გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - სულის ,,ფენომენი“ (სამკუთხედის პრინციპი - ლ.გ.)

ადამიანი და სული განუყრელი ერთიანობაა, მაგრამ დანარჩენ ცოცხალ არსებათაგან რამდენს შეიძლება ჰქონდეს ღვთაებრივი სული, ეს მეტად რთული სათქმელია. თუ გადავხედავთ ფილოსოფიის ისტორიას, ჩვენ დავინახავთ, რომ სულის, როგორც საკვლევი ობიექტის მიზანმიმართული შესწავლა არისტოტელეს ნაშრომის -,,პერიფსიქეს“ დაწერის შემდგომ დაიწყო და ფსიქოლოგიის სისტემური საფუძველიც სწორედ ამ ნაშრომში უნდა ვეძებოთ. თუმცაღა, ჯერ კიდევ დემოკრიტესთან გვხვდება სულის, როგორც მატერიალისტური ერთეულის შესახებ საუბარი... დემოკრიტეს თქმით, სული განსაკუთრებული ენერგიის მქონე ატომებისაგან შედგება, რომელიც ისევე დაიშლება და გაიფანტება სამყაროში, როგორც დანარჩენი ატომები.
მატერიალისტური სპეციფიკა ვერასოდეს უშვებდა ღვთაებრივი სულის არსებობას და ჰილოძოიზმიც პანთეისტური შემეცნების საშუალებით იმკვიდრებდა ადგილს სააზროვნო გარემოში. პლატონამდელი პერიოდი დიდი საფუძველი აღმოჩნდა ზოგადთეორიული აზროვნების განსავითარებლად, ხოლო პლატონის შემდგომი პერიოდი - კონკრეტულთეორიული აზროვნების მწვერვალზე ავიდა, რაც, პირველ რიგში, პლატონის ,,ობიექტური იდეალიზმის“ დამსახურება გახლდათ. პლატონის ,,იდეათა სამყაროს“ არსებობის შესაძლებლობის დაშვება, იმთავითვე, გულისხმობდა ღვთაებრივი - ბიბლიური სულის დაშვების შესაძლებლობას. შემდგომში, სწორედ ეს გახდა მიზეზი პლატონის საშუალებით მრავალგვარი სპეკულაციისა ქრისტიანული რელიგიის მესვეურთა მხრიდან, რაც მიზანმიმართულად ემსახურებოდა პლატონის ფილოსოფიური სიღრმის გადაფარვასა და ლოკალიზებას ახდენდა ქრისტიანულ პარადიგმაში.
ჩემი ფიქრით, ცალსახად გამოყოფა, თუ რამდენად ღვთაებრივი, ან რამდენად მიწიერი არის სულის კატეგორია, არ იქნებოდა უპრიანი; რამდენადაც ყოველი ცნების იდეალიზაცია არ გულისხმობს მისი ობიექტური სინამდვილის აუცილებელ არსებობას, იმდენადვე მატერიალიზდება ცნების არსობრივი შინაარსი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლატონის ჰიპოთეზები სხვა არაფრით განსხვავდება ჰილოძოისტი მატერიალისტების შეხედულებებისაგან, გარდა კონკრეტიზაციისა, რაც მანამდე არსებული ზოგადთეორიულისაგან ნასაზრდოები და დახვეწილი (როგორც ზემოთ ვუწოდე),  - კონკრეტულთეორიული კანონზომიერება გახლდათ. ადამიანი ვერას დიდებით ვერ დაეუფლება იმ ობიექტურად იდეალურს, რადგან გონებას მატერიალისტური საფუძვლები აქვს... სულის ფენომენის შესახებ ანალიზიც, სწორედ რომ, აქედან ნასაზრდოებია ადამიანის ცნობიერებაში.
რადგან ვცდილობ, რომ ამ თხზულებით დაგანახოთ არსებული ცნებების განსხვავებული განაზრება, უპრიანია, ჩვენეული სახელი დავარქვათ ყველაფერს, ამოვიდეთ გონებისაგან, ნამდვილი ჭეშმარიტებისაგან და თავისთავადი სიმართლისაგან, რადგან განვსაზღვროთ სულის მნიშვნელობა... როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პირველი ჯგუფის წევრები აბსოლუტურად ურთიერთდამოკიდებულნი არიან.
ჩვენ ვსუნთქავთ, ადამიანები; ასევე სუნთქავენ მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, მწერები.., ადამიანი კვდება... ასევე კვდება მცენარე, ცხოველი, ფრინველი, მწერი. შეიძლება ადამიანი - ადამიანმა მოკლას (თუ როგორ, ამას არ აქვს მნიშვნელობა); შეიძლება მცენარე -მცენარემ გაანადგუროს, ცხოველი - ცხოველმა, ფრინველი - ფრინველმა, მწერი - მწერმა. შეიძლება ადამიანმა მცენარე გაანადგუროს, მცენარემ - ადამიანი; ადამიანმა გაანადგუროს ცხოველი, ცხოველმა - ადამიანი; გაანადგუროს ფრინველი, ფრინველმა - ადამიანი; გაანადგუროს მწერი, მწერმა -ადამიანი.  ყოველი მოქმედების შემდეგ სუნთქვა ჩერდება, რასაც ადამიანები სიკვდილს ვუწოდებთ. ქართულ სიტყვიერებაში განსაკუთრებული გამოხატულება აქვს სიკვდილს - ,,გარდაცვალება“. ამ სიტყვის ეტიმოლოგიას თუ ჩავეძიებით, აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ადამიანს სჯეროდა სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, ანუ გარდასახვისა, სხვა ადგილზე გადასახლებისა, ზეცად ამაღლებისა - გარდაცვალებისა და არა უბრალოდ სიკვდილისა; უფრო სწორედ, სიტყვა ,,სიკვდილსაც“ უკვე ,,გარდაცვალების“ სინონიმად მიიჩნევს.
არსებობს აზრი, რომლის მიხედვითაც არსებობს უკვდავი სული, მაგრამ ასევე არსებობს აზრი, რომლის თანახმადაც არ არსებობს უკვდავი სული. ადამიანის გარდა, არც ერთ სულიერ არსებას არ გააჩნია ,,ღვთაებრივი სული“, იტყვის ,,ბიბლია“ და ადამიანებიც ეფლობიან თვითკმაყოფილებაში, თვითგანცხრომას ეძლევიან და გონებას ავალდებულებენ იმ შესაძლო ჭეშმარიტების რწმუნებას, რომლითაც იმონებენ თავისთავად სიმართლეს, ეს ხდება ისტორიული ცოდნის საშუალებით, რომლის პირვანდელ წყაროდ, ამ შემთხვევაში, ,,ბიბლია“ მივიჩნიეთ.
ყველაფერი ერთმანეთზე საფეხუროვნად მიბჯენილია, ადამიანი მუდმივი გახსენების პროცესშია, აქედან გამომდინარე, ქმნის ფორმალურ აწმყოს და სახავს შესაძლო მომავალს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა დაბრუნება წარსულში. მაგრამ ადამიანი იხსენებს რა კაცობრიობის ახლო წარსულს, ცოდნას იღებს წერილობითი ინფორმაციით, რომელიც არავინ იცის რამდენად მართებულია.
წარმოვიდგინოთ კიბე, რომლის საფეხურების დამთავრების შემდეგ დამრეცია, ამ დამრეცს არ აქვს საფეხურები და ეს მანძილი - მიწამდე, არის სრული ქაოსი, ადამიანს არ ახსოვს ის დროის მონაკვეთი, რაც კიბის თავიდან ამ დამრეცის ჩავლას დასჭირდა... ადამიანი ისევ აღმოჩნდება პირველ საფეხურთან და ის იხსენებს უკვე გავლილ საფეხურებს, მაგრამ ის ვერ იხსენებს, თუ როგორ აღმოჩნდა კიბის უმაღლესი საფეხურიდან პირველ საფეხურთან.
სააზროვნო სივრცეში  შემომაქვს ,,სამკუთხედის პრინციპი“ და ამ კანონზომიერებას შემდეგნაირად ვსახავ: უმაღლესი საფეხურის შემდგომ იწყება დამრეცი, რომლის ბოლო წერტილი პირველი საფეხურის მოპირდაპირეა, ხოლო მათ შორის ჰორიზონტალური სივრცეა... ადამიანის მიერ გავლილი ცხოვრების გზა შევუსაბამოთ - კიბის საფეხურებს, ჩასახვამდელი პერიოდი - დამრეცის მონაკვეთს, ხოლო ჩასახვის შემდგომი პერიოდი შევუსაბამოთ - დამრეცის ბოლო წერტილიდან კიბის პირველ საფეხურამდე ჰორიზონტალურ სივრცეს. გავლილი საფეხურები მივიჩნიოთ მუცლად ყოფნის პერიოდის მოგონების შესაძლებლობად. ჩვენ ამოუცნობი გვრჩება ჩასახვამდელი პერიოდი, რომელიც სულის განზოგადებულ არეალს უნდა წარმოადგენდეს. სამკუთხედის მარცხენა კათეტი მივიჩნიეთ - ცხოვრების გზად, მარჯვენა კათეტი - ჩასახვამდელ პერიოდად, ჰიპოთენუზა - ჩასახვის შემდგომ პერიოდად... ჩვენ გვეძლევა სამი გადაკვეთის წერტილი და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისად ვარქმევთ სახელებს: დაბადება, გარდაცვალება, ჩასახვა.
სული, სწორედ რომ, ჩასახვამდელ პერიოდში უნდა ვეძებოთ, მაგრამ ადამიანებს წარმოდგენაც არ გვაქვს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩასახვამდელ პერიოდში. ამის წვდომის შესაძლებლობას იძლევა ერთადერთი რამ: აბსოლუტურად გახსენება ჩასახვის შემდგომი, ანუ მუცლადყოფნის პერიოდისა. საფეხუროვანი კიბე, ანუ ცხოვრების გზა, წინაპირობაა სრულებით გახსენებისა, რომლის შედეგადაც ჩვენ გავხსნით გონების დახშულ უჯრედებს და ვეზიარებით უზენაეს ჭეშმარიტებას. ეგზისტენციალური მიდგომა აქ ყოვლად დამღუპველია, აქ მეტაფიზიკური აზროვნება აღწევს მწვერვალს, იქმნება ჩონჩხი, რომელიც, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხორცშესხმული აუცილებლობა ხდება.
სულის მარადიულად არსებობის შესაძლებლობის დაშვება ქმნის დიდ წინაღობას, რომელიც საკაცობრიო აზროვნების ამოუხსნელი ამოცანაა. რაც დაიწყო, მას აუცილებლად გააჩნია დასასრული, ხოლო რაც არ დაწყებულა, ის ვერც დასრულდება... თუ ადამიანის დაბადებაა საწყისი, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს არსებობის ყოველი წამი, მაშინ სავსებით ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ის დასრულდება, არა გაგრძელების პერსპექტივით, არამედ დასრულდება იმისათვის, რომ დაიწყოს ხელახლა. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ადამიანის დაბადება არ არის დასაწყისი, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ის არც არასოდეს დასრულდება. ზევით,  ჩემს მიერ, ,,სამკუთხედის პრინციპის“ გამოყენება,  ცალსახად, არც ერთ შესაძლებლობას არ ემხრობა. რადგან ადამიანის დაბადებამდე დავუშვით მუცლად ყოფნის პერიოდის მნიშვნელობა, რომელიც წინაპირობად მივიჩნიეთ გახსენების პროცესის წარმართვისათვის, ვიტყვით, რომ დაბადება არ არის დასაწყისი, მაგრამ ჩვენ ჩასახვამდელი პერიოდი გვევლინება დასაწყისად. ადამიანის არსობრივი საწყისი სწორედ სამკუთხედის მარჯვენა მხარეში უნდა ვეძებოთ და თუ ეს ვერ ხერხდება არსებული აზროვნების პირობებში, ეს სულაც არ გამორიცხავს ამ არსობრივი საწყისის არსებობას, მაგრამ არც ადასტურებს. ჩვენ ვერ ვიტყვით ცალსახად, რომ ადამიანის არსებობა როდესმე დაიწყო, ვერც იმას ვიტყვით, რომ როდესმე არ დაწყებულა. ფაქტობრივი წარმოჩენა ადამიანისა, როგორც დამოუკიდებელი სულიერი არსებისა, გვევლინება დაბადების შემდგომ და ეს საწყისის ფაქტია, ლოგიკური საწყისი კი ჩასახვამდელი პერიოდია.
განვიხილოთ სულის იდეალიზებული ვარიანტი, რომელსაც ,,ღვთაებრივს“ უწოდებენ ხოლმე: ზოგადობიდან გაკერძოებულმა ძალამ (ღმერთმა) შთაბერა ადამიანს სული და წამოვიდა მოდგმა ადამიანთა, რომელთაც ევალებათ ამ გაკერძოებული ძალის მიმართ მორჩილება. მოჩვენებითი თავისუფლებით, ადამიანი ცხოვრობს და კვდება, მის ,,ღვთაებრივ სულს“ კი, ღმერთი გადაწყვეტს სად განამწესებს, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში... ერთგვარი თვითმორალი უყალიბდება ადამიანს, იმის ფიქრით, რომ მას ,,სამყაროს გამგებელი“ უცქერს და რომ უზნეოდ მოქცევის შემთხვევაში განუყენებს სატანჯველ გზას, მის ,,ღვთაებრივ სულს“... ეს არის ბიბლიური კანონზომიერების პრაგმატულად გადმოცემა, რომლის სიღრმისეულად განხილვას ქვემო თავებში შევეცდებით. ახლა კი, ვისაუბროთ შესაძლებლობაზე აღნიშნულისა, რამდენად დასაშვებია ,,ღვთაებრივი სულის“ არსებობა: თუ ღმერთმა შთაბერა სული ადამიანს, მაშასადამე, ღმერთი არსებობდა ადამიანამდე და ადამიანის არსებობის დაშვება, უბრალოდ, მისი სურვილი გახლდათ, რომელიც შესაძლებელია, რომ მარტოობამ გადააწყვეტინა. ბიბლიური კანონზომიერების მიხედვით, ღმერთმა შექმნა ადამი - კაცი, შემდეგ კი, ადამს თავი მარტოდ რომ არ ეგრძნო, შექმნა ევა - ქალი, რომელიც ადამის თანამგზავრად აქცია. გადის პერიოდი, ამ ორმა ,,ადამიანმა“, რომელიც (თურმე) ღმერთის ხატად შეიქმნა, ჩაიდინა უპატიებელი შეცდომა - შეჭამა აკრძალული ხილი  და ,,ცოდვის დაცემა“ სწორედ რომ ამ მომენტის შემდეგ მოხდა... ჩვენ თუ ვუშვებთ, რომ ღმერთმა შექმნა ეს ორი ადამიანი, შეიძლება დავუშვათ, რომ მათი მომავალი წინასწარ არ იცოდა ღმერთმა?! თუ მათ იმთავითვე ღვთაებრივი სული შთაბერა, რომელიც, პრაქტიკულად, თანაზიარად ცხოვრებას გულისხმობდა ადამიანისა ღმერთთან, შეიძლება ითქვას, რომ მისდაუნებურად მოხდა შემდგომი განვითარება ადამიანის ყოფისა, მათ იმდენად იგრძნეს დამოუკიდებლობა, დაავიწყდათ შემქმნელი და მისი რჩევაც კი უგულვებელჰყვეს?! არასერიოზულად ჟღერს.
ჩვენ ვეძიებთ სულის სუბსტანციას... ბიბლიური კანონზომიერების თანახმად, თავად ღმერთშია ყოველი სული და ადამიანის მოვლინებაც ჯაჭვურ-რეაქციული პროცესია, რომელიც, საბოოლოო მიზნით, უბრუნდება საწყისს. ერთში მრავალი და მრავალი ერთში, მაგრამ რომელმა განაპირობა რომელი?! მრავალმა ერთი, თუ ერთმა მრავალი?!.. ღვთისმეტყველთა მოსაზრება, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას... თუ ადამიანს გააჩნია დამოუკიდებელი სული, რომელიც მიწიერი სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს და ის აუცილებლად გახდება ღმერთის განსჯის ობიექტი, მაშინ პირველსაწყისს ადამიანი ვერასოდეს დაუბრუნდება, რადგან თუ პირველსაწყისი ღმერთია, ღმერთი ვერ განსჯის საკუთარ თავს, რამდენადაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყოველი ადამიანის სული ერთი ზემდგომი ძალის, ანუ ღმერთის საკუთრებაა. ხოლო თუ ვიტყვით, რომ ადამიანი არ უბრუნდება პირველსაწყისს, მაშინ მისი სულის ღმერთის მიერ განსჯაც არ ყოფილა მართებული და ეს ჰქმნის მორევს, რომელიც ღვთისმეტყველებს არასოდეს ჩაითრევს, რადგან ისინი გაუანალიზებლად და ბრმად ამტკიცებენ ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებულ აზრებს. რელიგიური დოქტრინა, უნებლიეთ, ცდილობს თავად ღმერთის განსჯას, რადგან ადამიანის შემქმნელად მიიჩნევს მას.
ქაოსი, რომელიც სამკუთხედის მარჯვენა მხარეს წარმოვიდგინეთ და ვუწოდეთ -ჩასახვამდელი პერიოდი, ადამიანური სულის უფორმო სახედ უნდა მივიჩნიოთ; დავარქვათ ,,სულთა სავანე“. ,,სულთა სავანეში“ არ არსებობს წარმოსახვითი იდეალები, არც განსხვავებულობა, არც ფორმა, არც ფერი, არც სუნი, არც გემო; არ არსებობს ერთი გამოკვეთილი, სხვებისაგან გამორჩეული სული, სრული იდენტობით ხასიათდებიან ეს სულები და შერწყმულ მდგომარეობაში მყოფნი, სრულად მსგავს პირობებში, ერთი მთელის მრავალ ნაწილად გვევლინებიან.
სულის სუბსტანციის ძიებისას, ვითვალისწინებთ რა ზემოთ აღნიშნულ ქაოსურ მდგომარეობას, ჩვენს თვალთახედვას ვამყარებთ - ნამდვილი ჭეშმარიტების, თავისთავადი სიმართლისა და გონების საშუალებით, რომელთა ურთიერთმიმართების შედეგად ვადგენთ სულის სუბსტანციას.
სულს არ გააჩნია იდეალისტური საწყისი, რადგან ქაოსური მთლიანობა ეწინააღმდეგება სულის ცალკეულ თვისებებს, რაც ადამიანურს არსებობაში ასე შესამჩნევი გვგონია. გონების საშუალებით აღიქმება და დგინდება სულის, როგორც კონკრეტული სიმრავლის მახასიათებლები; ნამდვილი ჭეშმარიტება დომინანტია და გონების მატერიალისტურ საწყისად გვევლინება; თავისთავადი სიმართლე ,,სულთა სავანეში“ მიმდინარე ქაოსური მთლიანობის ფიქსირებულ ასახვაში გვეხმარება, რომლის საშუალებითაც დგინდება სულის, როგორც ზოგადი სიმრავლის მახასიათებლები.
გონება წარმოისახავს სულის უკვდავებას, რომლის მიზეზადაც კაცობრიობის ისტორია და რელიგიური დოქტრინები შეიძლება მივიჩნიოთ; ნამდვილი ჭეშმარიტება გონებას აეჭვებს და უჩენს კითხვებს სულის უკვდავების შეუძლებლობასთან დაკავშირებით; თავისთავადი სიმართლე გონებას ეხმარება წარმოისახოს სულის შესაძლო მნიშვნელობა, გაითავისოს სულის, როგორც მატერიალისტური, ისე იდეალისტური საწყისები.
ადამიანი იმედიანად გრძნობს თავს, როცა დარწმუნებულია სულის უკვდავებაში. სჩადის ბოროტებას, მაგრამ მონანიების და სულის ,,ცხონების“ იმედს ცოცხალი თავით არ კარგავს. სხვაგვარად, აზრს მოკლებულადაც კი მიაჩნია ცხოვრება. რისთვის ეს ყველაფერი?! გაკვირვებული ჰკითხავს საკუთრ თავს და იმედიან პასუხს კვლავ ,,ბიბლიის“ ფურცლებზე იპოვის.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა იმედი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს სიცოცხლეში, თუკი ზემოთ აღნიშნულ ,,სულთა სავანეს“ ჩავთვლით სამყოფელად, სადაც ქაოსურ მდგომარეობაში მყოფი იგივეობრივი სულები ენერგიით იმუხტებიან და იღებენ ფორმალურ სახეს, რაც ადამიანურს სიცოცხლეში გამოიხატება?!.. ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი ჩვენ არ გაგვაჩნია, ზოგადი პასუხები კი, ამ ტექსტის პასაჟებში ამოიკითხება.
სულის თვისებების აღწერას რომ შევეცადოთ, უნდა დავიხმაროთ ზემოაღნიშნული ცნებები: ნამდვილი ჭეშმარიტება, თავისთავადი სიმართლე და გონება. ამ შემთხვევაში, ,,თავისთავადი სიმართლე“ უნდა ვუწოდოთ სულიერი არსების დაბადების ფაქტს; ბუნებას, რომელიც თვალის გახელისას ხვდება სულიერს, ვუწოდოთ ,,ნამდვილი ჭეშმარიტება“; ხოლო ,,გონებას“ ვარქმევთ სულიერი არსების მიმართებას, დამოკიდებულებას თვალთახედვითა და შეგრძნებებით მოცემული ბუნებისადმი. პროცესი თანადროულად მიმდინარეობს, სულიერი არსება გონებას იძენს, ხანგრძლივი ფორმაციით გონება ხდება დომინანტი, ის აღივსება ცოდნით, ჭვრეტით, დაკვირვებით, მიზეზ-შედეგობრიობის განცდით, რაც სამომავლო იმედებსა და სურვილებს უჩენს სულიერ არსებას. ჩვენ უგულვებელვყოფთ ყოველგვარ განსხვავებასა და გარჩევადობას სულიერ არსებათა შორის: არ არსებობს ,,დომინანტი“ ადამიანი და დანარჩენი ,,უმწეო“ ცოცხალი არსებები, არსებობს ცოცხალ არსებათა მთლიანობა, რომელთაც ერთნაირად გააჩნიათ გონება, ხედვა, სურვილი, გადარჩენისათვის ბრძოლის შესაძლებლობა, მიზანი და შედეგის განცდა. ცოცხალ არსებათა ფორმირება ბუნების მეთოდებითა და კანონებით ხდება, ნაწილი მათგანი შემგუებელი და ძლიერი აღმოჩნდება, მათი გონება ბუნების კანონზომიერებას შეეგუება, მეორე ნაწილი კი - განადგურებისათვის არის განწირული. ცოცხალ არსებათა შორის მიმდინარეობს მუდმივი ბრძოლა უპირატესობის მოპოვებისათვის, გადარჩენისათვის. ნამდვილი ჭეშმარიტების წიაღიდან გაქცევა შეუძლებელია. იმთავითვე მინიჭებული სიხეულებრივი ლოკაციები სულიერ არსებათა სამყოფელია, ეს არის მათთვის თავისთავადი სიმართლის ფაქტობრივი განხორციელება.., გონება კონკრეტული ლოკაციის ფარგლებში მოპოვებული შინაარსია. სტრუქტურა განსაზღვრავს შინაარსს, ამდენად, უნდა ვთქვათ, რომ სულიერ არსებათა სხეულებრივი ჩარჩო, ანუ თავისთავადი სიმართლე არის განმსაზღვრელი, აქედან გამომდინარეობს გონებათა აღვსება. ნამდვილი ჭეშმარიტება იმთავითვე არსებულია და სრულად ერგება თავისთავადი სიმართლისა და გონების ჰარმონიულ კავშირს.
როცა სულზე ვსაუბრობთ, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ მას არ გააჩნია არსი, რამეთუ ნივთიერი სხეულის გარდა მისი წარმოდგენა სხვა ყალიბში მიუღებელია. ამდენად, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სულთა განაწილება სხეულებრივ ლოკაციებში არის ყოვლად შემთხვავითობა, მას არ გააჩნია საზრისული მახასიათებელი. თუ ვამბობთ, რომ სულს არ აქვს არსი, მაშასადამე, უნდა ვთქვათ, რომ სხეულებრივი მთლიანობისაგან დაცლილ სულს არ გააჩნია ცნობიერება. ცნობიერებისაგან განძარცვული სული შეუძლებელია ცალკეული მთლანობით განვიხილოთ, რადგან მთლიანობის გაგება მხოლოდ ცნობიერების პირობებშია შესაძლებელი. სხეული იმდენადვეა დავალებული სულისაგან, რამდენადაც სული სხეულისაგან, ისინი განაპირობებენ და წარმოადგენენ ერთმანეთს. თუ ვაღიარებთ, რომ არ არსებობს სულთა სპეციფიკური თვისებები, რაც ცოცხალ არსებათა სხეულებრივ განვითარებას გააჩნიათ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ სხეულებრივ ლოკაციებში სულთა განაწილება ყოვლად შემთხვევითობაა. უშინაარსო ენერგია ბუნებასთან თანდგომილ სხეულებში იძენს შინაარსს, ფორმას, თვისებებსა და მისწრაფებებს. საიდუმლო ნამდვილი ჭეშმარიტების არსია, იმთავითვე ხილვადი ბუნებისა, დანარჩენად, თავისთავადი სიმართლე და გონება ილუზორულია, ისინი ერთმანეთს განაპირობებენ და სძენენ არსებობის შესაძლებლობას. ნამდვილი ჭეშმარიტება არის ბუნების კეთილშობილება, რაც უპირობოდ ხვდება სულიერ არსებებს. ბუნება თვითზრდადი და თვითწარმოებულია, მას არ გააჩნია დროის პოსტულატი, მარადიულად მხოლოდ თვითხილვადი სივრცეა. ყოველი სხეულებრივი დაბადება მისთვის არახალია, დაბადებულისათვის ის - ნაცნობი და ახლობელი.
,,სულთა სავანიდან“ შემთხვევითობის პრინციპით განაწილებული სულები ბუნებას ერწყმიან, ხდება მათი გარდასახვა და კვლავ პირვანდელ სამყოფელში დაბრუნება. აღნიშნული პროცესი ცირკულაციურია, ბუნების თვითწარმოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ყოველგვარი გარეგანი ცნობიერებისაგან დაცლილი სული მიემართება მთლიანობას, როგორც აღსავსე არსს; მისი სიცარიელის აღვსება და სისავსის დაცლაა პროცესი, რასაც ადამიანები სხეულთა განსულიერებას და სულთა განსხეულებას ვუწოდებთ.
2018 წელი.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - პლატონის ანტაგონიზმი გორვანელი - პლატონის ანტაგონიზმი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გორვანელი - ამაოების სისტემური დაფუძნება ბადრი ფორჩხიძის ფილოსოფიაში გორვანელი - ამაოების სისტემური დაფუძნება ბადრი ფორჩხიძის ფილოსოფიაში ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - რა დროს ჰუმანიზმია გორვანელი - რა დროს ჰუმანიზმია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge