწვდომი.
როგორც ცნობილია, იოსებ გრიშაშვილი პოეტურ ასპარეზზე 1900-იანი წლების მეორე ნახევარში გამოვიდა და ლიტერატურული საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება თავისი სასიყვარულო ლექსებით მიიპყრო. ინტიმური თემა პოეტის იმდროინდელ შემოქმედებაში იმდენად პრიორიტეტულ მიმართულებადაც კი იქცა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ახალგაზრდა პოეტს ეროვნული პრობლემისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებაშიც სდებდა ბრალს, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ინტიმურ გრძნობათა გამოხატვა მართლაც იყო დამკვიდებული მთელი მისი პოეტური შემოქმედების უმთავრეს მიმართულებად, 1910-იანი წლების შუა ხანებიდან მოყოლებული, ი. გრიშაშვილის პოეზიაში პოეტის ეროვნულ მისწრაფებათა ემოციური სიმძაფრით წარმომჩენი ლექსებიც იჭერს მნიშვნელოვან ადგილს. ეროვნული პრობლემატიკით ი. გრიშაშვილის განსაკუთრებული დაინტერესება არსებითად განაპირობა იმჟამად განვითრებულმა იმ დიდმნიშვნელოვანმა მოვლენებმა, რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით, 1921 წლის თებერვალში კი საბჭოთა რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით დაგვირგვინდა.
როგორც მკითხველი იოსებ გრიშაშვილის ბიოგრაფიის იმდროინდელი ეპიზოდების გაცნობითაც დარწმუნდება, განსხვავებით საბჭოთა პერიოდისაგან, როცა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლების დასაცავად და განსადიდებლად დაწერილი ლექსების შექმნის გამო პოეტი არაერთგზის იქცა რეპრესიული დევნისა და კრიტიკული განქიქების ობიექტად, 1910-იან წლებში მას ეროვნული პრობლემებისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებაშიც კი სდებდნენ ბრალს.
რეალურ საფუძველს მოკლებულ ამ ბრალდებას ი. გრიშაშვილი იმდენად გაუღიზიანებია, რომ თავის კრიტიკოსებს მან 1915 წელს დაწერილი ლექსით ასეთი პასუხი გასცა:
ვის შეუძლიან ცილი დამწამოს,
ვის შეუძლიან მითხრას ართქმული:
რომ არ მიყვარდეს ჩემი სამშობლო,
ჩემი ერი და ჩემი მამული.
საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ლიტერატურათმცოდნეთა ერთი ნაწილის მართებული ხაზგასმით, ეროვნული პრობლემატიკით პოეტის დაინტერესებამ განსაკუთრებით დიდი მასშტაბები 1917 წლიდან შეიძინა, რაც არსებითად აღმოჩნდა განპირობებული იმჟამად განვითარებული დიდმნიშვნელოვანი მოვლენებით. თუმცა არაერთი მათგანი იმასაც აღნიშნავდა, რომ ეროვნულ-პატრიოტულ თემაზე დაწერილი მისი ზოგიერთი ლექსი „ცალმხრივ განწყობილებას“ გამოხატავდა.
მაგალითად, იოსებ ლორთქიფანიძე ხსენებულ პერიოდში ეროვნულ-პატრიოტული თემატიკით იოსებ გრიშაშვილის განსაკუთრებულ დაინტერესებას იმით ხსნის, რომ ეს ყველაფერი „გამოწვეული იყო იმ პირადი განწყობილების გამომჟღავნებით, რომელმაც მასში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში იჩინა თავი: გულჩათხრობილობა, გრძნობის გაუხეშება, გულგატეხილობა თუ გულგამეხებულობა, ბოღმა და დარდი, რაც მასში მცდარ წარმოდგენებს უყრიდა თავს. 1922 წელს „ლომისში“ (#1, გვ. 5) გამოქვეყნებული ლექსი „ჩემი ლოცვა“ აშკარად ამჟღავნებს ახალი დროის გაუგებრობას. მას ვიწრო პატრიოტული თვალთახედვის ბეჭედი აზის“.
მკითხველის იმაში დასრწმუნებლად, ი. გრიშაშვილის ამ ლექსის ასეთი შეფასება სინამდვილეში ყოველგვარ საფუძველს რომაა მოკლებული და ეს პოეტური ლოცვა რეალურად უფლისადმი აღვლენილ პატრიოტულ ვედრებას წარმოადგენდა, დავიმოწმებ მის ფრაგმენტს:
მეუფეო, ჩემი ლოცვა დღეს იქნება სულ სხვაგვარი,
მე არ მინდა სასწაულად მომივლინო ნინოს ჯვარი,
დღეს ჩემ გულში, მეუფეო, სულ სხვა ლოცვა ჩაისახა,
მე მინდა, რომ საქართველო - ეს სამოთხის შვების წყარო, -
მტრებს არ მივცე საჯირითოდ, შევიტკბო და შევიყვარო.
მეუფეო! ყოველ მხრიდან გვეხვეოდა მტერი გველად,
ჩვენი სულის ჩასაქრობად, ჩვენი ნიჭის ასაგველად,
სელჯუკები, მონღოლები გვეცემოდნენ ურდო-ურდოდ,
მაგრამ კმარა, მეუფეო, აღარ გვსურს გავიქურდოთ,
გვეყო, გვეყო ეს სასჯელი, ესოდენი ჭირი, სენი...
საქართველო, მეუფეო, დაიხსენი, დაიხსენი...
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ეროვნულმა პრობლემამ ი. გრიშაშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი 1917 წლიდან დაიკავა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ ათწლეულში კი მან იმდენად დიდი მასშტაბები შეიძინა, რომ ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, ღრმად შთამბეჭდავი ფორმით, წარმოაჩინა პოეტის ანტისაბჭოთა თვალთახედვა.
თუმცა ეს თემა მანამდელი მისი პოეტური შთაგონებისთვისაც რომ წარმოადგენდა მძლავრი შემოქმედებითი იმპულსის მიმცემ წყაროს, ამის დასტურად აქ 1912 წელს დაწერილი მისი ლექსის -„სამშობლოს ნანგრევებში“ გახსენებაც იკმარებდა; ლექსისა, რომლის ეროვნული სულისკვეთება აშკარად ენათესავება ნიკო ლორთქიფანიძის ცნობილ მინიატურებს: „საქართველო იყიდება“ (1910 წ.) და „ლიტერატურული საღამო“ (1917 წ.).
სისხლის ზღვაში მობანავე სამშობლოს ხილვა, ქარის ფრთებზე დაფლეთილი დროშის ფრიალი, მამულისათვის მკერდგაპობილი მებრძოლი გმირების სახეები, ჩვენი წარსული დიდების უტყუარადმაცნე ძველი მონასტრები და წინაპართა აკლდამები – ეს ყველაფერი, თუ, ერთის მხრივ, პოეტის გულში ეროვნული სიამაყის გრძნობას ბადებდა, მეორეს მხრივ,იმის ტრაგიკულ განცდასაც ამძაფრებდა, რომ ყოველივე ისე იყო დამჭკნარი და დაკნინებული, სხვას მიჰქონდა „ჩვენი სულის სიამაყე, წმიდათ წმიდა...“
სწორედ აქ, წარსულისა და თანამედროვეობის ასეთ შეუსაბამობაში, ჩნდებოდა საბრძოლო სულისკვეთება, რომელიც ძველი დიდებისა და ეროვნული თვითმყოფადობის აღდგენის რომანტიკული პათოსით იყო განპირობებული. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ჰეროიკული ოცნების მასაზრდოებელ წყაროდ ალექსანდრე სუმბათაშვილის ცნობილი პიესა „ღალატი“ იყო ქცეული. პოეტი ემოციური მგზნებარებით გამოხატავდა მზადყოფნას, მახვილით ხელში დამდგარიყო ერის ისტორიული თავისთავადობის გადასარჩენად:
...ხოლო როცა საქართველოს, ისეც დამწვარ-დატანჯულსა,
უყიდიან მიწა-წყალსა, უგინებენ ენას, რჯულსა, -
მაშინ მყისვე მაგონდება ანანია თავის ფიცით
და მსურს მეც ვთქვა: ხანჯლის დაკვრა ქართველებმა გულში ვიცით.
ეს მოტივი, ქართველობის ჩაწიხვლისა და დაკნინების წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლისა და სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენის ეს იდეა, ი. გრიშაშვილის ათიანი წლების პოეზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო: „არ შევდრკებით, რაგინდ მტერი ჩვენს წინაღმდეგ ბადეს ქსოვდეს: უნდა აღსდგეს საქართველო – ეხლა, ანდა არასოდეს!“
როგორც უკვე ითქვა, ეროვნული პრობლემის გააზრებამ ი. გრიშაშვილის შემოქმედებაში ახალი მასშტაბები შეიძინა რუსეთის იმპერიაში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში განვითარებულ იმმოვლენათა შედეგად, რომელთაც პოეტმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისშესაძლებლობა დაუკავშირა. ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო ლექსია „1917 წელი“, რომელსაც ავტორმა ახალი „მარსელიოზას“ჰანგზე დაწერილი სიმღერა უწოდა. პოეტი ფრთაშესხმული აღნიშნავს, რომ მეფის რუსეთის „ორთავიანი ბილწი არწივი“ დაემხო, რომ „აღსდგა, აზავთდა ტანჯული ერი“ და ახალ, თავისუფალ ცხოვრებას დაედო სათავე, რომ „ფერხთ განვიბერტყეთ მონობის მტვერი“. მისი აზრით, ეს რევოლუცია (იგულისხმება 1917 წლისთებერვლის რევოლუცია), რომელმაც „მილეწ-მოლეწა კერპთა ბომონი“, ქვეყნად სამართლიანობას დაამყარებდა.
ხოლო 1917 წლის 29 აპრილს დაწერილ ლექსში - „დათოვლილი მედროშე,“ რომელიც პოეტმა ვალერიან გუნიას მიუძღვნა, რუსეთის კოლონიური უღლისაგან ჩვენი ქვეყნის განთავისუფლების რეალურ მოლოდინს ამ სტრიქონებით შეასხა ხოტბა: „ამირანმა დაფქვა ჯაჭვი, ცხრა მთას იქით გადიარა, შენ შეთოვლდი! და შენს ერსაც გაუმთელდა კვლავ იარა. ხომ აღსრულდა შენი ფიქრი! და ქართველებს სხვა რა გვინდა! - ჰა: ასი წლის ნაინატრი სულ ერთ წამში დაგვირგვინდა!“
მკითხველისათვის ადვილი წარმოსადგენი იქნება, ამგვარი ეროვნული სულისკვეთების მქონე პოეტიროგორი აღფრთოვანებითაც შეხვდებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. 1918 წელს დაწერილ ლექსში „სიმღერა“ ის მოწოდებით მიმართავდა ხალხს, თავდადებით ებრძოლათ მტრის წინააღმდეგ. თურქთა შემოტევისაგან მამულის დახსნის იდეა, რამაც იმდროინდელ ქართულ პოეზიაში მძაფრი გამოხატულება ჰპოვა (გავიხსენოთ ტ. ტაბიძისა და პ. იაშვილის ლექსები), ი. გრიშაშვილის შემოქმედებაშიც საკმაო სიმწვავით დაისვა:
გაირღვა შუქეთი! აწითლდა ცხოვლადა!
ჩამოდნა სხივები ვარდისფერ თოვლადა!
მებრძოლნი გამოჩნდნენ! დროშებით დგანან!
მეც ვყივი ჭაბუკნო! რას უცდით!
მახვილით მახვილსა! შეერთდით... დაჯგუფდით...
თამარის სამშობლო არ გიყვართ განა?..
მივბაძოთ მთიელებს: ფშაველსა, ხევსურსა!
მოჰქრიან! მღერიან სიმღერას ზევსურსა -
დავიხსნათ სამშობლო! დავიხსნათ მამული!
როგორც იოსებ გრიშაშვილის ანტიუტოპირი პოეტური შემოქმედებიდან თვალნათლივ ჩანს, მისი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლებისადმი, რაც მის პოეზიაში საბჭოთა რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის წინარე ხანაშიც მკვეთრი რადიკალიზმით გამოვლინდა, უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის მესვეურთა მიერ საქართველოსადმი გატარებული ძალადობრივი პოლიტიკით აღმოჩნდა განპირობებული.
კერძოდ, ი. გრიშაშვილის იმდროინდელ პოეზიაში მძლავრად გამოხატულ ანტიკომუნისტურ და ანტირუსულ სულისკვეთებას უმტკიცეს საფუძვლად დაედო განახლებული რუსული იმპერიის მესვეურთა პერმანენტული ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დასაპყრობად. მის საბრძოლო სულისკვეთებას ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს სძენდა ის ფაქტი, რომ რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გატარების საქმეში რუს ოკუპანტებზე უფრო მეტად საკუთარი სამშობლოს მოღალატე ქართველი კომუნისტები აქტიურობდნენ და სწორედ ისინი მოუძღოდნენ ამ ქვეყნის ჯარს მის დასაპყრობად. პოეტის შეფასებით, ეს ადამიანები - საკუთარი სამშობლოს „მოღალატენი, მსტოვრები და გამცემლები“ - იმ საბედისწერო პერიოდში მუმლივით ჰყავდა შემოხვეული საქართველოს.
ამ თვალსაზრისით საინტერესო ერთ-ერთი პირველი ლექსი - „საქართველოს მტრებს“ ი. გრიშაშვილმა 1919 წელს დაწერა. ამ ლექსის მეშვეობით მან უდიდესი გულისწყრომა გამოხატა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც სწორედ იმხანად განახლებული ენერგიით ჰქონდათ გაჩაღებული გააფთრებული ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზაზე ახლად ფეხშედგმული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნეს ი. გრიშაშვილის ეროვნული მრწამსის ამ მხარეზე, დავიმოწმებ ფრაგმენტს ხსენებული ლექსიდან:
დღეს ჩვენს ირგვლივ ბნელმა ძალამ დარაზმა და დაამზადა
ყველა ჯურის მოღალატე, ვერაგი და ჰარამზადა...
და უნდათ, რომ საქართველო - ეს პატარა ნატვრის თვალი
კვლავ გახადონ სხვისი მონა, მორჩილი და შენამკრთალი...
ვიდრე ერთი ქართველიც კი სამშობლოსთვის ასე ზრუნავს,
არ მოჰკვდება საქართველო, მაინც ბრუნავს... მაინც ბრუნავს.
პოეტის შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წლებში. იგი განახლებული ენერგიით ჩადგა მონობისგან თავდახსნილი სამშობლოს სამსახურში. მაგრამ პოეტი იმასაც კარგად ხედავდა, შინაური თუ გარეშე მტრები როგორი მონდომებითაც ემზადებოდნენ ჩვენი ქვეყნის ახალი დაპყრობისთვის და შეშფოთებული წყევლიდა ყველას, „ვინც ჩრდილოეთის ველურ ყაჩაღებს გაუღო კარი თერგდალეულ დარიალისა“ („ავლაბარი,“ 1920 წ.).
ადვილი წარმოსადგენია, ასეთი მამულიშვილური მრწამსის მქონე პიროვნება რა შეფასებასაც მისცემდა 1921 წლის თებერვალში საქართველოში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს. ამ საბედისწერო ფაქტს ი. გრიშაშვილი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა იმ დღეებშივე დაწერილი ლექსით – „ახალ ხელისუფლებას“ (ლექსს სხვადასხვა ვარიანტებში „რუსული ჩექმაც“ და „ქართველ ბოლშევიკებსაც“ ჰქვია), რომელშიც შემდეგნაირად გამოხატა თავისი ანტიბოლშევიკური და ანტირუსული სულისკვეთება:
მართალია, დღეს ეს ლექსი ბევრ კომუნისტს გააჯავრებს,
მაგრამ მაინც თამამ სიტყვას მოვახსენებ ახალ მთავრებს:
თქვენ ამბობდით: საქართველომ, რაც გინდ ბევრი გაიბრძოლოს,
დიდ რუსეთის კომუნისტად გადიქცევა მაინც ბოლოს!
ჰა, აღსრულდა! თქვენ მოხვედით, ჩვენც მიგიღეთ ცრემლით ცხელით,
მაგრამ ხალხი არ შეგინდობთ, რომ სხვის ხიშტით შემოხველით!..
ო, ჩვენ ისე შევეჩვიეთ ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ფერს, ჩვენს ხმას,
რომ ვერასდროს ვერ ავიტანთ გამარჯვებულ რუსულ ჩექმას.
აი, რას იგონებს ამ ლექსთან დაკავშირებით თავადაც საბჭოთა პერიოდის პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლი პოეტი მარი აბრამიშვილი: „აპრილის ბოლო რიცხვებია.. თეატრში ვარ, ამჯერად გრიშაშვილის შემოქმედებით საღამოზე. ეს საღამოც დემონსტრაციებით იყო სავსე.
გრიშაშვილმა წაიკითხა სულ ახალი, ცხელ-ცხელი ლექსი „ქართველ ბოლშევიკებს,“ მიუბრუნდა მთავრობის ლოჟას და დაიწყო (მოგონების ავტორს სრულად აქვს დამოწმებული ხსენებული ლექსი - ა. ნ.).
შეძახილები დარბაზიდან - „მოღალატენო... წაეთრიეთ ჩვენგან, სისხლიანებო!“ და სხვა... დარბაზი ფეხზე იდგა და ყველას მუქარა მიმართული იყო ლოჟაში მჯდომ მახარაძეზე და კიდევ 2-3 კაცზე. ფარდა დაუშვეს, სინათლე ჩააქრეს, რასაც მოჰყვა ასჯერ მეტი ყიჟინა, ტაში და გრგვინვა: გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
ეს საღამო მიდიოდა ოპერის თეატრში, რომლის ფარდაზეც წინა წლებში გამოსახული ყოფილა საქართველოს სახელმწიფო გერბი, წმინდა გიორგი, ძალიან დიდი მხატვრის შესრულებული. ახლა კი მახარაძის განკარგულებით ეს დიდი ფარდა შეუღებიათ. და აი, ახლა დარბაზი რომ ჩააბნელეს, ხოლო სცენაზე ისევ სინათლე იყო და ეს უზარმაზარი ფარდა დაუშვეს, მოხდა ის, რომ წმინდა გიორგი უფრო მკაფიოდ, მთლიანად აღმართული მაყურებლის წინ, შუბს ხალხს უმიზნებდა. ზანზარებდა მთელი თეატრი და თხოულობდა საღამოს გაგრძელებას, თორემ ქუჩაში აპირებდა ხალხი გასვლას დემონსტრაციით. ის-ის იყო, ეწყობოდა კოლონები და დარბაზიც განათდა, კონცერტი გაგრძელდა. ლოჟა ცარიელი იყო. სიბნელეში გასულიყვნენ. ბევრი პოეტი გამოვიდა...
ყველაფერი აირია - სიტყვები, ლექსები სცენიდან და დარბაზიდან. აქვე ხელზე დაგვირიგეს გრიშაშვილის მეორე ლექსის ხელნაწერი, რომელიც შემზარავი იყო თავისი შინაარსით, ანთებული შურისძიების ცეცხლით. სათაური ჰქონდა „ფილმახს,“ ე. ი. ფილიპე მახარაძეს. ლექსი აღარ მახსოვს. აზრი ასეთი იყო: პოეტი წყევლიდა „ფილმახს,“ უსურვებდა, რომ, რაც მის ტანზე ბეწვი და ბუსუსია, მის ადგილას გამოსვლოდეს დიდი, გრძელი მახათები, ცოცხლად ჩაეკეტათ დიდ ყუთში და ეგორავებინათ მანამდის, სანამ ხორცი და ძვალი ყუთში არ გაქრებოდა...
იოსებ გრიშაშვილი დააპატიმრეს“ (გაზ. „კომუნისტი,“ 1990 წ. 22 აპრილი).
რამდენადმე განსხვავებულ ცნობას გვაწვდის ი. გრიშაშვილის დაპატიმრებასთან და განთავისუფლებასთან დაკავშირებით რევაზ კვერენჩხილაძე. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ეს ამბავი 1922 წლის 3 დეკემბერს მომხდარა რუსთაველის თეატრში კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის - „ცხვრის წყაროს“ წარმოდგენის დროს. სპექტაკლის მიმდინარეობისას რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას საზოგადოებისთვის გამოუცხადებია, რომ დარბაზში მოსკოვიდან საქართველოში სტუმრად ჩამოსული სახელოვანი ქართველი რეჟისორი და მსახიობი, პოპულარული პატრიოტული პიესის - „ღალატის“ ავტორი ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინიც იმჯოფებოდა. დარბაზს მისთვის მქუხარე ოვაცია გაუმართავს, ი. გრიშაშვილს კი მისადმი მიძღვნილი ის ლექსი წაუკითხავს, „რომლის პატრიოტული სულისკვეთება იმჟამად უფრო მკვეთრად გაისმა და „ღალატის“ ავტორისადმი მიმართული გულმხურვალე მისალმება ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგო დემონსტრაციაში გადაიზარდა...
ერთი დღის შემდეგ, 5 დეკემბერს, ი. გრიშაშვილს აპატიმრებენ. ჩეკაში ზეპირად გავრცელებული მრისხანე ლექსი „რუსული ჩექმაც“ გაუხსენეს“.
რ. კვერენჩხილაძისავე მტკიცებით, საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნომ პატიმრობიდან ი. გრიშაშვილის განთავისუფლების თხოვნით საგანგებო კომისიასთან მოსალაპარაკებლად გააგზავნა კონსტანტინე გამსახურდია. საბოლოოდ, კ. მაყაშვილის, კ. გამსახურდიას, შ. დადიანისა და, საერთოდ, სამწერლო ორგანიზაციის თხოვნამ დადებითი შედეგი გამოიღო და ი. გრიშაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს..
ი. გრიშაშვილის დაპატიმრებასთან და განთავისუფლებასთან დაკავშირებით აქ ის ვერსიაც მინდა გავიხსენო, რომელსაც პოეტი ნინო თარიშვილი გვთავაზობს გაზეთ „თბილისის“ 1988 წლის 56-ე ნომერში გამოქვეყნებულ ი. კუკავას წერილში. მისი მონათხრობის მიხედვით, თბილისში სტუმრად მყოფი ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის პატივსაცემად ქართველ საზოგადოებას თეატრში დიდი შემოქმედებითი საღამო გაუმართავს. საღამოს მსვლელობის დროს ი. გრიშაშვილს საპატიო სტუმრისთვის მისადმი მიძღვნილი ლექსით მიუმართავს, რასაც დიდი ოვაციები მოჰყოლია. საღამოს დასრულების შემდეგ პოეტი დაუპატიმრებიათ.
ნ. თარიშვილის ინფორმაციით, ამ ამბავმა თურმე ყველა იმდენად დააბნია, რომ გამოქომაგება ვერავინ გაბედა. მაშინ მას და ვასილ ბარნოვის ქალიშვილს, რომლებიც ი. გრიშაშვილის პოეზიის დიდი თაყვანისმცემლები ყოფილან, მორცხვობა დაუძლევიათ და პატიმრობიდან პოეტის განთავისუფლების თხოვნით ალ. სუმბათაშვილს შინ ხლებიან. მათ თხოვნას სასურველი შედეგი მოჰყოლია და გრიშაშვილი მართლაც გამოუშვიათ ციხიდან.
პატიმრობიდან ი. გრიშაშვილის განთავისუფლების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის შალვა დადიანიც. კერძოდ, აი, რას წერს იგი ამასთან დაკავშირებით თავის მოგონებებში: დაპატიმრებული პოეტის ციხიდან განსათავისუფლებლად მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი მასთან ერთად წვევია შინსახკომის უფროსს კოტე ცინცაძეს. იოსებ გრიშაშვილის უდანაშაულობაში დასარწმუნებლად სტუმრებს ცინცაძისთვის უთქვამთ, რომ მას არავითარი პოლიტიკური ბრალი არ მიუძღოდა და პატიმრობიდან მისი განთავისუფლება უთხოვიათ. სტუმართა თხოვნის საპასუხოდ, ცინცაძეს მათთვის უკითხავს, იმის თავმდები ვინ იქნება, მომავალში ისევ რომ არ ჩაიდენს რაიმე დანაშაულსო. კოტე მაყაშვილს რიხიანად უთქვამს, თავმდები მე და შალვა ვიქნებითო. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ცინცაძემ სტუმრებს თურმე ირონიულად გადახედა და ასეთი კითხვით მიმართა: თქვენ კი გენდობითო?
შალვა დადიანის თქმით, შინსახკომის თავმჯდომარის მიერ ნათქვამი ამ სიტყვების მოსმენაზე მაყაშვილი თურმე გადაფითრდა, მას კი „გაეღიმა, მაგრამ ეს ღმეჭა უფრო ყოფილა, ვიდრე ღიმილი.“ თუმცა ამ ვიზიტს სასურველი შედეგი მაინც მოუტანია და გრიშაშვილი კ. ცინცაძის ბრძანებით პატიმრობიდან გაუთავისუფლებიათ.
იმ ინფორმაციულ უზუსტობათა და სხვადასხვაობათა მიუხედავად, რასაც დამოწმებულ მოგონებათა ავტორები უშვებენ ი. გრიშაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებული ამბის მოთხრობის დროს, ერთი რამ აშკარად ცხადია - ხსენებული ინციდენტი ნამდვილად რომ დამთავრდა პოეტის დაპატიმრებითა და მეტეხის ციხეში გარკვეული დროის განმავლობაში ჩასმით. ეს რომ მართლაც ასე მოხდა, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ი. გრიშაშვილს თავისი რამდენიმე ლექსი სწორედ იქ ყოფნის დროს აქვს დაწერილი, რასაც თავადვე აღნიშნავს ამ ლექსებისთვის გაკეთებული მინაწერებით.
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული თავისი ანტიუტოპიური ლექსებით იოსებ გრიშაშვილმა მიზანმიმართულად გააგრძელა XIX საუკუნის ქართული მწერლობის დიდოსტატთა შემოქმედებაში მყარად საფუძველჩაყრილი ტრადიცია რუსული კოლონიალიზმის მხილებისა და კრიტიკისა. მაგალითად, 1920 წლის 20 ივნისს, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ საქართველოსთან ვითომცდა სამშვიდობო და მეგობრული ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ რაღაც თვენახევრის შემდეგ, დაწერილ ლექსში - „რა გიჭირთ...“ რუსეთისადმი, როგორც ჩვენი ქვეყნის აგრესორი სახელმწიფოსადმი, თავისი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ილია ჭავჭავაძის პოეტური სტრიქონების პერიფრაზის მოშველიებით მან ასეთი ფორმით გამოხატა:
რა გიჭირთ! ყველგან კარი გეღებათ,
ხომ გაიმარჯვეთ ღალატით ჩვენზე!
წაიღებთ ეხლა, რაც წაგეღებათ,
რომ კრამიტს არც კი დასტოვებთ სხვენზე.
თქვენ ჯარს ვერ შეჰქმნით ამგვარ ბანდიდან,
უმეთაუროდ, უწინამძღოლოდ.
დღეს ყაზბეგიდან დარუბანდამდე
თქვენდამი ზიზღი გუგუნებს მხოლოდ...
მაგრამ არ ვაქებ ხანას სასტიკსა,
ვიტყვი ილიას ამ სიტყვებს მეცა:
„რაც კარგი სურდეს რუსისა შტიკსა,
ღმერთმა იმ რუსსვე მისცეს ასკეცად.“
მიუხედავად იმისა, რომ ი. გრიშაშვილის მიერ 1910-1920-იან წლებში ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი ლექსები პირველ ყოვლისა შესაბამისი პერიოდის საქართველოში არსებული ურთულესი ვითარების შესაცნობადაა საინტერესო, თავიანთი მებრძოლი სულისკვეთებითა და მკვეთრად ანტიკოლონიური პათოსით ისინი ჩვენი ქვეყნის წინაშე დღესაც უმწვავესი ფორმით მდგარი სახელმწიფოებრივი პრობლემებიდან გამომდინარეც იძენენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, რუსეთისადმი, როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი სახელმწიფოსადმი, ი. გრიშაშვილის კრიტიკულ-ოპოზიციურმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე მას შემდეგ შეიძინა, რაც თავისი ანტიკომუნისტური სულისკვეთების გამომხატველი ლექსების შექმნის გამო, 1922 წელს, თავად ისიც აღმოჩნდა მეტეხის ციხეში გამომწყვდეული. მაგალითად, პატიმრობის პერიოდში დაწერილ ერთ-ერთ ლექსში პოეტი რუსული აგრესიისადმი თავის გულისწყრომას ამ სიტყვებით გამოხატავს:
ო, ჩემო ტფილისო, არც კვდები, არც რჩები
და გდიხარ უძრავად საფლავის ლოდივით.
აჯანყდა სხეული ამდენი ლოდინით...
იყუჩე, პოეტო, ასე არ დარჩები!
და ვინც კი დახვრიტეთ, იცოდეთ, ის ტყვია
ქართველებს გულებში სახსოვრად გვიწყვია.
ამ მდგომარეობით განპირობებული დეპრესიული განწყობილება მეტეხის ციხეში გამოკეტილ პოეტს ზოგჯერ იმდენადაც კი უმძაფრდებოდა, რომ საკუთარი სამშობლოდან გადახვეწის გრძნობასაც უჩენდა, რათა ამ გზით მაინც გაქცეოდა კოშმარად ქცეულ რეალობას.
აქ არ მინდა! აქ ყველაფერს პირუკუღმა სთხრიან, ჰყრიან...
აქ მე ტირილს მიკრძალავენ, აქ მე სიტყვებს მიკორტნიან.
აქ რა მინდა, აქ როდესაც ჩამოინგრა ბურჯი ხიდის,
აქ რასაც ვწერ, მეგობრებო, კალმის იქით ვეღარ მიდის...
წავალ, წავალ უცხო მხარეს ამ სიტლანქეს დაუჩვევი,
გამარჯვებას თუ ვერ ვნახავ, დამარცხებას გადვურჩები.
აქ რა მინდა! აქ უაზროდ მიწას ვტკეპნი, ჰაერს ვყნოსავ,
თავისუფალ საქართველოს უცხოეთში დავინახავ!
არსებული მდგომარეობით განპირობებული უიმედობის ეს დამთრგუნველი გრძნობა ი. გრიშაშვილის შემოქმედებაში 1930-იანი წლების შუა ხანებამდე ვლინდება და პოეტი დროდადრო უკიდურესად პესიმისტური ფორმითაც კი გამოხატავს თავის სულიერ სასოწარკვეთას. ნათქვამის დასტურად დავიმოწმებ ფრაგმენტს 1932 წელს დაწერილი ლექსიდან „აღამაჰმადხან:“ „აღამაჰმადხან სხვაზე ნაკლებად არ იყო ფლიდი, ვერაგი, მქისე, ერთხელ მოვიდა ჩვენ ასაკლებად, მოგვხრა... და უკან გაბრუნდა ისევ. მაგრამ ეს ხალხი შავად და ბნელად მოედო ტფილისს ცეცხლით, მახვილით და ძარღვებიდან სისხლსა გვწოვს ნელა რაღაც კომუნის დიდი სახელით. ო, ნეტავი თქვენ, ვინც აღარა ხართ და ჩვენი ყოფის არ ხართ მნახველი, ვინც დაიხვრიტეთ წყებად, მხარდამხარ გარეწარების ბინძური ხელით. წევხართ და გფარავთ მიწის ბარაქა, გხრავენ ჭიები, გხრავენ მღილები, ჩვენ კი რანი ვართ, ვინც დავრჩით აქა, ჩვენ - სულიერად დახვრეტილები?“
იოსებ გრიშაშვილის ეროვნული თვალთახედვის შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციო 1923 წელს დაწერილ მის პოეტურ ელეგიას „წერილები ბოთლში.“ სამწუხაროდ, ხსენებული ლექსიცა და მისი ავტორის ვინაობაც გასული საუკუნის ბოლომდე იყო უცნობი. ლექსის ფრაგმენტი სახელწოდებით „წერილი სამშობლოდან“ საქართველოში პირველად გაზეთ „კალმასობის“ 1998 წლის 17 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა ავტორის მითითების გარეშე. რედაქციის შემოქმედებითი კოლექტივი თხოვდა მკითხველებს, თუ ვინმემ იცოდა ლექსის ავტორის ვინაობა, შეეტყობინებინათ მათთვის. როგორც ნ. გრიგორაშვილის მიერ მიკვლეული საარქივო მასალებით გაირკვა, ეს პოეტური ელეგია ი. გრიშაშვილის მიერ იყო შექმნილი 1923 წლის 2 აგვისტოს.
ხსენებული ლექსის სრული ვარიანტი, იოსებ გრიშაშვილის სხვა ანტისაბჭოთა ლექსებთან ერთად, 2011 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეხუთე ნომერშიც დაიბეჭდა ასეთი კომენტარით: „ეს ლექსი არასრული სახით დაიბეჭდა 1942 წელს გერმანიაში, ქართველ ლეგიონერთა გაზეთ „საქართველოში.“ გამოქვეყნდა, როგორც უცნობი ავტორის ლექსი. საქართველოში ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. ცხადია, ავტორის მითითება შეუძლებელი იყო“ („ცისკარი,“ 2011: 6).
უცხოეთში გახიზნული თანამემამულისათვის გაგზავნილ ამ პოეტურ ბარათში იოსებ გრიშაშვილი შემაძრწუნებელი ფორმით წარმოაჩენს იმ ტრაგიკულ ვითარებას, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შედეგად შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში. ძმათა საფლავზე განმარტოებულს, მას თითქოს ცხადად ჩაესმის მტრის წინააღმდეგ გამართულ უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ ქართველ პატრიოტთა ამოძახილი სამარიდან: „დავკეცეთ დროშა, გავტეხეთ ჯვარი.“ ლექსის ბოლო სტროფებში პოეტის სულიერი სასოწარკვეთა კულმინაციურ წერტილს აღწევს და ასეთ სახეს იღებს:
ძმაო, არ მინდა შენც დამაობლო,
ჩემი ლექსები სხვის კარზე ჰქროდეს,
თუ პოეზიას არ აქვს სამშობლო,
პოეტს სამშობლო ხომ უნდა ჰქონდეს.
და მე არ ვიცი, თუ რომელ ალაგს
ამოვა ახლა დილის აისი,
დღეს გორგასლანის სატახტო ქალაქს
მხოლოდ სახელი შერჩა თავისი.
ყველა მივიღეთ დებად და ძმებად,
ვინც გვასახელა საზიზღარ ქცევით,
ხელში კორძები დაგვაქვს ბეჭდებად
ამდენ კუბოთა მაღლა აწევით.
მშვიდობით! და გთხოვთ, რომ ჩემი გვამი
თუ დაიცხრილა ქალაქის გარეთ,
დაწვით და ფერფლი ჰაერნასვამი
პოეტებს თავზე გადააყარეთ.
როგორც ემიგრანტი ქართველი პოეტის - აკაკი პაპავას (1890-1964 წწ.) ლექსიდან - „პასუხად ძველ მეგობარს“ (დაწერილია 1956 წელს) ირკვევა, ი. გრიშაშვილის პოეტური ბარათის ადრესატი სწორედ იგი უნდა იყოს. ეს აშკარად ჩანს ზემოთ დასახელებული ლექსიდან, რომელიც ხსენებული ნაწარმოების საპასუხოდ დაწერილ ქმნილებას უნდა წარმოადგენდეს. ეს რომ ნამდვილად ასეა, არა მარტო ამ ორი ლექსის ტექსტოლოგიური შედარებით დასტურდება, არამედ იმითაც, რომ ა. პაპავას ნაწარმოებში ი. გრიშაშვილის ლექსის ზოგიერთი სტრიქონი ზუსტი შესატყვისობითაც კია გამეორებული. მაგალითად:
მწერ, რომ ღრმა სევდა შენს გულს დააჩნდა
ჩვენი რაზმების უკან დახევით,
კორძები ბეჭდათ ხელზე დაგაჯდა
„ამდენ კუბოთა მაღლა აწევით...“
ა. პაპავა გულისტკივილით იზიარებს ძველი მეგობრის პატრიოტულ წუხილს და, როგორც თავადაც თებერვლის ტრაგიკულ დღეთა უშუალო მონაწილე, თვითონაც იხსენებს იმ მოვლენათა ცალკეულ ეპიზოდებს. მაგალითად:
დრომ დაგვაშორა: ვერ შევსძელ ბრძოლა,
კოჯორის მთაზედ ვეგდე დაჭრილი,
რუსის ყუმბარამ გადამიქროლა
და სისხლისაგან ვიქმენ დაცლილი.
ურიცხვი მტრები შემოგვესია,
ჩვენი ჯარები იქმნა დაშლილი;
გახსოვს, სამშობლოს ვით უკვნესია,
რომ მისი დროშა სჩანდა დახრილი?...
მას შემდეგ აქ ვარ, სხვათა მხარეში,
უცხო ჭიშკართან ცრემლად ვიღვრები,
ბოღმა მიმყვება თან სამარეში,
რომ ასე დავთმეთ ჩვენი საზღვრები.
და მაინც, მიუხედავად იმ დიდი სასოწარკვეთისა, რითაც ორივე პოეტის გულია შეძრული, ა. პაპავა ცდილობს, ძველ მეგობარს გამამხნევებელი სიტყვა უთხრას, იმედი გაუღვივოს და კვლავ სამშობლოს სადარაჯოზე ერთგულ ჯარისკაცად დგომისკენ მოუწოდოს:
დღესაც იმას გთხოვთ: დარჩით ერთგული,
ნასკნელი მოჰკრიფეთ ძალი,
კვლავ განმიმტკიცეთ რწმენა ქართული
და შენც იმედის მომაპყარ თვალი.
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, იმ უპრეცედენტო დევნა-შევიწროებისა და რეპრესირების გამო, რომელსაც ი. გრიშაშვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ ათწლეულში განიცდიდა პერმანენტულად, იგი თითქმის მთლიანად ჩამოშორდა პოეზიას და ძირითად საქმიანობად მეცნიერული კვლევა-ძიება გაიხადა. ეს გარემოება შექმნილი ვითარებით განპირობებულ გადაწყვეტილებას რომ წარმოადგენდა, ამას სიკო ფაშალიშვილისადმი მიძღვნილი მისი ლექსიდან (1931 წ.) დამოწმებული ეს ფრაგმენტიც თვალნათლივ ადასტურებს:
ძმაო პოეტო! ეს წერილი ლექსი არ არის,
შენც კარგად იცი, ლექსებისთვის არა მცალიან.
მე ჩავიძირე ძველმანების სქელ ნიჟარებში,
სადაც ძვირფასი მარგალიტის მადანი ბუდობს
და მარტოოდენ საქართველოს წარსულით ვსუნთქავ.
სწორედ აღნიშნული გარემოების სამწუხარო შედეგს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 1920-იან წლებში, ავტორის პოეტური ნიჭის ზეობის იმ პერიოდში, როცა მან მისი შემოქმედების არაერთი საუკეთესო ნიმუში შექმნა, ი. გრიშაშვილის ლირიკული შემოქმედება მხოლოდ ოცდაათიოდე ახალი ლექსის დაწერითა და ორი პოეტური კრებულის გამოცემით (1930 წელს – „ექვსი ლექსი“ და 1939 წელს – „ახალი ლექსები“) შემოიფარგლა.
საბოლოოდ, პოეტისადმი ხელისუფლების მესვეურთა და საბჭოთა იდეოლოგიის მსახურ კრიტიკოსთა რეპრესიულმა დამოკიდებულებამ ის შედეგი გამოიღო, რომ 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ი. გრიშაშვილის პოეტური შემოქმედება აშკარად მოექცა საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხებში და მისმა ეროვნულმა თვალთახედვამ ფორმალური თვალსაზრისით რადიკალური ცვლილებაც კი განიცდა. 1944 წელს გიორგი ჯიბლაძისადმი გაგზავნილ წერილში საკუთარიმოქალაქეობრივი მრწამსის ამგვარ მეტამორფოზას თავად პოეტმა ასეთი შეფასება მისცა:
„ამ კრებულში (იგულისხმება პოეტის ერთტომეული, გამოცემული 1944 წელს, ლიტერატურული მოღვაწეობის ორმოც წლისთავზე – ა. ნ.) წარმოდგენილია მთელი ჩემი შემოქმედებითი გზა. მკითხველი ადვილად შეამჩნევს ორ ნაკადს ჩემს ლირიკაში. პირველი ნაკადი - ინტიმურ-სატრფიალო ლირიკისა იწყება 1905 წლიდან და თავდება 1920 წელს, ხოლო მეორე - საზოგადოებრივ-მოქალაქეობრივი მოტივების ნაკადი, რომლის ჩანასახები ჩემს პირველ ტომშიაც გამოკრთის, იწყება 1921 წელს და გრძელდება დღემდე, როგორც გაძლიერებული, გაბატონებული და დამოუკიდებელი მდინარება ჩემს შემოქმედებაში.
...შეადარებს რა ერთმანეთს ამ ორი პერიოდის ლექსებს, მკითხველი ნათლად დაინახავს, თუ რამდენად გაიზარდა იდეურად არა მარტო ავტორი, არამედ მისი მკითხველიც... ეს წიგნი უამბობს მკითხველს, რომ ოქტომბრის დიდი რევოლუციის გამარჯვება ჩემს სამშობლო საქართველოში იყო აგრეთვე ჩემი იდეური და პოეტური დავაჟკაცების დასაწყისი“.
როგორც დამოწმებული ფრაგმენტითაც ნათლად ჩანს, ციტირებულ წერილში ი. გრიშაშვილის მიერ საკუთარი შემოქმედებითი გზის ამგვარი შეფასება მეტად ტენდენციურია და ბოლომდე არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს ოციან წლებამდე დაწერილ მის ლექსებში საზოგადოებრივ-მოქალაქეობრივი თემატიკა მხოლოდ ჩანასახოვანი ფორმით ვლინდებოდა და ერთადერთ განმსაზღვრელ ნაკადს ინტიმურ-სატრფიალო მოტივი შეადგენდა, როგორც ვნახეთ, აშკარად მცდარია.
იოსებ გრიშაშვილის მიერ საკუთარი პოეზიის ასეთი ცალმხრივი შეფასება არსებითად განაპირობა იმ ბრალდებებმა, რომელთაც საბჭოთა პერიოდის ლიტერატურული კრიტიკა უყენებდა მას. ასე რომ, იმხანად დამკვიდრებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ი. გრიშაშვილის პოეტური შესაძლებლობანი მთელი თავისი ძალმოსილებით მხოლოდ ამ ეპოქაში გამოვლინდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ნინო დარბაისელი - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)