გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

როლანდ გიორგაძე - ცანგალა და გოგონა


ცანგალა და გოგონა

დადგა მაისი და ბუნებამ მთელი თავისი მშვენიერება სრულყოფილად გამოამზეურა. კორპუსების ტყვეობაში მოქცეული, ქალაქის გარეუბნის ციცქნა ბაღი მწვანედ ხასხასებდა.  ზოგიერთ ხეს ყვავილობა ჯერ კიდევ არ დაესრულებინა, ზოგი კი უკვე  ნაყოფის მოსაცემად იყო მზად. ბავშვები ხილს დამწიფებასაც არ აცდიდნენ და ლამის კვირტიდან ახლადგამოსულს შეექცეოდნენ ხოლმე. მაკრინე ბებიაც შვილიშვილებთან ერთად ეწვია ბაღს. შესვლისთანავე, დაუსხლტნენ ონავრები ხელიდან ბებოს და ხილნარს შეესივნენ. კორონა ვირუსის გამო  შინაპატიმრობას თავდაღწეულნი დარბოდნენ, დახტოდნენ, ხან ხელებს შემოასალტებდნენ ხებს, ხანაც აცოცებას ცდილობდნენ.
ბებო მაკრინე პატარა ძელსკამზე ჩამოჯდა და საქსოვი გაშალა. ყმაწვილქალობიდან შეასწავლა ქსოვა ბებიამ. ქსოვდა წინდებს, კაბებს თუ სვიტერებს. ძალზე ხელმარჯვე იყო,  უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდა. ისე გამოაგვირისტებდა  ნამუშევრებს სხვადასხვა ფიგურებით თუ ორნამენტებით, მნახველთა გაოცებას იწვევდა. ნამდვილ  ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა. ქსოვდა ქაოტურ ფიქრებს აყოლილი, ხან წარსულს შემოირბენდა,  ხან აწყმოს, ისე სწრაფად ქსოვდა, თვალს ვერ შეასწრებდით თითების მოძრაობას. ბავშვებს მიყურადებული მშვიდად ქსოვდა. სათვალის ზემოდან მიმინოსავით გადმოხედავდათ, შეეხმიანებოდათ და სიფრთხილისაკენ მოუწოდებდათ. ებრალებოდა ბავშვობადაკარგული ბავშვები. ფიქრობდა: ბავშვი ბუნებასთან ჰარმონიაში თავისუფლად უნდა იზრდებოდესო.
ცოტა ხნის უკან ოთხმოცდაათს მიტანებულმა ბიძია ოთარმა დაურეკა. ძალიან გაუხარდა, მხნედ ელაპარაკებოდა მხცოვანი, არაფრის შეგეშინდესო, ეგ კორონაა თუ რაღაც შავი ჭირი მეც შემეყარა და ვერაფერი დამაკლოო. ბევრ ფიქრს უნდა შეეშვაო, ღობე-ყორეს არ უნდა მოედოო, მადლობელი იყავი იმით, რაც ღმერთმა მოგცაო, დარდი და ნაღველი გულს უჭამს ადამიანსო, შეეცადე სიხარული დაიტიო გულში, მიენდე უფალას და ყველაფერი კარგად იქნებაო. ხო, მთავარი კინაღამ დამავიწყდა, ორ კვირაში იუბილარი ვხვდები, ოთხმოცდაათი წელი მისრულდება და აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე. ბიძია, წუთისოფელი სავსეა მოულოდნელობებით. სასიხარულო  მოულოდნელობას გისურვებ, არ გამაწბილო, აუცილებლად უნდა მეწვიოო.  ყველას ვეპატიჟები, ყველას, ჩემს სისხლსა და ხორცს უნდა მოგიყაროთ თავი, სანამ ჩემი ქვიშის საათი საბოლოდ დაიცლება, მინდა ყველას მოგესიყვარულოთ. კაცი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, ხვალისი მხოლოდ ხვალემ იცისო. დაპირდა, აუცილებლად ჩამოვალო. ზარმა გაახალისა, ჩემს მშობლიურ ქუთაისში ჩავალ, მონატრებულ ადგილებს მოვათვალიერებ და მეორე დღეს ჩავაკითხავ სოფელშიო. საბავშვო ბაღშიც აუცილებლად შევივლი, ის ხომ ჩემი პედაგოგიური საქმიანობის აკვანია, ვნახავ ჩემი ასაკის თუ ვინმე კიდევ შემორჩაო.
თავი წამოწია, მიიხედ-მოიხედა, ვიღაც ახალგაზრდა დედა მოპირდაპირე სკამზე ჩამომჯდარიყო, უწლოვანი ბავშვი მკერდზე მიეწვინა და ნეტარი ღიმილით დასცქეროდა. შვილიშვილებისაკენ გაიხედა, პატარები ჯოხით მიწას ჩიჩქნიდნენ. უცხო ენაზე საუბარი მოესმა, წამიერად შეეწყვიტა ქსოვა და თავი მოსაუბრეებისკენ მიაბრუნა. სიჭარმაგეში შესული წყვილი ბაღისკენ შემობრუნდა, პატარა ხანს დაყოვდნენ, ბაღი მოათვალიერეს და ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ გზას. გაუკვირდა მაკრინეს, ქალაქის გარეუბნებში იშვიათად თუ გამოჩნდებოდნენ უცხოელები.  ისინი ძირითადა ქალაქის ძველ უბნებში დასეირნობდნენ და აღტაცებით ათვალიერებდნე საუკუნებს გამოვლილ ციხე-კოშკებს, თუ მათთვის უცნაურ და საინტერესო არქიტექტურას. ნეტავ, აქეთ რა ქარმა გადმოისროლათო, ფიქრობდა თავისთვის. წამოდგა, გაიარ-გამოიარა, ბავშვები შეათვალიერა, რომლებიც გატაცებით აგრძელებდნენ თამაშს. ისევ სკამზე ჩამოჯდა და საქსოვს დასწვდა. მასრასავით ასრიალდნენ თითები. ნეტავ, რა ენაზე საუბრობდნენ? უცხო ენამ  წარსულისკენ გაახედა, ღიმმორეული  მოგონებებში ჩაიძირა.

* * *
იმ დღეს სამსახურში მისული ბაღის გამგემ გამოიძახა. კარზე დააკაკუნა. შემოდითო, დაიძახეს კარს მიღმა. მორიდებით შეაღო კარი. ორმცდაათ წელს მიტანებული ბაღის გამგე მაგიდაზე გადაშლილ ქაღალდებს ჩაცქეროდა, დაბულულებული თმა თავზე ზვინივით ედგა. უცნაური ვარცხნილობით, იმ დროისათვის, ცნობილ და პოპულარულ მომღერალს  - ლიუდმილა ზიკინას წააგავდა და ზედმეტსახელად ზიკინა შეარქვეს. ისე კი, ეს სახელი, გულის სიღრმეში სიამოვნებდა და ცდილობდა უფრო მეტად მიებაძა  მომღერლისათვის.  
- მაკრინე, შემოდი, შემოდი, გოგო! - თავი ასწია ზიკინამ, - ვინ დაგანათლა ეს სახელი, რომელი კიდობნიდან ამოაძვრეს? რა უბედურებაა, ენას ვიტეხ. ვიღას არქმევენ ახლა ასეთ სახელს. დღეიდან მარინე იქნები, უფრო თანამედროვეა.
- რა გითხრათ ქალბატონო... - კინაღამ ზიკინა წამოსცდა, სწრაფად მოეგო გონს, - ქალბატონო ეკა, ბებიას სახელი დამარქვეს, - მორცხვად წარმოთქვა მაკრინემ.
იმ დღიდან მოყოლებული ნათლობის სახელით აღარც არავის მიუმართავს მისთვის. თვითონაც შეეჩვია და გაითავისა.
- კარგი, კარგი. ძალიან მალე დიდი დღესასწაული გვიახლოვდება, ბავშვები სათანადოდ უნდა მოვამზადოთ. ქალაქის ხელმძღვანელობა და განათლების სამინისტროდან სტუმრები გვეწვევიან. თუ ვიყოჩაღებთ, დედაქალაქში მიგვიპატიჟებენ. შენ უნდა უხელმძღვანელო ამ საქმეს. არ მინდა მოსაწყენი, ტრაფარეტული ღონისძიება. რაიმე ახალი უნდა შევთავაზოთ, განსხვავებული. ისეთი პროგრამა უნდა მოვიფიქროთ ერთ ადგილზე ვერ გაჩერდნენ და გაკვირვებისგან ღია დარჩეთ პირი. დაახლოებითი მონახაზი გავაკეთე. გადახედე, სრულ თავისუფლებას გაძლევ. ახალგაზრდები სხვანაირად უყურებთ ყველაფერს, - თავი წამოწია და ზემოთ ავარცხნილი თმები შეისწორა, - დაიხმარე, ვისაც საჭიროდ ჩათვლი, არ მოგერიდოს.
ახალგაზრდა პედაგოგმა საკონცერტო პროგრამა ხელში აიღო. შევეცდებიო, ძლივს წარმოთქვა  და აჩქარებული ნაბიჯით გამოვიდა კაბინეტიდან.
მეტად საპასუხისმგებლო საქმე იყო, ღამეებს ათენებდა. მეგობრებიც დაიხმარა და პროგრამის საბოლოო ვარიანტი ზიკინას წარუდგინა.
ზიკინამ სათვალის ზემოდან ეჭვით შეხედა მარინეს და პროგრამა სულმოუთქმელად ჩაიკითხა.  
- ეს რა მოგიფიქრებია, გოგო, ნუთუ გამოვა?! ჯერ ნამეტანი პატარები არიან, გაიგებენ ტექსტების მნიშვნელობას?
- დედის სიყვარული დაბადებიდანვე დაჰყვება პატარებს. ასევე უნდა შეისიხლხორცონ ქვეყნის სიყვარული  დიდობაში რომ არ გაუუცხოვდნენ სამშობლოს, - უპასუხა მარინემ.
-  უყურე შენ! აი, თურმე როგორი ყოფილხარ! - თავი წამოსწია ზიკინამ და თბილი მზერა შეაგება მარინეს, - არ გეშინია? თუ ჩავფლავდით, ციმბირს უკან დაგვატოვინებენ.
- გამოვა ქალბატონო ეკა, გამოვა!
- მე, რა, თითქმის გავლიე წუთისოფელი, მაგრამ შენ  მეცოდები. რომ ჩავფლავდეთ, კარიერას გაიფუჭებ.
- აუცილებლად გამოგვივა, ქალბატონო ეკა. ასეთი რამე თქვენს ბაღში ჯერ არ დაუდგამთ.  
- რა ქალბატონობა აგიტყდა, ჩვეულებრივად მომმართე,  არც თუ ისე ბებერი ვარ, -  დათბა გოროზი ბაღის გამგე.
- რას ბრძანებთ, ქალბატონო…
- ჰმ, ისევ ქალბატონოო.
- წავალ ახლა მე, -  მორიდებით წარმოთქვა მარინემ. ქაღალდებს ხელი წამოავლო და კარისკენ გასწია.
- რაც იქნება, იქნება! - ზიკინამ მაგიდას ხელი დაჰკრა, მარინეს ხელმკლავი გაუკეთა და კარისკენ ერთად გასწიეს.  
კარის ზრულბთან ზიკინამ მოულოდნელად გადაიხარხარა:  
- ბომბია ეს, გოგო, ბომბი! აგერ,  ნახავ, განათლების განყოფილების ტლიკინა გოგოს თუ თვალი არ დავუყენოთ, სულ ზემოდან რომ დაგვცქერის. კარგი ახლა, წადი და მიხედე საქმეს, - ბავშვივით აცუნდრუკებული ზიკინა  ლამის  ცეკვით გაემართა მაგიდისკენ.

* * *
- ბებო, ბებო!
- რა მოხდა? ხომ არაფერი იტკინეთ? - გოგონების ძახილმა მარინე სააქაოს დააბრუნა.
- მოხტუნდი ბებო ჩვენთან,  ნახე რა ვიპოვეთ.
- მე რომ აწი მოვხტუნდები, - ჩაეცინა მარინეს.
- ბებო, ნახე, ეკალკაბია.
- ეკალკაბია კი არა, ბურთაჩხვლეტიაა, - შეეპასუხა მეორე.  
- რა ეკალკაბია, რა ბურთაჩხვლეტია, - ბებომ ასაკშეუფერებლად ისეთი გადაისკისკისა, გაოცებულებმა შიშით ახედეს, - ეს ხომ ზღარბია, საიდან გაჩნდა აქ? ხელი არ შეახოთ, დაიჩხვლიტებით! ეკალკაბია, ბურთაჩხვლეტია, რას არ მოიფიქრებენ!  პატარებო, არ დავაფრთხოთ, გავუშვათ მის ნებაზე, იქნებ თავის სახლში ეჩქარება, ვინ იცის როგორ ელოდებიან, - გაოცებული იყო ბებო, უკვირდა აქ ზღარბი საიდან გაჩნდაო.
ბავშვებს არ ეთმობოდათ უცნაური არსება, მაგრამ ბებოს მაინც გაყვნენ, თან  თვალი უკან რჩებოდათ.
- პატარებო, ახლა თოჯინებით  გაერთეთ. ვინ იცის, როგორ მოიწყინეს, - ბებომ ჩანთა გახსნა და თოჯინები ძელსკამზე ჩამოამწკრივა.
- ჩვენი ოლაფი, მერიდაც აქ ყოფილა, კონკიაც, ავრორა, არიელი, რაპუნცელი, - წამოიძახეს პატარებმა.
- სულ უცხოელები? - ჩაეკითხათ ბებო, - ერთი  ქართული თოჯინა მაინც არ გყავთ?
- ქართული? არა ბებო, ქართველები ჩვენ ვართ მარტო.
- ჰოდა იქართველეთ, თორემ დაგვღუპას მარტო უცხოურის ტრფიალი, - ბებომ სკამის კიდისკენ ჩაიჩოჩა და ადგილი ბავშვებს დაუთმო. ისევ საქსოვს დასწვდა, მუხლებზე დაიდო და მზერით კაკლის წვერს მისწვდა.
უკიდეგანო ცაში ფრთოსნები დასრიალებდნენ, ზოგი მათგანი ხეებზე ჩამომსხდარიყვნენ და მრავალხმიან საგალობელს უძღვნიდნენ ბაღის ბინადართ. მტრედები უშიშრად დაგოგმანებდნენ ბებია-შვილიშვილების ფეხებთან და საკვების მოლოდინში ღუღუნებდნენ. ბებო საზურგეს მიეყრდნო და  ისევ წარსულს აეტუზა.
* * *

საზეიმო დღეც დადგა.  საპატიო სტუმრები სცენასთან ახლოს დასვეს. წარმოდგენა დაიწყო. აღსაზრდელებმა პირველ ნომრად „მრავალჟამიერი“ შეასრულეს. ბავშვური უშუალობით მღეროდნენ და ახლადდაბადებული ნაკადულივით აწკრიალებდნენ ხმებს. საპატიო სტუმრებმა ერთმანეთს გაკვირვებით გადახდეს. ბაღის ბავშვები და მრავალჟამიერიო?! თანაც სად?! საქმე იმაში გახლდათ, რომ ბაღი რუსულენოვანი იყო, რა თქმა უნდა, ქართველი აღსაზრდელებიც ჰყავდათ. ოთხმოციანი წლების ბოლო იყო და მომძლავრებული ეროვნული მუხტი საზოგადოების ყველა ფენაში ყვავილობდა.  
იმ დღეს არც ერთი უცხოენოვანი სიმღერა არ შეუსრულებიათ. სიმღერას ცეკვები მოჰყვა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავე ბავშვები სასაცილოდ ბუქნავდნენ და ამხიარულებდნენ საზოგადოებას. ყველას ღიმილი დაჰფენოდა სახეზე.
საპატიო სტუმრების და დამსწრე საზოგადოების ყურადღება თავიდანვე ორმა მოზარდმა მიიქცია, - ყველაზე მაღლები იყვნენ და ქერათმიანები. აშკარად გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან თავიანთი არაქართული იერით და აქცენტით. მომდევნო ნომერი „ცანგალა და გოგონა“ ამ წყვილამ შეასრულა. ტაშს ბოლო არ უჩანდა. განსაკუთრებით, დარბაზის შუაში მსხდომი ახლგაზრდა წყვილი გამოირჩეოდა. ტაშის კვრისგან, ლამის, ხელისგულები დაიხეთქეს. ბოლო ნომერზე კი ცრემლებიც ვერ  შეიკავეს. მაშინ კი, როცა გუნდმა  „ქართველო ხელი ხმლს იკარ“ წამოიწყო, ყველანი ფეხზე წამოიჭრენ. ოვაციებით დამფრთხალმა, შეშინებულმა ბავშვებმა ლამის შეწყვტეს სიმღერა. საპატიო სტუმრები გაოცებულნი იყვნენ, ასეთი ღონისძიება აქ არასოდეს ჩატარებულაო. არც „დათუნია დრუნჩა“ უმღერიათ, არც „მიშკა კასალაპი.“ დაივიწყეს ლენინი, პარტია, პირველი მაისი.
განსაკუთრებული გაოცება და აღტაცება იმან გამოიწვია, როდესაც სცენაზე მარინემ ქერათმიანი ბიჭი და გოგო მოიწვია და გამოაცხადა:
- ძვირფასო მშობლებო და სტუმრებო, მინდა წარმოგიდგინოთ გერმანელი და-ძმა - კურტი და ელზა, რომლებმაც თავისებური კოლორიტი და ხიბლი შესძინა ჩვენს წარმოდგენას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ერთი სიტყვაც არ იციან, თავი არ დაუზოგავთ. მშობლებისთვისაც კი არ უთქვამთ ამ ნომრის შესახებ. სიურპრიზი გვინდოდა მოგვეწყო. აქვე მინდა მოვიწვიო მათი მშობლები.
გაოცებულმა, ცრემლმორეულმა და აღტაცებულმა მშობლება მადლობა გერმანულ-რუსულ ენაზე გადაიხადეს. ტაში და ოვაციები გრძელდებოდა. კიდევ ერთხელ გაამეორებინეს და-ძმას „ცანგალა და გოგონა“.
ბევრს უკვირდა გერმანელების გამოჩენა სცენაზე. საქმე იმაში იყო, რომ უცხოელები რამდენიმე თვით იყვნენ მოწვეულნი ქუთაისის ავტოქარხანაში სამუშაოდ, გერმანული დანადგარი უნდა აემუშავებინათ. მარინეს მამაც - ბიძინა მათთან ერთად მუშაობდა, უცხოელები ოჯახშიც არაერთხელ მიიწვიეს, დამეგობრდნენ კიდეც.
- ძვირფასო სტუმრებო და მშობლებო, - განაგრძო აღელვებულმა და სიხარულით სახეშეფაკლულმა მარინემ, - ასეთი გულმოდგინების, გარჯისა და  მონდომებისათვის, ჩვენთან გატარებული დღეების მოსაგონებლად, ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ჩვენს მეგობრებს საჩუქრად გადავცემთ ქართულ ეროვნულ სამოსს.  
აღრთოვანებული ზიკინა კანში ვეღარ ეტეოდა. სცენაზე ბზრიალებდა, წამდაუწუმ დაბულულებულ თმას ისწორებდა, სრულიად უცნობ ადამიანებს ეხვეოდა, ცრემლს ღვრიდა. მარინესაც მისწვდა, ჩაბღუჯა, გადაეხვია, ლამის წელში გადატეხა:
- ყოჩაღ, ცივსისხლიანი გერმანელების ატირება შესძელი. რამ მოგაფიქრებინა   გერმანელები და ცანგალა და გოგონა?!
- ქალბატონო ეკა, აქაური ბევრი რამ დაავიწყდებათ, მაგრამ სიმღერა და ცეკვები დიდხანს დარჩებათ მეხსიერებაში.
- ვითომ? - მხრები აიჩეჩა გამგემ.
- მეცნიერულადაა დადასტურებული, -  საბოლოო ბეჭედი დაუსვა მარინემ.  
- კარგი, კარგი, ვერ შევედავები მეცნიერებს. ხომ გეუბნებოდი, ბომბია-მეთქი. აჰა, ხომ აფეთქდა. მაგრამ ჩვენ რაფრა გოდოურჩებით ზემდგომებს, ეგ არ ვიცი. რაც არ უნდა თქვან, ფაქტი ერთია, ასეთი საღამო ამ ბაღს არ ახსოვს.
მოგონებამ ცრემლი მოჰფგვარა მარინეს. არაფერი ისე არ ახალისებს კაცის გულს, როგორც შრომით მიღწეული შედეგი. ყველაფერი ისე ცოცხლად წარმოუდგა, გეგონებოდა ახლაც სცენაზე იდგა თავის ორ უცხოელ პატარასთან და სახეშაფაკლული მოლოცვებს იღებდა. მარინეს მამამ უცხოელები ვახშმად სახლში მიიწვია. სამეფო სუფრა გაიშალა. ქართული მრავალხმიანიც რამდენჯერმე დააგუგუნეს. მარინეს ოჯახს უცხოელები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. არც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეუწყვეტიათ მათთან კავშირი. არც ბავშვები ივიწყებდნენ მარინეს. მოგვიანებით, სურათიც გამოგზავნეს. მერე  ქვეყანაც აიარია და ბარათებიც შეწყდა.
- ნეტავ, როგორ არიან ახლა? - გაიფიქრა მარინემ, - რა თქმა უნდა, ოჯახს შექმნიდნენ, შვილებიც ეყოლებათ, შეიძლბა შვილიშვილიც. საინტერესოა, თუ ჩავრჩი მათ ხსოვნაში. ეჰ, ფიქრები, ფიქრები, - ასაკში შესული ადამიანისათვის მიღმიერის ჰორიზონტი ფართოვდება და ყველაფერი ცხადდება, თბილი მოგონებები კი ის სიმდიდრეა, რომელსაც არც ჩრჩილი ჭამს  და ვერც ვერავინ მოგპარავს… და თუ  კეთილი კვალი დატოვე, გარშემომყოფთა გულებში,  ამაოდ არ გიცხოვრია.
საბავშვო ბაღში გამართულ უცნაურ ზეიმს  უკვალოდ  არ ჩაუვლია. გამგე და აღმზრდელი განათლების განყოფილებაში დაიბარეს. ჯერ შეაქეს, მერე კი ერთმა შუახანს გადაცილებულმა, საოცრად მოხდენილმა  მამაკაცმა, ვითომ, საყვედურნარევი კილოთი თქვა: - გამომივიდნენ ახმეტელები. ეს რა ულტრანაციონალური რამ დაგიდგამთ… ულტრანაციონალური ეხამუშა მარინეს, შეამცივნა, შიშით გაიხედა მხცოვანისკენ, რომელიც სანდოდ იღიმოდა, თვალიც კი ჩაუკრა  და დაამატა, მაგრამ კარგი ქე იყოო.
მოკლედ, ერთი სიმღერა ლენინზე და ერთი პარტიაზე. დახვეწეთ ნომრები და თბილისისთვის მოემზადეთო. ,,ულტრანაციონალური” - ღრმად ჩარჩა გონებაში  და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მათთან წლების მერე  სტუმრად მოსულმა ქმრის მეგობარმა გაიმეორა ეს სიტყვები. როგორც მოარული ხმები ამბობენ, სერგო ორჯონიკიძეს უთქვამს გრიგოლ რობაქიძისათვის, მისი სცენარით დადგმული სპექტაკლის „ლამარას“ ნახვის შემდეგ, ბოლოში კი დაუმატებია, კარგი ქე იყოო. მაშინ მიხვდა მარინე, თუ რაშიც იყო საქმე.

* * *
ჟრუანტელის მომგვრელმა გალობამ, საქსოვი გვერდზე გადაადებინა, თავი მაღლა ასწია და ხის წვერზე შემოსკუპულ შაშვის  თავგამოდებულ კრიმანჭულს მიუგდო  ყური. კარგა ხანს უსმენდა, მერე კი გულში თქვა: - არა ხარ შენ მიწიერი, საოცარო მგოსანო. ზეციურის მაცნე ხარ, ალბათ, მიწიერს მიჯაჭვულები ხანდახან მიღმიერისკენ რომ გაგვახედო. საფეხურებიანია წუთისოფელი, ნეტავ იმას ვინც სუფთა სინდისით ღირსეულად აივლის ამ საფეხურებს. რას იზამ, ხანდახან ჩამოჯდომაც გიწევს, უფრო მიმწუხრის ჟამს და მოგონებებით ცხოვრების დროც დგება. ნეტავ იმქვეყნად თუ  გაყვება კაცს  მიწიერი მოგონებები, - წაიოცნება და მერცხლებივით მოჟღურტულე შვილიშვილებს სიყვარულით გადახედა.  
- მარინე, მარინე! - კორპუსის აივანიდან შვილი ეძახდა, - დედა, დედა, სტუმრები გვეწვივენ, ამოდით!
,, ნეტავ, ვინ არის”, - გაუელვა თავში. საქსოვს ჩანთაში უკრა თავი, ბავშვებს ხელი ჩასჭიდა და სახლისაკენ გაეშურა.
კარი ღია დახვდა.  შევიდნენ. ბავშვები თავიანთ ოთახში შეცვიცდნენ, თვითონ კი მისაღებისაკენ გასწია.
- სადაა გოგო, სტუმრები?
დოინჯშემორტყმული ქალიშვილი  იღიმებოდა  და ხმას არ იღებდა.
- ეჰ, ნახე რა შენც ხუმრობის დრო, - უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი.
- არ გეხუმრები, დედა.  
- ჯერ არ დავბრმავებულვარ შვილო; ან იქნებ  უჩინმაჩინები  არიან?
- კარგი, კარგი, იწვი ხომ ცნობისმოყვარეობით?! ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ საპატიო სტუმრები, - ქალიშვილი წელში ოდნავ მოიხარა, მცირე რევერანსი გააკეთა და გაოცებულ დედას ხელში ბარათი ჩაუდო. - ნახე, რამოდენა ბეჭედი აზის? ცუდად არ გახდე, ჩამოჯექი. სულ გერმანელებზე რომ მელაპარაკებოდი, ჩამოდიან შენი პატარა მეგობრები, თუმცა რაღა პატარები... ელზა და კურტი, შენც მოგინახულებენ და ქვეყანასაც.
გაოგნებული მარინე დივანზე ჩამოესვენა და ძლივს წარმოთქვა:
- შეუძლებელია, წარმოუდგენელია, - მერე ღიმილი გაუკრთა, - როგორ თქვი ბიძია, წუთისოფელი სავსეა მოულოდნელობებითო?! ესეც შენი მოულოდნელობა. აუცილებლად ჩავუყვან ბიძაჩემს, ნამეტანი კარგი საჩუქარი კი გამოგვივა, - ფეხზე წამოიმართა, მხრები შეარხია, თითქოს წლები ჩამოიბერტყაო და გახალისებული შვილს  გადაეხვია.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge