ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ციკლიდან „გაუგზავნელი ბარათები“
ბავშვობის ქალაქი
შავი ოქროს ქალაქის ერთ პატარა უბანში გავიზადე, სადაც ყველა
ყველას იცნობდა. დილას, შუადღისას, თუ საღამოს ერთი შეძახილი
ისმოდა:
-,,არ წახვიდე, ჟუჟუნა, ციალა“...
(საბაგიროს გზის გამყოლი ქალი ან ჟუჟუნა იყო ან - ციალა).
ჰაერში გაკიდებული საბაგირო გზის ვაგონი სწორედ ჩემს კორპუსთან
ამოდიოდა (ვაგონს 25 მგზავრი მოჰყვებოდა).
ვაგონიდან გადმოსული, თავს პირდაპირ კორპუსში ამოვყოფდი ხოლმე.
(სადღაც, ორმოცდაათი ნაბიჯი იქნებოდა).
ჭრელი იყო ჩემი ბავშვობის ქუჩა, ხმაურიანი, ფერადი, ერთი და იგივე და
უცნობი სახეები - ყველა ჩემს თვალთახედვის არეალში.
ზღაპრის წიგნი ადრე დავხურე, მაშინ დიდობაზე მეოცნებე პატარა გოგო
ვიყავი, ახლა კი ...
უკვე, 35 წელია, სიზმარში ვცდილობ ზღაპრის გაგრძელებას.
იქ ბავშვობა დავტოვე და სიზმრებში ვეძებ.
დღესაც ფიქრებით სულ იქ ვარ.
მყუდრო, მაღალჭერიან, მუდამ სისუფთავის სუნითა და ახალი ნივთებით სავსე -
ჩემს სახლში. გამუდმებით ვხედავ ყვავილებთან თანამოსაუბრე დედაჩემს,
ფანჯრის ფართო რაფებზე მუდამ აყვავებულ ქოთნის ყვავილებს,
სულ ჩა-მესმის მამის სუნთქვა და ჩემი დაიკოს განწირული კივილი -
,,ხელი არ ახლო, ეს ჩემია“...
ისევ ვხედავ:
ჩემი ოთახის წინ მდგარ მტირალა ტირიფს,
ისევ გულმოდგინედ ვმალავ წერილებს...
ისევ გამუდმებით ვამოწმებ საფოსტო ყუთს და საფოსტო ყუთში
დატოვებულ ჩემს "ნორჩი ლენინელს"....
ტაბიძის 4, ბინა 7.
ჩემი სიყვარული - ჩემში...
უშენო დღეები კრიალოსანის მძივებივით ჩამოთვალა შემო-დგომამ.
აღარ მინდოდა მეთვალა ზამთრის გრძელი ღამეები და მოკლე დღეები.
მაგრამ ჩემსავით ჯიუტია ცხოვრება, თუ არ უნდა, წინ ბიჯსაც ვერ წაადგმევინებ.
შემოდგომისგან უღვთოდ გაძარცვული,
კრიალოსანზე უშენობის დღეებს ვმარცვლავდი და ვმარცვლავდი...
აღარ ვქარგავდი... აღარც ვხატავდი...
შენს მონატრებას დანატრებული, დღეებს აღარ, წუთებსა და წამებს,
შეხვედრიდან შეხვედრამდე ვუთვლიდი.
გადიოდა გრძელი ღამეები და მოკლე დღეები...
ბუხართან ჩამომჯდარი მოხუცივით თვლემდა უშენობა.
დასასრულის დასაწყისს მოთმინებით ველოდი.
ადრე ასე არ შემეძლო. გავზრდილვარ.
მე არა!
ჩემი სიყვარული - ჩემში.
და არასოდეს ,,გულშიშველა“...
მახსოვს, გაზაფხული ძალაში შედიოდა, ავად რომ გავხდი.
ახალი ფეხსაცმელები , საგაზაფხულოდ რომ ვიყიდე ჯერ არ ჩამეცვა.
ააპრილებას ველოდი. ისე მომწონდა ისე, ისე, რომ ყოველ დღე, ყუთიდან ამოვაბრძანებდი,
მოვიზომებდი და ისევ ყუთში ვაბრუნებდი ...
თავიდან ვითომ არაფერი... მაგრამ როცა ჩემი ავადმყოფობა
გაზაფხულივით ძალაში შევიდა, გიჟივით ამარტდა და უკეთესობისკენ კი არა,უარესობისკენ მექაჩებოდა.
სინანულით გავაპარებდი ხოლმე მზერას
ჩემი ახალი და ფერადი ფეხსაცმელებისაკენ და ვფიქრობდი:
ამის ჩაუცმელი როგორ უნდა მოვკვდე-თქო და... შვილს ვუთხარი:
თუ რამე და ვეღარ მოვასწრებ ამით თავის მოწონებასა და აანცებას,
გთხოვ, არ გააჩუქო , აუცილებლად ეს ჩამაცვით-თქო.
მანაც ძალიან მშვიდად და აუღელვებლად პასუხი დამიბრუნა:
-აუცილებლადო.
თვალები დავაჭყიტე. მისგან ასეთ პასუხს არ ველოდი. ორივეს გაგვეცინა.
(უფრო სიმწრით)
აი, მაშინ ჩემს ავადმყოფობას "ნება ყუაზე" მოვუგრიხე და გზასამცდარი ფიქრებიდან გამოვახეტე...
მას შემდეგ, ახმაურებას დააპირებს თუ არა,
ყურში ხელს წამოვავლებ და გარეთ მივაბრძანებ ხოლმე.
მე კი მივსდევ ცხოვრებას, ხან ფერადი ფეხსაცმელებით,
ხან ფეხშიშველა და არასოდეს "გულშიშველა".
ქარდრო
რამდენი რამის თქმა მსურდა და ხან იყო დრო და არ იყო სიტყვა.
ხან იყო უდროობა და ლოდინი დრომდე.
მერე თავქუდმოგლეჯილი სირბილი როგორმე დავწეოდი დროს...
ერთხელ, მახსოვს ფეხსაცმელიც კი გავიხადე და ისე ავედევნე,
მაგრამ ვერ დავეწიე და ვერც შევაჩერე.
არც მან დამინდო, როგორც არ დამინდეს ადამიანებმა,
რომლებიც გამუდმებით, ჩემ გარშემო ტრიალებდნენ და უცებ ქრებოდნენ,
წვიმის წვეთებივით შრებოდნენ.
ზოგი, ვისი სიცოცხლეც სულის უკვდავებასავით მეძვირფასებოდა,
ამა ქვეყნიდან სამუდამოდ იბარგებოდა.
ზოგიც, ამა სოფელში ჩემთან ერთად, მაგრამ მაინც, უჩემოდ აგრძელებდა ყოფას.
ბავშვობის არცერთი ფოთოლი არ შემარჩინა ქარდრომ,
ყველა აააფრიალა , ყველა უმისამართოდ , არეული, თავის გზით ატარა.
მათ შორის მეც...
მერე სულ ვფიქრობდი...
ნუთუ, ასე ქრება და იკარგება ყველაფერი რაც ჩვენდა დაუკითხავად გვეძლევა?
ნუთუ, არაფერია მარადიული?
ნუთუ, ყველა ჩვენგანი განწირულია?
ნუთუ, ასე შეიძლება ყველაფერი განიავდეს...
რამდენი ომი დავიწყე საკუთარ თავთან და რამდენჯერ წავაგე.
წავაგე და თავლაფდასხმული საკუთარ ნაჭუჭში გავმოვიკეტე.
ისევ ძალა მოვიკრიბე და ისევ მარტომ, რამდენჯერმე გავაგრძელე ბრძოლა
ჭეშმარიტების ძიების სურვილით შეპყრობილმა.
სულ გავრბოდი...
გავრბოდი საკუთარი თავიდან, საკუთარი ტყავიდან,
ფეხშიშველა მივსდევდი დროს და ადამიანებს.
მინდოდა აბარგებამდე პასუხი გამეცა ყველა დასმული კითხვისთვის.
გზადაგზა ცხოვრება ადამიანებს დამამგზავრებდა, რომლებიც პასუხის პოვნაში მეხიდებოდნენ.
ზოგიერთნი, ერთს ამბობდნენ და სხვას აკეთებდნენ.
ზოგიერთნი, საკუთარ ჯამში იცქირებოდნენ და პასუხის ღირსადაც არ მთვლიდნენ.
ზოგნი, თვითგადარჩენისათვის იბრძოდნენ და მოხედვის დრო არ რჩებოდათ.
ზოგნი, ავადობდნენ და მაავადებდნენ.
ზოგიერთნი უსიტყვოდ მესიტყვებოდნენ, მაგრამ სულ რამ-დენ-იმე.
მე მაინც ვეძებდი.
ვავადობდი და ვინკურნებოდი.
ვინკურნებოდი და ვკურნავდი.
ვიშლებოდი და ვნაწილდებოდი.
ვნაწილდებოდი და ვმთლიანდებოდი.
და ასე დაუსრულებლად...
მე ახლა ნასახლარი ვარ...
ახლა უკვე ნასახლარი ვარ...
გავაჩერე საათი და დავაფიქსირე შენი გასვლის დრო...
შენთან ერთად შევიკავე სუნთქვა...
ვეღარ დავითმინე და პირ-უტყვივით ამოვიხავლე...
ჩამოვკიდე გულის კარზე მძიმე ბოქლომი...
სანთელი ავანთე , ფსალმუნის წიგნი გადავშალე,
მიწაზე დავემხე და შენამდე მოსასვლელ გზაზე ფიქრი დავიწყე.
მერე შემეშინდა...
ვაი თუ ... ვეღარ მოგაგნო...
ვაი თუ... აღარ მომიშვან...
ვაი თუ... ვეღარ გნახო.
ვაი თუ... ვეღარ მოგიპოვო.
ვაი თუ... ვეღარ შეგიყვარო და შემიყვარო...
ვაი თუ...
ახლა ნასახლარი ვარ!
წვიმების სეზონი
1
ახლა შემოდგომაა...
წვიმების სეზონია...
მე კი, სხვის გულ-(ებ)-ს ადევნებული,
მთელი გულით უგულოებს დავეძებ...
იქნებ წვიმების სეზონი -
სიყვარულის სეზონად გადა-ვუქციო...
შემოდგომას წვიმები უყვარს...
უფალს - გულით მორწმუნენი.
მე კი - ჩემში ჩემი უფალი!
მზე, ყოველ დღე, თითო სხივს ჰპარავდა...
ტკივილს - ტკივილზე,
განსაცდელს განსაცდელზე უმატებდა.
მერამდენედ ამბობდა:
ვერ შევძლებო...
- შეძლო.
ვერ გავუძლებო...
-გაუძლო.
ვერ ავიტანო...
-აიტანა.
ვერ ვაპატიებო...
-აპატია.
ვერ დავემგზავრებიო...
-დაემგზავრა.
ვერ დავიმგზავრებო...
-დაიმგზავრა.
ვერ გავუგებო...
-გაუგო.
ვერ მოვუსმენო...
-მოუსმინა.
ვერ დავეხმარებიო...
-დაეხმარა.
ვერ შევიყვარებო...
შეიყვარა!
ვერ დაველოდებიო,
და
ელოდებოდა...
შემოდგომის დღეები კი
უკანმოუხედავად გარბოდნენ კალენდრიდან...
მზე ყოველ დღე თითო სხივს ჰპარავდა ...
მიუხედავად მრავალი შეცდომისა,
ხელს არ უშვებდა კაცთმოყვარე
უფალი.
2
შემოდგომას წვიმები უყვარს...
ახლა სულშიც წვიმების სეზონია...
სულ მიტირის ეს დალოცვილი გული...
ვერდატეული სიხარული და
დარდი ერთნაირად ატირებს.
ამ შემოდგომის "ამინდებმა"
სულ (გად)-არია!
აღარც შემოძახება შველის,
აღარც შელოცვა ნახშირ-დანითა და
ბაგეს ადევნებული სიტყვებით -
"გულო, ჩადექ საგულესა"...
ახლა, კაცს თუ გული გ-აქვს - შინ,
საგულეში რა დააკავებს.
მიატოვებს საგულეს, აბა რას იზამს.
ახლა შემოდგომაა...
წვიმების სეზონია...
მე კი, ისევ, სხვის გულ-(ებ)-ს ადევნებული,
მთელი გულით უგულოებს
დავეძებ...
იქნებ წვიმების სეზონი,
სიყვარულის სეზონად გადა-ვუქციო...
შემოდგომას წვიმები უყვარს...
უფალს - გულით მორწმუნენი.
მე კი, - ჩემში ჩემი უფალი!
აბზაცები
აბზაცებად დაყოფილ ჩემს ცხოვრებას ვკითხულობ და...
ხან მეღიმება, ხან მეტირება, ხან მედარდება,
აბზაც-აბზაც მტკივა, მაგრამ არცერთი აბზაცის
გამოტოვებას არ ვაპირებ.
უნდა ვიკითხო მანამ, სანამ არ გავიზუთხავ.
მუცლის მოშლა
დედა-მიწას მუცელი ძალით მოაშლევინეს.
-უსიყვარულო ნაყოფია და ვეღარ იხარებსო.
ჰოდა, მოაშლევინეს კი არადა, მოუშალეს!
მაშებით, ნაკუწ-ნაკუწ სხეულიდან გამოდევნეს და მერე...
ასე ნაწამები, ნაჯიჯგნი, დანაკუწებული მიმოფანტეს.
ახლა უნდათ ფერფლად აქციონ,
ჰაერში გაფანტონ და ასე დააგდონ ბერწი დედა-მიწა
ადამ-იანების გარეშე.
შენ კი, ამ სანახაობას მშვიდად შესცქერი,
ტაშს უკრავ შენივე განდევნას " პირისაგან მიწისა" და
მაინც ჯიუტად გაიძახი,
რომ ყველაფერი კარგად იქნება!
მერე... დავფიქრდები და გადავწყვეტ...
ზოგჯერ, საჭირო კი არა, აუცილებელიცაა,
ხალხად წოდებულ ბრბოს განერიდო.
ზურგი შეაქციო და საკუთარ თავთან მარტო დარჩე.
რათა - უსახო და სახიანი,
ცრუ და მართალი,
უთვალისჩინო და თვალხილული,
გაჭირვებული და დალხინებული,
ბედნიერი და უბედური,
ერთგული, ორგული და უგულო,
სიტყვა და საქმე,
სანდო და უნდო,
ჭკვიანი და ბრიყვი,
მადლიერი და უმადური,
მორწმუნე და ურწმუნო ერთმანეთისგან გაარჩიო.
ჰოდა, წა- მოველ...
სადმე ჩამო-ვისვენებ...
და-ვფიქრდები და გადა-ვწყვეტ.
შენჩემობა
სადაც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა ვიყო... ყველგან მეყოფი!
ყველგან მეყოფა ის გრძნობა შენჩემობა რომ დავარქვი სახელად.
სადაც არ უნდა ვიყო და სადაც არ უნდა იყო...
მაინც ჯანმრთელ სისხლად ირონინებ ჩემს ძარღვებში.
სადაც არ უნდა წახვიდე და წავიდე, მაინც ჩემთან დარჩები,
რადგან შენი სიყვარული ყველგან ერთგულებად გამომყვება.
ყველაზე საიმედო თანამგზავრად მეგულები .
ყოველ დილას, ჩემთან ერთად ხელახლა იბადები და ...
მინდა ეს უსასრულოდ გამიგრძელდეს.
ისევ თავიდან ... ისევ ლექსები ... ჩემთვის და ჩემში...
თხემით-ტერფამდე ლექსის ხარ... ლექსში ხარ...
იმდენად ლექსის იყავი და იმდენად ლექსში იყავი,
უკვე ვეღარც მხედავდი, აღარც მეალერსებოდი,
აღარც მეფერებოდი, აღარც მეამბორებოდი...
ეგრევე ლექსში გადაეშვებოდი და დამიბარებდი
- "წავედი მომდევნო ლექსში".
ლექსებით მაპურებდი , მავსებდი,
მაორსულებდი და მამშობიარებდი...
და მე, ამ მდგომარეობას მიჩეული,
ყოველ დილით, შენზე მეტად ლექსებს ველოდი....
მერე, მათ წინ, შემოდგომის ხეებივით ვიძარცვებოდი ...
მე შენს ლექსებთან ურცხვად ვშიშვლდებოდი...
ვწვებოდი, ვიწვებოდი და ... ყველაფერი იწყებოდა თავიდან...
ისევ თავიდან ... ისევ ლექსები ... ჩემთვის და ჩემში...
შენ მე ლექსებით "მაპურებდი"...
მაორსულებდი ...
მამშობიარებდი და ... ეს გრძელდებოდა დაუსრულებლად...
ერთხელაც...
ჩემდა დაუკითხავად,
ჩემს ნაცრისფერ ყოფაში, მზის სხივი აათინათდა
და უფერო-ფერიანი დღეების ორპირმა ქარმა
კარი თავისით გაიჯახუნა.
მიხვდა რომ ზედმეტი აღმოჩნდა.
ჩემი მარტოობა უვადო შვებულებაში მიაბრძანა და
მარტო და ერთად დაგვტოვა.
-მერე?
-რა მერე...
-მერე როგორც ხდება ხოლმე...
დროის შეგრძნებასთან ერთად თავიც დავკარგე.
დარდი - სიხარულზე,
უიმედობა - იმედზე,
უნდობლობა - ნდობაზე,
სიკვდილი - სიცოცხლეზე,
სიძულვილი- სიყვარულზე გადავცვალე.
- მერე?
- რა მერე...
მოხდა ისე, როგორც ხდება ხოლმე ...
ახლა დაკარგულ თავს ვეძებ...
იმედია, მარტოობა უძღებ შვილს მიმიღებს და
შინ დამაბრუნებს!
ისევ გათენდა.
ოღონდ ახლა - ასე!
მდგმური
ერთ წუთში...
მატარებლის ბაქანზე ბავშვობა დატოვა
და მთელი ცხოვრება...
საკუთარი ბავშვობის მდგმურად იქცა .
მეტის მოლოდინი არც უნდა გქონდეს...
იყო და ტიროდა!
კარგად იყო და ტიროდა ...
ცუდად არ იყო და მაინც ტიროდა ...
ღმერთიც გაანაწყენა და კაციც.
როცა ცუდად არ იყო და კარგად იყო,
სხვის ცუდად ყოფნას ვერ ხედავდა.
რჩევას ეკითხებოდნენ და არ პასუხობდა.
ვითომ არ ესმოდა...
სწერდნენ და ვითომ არ ან ვერ კითხულობდა ...
ერთი სიტყვით- "სოფელი იწვოდა და სოფლის მეძავი თმას იბანდაო".
ჰოდა, უფალმა - თუ არ კითხულობ თვალისჩინი რაღად გინდაო.
ადგა წაართვა და სხვას მისცა.
როცა გესმის და თავს იყრუებ,
არც სმენა გჭირდებაო და ისიც წაართვა.
დასახმარებლად არავისთან გარბიხარ და არც - ფეხებიო.
გული ისედაც არ ჰქონდა.
ადამიანად ყოფნის დანიშნულება რომ გავიწყდება,
მეტის მოლოდინი არც უნდა გქონდეს.
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე