გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ქეთევან ნათელაძე - ლექსები



გაყრა

ცხოვრება ერთი საოცარი ყოფილა დრამა
და შენ რომ იგი გააშარჟო, რა უნდა მოხდეს...
მე გავეყრები შენზე ფიქრის ყოველგვარ სამანს
და გავეყრები შენი წასვლით გაჩენილ ბოდვებს.
მე გავეყრები შემოდგომის თაფლისფერ თითებს,
და ყოველივეს, უანგაროდ, რაც მომცა ბედმა,
მე გავეყრები თავს დატეხილ სტროფებს და რითმებს,
პურის მარცვლებად გადავუყრი ბეღურებს სევდას.
მე გავეყრები ერთ ყველაზე მტკივნეულ  ,,არას“,
მირაჟად ქცეულ ჩემს ბავშვობას და ჩემს სიბერეს,
მე გავეყრები ბიჭს, რომელმაც ვერ შემიყვარა,
და გავეყრები ქმარს, რომელიც ვერ შემიფერებს.
...დარდიან მხრებზე ჩამოწვება ბურუსი - მაცნე,
მაცნე იმის, რომ დღეს ფუჭია ჩემი ლოცვები,
მე გავეყრები ღმერთს, რომელიც ჯვარზე არ აცვეს,
გამიკვირდება, შევიცხადებ და გავოცდები.
მე გავეყრები მეგობრების ათასფერ ღალატს,
ზღაპრად გაგონილ სასწაულებს გრძნეულ მისნების,
მე გავეყრები ამ სამყაროს, ასობით ქალაქს
და ვარსკვლავეთში შორ პლანეტებს მივეთვისები.
შენც გაგეყრები, გაგეყრები, ხომ იცი, ბოლოს,
ჩემს ნაფეხურებს აეკვრება გამთბარი ბინდი,
მე გავეყრები ყოფითობის ტკივილებს მხოლოდ,
მაშასადამე, გავეყრები გრძნობებთან ჭიდილს.
და როცა სხეულს გავეყრები - სუბუქი შვებით,
როცა დაკარგავს თავის ძალას ყველა მისნობა,
ჩემში შემოვა, სიამაყით გაშლილი მხრებით,
ჩემგან მარადჟამს გაუყრელი მარადისობა!


მზესუმზირები

ოღონდ ზამთრის ყველასაგან ზურგით მდგარ ღამეს,
მზესუმზირების ცეცხლოვნება არ დამესიზმროს,
არ გამაღვიძოს მათმა თვალის მომჭრელმა შუქმა,
არ შემოიჭრნენ ოღონდ ღამით მზესუმზირები
ოთახში, სადაც ნეშომპალად იქცა ოცნება,
სადაც წვიმებით გახსნილ ჭერზე
ჩამოეკიდნენ ლორწოსფერი ქვეწარმავლები
და ახლა ყველა შებინდება სავსეა შხამით,
ნელი სიკვდილი ყველაფერზე საშინელია.
მზესუმზირებს ხშირად მაშინ წარმოიდგენენ,
როცა ქარს მოაქვს ზაფხულის მტვერი,
როცა თითები მარტოობას მუსიკად წერენ
და აღარაფერს ელოდებიან.
სინამდვილეში, ეს მზის ყვავილები უფრო მტვრევადია,
უფრო ფაქიზი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანან,
ვიდრე ხატავენ ან დახატავენ.
ისინი - პირველყოფილი და ცხელი საყვარლები,
დიდი ვნებისთვის დაიბადნენ, ვიდრე დიდი სიყვარულისთვის.
მზესუმზირები საკუთარი ცეცხლის ფერით დამძიმდებიან,
რომ ერთ დღესაც, მზე სანამ ჩავა,
დაასწრონ და თავად ჩავიდნენ,
- მომენტისთვის იცხოვრეს თითქოს.
უნდა ველოდო მათ გრძელ სიმღერას,
ვერ გავექცე მათ ოქროსფრად ელვარე ალყას,
მზესუმზირების მძევალი ვიყო.
და ყოველ ჯერზე, როცა მთელ ტანს დამიფარავენ
შემზარავად შავი ღრუბლები,
მზესუმზირების სიყვარული მახსენდებოდეს.
მოდიოდნენ საღამოხანზე
მინდვრებიდან და მიწისქვეშეთიდან,
მათ გავყავდე შავი გარსიდან
ღრუბლებისა და სასოწარკვეთის!
ოღონდ ზამთრის საკუთარ თავს შერჩენილ ღამით,
მზესუმზირების ცეცხლოვანება არ დამესიზმროს,
არ წამიღოს იმათზე ფიქრმა,
თორემ სახლის ყველა კუთხიდან
მათი მწუხარე მოთქმის ხმები გამაგიჟებენ;
თორემ სარკის ყველა ნატეხში
მათი სევდისგან აალება ჩამისაფრდება.
მხიბლავდნენ და მისაკუთრებდნენ,
მკვდარსაც მათი მრავლისმთქმელი ნათება ჩამყვეს,
ჩემი შემთხვევითი და ერთი-ორი გამონათებაც
გაიტანონ მზესუმზირებმა,
შორ მინდვრებსა და მიწისქვეშეთში,
რომ ყველაფერმა, რაც განვიცადე,
ამოანათოს მიწის სიღრმიდან
მზესუმზირების უკვდავი ფერით,
- მზესუმზირებიც იმ მზეებს ჰგვანან,
რომლებიც ცაზე ვერ ამოვიდნენ.


***

არავინ ცხოვრობს. ამ სახლების კედლებიც ძველი
დაბზარა ელვამ და სამყარო ნელ ცეცხლზე ცხვება,
სოფლის ტაძარში აღარ დადის მოხუცი მღვდელი,
იქ, შორიახლოს, მობალახე შედიან ცხვრები.
ჩათესე შენი სიყვარული ჩემში, რომ იმ წამს
მოვიდეს წვიმა, დიდი წვიმა, სიცოცხლის წვიმა,
რომ ბალახები სიტყვებივით წამოსცდეს მიწას
და მზის ნაყოფი გამოებას ლიმონის ხეებს.
ტკივილის წყლებმა სიყვარულის წაგვართვა ჩვევა,
გამოვიტანე ტკივილიდან სიმლაშე ზღვების,
შენს თვალებში კი გადარჩენის იმედი მრჩება,
ახლა სიკვდილის ფრინველები მინდვრებში ფრენენ.
ჩათესე შენი სიყვარული. დრო იყო, როცა
ნამდვილ სიცოცხლის მესვეურთა აქ იდგა რიგი
და მერე გაქრნენ იქით, სადაც სულს მარხავს ხორცი,
დასასრულია, არაფერი არ ხდება იქით.
სევდით ჰაერი ცოტავდება, არ იძვრის ქარი,
სათქმელს კი, როგორც პურის ნატეხს, ედება ობი...
ჩათესე შენი სიყვარული, რომ ვიყო ქალი,
რომ სასწაული მოვავლინო და ღმერთი ვშობო.


ყვავილები მკვდრებისთვის

მე აღარ დამაქვს ყვავილები საკუთარ მკვდრებთან,
ვით ყველა ცოცხალს, მეც ცოცხლებზე ფიქრები მავსებს,
ცის სარკეებში თუმცა ამინდს მოწყენას ვამჩნევ,
ვერაფერს გეტყვით, გინდაც მკითხოთ, რად მოხდა ასე,
რომ ჩემი მკვდრები ყვავილების გარეშე დარჩნენ.
მე აღარ დამაქვს ყვავილები საკუთარ მკვდრებთან,
აღარ ვუცქერი მათ ცივ ქვებზე დატვიფრულ ხაზებს,
აღარც იმ ცივ ქვებს, წასვლის სევდა რომლებზეც არ ჩანს,
აღარ ვუყვები აღარც ისეთ იღბლიან ხალხზე,
ვინც მათნაირად კვდებოდა და ცოცხალი დარჩა.
დასჩხავის მათ ცივ მდუმარებას ასი წლის ყვავი,
სხვა პარალელურ სამყაროში დაიდეს ბინა,
სადაც სიყვარულს არასოდეს გაუდის ყავლი;
აღარ გვჭირდება ერთმანეთი და გვიკვირს კიდეც,
რომ ერთ სამყაროს ვეკუთვნოდით დიდი ხნის წინათ.
მე აღარ დამაქვს ყვავილები საკუთარ მკვდრებთან,
რა უნდა იყოს სევდიანი ამაზე უფრო
- მკვდარი რომ ხარ და ყვავილები არავის მოაქვს.
მე აღარ დამაქვს ყვავილები საკუთარ მკვდრებთან,
მე აღარ დამაქვს ყვავილები საკუთარ მკვდრებთან!
და როგორც თოვლი, ჩემს მოსაწყენ ყოფნაში ატანს
სიშორე მათი, ანდაც როგორც სიცივე დილის,
როცა წვიმაა და წვიმიდან მოსული კატა,
მთვარის შუქივით გადაირბენს საფლავებს შორის,
მშვიდია მათი საკრალურად ხანგრძლივი ძილი.
მე აღარ დამაქვს ყვავილები საკუთარ მკვდრებთან
და საფლავები მოლოდინით მოსილნი ჯერაც,
იფოთლებიან დავიწყების მსუსხავი ხმებით...
ამ გაზაფხულზე ამოსულან უთვალავ ფერად,
- მიწის წიაღში ყვავილებად ქცეული მკვდრები.


***
გავცდი ყოველგვარ სინამდვილეს, გავედი ყველა ასტრალიდან,
ვით ტბა უთევზო ცარიელი, დღეს ჩემი გულიც ისევეა,
მე მოვკვდი, ჩემი სიყვარული შორს, უღრან ტყეში გადავიდა,
სადაც მდინარის ნაპირები ცის ვარსკვლავებით ივსებიან.
ნუღარ მომძებნი, გვიანია, ქარი ყვავილებს არ მოგვიტანს,
სხეულს სიშორე აღარ სტკივა, თვალებს ცრემლები აღარ სწვავენ,
მე მოვკვდი, ჩემი სიყვარული შორს, უღრან ტყეში ამოვიდა
მარადისობის სიმბოლოდ და ახლა ნაძვია მარადმწვანე.


***
სულ აღარავინ დამრჩენია მოკეთე გვერდით,
რომ მკვდარ იმედებს დაუხუჭოს ვინმემ თვალები,
როგორ წახვედი, სიყვარულო, ისეთი ელდით,
რომ დღემდე სულზე მამჩნევია ნატერფალები.
ვარ ჩემივ თავზე გამობმული თოკებით ახლა,
რთავს ოთახს ჩემი მარტოობის ცივი კარიბჭე,
ალბათ არსებობს აივანი, რომელიც დაღლას
მაგრძნობინებს და შემომძახებს: - ,,გადამაბიჯე“.


თავლა

მთებში გრძნეული მისჯდომოდა წყლის სართავ ჯარას,
ართავდა ლურჯად, მაცოცხლებელ მდინარეს სოფლის,
დანებებულნი იღვრებოდნენ ცხენები ოფლად,
გათენებამდე განაგრძობდნენ ქარები ჯირითს.
მხსნიდი მოპარულ სკივრივით და ჩემს ტანში გავლით
გადადიოდი ჩემს სიზმრებში, იქ, სადაც ნორჩი
ღობისძირები და ღვიები ჰყვაოდნენ მრავლად
და მარტოობა ცხრათავიან დევივით თვლემდა,
სადაც ვიყავით საიდუმლო სტუმრები თავლის,
ხედნიდა ქარი გაუხედნავ ცხენების რემას.
რატომ არც ერთხელ არ მასტუმრე იგივე ზაფხულს?
მზის უცხო მხარეს გადახდენილ იგივე ამბავს,
იგივე თავლას, ჭაობიან ჭალების გვერდით...
მომაკვდინებელ შხამს სტოვებდა ცხელ ქვებზე მამბა,
შენ კი მგესლავდი სიყვარულის უცნობი შხამით,
თეძოებამდე ჩადიოდი და ხარბად მკბენდი.
დაკბენილ ტანზე სინანულის მაფენდი ფოთლებს,
რჩებოდი ჩემში და ქარივით არ გრძნობდი დაღლას,
ჩემი ტანიდან ჩემს სულამდე გზა იყო მოკლე,
ერთ საცალფეხო ბილიკსაც კი ვერ ჰპოვებ ახლა.
მდინარის ნაპირს თეთრ ბუმბულს რომ აფენდა მთვარე,
ის მთვარე ღვიის ყვავილებში ჩიტივით მოკვდა,
გაქრნენ ცხენები, მხოლოდ ქარი შემორჩა ჭალებს!
მხოლოდ სიზმრად თუ ვაყურადებ ცხენების ჭიხვინს,
მარადიული ზამთარია და აღარ მოდის
ზაფხული, სადაც ყვავილები ჰყვაოდნენ მრავლად,
სადაც ვიყავით საიდუმლო სტუმრები თავლის.
ვიღებ ჩემიდან შენს სიყვარულს, განძივით დაფლულს
და მერამდენედ ვუერთდები საკუთარ ლოდინს,
- რატომ არც ერთხელ არ მასტუმრე იგივე ზაფხულს?..
რამდენი მწერის და ფრინველის ვისწავლოთ ენა,
რამდენჯერ უნდა ვიცხოვროთ, ან რამდენჯერ მოვკვდეთ,
რომ ქარი ისევ იმ სურვილით ხედნიდეს ცხენებს
და ჩვენ ისევ იმ ზაფხულში მოვხვდეთ?
მთებში გრძნეული მისჯდომოდა წყლის სართავ ჯარას,
ართავდა ლურჯად, მაცოცხლებელ მდინარეს სოფლის,
დანებებულნი იღვრებოდნენ ცხენები ოფლად,
გათენებამდე განაგრძობდნენ ქარები ჯირითს.


***
დაიგვიანა ვარსკვლავების შეთქმულებამ,
რომ სადმე კიდევ შეგვახვედრებდნენ...
ეს ქუჩა შენთან ვეღარასდროს მომიყვანს, რადგან
მეტი რა გზაა, ბედი ვარსკვლავთ უნდა მივანდო,
ვერ ვუწილადებ შენზე ფიქრებს ვეღარცერთ მათგანს,
რა დამრჩა შენგან, რომ მე ისიც მათ ვუწილადო.
ვხედავ, ყოველღამ ენთებიან უძირო ცაში
და შავ-თეთრ სიზმრებს მათეული ნათებით ვივსებ,
ეს მოლოდინიც დაჭაობდა და ვხედავ მასში,
რომ გულგრილობამ ბაყაყებად იბარტყა მყისვე.
ვიცი, არასდროს დაბრუნდება, რაც იყო მაშინ,
ზეცა არ არის საიმედო, ვით იყო ისე...
დაიგვიანა ვარსკვლავების შეთქმულებამ,
რომ სადმე კიდევ შეგვახვედრებდნენ.

2022  წელი.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge