გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

როსტომ ჩხეიძე - სამი ესეი პავლე ინგოროყვაზე


ნამდვილი ავტობიოგრაფია პავლე ინგოროყვასი
(ერთი ოფიციალური დოკუმენტის კვალზე)


ყველაზე მნიშვნელოვანი პავლე ინგოროყვას მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში ის სტრიქონებია, რომელთაც... გადაშლიდა.
,,ავტობიოგრაფია“ – რომელიც ჩემს ხელთ მამუკა შელეგიას წყალობით მოხვდებოდა – ოფიციალურად დაიწერებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში 1955 წლის არჩევნებისათვის, როგორც დოკუმენტაციის აუცილებელი ნაწილი და დაწვრილებით უნდა აღნუსხულიყო მისი მეცნიერული მოღვაწეობის უმთავრესი ეპიზოდებიც და ნამსახურობაც.
ეს ფურცლებიც უნდა ყოფილიყო მშრალი, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების ნუსხა და ფინალში ლირიკული სტრიქონები რომ წაცდებოდა, ფანქრით წაშლიდა, როგორც ზედმეტს ოფიციალური დოკუმენტისათვის.
მაინც რა სტრიქონებია ასეთი და...
თუმც მანამდე მოჰყვებოდა, რომ:
დაბადებულიყო ქალაქ ფოთში, 1893 წლის 1 ნოემბერს – ახალი სტილით, გლეხის ოჯახში. მამა – იესე გერასიმეს ძე ინგოროყვა ეწეოდა სოფლის მეურნეობასა და დურგლობას.
საშუალო განათლება მიეღო ფოთსა და ვლადიკავკაზში, ამჟამად ორჯონიკიძე რომ დარქმეოდა. გიმნაზია დაესრულებინა ვლადიკავკაზში, სადაც გახლდათ რეპეტიტორად.
1912 წელს შესულიყო პეტერბურგის – ამჟამად ლენინგრადის – უნივერსიტეტში, ისტორია-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.
ახალგაზრდობისას მძიმე ტუბერკულოზით ყოფილიყო დაავადებული, ამის გამო 1912-15 წლებში მხოლოდ ხანმოკლე დროით თუ ჩადიოდა პეტერბურგს, მეტწილად გამოცდების ჩასაბარებლად.
1915 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებული გამხდარიყო თავი დაენებებინა პეტერბურგის უნივერსიტეტისათვის – ამ დროს მესამე კურსზე იმყოფებოდა.
ამ დროიდან მუშაობა საბოლოოდ გადმოეტანა თბილისში, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, რომელიც ამ დროს მთავარ სამეცნიერო კერას წარმოადგენდა საქართველოში.
ეს სამეცნიერო დაწესებულება, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი და სადაც თავს იყრიდა საქართველოში მომუშავე ყველა სამეცნიერო ძალა, გამხდარიყო მისი ნამდვილი ალმა მატერი, სადაც გაევლო მეცნიერული მომზადების ნამდვილი სკოლა.
მისი პირველი სერიოზული სამეცნიერო ნაშრომი ,,ძველ-ქართული სასულიერო პოეზია (VIII-X საუკუნეები)“ გამოქვეყნებულიყო 1913 წელს.
საჭიროდ მიეჩნია აღენიშნა, რომ:
ამ პირველ სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობისას სარგებლობდა სამეცნიერო კონსულტაციით საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მეცნიერი მუშაკებისა.
ამ პირველ წიგნს საკმაო გამოხმაურება მოჰყოლოდა და აკადემიკოს ნიკო მარს მაღალი შეფასებაც მიეცა თავის ერთ-ერთ წერილში.
ამავე დროს ეკუთვნოდა მისი პირველი ნაშრომები რუსთველოლოგიის დარგში. 1913 წელს წაეკითხა თბილისში საჯარო მოხსენება რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანზე“.
და ზოგადად მიუთითებდა:
იხილეთ იმდროინდელი ქართული პრესაო.
იგულისხმებდა მოხსენების ანგარიშებს:
ჟურნალში "კლდე", #16; "სახალხო გაზეთში", #867; გაზეთში "თემი", #118.
ეს პირველი რუსთველოლოგიური ნარკვევები შემდეგ შემოსულიყო გადამუშავებული სახით მის შრომაში "რუსთველიანა", რომელიც უფრო გვიან ცალკე წიგნადაც გამოქვეყნებულიყო – 1926 წელს.
გარდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, მისი მუშაობა თავიდანვე დაკავშირებოდა მწერალთა კავშირს. იქნებოდა მონაწილე საქართველოს მწერალთა პირველი ყრილობისა, რომელიც 1917 წელს შედგებოდა. ყრილობის მიერ არჩეული იქნებოდა ამ დროს ჩამოყალიბებული მწერალთა კავშირის პირველი გამგეობის წევრად. დაწყებული ამ დროიდან, 1917 წლიდან მოკიდებული ვიდრე დღევანდლამდე, მუდმივად ყოფილიყო მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი.
ეხელმძღვანელა მწერალთა კავშირის სხვადასხვა გამოცემებისათვის. 1923-25 წლებში ერედაქტორა მწერალთა კავშირის სალიტერატურო ორგანოებისათვის, ჟურნალებისათვის – ,,კავკასიონი“ და ,,ახალი კავკასიონი“.
1925 წელს – ნიკო ნიკოლაძესთან ერთად – ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი გამომცემლობისა "ქართული წიგნი", რომელსაც მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა ქართველი კლასიკოსების გამოცემის საქმეში.
1925-28 წლების განმავლობაში ყოფილიყო მთავარი რედაქტორი ამ გამომცემლობისა, ხოლო 1928-30 წლებში – გამომცემლობის გამგეობის თავმჯდომარე – მთავარი რედაქტორის მოვალეობასთან შეთავსებით.
1929-39 წლებში ემუშავა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. მისი უშუალო მოთავეობითა და მონაწილეობით მოწყობილიყო მუზეუმში ხელნაწერთა განყოფილება, რომელიც ქართული კლასიკური მწერლობის შესწავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად წარმომდგარიყო. გახლდათ ამ განყოფილების პირველი გამგე ათი წლის განმავლობაში – 1929-39 წლებში.
1934-36 წლებში ემუშავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ენისა, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში (ელხი) – უფროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე.
1935-37 წლებში ყოფილიყო მეცნიერი კონსულტანტი რუსთაველის საიუბილეო კომიტეტისა.
1936-37 წლებში – აკადემიკოსებთან: ივანე ჯავახიშვილსა და გიორგი ჩუბინაშვილთან ერთად – ეხელმძღვანელა გამოფენის მოწყობისათვის: "შოთა რუსთაველი და მისი ეპოქა" – რომელიც გაიხსნებოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში რუსთაველის საიუბილეო დღეებში 1937 წელს.
რუსთაველის საიუბილეო დღეებშივე, სრულიად საკავშირო მწერალთა პლენუმზე, რომელიც გამართულიყო თბილისში 1937 წლის დეკემბერში, ყოფილიყო მთავარი მომხსენებელი. და ეს მოხსენება – "შოთა რუსთაველი და მისი პოემა" – გამოქვეყნებულიყო შესავალი წერილის სახით "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემებში ქართულად და ინგლისურად.
უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ემუშავა ბოლოდროინდელ მთავარ ნაშრომზე "გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი X საუკუნისა. ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან", რომელიც ცალკე წიგნად გამოქვეყნებულიყო 1954 წელს.
ამით მოამთავრებდა საუბარს თავისი ცხოვრების შესახებ.
და სწორედ მერეა ის საგულისხმო სტრიქონები, რომელთაც გადახაზავდა, არადა...
* * *
გარდა ავტობიოგრაფიის შედგენისა, კადრების აღრიცხვის ბარათის შევსებაც მოუწევდა, ეს უკვე რუსულად.
ნამსახურობის სია აქ უფრო ვრცელი იქნებოდა და წლების გარდა, თვეებიც და დღეებიც მითითებული, თუ საიდან სადამდე.
1921 წლის 26 მაისიდან 1922 წლის 31 იანვრამდე: საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მრჩეველი აღმოსავლეთის საქმეებში.
1923 წლის 1 ოქტომბრიდან 1924 წლის 30 ივნისამდე: ჟურნალ "კავკასიონის" რედაქტორი.
1924 წლის 30 ივნისიდან 1925 წლის 31 იანვრამდე: რედაქტორი ჟურნალისა "ახალი კავკასიონი".
1925 წლის 1 ნოემბრიდან 1929 წლის 31 მაისამდე: დარაიონების განყოფილების გამგე დაგეგმვის სახელმწიფო კომიტეტში.
1925 წლის 15 მარტიდან 1928 წლის 30 ოქტომბრამდე: პასუხისმგებელი მდივანი და მთავარი რედაქტორი გამომცემლობისა "ქართული წიგნი".
1929 წლის 1 დეკემბრიდან 1939 წლის 1 ნოემბრამდე: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგე.
1935 წლის 1 ოქტომბრიდან 1936 წლის 15 მაისამდე: უფროსი მეცნიერი მუშაკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ენის, ლიტერატურის და ხელოვნების ინსტიტუტისა.
1935 წლის 1 ნოემბრიდან 1937 წლის 31 დეკემბრამდე: მეცნიერი კონსულტანტი რუსთაველის რესპუბლიკური საიუბილეო კომისიისა.
1936 წლის 1 თებერვლიდან 1938 წლის 15 აპრილამდე: "საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიის" განყოფილების გამგე.
1941 წლის 1 ოქტომბრიდან 1943 წლის 30 ივნისამდე: მეცნიერი კონსულტანტი კულტურის ძეგლთა დაცვის განყოფილებისა.
1946 წლის 1 სექტემბრიდან 1949 წლის 30 ოქტომბრამდე: ჟურნალ "მნათობის" რედაქციის წევრი და კრიტიკისა და სამეცნიერო განყოფილების გამგე.
ენების ცოდნის გრაფაში აღნიშნავდა, რომ:
კარგად იცოდა ქართული და რუსული ენები, სუსტად კი – ფრანგული და გერმანული.
მისი ცოდნა ლათინური და ძველბერძნული ენებისა ოფიციალური დოკუმენტის მიღმა დარჩებოდა.
* * *
არც „ავტობიოგრაფიაში“ და არც კადრების აღრიცხვის ბარათში არ ჩაიწერებოდა – ანკი როგორღა – რომ:
პავლე ინგოროყვა გახლდათ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, რომელსაც 1917 წლის 22 ნოემბერს აირჩევდა
ეროვნული ყრილობა - 39-ე ნომრად მისი გვარ-სახელია აღნიშნული.
ერთ-ერთი ხელისმომწერიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე - ამ აქტის 1919 წლის 12 მარტის ხელახალ ხელისმომწერთა სიაში ამოიკითხება მისი გვარ-სახელი მე-17 ნომრად, რაც ადასტურებდა, რომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის გამოცხადებას ისიც აწერდა ხელს.
იყო წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა, საიდანაც გამოვიდოდა 1919 წლის მაისში.
დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა მე-14 ნომრით „ქართველი პატრიოტების ესთეტიკური ლიგის“ სახელით (პაოლო იაშვილთან, იაკობ ნიკოლაძესთან, ტიციან ტაბიძესთან, ლადო გუდიაშვილსა და ალი არსენიშვილთან ერთად).
იყო მონაწილე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისა და დროებითი მმართველობის წევრი სამოქალაქო პირთაგან და შემდგომ მუშაობად მდივნადაც საქართველოს საკათალიკოზო საბჭოში.
1919 წლის 5 ივლისს საეკლესიო კრების წინასწარი თათბირის სხდომაზე წაიკითხავდა მოხსენებად თავის პროექტს: „ძირითადი დებულებანი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობისათვის. საეპარქიო მართვა-გამგეობა“.
და რედაქტორობდა რელიგიურ ჟურნალს „სვეტიცხოველი“.
არც ის აღინიშნებოდა, რომ:
„კავკასიონის“ გამოცემა აიკრძალებოდა მთავლიტის – სინამდვილეში: ცენზურის, კიდევ უფრო სინამდვილეში: უშიშროების კომისარიატის – 1924 წლის 3 ივნისის დადგენილებით;
როგორც ნაციონალისტური, შოვინისტური და კონტრრევოლუციური ჟურნალი.
და ისიც უნდა დაფარულიყო:
1917 წლიდან მოყოლებული სულაც რომ არა ყოფილა მუდმივად მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი.
რადგანაც:
1931 წლის 17 მაისის სხდომაზე გაირიცხებოდა კავშირის რიგებიდან (ალექსანდრე აბაშელთან, კონსტანტინე გამსახურდიასა და შალვა შარაშიძესთან ერთად):
როგორც პოლიტიკურად მიუღებელი და მავნე.
ბრალდებად წაუყენებდნენ იმ წუხილს, რასაც საჯაროდ გამოთქვამდა:
- ქართული ენა იჩაგრება.
- ქართული კულტურა კვდება.
- საბჭოთა ხელისუფლების დროს ქართულ-ეროვნულ შემოქმედებას გასაქანი არა აქვს.
1934 წელს შექმნილი მწერალთა ხელახალი აღრიცხვის კომისია კვლავ კავშირის გარეთ დატოვებდა (კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად).
1934 წელს მწერალთა პირველი საკავშირო ყრილობისათვის, რომელიც კრემლში გაიმართებოდა 17 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე, დაწერდა ქართული ლიტერატურის თაობაზე მთავარი მოხსენების ძირითად ნაწილს, რომელსაც ოფიციალურად წაიკითხავდა მალაქია ტოროშელიძე - სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი. ამ მოხსენებას მოჰყვებოდა შოთა რუსთველის ვეება სურათის გამოკიდება კრემლში და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება „ვეფხისტყაოსნის“ შემოქმედის იუბილის თაობაზე, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული და საერთაშორისო მოვლენისა.
1922 წელს დააარსებდა მწერალთა აკადემიურ ასოციაციას (კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად), რომელიც ოფიციალურად გაფორმდებოდა 1925 წლის 27 ნოემბრიდან და - ხელისუფლების სასტიკი წნეხის პირობებში - 1931 წლამდე იარსებებდა.
ბარემ ესეც ითქვას:
„ავტობიოგრაფიაში“ რომ აღინიშნებოდა ვლადიკავკაზის რუსული გიმნაზიის დასრულება, აღარ დაერთვოდა რომ სიმწიფის ატესტატის ასაღებად ექსტერნად დასჭირდებოდა გამოცდების ჩაბარება, საამისოდ კი ფოთის ერთ-ერთ თვითმოქმედ წრეში მოემზადებოდა.
გარეგნულად ასეთუისე უნდა მისადაგებოდა პავლე ინგოროყვას ბიოგრაფია დამკვიდრებულ სტანდარტს, იმ დადგენილ ჩარჩოში მოქცეულიყო, როგორღაც ჩაჭედილიყო.
თუმც დამკვიდრებულ სტანდარტს მაინც რომ აცდებოდა და ვერც დადგენილ ჩარჩოში ჩაიჭედებოდა, ამიტომაც დარჩებოდა ამჯერადაც და სამუდამოდაც მეცნიერებათა აკადემიის გარეთ.
ხოლო ის გადახაზული სტრიქონები, ის ყველაზე მნიშვნელოვანი პასაჟი ამ „ავტობიოგრაფიისა“...
* * *
ესეც ის სტრიქონები:
– ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია ეს არის არა გარეგანი ფაქტები ჩემი ცხოვრებისა, არამედ ის წიგნები, რომლებიც დავწერე.
სწორედაც რომ!..
და პავლე ინგოროყვას ნამდვილი ავტობიოგრაფიაც ასე და მხოლოდ ასე უნდა დასათაურდეს:
„ქართული ცივილიზაციის ისტორია“.







„ჩახრუხაძის“ იდუმალი მოდელი
(შთაგონებად იაკობ ნიკოლაძისა)

როდესაც კი პავლე ინგოროყვას შეხვდებოდა ოთარ ჩხეიძე, ან შორიდან მოჰკრავდა თვალს, ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა:
გიორგი მერჩულეა გამოცხადებულიო.
და გაიფიქრებდა:
მოქანდაკე რომ ვიყო, პავლე ინგოროყვასგან გადავიღებდი მერჩულეს სახებასაო.
მერჩულესათვის არა, მაგრამ სხვა ძველი შემოქმედის ქანდაკებისათვის კი გამოეყენებინათ პავლე ინგოროყვა მოდელად.
ვისთვის და:
ჩახრუხაძისათვის.
ვახტანგ ჯავახაძე რომ ჩაუფიქრდებოდა, თუ რატომ შეიძლებოდა შეექმნა იაკობ ნიკოლაძეს თამარ მეფის ამ მეხოტბის ქანდაკება, ძალდაუტანებლად ამოიცნობდა სათავეს:
პავლე ინგოროყვას მონოგრაფიას: „ჩახრუხაძე. პოეტი. მოგზაური“ – „კავკასიონის“ ფურცლებზე რომ გამოქვეყნდებოდა, პავლე ინგოროყვას ჟურნალისა, რომელთანაც – რედაქტორის მიწვევითა და შეგულიანებით – იაკობ ნიკოლაძეც ითანამშრომლებდა, ოგიუსტ როდენთან დამოწაფების ხანას რომ გაიხსენებდა.
ისინი მანამდეც მეგობრები იქნებოდნენ, სულაც ერთად რომ აპირებდნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „პატრიოტების ესთეტიკური ლიგის“ სახელით, თორემ მოქანდაკის ატელიეში სტუმრობა პავლეს ყოველთვისაც რომ ეყვარებოდა, ამ დეტალს გალაკტიონ ტაბიძეც მოიხსენიებდა თავის ერთ დაუმთავრებელ ლექსში.
ნიკო მარი მოახდენდა ილია ჭავჭავაძის მიერ შერისხული ჩახრუხაძის რეაბილიტაციას, მანამდე აბდაუბდად გამოცემული მისი პოემის ტექსტს რომ დაადგენდა და იმ ნამდვილი სახით გამოაჩენდა, შოთა რუსთველის წინამორბედ პოეტს როგორც დაეწერა.
და მოგვიანებით პავლე ინგოროყვას სულაც უნდა გაესიმბოლოვებინა მისი სახება, როგორც თავგადაკლული მიჯნურისა, ტარიელს შეტოლებულის, მონოგრაფიის თხრობას იდუმალად თავის რუსთველურ თუ ყაზბეგურ სიყვარულსაც რომ შეურევდა ქეთევან ბაქრაძისადმი, კინაღამ საბედისწეროდაც რომ გადაექცეოდა.
და რა გასაკვირია, ამ დიდი, თავაწყვეტილი განცდებით აღსავსე მონოგრაფიას იაკობ ნიკოლაძეზეც მოეხდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება და კიდეც ეცადა პავლე ინგოროყვას გმირის გაცოცხლება ქვაში, ჩახრუხაძე თავს რომ დააღწევდა სამეცნიერო წრეებს და, ეპიკური პერსონაჟის სიმაღლემდე აზიდული, ახალ განზომილებაში გადაინაცვლებდა, პავლე ინგოროყვას მიგნებებსა და წარმოსახვის გაქანებას მოქანდაკის მარჯვენაც რომ დაადასტურებდა.
და თუ ვინმე გაიოცებდა წლების შემდეგ: ნეტა რას უნდა მოეფიქრებინა იაკობ ნიკოლაძისათვის ჩახრუხაძის გამოსახულების შექმნაო, – ვახტანგ ჯავახაძის გალაკტიონოლოგიურ ძიებებში („არანჟირება გალაკტიონ ტაბიძისა“) უნდა ეპოვნა პასუხი, ერთ-ერთ განშტოებად ეს ამბავიც რომ ჩაერთობოდა.
გოჩა კუჭუხიძისათვის კი ამ დაკვირვებასაც უნდა ებიძგა, იაკობ ნიკოლაძის ამ ქანდაკებაში... პავლე ინგოროყვას სახებაც რომ დაენახა.
არა მხოლოდ ზეგავლენა და შთაგონება, არამედ მოქანდაკეს ბარემ პავლესგანვე გადაეღო ჩახრუხაძის პორტრეტი.
სხვაგან ანკი რატომ უნდა ეძებნა მოდელი, უფრო შესაფერისს იპოვნიდა თუ რა?!.
და ამ შთაბეჭდილებას ფურცელზეც რომ გადაიტანდა გოჩა კუჭუხიძე რეცენზია-ნარკვევში „ღმერთსშეწირულისადმი მიძღვნილი „კიდევ ერთი საღამო“, გამოხმაურებად რომ დაიწერებოდა „ახალი ელეაზარისა (პავლე ინგოროყვა პოეტთა და პროზაიკოსთა წარმოსახვაში)“, მკითხველს ყურადღებას მიაქცევინებდა, რომ:
ეს მსგავსება ხანდაზმული პავლე ინგოროყვას სურათზე ყურებისას გახლდათ განსაკუთრებით თვალსაჩინო... მოხუცებულობისას უფრო დამსგავსებოდა იაკობ ნიკოლაძის „ჩახრუხაძეს“.
იმ სურათს გულისხმობდა:
მარტოდმყოფი, კალმით ხელში, წიგნს რომ დაჰყურებს.
ოდესმე ცალკე თუ გამოიცემა პავლე ინგოროყვას ეს მონოგრაფია: „ჩახრუხაძე. პოეტი. მოგზაური“ – გარეკანზე ცხადია იაკობ ნიკოლაძის ეს ქანდაკება უნდა აღიბეჭდოს, მაგრამ არა მხოლოდ ჩახრუხაძის სახებად, არამედ – პავლე ინგოროყვასიც, ერთდროულად ორივეს რომ მოიცავს.
იმთავითვე ცნობილი გახლდათ:
ილია ჭავჭავაძის საფლავზე მდგარი სიმბოლო მგლოვიარე ქართველი ქალისა იაკობ ნიკოლაძეს ნინო ნაკაშიძისაგან რომ გადაეღო – ის გამოექანდაკებინა და განეზოგადებინა.
და უკვე ჩახრუხაძის ფარული მოდელის საიდუმლოც ამოცნობილია.
ცხადია ეს გარემოება ხელს ვერ შეუშლის იმ მოქანდაკეს, ვინც მოინდომებს გიორგი მერჩულეს გაცოცხლებას ქვაში, რათა მანაც პავლე ინგოროყვასაგან გადაიღოს გრიგოლ ხანძთელის ბიოგრაფოსის სახება.
ოთარ ჩხეიძე ხომ ისედაც ასე და მხოლოდ ასე ხედავდა გიორგი მერჩულეს, პავლე ინგოროყვად გამოცხადებულს.

რითმის ეფექტი
(ჯემალ ინჯიას ორსტრიქონედის კვალზე)

ჯემალ ინჯია შემეხმიანებოდა ტელეფონით და... პირდაპირ ასე დაიწყებდა:
– ჩემს დღიურებს ვათვალიერებდი და შარშან, 30 ნოემბერს დამიწერია ეს ორსტრიქონიანი უსათაურო:

მამულს თუ სინდისის სიმბოლო ჰყავს,
უთუოდ პავლეა, ინგოროყვა!

აქ მოეთავებინა და:
მეტი აღარც აღარაფერი ესაჭიროება ამ ორსტრიქონედს, მინიატურული პოეზიის მშვენიერ ნიმუშს, თანაც ვისი სახებით შთაგონებულს!..
ერთი ლექსი უკვე მიეძღვნა პავლე ინგოროყვასათვის, მაგრამ ახლა ისეთი რითმა ეპოვნა, ამ შემთხვევას ხელიდან როგორ გაუშვებდა.
მითუმეტეს:
ეს ორი სტრიქონი სენტენციასავით ჩამოისხმოდა, არამცთუ ნარკვევს, მონოგრაფიასაც რომ დაშვენდება ეპიგრაფად.
თუ ვინმე, პავლე ინგოროყვაც ნაგულისხმევია იმ რჩეულთა შორის, ერის სინდისის გამომხატველნი რომ არიან.
და ეს ჭეშმარიტება აგერ ნატიფ ლირიკულ ფორმაშიც უნდა მოქცეულიყო!..
ისეთი რითმა ეპოვნაო...
ჯემალ ინჯიას ლექსებისათვის იმთავითვე, სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლისთანავე გახლდათ ნიშანდობლივი ორიგინალური, მახვილგონივრული, ოთხმარცვლიანი და მეტმარცვლიანი რითმები, ცალკე რომ არის შესასწავლი ამ მხრივ მისი პოეზია, და მდიდარი და შთამბეჭდავი კოლექციისათვის ესეც უნდა მიემატებინა:
სიმბოლო ჰყავს – ინგოროყვა!
მეტი ეფექტი რაღა გვინდა რითმისა, მეტი ძალმოსილება, მამულის სინდისის სიმბოლოს რომ გისახელებდა.
და უეცრად უნდა დავინტერესებულიყავი, პავლე ინგოროყვასადმი მიძღვნილ ლექსებში კიდევ სად და როგორ გარითმულიყო მისი გვარი.
პირველად იოსებ გრიშაშვილს უნდა მოესინჯა ორმარცვლიან რითმად:
ლოყა - ინგოროყვა
იმ ყველასათვის ცნობილ, უამრავჯერ დამოწმებულ სტროფში, ჩამოფასებული წიგნების ბედს რომ დასტიროდა ვანქის ბაზარში:

აი, სად ჰყრია ჩვენი დიდება!
ლამის სირცხვილით ამეწვას ლოყა!
აი, ქართლის ხმა სად იყიდება, –
ჯავახიშვილი და ინგოროყვა!

გალაკტიონ ტაბიძესაც ორმარცვლიანად:
მოყვა – ინგოროყვა
დაუმთავრებელ ლექსში, რომელიც იაკობ ნიკოლაძის ატელიეს წარმოსახავდა:

და როცა ის რუსთაველის
ქანდაკების ამბავს მოყვა –
ატელიეს შემოვიდა
ჩვენი პავლე ინგოროყვა!

ოთარ ჭელიძეს სამმარცვლიანად:
მოყვასი – ინგოროყვასი
მიქელ მოდრეკილსა და პავლე ინგოროყვას ერთდროულად რომ უძღვნიდა და ფინალში გააცხადებდა ამ დაკავშირების აუცილებლობას:

გადასახვევად ხალხში შეფრინდა,
მოყვასმა გულით იცნო მოყვასი,
მიქელ მოდრეკილს ამიერიდან
ძმა ჰქვია პავლე ინგოროყვასი.

ვახტანგ ჯავახაძეს ოთხმარცვლიანად:
იყო როკვა – ინგოროყვა
"უსახელოდ" დასათაურებულ ლექსში, თუ როგორ უნდა გაექცეს მევალეებს – გელათს, რიონსა და გალაკტიონს:

იქ არ მივალ, სადაც მუდამ იყო სჯა და იყო როკვა,
ვერასოდეს აღმომაჩენს რომელიმე ინგოროყვა.

და რითმათა ამ მოხდენილ წყებას უნდა შემატებოდა ჯემალ ინჯიას მიგნებაც, რითმითაც რომ უნდა მოევარაყებინა პავლე ინგოროყვას ადგილი რჩეულთა დასში!..

* * *
მამულს ჰყავს, როგორ არა ჰყავს სინდისის სიმბოლო...




скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - მოსაყდრის ინსტიტუტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - მოსაყდრის ინსტიტუტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / გამოქვეყნებული ზაზა აბზიანიძე - ვის ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის  ,,მერანი"?! ზაზა აბზიანიძე - ვის ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი"?! ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / გამოქვეყნებული ამირან გომართელი - ეს როგორი საქციელია, როსტომ?! ამირან გომართელი - ეს როგორი საქციელია, როსტომ?! ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა ზურაბ კიკნაძე - მიწიერი კედლები ზურაბ კიკნაძე - მიწიერი კედლები ჟურნალი / სტატიები / ისტორია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge