ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
თაია ჭინჭარაული - ჩანახატები
***
დღევანდელი განთიადივით მახსოვს, ღმერთი როგორ ქმნიდა სამყაროს! ჯერ კიდევ სიბნელეს ამოფარებული ვიჭყიტებოდი ერთადერთი ჭუჭრუტანიდან, საიდანაც ძლივს მოჩანდა ერთმანეთში ძაფებად ახლართული მზის სხივები. აი, ისე, ბებოს თხორი ქსოვისას რომ აიბურდებოდა ხოლმე... ყველა შვილიშვილს გვასწავლა შელოცვა:
"ხანჯი-ხუნჯი, ხანჯი-ხუნჯი,
ეშმათ ქალა მაჰკვდომია,
იმის სატირლად მი წასვლა!...
ხანჯი-ხუნჯი,
ხანჯი-ხუნჯი
ეშმათ ქალა მაჰკვდომია,
იმათ ქორწილში მგულავ წასვლა..”
მაგრამ ასე მეგონა, უფრო სწრაფად და ოსტატურად მე ვხსნიდი მაინც ახვანჯულ ნართს და გამარჯვებული იერით, შექების მოლოდინში ამაყად ვაწვდიდი ხელის მტევანზე ბილიკებად დაწყობილ ძაფს.
ბებოს ამ ქვეყნად მოსვლაც მახსოვს, კაცის თვალთ მიუწვდომელ სოფელ გუროში, უზენაესი რომ ხედავს მხოლოდ და მისი ტყუპი ძმის დაბადება მეტად რომ გაუხარდა მამას, ხევსურეთში სახელ-სირცხვილიან სიგირგალს…
ლეკოთ მიხას დაბადებაც შატილ-ღმერთისა და მექიას ანაბარად მიტოვებულ სამრელოში...
საკუთარი დაბადებაც მახსოვს. კარგა ხანი უზრუნველად, დედის თბილ გულს უკან დამალულს, ერთი შიში მკლავდა მხოლოდ, ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მოვსულიყავი თქვენთან და რა მეთქვა!....
***
მთაში ჭინკების, დევების, ჩვენამდე მოღწეული უცნაური ამბების რა მოგახსენოთ... ზოგს სჯერა, ზოგს ეღიმება მოსმენისას... მაგრამ მე რომ პირადი მაძახურა მყავს, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში ამეკიდა შატილის კოშკებში ავლა-ჩავლისას, ეჭვი აღარ მეპარება ამაში და აგერ უკვე ნახევარ საუკუნეს მიღწეულსაც არ მანებებს თავს. „თაია, ნუ გეშინია ჩემი“-თ დაიწყო ჩვენი ურთიერთობის ისტორია, ჩემი პასუხი კი სიმღერით გაგრძელდა, მთვარის ანარეკლით ალაგ-ალაგ განათებულ ქვითკირებში. კუთხეებიდან გრძელი, შავი ჩრდილები რომ იჭიმება, ერთი სული გაქვს, სწრაფად გაიარო საკუთარი გამოგონილი სიბნელის საფრთხე და მთავრდება გამბედაობით - რაღაც ვწერო...
ჩვენს ოჯახში სტუმარი ჩვეულებრივი ამბავი იყო. როცა სასიამოვნო დროს გატარება მოენატრებოდათ: „სად წავიდათავ?!“ – „მიხათასავ!“ - “ვიდინათავ!”- იტყოდიან (ანაბრ...) და „მავიდიან მასაკითხით“ (სასმლით).
დედა, უცებ, ხინკალ-კეცეულებს გაამზადებდა, მამა ფანდურს გადასწვდებოდა... არ მახსოვს, ვინმეს ზედმეტად აერიოს, ეყვიროს... მამას არასდროს ეტყობოდა სიმთვრალე, ვხვდებოდით მხოლოდ იმით, რომ უფრო თბილი ხდებოდა ამ დროს. დღესასწაული იყო ჩვენთან სუფრა და ქეიფი.
ის საღამო კი, სულაც არ გახლდათ მხიარული. დიდ ოთახში, მრგვალი მაგიდა იდგა. აი, რაღაცნაირი, გაფარჩხული, სქელი ფეხებით. ბევრს გექნებოდათ ასეთი ადრე. ორნი ისხდნენ პირისპირ. მეგობრები - მიხა და ის... რამდენიმე თვის შვილმკვდარი მამა! ყავისფერი, მოჭიქული დოქი იდგა და მძიმე ჰაერი…
- იმღერე მიხავ!
- ვერ... წელი არ გასულა ჯერ! - თავი ჩაქინდრა, ცრემლი რომ დაემალა.
- ძალიან გთხოვ, იმღერე! - სევდიანად შეჰღიმილა... მხოლოდ თავი გაიქნია უარის ნიშნად.
ამჯერად ვეღარაფერი თქვა, ცრემლებმა გააბუნდოვნა ირგვლივ ყველაფერი... მამუკამ ტორივით ხელში ჭიქა მოიქცია, მეორეთი მაგიდას დაეყრდნო, ნელ-ნელა წამოდგა, წელში გაიმართა და ხმაში კანკალშერეულმა თავად დაიწყო სიმღერა - „ღმერთო, ამ სახლში ნუ მოშლი, ლხინსა და გახარებასა, ვაჟების ქორწინებასა, ქალების გასტუმრებასა!”...
***
... სად იპოვნოთ ღმერთი? დახედეთ ლურჯად, მთის მდინარესავით დატოტვილ საკუთარ მაჯებს! სისხლძარღვები როგორი საოცარი სიზუსტით ირჩევენ სავალს სხვადასხვა მიმართულებით... გზად უწვრილესი კაპილარების წნულებს ჩქროლვით ჩაუვლიან და გულში ქმნიან დელტას... ამ შინაგან ხმაურსა და თითქოს არეულობაში ისეთი არამიწიერი წესრიგი სუფევს, ხვდები, სისხლი-სასწაულია! სისხლიც ღმერთია, რომელიც ჩვენი გულებისკენ მოემართება და იქიდან ნაწილდება სხვებისთვის...
პირველად რომ შევხვდი, პატარა ბალღებივით იყვნენ: გულწრფელები, დაბნეულები, მიმნდობები, სითბოს აფრქვევდნენ სიხარულით სავსენი... მაშინვე შემიყვარდნენ და ბუნებრივი მზრუნველობის შეგრძნება გამიჩნდა ისეთი, თითქოს ვალდებულიც კი ვიყავი მათ წინაშე. საუკუნეების წინ სამშობლოდან გადახვეწილები ღრმად ისუნთქავდნენ ჰაერს, ამ მცირედითაც უზომოდ ბედნიერები არაფერს ითხოვდნენ მეტს და უჩქუმრად თვლიდნენ ღმერთის საჩუქრად.
,,უჩქუმარზე” გამახსენდა... ხევსურული სიტყვაა და უთქმელს, ჩუმად მყოფს ნიშნავს. აღმოვაჩინე, რომ მშვენივრად ვიგებდი მათ საუბარს. ეს ჩემი სიამაყე კიდევ ერთხელ ამიხმაურდა, გავიქეცი და ბიძის ,,ხევსურული ლექსიკონი” მივაცუნცულე... მთელი საღამო ფურცლავდნენ და თვალცრემლიანებს ერთადერთი ფრაზა აღმოხდებოდათ ხოლმე:
- ჩვენაც აესრ ვამბობთ! - გამომხედავდნენ მადლიერი თვალებით წამიერად და უბრუნდებოდნენ წიგნს სიხარულით...
იცით, ფერეიდანში ორიათას შვიდასი მეტრის სიმაღლეზე, ზღვის დონიდან, ყურძენი ქარვისფრად, ლალისფრად და ზურმუხტისფრად რომ მწიფდება? ჩემ ბავშვობაში მამამ რამდენჯერმე სცადა შატილში “რქაწითელის” გახარება, მოისხამდა პატარა მტევნებს და რჩებოდა ისრიმად...
მიყვებოდნენ ოცნებებზე, ცისარტყელაზე, სულში გადამალულ ქართულ ენაზე, ამბებზე, რომ ამ ოთხი საუკუნის მანძილზე ქართველს ქართველი არ მოუკლავს, ისე უფრთხილდებიან ერთურთის სიცოცხლეს, რადგან მათი სამზეო და საიქიოც საქართველოა!..
მე კი, სულ ვგრძნობ, ფერეიდანშია, იმ ხალხშია ჩემი სამშობლო... ჩვენაც ხომ აისრ ვამბობთ?!
***
გინახავთ ციცინათელა დღის სინათლეზე? მეც ეგრე მეგონა ზუსტად, რომ პატარა, საყვარელი, ფრთაფარფატა, თვალხატულა, ციმციმა იყო. რა საოცარია ქართული ენა. ისე ხატოვნად იცის სახელების შერქმევა. არადა, ერთი უსახური, ჩვეულებრივი მწერია, რომლის სულ პატარა ნაწილი ანათებს, მაგრამ სანამ დღის სინათლეზე ვნახავდი, იქამდე შემიყვარდა. ვეღარ შევიცვალე აზრი და ჭრელთვალება არსებად დარჩა ჩემ ცნობიერებაში.
მაძახურების სიმღერით დაშინების მცდელობისას ყოველთვის მხვდებოდნენ კოშკებში, მომწვანო-მოყვითალო, ტალავარზე დაკერებული მძივებივით გაბნეული ციცინათელები, რომლებიც გზას მინათებდნენ შატილის უკუნ ღამეში, ალალბედზე რომ აბიჯებ ნაცნობ ადგილებს გონების თვალით.
ერთ საღამოს, როცა უკვე ბნელოდა, ველოდებოდი მის მოსვლას. მითხულ წასული ჯერაც არ დაბრუნებულიყო. კარგდ მახსოვს, ვკითხულობდი წიგნს - „კაცი რომელიც იცინის“და გულისყური კარისკენ მქონდა... ფეხის ხმა გავიგონე, მერე უცებ სინათლე ჩაქრა და დავინახე ჩემს წინ, ორი-სამი მეტრის იქით, ცოტა მაღლა, პატარა ციმციმებს წრე შეეკრათ. გაოცებული, გაღიმებული, გამთბარი შევცქეროდი ამ სანახაობას და არაფერი მინდოდა უფრო მეტი. ყველაფერი მქონდა. კოშკებში ამოვლისას შეუგროვებია ციცინათელები და ქუდში ჩაუწყვია ჩემ გასახარებლად.
... აი, ასეთი იყო მამა... ლეკოთ მიხა.
***
უკვე ფითრით გაჭაღარავებულნი, დღესაც დგანან ის პანტები გვერდიგვერდ. შუაფხოს გადასახვევთან, ორწყალს რომ გასცდებით, ხიდს გადახვალთ თუ არა მარჯვნივ, არაგვის პირას, პატარა ვაკე იშლება... აი, სწორედ იქ.
ალბათ, თორმეტი-ცამეტი წლის თუ იქნებოდა მაშინ მამა. რადგან მერვე კლასში უკვე თეთრწყლებში სწავლობდა, შატილიდან ოჯახით ჩამოსახლებული. ეს იყო გვიანი შემოდგომა. მთაში კარგა ხნის მოთოვილ-მოყინული. რაღაც მიზეზის გამო, ბარისახოს სკოლა-ინტერნატში პური ვერ ცხვებოდა და რამდენიმე მოსწავლე გააგზავნეს მაღაროსკარში, მათ შორის იყო მიხაც... დაახლოებით, ოცი კილომეტრია. სწრაფად თუ ივლი, მანძილს იქით-აქეთ ერთ დღეში დაფარავ... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვერ გეტყვით როგორ, მაგრამ მამა ჩამორჩა ბალღებს. ჯიუტი, გაუგონარი და მოუსვენარი რომ გახლდათ, გემახსოვრებათ. ეგებ გადაუხვია კიდეც სამაიმუნოდ, შემდეგ მათთვის იოლად დაწევის იმედით. რა გითხრათ... ისეთი მამის შვილი იყო, მუხლიც უჭრიდა, სისწრაფეშიც ვერავინ ჯაბნიდა, სიმამაცესაც არ უჩიოდა, მაგრამ მთაში ხომ სხვანაირად ღამდება?! უფრო მალე და სრული უკუნეთი, მაშინაც კი, როდესაც მოწმენდილი ცა გადაჭედილია ვარსკვლავებით. მთვარის იმედად კი... შუაღამის მერე, ისიც თუ გაგიმართლა... ჰოდა, დარჩა მარტო, პურით ხელში. ბინდში დიდი ნაბიჯებით ცდილობდა სიბნელისთვის გადაესწრო და უკან ჩამოეტოვებინა. თოვლი უნათებდა გზას. ნაცნობ გარემოს დაკვირვებით ათვალიერებდა, რომ გამოეცნო, რამდენი ჰქონდა დარჩენილი სოფლამდე.
ხიდზე ფეხი რომ შედგა, წყლის გამაყრუებელი ჩხრიალის მიღმა მგლის ყმუილი მოესმა, რომელიც ექოსავით იკარგებიდა სიპ ქვაზე მოხტუნავე ჩქერის ქაფში. ბოლოში გასულმა კი მკვეთრად გაიგონა, თანაც უფრო ახლოდან... იმ წამიდან დაიწყო შიშის ათვლა მის ცხოვრებაში და უცებ, ცხვირწინ, თოვლის მბზინავი სითეთრის ფონზე ორი ხე აისვეტა. ბევრი არც უფიქრია, პური ძირს დადო, თვალით გაზომა, რომლის ტოტებიც შედარებით დაბლიდან იშლებოდა, აცოცდა, თითქმის კენწეროში მოექცა და გაისუსა.
ორ მგელს მესამეც მოჰყვა. იგრძნო, როგორ ამოუცარიელდა გულის ადგილი. მთელი ღამე ბოლთას სცემდნენ პანტების ქვეშ. მხოლოდ რიჟრაჟზე დაიშალნენ. კარგა ხანი მაინც ვერ ბედავდა ჩამოსვლას... - პური, მიწა და თოვლი ერთმანეთში იყო არეულიო - მიყვებოდა...
- როგორ არ ჩამოვარდი? მთელი ღამე, ყინვა?! - უამრავი კითხვა დავაყარე!
- რა ვიცი, არ დამაძინეს ყმუილით, - გადმომხედა და გამიღიმა. აქაც კი შეეძლო ეხუმრა.
მე ვიცი, შიშმა გაათბო.
***
პირიქითა ხევსურეთის სოფელ შატილში სახადმა იქ მცხოვრებთა ლამის ნახევარი შეიწირა. ერთ დილას მეზობლებმა სიმღერა გაიგონეს ერთი ოჯახიდან. ალბათ ამდენი ჭირისგან გაგიჟდნენო, იფიქრეს და გასძახეს:
- რას სჩაითავ, გონ ხო არ დაჰკარგეთავ?!
- სიკვდილს ვაშინებთ, - იყო პასუხი!
სიკვდილს ვერა, მაგრამ მაძახურას კი ვაშინებდი მეც სიმღერით, შატილის კოშკებში შეღამებულზე ავლისას, ყარუა ძალოს ნაჩუქარი რძიანი ვედრით ხელში.
***
მტრის დატირება, ხმით ნატირალი...
...მიწით მისული სტუმრისაიო,
ცაიმც იქნების მასპინძელიო,
სულწუხს დაგიგი სამარეიო,
ძმობილს მიუხვალ მარტუაიო.
შატილ რაისად მოსდიოდიო,
ცოტა გვყავ ვაჟკაც სატირალიო,
ვინ დამითვალავს, რადარ სთქვიდიო,
საგზლად სულეთში წასატანიო.
ჩემ სწორფერ ღნახვიდ შავთმიანიო,
უთხრიდ:- მანდ მგულავ წამასვლაიო,
ცისკარს ვწყევ მეამც მაგიკვდებიო,
აქ ვერ გიწამლე ნატყვიარიო.
***
კოშკის სათოფურში შემოვარდნილმა ტყვიამ გაანაგაბრა კედელი. დენთის სუნით გაჟღენთილი, მტვერში არეული სიპების ნაშალის ბურუსი ჩამოწვა. მსუბუქი კვნესა გაისმა და დადუმდა ირგვლივ ყველაფერი, თითქოს ჰაერი გაიყინა წამით. კუთხეში მიდგმული აკვნისკენ გააპარა მზერა. თვალი მოჰკრა გადაჭერილ არტახებზე მოწითალოდ გამოჟონილ ლაქას. შეშფოთებულმა ქმარს გადახედა, რომელსაც მოსული მტერი ნიშანში ჰყავდა ამოღებული და საჭირო მომენტს ელოდა სასროლად. მის ზურგს უკან უჩუმრად ადგა, სასწრაფოდ გადააფარა ხელში მოხვედრილი ნაჭერი ჩვილს და სიმწრით, მშვიდად გააგრძელა ქმრისთვის ტყვია-წამლის მიწოდება...
- ბალღის ტირილ არ მამდის! - თქვა კაცმა, როცა ყველაფერი დამთავრდა და კიდევ ერთხელ მოიგერიეს შატილივნებმა მომხვდური...
- აღარ გვყავ!
- რაად არ მითხარი?! - ფეხები მოეკვეთა. ახლაღა გაიგო, პირველი ყრმა აღარ ჰყავდა, მიხვდა ასხლეტილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
- რომ მეთქვ, ხელთ აგიცხროებდ, თოფს ვეღარ დაღლიშნევდ! - მტკიცედ უპასუხა ერთადერთი შვილის დამკარგავმა დედამ, შვილის, რომელსაც წლები ელოდნენ... და ნაომარის დალაგება დაიწყო.
***
მთელი კვირა დარწმუნებული ვიყავი, ტყვე ქისტის ამბავი უნდა მომეთხრო, მაგრამ, რომ ირიჟრაჟა, ლეკომ და გაზაფხულმა მექია გამახსენა. მისტიური და ბევრისთვის ძნელად დასაჯერებელი ეპოქა-ამბიდან, ჩემთვის საოცარ თბილ, ახლობელ მოგონებაში გადმოვინაცვლე... ბებო! აი, სწორედ, ლეკოს დიაცი!
მზექალი ერქვა... მერე, მოფერებით მზექო, მექო, მექია და უკვე აღარავის ახსოვდა მისი ნამდვილი სახელი. შატილიდან აყრის შემდეგ, მთავრობის უსასყიდლოდ შეთავაზებულ ხრიოკ, უდაბნო ადგილებზე პაპამ უარი თქვა და გომბორთან ახლოს, სოფელ თეთრწყლებში დასახლდა. სამწუხაროდ, მე ვეღარ მოვესწარი, მალევე გარდაიცვალა, მაინც ვერ გაუძლო უღიმღამო ბარს!
ბებომ წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ უდიდეს სიბრძნეს ატარებდა. გონიერი, მტკიცე, შეუპოვარი, მარჯვე, მშრომელი, ენერგიული, ენაკვიმატი, მხიარული, მოსიყვარულე, ხალისიანი, ბავშვურად, გულწრფელ იყო. არ მახსოვს მოწუწუნე და დაღლილი. ასეთად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე და არ დაბერებულა 89 წლისაც კი, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. ერთხელ, რაღაც ამბის გახსენებისას მეზობელ ქალზე ასეთი რამ თქვა:
- ამაშინავ, სამის წლისა ვიყვიდივ, რო შამაივლიდავ წითელ, აი, თავშალ ეხვივნისავ, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მცირედი დეტალებიც რომ ახსოვდა იმ ასაკიდან. შვიდი შვილიდან სამის მეტი ვერ გაზარდა, ყველა ჯანმრთელად დაბადებული. სამრელოში (სახლის გარეთ, პატარა, სიპებით აშენებული სამყოფი, სადაც არაადამიანურ პირობებში, მარტონი მშობიარობდნენ ხევსური ქალები), ჩასული თოვლი ხელით უთხრია ლექსოს გაჩენისას, ქრისტეშობას! ქმრისა და შვილის გლოვა სირცხვილად ითვლებოდა (სისუსტეს არ უნდა დაეჩაგრა ქალი, უნდა გაეძლო ჭირისთვის, რათა გაეგრძელებინა ისედაც მძიმე ყოფა). ღამე ნაცარს ვქექავდი ჩხირით და ვტიროდიო - გვიყვებოდა ბებო.
- დაიძინევ, ვეღარას უშველავ! - სიყვარულით, მაგრამ მკაცრად ეტყოდა, თურმე, ლეკო...
გადავეკიდეთ ერთხელ:
- რა დაემართათ?
- რითი?
- რატომ? - გაბრაზებული და შეღონებული ჩვენი კითხვებით მოგვიბრუნდა და...
- აბა, რა ვიცივ მეავ? ავად გაჴდიანავ-მაკვდიანავ! - რა უცნაური პასუხია, არა?! იუმორის მარცვალიც კი იგრძნობა. თან ამ ერთი ფრაზით, რამდენი რამ თქვა, თვალწინ დაგიდგებათ ყველა გარემოება, სადაც უწევდათ ცხოვრება. ბალიშის ქვეშ ქმრის ხანჯალი ედო. ძილის წინ უკვე დაწოლილი, ხმამაღლა შესთხოვდა ღმერთს ჩვენს კარგად ყოფნას და მადლობას სწირავდა. იავნანასავით მიყვარდა ბებოს ეს რიტუალი, ისე ველოდებოდი, როგორც თოვლიდან ამომძვრალი ენძელა მზის სხივს, დაბურულ ტოტებს შორის გამოპარულ-მოჭვრიტინეს...
მთელი ეზო მოფენილი იყო ყვითელი ყვავილებით. ახლაც არ ვიცი ყვავილების ქალღმერთ ფლორას ენაზე რა ჰქვია, ჩვენ „თამარ მეფის თვალებს“ ვეძახდით რატომღაც. ტკბილი ნექტარი ჰქონდა და ვსრუტავდით ხოლმე ფუტკრებივით. პირდაპირ ღუმელზე დამცხვარი კეცეულების ყონდი და ზედ დადებული დანა! გაგებედა და გეხლო ხელი, შენდობის თქმამდე. ერბო, წყალი და „კამფეტკეები“ უნდა ყოფილიყო ტაბლაზე აუცილებლად, სახელის დადებისას. უწესრიგობას ვერ იტანდა:
- რას გამიშალეთავ, აქავ, იარმუკაივ?! - იცოდა თქმა. დიდხანს ვფიქრობდი, რა იყო ეს „იარმუკა“. საკმაოდ დიდი ვიყავი, რომ მივხვდი. ქისტებს რუსეთიდან შემოჰქონდათ: მძივი, ძაფები, ათასი წვრილმანი და ბარტერულად ცვლიდნენ ყველ-ერბოში. მოსული ვაჭრები იძახდნენ თურმე: „იარმარკა, იარმარკა!“. ამათ კიდევ ხევსურულად მოუქციეს - „იარმუკა“.
თან დავყავდით ბებოს ყველგან, ჭირში (კარგი ხმით მატირლებიც მინახავს - სულით მატირლები. თვითონაც ხომ არაჩვეულებრივი „თვალვა“ იცოდა), ლხინში, შიბუ-ხანძილის სათხრელად „ნაგუბრებზე“, შეშაზე. თავად ბარგად აიკიდებდა, ჩვენ ხელით მოგვქონდა. ახლაც ყურში მაქვს გზაზე მოხრიალე, იღლიაში ამოჩრილი, გამხმარი ტოტების ხმა. გამხდარი, პატარა ქალი იყო. ძვალზე გადაკრული სანთელივით ტყავით, ხელზე ამოვწევდი ღარებად, დამჭკნარ კანს და ცივ-ცივ რჩებოდა ცვილივით ისევე. ერთი ამბავი მახალისებს კიდევ, მისი მონაყოლიდან:
„ქისტო, ქისტო ტილიანო,
დედ-მამანი გტირიანო,
ჩამაგისმენ საორცხალსა,
ჩამაგედინებიანო!“
ხუმრობდნენ ბალღები თურმე, არადა რწყილებში იხრჩობოდნენ თავად. ბებოსაც სულ ეცინოებოდა ამაზე:
- რაირა გვეგონავ, ნეტა, ტილივ რაად იყვავ მეტ სირცხვილივ გირწყილზედავ?!
შუქია ოთხი წლითაა ჩემზე უფროსი, იმედა-ორით, ამიტომ უფრო ხშირად, ძმას ვიყავი აკიდებული თამაშში, თუ ჩიტებზე ნადირობაში. თვითნაკეთი შურდული ჰქონდა. პატარა, მომრგვალო, გლუვნაპირებიან ქვებს ვპოულობდი და ვამარაგებდი „ტყვიებით“, ჰოდა, მორიგი „ვირზე შაჯდომისას“, ჩემი მოძიებული ტყვიებით თავად განვიგმირე. დიდხანს მეხვეწა, გაიწიეო, რაღაც ჰქონდა მიზანში ამოღებული, გავჯიქჯიხვდი და პირდაპირ ცხვირის აყოლებაზე, შუბლში მომხვდა. კარგა ხანს ვიყავი ინდოელი ქალივით. ნიშანი სულ ფერებში გადადიოდა. ჯერ წითელი იყო, მერე გალურჯდა, ბოლოს გაყვითლდა და გაქრა.
ეს არაფერია იმ სილურჯესთან, კაკლის ხიდან რომ ჩამოვვარდი და დათვივით ცალმხარე დაჟეჟილი დავდიოდი. რა თქმა უნდა, მაშინაც ძმას ვეჯიბრებოდი, სასწაულებრივად გადავრჩი დამტვრევას, თავის ტრამვას, ან რაიმე უარესს კიდევ. კენწეროსკენ მივაბიჯებდი და... ტკაცანის ხმა გავიგე. მერე მახსოვს როგორ მოვფრინავდი, თვალსაწიერში აირია, ფოთლები, ცა, იმედა, ვერაფერზე მოვასწარი ფიქრი, ვერც შიში, გზადაგზა ტოტებს ვამტვრევდი და მძიმედ ვუახლოვდებოდი მიწას... იმხელა ეზოში, მაინცდამაინც ნათიბის შემდეგ დარჩენილ, ერთად მოგროვებულ, ხმელი ბალახის ბულულაზე დავეცი. ერთადერთი, ფეხის ტერფი მტკიოდა, რომელიც დიყის გადაჭრილ ღეროს წამოვდე დაცემისას.
დღესასწაული იყო თეთრწყლებში წასვლა. სოფლიდან მოშორებით, შემაღლებულზე იდგა სახლი. მთავარი გზიდან, მაყვლის ბუჩქებით დაბურული, ქვიანი ორღობე უნდა აგევლოთ, რომ იქ მოხვედრილიყავით. კარგ ამინდშიც კი, ოდნავ ბნელოდა. უცებ, უცნაურად გრილ და ტენიან გარემოში ხვდებოდით და ორღობიდან დაბალი კარით შედიოდით პირდაპირ ჩვენს, მზით გამთბარ ეზოში. მარცხენა მხარეს სამ-სამი ჭანჭური და ხურტკმელა იდგა. ჩვენი სახელები დაარქვა ბებომ და წინასწარვე მოგვისპო ჩხუბის საბაბი. ქვედა სართული მრგვალი, დიდი ქვებით იყო ამოყვანილი, ზედა კი - ხის მასალით შეკრული. სახლის შესასვლელში სიპი ქვები მიჯრით ელაგა რუხი ხალიჩასავით. წინ კი, დიდი პანტის ხე იდგა, რომლის ქვეშაც ვაგროვებდით შეშას. ერთ ზაფხულს, სადღაც ოცკაპიკიანი ვიპოვნე და როგორც მარღვიელების დედოფალს, დიდებული აზრი მომივიდა თავში - „პაპიროსი!“ მეზობელ მეგობარს დავავალე მოეტანა მაღაზიიდან - მამაშენი ეწევა და ეჭვს არ აიღებენ-მეთქი. „მზიური“ ერქვა, მგონი, რაც იმ ფასში მოგვივიდა.
სახლის უკან, გზის გადაღმა საკუთარი სათიბე და ტყე გვქონდა შემოღობილი, სადაც შტაბი მოვაწყვეთ. სწორედ იქ ავედით მე, იმედა და მევლუდი. რომ შეგვაგვიანდა, შუქო გამოგზავნა დედამ, სადილად მოვიდნენო. მართალ მოწმეებს ხომ არ დავტოვებდი? მოწევა მოწევის წილ-თქო, გავაბრიყვე ხუთი წლისამ, ცხრა წლის დაც და მალე ერთად ვაბოლებდით. გზაში პიტნაც ვღეჭეთ (ესეც კი გავთვალე) და უცოდველი კრავის თვალების ფახულით მივედით. ყველაფერი მშვიდად იყო, ხელებს ვიბანდით, რომ უცებ, ალიაქოთი ატყდა მეზობლად. დედას არ უყვარდა ხმამაღლობა, არასდროს ვუცემივართ, დიდი-დიდი ეჩქმიტა, ისიც უკიდურესად გაჯავრებისას და გასძახა სიყვარულით:
- რა გინდა ბალღისგან, ეგრე რატომ უყვირი? - პაპიროსი მოუწევია ამ საძაგელს, სუნი ასდის! - დამთავრებული არ ჰქონდა წინანადადება, წამებში გაიაზრა დედამ რაც მოხდა.
დავინახე, წყლიანი ტაშტი გახტა მეორე სართულიდან და პანტის ქვეშ მოადინა ტყაპანი. როგორ ჩავედი კიბეებზე არ მახსოვს, ისეთმა მოვძუძგე იქიდან. ეზოს თავში, ტუალეტში შევვარდი და ჩავიკეტე. ზუსტად დღესაც არ ვიცი მერე იქ რა მოხდა, მაგრამ ორი საათის შემდეგ რომ დედა მემუდარებოდა, ოღონდ მანდედან გამოდი და ხმას აღარ გაგცემო, ფაქტია! დემონსტრაციულად, ბოლომდე გავხსენი კარი, შევიცადე, დავზვერე და თამამად გადმოვაბიჯე, თითქოს გვირილებით სავსე ოთახში ვყოფილიყავი ის დრო. სურვილიც კი აღარასდროს გამჩენია მოწევის, დასჯის კი არ მეშინოდა?! არ მომეწონა, საშინლად უგემური ყოფილა თამბაქო!
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა