გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნომადი ბართაია - ლექსები



* * *
მომინდა როგორ,
მომინდა როგორ,
მოულოდნელად,
თანაც სრულებით,
ვმგზავრობდე სადმე,
დღის მატარებლით,
ნებისმიერი 
მიმართულებით.


* * *
ვის არა ვკითხე,
ამქვეყნად, მაგრამ
ვერავინ მითხრა,
რატომ უყვართ
ციმციმი თვალებს.


მაღაზიაში

არაფერია თითქოს ამაში,
მაგრამ ამაში ყველაფერია,
ვიღაცას, სადღაც, შარვალ-კოსტუმი
მთლად ჩემი ზომა შეუკერია.
საოცარია, აბა რა არის,
როგორ მომერგო, როგორ დამხატა,
მართლა ბედი ამქვს მე ყველაფერში,
ამ ტანსაცმელმა სულ სხვა გამხადა.
მარტო არა ვარ თან აქ მოსული,
მაქვს ოჯახური აქ იდილია,
თანაც ფასი აქვს ხელმისწვდომი,
თანაც ჩემ ტანზე გამოჭრილია.


*  *  *
ამას წინათ, ამას წინათ,
ვინ ვარ, რა ვარ, რა ვარ, ვინ ვარ,
ერთ ჩემს ნაცნობს რომელიღაც
ტელეარხზე ვუნახივარ.
უძებნია მისამართიჩემი, - 
გული მოუგია,
ტელეფონით დაურეკავს,
ტელეფონით მოუგნია.
მოგვიგონებია თანაც
წლები, შორეული ფრიად,
გვიპოვია ერთმანეთი,
თეთრი თმები მომხდომია.


სურო

უნდა ყველაფერს 
შემოეხვიოს
და ყველაფერი
სამუდამოდ
ჩაიკრას გულში.


*  *  *
მართალი გითხრათ, მართალი გითხრათ,
მე მიფიქრია ამაზე ბევრი,
როდიდან წურავს ქართველი ღვინოს,
როდიდან მოდის ქართული ქვევრი.
და, ჰა, ეს არის მსოფლიოს ემცნო
ქართველო, ესე ამბავი მწველი,
თურმე, ქართველი რაც წურავს ღვინოს,
რვა ათასია გასული წლი.
რვა ათასია გასული წლი,
ჭირსა და ლხინში თურმე ვართ ერთად,
სასიამოვნო ამბავი ჩვენთვის
ამაზე მეტი რა უნდა ეთქვათ!
თუმცა აქ სულ სხვა რამ მომხვდა გულზე,
ამბავი ესე გავიგე როცა -
რვა ათასია გასული წელი,
თურმე, ქართველი ქართველს რომ ლოცავს.


ძაღლები ზაფხულში

კი არ იწვნენ,
ეყარნენ,
ზოგი
არც კი სუნთქავდა.


*  *  * 
როგორ მახსოვს ყველაფერი,
როგორ ჩამრჩენია გულში,
თითქოს, ოდესღაც კი არა,
ყველაფერი იყო გუშინ.
თითქოს გასულიყოს არც კი
თანაც უთვალავი წელი,
თითქოს აგერ იყო გუშინ, -
ტანს გვემოსა არაფერი.
დროო,
ეს მითხარი, რა ხარ,
დროო,
ვით გვადნები ხელში,
საერთოდაც თუ არსებობ,
უკვე, მეპარება ეჭვი.


ზამთარი იმერეთში

მოგისმენია
ტკაცუნი ცეცხლის,
ან ნაპერწკლების
თუ გინახავს
ბუხრიდან ცვენა?


გაზაფხულის წვიმას

რა იყო,
ასე 
რამ გადაგრია,
შემოატმასნე
ტანზე როგორ
გოგონას კაბა,


*  *  *
არ მომწონხარ, თავო ჩემო,
შენ არა ხარ ჩემი ღირსი,
რამდენი რამ შეგალიე,
შენზე რამდენი რამ ვიცი.
თანაც თავი მოგაქვს როგორ,
ეგონები ვინმეს რამე,
შენს მაგივრად მე მრცხვენია,
მერე როგორ გამამწარე.
მე ცხოვრება, გითხრა, მართლა,
შევალიე შენთან ბრძოლას,
ბედნიერი ვიქნებოდი,
რომ მყოლოდი სულაც რომ არ.
მე გამომდის არაფერი, 
შენ გამოგდის ყველაფერი,
მე მარტო ვარ ამა სოფლად -
შენთან არის ერი, ბერი.
სამართალი ქვეყანაზე
ახლა ვინმემ მე რომ მკითხოს,
უნდა მევლო მე ჩემი გზით,
შენ შენი გზით უნდა გევლო.


***
გორი-ქარელის
გზის მონაკვეთზე,
კინაღამ ქარმა
წაიღო ქორი.


მზეს

ნეტავ ამოსვლაც
ამ სოფელში
მაჩვენა შენი.


*  *  *
გავდივარ გარეთ,
მიგამგვანო
იქნება ვინმეს
და ასე მაინც
გაგაყოლო
ცოტა ხანს თვალი.


***
რადგანაც არის
დრო უმოწყალო,
რადგანაც იგი
არავის ინდობს,
რადგანაც ასე
გვიკიდებს ფეხზე,
ასევე ფეხზე
ჩვენც დავიკიდოთ.


***
არა, უთუოდ, უნდა გავიგო,
არ შეიძლება  ასე გაგრძელდეს,
გამოხედვა აქვს ისეთი ზოგჯერ,
არ შეიძლება ლექსებს არ წერდეს!


*  *  *
ნეტავი,
ახლა
კახეთში სადმე
მომასმენინა: 
„ნეტაი, შენა!“


*  *  *
ყველა ველი კარგი არის,
მე ყველა ველს შემოვევლე,
მაგრამ მაინც,
მე რომ მკითხო,
სხვა გემო აქვს ქართლის ველებს.
საოცარი რამე არის,
გული ამდენს როგორ უძლებს,
ქართლის გზებზე,
კი არ ვმგზავრობ,
ჩვენში დარჩეს, ველებს ვუმზერ.
თანაც მარტო კი არ ვუმზერ,
ასე კი არ ვკეცავ მე გზებს,
გულში ვმღერი,
კალანდაძის, 
ო, რა ტკბილად, 
ანას ლექსებს.


***
მიდიოდა გზაზე გოგო
ნაბიჯებით არც თუ ჩქარით,
უხდებოდა შემოდგომის
სუსტი ზომერი ქარი.


სამშობლოს გზებს

ალბათ,  ვერასდროს ვერ წარმოიდგენთ,
როგორ მიყვარხართ, სამშობლოს გზებო,
უთქვენოდ მე ხომ არაფერი ვარ,
არაფერი ვარ უთქვენოდ მე ხომ. 
რა საამოა, ო, განცდა ამის,
რომ გჯერათ ჩემი, ჩემი რომ გჯერათ,
ერთმანეთისგან რომ ვეღარ გარჩევთ,
რომ ერთნაირად მიყვარხართ ყველა.
სილამაზე გაქვთ თქვენ თქვენი ყველას,
თქვენგან არც ერთი მეორეს არ ჰგავს,
არ ვიცი ზუსტად, გამოვთქვა როგორ -
თითოეული სამშობლოს ქარგავთ.
არავინ იცის, იცის არავინ,
რა სამოა, ო, ამისგანცდა -
ყველა ჩემი გზა რომ მიდის თქვენკენ
და რომ თქვენს გარდა არა მაქვს სხვა გზა.


*  *  *
კიდევ კარგი, რომ
გათენდა, თორემ
გაუსკდებოდა,
უსათუოდ,
ერთ მამალს გული.


რამაზ პატარიძეს

როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს,
ალბათ, არც კი დამიჯერებთ,
მეგობრებში მოსმენილი:
„რამაზთან ვიყავით მერე“!
სადღაც რამაზ პატარიძე
სუფევს ვით შამბნარში ლომი
და ტკბებიან მეგობრები
ო, იმ ლომთან სიახლოვით.
ეს ცხოვრება რა ლამაზად
ავლილია, ჩავლილია,
რა ლამაზად ნაბრძოლია,
რა ლამაზად დაღლილია.
მას უნახავს უცხო მოყმე,
იჯდა როგორ წლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა
როგორა ჰყვა, ვითა გმირსა.
ალბათ, ასე უხარია,
ალბათ, ასე ურჩევნია,
ის ლომია - ავთანდილის
სიმღერა რომ უსმენია.
თინათინი ჰყავს ნანახი,
უკეთესი ან რა ნახოს,
ნესტან-დარეჯანის კოშკთან
ჩაუვლია ბევრჯერ ახლოს.
რა სიმდიდრე მოუხვეჭავს, 
ან რა დაუგროვებია,
ბერად მიმავალ შოთასთვის
თვალი გაუყოლებია!...
როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს,
ალბათ, არც კი დამიჯერებთ,
მეგობრებში მოსმენილი:
„რამაზთან ვიყავით მერე“!


*  *  *
ტყემალმა იცის
გამოხტომა
ხანდახან, თორემ,
ნუშს ავავება,
არ მგონია,
დაასწროს რამემ.


***
ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ,
რაღა ბევრი გავაგრძელო;
მომენატრა შოთიი პური,
მამაი-პაპიი სადღეგრძელო.
როგორ გითხრათ, 
ახლა ჩემ თავს
კი არ ვიცი, ან რა ხდება,
შიდას თუ ვერ შევსწვდი კახეთს,
გარეც – კარგად მეკადრება.


***
ნუცუბიძეზე 
ერთი შაშვი მყავს,
არ მოკლდებოდეს 
ღვთისგან წყალობა;
კარგა ხანია,
ხმაზე ვცნობ უკვე,
ექვსის ათ წუთზე
იწყებს გალობას.


რაჭა

საოცარი ამბავია,
ერთმანეთი როგორ უყვართ,
სად გინახავთ ან ამდენი:
სიმონიკა,
ვარდენუკა,
ვასიკუნა,
ანზორიკა,
გურამუკა,
შალიკუნა,
რაჟიკუნა,
ამბროსიკა,
ჯემალიკა,
თალიკუნა,
ჟენიუკა,
მარუსიკა,
ნინიუკა,
ნატოუკა,
თინიკუნა,
თებროლუკა,
კატოუკა,
ნაზიუკა,
ჟორჟიუკა,
გივიუკა,
ჯონიუკა, 
თენგიზუკა,
                კიდევ, კიდევ,
კიდეევ, კიდევ, 
                ღმერთმა იცის

                რამდენუკა.

***
ოქტომბერი მიყვარს ქართლის,
ფერთა მისთა რიარია,
სექტემბერი ადრე არის,
ნოემბერი გვიანია.
ზოგიერთმა არც კი იცის,
უკეთესი რომელია,
ოქტომბერი სულ სხვა არის –
ოქრო აუწონელია.


***
ზამთრის პირია ჩვეულებრივი,
საცაა, თოვლიც უნდა მოვიდეს,
როგორც კი თქვენთან თოვას დაიწყებს,
აუცილებლად შემატყობინეთ.
აუცილებლად შემატყობინეთ,
აუცილებლად მე თქვენთან მოვალ,
როგორც კი თქვენთან თოვას დაიწყებს,
როგორც კი თქვენთან დაიწყებს თოვას.


მინაწერი ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის წიგნზე

„შენდობით მომიხსენიეთ“
გაზაფხულია, ზაფხული,
შემოდგომაა, ზამთარი,
დაპყრობილი აქვთ სამშობლო,
მისი ლამაზი მთა-ბარი.
დადიან საფლავებს შორის,
ნიადაგ, დაუღალავად,
არ დაგიდევენ სამშობლოს 
რთულ რელიეფებს არაფრად.
ეძებენ ეკალ-ბარდებში
ვინ როდის გარდაიცვალა,
იხსენიებენ შენდობით
ვინ იცის, ვის და ვის არა.
მათთვის არსებობს სხვა არც რა,
აი, მათზე რა მამღერებს,
ეფერებიან ო, როგორ
საფლავის ქვებზე წარწერებს.
გაზაფხულია, ზაფხული,
შემოდგომაა, ზამთარი,
დაპყრობილი აქვთ სამშობლო,
მისი ლამაზი მთა-ბარი.


***
გამოვდივარ როს შინიდან,
თან მომყვება მე ეს განცდა –
თითქოს, რაღაც დამავიწყდა,
თითქოს, რაღაც სახლში დამრჩა.
უფრო მეტიც, მოგესალმოთ
რაც არ უნდა განცდით მწველით,
სულ მგონია იმ სალამში
მაინც რაღაც დაგაკელით.
არ მშორდება მე ეს განცდა,
ო, ეს განცდა მე თან დამდევს, –
რაღაცსა რომ გაკლებთ ყველას,
ყველას რაღაცას რომ გაკლებთ.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge