გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბელა ალანია - ლექსები

***
გარეთ ისევ შემოდგომის ამინდია,
ძველებურად გულშიც სევდა ცრის,
თუკი ახლა ყველაფერი გვიანია
და დრო შენზე გადამაჩვევს ფიქრს...
გარეთ ქარი სადეკემბრო ნისლებს წეწავს,
მძინარე ხეს ბოლო ფოთოლს ხდის,
სადღაც, აქვე, გარინდულა ზამთრის პირი,
სადღაც, აქვე, მარტოობა ძრწის.
მორჩა უკვე? დავშორდით და დავთითოვდით?
თუ სიყვარულს განშორება ცდის?!
სიზმარ-ცხადში შენი სახე რატომ დამდევს -  
ნაავდრალზე გამონთება მზის?!

გარეთ ისევ შემოდგომის ამინდია...



***
ვერ მიშველის მზის სხივი,
ვერც სხვა მადლი ზეციდან,
ზაფხულიც რას გამათბობს,
თუკი გულში შემცივდა.
ხმას ჩაიკმენდს, იყუჩებს
ჩემი ახალგაზრდობა,
მეგონა არ დამთმობდა,
მაგრამ აღარ დამზოგა.
არასდროს მინატრია
ოქრო, ვერცხლი, ფარჩები...
სიყვარულით ვსულდგმულობ,
მისით თუ გადავრჩები.
მწვერვალები ცას ისევ
უკოცნიან გულისპირს,
გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს
ერთმანეთის გულისთვის.
კვლავაც წამოწვებიან
მხართეძოზე მინდვრები,
ღამეს ვიწვენ უბეში,
შენით სავსე სიზმრებით.
მთებს ეტრფიან ნისლები
უკვე დიდი ხანია,
მე კი მზეს ვეფიცხები,
მისკენ მიმიხარია.
დავარწიოთ აკვანი
ცას დაკიდულ იმედის,
გამოვფინოთ გრძნობები
გულს რომ წამლობს, ისეთი.
ცისარტყელას ხიდებთან
კვლავაც დავთქვათ შეხვედრა,
გახსოვს, როგორ გვინდოდა
მათი ხელით შეხება?!



***
ვერ გამოვდექი დროის მეხოტბედ,
არ მინატრია მლიქვნელის ნიჭი,
გაუფასურდა ბევრი რამ ირგვლივ,
დაკარგა აზრი... გაძლება მიჭირს.
ნეტავ, რამდენი უნდა ვეწამო,
რომ დაღლილ სულის შევძლო ცხონება,
ვცდილობ და მაინც, ასე მგონია,
არ კმარა მარტო ერთი ცხოვრება.  
რა ვუპასუხო, შენი სიმართლით
თავს იტკიებო, ასე თუ მითხრეს?!
როცა სამშობლოს აჭრიან გულ-ღვიძლს,
ჩემი სიცოცხლე რა უნდა ღირდეს?!
ამ ჩემს ცხოვრებას რა უნდა ვუყო,
ყოველი დღე რომ მიჩენს თავსატეხს,
თითქოს, ჩვილივით ვწევარ აკვანში
ვეღარ ვეტევი, ვლეწავ არტახებს.  
ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მატარებს,
არ მთმობს არაფრით სევდის ლაშქარი,
მაგრამ იმედიც არ დააყოვნებს,
გამოწვდილ ხელით ვგრძნობ, რომ აქ არის.
შევკაზმე ცხენი, ვერ შემაფერხებს
ყინვა-ავდრებით მკაცრი ზამთარი,
არც იღბალს ვწყალობ, არც უბედობას,
სიყვარულია მაინც რაც არის.
კალთებს აივსებს ცა მზის სხივებით,
ტყემლის ყვავილიც პეპლებს დაისევს,
კვლავ ჩემებურად დავღლი სტრიქონებს,
ლექსს შევაგებებ მზიან დაისებს!..
ნეკერჩხლის ფოთლებს შევუშრობ ცვარ-ნამს,
უთუოდ გულში უნდა ვახარო,
რა უნდა მოხდეს, ღმერთო, ისეთი,
მე რომ სიცოცხლე გადამაყვაროს.



***
ჩემი ფიქრები ცასთან შეზრდილი  
წვიმს და ჭადრებიც დგანან შიშველი...
არ ვიცი, მართლა, სად დავიმალო?!  
უმთვარო ღამეც ვეღარ მიშველის.
გამიორგულდა სულ მთლად სამყარო,
დუმილი სულის ტრამალებს იკლებს,
ვერსად ვიპოვე თავშესაფარი,  
უწყვეტად ვართავ მოჯარულ ფიქრებს.
წლები სინორჩეს თელავენ ჩემსას,  
ზამთარსაც ისე მოეჩქარება.
სად შევეფარო, რომ არ წამიღონ  
მოძალებულმა ნიავ-ქარებმა?!
სიმარტოვესთან მაუღლებს წვიმა,  
ნუთუ არავის არ ვედარდები?!
გაიფოთლავენ ვიდრე ჩემს ფიქრებს,  
გაშიშვლებული დგანან ჭადრებიც.

ჩემი ფიქრები ცასთან შეზრდილი წვიმს...  


***
იანვრის სუსხი აღარ მაშინებს,
ვიდრე გიზგიზებს გულში ხანძარი,
არც მშველელს ვუხმობ, არც მოსეირეს,
ეს ბრძოლა, ზუსტად ვიცი, რაც არის!
როგორ ვეჩვევით და ვუძლებთ კიდეც
გამუდმივებულ ამბებს სიკვდილის.
ჭირისუფლობას იჩემებს ეშმა,
გავეშებული ყურში მიწივის.
ვერ გავერიდე წარსულის ლანდებს
ჩემთან რომ დარჩნენ, არ იქცნენ ფერფლად.
მკერდში ჩამიდნა მტკივანი გული,
ზოგჯერ მგონია, აღარც კი ფეთქავს.  
ვერ გამოვლიე თალხი სიზმრებიც,
სარეველებით რომ მივსებს მინდვრებს,
ვერც მოყვრად მოსულ მტრებს გავერიდე
და მათთან ერთად ცხოვრება მიწევს.
მაგრამ ხომ არის სულის სვენება,
უკუნის მნათი ციდა ლამპარი?!
არც მშველელს ვუხმობ, არც მოსეირეს,
ეს ბრძოლა, ზუსტად ვიცი, რაც არის!




***
ძილს მივენდე და შევერიე მელნისფერ ღამეს,
მაფერებინა შენი თავი დილის სიზმარმა,
მოვინახულე, ჩვენ რომ გზები ერთად დავთელეთ,
ღამის სმენა და თენების ცა სადაც გვიყვარდა.
ახლა კი წლებმა გაამკრთალა ძველი ამბები,
ბედს მინდობილი დაცურავენ ცაზე ფიქრებიც.
დღეთა სიჭრელეს წაიყოლებს, ვიცი, ცხოვრება,
ვერც კი ვიჯერებ, ერთხელ ჩვენც რომ აღარ ვიქნებით.
დრო-ჟამი, ალბათ, დამავიწყებს ამ დღის სიზმარსაც,
ცისკრის ვარსკვლავსაც მიაძინებს დილის ზმანება,
ვუჭირისუფლებ შემოდგომის ჩუმ ფოთოლცვენას
და უჩვენო დღე მერამდენედ დამენანება.



***
როგორ მინდა, როგორ  
თოვდეს, თოვდეს, თოვდეს,
თეთრი მარგალიტი  
ეხვეოდეს ტოტებს.
იანვარი ცაში  
ფენდეს ნისლის ფარდებს,
თეთრი თექა ეცვათ  
ჩვენი ეზოს ნაძვებს.
თმა აქოჩრილ ურთხმელს  
ჭირხლი დასდებოდეს.
ვარსკვლავეთი ცაში  
ნაირფერად კრთოდეს
მინდა, კარგად მყავდე,  
დარდი აღარ მქონდეს,
ვინახავდე გულში  
ამ თოვლზე თეთრ გრძნობებს,
შენი ერთი ნახვა  
ზეცის გახსნას სჯობდეს.
ისევ სიყვარულზე,  
გიყვებოდე ოდებს,
კრძალვით, ფეხაკრეფით  
შობა მოდიოდეს...
როგორ მინდა, როგორ,  
თოვდეს, თოვდეს, თოვდეს...


***
იქნება მართლაც სხვაგვარად სჯობდა,  
არ ყოფილიყო ასე დამღლელი,
გული საგულეს რომ არ მეტევა,  
მაინც უფრო მეტ სიყვარულს ველი.
ვეღარ ვეწევი ძნადშეკრულ წლებს და  
სანთლად დალეულ ვჩივი ცხოვრებას,
მზესაც კი სუნთქვა გაუჭირდება,  
დედამიწა თუ არ ეყოლება.
ფუჭ მოლოდინს თუ გადავეჩვევი,  
გულის სიმებზე გავფენ ტკივილებს,
მერე დავითმენ ცრემლიან დღეებს,  
ლურჯ ღამესთანაც არ დავიჩივლებ...
წვიმის ხმა შენს თავს კვლავ შემახსენებს,  
ზღვაც არ დაიშლის ღელვას არასდროს,
გავუფრთხილდები ამ სიყვარულსაც,  
სიცოცხლეს ჩემსას რომ უდარაჯოს!
იქნება მართლაც სხვაგვარად სჯობდა...  
მაგრამ მზემ როგორ გამოანათოს?!


***
ცისკრის მკრთალმა ნათებამ ამიშალა ფიქრები,
სადაც არ უნდა ვიყო, არასდროს დაგცილდები.
სულაც არ დამაბრკოლებს შორი გზა და ხიდები,
ტკივილებსაც დავითმენ, თუკი მომიფრთხილდები.
ნეტავ, რატომ მგონია, სულ გოგონა ვიქნები,
ყველა ფერი მიხდება, როცა შენთვის ვირთვები.
ნუთუ ვეღარ იგრძენი სიყვარულის ნიავი,
როგორ გაგვიადვილა ქვეყნის ორომტრიალი...
ზეცას შემოურკალავს ცისარტყელას ფერები,
სულ მზეებად მატყვია შენი მონაფერები.
წამლეკავი გამხდარა თბილი მზერა, სიტყვები,
არაფერს არ გიმალავ, სულ ყველაფერს გიყვები.
სიყალბეს გავურბივარ, არ მიცვლია ნიღბები,
შენს სახელს დავიფიცებ, მანამ არ დავიღლები.
სანამ მიდი-მოდიან მწვერვალებზე ნისლები,
დამერწმუნე, ძვირფასო, ჩემს გულს არ შესცივდები.
ნაპირს შემოსჩვევია ტკბილხმოვანი ჩიტები,
კვლავაც შენკენ მოვცურავ, კვლავ შენს აჩრდილს მივყვები...
ნეტავ რატომ მგონია, ახლა ვიწყებ სიცოცხლეს,
სიკვდილს არ ვემეტები და თავიდან მიშორებს.
ზეცას შემოურკალავს ცისარტყელას ფერები,
სულ მზეებად მატყვია შენი მონაფერები.


***
ხანდახან ისე მომინდება გულში ჩაგიკრა,  
რა ვქნა, თუ გრძნობა სტრიქონებმაც ვერ დაიტია?!  
შენთან მომიყვანს, შემაშველო იქნებ ხელები,  
სიყვარულის გზა საცალფეხო ბეწვის ხიდია!  
თოვლის ფიფქივით მადნებიან ხელში წუთები,  
ხელისგულზე კი ზიგზაგები ამბებს ჰყვებიან...  
სანუგეშებლად მეხვევიან შენზე სიზმრები,  
მერე ცხადშიაც დიდხანს, დიდხანს გამომყვებიან.  
მომეცი ძალა, დავითმინო უმთვარო ღამე,  
ამ გულში ახლა, დამერწმუნე, წვიმს და ბინდია,  
ცა-ხმელეთს შორის გაბნეული ჩემი ფიქრები,  
როგორ არ გითხრა, ცისკიდურთან ისევ გიცდიან.  
შენკენ მოვყავარ უსასრულო სიყვარულის გზას,  
ეს მონატრება სტრიქონებმაც ვერ დაიტია.


***
დღე დაილევა ყლუპი წყალივით...  
ჩემს ფიქრებს აღარ უჩანს სათავე...  
მოუსვენარი, შხაპუნა წვიმა  
ჩვენ შორის ფარდებს ჩამოაფარებს.  
მერე იწვიმებს, იწვიმებს დიდხანს,  
ზღვა გამორიყავს ციცქნა ნიჟარას,  
რომელიც ელის მოქცევის წამებს  
და გულში ტალღის ხმაურს ინახავს.  
ეს ერთგულების ერთი ნამცეცი  
გამიფერადებს დღეებს უთუოდ,  
მერე შენც მოხვალ, გადასწევ ფარდებს,  
რომ ცისკრის ვარსკვლავს ერთად ვუყუროთ.  
ცის სიყვარულით დედამიწაც ხომ  
ბრუნავს და ბრუნავს, ისევ და ისევ,  
გავინაპირე დარდის სამყარო,  
მზისფერ მკლავებში იმედი მიწევს.  
თენება მოდის, კანკალებს დილა,  
რამხელა ძალა ჰქონია იმედს!  
მათბობს და მიცავს, მათბობს და მიცავს  
და გული ისევ ხმამაღლა მიცემს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge