ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი
,,ცხოვრებაში ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს დაებედა მიწიერ ბედნიერებაში შეიცნოს რაღაც გამაცრუებელი, უბრალო ილუზია,
რისი წინაპირობებიც ღრმად ძევს საგანთა არსში.
როგორ შეიძლება დავიჯეროთ,
თითქოს, ადამიანი იმისთვის არსებობდეს, რომ ბედნიერი იყოს?!
თუ კი ცხოვრება რაიმეს იძლევა, მხოლოდ იმისთვის, რომ წაგვართვას.
ბედნიერება ყოველთვის ძევს მომავალში, ან წარსულში,
ხოლო აწმყო, ჰგავს პატარა, პირქუშ ღრუბელს,
რომელსაც ქარი მიდენის მზის სხივებით თანაბრად განათებულ სივრცეში:
მის წინ და უკან სინათლეა, მხოლოდ თავად ის,
თავისთავისაგან გამუდმებით განაგდებს შუქ-ჩრდილებს.
ამიტომ, აწმყო ვერასოდეს დაგვაკმაყოფილებს,
მომავალი არასაიმედოა, ხოლო წარსული _ დაუბრუნებელი.
ჭეშმარიტება ასეთია: ჩვენ უნდა ვიყოთ უბედურნი და ჩვენ ვართ უბედურნი.”
არტურ შოპენჰაუერი
,,ისტორიის აპოლოგია“
ისტორია თავისთავში ,,ბრუნვადია“
არტურ ჰაუერი. ამავე ნაწარმოებიდან
მე ფრედ ჰევინგსტონი ვარ, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ყოველმხრივ წარმატებული ახალგაზრდა კაცი. ჩემზე ბევრს საუბრობენ სამეცნიერო წრეებში, როგორც საინტერესო ხედვისა და უახლესი მეთოდოლოგიების მატარებელ, ახალი თაობის პროფესიონალზე. უამრავ პრესტიჟულ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და პროექტებში მიწვევენ. ჩემს მიმართ ყურადღებას იჩენენ პოპულარული, მოდური ჟურნალ-გაზეთები და ქერათმიანი ლამაზმანები საზოგადოების ელიტური წრეებიდან. ოღონდაც, ეგ ყველაფერი არ არის: პირწმინდა ნაძირალა და არაკაცი ვარ. ზუსტად ასეა, არაფერს ვაჭარბებ. ახლახან სინდისის ქენჯნაც გამიქრა და ამიტომ შემიძლია ჩემს ამბებზე ყოველგვარი სენტიმენტებისა და მორალური გრადაციების გარეშე საუბარი. ჩემი აღსარებაც სხვა არაფერია, თუ არა, კორპორაციული მორალის წვრილმანები. ვთქვი უკანასკნელი ნაძირალა ვარ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ. იმას არ ვგულისხმობ, რომ ასეთად არავინ იბადება, რომ ჩვილობაში ყველა ანგელოზია და მერე ფუჭდება. იმდენად დიდხანს გამყვა ბავშვური სიწმინდე და გულუბრყვილობა, მის ფონზე, ჩემი პიროვნული დეგრადაცია, სრული ანაქრონიზმია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის განვითარების გეზი, რომელიც წესიერი, ტრადიციული, ინტელექტუალური იჯახიდან იღებდა სათავეს, ზოგადად, პატიოსან, ერთ ნორმალურ პიროვნებად ჩამოყალიბებას მიქადდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემმა მასწავლებელმა და დაუვიწყარმა მოძღვარმა, პროფესორმა არტურო ჰაუერმა, საბოლოოდ მოუღო ბოლო ამ ყველაფერს. ეს გახლდათ მარადბავშვობაში ჩარჩენილი, ინფანტილური, მიამიტური, უკეთილშობილესი ზნეკეთილი კაცი, რომელზეც ფიქრი, დღემდე, ჩემში უნაზეს ჰუმანისტურ განცდებს აღძრავს. მგონი, მასთან დაკავშირებული გრძნობათა ეს მწირი ემანაცია, არის კიდეც, ის, რაც ადამიანური ჯერ კიდევ დარჩა ჩემში. პარადოქსია, მაგრამ, სწორედ ასეთმა კაცმა, რა თქმა უნდა, ისე, რომ თავად წარმოდგენაც კი არ ჰქონია ამაზე, მიბიძგა, ვქცეულიყავი იმად, რადაც ვიქეცი.
ჩემი პროფესორი არტურო, იმხანად _ ,,ბატონი პროფესორი არტურ ჰაუერი”, ლაიფციგის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლისას გავიცანი. ჩემი მოხვედრა ისტორიის ფაკულტეტზე სრული შემთხვევითობა გახლდათ (თუმც, დღევანდელი გადასახედიდან, პირიქით, საბედისწერო). სრულებითაც არ ვყოფილვარ ისტორიკოსობისთვის მოწოდებული. მოგზაურთა ჩანაწერებისა და დღიურების ტიპის ლიტერატურის მოძულე, არც მემატიანეებს, ჟამთააღმწერლებს ვწყალობდი. საერთოდაც, ფაქტების ფიქსაციის მიმართ, ჩემი, ფილოსოფიურად ფუტურისტული დამოკიდებულება გამაჩნდა. მხოლოდ ყოფიერების გადამატერიალიზების მომენტებში როდი მიჩნდებოდა პროტესტის განცდა, საზოგადოდ, ყველა ასპექტში, საკუთარი თავი, იმთავითვე, ფილოსოფოსის ამპლუაში წარმომედგინა. მაგრამ, იმხანად, ჩემს მიზანს განხორციელება არ ეწერა. რეალობა სხვაგვარი გახლდათ: მისაღებ გამოცდებზე მიღებული ქულათა ჯამი სანუკვარ სფეროს მაშორებდა და ნაკლებადკონკურენტულ ისტორიის ფაკულტეტზე სწავლის შესაძლებლობას მიტოვებდა.
ასე და ამგვარად, მიზეზთა და მიზეზთა გამო, პროფესია შემეშალა.
მხოლოდ მე კი არა, ჩემს პროფესორს, არტუროსაც შეეშალა პროფესია, ამას პირველივე ლექციაზე მივხვდი.
ბატონი პროფესორი არტურ ჰაუერი, შუასაუკუნეების მსოფლიო ისტორიის სპეციალისტი, მსოფლიო იმპერიების კულტუროლოგიური ფენომენების კვლევით და სწავლებით უფრო იყო გატაცებული, ვიდრე ისტორიულ მოვლენათა ზუსტი დეკლარირებით. მისთვის შუსაუკუნეები იყო, ერთგვარი მისტიური ეპოქა, ღვთაებრივი ემანაციებითა და კათოლიციზმის ინკვიზიციებით; ნეოპლატონური, არეოპაგიტიკული მსოფლმხედველობით; ძველ კელტურ სამყაროში აღმოცენებული და შუასაუკუნეებამდე მივიწყებული გრაალით; ალქიმიით და ,,ფილოსოფიური ქვებით“, ხელდასხმულ, მეფე-მებადურთა ჯვაროსნული ლაშქრობებით. არტუროს მიაჩნდა, რომ ისტორიამ ძველი ცივილიზაციები მოაბრუნა, რაკი ისტორია თავისთავში ,,ბრუნვადია“:
_ ისტორია განუწყვეტლივ მეორდება _ ამბობდა ჰაუერი, _მეორდება ფაქტებით და მოვლენებით, მხოლოდ განსხვავებულია დრო და მოქმედების ადგილი. ამას კი კაცობრიული ზოგადი ბედისწერისთვის მეორეული მნიშვნელობა აქვს. ამდენად, შუასაუკუნეები სხვა არაფერია, თუ არა ანტიკური სამყარო და ანტიკური სამყაროც სხვა არაფერია, თუ არა ახალი ისტორია. თუმც, კი, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩვენმა ცივილიზაციამ ისტორიას საერთოდ გვერდი აუაროს და, საერთოდაც, ვინ მეტყვის, რა საჭიროა ისტორია?! _ არტურომ აუდიტორიას მოჭუტული თვალებით გამომცდელი მზერა მოავლო და მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო:
_ ,,მამა, ამიხსენი, რა საჭიროა ისტორია?“, ჰკითხა ჩემთვის მეტად ახლობელმა ბიჭმა ისტორიკოს მამას“, - აი, ამ სტრიქონებით იწყება თანამედროვეობის უდიდესი მოაზროვნის მარკ ბლოკის შრომა ,,ისტორიის აპოლოგია“ .
,,ომი და მშვიდობა“
,,- თქვენი ტვინი ჭოგრიტივით მუშაობს, კიქს…“
ამავე ნაწარმოებიდან
ამ მსჯელობების სადარაჯოზე დიდი ხნის მანძილზე ჩასაფრებული, ჰაუერისგან ამაოდ ველოდი რომელიმე ისტორიული თარიღის დასახელებას. ისტორიული დროის აღნუსხვას იგი ასწლეულებით, ათასწლეულებით, ეპოქალური ნიშნებით ახდენდა. არტუროს სძულდა მათემატიკური რიცხვები და თარიღები. მთელ მის მსჯელობას ახასიათებდა მოვლენათა უჩვეულოდ აბსტრაგირების უნარი. როგორც გუმანი მკარნახობდა, ეს მისი ირაციონალურად მოწყობილი ტვინის ბრალი იყო, რომელსაც არაფრის სწორხაზოვნად აღქმა და დამახსოვრება არ შეეძლო. არ ვიცი, ეს, გონების დეფექტად შეიძლება ჩათვლილიყო, თუ პირიქით, აზროვნების პრივილეგიად, ამ მხრივ, ჰაუერი, მაინც გულნაკლული ჩანდა: მიუხედავად იმისა, რომ მეხსიერებასაც აქვს თავისი ხანგრძლივობა, რეგლამენტი და ფარგლები, ის გაცილებით მეტს მოელოდა საკუთარი მეხსიერებისგან, რომელიც, ჰაუერისთვის მძიმე წუთებში, არც ერთი კონკრეტული ისტორიული თარიღის მოწოდებისთვის არ იყო მზად. ასეთი მძიმე წუთები კი მას, როგორც ისტორიის სპეციალობის პროფესორს, არაერთხელ უდგებოდა:
_ ფაქტები! თარიღები! ისტორიას სიზუსტე უყვარს, ბატონო პროფესორო! _ შემოაბრუნებდა შთაგონებაში წასულ არტუროს კურსის თვალი და ჩინი, ჩვენი ფრიადოსანი ბილ კიქსი. ბილსაც არ გაემტყუნებოდა, ის ხომ, სასწავლებელში, თავისი პოლიტიკურად მემარცხენე ინტერესებით გამსჭვალული ოჯახიდან, ისტორიის შესწავლის მისიით იყო მოვლენილი და არა არტუროს ტრანსცედენტური ბჟუტურის მოსასმენად. მაგრამ არტურო, ზოგად ინტერესებს არად დაგიდევდათ, მისთვის არსებობდა მხოლოდ ერთი რეალობა, სიცოცხლის, აზროვნების, შრომისა და სწავლების, ერთადერთი კოდექსი _ ,,პროფესორ არტურ ჰაუერის კოდექსი“, რომლის სიწმინდეების დასაცავად, ნებისმიერი თავდასხმისა და პოლემიკისთვის იყო შეიარაღებული:
_ ყმაწვილო! _ დამთრგუნველი სიმშვიდით მიუბრუნდებოდა ბილ კიქსს. თითქოს, მის გადმორჯულებას, ანუ ,,გადმოფილოსოფოსებას“ ცდილობდა და ნიცშეს ერთ, მისთვის გამორჩეულად ძვირფას თეზას, მეცნიერული სიმტკიცითა და პედოფილური სიფაქიზით ააფარებდა ცხვირ-პირში:
_ ყური მიგდეთ, ყმაწვილო! თუ კი რაიმე არ არსებობს, არ არსებობს სწორედ ფაქტები! არსებობს მხოლოდ მათი ინტერპრეტაციები!
არტურ ჰაუერთან კამათს აზრი არ ჰქონდა. მისი მენტალური სისტემა ისე მკვრივად და მიჯრისებურად იყო მოწყობილი, გონების და სულის იმდაგვარ იდუმალ შრეებზე გადიოდა, ვერანაირი საპირისპირო არგუმენტაცია მის წესრიგსა და ჰარმონიულობაში უმცირეს ცვლილებასაც კი ვერ განახორციელებდა. ჰაუერი თავის იდეებში შეუვალი იყო: ვერც რაიმეთი გადაარწმუნებდი და ვერც წონასწორობიდან გამოიყვანდი.
_ ეს ისტორია კი არა, კატასტროფებია! _ მღელვარებით გადმოგვცემდა და ისტორიული ფატალიზმს საკუთარი თეორიით ხსნიდა მომთაბარე, ველური ტომების უდიდეს იმპერიებზე კალიებივით შესევის ეპიზოდებს.
_ სიმშვიდე! წონასწორობა! აი, რა აკლია მსოფლიო ისტორიას! მე თავს მოვუყრი ალტერნატიულ ისტორიულ ცნობებს და ომების ნაცვლად, მშვიდობის ისტორიას დავწერ!
_ ,,ომი და მშვიდობა!“ _ პათეტიკურად და ისევ უადგილოდ ჩაერია ბილ კიქსი, მაგრამ, არტუროს მრისხანე მზერის გადაწყდომისთანავე, თავს ზემოთ, ცარიელ სივრცეში, ისე სანახაობრივად შეუდგა საკუთარი პირიდან გამოტყორცნილი სიტყვების უხილავი ფორმების შთანთქმას, როგორც აკვარიუმის მოთვინიერებული თევზი ყლაპავს ჟანგბადის ბუშტუკებს. მოწინააღმდეგის დროული, წარმატებული განაღმვით, ანუ ბილ კიქსის მიჩუმათებით კმაყოფილი ჰაუერი კიდევ უფრო ღრმა ფილოსოფიურ ექსტაზს მიეცა.
ასეთ დროს, არადა, თითქმის სრულად ასეთ წუთებს მოიცავდა მისი ლექციები, ჩუმად, გულში, ყველა დასცინოდა არტურ ჰაუერს. ჩემში კი პირიქით, უდიდეს პატივისცემას და მოწიწებას აღძრავდა. მართლა გულით მიყვარდა ჩემი პროფესორი არტურო და მასთან უფრო ახლო, მეგობრული ურთიერთობის დამყარებას ვესწრაფვოდი. რა თქმა უნდა, ამას თვითონაც თუ მოიწადინებდა, ვიღაც ახალბედა სტუდენტს თავს თუ გამიყადრებდა და ხელს თუ არ მკრავდა. მაგრამ მე იმ ახალგაზრდათა რიცხვს არ ვეკუთვნოდი, ვინც არასრულფასოვნების კომპლექსისა თუ სხვადასხვა ფაქტორთა გამო, ფარხმალს იოლად ყრის. საკუთარი ,,დაპყრობითი“ სტრატეგია შევიმუშავე და უმალ შეტევაზე გადავედი. ეს იყო გულწრფელი, უანგარო თამაში ჰაუერის გულის მოსანადირებლად. ამ მიზნით, ჩემი მსოფლმხედველობისა და ჰაუერის ფილოსოფიური კონცეპტების მონათესაობის გამომამზეურებელი, ჯერ მცირე, შემპარავი, შემდეგ კი მრავლისმომცველი საჯარო დიალოგები წამოვიწყე. ამ ყველაფერში კი ჭეშმარიტება ის გახლდათ, რომ მე და არტურ ჰაუერი მართლაც ერთნაირად ვფიქრობდით და იდენტურ ფილოსოფიურ დამოკიდებულებებში ვიყავით სამყაროსთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ნამდვილად გულწრფელი ვიყავი. ჩემმა ძალისხმევამ სულ მალე ის შედეგი გამოიღო, რომ პროფესორმა თავის ერთადერთ მოკავშირედ და სულიერ მეგობრად ღიად გამომაცხადა. იმ წუთებში, ეს კი იმ ლექციაზე მოხდა, როცა მაკედონელის იმპერიის საზღვრებს განიხილავდა, ჩვენმა ბილ კიქსმა კინაღამ სისხლი მოფსა.
პროფესორის მამობრივმა, მოსიყვარულე თვალებმა და მტკიცე ტონმა, მისი ერთადერთი ღირსეული მსმენლის სტატუსიც შემძინა:
_ ფრედ, ძვირფასო, მხოლოდ თქვენ თუ მიმიხვდებით, ვინ იქნებოდა ალექსანდრე მაკედონელი არისტოტელეს გარეშე! ანუ, როგორი იქნებოდა მაშინდელი სამყარო არისტოტელე რომ არ ყოფილიყო! და ვინ იქნებოდა არისტოტელე უპლატონოდ! ან ვინ იქნებოდა პლატონი სოკრატეს გარეშე... _ და ჰაუერი, კიდევ უფრო უკუსვლით, კაცობრიობის კულტურულ-ისტორიული ფენომენების საკუთარი ინტერპრეტაციების სიღრმეში წასვლას აპირებდა, ბილ კიქსს რომ არ შეეჩერებინა. მე კი, ამ პირველი _ ,,ფრედ, ძვირფასო, მხოლოდ თქვენ თუ მიმიხვდებით,” _ ფრაზის შემდეგ, წესიერად არც არაფერი გამიგონია. უმალ მთელს სხეულში უნაზესი, ჟრუანტლისმომგვრელი სითბო ჩამეღვარა. სამაგიეროდ, ბილ კიქსს გადაესხა მდუღარე და შეურაცხყოფილი, თვითნებურად ჩაერთო, მხოლოდ ჩვენ ორისთვის განკუთვნილ, მეცნიერულად ინტიმურ დიალოგში. მგონი, არც მას მოუსმენია ჰაუერის საუბრის მეორე ნაწილი, რაკი მაკედონელზე ჩაიციკლა:
_ როდის აქეთ უჯერებდა მაკედონელი თავის მასწავლებელს, ან სხვა ვინმეს _ კურსის დემონივით ღრიალებდა ბილ კიქსი.
_ კი არ უჯერებდა, უსმენდა, ყმაწვილო! გასაგებია?! ისმენდა და იგებდა, აი, რა არის მთავარი! კიქს! თქვენ მედლის მხოლოდ ორ მხარეს ხედავთ, მესამეზე რას მეტყვით, კიქს?! საოცარია, თქვენი ტვინი ჭოგრიტივით მუშაბს, კიქს! თავისი კედლებით რომ ზღუდავს მხედველობას, რითაც უფსკრულს თხრის გონებასა და ინტუიციას შორის...
და არტურ ჰაუერს, იმ ლექციაზე, საერთოდ გადაავიწყდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის საზღვრები. იგი უმალ თავის ტრანსცენდენტულ სამყაროში შელივლივდა და მასში ბოლომდე განხვნილი, იქედან, სადღაც ძალიან შორი და იდუმალი ალაგიდან აქადაგდა უდიდესი გენიების გლობალური გავლენებით ტრანსფორმირებული ქვეყნიერების არსზე.არამიწიერ, ღვთაებრივ ხმაზე გამოხატული, მომაჯადოებელი იდეებით, ისე პირთამდე ამოავსო ბილ კიქსის სულიერი სიცარიელეები და ფუღუროები, რომ იმ დღის შემდეგ, კიქსი, მგონი, მართლა გადმორჯულდა, ანუ, ,,გადმოფილოსოფოსდა“ და ჩვენს დამკვიდრებულ ,,საჯარო დიალოგებში“ გასაოცრად კეთილგანწყობილად მომართული თავი მისდაუნებურად ჩაჩურთა. ჰაუერის სიტყვები, ყოველთვის, ან ძალიან შორიდან, ან კიდევ, ძალიან, ძალიან ახლოდან ესმოდა ბილ კიქსს, იმდენად, რომ თითოეულ სიტყვას გამომსახველობით ფორმებში ხედავდა და მათ კვალზე, დაელამებული თვალები წინ და უკან გაურბოდა. არ ვიცი, არტურ ჰაუერმა შეამჩნია თუ არა ბილ კიქსის უცაბედი მენტალური მეტამორფოზა, თუმც, ვგონებ, ეგ მისთვის აბსოლუტურად სულერთიც იყო. პროფესორი, ძველი ინერციით, კიქსს ამრეზით უყურებდა, მე კი ღიად მელოლიავებოდა. საეჭვიანო არაფერი მქონდა: არტურ ჰაუერის გულისგულში ვიჯექი და მთელი ჩემი არსება სრულად ავსებდა იქაურობას. იქ არ რჩებოდა ადგილი კიდევ ვინმე სხვისთვის. ჰაუერი აქაც შეუვალი იყო.
.,,მამა, ამიხსენი, რა საჭიროა ისტორია?“
,,ფილოსოფიისთვის მარტვილს, შეეძლო, საკუთარი თავისთვის
მოწამეობრივი აღსასრულიც განემზადებინა”
ამავე ნაწარმოებიდან
ბილ კიქსის ,,მსხვერპლშეწირვა“ ამაო გამოდგა. არადა, კიქსმა, ნებით თუ უნებლიეთ, მართლაც სამსხვერპლოზე მიიტანა თავი, როცა, ოჯახურ-ტრადიციულ მემარცხენე ორიენტაციას უღალატა და ,,მტრების“ ალაგს გადმობანაკდა, სადაც არავის მოუპატიჟნია და არც არავინ ელოდა ხელგაშლილი. ამას გარდა, მან კიდევ ერთი, დიპლომატიური შეცდომა დაუშვა. როგორც ცოტა მოგვიანებით შევიტყვე და რასაც არტუროს ერთკვირიანი ალეწილი, გადაბოროტებული გამომეტყველებაც ადასტურებდა, ბილ კიქსს, წინდაუხედავად, პოლიტიკოსი მამის ღირებულებათა გადაფასება, ერთადერთი, მაგრამ ფატალური ფრაზით გაუმჟღავნებია:
_ ,,მამა, ამიხსენი, რა საჭიროა ისტორია?!“
მაშინ, ახსნა-განმარტების მომლოდინე ბილ კიქსს, მამის ეგზალტირებული ტორი ცხვირ-პირში ისე ძლიერად მოხვდა, რომ საწყალ ბიჭს ფსიქიკური შოკიდან გამოსასვლელად მთელი ერთი თვე დასჭირდა. კიქსი თვალებს ზურგს უკან ქაჩავდა და ენა ყურთან გადაჰქონდა, ყველანაირ გამოლაპარაკებას და შეკითხვას კონტრშეკითხვით პასუხობდა: ,,მამაააა, ამიხსენი, რა საჭიროა ისტორიააააა. . . . .?!”
არც არტუროს დაადგა კარგი დღე. მემარცხენე კიქს უფროსი პროფესორს უნივერსიტეტის კიბეებთან დახვდა, ქეჩოში ხელი წაავლო, მაღლა ასწია და ჰაერში ატატებულს ქვემოდან ასძახა:
_ მაშ, რა საჭიროა ისტორია?! ერთი, ამიხსენით, ბატონო პროფესორო, რა საჭიროა ისტორია! . . .
ასე და ამგვარად, კონკურენტი ბილ კიქსის სახით, თავისდათავად ჩამომშორდა. მოულოდნელად გაჩენილი საფრთხე ,,ცრუ განგაში“ აღმოჩნდა და ყოველგვარი ეგოისტური ეჭვები საბოლოოდ გამიქარწყლდა.
ბილ კიქსი ერთი თვის თავზე დაუბრუნდა უნივერსიტეტს. მთლად გამოჯანსაღებულს არ ჰგავდა და რაც ყველაზე გასაოცარი იყო, მისმა ახალმა, მკვეთრად გამოხატულმა ავადმყოფურმა ფილოსოფიურმა მისწრაფებებმა დამარწმუნა, რომ მამის ეგზალტირებული ტორი ძალიან მალე დაევიწყებინა. არტუროს, კი, მართალია, ძალიან კარგადაც ახსოვდა უნივერსიტეტის კიბეებზე გამხეცებული უფროსი კიქსის ხელებში მომწყვდეული, ჰაერში ატატებული საკუთარი უმწეო სხეული, მაგრამ ფილოსოფიისთვის მარტვილს, შეეძლო, საკუთარი თავისთვის მოწამეობრივი აღსასრულიც განემზადებინა. ამიტომ ძველებურ ნირზე განაგრძო.
,,(ბრუნ)ჰილდა“
მე და არტურო ჰაუერი განუყრელ მეგობრებად ვიქეცით. ახლა პროფესორი სახლშიც მეპატიჟებოდა. კვირის ყოველ ხუთშაბათ დღეს ჩვენი შეხვედრები წესად აქცია. მისაღებ ოთახში მრგვალ მაგიდასთან დამსვამდა, თავისავე მომზადებული პიტნის ჩაისა და ახალ-ახალი მეცნიერული იდეებით მიმასპინძლდებოდა. მის ბინაში თავს მყუდროდ და ბედნიერად ვგრძნობდი.არ ვიცი, მარტო ცხოვრობდა თუ არა არტურო, ხუთშაბათობით, კი, იქ, მის გარდა არავინ მხვდებოდა. ისე იყო გადამკვდარი თავის პროფესიულ საქმიანობაზე, რომ, ერთი შეხედვით, თითქოს, პირადი ცხოვრება არც გააჩნდა, მაგრამ ყველაფრიდან ჩანდა, რომ ბედნიერი იყო: ქალის ნაზი ხელი ეტყობოდა როგორც ჰაუერის ბინას, ასევე ჰაუერის სულს.
არტუროსთან მეგობრობამ ფრთები შემასხა, რაღაცნაირად გავზულუქდი. იმ პერიოდში ახალი წამოწყებული მქონდა სასიყვარულო ამბები ჰილდასთან _ ჩემზე ათი-თორმეტი წლით უფროს, ერთ მომხიბვლელ, გათხოვილ ქალთან და ჰაუერთან დაკმაყოფილებულმა პატივმოყვარეობამ ჰილდასთანაც თვითდაჯერება და მამაკაცური ხიბლი შემმატა. ვნებიან და დაუოკებელ საყვარლად ვიქეცი, იმდენად, რომ სულ მალე, ჰილდა მთლიანად მომეჯაჭვა. ცოტა იმედიც რომ მიმეცა, თავის ჭკუის კოლოფ, მაგრამ ბებრუხანა ქმარსაც უკანმოუხედავად გაეყრებოდა.
ჰილდას თავისი სულიერი სიმყუდროვისთვის, ქალაქის განაპირას, ერთი მომცრო, მაგრამ კომფორტულად მოწყობილი ბინა ჰქონდა ნაქირავები, რომელსაც სახელოსნოს ეძახდა. აქ ქმნიდა იგი თავის ავანგარდულ, მოდურ ნახატებს. ბინის ქირაზე, საღებავების, ტილოების და სხვა ხარჯებზე მისი კეთილშობილი ქმარი ზრუნავდა, ისე, რომ ბინაში მისვლაც კი ეკრძალებოდა. სამაგიეროდ ჩემთვის იყო მარადჟამს ღია ჰილდას სახელოსნოს კარი და ფართო, ფუშფუშა საწოლი. ასეთ ლამაზ და ვნებიან ქალს ოცნებაში თუ წარმოვიდგენდი, მის მოსაპოვებლად კი, თითიც არ გამინძრევია. სულ პირიქით მოხდა: ჰილდამ თვითონ ამომირჩია, მტაცებელი ფრინველივით, თითქმის ძალად ჩამავლო ხელი და უნივერსიტეტის კიბეებიდან (მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი იქ ვის ელოდებოდა) პირდაპირ მის საწოლში ამომაყოფინა თავი. მერე უკვე საკუთარი სურვილით მივძუნძულებდი მასთან და კვირაში რამდენიმე საღამოს ერთად ვატარებდით. ჰილდა თითქმის არ ლაპარაკობდა (ამ თვისებას განსაკუთრებით ვაფასებ ქალში), არც თავის ნახატებს მაჩვენებდა და არც ჩემი სტუდენტური, მაგრამ წარმატებული მეცნიერული ცხოვრებით ინტერესდებოდა, ეგენი ჩემს ქმართანაც თავზე საყრელად მაქვსო და თითოეულ წუთს სიყვარულისა და ვნების განუმეორებელ განცდებში ატარებდა.
მგონი მეც მაშინვე მივეჯაჭვე ჰილდას. თავს არ ვუტყდებოდი ამაში, მაგრამ ასე იყო. უამრავ ქალთან მქონია საქმე, მაგრამ ჰილდა ყველასგან განსხვავდებოდა. მისი სიჩუმე და დაფარული, შეუღწევადი სამყარო მაგნიტივით მიზიდავდა. სულ მალე, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანი გახდა. ჩვენ ორს შორის იყო კიდევ სხვა რამ, უჩვეულო და აუხსნელი: ჰილდას თვალები ირეკლავდა ვიღაც მესამის, ჩემთვის ასევე ახლობელი ადამიანის თვალებს და როცა ერთად ვიყავით, ის მესამე სულ ჩვენთან ერთად იყო. იდუმალი მესამის არსებობა ჩვენ ორს შორის, იმდენად თვალშისაცემი გახდა, რომ ჰილდაზე ფიქრისას არ შემეძლო, იმ მესამეზეც არ მეფიქრა. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ჰილდა სწორედ მის თვალებში ჩაბუდებული, გამოუცნობი არსების გამო მიყვარდა ასე განსაკუთრებულად.
,,ნიბელუნგების განძი“
არტურო ჰაუერის დამკვიდრებულ ხუთშაბათაგან, ერთ-ერთი (აღდგომის წინა ხუთშაბათი იყო, კარგად მახსოვს) საბედისწერო, გარდამტეხი აღმოჩნდა. ძველ, მაგრამ გემოვნებით ,,შეფუთულ“ სამეფო სავარძელში გადმომსვა, რომლის თავზეც, ზებუნებრივი გმირებით და მითოსური ფრაგმენტებით, ნახევრადსიურეალისტურად შესრულებული ნახატი ეკიდა. ადრე ამ ნამუშევრისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ახლა კი, ვიდრე სავარძელში ჩავეშვებოდი, ნახატი კი, ჩემს ზურგს უკან და თავს ზემოთ მოექცეოდა, ტილოს სწრაფად მოვავლე თვალი და ბოლოში პატარა ლურჯი ასოებით მიწერილი დასათაურებაც აღმოვაჩინე _ ,,ნიბელუნგები“. რომელმა გერმანელმა არ იცის (და არ ეამაყება) შუასაუკუნეების ისლანდიური ეპოსი ,,სიმღერა ნიბელუნგებზე“. მეც, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით კარგად მახსოვდა ზიგფრიდის, ბრუნჰილდეს, მეფე გუნთერის, კრიმჰილდეს, ნიბელუნგების განძის ამბები, მაგრამ ახლა, ამ წუთებში, რატომღაც, ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან, მეხსიერებასა და შეგრძნებებში ღრმად ჩაბეჭდილი ვაგნერის ოპერა ,,ნიბელუნგების ბეჭედი“ მომაგონდა. თორმეტი თუ ცამეტი წლის ვიყავი, დედამ რომ დიდი ზარზეიმით წამიყვანა ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც ვაგნერის საოპერო ციკლიდან ,,ნიბელუნგების ბეჭედი“, ბოლო ნაწილები _ ,,ზიგფრიდი“ და ,,ღმერთების სიკვდილი,“ შესრულდა. იქედან მოყოლებული, თავისდაუნებურად, დროდადრო, საიდანღაც სულში მეჭრებოდა და გონებას მიბინდავდა ,,ნიბელუნგების ბეჭდის“ მძიმე, დამთრგუნველი, თითქმის მომაკვდინებელი მელოდია. უცნობ მხატვარსაც, ტილოზე სწორედ ვაგნერის ,,ნიბელუნგების“ მუსიკა გადმოეტანა ასე სიურეალისტურად. ალბათ, სხვაგვარად, სხვა ფორმებში, ამ მელოდიის გამოხატვა შეუძლებელიც იქნებოდა. ამ ნახატის ზემოქმედებით, მოულოდნელად, ისევ ამოვივსე იმ ძველი, ნაცნობი ბგერებით, რომელიც ყელში მებჯინებოდა და არტუროსგან უჩუმრად მგუდავდა. არტურო მართლაც ვერაფერს ამჩნევდა, ისიც ჩემსავით მოეკრუნჩხა რაღაცას. როგორც მივხვდი, ჩემთან სერიოზული საუბრის წამოწყებას აპირებდა:
_ მხოლოდ თქვენ თუ მიმიხვდებით, ფრედ, ვინ ვიქნებოდი მე, არტურო ჰაუერი, არტურ შოპენჰაუერის გარეშე?!
გავშრი. მთლიანად გამოვცარიელდი ყოველგვარი სხვა ფიქრისა და განცდისგან და მთელი ყურადღება ჰაუერს მივაპყარი. ამ მინიშნებით, უცებვე, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ამოვხსენი ჩემი პროფესორის, არტურო ჰაუერის მისწრაფებათა საიდუმლო; ჩავწვდი მისი სულის კატაკლიზმებს; მივაგენი იმ ფესვს, რომელზეც ჰაუერის მთელი ცხოვრებისეული და პროფესიული ფილოსოფია იყო დაფუძნებული. არტურომ თავისი ყველაზე იდუმალი საიდუმლო გამიხსნა:
_ ფრედ, ჩემო ბიჭო, აბა დაფიქრდით, განა შემთხვევითობად გესახებათ ის ამბავი, რომ მე, არტურ ჰაუერი, იგივე იდეებით ვარ შეპყრობილი, როგორითაც არტურ შოპენჰაუერი? არის აქ მისტიური, ტრანსცენდენტული, მაგრამ უდაოდ რეალური, ხელშესახები კავშირი. სულის მეხსიერებაზე გსმენიათ რამე? თუმც, დიდი ხანია ამას მნიშვნელობა აღარა აქვს... სამწუხაროდ, ერთ უბადრუკ ისტორიკოსად დავრჩი.
_ მერედა, ვერ მეტყვით, რატომ შემორჩით ისტორიულ ფაკულტეტს?! _ გულწრფელად აღვშფოთდი და ,,ნიბელუნგებს“ შემთხვევით თავი ავარტყი.
_ თქვენ ერთი რამ არ გესმით, ფრედ! ფილოსოფიის სიყვარული და ფილოსოფოსობა სულ სხვადასხვა რამეა! საკმარისი ბუნებრივი ნიჭი არ აღმომაჩნდა, რომ ამ საქმეს პროფესიულად მივდგომოდი. აი, ისტორიაშიც ერთი რიგითი სპეციალისტი ვარ, მაგრამ ეგ სულაც არ მადარდებს, ეგ სხვა ამბავია. თქვენც კარგად იცით, მე არ მიყვარს ისტორია, თავისი სწორხაზოვნებით და გაუთავებელი თარიღებით, მისი სიწმინდეების დაცვითაც თავს არ გამოვიდებ...
აქ კი წელში გავიმართე. მერე, ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. ურჩად და ცოტა გამომწვევადაც მივაჩერდი, ვაგრძნობინე, რომ შეეძლო ეს ცრუ პრელუდია შეეწყვიტა, გამბედაობა მოეკრიბა და მთავარ სათქმელზე გადასულიყო. არტუროც უმალ მიმიხვდა, მზერა ჩემგან იატაკსა და კედლებზე გადაიტანა. მცირე პაუზის შემდეგ, კი, მოულოდნელად, სწორედ ის თქვა რასაც გული დიდი ხანია მიგრძნობდა:
_ და აი, კიდევ, მთავარი: მე არტურ ჰაუერი ვარ და როგორადაც არ უნდა ვეცადო, საკუთარი კანიდანაც რომ გამოვძვრე, არტურ შოპენჰაუერი მაინც ვერ გავხდები! შოპენჰაუერის სულის რეინკარნაცია, გარკვეული გაგებით, ნიცშეში განხორციელდა...
ამ სიტყვებზე, არტურო, მოულოდნელად, ადგილიდან მოწყდა, კედლის კარადას სკამი მიადგა და რომელიღაც საფარველდადებული თაროდან, თავისი გამოუქვეყნებელი ფილოსოფიური შრომები გადმოალაგა, ერთბაშად ხელებში ჩამჩურთა და გულაჩვილებულმა მითხრა:
_ აი, აქ ყველაფერია, რაც კი, ფილოსოფიის სფეროში მიმუშავია, შოპენჰაუერის იდეების _ ,,სამყაროს როგორც ნებისა და წარმოდგენის,“ ირაციონალიზმისა და პესიმიზმის ფილოსოფიური სისტემის ინტერპრეტაციები, მათი მნიშვნელობა და ადგილი აზროვნების ისტორიაში. აქ ვმსჯელობ, თუ რა გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფუნდამენტურმა იდეებმა ნიცშეს ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, რომელმაც თავის მხრივ უდიდესი გავლენა იქონია, ზოგადად მეოცე საუკუნის აზროვნებაზე. აგრეთვე, ვასაბუთებ შოპენჰაუერის ფილოსოფიის კვალს ვიტნგენშტეინის, ჰართმანის, ფროიდის სწავლებებში. წაიღეთ ფრედ, გულდასმით წაკითხეთ და დამიბრუნეთ.
პირველი გვერდი, შესავალი გადავფურცლე: ,,სიტყვები წარმოადგენენ თეოფანიებს, თითოეულის მიღმა კი ღმერთი დუმს. . .“ _ ასე იწყებოდა არტურ ჰაუერის შრომა და უმალ ისეთმა ცივმა ოფლმა დამასხა, პერანგი გასაწური გამიხდა. მინდოდა არტუროსთვის მეთქვა, ,,არა, ამას ნუ გამატანთ“, ,,ასეთ რამეს მე ნუ მანდობთ“, ,,თქვენ ხომ არ იცნობთ იმ ეშმაკს, ჩემს სულში რომ ცხოვრობს“ და ა. შ. მაგრამ კრიჭა შევკარი და არაფერი ვთქვი. ახლა მხოლოდ ის მსურდა, ფურცლებჩაბღუჯული რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი იქაურობას. მტაცებელ ცხოველს დავემსგავსე და ვგრძნობდი, მსხვერპლის სიახლოვეს, თვალები, უფრო და უფრო როგორ მისისხლიანდებოდა. ჰაუერის ბინას რომ თავი დავაღწიე, პირდაპირ პოლიგრაფიულ სერვისცენტრისკენ გავქანდი, ხელნაწერი შრომების ასლი გადავაღებინე და შინ ორი ეგზემპლარით დავბრუნდი. დედანი მაგიდაზე დავდე, ასლი კი, ნიბელუნგების განძივით საიმედოდ გადავმალე. ძალიან არეული ვიყავი. ჩემი ოთახის მომცრო სივრცეში ვბორგავდი. იმ წუთებში, ვფიქრობდი, რომ მე ფრედ ჰევინგსტონს, რამდენადაც საკუთარი თავის თვითშემეცნება შემწევდა, არ შემეძლო ჩამედინა ის, რისკენაც არტუროს ეს გენიალური, გამოუქვეყნებელი შრომა მაქეზებდა. ვხვდებოდი, რომ ცხოვრება გამოცდას მიწყობდა, ბედისწერა კი _ მეთამაშებოდა.
,,მეფე გუნთერი“
მეორე დღეს უნივერსიტეტში აღარ წავსულვარ, დილიდან ჰილდას სახელოსნოს მივაშურე და იქაური თანამედროვე ინტერიერის ერთადერთ ანტიკვარულ ნივთში _ დაფხავებულ სავარძელში ჩავეშვი.
_ ეგ დაფხავებული სავარძელი ჩემი ბებერი ქმარია, შენ კი, ზიგფრიდი ხარ _ ჩემი გმირი! _ უკვე მერამდენედ თქვა ჰილდამ. თითქმის იმდენჯერ, რამდენჯერაც ამ სავარძელში ჩავმჯდარვარ. იცოდა, ეს სიტყვები ისე აღმაგზნებდა, საწოლამდე მისვლასაც აღარ ვინდომებდი და აქვე, ამ ძველთაძველ, გადაყვლეფილ განძში კატასავით მოვიმწყვდევდი და დავეუფლებოდი. ამგვარი ეგზოტიკური სიყვარულების შემდეგ, როცა ჰილდა აბაზანაში გადიოდა და სავარძელში ჩაწოლილს, გათანგული, შიშველი სხეულით მარტოს მტოვებდა, საიდანღაც ისევ ის, ბავშვობისდროინდელი, მძიმე და დამთრგუნველი, ,,ნიბელუნგების ბეჭდის“ მელოდია მომდიოდა, რომელიც რაღაც აუხსნელი, შიშისმომგვრელი წინათგრძნობით მსჭვალავდა მთელს ჩემს არსებას.
ჰილდას ვთხოვე, ხუთშაბათამდე მის სახელოსნოში ვიცხოვრებდი, რაკი დამშვიდება და გარემოს შეცვლა მჭირდებოდა. ის არ მითქვამს, არტუროს შრომებმა ჩემი სახლი დანაღმულ ალაგად რომ აქცია და იქ დასაბრუნებლად მოსულიერება და ძალების მოკრება რომ მჭირდებოდა. ჰილდა სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო. არ ვიცი ქმრისთვის რა ტყუილი გამოაცხო, ის ერთი კვირა კი, დღისით და ღამით გვერდიდან არ მომშორებია. მხოლოდ ხუთშაბათ საღამოს, მის სახელოსნოს რომ ვტოვებდი, სინანულით აღსავსე თვალებით გამაცილა. მეგონა ეს მზერა ჩემთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ამჯერად არა: ,,საწყალი ჩემი ქმარი, ახლა წავალ და დავამშვიდებ . . .“ _ ჩუმად თქვა ჰილდამ.
ასე რომ, ჰილდას სახლი, თვითგამოცხადებული ერთკვირიანი არდადეგების შემდეგ, ხუთშაბათ საღამოს დავტოვე და იქედან პირდაპირ ჰაუერთან გავწიე. ვიცოდი, ჩემს მიუსვლელობას ვერ გადაიტანდა, ჩემზეც იგივეს თქმა შეიძლებოდა.
ჰაუერი ამ ერთ კვირაში მთლიანად გადასხვაფერებულიყო: ახლა მოწამის ჩაცვენილი თვალები ჰქონდა და გაწვრილებულ, მილეულ ძვლებზე ასხმული ჩამომხმარი ლურჯი ხორცი საცოდავად ეპორწიალებოდა. ტანჯული მკლავები მომხვია და თვალებზე მოწოლილი ცრემლების ღვარი ერთბაშად გადმოუშვა. პირველად ვნახე არტურო ასეთი უბედური. მისი ბინაც სრულ ქაოსს მოეცვა. უწესრიგოდ მიყრილ საგნებს ისე შთაენთქათ ჰაუერის სახლის ძველი სიმყუდროვე და სიმშვიდე, მივხვდი, რომ რაღაც კარგი არ სჭირდა.
_ მას ამდენი ხნით არასოდეს მივუტოვებივარ _ ძლივს ამოღერღა არტურომ და სანამ რაიმეს ახსნას შეეცდებოდა, კარზე ზარის ხმაც გაისმა. ორივე ერთნაირად დავფრთხით. ზარი გაძლიერდა და გაგრძელდა.
_ დაბრუნდა? _ ისე უბედურად მომაჩერდა არტურო, თითქოს მისი ცხოვრების წვრილმანებში ზედმიწევნით კარგად ვიყავი ჩახედული.
_ გააღეთ, ფრედ, ის არის, სხვა ვინ შეიძლება იყოს... _ და მე კარი ფრთხილად და ავისმომასწავებლად გადავხსენი. ღია კარში სახეალეწილი ჰილდა იდგა, რომელიც თურმე, ფეხდაფეხ მომყვებოდა და ახლა, უმკაცრესი მზერით მსჯიდა. ვგრძნობდი, ჩუმად გულში, ჩემთვის უკიდურესი განაჩენი გამოჰქონდა. ჰაუერი მეუღლისკენ გაქანდა, ხელები წელზე მოხვია და ბინაში შემოიყვანა. ჰილდა მზერას არ მაშორებდა, არც მე ვაშორებდი მზერას. ამ წუთებშიც ისევ იმ მეორეს, ჩემთვის ძვირფას და ახლობელ არსებას მიმჟღავნებდნენ ჰილდას თვალები. ეს არტურო ჰაუერი იყო, არტუროს მარტვილ სულს და სხეულს ირეკლავდნენ ჰილდას ლურჯი, ზღვასავით ნოტიო თვალები.
ვიგრძენი, რომ ამ ოჯახურ დრამაში სრულიად ზედმეტი ვიყავი და უსიტყვოდ დავტოვე იქაურობა. მეორე დილით კი, ჰილდამ დამასწრო, ადრე დილით დამირეკა და თავისი გადაწვეტილება მაუწყა:
_ ფრედ, არტურომ ყველაფერი მითხრა შენს შესახებ, მე კი არაფერი მითქვამს ჩვენზე. ხომ გესმის, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მშვიდობით, ფრედ...
გული ჩამწყდა, მაგრამ მეც დავეთანხმე. ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტა იმ წუთებში გადავწყვიტე, როცა ჰილდა ჰაუერის ბინის ზღურბლზე გამოჩნდა. ისღა დამრჩენოდა, ეს მოულოდნელი დარტყმა გადამეტანა. მომხდარმა სიცოცხლის ხალისი წამართვა და ჰაუერის შრომების მიმართაც გამიქარწყლა ინტერესი. ასე რომ, მომდევნო ხუთშაბათს ისე დავუბრუნე ნაწერები, წაკითხულიც არ მქონია. რაღაც ზოგადი, თითიდან გამოწოვილი, სპონტანურად შეთხზული შეფასებებით შემოვიფარგლე. ვერაფრით შევგუებოდი იმ აზრს, რომ, გარდა იმისა, ჰაუერს, ჩემს დაბადებამდე კარგა ხნით ადრე, ყველა ჩემი იდეისა და ფილოსოფიური კონცეფტის წერილობითი, სისტემური ფიქსაცია მოეხდინა, ამასთანავე, ჩემთვის ყველაზე სასურველ ქალსაც დაპატრონებოდა. ეს უკვე მეტისმეტად მეჩვენებოდა.
,,(ზიგ)ფრი(ე)დი“
_ ფრედ, ჩემო ბიჭო, დღეს ოპერაში მივდივართ! _ მითხრა ბავშვური აღტაცებით არტურომ და ხელებში სამი ბილეთი ჩამჩურთა. _ ჰილდამაც გთხოვათ წამოხვიდეთ.
,,აჰ, ჰილდამაც!“ ,,აი, რაში ყოფილა საქმე!“ _ გავიფიქრე გამწარებულმა. ისევ ჰილდამ დამასწრო. ვიდრე არსებულ ვითარებას ავწონ-დავწონიდი და რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებდი, ჰილდას, ჩემს მაგივრად, ორივეს მაგივრად, გადაეწყვიტა ყოველივე და მაშინ, მსწრაფლ, თვალის ერთ დახამხამებაში ჩემს წარმოსახვაში გაირბინა მთელმა ჩემმა მშფოთვარე და ხმაურიანმა მომავალმა, სწორედ ისეთმა, როგორზეც მიოცნებია. ამ ,,მომავალში“ ჰაუერი ძალზედ საცოდავად, უბადრუკად გამოიყურებოდა.
_ ფრედ, ჩემო ბიჭო, ხომ წამოხვალთ?! თქვენ, ალბათ, არც კი იცით, რამდენად გენიალურია, თორემ არ მახვეწნინებდით! _ არ ცხრებოდა არტურო.
ჩუმად დავეთანხმე და გავაბედნიერე, ის კი არ მითქვამს, რომ ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი, რამდენად გენიალურია ის, რაც მომაკვდინებლად მოქმედებს. იგი, როგორც, ათასგვარი გამოუცნობი მინარევით ნაზავები საწამლავი, ყელში ნელ-ნელა გეწვეთება და სხეულზე ადრე სულს გიწამლავს. იმის მაგივრად, რომ სიცოცხლე უცებ მოგისწრაფოს, სხვანაირად განადგურებს, სისხლს ბოლომდე გწურავს და, ერთ დილასაც, საკუთარ საწოლში ურჩხულად იღვიძებ.
ვიგრძენი მთელს სხეულზე მკვრივი, სქელი მერქნიანი ტყავი როგორ გადამეჭიმა, გამომეტყველება ავი, ცინიკური გამიხდა. ჰაუერს არაფერი შეუმჩნევია საგანგაშო, ის ზოგადად ცუდად ერკვეოდა ადამიანებში. შემდეგ ბილეთებს დავხედე და აღმოვაჩინე, ის, მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აქამდე ნამდვილად არ ვიცოდი და რაც ამ ემოციურ წნეხში გამომრჩა. ბილეთებზე მსხვილი ასოებით ეწერა:
,,რიჩარდ ვაგნერი. ,,ნიბელუნგების ბეჭედი“. ეძღვნება არტურ შოპენჰაუერს”
არტუროს გაფართოებული თვალები მივაპყრე:
_ ჰო, ჩემო ბიჭო, ასეა, ვაგნერმა სწორედ შოპენჰაუერს მიუძღვნა ეს ეპოქალური საოპერო ციკლი, ამიტომაც მინდოდა, რომ ერთად წავსულიყავით... _ არტურომ ირგვლივ შემპარავი მზერა მოავლო და წამჩურჩულა:
_ აი, ვაგნერს კი ნიცშემ მიუძღვნა თავისი შრომა ,,ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“, თითქოს ამით მადლიერება გამოხატა შოპენჰაუერისადმი მიძღვნის გამო. ხომ გახსოვთ რაც გითხარით, შოპენჰაუერის სულის ნიცშეში შესაძლო რეინკარნაციის შესახებ?! აი, ამგვარად, მაგიური წრე იკვრება: შოპენჰაუერი-ვაგნერი-ნიცშე...
ახლა არტუროს გადამლაშებული ტრანსცენდენტული ბჟუტურის მოსასმენად არ ვიყავი განწყობილი, მხოლოდ ჰილდასთან შეხვედრაზე ვფიქრობდი და ჰაუერი შუა საუბარში უბოდიშოდ მივატოვე. ის კი, მართლაც უცნაურად მენიშნა, რომ ამდენი წლის შემდეგ, ისევ ვაგნერის ,,ნიბელუნგების ბეჭდის“ ოპერაზე მივდიოდი, ჰაუერის ოჯახთან ერთად. ,,ნიბელუნგების“ ფატალური მუსიკა, ჩემს განცდებსა და წარმოსახვებში, სწორედ ჰაუერის ოჯახთან იყო დაკავშირებული. ვგრძნობდი, ბედისწერა ჩემთან თამაშს განაგრძობდა.
საცქერლად ყველაზე მოსახერხებელ ლოჟაში ვიჯექით. მე კი მხოლოდ ჰილდას ვხედავდი, რომელსაც კაბა თვალების ფერის მიხედვით შეერჩია. გროტესკული არსება იყო ჰილდა, შეუდარებლად ლამაზი და მედიდური. შუასაუკუნეების ცბიერი და გრძნეული გამომეტყველებით ნთქავდა ადამიანებით და საგნებით სავსე სივრცეს. მეგონა, ჩვენ კი არ გვახლდა, ნიბელუნგების ქვეყნიდან იყო, სცენიდან გადმოვიდა და მოგვიჯდა. ჰილდას ხიბლში ჩავარდნილი, გრძნობებით და ვნებებით ისე პირთამდე ვიყავი სავსე, არავის და არაფერს შეეძლო ჩემი განჯადოება. მინდოდა მთელს ხმაზე მეღრიალა და გუმბათი ამეხადა თეატრისთვის. მაგრამ ამის საპირისპიროდ მოვიქეცი, მთლიანად მოვეშვი და ბარხატის სავარძელში ჩავიძირე. მეჩვენებოდა, რომ ჰილდას სახელოსნოს დაფხავებულ სავარძელში ვიჯექი. თვალები დავხუჭე და ნაცნობი მელოდიის მომაკვდინებელ ხმებს გავყევი. ეს იყო ,,ნიბელუნგების ბეჭდის“ ბოლო ნაწილი - ,,ღმერთების სიკვდილი“, რომელიც სადღაც უშორეს წყვდიადში, უფსკრულებისკენ და ქვესკნელებისკენ უსწრაფესად მიმაქანებდა. ოღონდაც, არ შემეძლო ზუსტად მცოდნოდა, ეს მელოდია თეატრის სცენიდან მოდიოდა, ჰაუერის სახლში ნანახი, ჰილდას სიურეალისტურად შესრულებული ,,ნიბელუნგებიდან“, თუ ისევ იმ ძველი, ბავშვობის მოგონებიდან.
მეორე დილით ჰაუერის საწოლში ჰილდას გვერდით ვიწექი და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ვფიქრობდი: ,,აქ არის ჩემი ადგილი“. შემდეგ, ტანზე ჰაუერის ხალათი მოვისხი, ჰაუერისავე ფუმფულა, ბეწვის ფოსტლებში გავუყარე ფეხი და სამზარეულოში გავედი, ჩემთვის და ჰილდასთვის საუზმე რომ მომემზადებინა. ჰილდამ კმაყოფილი, ხარბი და გაუმაძღარი მზერა გამომაყოლა და ქალურად ქარაფშუტული, მსუბუქი ხმით გადაიკისკისა:
_ ფრედ, შენ ახლა არტურ ჰაუერი ხარ! ნამდვილი არტურ ჰაუერი!
ჰილდას სარეცლიდან ახლადწამომდგარი, არტუროს ხალათსა და ფოსტლებში გამოწყობილი, თავს მართლაც ჰაუერად განვიცდიდი.
,,ღმერთების სიკვდილი“
არტურომ ჩემი და ჰილდას სიყვარულის, ნაშრომების მითვისების და ჩემთან დაკავშირებული სხვა წვრილმანი ამბებიც, სწორედ იმ დღეს გაიგო, როცა მის ნაშრომებზე სადოქტორო დისერტაციას ვიცავდი ბაზელის უნივერსიტეტში. ჩემგან ასეთი ღალატი სიზმრადაც არ წამოელანდებოდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ცუდად ერკვეოდა ადამიანებში. იმ დღეს არტურო კარდიოლოგიურ რეანიმაციულ ცენტრში მოხვდა და როგორც ექიმებმა მოგვიანებით აღნიშნეს, მხოლოდ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მაგრამ არტურო კარდიოლოგიური ცენტრიდან სახლში აღარ გამობრუნებულა, მას პირდაპირ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოაყოფინეს თავი, რაკი დაჟინებით ამტკიცებდა, დიდი გერმანელი ფილოსოფოსი, არტურ შოპენჰაუერი ვარ და ასევე დიდმა გერმანელმა კომპოზიტორმა რიჩარდ ვაგნერმა მე მომიძღვნა თავისი ეპაქალური საოპერო ციკლი ,,ნიბელუნგების ბეჭედიო“.
მე და ჰილდამ არტურო საავადმყოფოში რომ მოვინახულეთ, ბედნიერად გამოიყურებოდა, მასავით ზეშთაგონებულ ავადმყოფებში მხიარულად ირეოდა. გამაოცა აქაურ ბინადართა ფაბრიკაციულმა ერთგვარობამ. შავგრემანს, ქერას, ალბინოზს თუ მწითურს, ყველას, ერთნაირად ექსპრესიული გამომეტყველება ჰქონდა. როგორც ფსიქიატრიულის წინამძღოლმა ექიმმა გვითხრა, ეს საგანგებო განყოფილებაა, ნაწილობრივ ,,ექსპერიმენტულიც“, ისინი, ყველანი ,,დიდი ადამიანები“ არიან:
_ არ იღელვოთ, აქ არტურო ბედნიერია, მარტო არ არის, თანამოაზრეები ჰყავს ,,კირკეგორის“, ,,პლატონის“, ,,კანტის“, ,,ნიცშეს“, ,,ფროიდის“, ,,ვიტნგენშტეინის“, ,,ჰართმანის“, ,,ჰაიდეგერის“ სახით... _ ეს ჩამონათვალი, ისეთი სიზუსტით იმეორებდა არტუროს შრომებში ასახულ შოპენჰაუერის წინამორბედთა და მემკვიდრეთა ნუსხას, რომ, მივხვდი, ჰაუერს უკვე მოესწრო ექიმის ,,მსოფლმხედველობრივი დამუშავება“.
ჰაუერი ვერც გვამჩნევდა. ახლა იგი სხვა რეალობაში ცხოვრობდა და დანარჩენი სამყარო თითქოს არც არსებობდა. ჰილდამ თავი ვერ შეიკავა და ცრემლებად დაიღვარა.
* * *
ყოველთვის რაიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიების შემდეგ არტუროსთან მივდიოდი. თავს ვალდებულად ვთვლიდი ასე მოვქცეულიყავი. ეს ერთგვარ რიტუალად მექცა. ძირითადად, მის ამბებს ვისმენდი, გამბედაობა არ მყოფნიდა ,,ჩემს მიღწევებზე“ მელაპარაკა.
ერთ დილით, საერთაშორისო სიმპოზიუმიდან დაბრუნებულს, ნოსტალგია შემომაწვა, არტუროსთან ძველი, გულწრფელი საუბრები მომენატრა და მარტო, ჰილდას გარეშე მივედი ფსიქიატრიულში. არტურო უჩვეულოდ კარგად გამოიყურებოდა, თითქოს გაახალგაზრდავებულიყო კიდეც და ახალი ენერგიებით აღჭურვილი, მისთვის ჩვეული სენტიმენტებით უხსნიდა შოპენჰაუერის სამყაროსეული ნებისა და სიცოცხლის პესიმიზმის საფუძვლებს, დაახლოებით, ჩემ ტოლ ახალგაზრდა კაცს. საავადმყოფოს წინამძღოლმა, რომელიც, ჩემდამი ღრმა პატივისცემის გამოსახატად, ყოველთვის თავად მაცილებდა ჰაუერამდე, მრავალმნიშვნელოვანი მზერა შემავლო, შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და ახალგაზრდა კაცზე მანიშნა:
_ ეგ, ,,არტურ შოპენჰაუერის“ საყვარელი მოსწავლე, ,,ფრედ ჰევინგსტონია“, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან...
კიდევ რაღაც თქვა, მაგრამ ამის მეტი აღარაფერი გამიგონია. მდუღარეგადასხმულივით მოვიკრუნჩხე და დავპატარავდი. ამას ნამდვილად არ ველოდი. მაგრამ ყველაფერი, ჯერ კიდევ, წინ იყო, თურმე. მოულოდნელად ნაცნობი ხმა შემომესმა:
_ ,,მამა, ამიხსენი, რა საჭიროა ისტორია?!“
მაშინვე მივხვდი ვინც იყო. ბილ კიქსი! არტუროს მამობრივ გრძნობებში სათუთად გახვეული, ბედნიერი ბილ კიქსი!
გული ჩამწყდა. სხეულის შეგნით ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ვხედავდი, რომ არტუროს თავისი ,,ფრედ ჰევინგსტონი“ ეპოვნა და ჩვენი ფილოსოფიური ,,საჯარო დიალოგებიც“ აღედგინა. თავი მიტოვებულად და მარტოსულად ვიგრძენი. თითქოს, სიცოცხლემ აზრი დაკარგა. სადღაც შორიდან, ყრუდ და ნელ-ნელა ჩემს არსებაში იჭრებოდა და პირთამდე მავსებდა ნაცნობი მელოდია: ეს იყო ,,ნიბელუნგების ბეჭდის“ ბოლო ნაწილი, ,,ღმერთების სიკვდილი“, რომელიც სადღაც, შორეულ წყვდიადში, უფსკრულებისკენ მიმაქანებდა.
მსუყე ნერწყვი და ყელს მობჯენილი მლაშე ცრემლი სასულეში ერთდროულად გადამცდა. იქვე მდგარ ფუმფულა, მოლურჯო სავარძელში ჩავეშვი.
მეჩვენებოდა, რომ ჰილდას სახელოსნოს დაფხავებულ სავარძელში ვიჯექი.
დაბნეული ექიმი დატრიალდა და იმის მაგივრად, ჩემთვის წყალი დაელევინებინა, ცხვირ-პირში მომასხა. ამან მიშველა. წყალმა გამომაფხიზლა და მომასულიერა.
არ ვიცი, არტურომ მაპატია თუ არა, მაგრამ ის კი ცხადი იყო, კვლავაც ვუყვარდი. საეჭვიანო არაფერი მქონდა. მან ბილ კიქსით მხოლოდ ფორმალურად ჩამანაცვლა. მივხვდი, რომ არტუროს გულისგულში ვიჯექი და მთელი ჩემი არსება სრულად ავსებდა იქაურობას. იქ არ რჩებოდა ადგილი კიდევ ვინმე სხვისთვის. ჰაუერი ძველებურად შეუვალი იყო.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა