გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლუკა ჭყოიძე - ლექსები






განხილვა

ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით?
ადგილი არის და რბილ სკამებზე უკლებლივ ყველა რომ დაბრძანდებით,
უმალ დავიწყებთ სჯა-ბაასს, კამათს, ანუ განხილვას მხოლოდ ლირიკის,
იმედი მაქვს, რომ არ მიუდგებით განხილვის საგანს მწარე ქილიკით.

დღეს განვიხილავთ ჩვენ ლექსთა კრებულს, რომელიც არის დამწყებ პოეტის,
მოგეხსენებათ, საჩოთიროა კომენტირება ყველა ტაეპის.
გეტყვით იმასაც, თავად ავტორმა რომ არ ისურვა ჩვენთან სტუმრობა,
ვგონებ, კიდევ წერს, არ დაიღალა?! მიიღეთ ჩემგან მცირე ხუმრობა.

„აი, მე გეტყვით ჩემს აზრებს წიგნზე და შევეცდები აღვწერო ზუსტად
მისი არსი და დანიშნულება, არ ჩაიაროს ლაყბობამ უქმად.
თვალნათლივია ლექსთა სათქმელი, მის წიაღში ძევს თავისუფლება,
ზოგი ნაწერი არის ისეთი, კითხვისას სევდა დაგეუფლება.“

„მე კი არ ვფიქრობ“, - იწყებს მეორე, - „რომ ამ ლექსებში არის სილაღე,
როგორც მკითხველმა, რამდენიმეში ამოვიკითხე ცხადი სიყალბე.
მშრალი სიტყვები, ჰიპერბოლები და უადგილო, ვითომ ტროპები,
იმის თქმა მინდა, ყოველ მათგანში ჩანს ხელოვნური შედარებები.“

„ვერ ვიზიარებ თქვენს შეფასებას“, - აქ კი მესამე იწყებს საუბარს
და იხედება ის აქეთ იქით, თითქოს მის ნათქვამს სხვა მხარს აუბამს.
მერე აგრძელებს: „ყალბი არაა, ჩემთვის უბრალოდ არის უცნობი,
როგორ ახერხებს ყოველ სიტყვაში გატკინოს ანდა იყო უგრძნობი.“

„ჩემი აზრით კი“, - მეოთხე დგება და მზერას ავლებს დარბაზში მყოფებს,
აგრძელებს: „არ აქვს რაიმე აზრი შეკოწიწებულ და მდარე სტროფებს.
პოეტს უჯობდა, სულ არ ეწერა, არ შეერცხვინა თავი გოდებით,
პოეტს კი ვამბობ, მაგრამ, იცოდეთ, სულაც არაა ის ამ წოდების.“

„შემოქმედებას მისას ატყვია, სევდიან თემებს მუდმივად ხატავს,
გაბრძოლებაა რომანტიზმში და რომანტიკოსებს უნიჭოდ ბაძავს,
ცდილობს, დაწეროს სილამაზეზე ან სიყვარულზე, თუნდაც წვალებით“, -
მეხუთე ამბობს, გარშემო მყოფებს დიდაქტიკურით უმზერს თვალებით.

მეექვსე დუმს და უბრალოდ ფიქრობს, რა შეუძლია კრებულზე რომ თქვას,
მეშვიდე გვერდით მარტოსულად ზის და ყურს არ უგდებს არავის ნათქვამს,
მერვე კი ბოდიშს ლუღლუღით იხდის და მყისვე ტოვებს ჩახუთულ დარბაზს,
მისი შემყურე, ღიზიანდება მეცხრე და ანთხევს ეგოიზმს და ბრაზს.
იქ ბევრი იყო დავიდარაბა და არ აცდიდნენ ერთურთს ლაპარაკს,
სიტყვებს ფანტავდნენ ყოველი კუთხით, იმახინჯებდნენ პირის აპარატს.
ერთმანეთს მისწვდნენ კინაღამ ხელით, მე ვარ მართალი, შენ არა - მეო,
გაიზიარე ჩემი ნათქვამი, დასკვნითი სიტყვაც მე დამითმეო...

ამ დროს კი სხვაგან,  სწავლულთაგან შორს, ოთახში იჯდა ერთი და წერდა,
გარეთ ელავდა, სასტიკად წვიმდა, ცაზე გრუხუნი მკვნესარედ ჟღერდა...
ცდილობდა კალმის დაყაბულებას, ამაოდ, თუმცა მძლავრ რუდუნებით:
„ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით?..“





გაორებული მივუყვები

გაორებული მივუყვები უკაცურ ქუჩას,
ყველა შენობაც (მარტოსული) სარკეა თითქოს...
ტანჯული ღამე, დასასრული რომ აღარ უჩანს,
გათენებაზე მორიდებით და კრძალვით ფიქრობს.
აჩრდილი კოცნის ლამპიონებს, დიდი ხნის ჩამქრალს,
მათი შემყურე, სირცხვილით იწვის ვარსკვლავი ცივი
და თავზე მადგამს შარავანდედს, ბნელეთში მიმქრალს,
სადღაც შორიდან ქარბუქი კი სიმწრისგან კივის.
სიზმრად ნანახი მეშლება თვალწინ ხეტიალისას,
ლანდებად დამდევს დაუვიწყარი ღამის ზმანება;
მთვარე კი მოჰგავს უცოდველ და ლამაზ ალისას,
კურდღელს რომ გაჰყვა, თავი ზღაპრადაც რომ არ ანება.
ახლა უცხოა ადრე ნაცნობი ყველა ადგილი,
აწმყომ წარსული დაუნდობლად, დროდადრო შთანთქა...
ნაჭდევად აწევს დიდრონ ხეებს ურვის სამხილი,
ანგელოზების გალობა კი დუმილმა დანთქა.
ღიღინს ვიწყებ და უნებური მიპყრობს სირცხვილი,
რადგან სხვა შვება, სხვა ნუგეში არ დამრჩენია,
თავად ვარ ძღვენი, შმაგ ღამისთვის რიდით მიძღვნილი
და ეს წანწალიც ლირიკული განაჩენია.
სულში იზამთრებს გაზაფხულის წამხდარი ნირი,
კვირტების სკდომა ბეჩავ ტოტებს ღიმილით აკრთობს...
სხივმა კანკალით დაივანა ადგილი მწირი,
შემომათენდა. უკვე ცისკარი ადგილსაც არ თმობს.



დამშრალი ლექსი

დაშრა ზღვა, დაშრა მდინარე, დაშრა ტბები თუ რუები,
დაშრა ქოთანში ყვავილი წვიმისგან განაბრუები,
დაშრა თვით წვიმაც, რადგანაც დაშრნენ ქაფქაფა ღრუბლები,
დაშრა ჭიქაში წყალი და მე დამაშვრალი ვწუხდები.
და ვარსკვლავისგან ცაც დაშრა, როგორაც წყარო ანკარა,
გაშიშვლდა ცივი მთვარე და მყის აიტანა კანკალმა,
დაშრა სახლის წინ გუბურა, ვერ გრილდებიან კატები,
სახურავები მოთქვამენ ცხელ ოხშივარის მატებით.
დაშრა სასმისში სასმელი - არაყი, ღვინო და ვისკი,
ვერ მბრძანებლობენ ლოთები, მოდი და დროზე დამისხი!..
საღებავებიც კი დაშრა, მხატვრები ტირილს იწყებენ,
პუანტილიზმი, კუბიზმი... შესაბრალისად იწყენენ.
დაშრა თვალებში ცრემლები, კვნესა, მოთქმა და გოდება...
ცრემლების ნაცვლად სევდისას სიმშრალე გადმოგორდება.
დაშრა საათზე საათი, წუთები, გნებავთ - წამები
და შეეყინათ ღამეებს დედების იავნანები.
დაშრა ყოველი სიტყვა თუ დამშვიდობება, სალამი,
ნეტავი, მეც არ დამიშრეს საგოგმანები კალა...


მინაწერი წიგნის ყდაზე

რახან გადაშალე წიგნი გაცრეცილი,
გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, არ ინანებ...
კარი ჩარაზე და ფარდაც მოეფარა
სნეულ ხის ტოტებს და სხივნიც გაინაბნენ.
წიგნში არ შეგხვდება უცხო ესთეტიკა,
მძაფრად ბანალური გრძელი საუბარი,
პერსონაჟები კი ყველა მოსაწყენი,
ამბის ნარატივი - მდორედ ნაუბარი.
რომანს შუაზე ჰყოფს ორი ნაწილი და
კიდევ, ღმერთმა უწყის, რამდენი ქვეთავი,
ყდაზე ძლივსღა მოჩანს მცირე ავტოგრაფი,
შავი მელნით ქმნილი, უხმო და მწვეთავი.
ახლა ფურცლებს უდით სუნი სიძველისა,
ყველა გადაყვითლდა, როგორც ბალახები,
არც კი გაირჩევა ზოგან ნაბეჭდი და
ქაღალდს ეფინება მწუხრის დალალები.
კარზე კაკუნია, მგონი, გაწუხებენ!
წარბსაც არ შეიხრი, უმალ აიგნორებ,
კიდევ გაბრძოლება კარზე უიმედოდ,
მაგრამ კაკუნის ხმას ვეღარ გაიგონებ.
დასაწყისიდანვე წიგნი მოგხიბლავს და
ყოველს დაგავიწყებს დღისით, თუნდაც - ღამით,
ახლა შენს ხელში ვარ, ყოვლად უიმედო,
გთხოვ, რომ მომისმინო მხოლოდ ერთი წამით...
დაბინავებული ორ ძველ ქაღალდს შორის,
მათი სურნელით და ეშხით გამომთვრალი,
მე ვარ უსახელო, უცხო პერსონაჟი,
მჭკნარი, მიბნედილი, ბევრჯერ ნაზამთრალი.
და რომ აირეკლავს ყველა ასო-ბგერას
შენი წრფელი თვალი, ზოგჯერაც მზაკვრული,
მერე სიფაქიზით ქაღალდს შეეხები,
გაურკვევლობისგან მეტად დაზაფრული.
თავსაც არ შეგაწყენ, უკვე მომაგენი,
მგონი, გაგახსენდი, კადრიც აღიდგინე -
შემოდგომა იყო, შენ რომ ჩამომწყვიტე
წიფლის გამხმარ ტოტს და გულზე დამიფინე.



ლირიკული ონკანი

მე ლირიკული ონკანი მაქვს და მოედინება წვეთი წანწკარით
და ყოველ ხანგრძლივ ინტერვალებში ლექსი სველდება მორიგი პწკარით,
ჩემი ონკანი წააგავს ღრულებს, წააგავს წყაროს და ქალის ძუძუს,
რომ ღვთაებრივი საჩუქარივით წყალი აგემოს დამაშვრალ უძლურს.
წვეთების კვნესა ცივ ნიჟარაში წკაპ! და ჩერდება... წკაპ! და ჩერდება...
დუმილით ნაჭამ უცხო ოთახში, ვით დროის ბზარვა, ისე ჟღერდება.
რა არ ვქენი და რა არ ვეცადე, სულ რომ მომეშთო წვეთების წყება,
მაგრამ ჯიუტად (და რა ხანია) მათი წანწკარი არაფრით წყდება.
როცა მინდება ვუსმინო ჰაიდნს, ვუსმინო ბახს და შტრაუსის პოლკას,
დახამებული მეზღვაურივით, როგორც სირინოზს, ვუსმენ ჩემს ონკანს.
შევადარებდი მის მზაკვრულ ჩურჩულს ღამის ლოცვებს და მორზეს იმ ანბანს,
რომ იდღაბნება სახურავებზე წვიმის სახით და ცოდვილებს განბანს.
საათს უარი, კომპასს უარი, დროსა და სივრცეს მტკიცე უარი
(ჩემს ყოველ ფიქრსაც ხედავს ონკანი, მუდმივად მისმენს, განა ყრუ არი),
არიან მხოლოდ წვრილი ბგერები, დღისა თუ ღამის ორიენტირად,
ზოგჯერაც ვგავარ ჩემივე ონკანს და ისიც მაშინ, თუ ამეტირა
უსასოობით ძალაგამოცლილს, დატანჯულს, ცოდვილს, დავრდომილს ანდა
იმედით სავსეს (როცა ვიყავი მაშინ, როდესაც ონკანი გაჩნდა).
გაჩნდა წვეთად და უვერტიურა ჩაარაკრაკა, ანუ დამიკრა,
სწორედაც მაშინ ჩამოღამდა და თითქოს სიბნელემ თვალი ჩამიკრა.
მას შემდეგ ვზივარ უფუნქციოდ და ძლივს ვაკოწიწებ იმ წყვეტილ აზრებს,
ანჟამბემანი რომ ეწოდება, მუდამ რომ სერავს სტრიქონთა ხაზებს.
მუდმივად ვუცდი, როდის გასკდება ონკანი უცბად და შემომფარქვევს
ისეთ ლირიკას და ესთეტიკას, სახელს ვერავინ რომ ვერ დაარქმევს.
ცხოვრება (ანუ მჟღერი ონკანი) გამყინავ წვეთებს წერტილს არ უსვამს
და ახალგრძლივებს ინტერვალებში გამაყრუებელ მწარე პაუზას.



მესაათე

ოთახში მეფობს ჩუმი წიკწიკი, როგორც წვიმის დროს ბგერები ტბორის
და რა ხანია, თორმეტს გადასცდა, ნახევარია მემგონი ორის.
გარეთ კი ყეფენ შავი ძაღლები, ვით ოპერაში სცენის მგოსნები,
შემოდგომისას ხიდან ფოთლები ცვივა ზაფხულის თბილი ოცნებით.
იდილიაში, მყუდროებაში მაგიდას უზის მესაათე და
ვინ იცის, უკვე მერამდენეა, მორიგი ღამე რომ დაათენდა,
ისე ღიღინებს აუჩქარებლად, რიტმულად, მშვიდად, ლოცულობს თითქოს
და მასთან ერთად კედელზე მყოფი ყველა საათი წამებზე ფიქრობს.
იქვე თვლემს კატა (ძაღლებს არც უსმენს) და მშვიდად ფშვინავს ყვითელ ბალიშზე,
კუდის ქიცინით ის მესაათეს (არავინ იცის), თუ რას ანიშნებს.
ფარდებს კი არხევს თბილი ნიავი და თითქოს კოცნის საათის ისრებს,
მინავლებული ბუხარში ცეცხლი უკანასკნელად ძალ-ღონეს იკრებს...
ჭანჭიკები თუ მომცრო ხრახნები ამექანიზმებს ცნობიერებას
და დროის მდორე მდინარებაში აუფერულებს ყოფიერებას.
მესაათეს კი რიდით რომ ჰკითხო, თუ რას აკეთებს, რას ჩაჰკირკიტებს,
პასუხს არ გაგცემს, საქმეს განაგრძობს, მწარე სარკზმით ჩაიხითხითებს.
და გაიხსენებს სიყმაწვილის წლებს, როცა დროებას არად აგდებდა,
როცა რიცხვები წამის თუ წუთის, ანდა საათის მყისვე დანებდა...
როცა გაჩერდა დროის ღელვა და როცა ტალღები ძლივსღა დაოკდნენ,
როცა საათზე თუ კალენდარზე შავი რიცხვები უცბად დაობლდნენ.
მოგონებები მოჰგავს ციფერბლატს და ერთურთს წამში ენაცვლებიან,
გადაყვითლებულ ქაღალდებზე რომ სიტყვები ძრწოლით იმარცვლებიან.
დროს შეეყინენ თეთრი ლანდები, მერმისი მწარედ გაბუნდოვანდა,
გახუნებული, უცხო დუმილი გახმოვანდა თუ გათანხმოვანდა.
დრო (ანუ ჩქარი მატარებელი) აღარ ჩერდება ბაქანზე დიდხანს
და შესქელებულ, მრუმე სიჩუმეს საათი ურჩი წიკწიკით ხიბლავს.
ყველა კუნჭული თუ ყველა კუთხე მტვერივით იფენს კაკაფონიას,
(ეს ყველაფერი ცალსახად მოხდა, მე არაფერი მომიგონია).
...მესაათეს კი რიდით რომ ჰკითხო, თუ რას აკეთებს, რას ჩაჰკირკიტებს,
მის ნაცვლად პასუხს საათი გაგცემს და სარკასტულად ჩაიწიკწიკებს.



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge