გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეონა დოლენჯაშვილი - ქალი და ომი



ქალი და ომი



ვიდრე ომზე წიგნის წერას დავიწყებდი, თურქეთი-სირიის საზღვარზე ჩავედი და კილისისა და ნიზიპის ორ დიდ ბანაკში შევედი. ომიდან გამოქცეულ და ბანაკებში თავშეფარებულ სირიელ ლტოლვილებს ვხვდებოდი, ვუსმენდი, მათ ისტორიებს ვიწერდი... კაცები ომის ამბავს სხვაგვარად ყვებოდნენ. ქალები - სხვაგვარად. კაცებთან ომი იყო მთავარი გმირი, საბრძოლო მოქმედებები, დამწვარი ქალაქები, მეომრები; ქალებთან კი - უბრალო ადამიანი, ადამიანი, რომელიც ომზე მეტია. ადამიანი, რომელიც ამარცხებს სიკვდილს, ამარცხებს თავად ომს.
იმავე პერიოდში, თბილისს ნობელიანტი მწერალი ქალი სვეტლანა ალექსიევიჩი ესტუმრა. „ომს არ აქვს ქალის სახე“ მისი პირველი წიგნია, სადაც ომი ქალების მიერაა მოყოლილი. „ყველაფერი, რაც იქამდე ომის შესახებ ვიცოდი, „მამაკაცის ხმით“ მოვისმინე, - მითხრა სვეტლანა ალექსიევიჩმა, როდესაც ამ წიგნის შესახებ ვკითხე, - ომის ამბები მამაკაცების შეგრძნებებითა და წარმოდგენებით იქმნება. ქალები კი სდუმან. მამაკაცების ომი ცნობილია, თუმცა, როცა ქალი გვიყვება, რომელიც ომის დროს ასევე ყველა მამაკაცურ საქმეს ასრულებს, სულ სხვა ფერები ჩნდება და ომი კიდევ უფრო საშინელი, კიდევ უფრო არანორმალური ხდება. ქალების მიერ მოყოლილ ომში გმირების ნაცვლად უბრალო ადამიანებს ვხვდებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქალის ხედვა  - თუ როგორ უყურებს ის სამყაროს, როგორ უსმენს, როგორ უყვარს - მგონი,  უფრო თანამედროვე თვალთახედვაა სამყაროს შესახებ, ვიდრე მამაკაცისა“.
ასე გაჩნდა ჩემი ახალი წიგნის მთავარი გმირიც - აფხაზეთიდან დევნილი ფოტორეპორტიორი ქალი, რომელიც სირიის ომს აშუქებს და სხვის ომში საკუთარი ომი უცოცხლდება. მეც ვეცადე, ქალის თვალით დანახულ ომზე მომეთხრო, ბავშვებზე, ქალებზე, რომელთა არჩევანიც არ ყოფილა ცეცხლწაკიდებულ სოხუმსა თუ ალეპოში ცხოვრება, ძვირფასი ადამიანების დაკარგვა, გადარჩენისთვის ბრძოლა, დევნილობა, ომის შემდგომი ცხოვრება... ომი, სადაც ყველაზე დიდი გმირები სწორედ ისინი, თავად ქალები არიან...
ჩემს ირგვლივ ბევრი ქალია, რომლებმაც ომი გამოიარეს და ის საკუთარ შემოქმედებაში ასახეს. ჟურნალისტმა ლია ტოკლიკიშვილმა კინორეჟისორ ნანა ჯანელიძესთან ერთად დაწერა სცენარი იმ ჟურნალისტის თავგადასავალზე, რომელმაც ომში მისი გზა გაიარა. ფილმი „სად მიდის ლიზა“ სწორედ ქალზეა.
ლია სოხუმში პირველად 1992 წლის სექტემბრის ბოლოს, წავიდა, როცა რუსულმა შენაერთებმა გაგრასთან ჩვენი ჯარის განადგურება დაიწყეს. „7 დღის რედაქციაში დაისვა საკითხი: ვინ წავა აფხაზეთში?  - გვიყვება ლია, - გიო სანაია სოხუმელი იყო.  აფხაზეთიდან.  სულ 18 წლის იყო მაშინ. გიოს წასვლა გადაწყდა, მან იცოდა სოხუმი, არ გაუჭირდებოდა მასალის აღება და ჩამოსვლა. ასე გადაწყვიტეს. გუდიაშვილის მოედანზე სკამებზე ვისხედით და გიოს წასვლაზე ვსაუბრობდით, როცა უცებ ვუთხარი: გინდა, წამოვიდე?  ვუთხარი, როგორც მასზე უფროსმა. მთელი პასუხისმგებლობით. კიო, - მიპასუხა. დაძაბული იყო... და მეც პასუხისმგებლობა გიოს გარდა თითქოს ყველაზე ერთად ავიღე. იმ ომმა უცებ დიდ ადამიანად მაქცია და ამ პირველი რეპორტაჟის შემდეგ, როცა საშინელი დღეები გამოვიარე და როცა ძლივს გადარჩენილი, თბილისში ვბრუნდებოდი, პირდაპირ ცაში ფრენისას, ღმერთს სადღაც ახლოდან მივეცი პირობა, უკან აღარ დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ  არაერთხელ დავბრუნდი. ომს აქვს ომის ძალა ყველაფერში -  იმაშიც, რომ სამუდამოდ თავისი გაგხადოს.  არ ვიცი არც ერთი ომის ჟურნალისტი, რომელიც პირველი რეპორტაჟის შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულიყოს - შემდეგი რეპორტაჟისთვის“.
ალბათ წარმოუდგენელია ომის ამბები მარტომ იცოდე. ამას ვერ შეძლებ. ომის ამბებს იმიტომ ნახულობ, რომ მათზე იქამდე ილაპარაკო და წერო, სანამ ლაპარაკი და წერა შეგიძლია. მით უფრო, ისეთ ომზე, რომელშიც დაკარგე მეგობრები, დაკარგე წარსული.
„ჩემთვის ამ ომიდან ყველაზე მრავლისთქმელი ის სახეებია, რომელიც მხოლოდ ომში შეიძლება ნახო. მოუვლელი, დათრგუნული, მოუსვენარი თვალები -  გასაქცევს რომ ეძებენ, - ამბობს ლია, - ომის გარდა არსად აქვს ადამიანს ასეთი სახე - შიშით, სასოწარკვეთითა და დაუნდობლობით სავსე. მაშინ დავწერე, რომ ომში ფიზიკურად ბევრი გადარჩება, მაგრამ სახეებს ვეღარ დაიბრუნებენ-მეთქი. მეც მათ შორის ვიყავი, როდესაც სოხუმიდან უკანაკნელ რეისს გამოვყევი. არასდროს დამავიწყდება იმ ადამიანების სახეები, რომლებსაც, ჯარისკაცის ხელზე ჩაჭიდებულმა, პირდაპირ თავზე გადავუარე, რომ გადავრჩენილიყავი. ეს არის ომი. მხოლოდ ომს შეუძლია, შენი ყველაზე წარმოუდგენელი ქცევის შესაძლებლობა დაგანახოს და საკუთარ თავზე სიმართლე გითხრას. როდესაც ეს შთაბეჭდილება წლების შემდეგ მოვუყევი რეჟისორ ნანა ჯანელიძეს, გადავწყვიტეთ, რომ  ჩვენი სცენარის გმირის სახე ყოფილიყო მუნკის „კივილი“.
ომს შეიძლება არ აქვს ქალის სახე, მაგრამ მას აქვს ქალის ხმა, ქალის ცრემლის, ტირილის, პროტესტის ხმა. სწორედ ეს ხმა ისმის გერმანიაში გამომცემლობა Pop-Verlag-ის მიერ ახლახანს გამოცემულ კრებულში „უსაზღვროდ“, სადაც 15 ქართველი მწერალი ქალის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომზე დაწერილი ტექსტებია შესული. ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორი შორენა ლებანიძეა, რომლის მთელი შემოქმედება სწორედ ქალსა და ომს ეხება.
შორენა ლებანიძეც, ლიას მსგავსად, ჟურნალისტი იყო და აფხაზეთის ომს აშუქებდა. „მე ჩემი ომი გამოვიარე, - ამბობს შორენა, - დანაღმულ ხიდზეც გადავსულვარ, დევნილთა ჯგუფთან ერთად, თეთრი ცხვირსახოცის ფრიალით, რომ გაღმა ჩასაფრებული ჯარისკაცების უნებური მსხვერპლი არ გავმხდარიყავი, მდინარე ცხენისწყალიც გადამილახავს. ინტერვიუ ჩამიწერია შტაბ-ბინაში, რომელიც შეხვედრის დასრულებისთანავე ჭურვებს მიწასთან გაუსწორებია. მიმგზავრია თვითმფრინავით, რომელიც მომდევნო რეისის შესრულებისას ჰაერში აფეთქებულა. მისაუბრია ადამიანებთან, რომლებიც მალევე დაღუპულან ან უგზო-უკვლოდ დაკარგულან. ჩავსულვარ სოფლებში, სადაც გავერანებულ-დაბომბილი ნაკედლარებიღა დამხვედრია. მინახავს კარგამოკეტილი, დარაბაჩაგმანული სახლები, სარეველაგადავლილი ეზოები, უსიცოცხლო და გაუდაბურებული გარემო... ეს დიდ განცდებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ, თბილისში ჩასულს, გული კვლავ აფხაზეთისკენ მიმიწევდა. თითქოს ომის ბაცილა სისხლში მქონდა გამჯდარი და მოსვენებას არ მაძლევდა. მაშინ, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ წლების მანძილზე გამოქვეყნებული რამდენიმე ათეული სტატია, საგულდაგულოდ შენახულ „შავ მასალასთან“ ერთად, უსარგებლო მაკულატურად კი არა, მდიდარ არქივად იქცეოდა; რომ სწორედ ძველ საქაღალდეებში თავმოყრილი ჩანაწერები, უბის წიგნაკებში მონიშნული ფაქტები, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე დაბეჭდილი საკუთარი სტატია-რეპორტაჟები, დავიწყების საშუალებას რომ არ მაძლევდნენ, მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის წიგნებს დაედებოდა საფუძვლად“.
როდესაც ომზე (და არა ომში) გამარჯვებულ, ნებისმიერ, თვით ყველაზე უსასოო მდგომარეობაში ჰუმანიზმის იდეალების შენარჩუნებისთვის მებრძოლ ღირსეულ ქალებზეა საუბარი, უპირველესად, სწორედ შორენა ლებანიძის წიგნის რეალური პერსონაჟი, მანანა ანუა მაგონდება. ქალი, რომელმაც 27 წლისამ გამოსცადა ომის მთელი საშინელება და გაძლების, გადარჩენის წარმოუდგენელი უნარით, შერიგების, მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევით დაგვამახსოვრა თავი... მისი ისტორია, დედით ქართველი და მამით აფხაზი გოგონას ტყვეობის ორმოცდათორმეტდღიანი ქრონიკა, რეპორტაჟი სასაკლაოდან, სავსეა შემზარავი შთაბეჭდილებით, მძაფრი და ექსტრემალური მოვლენებით. თუმცა, სწორედ ამ სისასტიკეში გამოიკვეთა მთავარი ადამიანური ფასეულობები, რომლებმაც მანანა ანუასა და მის გვერდით მყოფი ადამიანების, ქართველი ხიზნებისა და აფხაზი მეომრების, ცხოვრება შეცვალა, თითოეულს დიდი სულიერი გარდატეხისკენ უბიძგა, თავგანწირული საქციელისთვის შეამზადა, ომის აბსურდულობასა და სიყვარულის ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნა. ყველანი ზნეობრივი გმირები იყვნენ. მათ შეძლეს, კონკრეტულ ვითარებაში, სწორედ მანანა ანუას პიროვნული მაგალითის საფუძველზე, არა მხოლოდ დაეცვათ, არამედ თვითონვე დაემკვიდრებინათ ღირებულებები, აღმოეჩინათ, რომ, თურმე, ნაძალადევი, თავსმოხვეული მტრობა კი არ მიჯნავდათ, პირიქით, მეგობრობა აკავშირებდათ... და დღეს ეს სივრცე არა მხოლოდ  ლიტერატურაში, რეალობაშიც არსებობს. ეს არის 27 წლის გოგონას მიერ შექმნილი სოფლის ტაძარი - ქართველი ტყვექალებისა და აფხაზი მეომრების შეხვედრის ადგილი, სადაც მტრების დამეგობრება ხდება. ფიქრობ, სწორედ მსგავსი ქმედება, განწყობილება და პოზიცია ანიჭებს კონკრეტულ დროსა და სივრცეში მომხდარ ამბავს მარადიულ აზრს და გლობალურს ხდის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის.
„ომში ყველა მსხვერპლია, - ამბობს კიდევ ერთი მწერალი ქალი ეკატერინე ტოგონიძე, რომელიც ნანა ჯანელიძის ახალ ფილმში მთავარ როლსაც ასრულებს, - „თუმცა  ქალები მსხვერპლთა მსხვერპლს უფრო ემსგავსებიან, ორმაგ მსხვერპლს წარმოადგენენ სხვისი თამაშის წესების, შეცდომებისა და სისასტიკის ტყვეობაში. ისინი მხოლოდ შვილების გახიზვნას კი არ ცდილობენ, ზოგჯერ ომშიც მიდიან - არა მხოლოდ მედდებად, არამედ მებრძოლებად, სნაიპერებად, ტანკისტებად, მაგრამ ეს არასდროსაა მათი არჩევანი. ომებს კაცები იწყებენ და ქალები მათთან ერთად კარგავენ ოჯახებს, სახლებს, მომავალს, სიცოცხლეს. სიცოცხლეს კი ქალი მთელი თავისი არსით ემსახურება, მუდამ მის მხარესაა, მისი გამრავლებისა და გადარჩენის სადარაჯოზე. ამიტომ ომში ქალის ტრაგედია, მისი მსხვერპლი და გმირობა ცალკე ისტორიაა“.
ქართველმა მწერალმა და ფილოსოფოსმა ბაჩანა ბრეგვაძემ თავის ირენოლოგიურ წერილში მშვიდობის პერიოდს „ისტორიის მთქნარება“ უწოდა. და მაშინ, როცა ისტორია ამთქნარებს, ომს გადარჩენილ ქალს ომისგან გაჩანაგებული მშვიდობის შეკოწიწება საკუთარი ხელით უწევს. სწორედ ამაზეა ეკატერინეს ახალი რომანი „შინ შენ“, რომელიც ასე იწყება: „ადამიანები ორად იყოფიან: ომგამოვლილებად და ომგამოუვლელებად, თუმცა მათ შორის არიან სხვებიც, ომსა და მშვიდობას შუა გადებული ბეწვის ხიდები, ომის საქანელები“. ესენი უმეტესად სწორედ ქალები არიან, ქალები ეგებიან ხიდებად, როცა კონფლიქტის ზონაში პირობითი საზღვრის მიღმა დარჩენილ მოსახლეს, ე.წ. მტრის ოჯახს ღობიდან ფქვილსა და შაქარს გადააწვდიან, თავისი წილი მშვიდობის დამყარებას შეეცდებიან, როცა ომისგან სახედაკარგულ, რეალობისგან სმასა და ნარკოტიკში გაქცეულ კაცს თავგანწირვით მოუვლიან, თავს უფლებას არ მისცემენ მკლავები ჩამოყარონ და თქვან: აღარ შეგვიძლია!  ეკას რომანი „შინ - შენ“ ომის ტრავმებზეა. ომის შემდგომ მშვიდობაზე, რომელშიც ყველაფერი მოჩვენებითად კარგადაა - არავის შია, თითქმის აღარავის ეშინია, ცხოვრება თავისი დინებით მიდის - სანამ, ერთ მშვენიერ დღეს, მიწისძრვა გვარიანად შეარყევს თბილისის ძველ უბანს და აფხაზეთიდან დევნილი მამა სახლიდან გაიქცევა. მიატოვებს 11 წლის გოგონას და მის გადასარჩენად მოგვიანებით უკვე ქუჩიდან მიბრუნდება გონსმოსული. ბავშვი საკუთარი თვალით დაინახავს ადგილიდან მოწყვეტილ შეშინებულ მამას, დაინახავს მის მხდალ ზურგს და უკანმოუხედავ გაქცევას, მარტო რჩება საფრთხის პირისპირ და კარგავს ყველაზე მთავარს - რწმენას, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც მისთვის სიცოცხლესაც დათმობს, აბა სხვა რა არის აბსოლუტური სიყვარული?.. - ამბობს ეკა, რომლის წიგნიც პატიებაზეა, შინ დაბრუნებაზე, შერიგებაზე, აბსოლუტურ სიყვარულზე, რაც ქალს უკეთესად შეუძლია, სადაც ქალი სიძულვილსა და სიკვდილზე მაღლა დგება და, ამგვარად, კაცობრიობის ყველაზე დიდ უბედურებას - ომსაც ამარცხებს.








































скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge