ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში
იგულისხმება გალაკტიონის პროზა. ეს ფრაზა ზოგიერთ ლიტერატორსაც კი გააკვირვებს.
სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ გალაკტიონის პროზაული კრებული გამოცემულია.
წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ:
„მურმან ლებანიძეს გალაკტიონ ტაბიძის პროზაული თხზულებანი ჟანრების მიხედვით დაუხარისხებია, დაულაგებია. უნდოდა გამოეცა, რათა მკითხველს გარკვეული წარმოდგენა შექმნოდა გენიოსი პოეტის პროზაზე, მის მხატვრულ ღირსებებსა და გამორჩეულობაზე. სურვილი განუხორციელებელი დარჩა“...
საბედნიეროდ, ეს სურვილი მურმან ლებანიძეს, გარდაცვალებიდან ორიოდე წლის შემდეგ, მეუღლემ, ქალბატონმა ელენე ჭავჭავაძემ შეუსრულა და წიგნი, 2004 წელს, მისი რედაქტორობით გამოიცა.
გალაკტიონისა რომ არ იყოს, შესაძლოა, „პროზა“ ხმამაღალ ნათქვამადაც კი მოგვჩვენებოდა, მაგრამ გენიოსის ხელიდან (კალმიდან) გამოსული, რა თქმა უნდა, ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სინამდვილეში, ეს პროზაული ჩანაწერებია, გენიოსისათვის დამახასიათებელი უცნაური გამონათებებით, უაღრესად საინტერესო მოგონებებითა და შთამბეჭდავი პორტრეტებით.
***
გალაკტიონის პროზაული თხზულებანი მურმან ლებანიძეს, „ჟანრების მიხედვით“, სამ ნაწილად დაუყვია.
პირველი: „მოთხრობები, მოგონებები, ეტიუდი, ესკიზი“;
მეორე: „პორტრეტები, სახეები“;
მესამე: „წერილი, ესსე“.
ჟანრული კლასიფიკაციის კრიტერიუმები თუ სახელდებანი აშკარად აღრეული და სადავოა, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ წიგნად გვაქვს გენიალური ლირიკოსის მრავალმხრივ საინტერესო პროზაული თხზულებანი.
ხოლო ყველაზე საყურადღებო „ჟანრი“, აქ „პორტრეტებია“, რომლებიც წიგნის სამივე განყოფილებაშია გაბნეული.
***
გალაკტიონს პოეზიაში პორტრეტები, ფაქტობრივად, არ შეუქმნია, თუ არ ჩავთვლით მართლაც განსაცვიფრებელ პეიზაჟებს, რომლებიც უხვადაა მის ლირიკულ ქმნილებებში:
„საღამო იწვა ხავერდის ყდაში, ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი“...
ან:
„ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს“...
გალაკტიონისთვის, არსებითად, უცხოა ეგრეთწოდებული „მიძღვნითი ლექსები“.
ამის დიდოსტატი თვითონ მურმან ლებანიძეა, რასაც, უპირველეს ყოვლისა, „გალაკტიონის ციკლი“ მოწმობს.
სხვა რომ არაფერი დაეწერა მურმან ლებანიძეს, მარტო ამ ციკლითაც დიდ პოეტად დარჩებოდა.
და კიდევ რამდენი პორტრეტია ჩახატული მის ლექსებში?! ამ პორტრეტებიდან უძვირფასესი სახეები შემოგვცქერიან: ილია, აკაკი, ვაჟა, მიხეილ ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, აკაკი გაწერელია...
მაგრამ ახლა გენიალური ლირიკოსის პროზაზე ვმსჯელობთ.
***
ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ეს პოეტური პროზაა, ხან იმპრესიონისტული, ხან კი ექსპრესიონისტული თვისებებით.
ზოგჯერ შთაბეჭდილების გამოხატვა სჭარბობს, შიგადაშიგ კი - სუბიექტური განწყობილების გადმოცემა.
წერის ლაკონური სტილით კი უფრო ნიკო ლორთქიფანიძეს ენათესავება.
გალაკტიონი გენიალური ლირიკოსია. პროზა არ არის მისი სტიქია.
ამის მიუხედავად, მისი პროზაული თხზულებანი, განსაკუთრებით პორტრეტები, გენიოსური კალმის მონასმებს შეიცავენ.
სულ თოთხმეტი სტრიქონით, სამოცდაშვიდი სიტყვით ქმნის იგი კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას პორტრეტს.
და ამ თოთხმეტ სტრიქონში იმდენი პიროვნული შტრიხია, რომ ღირს მთლიანად გადმოწერა:
„ნიკოლოზ შენგელაია შემხვდა 1921 წელს მატარებელში, მაშინ სამხედრო იყო. მე მოვდიოდი სოფლიდან. ის შემოიჭრა და სთქვა, ძლივს დავაღწიე თავი, მივყავდით დაჭერილი, ხიდიდან წყალში გადავხტი და ამით თავს ვუშველეო. ძალიან ცოცხალი კაცი იყო.
ის მოწმე იყო 1922 წელს ხელოვნების სასახლეში ჩემი და ტიციანის კონფლიქტის. მე ვთხოვე, არავისთვის გაემხილა და მან ეს შეასრულა. 1940 წელს საგურამოში გვეწვია მწერლებს, შემდეგ არაგვზე წავიდა სათევზაოდ.
რაღაც ტრაგედიას განიცდიდა, ეტყობოდა, თუმცა, ოხუნჯობდა, იცინოდა.“
ეს მცირე თხზულება 1948 წლითაა დათარიღებული.
საინტერესოა, რომელი ტრაგედიის განცდა იგრძნო გალაკტიონმა ცნობილ კინორეჟისორში - უკვე მომხდარის თუ ხუთი წლის შემდეგ მოსახდენის?
***
„მე ამბიციური ვარ. მსურს, რომ ათი წინადადებით ვთქვა ის, რასაც სხვები მთელი წიგნით ამბობენ.“ - ეს ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვებია.
დავთვალე და გალაკტიონს ილია ჭავჭავაძე ზუსტად ათი წინადადებით ჰყავს დახატული:
„მისი გონების ძალა არაა მარტო სიტყვებში: იგი ზომავდა საგნებს თავისი განსაკუთრებული თვალთახედვის ისრით, ეს თვალთახედვის ისარი ხშირად ცვლიდა საგნების ნამდვილ სახეს, როგორც იცვლება ყოველგვარი საგანი იმისდა მიხედვით, თუ საიდან უცქერი მას. მისი ჟესტები იყო ნელი, იშვიათი და თავდაჭერილი, მაგრამ გონიერი. ეს უმთავრესი დამახასიათებელი თვისებაა ილიას პირადი ცხოვრების. არ უყვარდა მას ცხოველი და მკვეთრი, გაფრენილი სიტყვა; ბრიტანული სიცივე კარგი ზრდილობის მაჩვენებელი იყო, მისი აზრით.“
არ უდრის „მთელს წიგნს?!“
***
ამის შემდეგ აუცილებლად დაგვაინტერესებს გალაკტიონის თვალით დანახული აკაკი წერეთელი.
აკაკის პორტრეტის შესაქმნელად, ის შედარების ხერხს მიმართავს და ეს ხერხი, მის ხელში, უაღრესად ეფექტურია:
„ის ნამდვილი სერვანტესი იყო ხუმრობაში, ნამდვილი ბაირონი მწუხარებაში, ნამდვილი ჰეინე ეროტიზმში და შეუდარებელი მოქალაქე მამულის სიყვარულში.“
აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას:
აკაკის არავის ადარებს იმ თვისებით, რომლითაც ის შეუდარებელია და რასაც ნიკო ლორთქიფანიძე „პატალოგიადაც“ კი უთვლიდა - ყველა საგანში საქართველოს ხედავსო.
ზემოთ ნიკო ლორთქიფანიძე ვახსენეთ.
ჰგავს და არც ჰგავს.
ნიკო ლორთქიფანიძე არ დაწერდა, ხიდიდან წყალში გადავხტიო.
ორი სიტყვითაც დაკმაყოფილდებოდა, რადგან „წყალში“ ისედაც იგულისხმება და ზედმეტია.
გალაკტიონი ლექსის ვირტუოზია.
მის პოეტურ შედევრებში ზედმეტს ვერაფერს ვნახავთ.
ნიკო ლორთქიფანიძე პროზის დიდოსტატია.
შეუძლია, სამი სიტყვით მთლიანი პორტრეტიც კი დახატოს: „გაძვრა - გამოძვრა მაჭანკალი“.
***
მაგრამ გენიოსი ყველგან გენიოსია და გალაკტიონი პროზაულ ჩანაწერებშიც ვირტუოზულობას ავლენს,
აი, როგორი შტრიხით გვიხატავს მხატვარს - მოსე თოიძეს:
„მოსეს სახლში ერთხელ ხანძარი გაჩნდა. მოსე კი ვერ ამჩნევდა. სურათს ხატავდა და ამბობდა: „Какое великолопное освещение, как хороши эти светотени.“
შეუძლებელია, მხატვრის, ხელოვანის, ზოგადად, შემოქმედის ბუნების უფრო მეტყველი შტრიხით გადმოცემა.
***
კიდევ უფრო ძლიერია გალაკტიონის მონასმი, როცა ადამიანის უარყოფით თვისებებს აღწერს.
სიძუნწის უკეთესი დახასიათებაც, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია:
„ეს ისეთი კაცია, ერთ გროშს როგორმე წაართმევ, მაგრამ სამაგიეროდ ის სულს ამოგართმევს. რაღა გამოვიდა?
გინახავს სადმე, რომ გველს ფეხები ჰქონდეს?
-არა?
-დაგინახავს როდისმე ჭიანჭველას თვალები?
-არა, არ დამინახავს!
-ისე ვერც მაგის პურ-მარილს ნახავ!“
***
უზუსტესი შტრიხებით ხატავს გალაკტიონი პოლიკარპე კაკაბაძის პორტრეტს:
„ჩვენი პოლიკარპე დინჯი ადამიანია. ერთის შეხედვით ბევრს ეგონება, რომ ის არაფერსაც არ აკეთებს და იმის გამო, რომ სულ დაფიქრებულია, სადაც არ უნდა შეხვდე, ერიდება ზედმეტ ლაპარაკს. ის არა სიტყვის, არამედ მოქმედების ადამიანია, ქმედება, საქმის გაკეთება ნამდვილად საფუძვლიანია. აი მისი სტიქია.“
„მოქმედების ადამიანი“ - დრამატურგი უფრო ზუსტად როგორ უნდა დაახასიათო?!
***
სულიშემძვრელია ტერენტი გრანელის გალაკტიონისეული პორტრეტი.
აქ, მართლაც, ნიკო ლორთქიფანიძის დარი ლაკონიზმი და დიდოსტატობაა.
ვერაფერს მიუმატებ.
ვერაფერს გამოაკლებ.
გალაკტიონი გრანელის სილუეტს ორ დროში დაგვანახებს - ზაფხულსა და ზამთარში. დაგვანახებს უაღრესი სიტყვაძუნწობითა და იშვიათი მხატვრული ძალით:
„აი ქვაფენილზე მიდის ფეხშიშველა ადამიანი. იგი გამოხვეულია ძონძებში და აგვისტოს მზე დაუნდობლად აჭერს შიშველ თავზე. ეს ტიუტჩევის ტემაა.
ეს ადამიანი ფეხით დადის.
- ვინ არის ეს კაცი?...იკითხეს.
- გრანელია, პოეტი, - იყო პასუხი.
*
იმავე ქვაფენილზე მიდის იგივე ფეხშიშველი ადამიანი. ახლა კი იმას თბილი ძონძები არა აქვს. თოვს, ზამთარია. ის კი თეთრეულის ამარა მიდის.
- ვინ არის ეს კაცი?...იკითხეს.
- გრანელია, პოეტი - იყო პასუხი.“
***
ხომ საინტერესოა პიროვნების პორტრეტი, მისივე სადღეგრძელოებით გადმოცემული?
გალაკტიონთან ამასაც ნახავთ.
„იოველის სადღეგრძელოები“ - ასეა დასათაურებული ერთი მინიატურა.
აი, სადღეგრძელოებიც:
„ - ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მგელს, რომელი მგელიც აღსარებას მღვდელთან იღებს და გულში კი ჰფიქრობს: ნეტავი სადა სძოვს ჩვენებიანთ მღვდლის ბატკანიო!
-ეს ღმერთმა გაუმარჯოს თვითონ ღმერთსა, ვენაცვალე მის ჭკუასა და გონების მარიფათს, რომ ჩვენებიანთ ივანესათვის პური ბლომად მიუცია და კბილები კი არა!!!“
რამდენ ნაცნობს მოგვაგონებს ეს სადღეგრძელოები - უღმერთო კაცის უაღრესად შთამბეჭდავი პორტრეტი?!
***
და ბოლოს ერთი პოტრეტი, რომელსაც ვერც იმპრესიონისტი დახატავდა და ვერც ექსპრესიონისტი.
ეს გალაკტიონის კალმიდან უნდა გამოსულიყო.
ნიკოლოზ ბარათაშვილზე წერს:
„როდესაც იგი მთაწმინდაზე ადიოდა, მისი სული ჰგავდა მთვარეს, რომელიც თანდათან ფითრდებოდა. იმან გაიარა თავისი მარტოობის გზა, გაიარა მოწყენილს შეღამებულ დროს, როდესაც ბედნიერებას სძინავდა და სცხოვრობდნენ მხოლოდ აჩრდილები, ჭოტები და ცოდვები.“
და ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, როგორ ფითრდებოდა მთაწმინდის მთვარე, როცა იქ თვითონ გალაკტიონი ადიოდა.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა