გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დალილა გოგია - კითხვარი ტკივილების გასაახლებლად


(ბელა ჩეკურიშვილის პოეტური კრებულის „ნანას ცხენის“ მიხედვით)

დღეს, როცა მთელი მსოფლიო დაძაბული ადევნებს თვალს რუსეთის საზარელ დამპყრობლურ ომს უკრაინაში, ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რადგან ამ ომმა ჭრილობები გაგვიახლა. ძალიან უცნაურად მეჩვენება, რომ დღეს საქართველოში ისეთი უხერხული შეკითხვები ისმის, როგორიცაა: „ ეს ჩვენი ომია?“ „არის რუსეთი ჩვენი მტერი?“

ჩემთვის ამ შეკითხვებზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: „დიახ, ეს ჩვენი ომია და რუსეთი ჩვენი მტერია“. ვეცდები, ბელა ჩეკურიშვილის პოეტური კრებულის „ნანას ცხენის“ მიხედვით ავხსნა, თუ რამდენად ძლიერი  ტრავმა მიიღო იმ თაობამ, რომელმაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომი გამოიარა და  რა გამოხატულება პოვა ამან პოეტის შემოქმედებაში. მიზნად არ მაქვს, დავწერო კრიტიკული წერილი, ან რეცენზია წიგნის შესახებ, უბრალოდ, მინდა, თემატურად მივყვე კრებულს და გამოვყო მასში გადმოცემული, საბჭოთა სტერეოტიპული აზროვნებით თუ პოსტსაბჭოთა პერიოდის მტკივნეული მოვლენებით გამოწვეული უამრავი სტრესი,  ემიგრანტის თვალით დანახული და გააზრებული წარსული და, რაც მთავარია,  60-70-ებში დაბადებული  თაობისთვის დამახასიათებელი თავისუფლებისკენ სწრაფვა.

დავიწყებ ომით. საქართველოში, ისევე, როგორც უკრაინაში, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არაერთი ომი ვნახეთ. პირველად იყო თბილისის ომი. ბელა  ჩეკურიშვილი თბილისის ომს განსხვავებული კუთხით ხატავს  ლექსში „ომი არ იყო“.   ეს არის ლექსი ომზე, როცა სულ ახალგაზრდა ქალი ორსულობის მეცხრე თვეშია. ის თბილისის ცენტრში ცხოვრობს, მისი ძმა ომშია, ხოლო შეშინებული დედა, სხვას ვერაფერს ახერხებს, გარდა იმისა, რომ სანუგეშოდ,  მანტრასავით იმეოროს:

 „ნამდვილი ომი ხომ არ არის,
ისე ისვრიან, ერთმანეთის შესაშინებლად....“

და მართლაც, დედის სიტყვები და განწყობა გადამდებია,  შვილები - ბელა და მასზე ოდნავ უფროსი ნანა თავს იმშვიდებენ და, როგორც ბელა ლექსში ამბობს, ოჯახში ყველანი რაღაცას ელოდებიან:
 
„... მამას, კახეთს რომ შერჩა
და ქალაქში აღარ უშვებდნენ;
ძმისაგან ცნობას...
... მე - ჩემი შვილის დაბადებას,
ექიმის თქმით, თვის ბოლოსკენ უწევდა უკვე;
ნანა გეპეის გამოცდისთვის წერდა კონსპექტებს.“

ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი ბავშვის მამის გადაწყვეტილებაა „ქურთუკის ქვეშ დამალული ავტომატის“ გაყიდვის შესახებ. ის ცოლს საიდუმლოდ ეუბნება: „ეს გავყიდოთ, როცა ბავშვი დაიბადება.“

20 წლის მამის სიტყვები გულუბრყვილოდ ჟღერს. ის  ვერც კი უშვებს, რომ უცოდველი ბავშვის დაბადების შემდეგ შეიძლება სამყარომ გაბედოს და ისევ ისე სახიფათო ადგილად დარჩეს. ბავშვის დაბადება მისთვის თავისთავად ომის დასასრულს ნიშნავდა. ნამდვილად ასე იყო - ჩვენ, საბჭოთა ბავშვები, მართლაც გულუბრყვილოები ვიყავით და ზღაპრის კეთილად დასრულების გვჯეროდა. 

მოვლენებისადმი ინფანტილურ დამოკიდებულებას, ალბათ, უეცრად თავსდატეხილი ომისგან გამოწვეული  შოკიც განაპირობებდა. შოკს ხომ წარმოუდგენელი რეაქციების გამოწვევა შეუძლია. მახსენდება საკუთარი თავიც. მაშინ,  მეც, ჯერ კიდევ თინეიჯერი, ბელას მსგავსად თბილისის ცენტრში ვცხოვრობდი, შეშინებული ვადევნებდი თვალს ქალაქის სიურეალისტურ სურათებს და მეც მშობლების იმედიანი სიტყვები მამხნევებდა. ვინც ომი თბილისში გადაიტანა, მისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებულად მტკივნეული გასახსენებელია. მაშინ ჩვენ უკვე ვიყავით 9 აპრილით ტრავმირებულები. ახლა ასე არავინ იქცევა, მაგრამ  9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ტელევიზიით აჩვენეს და გაზეთშიც დაბეჭდეს შემზარავი კადრები პროზექტურიდან, სადაც ჩანდნენ, როგორ იწვნენ ნახევრად შიშველი, საბჭოთა ჯარისკაცების მიერ უმოწყალოდ დახოცილი, გოგონები. ადვილი წარმოსადგენია, რამხელა ტრავმა იქნებოდა განურჩევლად ყველასთვის ამ სურათების გამოჩენა. ვფიქრობ, მე საკმაოდ უცნაური რეაქცია მქონდა - ამ კადრების ნახვის შემდეგ, სახლიდან გასვლის წინ, სულ იმაზე ვფიქრობდი (და დღემდე გამომყვა ეს აკვიატება), რომ უხერხული იქნებოდა, თუ უბედური  შემთხვევის გამო (რაც სულაც არ იყო გამორიცხული 90-იანებში) მორგში მოუწესრიგებლად ჩაცმული მოვხვდებოდი.  სიკვდილზე მეტად მზარავდა იმის გაფიქრება, რომ ვიღაც არასასურველ ფორმაში მნახავდა. ახლა, რა თქმა უნდა, ჩემს რეაქციას სიცილით ვიხსენებ, მაგრამ მთელი „ბნელი 90-იანები“ გაპრანჭულმა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ბაკუნით გავატარე. ამის გამო,  ვერანაირად ვერ ვეწერებოდი იმდროინდელ ჩაჟამებულ, მოჩვენებასავით „გაბლარულ“ საქართველოში. ათასი რამ მესმოდა საკუთარ თავზე - ყველაზე ხშირად „უდარდელი“ და „უემოციო“.  

მას შემდეგ ათწლეულები გავიდა. საქართველოში არაერთი ტრაგედია გადავიტანეთ, შიდა და გარე ძალადობა დავგმეთ, გავაპროტესტეთ, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ  ჩვენ არ გვიყვარს რეალურ შეგრძნებებზე ლაპარაკი. შეიძლება, გაუთავებლად ვისაუბროთ ომის საშინელებებზე, ან ვწეროთ, რომ ომი ხოცავს ხალხს, გავიხსენოთ საშინელი ისტორიები, აღვწეროთ ადამიანების  გლოვა, დეპრესია, მაგრამ არ ვისაუბროთ დაბნეულობაზე, ინდივიდუალურ შიშებზე, არ გავამხილოთ შოკის გამო არაადეკვატური, ერთგვარად, სასაცილო  დამოკიდებულებები ტრაგიკული ვითარების მიმართ. ჩვენ არ ვახსენებთ იმდროინდელ ინფანტილურობასა და ცრუ იმედებს.  ჩვენ არ გვიყვარს ნამდვილი ემოციების გახსენება, მხოლოდ ბანალურად, შიშსა და კოშმარულ შემთხვევებს ვიხსენებთ. 


როგორც წიგნის წინასიტყვეობაში თავად ავტორი ამბობს, კრებულში თავმოყრილია  „მეხსიერებაში ფოტოკადრებად შემონახული ამბები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში ინტენსიურად მაწვდიდა და მიცოცხლებდა მოგონებათა არქივი.“  ამ ლექსების კითხვის დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ხმებს უსმენ და ფოტოები შენს თვალწინ კინოკადრებად ცოცხლდება. დღეს, როცა ყველა თავის ნაჭუჭშია გამოკეტილი და ცხოვრება, თითქოს, მხოლოდ სოციალური ქსელის ფოტოებსა და მოკლე პოსტებში მიედინება, ასეთი გულწრფელი საუბარი სულ უფრო იშვიათი ხდება და მკითხველისთვის ასმაგად სასიამოვნო და დასაფასებელია.  

საიდან იწყება ჩვენი მახსოვრობა? ალბათ, პირველი ძლიერი ემოციიდან. შემთხვევითი არაა, რომ კრებული იხსნება ლექსით „მანანის ფაფა“ და მკითხველს ბავშვობის პირველ ტრავმაზე უამბობს. „მანანის ფაფა“ არის ამბავი ბავშვისთვის საძულველ საკვებზე, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ  შიმშილობაში გაზრდილი დეიდა და მრავალ ჭირგამოვლილი ბებიები ლამის ღვთიური მანანასავით მოვლენილ საკვებად აღიქვამენ, ბავშვის უარს არად აგდებენ და ძალით აჭმევენ. მართალია, იმ დროს ბელა სულ პატარაა, მაგრამ უკვე იცის, რომ  „წებოვანი და ტკბილი ფაფა“ ბოლომდე  უნდა ჭამოს, თორემ უფროსები  სანუკვარ სათამაშო მატარებელს წაართმევენ. ბავშვს სხვა გამოსავალი არ აქვს,  უნდა დანებდეს. ბელას თქმით,  დანებება არის ის, რასაც ის ბავშვობიდან შეაჩვიეს. 

„უნდა მოვითმინო, თვალები დავხუჭო და თავი მოვაჩვენო,
რომ მიხარია, ობოლი რომ არა ვარ და თან ფაფაც მაქვს,
რომ მათი ოჯახის ნაწილი ვარ, მათი მსგავსი, უტყვი ნაწილი,
თორემ სასჯელს ვერ გადავურჩები – 
შემიძულებენ, დამინგრევენ, წამართმევენ, დამიმალავენ,
როგორც მწვანე მატარებელს,
სადგურთან მისული ტვინისწამღებად რომ კიოდა“.
(„მანანის ფაფა“)

გასაკვირი არ არის, რომ კრებული პირველივე ლექსიდან მკითხველის კეთილგანწყობასა და ემპათიას იწვევს და მას საკუთარ ბავშვობის ტრავმებსა და უფროსების პრინციპებს მსხვერპლად შეწირულ არაერთ  „არას“ ახსენებს. 
ბელას ბავშვობის მატარებლის ხმა წიგნში ისევ ისმის, როცა მრავალი წლის შემდეგ, ბერლინში, ემიგრანტის მარტოსულობით შეპყრობილი, მეგობრების ხმებს ნატრობს: 

„მეგობრები დაცარიელდნენ
სადგურში შესული მატარებლის ვაგონებივით....
აყურადებ,
ყველა ხმა ჩაკვდა
მხოლოდ მატარებლის კივილი აღწევს“. 
(„ხმები“ )
 
ბელა ჩეკურიშვილი ბოლო რვა წელია, ბერლინში ცხოვრობს. ის ოთხი გერმანულენოვანი პოეტური კრებულის ავტორი და არაერთი ლიტერატურული პროექტის მონაწილეა და გერმანიაში პოპულარობით სარგებლობს. გერმანელი მკითხველისა და კრიტიკოსების მისი პოეზიით დაინტერესების  ერთ-ერთ მიზეზად, შეიძლება, საკუთარი წარსულისა და განწყობების სხვებისთვის გაზიარების გულწრფელი სურვილი და ემოციური  თხრობა დავასახელოთ. 

ბელა ჩეკურიშვილს კრებულისთვის „ნანას ცხენი“ შემთხვევით არ დაურქმევია.  „ნანას ცხენი“ იმ ლექსის სათაურია, რომელშიც მოცემულია წიგნის ძირითადი ფაბულა.
ლექსში პოეტი იხსენებს ერთ ფაქტს, რომელიც ბავშვობიდან ღრმად ჩაბეჭდილა მის გონებაში -  უფროსმა დამ, ნანამ, კედელზე ცხენი დახატა. თავისუფლებისმოყვარე პატარა ბელა უცნაურად მიეჯაჭვა დახატულ ცხენს, როგორც მისტიურ ნიშანს: მან თითქოს ქვეცნობიერად იგრძნო, რომ სადღაც, კედლის იქით, იყო სხვა,  კედელზე დახატული ცხენივით ლაღი ცხოვრება და  შემთხვევით არც უფროსი დის სიტყვები ჩაესმის უკვე მოზრდილს:

„წავიდა, წავიდა, ჩვენი ცხენი ტყეში წავიდა! ხუმრობდა ნანა 
და ახლა უკვე ალბომებში აწებებდა ფერად ფოტოებს,
პატარებს კი ფლოქვების ხმა ყურებში გვედგა
და იმ ტახტზე დასაძინებლად მუდამ ვჩხუბობდით“.

ამ ნახატით, თითქოს, თავისუფლებასთან სიახლოვეს გრძნობდნენ სულ პაწია ბავშვები - ბელა და მისი უმცროსი ძმა. 

სწორედ თავისუფლებისკენ სწრაფვაა ძირითადი ხაზი, რომელიც მთელ კრებულს გასდევს და ყოველ ლექსში სხვადასხვა რაკურსითა და ცხოვრებისეული თუ ისტორიული მოვლენის ჭრილშია აღწერილი. 

ვფიქრობ, სოციალურ კონტექსტში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მოგონება ძმის დაბადების შესახებ ლექსში „განძი“, რომელშიც  ძმის დაბადებით გამოწვეულ აჟიოტაჟთან ერთად, გადმოცემულია ბავშვის თვალით დანახული ტრადიციული ქართული ოჯახის სურათი. „განძი“ ოჯახში ორი გოგონას შემდეგ დაბადებული ბიჭია. ლექსში ბელა მსუბუქი იუმორითა და დიდი სიყვარულით გვიამბობს ძმის დაბადების  ამბავს და ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ბიჭის დაბადებით გამოწვეულ ეიფორიას ქართულ, ტრადიციულ, პატრიარქალურ ოჯახში. 

 „ძლივს ძმა გეღირსათ!“ - დაჰყვირიან გოგონებს უფროსები. ბავშვებს ვერ გაუგიათ, მშობლებმა საიდან  მოიტანეს „მრგვლად შეკრული მკვრივი და მძიმე ფუთა“, ან თვალისჩინივით რატომ უფრთხილდებიან მას. ლექსი, ერთი მხრივ, ბავშვური ცნობისმოყვარეობისა და, მეორე მხრივ, კი უფროსებამდე ხმის მიწვდენის გაუსაძლის სურვილზეა. გოგონებს განსაკუთრებით უმძაფრდებათ გაუგებრობის შეგრძნება მას შემდეგ, რაც, იმისთვის, რომ ახალშობილს არაფერი მოჰკლებოდა, ბებიებმა ისეთი ძვირფასი ნივთიც კი გაყიდეს, როგორიც პიანინოა.  პიანინოს მნიშვნელობას ბებიები მანამდე ასე ხსნიდნენ: 

„დები ერთად დაუკრავენ და იმღერებენ,
მოიწონებენ თავს მეგობრებში, ყმაწვილკაცებში.“  
(„პიანინო“)

დების ცნობისმოყვარეობა „განძის“ მიმართ იმდენად  დიდია, რომ როგორც კი  ხელსაყრელი შემთხვევა ჩაუვარდებათ, ანუ როცა ბებიები, ის „მოქაქანე ქალები“
„ქვაბს ურევენ,
ან ბრინჯს არჩევენ“,
მწვანე პლედის საფარქვეშ შენიღბულები, „ფუთას“ იპარავენ და ნანას მოწყობილ „კიდობანში“ მიაქანებენ. მათ კარგად იცოდნენ, რომ იყო მოსაფრთხილებელი,
„როგორც რაღაც დიდი ყულაბა,  
ან ოქროს ზოდი...“

ღიმილისმომგვრელი და სიმბოლურია, რომ ჩვილი ძმა მათთან ერთად სამალავში შეთქმულივით იტრუნება.

აქვე ვიტყვი, რომ კრებული შეიცავს უაღრესად ფასეულ ინფორმაციას ისტორიული, კულტურული და სოციალური კუთხით. მაგალითად, მხოლოდ  „პიანინო“ და „მანანის ფაფა“ რომ ავიღოთ, მათში არაჩვეულებრივად ჩანს ბავშვების მიმართ იმ დროს ერთგვარ სტერეოტიპად ჩამოყალიბებული დამოკიდებულება - საჭმლის დაძალება და  ფორტეპიანოს გაკვეთილები.  თუ არსებობს იმჟამინდელი ბავშვების  კულტურული თუ კოლექტიური ტრავმა, პირველ რიგში, ალბათ, ძალით კვება და თავსმოხვეული, ლამის მოვალეობად შერაცხული ფორტეპიანოს გაკვეთილებია. უმეტეს შემთხვევაში, არავის მოსდიოდა აზრად ბავშვების სურვილების გათვალისწინება.  ამ ლექსში საინტერესოა სხვა  სოციალური დეტალებიც - მაგალითად, ის, რომ ბებია პიანინოს საყიდლად, ან, როგორც მაშინ იხსენიებდნენ, „საშოვნელად“ დედაქალაქში ჩავიდა და თავისი ყოფილი მოსწავლე, აწ უკვე „დიდი კაცი“ შეაწუხა. ამის შემდეგ კი შვილიშვილებისთვის „ფორტეპიანოს საძულველი გაკვეთილები“ და „ბებიას დამუნათება“ ჩვეულებრივი ამბავი გახდა:
„იმეცადინეთ, იმხელა კაცი შევაწუხე, ეს რომ გქონოდათ.“ 
 
წიგნის ბოლოთქმაში პოეტი და ლიტერატორი ნინო დარბაისელი ასეთ ოჯახს   „ავტორიტარულს“ უწოდებს, რადგან ლექსების მიხედვით აშკარაა, რომ პატარა გოგონას სურვილებს უფროსები  თრგუნავენ.  რეალურად, გოგონას დეიდა და ოთხი ბებია ზრდის და, მიუხედავად ბავშვების მიმართ უსაზღვრო სიყვარულისა, ეს ქალები არიან  გოგონას პროტესტისა თუ ჟინის ჩამხშობნი. ჩნდება მოლოდინი, რომ ამ გარემოში მამაც ძალიან მკაცრი უნდა იყოს. თუმცა, გასაოცარი და მოულოდნელია  პოეტის დამოკიდებულება მამასთან. როგორც ლექსებიდან ჩანს,  მამა მის ცხოვრებაში თავისუფლებისა და სილაღის შემომტანია. როცა „სამზარეულოში მოქაქანე ქალები“ გოგონას სიჯიუტესა და თავნებობას მამისგან მიღებულ მემკვიდრეობას მიაწერენ („ჰეი, მამაილავ, შენი გინდა რომ გაიტანო?“ „მამაშენივით უწესო ხარ“, „ნუ იტყუები მამაშენივით, მაინც გავიგებ“) („რა ვიცი მამაჩემზე?“), ბავშვს ეს შედარებები სიამაყით ავსებს და  სწორებას მამაზე დიდი მონდომებით აკეთებს. 

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პოეტისთვის მამა ბოლომდე ამოუცნობ, ბედნიერების მომტან ფენომენად რჩება და მისი გარდაცვალების შემდეგ მამის საფლავზე დარგულ იისფერ ზამბახებშიც  მამის ხატს ხედავს,  ყვავილებად გადაქცეულ, შვილის გულში ჩასაკრავად მუდამ მზად მყოფ მამას.

„... აი, მინდვრებზე, გზებზე,
შემოდგომამდე, ფოტოებამდეც,
იისფერი ზამბახები თვითონ მხვდებიან,
თითქოს ცოცხალი მამაჩემი გამოსულიყოს
ჩვენი სახლის ფართო ჭიშკრიდან
და ხელებგაშლილი მომძახოდეს:
აქა ვარ, შვილო!“  
(„ზამბახები“)

დღეს ბელა ჩეკურიშვილი, ისევე, როგორც უამრავი ქართველი, ემიგრანტია. ის შვილთან ერთად ბერლინში ცხოვრობს. ბევრი იწერება ქართველ ემიგრანტებზე, ემიგრაციის სირთულეებზე, მაგრამ ეჭვი მეპარება, ვინმეს ასე ზუსტად გამოეხატოს მათი შეგრძნებები უცხო ქვეყანაში:

 „ეს იყო დიდი მარტოობა,
სიარული ეულად და ხელისცეცებით...“
(„ეს იყო“)
 
საბედნიეროდ,  ბელამ ყველა ემიგრანტული სირთულე გადალახა და გერმანიაში წარმატებას მიაღწია - იგი გერმანულენოვანი სალიტერატურო სცენის წევრია. მან შეიყვარა უცხო გარემო და ამ სიყვარულს არაერთ ლექსში ვხედავთ. ამ კონტექსტში აღსანიშნავია,  „ბერლინის სიყვარული“.  შემთხვევითი არაა, რომ  ლექსს მისი მეგობრის, პოეტ ნატო ინგოროყვას სიტყვები უძღვის: „ჩვენ ამ ქალაქში ჩამოსვლა დაგვიგვიანდა“. ამით იგი ხაზს უსვამს მისი თაობის საერთო განწყობას, რომ მათ სანატრელი თავისუფლება ძალიან გვიან შეიგრძნეს და მთელი ცხოვრება ამ თავისუფლების დეფინიციის ძიებასა და თავისუფლების მოპოვებაში გაატარეს:

„აკი გვსურდა, მხოლოდ გვეფრინა,
გაგვერღვია ყველა საზღვარი და ჯებირი,
ბავშვობიდან რომ გვიშენებდნენ
და გვაშინებდნენ ხან ომით და ხანაც მშვიდობით“ - გულდაწყვეტილი ამბობს ის ლექსში „საქანელები“.
 
„უცხო ქვეყანას შეხიზნული“  პოეტი ჩვეული ხალისით ხატავს ახლადშეძენილი მეგობრების, თავისუფალი ევროპის მოქალაქეების, ძირითადად,  ქალების სახეებს.  მათ შორის არიან პოეტი ზაბინე შიფნერი, შვეიცარიელი მწერალი რომანა განცონი, მხატვარი კატარინა ვორინგი, ფოტოგრაფი იზოლდე ოლბაუმი. მათ ფონზე კიდევ უფრო ტრაგიკულად იკვეთება მისი საქართველოდან გამოყოლილი შიშები. მას თითქოს ყოველ  ნაბიჯზე ბოჭავს დაუცველობის განცდა და „თავისუფლების“ ყოველ ხსენებაზე, მის მახსოვრობაში უცნაური სურათი ცოცხლდება:

„და როცა მეკითხებიან, რა ხდებოდა შენს ქვეყანაში, 
როცა ერთ დღესაც საბჭოთა კავშირი აღარ იყო,
როცა ნანატრი თავისუფლება
შენს თაობას ფანტივით ერგო,
ის სიგარეტის ნამწვავები გახსენდება,
ქუჩაში, ტროტუარის კიდიდან აღებული...“
(„ნამწვავები“)
 
კონტრასტი ევროპელ ლაღ ქალებსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქალების განწყობებს შორის არაჩვეულებრივად ჩანს ლექსში „როცა ქალები მღერიან“.
ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია პასუხი შეკითხვაზე, თუ რა ასოციაცია უჩნდება ადამიანს, როცა სიყვარულსა და გაზაფხულის ყვავილებზე მომღერალ ქალებზე ჩამოვარდება სიტყვა, მაგრამ უცებ ვხვდებით, რომ ბელას იმდენად ღრმად აქვს გამჯდარი საბჭოთა სისტემის მიმართ უნდობლობა, რომ მის წარმოდგენაში გაზაფხულის სილამაზეზე მომღერალი ქალები, ძალაუნებურად, მინსკის  დემონსტრაციებზე აღმოჩნდებიან და ჩვენს წინ ჩნდება 
 
„ფეხადგმული
ხალხით სავსე მინსკის ქუჩები....“
და მალევე,
 „.....მათ სიცოცხლის ჯაჭვს
ნიღბიანი პოლიცია ხელკეტით ჩაწყვეტს
და სიმღერის ხმებს
საპატიმროს მრუმე კედლები სრულად ჩაახშობს.“

ის თითქოს გვეუბნება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რომანტიკისთვის არ სცალიათ. მისი გადმოსახედიდან, ეს სივრცე განწირულია ძალადობისთვის.  დღეს, როცა ემოციებს უკრაინაში მიმდინარე  ომი ამძაფრებს, ეს ლექსი და მასში გადმოცემული სასოწარკვეთა, შეიძლება, წინასწარმეტყველებადაც კი ჩავთვალოთ. 

ემიგრაციის თემაზე დაწერილი ლექსებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ლექსს  „8 აგვისტო“. ლექსი ეხება 8 აგვისტოს, როდესაც  საქართველოში  ომის დაწყების დღეს გლოვით აღნიშნავენ, ხოლო ბელა კი, სოციალურ ქსელში,  გერმანელი მეგობრის კატის ავადმყოფობის გამო წუხს და საქართველოდან შველას ითხოვს. გარდა იმისა, რომ ლექსში პოეტი ტექნიკურად ახერხებს სხვადასხვა დროში მომხდარი ამბების ერთ ჯაჭვად აკინძვას, მასში ერთდროულად უამრავ შრესაც ხატავს. ავტორი გვიჩვენებს, თუ რა რთულია, სოციალურ ქსელში ნამდვილი სათქმელის ადრესატამდე მიტანა. ამავე დროს, ვხედავთ, თუ როგორ შორდება ემიგრანტი სამშობლოს, რომ მას და აქ დარჩენილ მეგობრებს ერთ ენაზე ლაპარაკი აღარ გამოსდით.  მეორე მხრივ, ბელა  წუხს, რომ მას არ შეუძლია იყოს საქართველოში, როცა

„დღეს ათი წლისთავია ბოლო ომიდან,
როცა თბილისი დაიბომბა
და ხუთი ღამე მე და ჩემს შვილს,
ფეხსაცმელებით გვეძინა, ზურგჩანთაზე თავმიდებულებს,
მეტროს გვირაბში გაქცევა რომ სწრაფად მოგვესწრო.“
 
მაგრამ რა უნდა ქნას, თუ შორს, გერმანიაში, გამოუვალ მდგომარეობაშია, რომ მაინცდამაინც დღეს დაავადდა მეგობრის კატა და რეალური დახმარება სჭირდება?
პასუხად სამშობლოდან ისმის ხმები:

„ოკუპაცია
სამაჩაბლო
კატაბალახა
მავთულხლართი
ლუი მეთოთხმეტე
აღარ დაბრუნდე...“

„აღარ დაბრუნდე“ არის საკმაოდ ორაზროვანი პასუხი - აღარ დაბრუნდე, რადგან უკვე აღარ ხარ „ქართველი“ (როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე). თუ აღარ დაბრუნდე, რადგან აქ არა მხოლოდ შინდისში დაღუპულ გმირებს დავტირით, არამედ, ყოველ 8 აგვისტოს გვიახლდება განცდა, რომ ომისგან დაზღვეული არ ვართ?  

ალბათ, დღევანდელი ფონის ბრალია, რომ ბელა ჩეკურიშვილის კრებულზე საუბრისას  ასეთ მძიმე თემებს გავყევი. სხვა დროს, ეს საუბარი ფერადი და სისხლსავსე გამოვიდოდა, რადგან კრებული სავსეა მხიარული ამბებითა და იუმორით, გადამდები ხალისითა და სიცოცხლის სიყვარულით. 

სამწუხაროდ, დღეს სასტიკ ომს პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს და პირდაპირ ეთერში გვესმის განგაშის სირენების ხმა, დროდადრო კი დაბომბილ ქალაქებსა და რუსი ჯარისკაცების მიერ ნაწამებ და დახვრეტილ მშვიდობიან მოსახლეობას ვხედავთ.   ამის გამო, განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძენს ლექსი „სირენების ქვითინი“. ლექსი აფხაზეთიდან დევნილ ია ქვაჩახიას ეძღვნება. ავტორი გვიზიარებს იას მონაყოლს აფხაზეთში დაბომბვის გამაფრთხილებელი სირენების შესახებ და თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ასე აღწერს:   

 „ეს მოსული სიკვდილის ხმაა,
როცა ყოველი სულიერი დუმდება
და სახლები იწყებენ ქვითინს კედლებით, ქვებით“.
 
ნიშანდობლივია, რომ ბელა ჩეკურიშვილის მუდმივად უბრუნდება აფხაზეთის ომს და მის გააზრებას ცხოვრების ყველა ეტაპზე ცდილობს.  წიგნში „სირენების ქვითინის“ გვერდით, იმავე გვერდზე, მეორე სვეტად ვკითხულობთ ლექსს სიმბოლური სახელით „ქაღალდად იქცა“,  რომელშიც ყოველგვარი პათეტიკისა თუ გულჩვილობის გარეშეა ნაჩვენები, როგორ იცვლება შვილების თაობის დამოკიდებულება წინა თაობის ყველაზე მტკივნეული თემის მიმართ.  ვიტყოდი, რომ ლექსში, გარკვეული თვალსაზრისით,  ჩატეულია საქართველოს უახლესი ისტორიის რეალური სურათი დედა-შვილის დიალოგის ჭრილში. დედა ყველანაირად ცდილობს, დაანახოს შვილს, თუ რა იყო და არის მისთვის აფხაზეთი; ცდილობს, მას გულიც კი აუჩუყოს მოგონებებით, თუმცა, მისი შვილის თაობას თავისი ტკივილი აქვს და აფხაზეთი მისთვის უცხოა, რადგან ის

„...თბილისის ომის დროს დაიბადა,
დანგრეულ, შეშინებულ ქალაქში,
არ უნახავს აფხაზეთის ზურმუხტის ტბები,
ბავშვობიდან ახსენდება ლამფის შუქი,
ნავთის რიგები...“

ეს კიდევ ერთი ტრავმირებული თაობაა საკუთარი ტკივილებით, რომელსაც ვერ გაუგია, რას მისტირიან მშობლები:

„....აღარ არის აფხაზეთი...
ქაღალდად იქცა.....
აფხაზეთი შენს ალბომშია,
თუ გენატრება, გადმოიღე, ათვალიერე.“
 
ბელას მუდმივად თან სდევს დაბნეულობა და გაურკვევლობა, რომელიც ემიგრაციას ახლავს თან და ხაზგასმით იკვეთება უცხო კულტურაში ვერ ჩაწერის  შიში. ბოლოს მან ამ შიშის დაძლევის მეტად უცნაური, მე ვიტყოდი, ძალიან „ქართული“ ნუგეში თუ მყარი საფუძველი იპოვა. არ ვიცი, ის ნამდვილად თავს იმშვიდებს  თუ არა, მაგრამ, პირადად ჩემთვის, ყველაზე დიდი სასოწარკვეთა ისმის ლექსში „ცვლილება“:

„იმ ქვეყანაში,
სადაც მეგობრის საფლავია,
უბრალო სტუმრად ვეღარ დარჩები,
ახლა უკვე შენც გევალება,
ქვასთან 
ერთი სარეველა ამოგლიჯო,
მისი დაბადების თარიღისკენ რომ მიიწევს.“
 
ბელა ჩეკურიშვილი გამორჩეული სიყვარულითა და სითბოთი  გადმოგვცემს გერმანიაში მის გარშემო მყოფი ადამიანების პორტრეტებსა და საკუთარ დაკვირვებებს. როცა ის თავის ახალ გარემოზე ლაპარაკობს, დიდი სიხარული და სილაღე იგრძნობა, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეს, მას თან სდევს წარსულის სურათები, და როცა ბერლინში, საახალწლოდ კაკალს ამტვრევს, მასში თითქოს გამზრდელი ბებია სახლდება და წინაპრებთან ეს სიახლოვე სიხარულით ავსებს.  („ახალი წელი ბერლინში“)
საბოლოოდ კი, მაინც თავს ქართული ფესვებთან დაბრუნებას ნატრობს და მკითხველს თავის გადაწყვეტილებას ხატოვანი ლექსით „არჩევანი“ უმხელს. სურს, მისი საფლავის ქვაც იქ დაიდოს, სადაც წინაპრების საფლავის ქვები დევს:

„ერთმანეთის მხარდამხარ,
ისე, თითქოს ქმნიდნენ ასაფრენ ბილიკს
და მოწყენის ჟამს
ერთმანეთს რომ ეძახიან
ერთ დროს შერქმეულ,
მხოლოდ მათთვის ნაცნობ სახელებს...“
 
კრებული „ნანას ცხენი“ საინტერესოა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ბელას მსგავსი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, არამედ ახალგაზრდა მკითხველისთვისაც. რადგან ახალგაზრდები საკმაოდ დიდ ინფორმაციას მოიპოვებენ პოეტის თვალით  დანახული  ოჯახური წეს-ჩვეულებების, სოციალური ურთიერთობების, მისი თანამდევი ემოციებისა და მოვლენების შესახებ. განსაკუთრებულად ხაზგასასმელია ლექსების ლოგიკური თანმიმდევრობა და ის ფაქტიც, რომ ყველა ლექსის სათაური სნაიპერის სიზუსტითაა შერჩეული. გარდა ამისა, მკითხველს ხიბლავს ლექსებში სწორად დასმული აქცენტები. კრებულში  ვერ ნახავთ ვერცერთ ზედმეტ სიტყვას, ვერც  ლექსის სტრუქტურას ან ფორმას შეწირულ ფრაზას. სტრიქონები მაქსიმალურად არის დაწურული და დაცლილია ზედმეტი ზედსართავი სახელებისა  და ხმამაღალი ეპითეტებისგან. ავტორი ახერხებს, სათქმელი მარტივი, მაგრამ დახვეწილი ენით გადმოსცეს. მთელ კრებულს გასდევს ერთი უწყვეტი ემოციური ხაზი და ეს ემოციები ძალიან ნაცნობი და გადამდებია. ყველა ასაკის მკითხველს უხვად გაუჩნდება რემინისცენციები და ალუზიები, თითოეული ლექსი მკითხველში  დიდ  ინტერესს გამოიწვევს, რადგან კრებულის ყოველი ლექსი არის 

„... ძლივს ამოთქმული ემოცია,
გამოგზავნის მერეც გულზე რომ მადგას...“ 
(„უსიტყვო ფოტოები“)
 
გზა, რომელიც ჩვენმა თაობამ გაიარა, იყო მარტივი და სწორედ ამიტომაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლებისა და პოეტებისთვის დღემდე აქტუალური რჩება წარსულში მიღებულ ტრავმებზე საუბარი. გულწრფელად ვუსურვვებ ყოველ ახალ თაობას, რომ მისთვის უცხო და გაუგებარი იყოს ასე სევდიანად დაწერილი სტრიქონები:
„ჩვენი სიყვარულიდან,
ჩვენი სტუდენტობიდან,
ჩვენი თავისუფლებიდან
მხოლოდ სიტყვები დაგვრჩა,
რომლებიც, აი, ლექსებად ვაქციეთ და ვცდილობთ,
ახალ სამყაროს
სიტყვების ამ ნარჩენებით მოვულბოთ გული,
სიგარეტის ფული რომ გვქონდეს“.
(„ნამწვავები“)


27 მარტი, 2022 წელი.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ულრიკე ალმუტ ზანდიგი / Ulrike Almut Sandig / - ლექსები (თარგმანი - ბელა ჩეკურიშვილი) ულრიკე ალმუტ ზანდიგი / Ulrike Almut Sandig / - ლექსები (თარგმანი - ბელა ჩეკურიშვილი) ჟურნალი / სტატიები / პოეზია / გამოქვეყნებული გორვანელი - გონითი ემანაცია (რაულ ჩილაჩავას შემოქმედების შესახებ) გორვანელი - გონითი ემანაცია (რაულ ჩილაჩავას შემოქმედების შესახებ) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge