ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გია ხუბუა - CRANIUM
ოთუთუნეს წმინდა სასაფლაოზე არცთუ დიდი ხნის წინათ კიდევ ერთი ბორცვი გაჩნდა. მის ქვეშ ანანას, როგორც შემდგომ სრულიად შემთხვევით გახმაურდა, უთავო ანუ თავმოკვეთილმა ნეშტმა განისვენა. გარდაცვლილს ახლობელ-მეგობარი არ ჰყავდა, იგი მეზობლებისა და შორეული ნათესავების ვიწრო წრემ მიაბარა მიწას. დასაფლავების დღეს ადრეგაზაფხულის სუსხიანი ქარი გაშმაგებით აფრიალებდა ფანჩატურზე მიმაგრებულ ოქროსფერარშიიან შავ ლენტს, თითქოს ვერ შერიგებოდა მასზე წარწერილის - „დავტირით მარად დაუვიწყარ ანანას“ - სინამდვილესთან შეუსაბამობას.
იმ მცირეოდენი სიბრალულისგან, უიღბლოდ მოსული საწყალი კაცის ამქვეყნიდან წასვლამ რომ აღძრა ნაცნობთა გულებში, მეორე დღიდან აღარაფერი დარჩა. ეს, უპირველესად, საფლავს დაეტყო - არათუ პორტრეტიანი მარმარილოს ქვით, ხის უბრალო ჯვრითაც არავის აღუნიშნავს. ორმოცზე მეზობლებმა სანთელი დაუნთეს, ღვინო აპკურეს, რის შემდეგ საერთოდ არავის მიუკითხავს. როგორც კი დათბა, ბალახი და ძეძვი მოეძალა; შემოუკავებელი, სარეველამორეული, საცაა შამბნარში ჩაიკარგება მთლიანად.
თითქოსდად, სამუდამოდ უნდა გამქრალიყო ანანას ხსოვნა მიწისპირიდან, მაგრამ მისმა სახელმა და უკვე თითქმის წაშლილმა სახემ გასულ თვეში მოულოდნელად ამოყვინთა დავიწყების ტბის ფსკერიდან და აალაპარაკა ლამის მთელი ქალაქი; აალაპარაკა და რამდენიმე დღით მოუკლა გართობის წყურვილი.
ქალაქში დარხეული სავსებით სარწმუნო ხმები ანანას თავის გასაოცარ და ფრიად გამართობელ ხვედრზე მკითხველისთვის ბოლომდე გასაგები რომ იყოს, აუცილებელია ორიოდე სიტყვა ითქვას აწგანსვენებულის გარეგნობის ერთ თავისებურებაზე, რამაც განმსაზღვრელი და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საბედისწერო როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.
საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენს ანანას მეტად უცნაური ფორმისა და მოყვანილობის, ყოველგვარ სიმეტრიულობას მოკლებული, უხეიროზე უხეიროდ გამოჩორკნილი თავი ჰქონდა...
ქალა (CRANIUM) - ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის თავის ჩონჩხი. ადამიანის ქალა წარმოადგენს ძვლოვან კოლოფს, რომლის ნაწილები ერთმეორესთან დაკავშირებულია ნაკერებით. ახალშობილის ქალას ძვლები არაა გამაგრებული, ისინი ერთიმეორესთან დაკავშირებულია შემაერთებელი ქსოვილით - ყიფლიბანდით.
ანთროპოლოგიაში ქალას შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თანამედროვე მოსახლეობის, ისე ნამარხი ფორმების კვლევისას. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ზომებს, მათ თანაფარდობასა და მოყვანილობას. ქალას მაჩვენებელი - განივი დიამეტრი გამოხატული სიგრძივის პროცენტებში - წარმოდგენას გვიქმნის ქალას ფორმაზე ვერტიკალურ პროექციაში, რის მიხედვითაც არჩევენ დოლიქოკრანიულ, მეზოკრანიულ და ბრაქიკრანიულ ფორმებს.
ზუსტად არავინ იცის, როგორ და რა ასაკიდან გაიცნობიერა ანანამ საკუთარი სიმახინჯე, სარკეში მოჰკრა თვალი პირველად თუ ფოტოსურათზე შენიშნა; იქნებ, სანამ თვითონ აღიქვა, სხვამ უთხრა, შესაძლოა დასცინა კიდეც. უფრო სავარაუდოა, რომ დასცინებდნენ. ეს ალბათ ბავშვობაში, ადრეულ ასაკში მოხდებოდა. ასეა თუ ისე, ერთ ავადსახსოვარ დღეს ანანა საშინელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა: თანატოლების მრგვალი, კოხტა თავებისგან განსხვავებით მას წარმოუდგენლად უშნო თავი დამხობოდა კისერზე. კეფა ერთ მხარეს გაჰბრტყელებოდა, მეორე მხარეს კი დიდი, გუმბათივით ბურცობით დამშვენებოდა. ბურცობი იმხელა იყო, იფიქრებდით, მეორე თავია, ოღონდ განუვითარებელიო. თხემზეც ბურცობი ამოზრდოდა, შედარებით პატარა, მაგრამ ისიც უფორმო-უსიმეტრიო, ცალ მხარეს გადაფერდილი და სადღაც უცნაურად მაცქერალი. დაქანებული შუბლი გვერდებიდან შესჭყლეტოდა და იძულებით წაგრძელებულიყო. საიდანაც არ უნდა შეგეხედათ, თავს სიმრგვალისა არაფერი ეტყობოდა, ყველა მხრიდან დეფორმირებული იყო. ერთი სიტყვით, თავი კი არა, ეს იყო რაღაც საშინელება, სიმახინჯე, რაც მის ნებისმიერ პატრონს, როგორი ფსიქიკური წყობისაც არ უნდა ყოფილიყო, ცხოვრებაში ბევრ უსიამოვნებას მოუტანდა, ხოლო მეტისმეტად მგრძნობიარე ანანასთვის სულაც პირადი ტრაგედიის მიზეზი გახდა. იმ დღიდან მოყოლებული, რაც მწარე სინამდვილე გაიცნობიერა, ანანამ სამუდამოდ მიიკერა არასრულფასოვნების იარლიყი. შეძრწუნებულმა იმდენად მტკივნეულად განიცადა თავისი ფიზიკური ნაკლი, რომ ტემპერატურამ აუწია და კარგა ხნით ლოგინად ჩავარდა.
ექიმების დახმარებით ფეხზე წამომდგარს გამომეტყველება ძლიერ შესცვლოდა. გრძელწამწამება, ლამაზ თვალებში ბავშვისთვის შეუფერებელი სევდა ჩასდგომოდა, მთელ სახეზე წარუშლელი დარდი ეხატა. მის სულსაც ღრმა კვალი დამჩნეოდა, შინაგანად გაღიზიანებული, გულჩათხრობილი, განკერძოებული გახდა, რაც ავადმყოფობით ვერ აიხსნებოდა. და ასეთი დარჩა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სკოლაში ანანა ჩინებულად სწავლობდა და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოწაფედაც ითვლებოდა. არანორმალური მოყვანილობის ქალას მისი ტვინისთვის ვერაფერი ევნო. გაკვეთილებს ერთი მოსმენით ითვისებდა, მსჯელობის უნარითაც გამოირჩეოდა, მაგრამ, პედაგოგების თქმით, „აუტანლად პასიური“ იყო, ხელაწეული ან საკუთარი სურვილით მსჯელობა-კამათში მონაწილე არავის უნახავს. ბავშვებთან თამაშში ჩართულს გაახსენდებოდა თუ არა თავისი სიმახინჯე, დამნაშავესავით გადგებოდა განზე. დეფორმირებულ ქალას იგი ყველაზე დიდ უბედურებად თვლიდა, ოღონდ ასეთი თავი არ ჰქონოდა და სიამოვნებით დათანხმდებოდა, ისეთ ნაკლზე, როგორიცაა ვთქვათ სიკოჭლე ან ბრუციანობა, ორივეზე ერთადაც არ იტყოდა უარს.
სკოლას მკაცრი, მომთხოვნი დირექტორი ჰყავდა. მას აღზრდის საკუთარი კონცეფცია ჰქონდა შემუშავებული, რისგანაც იოტისოდენა გადახრაც სასტიკად იკრძალებოდა. ამ კონცეფციის ერთ-ერთი პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ მოსწავლე ვაჟებს ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა დაეყვანათ თმის სიგრძე „დირექტორის თმის დონემდე“, ანუ ნულზე გადაეპარსათ. ანანას წამება სადალაქოდან იწყებოდა. პროვინციელი დალაქები გამორჩეულად ოხუნჯი ხალხი რომ გახლავთ, ცნობილია. თვით ამ დაწესებულებას, ეტყობა, აქვს განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც ყველაზე გაუცინარ კლიენტსაც, ფეხს შემოდგამს თუ არა, ანგლობის ხასიათზე აყენებს. თითქოს გასაპარს-გასაკრეჭად კი არა, ხუმრობაში ენის გასავარჯიშებლად მოდიან ოჯახაშენებულები!
იჯდა ანანა სადალაქოში მიტკლისპირსახოცშემოხვეული, ლოყებშეფაკლული, ყურის ნიჟარებზე ცეცლწაკიდებული და საპარსი მანქანის ზუზუნში კრიჭაშეკრული
უსმენდა თავისი ბედოვლათი „გოგრა-თავის“ გარშემო ატეხილ კვიმატსიტყვაობას; უსმენდა და სიმწარეს ჩუმად ყლაპავდა.
სკოლაში უარესი დღე ელოდა. ყოველ გადაპარსვაზე ბავშვები თითქოს ხელახლა აღმოაჩენდნენ „შტომპოლს“. გოგონებსაც აუცილებლად უნდა „აეღოთ სიფთა“, ისე არ მოისვენებდნენ. თუკი ვინმე გამოესარჩლებოდა მასხრად აგდებულს, უფრო შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს.
ერთხელ იგი აქვითინებული და სიცხიანი დაბრუნდა შინ. სკოლაში სამედიცინო შემოწმება ჩატარდა. საკლასო ოთახში ვიღაც ორი თეთრხალათიანი ქალი შემოვიდა. ერთი მხედველობას, ხოლო მეორე ხერხემლის სისწორეს უსინჯავდა მოსწავლეებს. იმ მეორემ, ანანას მერხს რომ გაუსწორდა, ხმამაღლა წამოიძახა:
- შეხედეთ, შეხედეთ ამ ბავშვის კეფას!
კლასში სიცილ-ხარხარი გაისმა.
ჭარხალივით გაწითლებული, სიმწრის ოფლში გახვითქული ანანა დაფასთან გაიყვანეს, წელზევით გააშიშვლელს და წაღმა-უკუღმა აბრუნეს. ტანზე რომ მაინცდამაინც ვერაფერი უნახეს, ისევ თავზე გადაიტანეს ყურადღება. მერე თეთრხალათიანი ქალები რიგრიგობით ლანძღავდნენ უბნის ექიმს, ანანას მშობლებს და აკვანს. პირველად მაშინ გაიგონა ანანამ, რომ მისი უბედურების მიზეზი იყო რაქიტი - საშინელი დაავადება! „რაქიტი“ - ო, საშიშად და საძაგლად ჟღერდა ეს სიტყვა!
რაქიტი წარმომდგარია ბერძნული სიტყვისგან RHACHIS, რაც ნიშნავს ხერხემალს.
რაქიტი არისბავშვის ორგანიზმის დაავადება, რომელიც ვითარდება კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგად. პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ფრენსის გლისონმა 1650 წელს. რაქიტის ძირითადი მიზეზი D ვიტამინის ნაკლებობაა. ავადმყოფობის ნიშნები ვლინდება 2-3 თვის ასაკში. თანდათან ვითარდება ჩონჩხის მკაფიო ცვლილებები: კეფის დარბილება და გაბრტყელება,
დიდი და მცირე ყიფლიბანდის კიდეების დარბილება, დიდი ყიფლიბანდის მოგვიანებით დახურვა, თავის ასიმეტრია. შემდგომ, ძვლოვანი ქსოვილის ჭარბად განვითარების გამო მკაფიოდ იკვეთება შუბლისა და თხემის ბორცვები. აკვანი აღრმავებს რაქიტით გამოწვეულ ცვლილებებს, თავი ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში
სრულიად არაბუნებრივ ფორმას იღებს. ძვლების დეფორმაცია რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
მეცხრე კლასში იყო ანანა, როცა სკოლაში ახალი დირექტორი მოვიდა. მან პირველივე დღეს, თავგადახოტრილი ბიჭების დანახვაზე, სასტიკად გაილაშქრა ამგვარი „ვითომდა სპარტანული, სინამდვილეში კი ბარბაროსული“ აღზრდის წინააღმდეგ, რითაც ერთბაშად მოიგო მოსწავლეების გული. ახალ დირექტორს წინამორბედივით კინკრიხოზეღა შერჩენოდა ორიოდე ღერი თმა, მაგრამ მისგან განსხვავებით იგი მოწყალე თვალით უყურებდა ვაჟების მოდურ ვარცხნილობებს. მოშვებულმა ხშირმა და რბილმა თმამ ანანას შეუდარებლად გაულამაზა თავი, თუმცა ამანაც ვერ მოუტანა შვება. დღენიადაგ ახსოვდა, როგორი ფორმის თავს მალავდა თმებქვეშ, მისი ყოველი კვადრატული მილიმეტრი თითებით უთვალავჯერ ჰქონდა გასინჯული. ზოგჯერ გაკვეთილზე საკუთარ ქალას რომელიღაც სიბრტყეში გამოხაზავდა, სანამ ქაღალდს ერთგვარი ჟინით დახევდა, ტუჩებმოკუმული დააჩერდებოდა უფორმო, წაგრძელებულ, მხოლოდ მისთვის გასაგებ გამოსახულებას. ძილშიც არ ასვენებდა სიმახინჯის განცდა - სიზმარშიც ქალა უტრიალებდა თვალწინ, ყოველ ღამეულ მოლანდებაში მისი გოგრა უნდა გამოჩხერილიყო უსათუოდ. იშვიათად, ძალზე იშვიათად, ტკბილ ზმანებასაც ნახულობდა - რაღაც სასწაულით თავი ვითომ იდეალურად დამრგვალებოდა! ზეიმობდა ანანა მაშინ, ბაგეებზე ბედნიერების ღიმი დასთამაშებდა. მაგრამ ხანმოკლე ნეტარებას გაღვიძებისთანავე მწარე გულგატეხა მოსდევდა.
სქელი დამყოლი თმა, ასე თუ ისე, ერთგვარად ამსუბუქებდა ანანას მდგომარეობას. ამიტომ ერთხელ სარკეში თავისი გარეგნობის მორიგი თვალიერებისას, შუბლის კუთხეებში სიქაჩლის პირველი სიმპტომები რომ შენიშნა, თავზარი დაეცა. როგორი შიშით ელოდა ამ დღეს! ანგარიშმიუცემლად აიღო სავარცხელი და ფრთხილად გადაისვა. ოცამდე ღერი თმა გამოჰყოლოდა სავარცხელს, ყველა ალბათ ვერც დათვალა. ანანას გულის ძარღვი ჩასწყდა, ნაღველი ტალღებად მოედო მთელ გულგვამში. რამდენიმე წუთს უაზროდ მისჩერებოდა სარკეს, მერე თვალებში ცეცხლი გაუკრთა, უეცრად შეეცვალა გამომეტყველება. გაშმაგებით დაივარცხნა თმა და სინათლეზე შეამოწმა. სავარცხელი თმით იყო სავსე. ამან უფრო გაახელა, იმ მომენტში უჩვეულოდ მრისხანედ გამოიყურებოდა.
ანანამ, უკვე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა, გადაწყვიტა შებრძოლებოდა ბუნების მუხანათობას და ქალაქის რამდენიმე ექიმბაში მოინახულა. ერთმა შუა ხნის ფაშფაშა ქალმა, სრულიად გაუგებარ სტილში და მეტად უგემოვნოდ მორთულ-მოკაზმულმა, ადვილად დააჯერა, რომ შერჩენილ თმას სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნებდა. სხვებისგან განსხვავებით, ექიმბაში თმის ამოყვანას არ
ჰპირდებოდა, ამიტომ უფრო სანდო ეჩვენა. მთელი წლის განმავლობაში ანანა ყოველ ღამე ისმევდა თავზე რაღაც საზიზღარ შესქელებულ სითხეს, არყის, ნივრის, ქაფურისა და თოხლო კვერცხის სუნი რომ ასდიოდა. შემდეგ თავს პირსახოცით იხვევდა და აქოთებული წვებოდა დასაძინებლად. თავდაპირველად ეჩვენებოდა, წამალი მშველისო, თმა თითქოს არ სცვიოდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი იყო. შუბლი თანდათან უგანიერდებოდა და, ისედაც უშნოდ ზეაწეული, უფრო უმაღლდებოდა, კეფა ყველაზე თვალშისაცემ ადგილას ამოუტიტვლდა. ხანდახან ეჭვიც გაჰკრავდა კლანჭებს, წამალი რომ არ მეხმარა, იქნებ ასე უმოწყალოდ არ გავმელოტებულიყავიო.
ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და ახლა უშუალოდ ქალაზე მიიტანა იერიში. ხელისგულს აჭერდა ამოწეულ ადგილებს, მერე რაღაც აკუსტიკური წერტილები შეარჩია, თითებს იკაკუნებდა თავზე საათობით. შემდგომ მეთოდი დახვეწა და თითები რეზინის დრეკადი ჩაქუჩით შეცვალა. ზოგჯერ სახაზავსაც ირაკუნებდა ბურცობებზე. ერთი სიტყვით, მედგრად იბრძოდა სილამაზისთვის, თუმცა უშედეგოდ...
მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისში ნაპოვნი ადამიანის თავის ქალები HOMO EREQTUS-ის (გამართული ადამიანი) ადრეულ ჯგუფს HOMO ERGASTER-ს (ადამიანი მშრომელი) განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. HOMO ERGASTER-ს ჰქონდა უფრო გუმბათოვანი ქალა. როცა ადამიანის წინაპრის ტვინი განვითარდა და გადიდდა, ქალაც გახდა უფრო სრული და დამრგვალებული. უკვე ჩამოყალიბდა აზრი, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა. არქეოლოგებმა პირველ ევროპელებს ქართული სახელები მისცეს - ზეზვა და მზია.
ადამი და ევა, ზეზვა და მზია, ანანა და...
მივადექით ანანას თავგადასავლის ყველაზე ტრაგიკულ მონაკვეთს, როდესაც, პოეტის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, მის ცხოვრებაში შემოიჭრა ქალი. სწავლა დასრულებული ჰქონდა და უმცროს კონსტრუქტორადაც მუშაობდა, როდესაც უკანასკნელი სიყვარული ეწვია. ეს იყო ძლიერი სიყვარული, ვნება, მანამდეც არაერთხელ შესობია გულში ამურის ნატყორცნი ისარი, მაგრამ მსგავსი არაფერი განეცადა. ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს, თითქოს სურს მათი ჯვარცმა უეჭველი და გარდაუვალი გახადოსო, მამაზეციერი დახვეწილ გემოვნებას დაანათლავს ხოლმე. ანანას რჩეული, ქალაქის უმშვენიერესი ქალიშვილი, კარგ ქართულ ოჯახში აღზრდილი ზნეკეთილი არსება გახლდათ, მაგრამ თავისი ახალი თაყვანისმცემლის ვინაობა რომ გაუგია, სიცილით ისე გადაფიჩინებულა, ძლივს მოუსულიერებიათ. მოზღვავებული სიყვარულით საბოლოოდ განადგურებულმა ანანამ მარტოობისთვის დაბადებულად ჩათვალა თავი, სამსახური მიატოვა და მთლად კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჰყო ხელი. იჯდა შინ წიგნებთან დამეგობრებული, უკიდურესი აუცილებლობისას თუ გამოვიდოდა გარეთ. ქალაქში ყველამ იცოდა
ანეკდოტები აქაური მექუდეებისა და მისი თავის ურთიერთობაზე, ცნობით ცოტა ვინმე თუ იცნობდა. მეზობლები თავისებურ ადამიანად თვლიდნენ, ზოგჯერ მის სულიერ ავადმყოფობაზეც ჩურჩულებდნენ.
ასეთი თვალსაზრისი უფრო განმტკიცდა, როცა საქალაქო გაზეთში გამოქვეყნდა ინფორმაცია ანანას მიერ ბავშვთა ფონდისთვის თხუთმეტი ათასი ამერიკული დოლარის გადაცემის შესახებ. როგორც გაზეთი იუწყებოდა, ქველმოქმედება მიზნობრივი იყო - ერთი წლის განმავლობაში ქალაქის ყველა ჩვილ ბავშვზე ერთი წლის ასაკამდე უფასოდ გაიცემოდა D ვიტამინი, აგრეთვე ვიტამინიზირებული თევზის ქონი უცხოური წარმოებისა.
ანანა მშობლების დანატოვარი მცირე დანაზოგით ცხოვრობდა. თუ საიდან აღმოაჩნდა ღარიბ კაცს ამხელა თანხა, ქალაქში ყველას აინტერესებდა, ვფიქრობ არც მკითხველისთვის იქნება უინტერესო.
ერთ საღამოს, ანანას ორი ინტელიგენტური იერის მქონე მამაკაცი ესტუმრა. მათ სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომლებად წარმოადგინეს თავი და საკმაოდ მიკიბულ-მოკიბულად ილაპარაკეს იმაზე, რომ ინსტიტუტში, პათოლოგიური ანატომიის კათედრასთან იქმნებოდა პათოლოგიურ ჩონჩხთა კაბინეტ-ლაბორატორია; რომ ამ საქმეში შეგნებულ ადამიანთა თანადგომა სჭირდებოდათ; რომ ანანას შეეძლო დიდი დახმარება გაეწია მათთის და სხვა. გრძელი მოიარებისა და ბოდიშების შემდეგ ისინი უშუალოდ საქმეზე გადავიდნენ. კათედრას სურდა შეეძინა ანანას თავის ქალა, მისი გარდაცვალების შემდეგ, რა თქმა უნდა, და მზად იყო საამისოდ წინასწარ გადაეხადა თანხა ზემოთ დასახელებული ოდენობით.
- თანხმობა თქვენი მხრიდან, რომ არაფერი ვთქვათ მატერიალურ მხარეზე, ფრიად კეთილშობილური საქმე იქნება. იგი ხელს შეუწყობს კვალიფიციური ექიმების აღზრდას, ამდენად დიდ სამსახურს გაუწევს ერის კეთილდღეობას! -შთამაგონებლად წარმოთქვეს სტუმრებმა და მოკრძალებული სახით დაელოდნენ პასუხს.
ისინი მედიცინასთან დაკავშირებულ კომერციულ გარიგებებში ახალბედები როდი იყვნენ. კარგად იცოდნენ, მსგავს შეთავაზებაზე ორნაირი პასუხი რომ არსებობს: ერთნი თავდაპირველად ცივ უარზე არიან და შეურაცხყოფილი ადამიანის სახეს ღებულობენ, სულიც რომ მისდიოდეთ ფულზე მაინც, ხოლო მეორენი მოსაფიქრებლად დროს ითხოვენ და პასუხს აჭიანურებენ. ამიტომ, როცა ანანამ იმწუთსავე მშვიდად უპასუხა, თანახმა ვარო, მედიკოსებმა ფარული გაკვირვებით და კმაყოფილებით გადახედეს ერთმანეთს.
სათანადო ხელშეკრულება იმავე საღამოს გაფორმდა. სამედიცინო ინსტიტუტი, თანახმად ანანას კატეგორიული მოთხოვნისა, კისრულობდა გარიგების საიდუმლოდ შენახვას. სტუმრები დიდი ამბით გამოემშვიდობნენ ანანას და გახარებულნი წავიდნენ. მათი აზრით ეს შეთანხმება მნიშვნელობით აღემატებოდა ბოლო დროის ყველაზე თვალსაჩინო წარმატებას - ქალაქის ერთადერთი გოლიათის, ორმეტრნახევრიანი აყლაყუდა ჟეროს ჩონჩხის შეძენას.
- გენიოსები ვართ, რა ეგზემპლარი ვიგდეთ ხელთ!
- აბა!
- როგორ ფიქრობ, რატომ დაგვთანხმდა ასე სწრაფად?
- რა ვიცი, ფულის კაცსაც არ ჰგავს...
- საწყალმა ალბათ იფიქრა, ამ საშინელ თავს სიკვდილის შემდეგ მაინც მოვიშორებო!
- მართლა რა ბუტკასავით თავი აბია!
- ჰა-ჰა-ჰა! ეგეთი არაფერი მინახავს!
- არც არავის ექნება ნანახი, უიშვიათესი ეგზემპლარია!
- ჰა-ჰა-ჰა!
- ხა-ხა-ხა!
და პათოლოგიური ანატომიის კათედრის თანამშრომლები დიდხანს ხარხარებდნენ გზაში.
რამდენიმე წელიწადს ელოდა ორლესული სამედიცინო ნაჯახი ანანას კისერს, ხოლო პათოლოგიურ ჩონჩხთა კაბინეტ-ლაბორატორია უნიკალურ თავისქალას, რომელსაც შესამშნევად უნდა გაეადვილებინა ლექტორებისა და სტუდენტებისთვის რაქიტის შესახებ მასალის გადაცემა-ათვისება. ელოდა სამედიცინო ინსტიტუტის ბუღალტერიაც, თხუთმეტი ათასი დოლარი ხომ „ჰაერში ეკიდა“.
იმ წლებში ანანას ცხოვრების წესი არ შეუცვლია. დრო კითხვასა და საკუთარ ქალაზე ფიქრში გაჰყავდა. ისევ იკაკუნებდა თავზე თითებს, სახაზავს, რეზინის ჩაქუჩს, რაც ჩვეულებად გადაქცეოდა. ხანდახან იაფფასიან, გაჩეჩილთმიან პარიკს გაიკეთებდა და კლოუნს ემსგავსებოდა.
ერთ დილით, წიგნების ქექვისას, ცისფერყდიან თხელ წიგნს წააწყდა, რომელიც ინდოელ იოგთა მოძღვრებას შეეხებოდა. წიგნის გარეკანზე უცნაურ პოზაში მჯდომარე შიშველი კაცი ეხატა, ანოტაციაში კი ეწერა: „მოხდენილი და ჯანმრთელი სხეულის ქონისათვის მსოფლიოში უამრავი ადამიანი მიმართავს აღმოსავლური იოგას ხელოვნებას. შვებისა და გამოსავლის საპოვნელად მას გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებიც სტრესითა და დეპრესიით იტანჯებიან“.
ანანა წიგნმა იმდენად დააინტერესა, მღელვარება დაეუფლა, დამშვიდება და გულდასმით წაკითხვა მხოლოდ მეორე დღეს შეძლო.
იოგა ეს არის ასკეტური პრაქტიკის კანონთა უძველესი სისტემა, რომელიც თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად გადაიცემოდა. ახალ დროში იგი დეტალურად აღწერა ინდოელმა ბრძენმა, თავად იოგამ პატანჯალმა „იოგა სუტრაში“. იოგა ადამიანური ბუნების ფიზიკური და ფსიქიკური ელემენტების გაკონტროლებით სრულყოფის მიღწევის საშუალებაა. იოგა, რომლის საფუძველი თვითშთაგონება და რწმენაა, სასწაულებს ახდენს.
იმავე ხანებში ერთ ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ჟურნალში, რომელიც მშვენიერის, როგორც ფილოსოფიური კატეგორიის განხილვას ეძღვნებოდა, ასეთი რამეც ამოიკითხა: „სიმეტრია არ არის მშვენიერების აუცილებელი ატრიბუტი“. ამ მოსაზრებას ავტორი შემდეგნაირად ასაბუთებდა: „ქალის სახეზე ერთადერთი ხალი უფრო ლამაზია ორ ან მეტ სიმეტრიულად განლაგებულ ხალზე, ამასთან, ობოლი ხალი ხშირად უფრო ბადებს სილამაზის შეგრძნებას, თუ ის უსიმეტრიოდ ზის სახეზე.“ ამ მოსაზრებამ ანანა ჩააფიქრა და სარკესთან მიიყვანა. პარიკმოხდილი რამდენიმე წუთს აკვირდებოდა საკუთარ თავს სარკეში, სადაც მოპირდაპირე კედელზე გაკრული კინოვარსკვლავის პორტრეტიც ჩანდა. ანანამ ჟურნალი შორს მოისროლა და ისევ ცისფერყდიანი წიგნისკენ მიმართა იმედისსხივიანი მზერა...
წლების შემდეგ მარტოობით გამოფიტული, დაუძლურებული ანანა სამედიცინო ინსტიტუტის ექსპერიმენტალურ კლინიკაში დააწვინეს. მალე ზეწარში გახვეული მისი გვამი მორგში ჩაიტანეს, ხოლო მესამე დღეს თუთიის ჰერმეტულ კუბოში მოთავსებული ნეშტი მეზობლებმა წაასვენეს. თანდართული დასკვნა სამედიცინო ექსპერტიზისა კრძალავდა კუბოს გახსნას და გვამთან შეხებას, როგორც გარშემომყოფთათვის საშიშ ქმედებას.
გაიარა კიდევ ერთმა კვირამ. ზუსტად იმ დღეს, როცა საბრალო ანანას ნეშტი ოთუთუნეს ნესტიანმა მიწამ მიიბარა, პათოლოგიურ ჩოჩხთა კაბინეტ-ლაბორატორიაში მომცრო კონტეინერი შეიტანეს, დაახლოებით ნახევარი კუბური მეტრი მოცულობისა. მასზე კბილებდაკრეჭილი ქალა და საინვენტარიზაციო ნომერი - 888 - იყო გამოსახული. შიგ ბამბით კიდეებამოვსებული ქაღალდის ყუთი იდო, ყუთში კი ანანას ქალა იყო მოთავსებული.
მოწიწებით ამოიღეს და სადემონსტრაციო დგარზე დაამაგრეს. დგარი ნელა დაატრიალეს თუ არა, გარშემო შემოკრებილ ყველა პათოლოგოანატომს განცვიფრება დაეუფლა - ქალა სრულიად მრგვალი იყო! იგი არაფრით განირჩეოდა ჩვეულებრივი თავისქალებისგან, შეიძლება ითქვას, უფრო სიმპათიურადაც კი გამოიყურებოდა.
ამ ამბავმა ინსტიტუტის ხელმძღვანელობისა და საფინანსო სამსახურის ყურამდე მიაღწია. საქმე სასკანდალო აღმოჩნდა: ჩვეულებრივ ქალაში გადახდილი იყო თხუთმეტი ათასი დოლარი, როცა პრეისკურანტით მისი ღირებულება არ აღემატებოდა შვიდ მანეთსა და ორმოცდაათ კაპიკს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც მთელი ორი თვე იმუშავა და გამოწვლილვით შეისწავლა საქმე. კომისიის დასკვნით, თავისქალის დამუშავებისას არევა გამორიცხული იყო, რადგან იმ პერიოდში კლინიკაში გარდაიცვალა ერთადერთი ადამიანი და, შესაბამისად, დამუშავდა მხოლოდ ერთი ქალა. ამდენად მომხდარში ბრალი დაედოთ კათედრის ჩვენთის ცნობილ თანამშრომლებს „ანთროპომეტრიის უგულვებელყოფისა და ნიმუშის არასწორად შერჩევისათვის“. მათ გამოეცხადათ სასტიკი საყვედური და დაეკისრათ ინსტიტუტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხელფასიდან თანდათანობითი გადახდით. დასჯილნი, რა თქმა უნდა, არ ეთანხმებოდნენ კომისიის გადაწყვეტილებას და თვლიდნენ, რომ რაღაც გაუგონარ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ თავი ვერაფრით იმართლეს. მათდა საბედნიეროდ,
იღბლიანი შემთხვევის წყალობით, ხელფასიდან პროცენტების დაკლებამდე საქმე არ მისულა.
სრულიად მოულოდნელად, სამედიცინო ინსტიტუტმა ნაცვლად ფინანსური ზარალისა, პირიქით,იხეირა და საკმაოდ დიდი მოგება ნახა ხსენებული ქალას გაყიდვით. სწორედ მაშინ დაირღვა ხელშეკრულების პირობა და გახმაურდა აქ მოთხრობილი ამბავი.
როგორც ამბობდნენ, ანანას ქალას შესაძენად ფული არ დაუშურებია საზღვარგარეთის ერთ-ერთ მუზეუმს, რომლის ექსპოზიციებში თურმე უიშვიათეს, მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტურად სიმეტრიულ საგნებს ეთმობა ადგილი.
1987-2016 წ.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა