გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)



შიზოფრენიასა და შემოქმედებას შორის კავშირზე ყურადღების მიპყრობისას, უნდა შევნიშნოთ, რომ კავშირის მეტად ზოგადი გაგება დასაშვებს ხდის მისი მნიშვნელობის ფრიად განსხვავებულ განმარტებას.უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოვიფარგლოთ საკითხის ამგვარი დაყენებით: წარმოადგენს კი ამ არაჩვეულებრივი ადამიანების შიზოფრენია მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების მიზეზს ან ერთ-ერთ მიზეზს? შიზოფრენიის ბნელი, იდუმალი სიღრმეების ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიურ პროცესებზე დამოკიდებულება - არის ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს შემოქმედებაზე, მაგრამ თავად ქმნილებას არ ანიჭებს შიზოფრენიულ ხასიათს. ისევე, როგორც ალკოჰოლის ის დიდი ოდენობა, რომელსაც ბისმარკი გამოიყენებდა რაიხსტაგში გამოსვლის წინ, - ვინაიდან ასე უფრო უკეთესად გამოსდიოდა სიტყვით გამოსვლა - არ აძლვდა მის სიტყვას ალკოჰოლურ ტონებს, თითქმის ასევე შიზოფრენიაც წარმოადგენს დროში, თუმცა უფრო ხანგრძლივს და უფრო მეტად მნიშვნელოვანს ეგზისტენციისათვის, მაგრამ შემოქმედებისათვის არასპეციფიკურ პირობას. მეორეც, საკითხი შეიძლება ასე ჟღერდეს: თუკი შიზოფრენიით წარმოიშვება სტილის ცვლილება, მაშინ, შეიძლება შიზოფრენია მაინც წარმოადგენს მის სპეციფიკურ პირობას? და კიდევ, შეიძლება ამგვარი ეფექტები, რომლებიც, ვთქვათ, სხვა ინდივიდუუმეებს შეიძლება გაუჩნდეთ ყოველგვარი ამგვარი პირობების გარეშე, გამოწვეული იქნას მხოლოდ შიზოფრენიით - ან, შეიძლება, ასევე პროგრესული პარალიჩით, ტვინის სხვა დაავადებებით, ან ალკოჰოლიზმით და ა.შ.? და მესამეც, შეიძლება ვიკითხოთ: ვლინდება კი რაიმე, დავუშვათ, სპეციფიკური მიზეზით საკუთრივ ქმნილებაში? აქვს კი ნაწარმოებს სპეციფიკური შიზოფრენიული თავისებურებები? მესამე კითხვაზე პასუხის წინაპირობას წარმოადგენს დადებითი პასუხი მეორეზე, ხოლო მეორეზე პასუხი - დადებით პასუხს პირველზე; თანაც ყველა ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ემპირიული. დღეისთვის ცნობილი შემთხვევებისა მცირედი ოდენობა იძლევა მხოლოდ წინასწარ ფორმულირებათა შესაძლებლობას. დღეს მიმდინარე მუშაობამ უნდა მოგვცეს დამატებითი მასალა, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ კიდევ მოკრძალებული დასაწყისია. დასახელებული სამი საკითხი განვიხილოთ არსებულ ფაქტიურ მონაცემთა ბაზაზე.
ალბათობა იმისა, რომ მრავალ უდიდეს ხელოვანთან შიზოფრენია წარმოადგენს ერთ-ერთ პირობას მათი ნაწარმოებების შექმნისათვის, განსაკუთრებულად დიდია, რაშიდაც გვარწმუნებს დროში დამთხვევა შემოქმედებითი სტადიების ცვლილებების   ფსიქოზის, განცდებისა და შემოქმედებითი ხასიათის ცვლილებების სტადიებთან. მით უფრო, მნიშვნელოვანი რაოდენობის შესწავლილი ამგვარი სახის მაგალითების „შემთხვევითობა“, მსგავსი დამთხვევის, იქნებოდა წარმოუდგენელი საოცრება. ამაზე შეიძლება შეპასუხება, რომ ასეთი რამ საერთოდ დამახასიათებელია გენიოსის განვითარებისათვის: ხელოვანი განიცდის რაღაც ზეშთაგონების მსგავსს და სწრაფად მიიწევს ახალი სტილის განვითარებისაკენ. ეს პროცესი ცნობილია; ფსიქოზთან არანაირად არაა დაკავშირებული და არა მარტო შესაძლებელია, არამედ გენიოსისთვის დამახასიათებელიც კი არის. ნათელი პასუხი ყოველივე ამაზე შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ რომელიმე სტადიური შიზოფრენიის განვითარების გენიოსის ბიოგრაფიისა და სტილის ევოლუციის დეტალური შედარებითი გამოკვლევით. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თითქმის არ არის მაგალითი, რომ ხანგრძლივი შეგნებული მუშაობის შემდეგ სტილის ჩამოყალიბება მოხდეს ისე სწრაფად და ამასთანავე მიგვიყვანოს იმდენად მასშტაბურ ცვლილებებამდე, როგორც ეს იყო, ვთქვათ, ვან გოგის შემთხვევაში. შეიძლება რაღაც მსგავსი ხდება სქესობრივი მოწიფულობის დადგომისას და მის მომდევნო პირველ წლებში (ან გვიან - როგორც შედეგი სიყალბისკენ მიდრეკილი ადამიანების ზოგიერთი თეორიული გადაწყვეტილება). მაგრამ, როდესაც მსგავსი მყარი ცვლილება იწყება მეოთხე ათწლეულის შუა ხანებში, აქ ფსიქოლოგიურად რეალურად მოაზროვნე მკვლევარი დასვამს საკითხს არასულიერ მიზეზზე. მაგრამ აქ გადამწყვეტი არაა მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე გამალებულად მიმდინარე განვითარება, თუმც სწორედ ისაა თვალში საცემი, არამედ ისიც, რაც გამრუდებული შემდგომი განვითარება დროში გაგებულ იქნას მხოლოდ ნაწილობრივ. თავის უწყვეტ, ხანგრძლივ გარდაქმნაში გენიოსი ქმნის საკუთარი თავისათვის ახალ სამყაროს და იზრდება მასში. ავადმყოფი გენიოსიც ასევე ქმნის თავის რაღაც ახალ სამყაროს, მაგრამ იგი ანგრევს თავის თავს მასში; და თუკი ახლა დავეთანხმებით იმას, რომ შიზოფრენიის დროს ავადმყოფური პროცესი წარმოადგენს ერთ-ერთ პირობას მხატვრული ნაწარმოების შექმნისათვის, მაშინ, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ ესაა სრულიად უსარგებლო ცოდნა, ვინაიდან შეიცავს არაფერს, გარდა იმისა, რაც ასე დიდი ხანია ცნობილი, სწორედ: ამ ნერვიული სისტემის ყოველნაირმა აღგზნებამ შეიძლება გამოათავისუფლოს შემოქმედებითი უნარებისკენ მიდრეკილი ადამიანები. აქ ჩემი პოზიცია ამგვარია, რომ ჩემთვის ამგვარი ზოგადი დებულება სრულიად უინტერესოა, მაგრამ უაღრესად მაინტერესებს, უფრო მეტიც - გვაღელვებს უჩვეულო დამოკიდებულებათა გამოვლინებები, აღმოჩენილი ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევებში. თუმცა საკითხი იმაშია, რომ, რაც მე მაინტერესებს, არ შეიძლება მეცნიერულად ჩაითვალოს.
მივუბრუნდეთ მეორე საკითხს: შეიძლება კი ჩვენი რაღაც დადებითად შეფასებული სტილის ცვლილება - მისი განსაკუთრებულობის განხილვის გარეშე - შეიძლება განპირობებულია არა მხოლოდ შიზოფრენიით, არამედ ასევე არასულიერი პროცესებით? ვინაიდან საუბარია ხანგრძლივ ცვლილებებზე და არა ერთჯერად შემოქმედებით აქტებზე ან გამომსახველობით საშუალებათა გამოგონებაზე, ამიტომაც არ ძალუძთ ჩაებან მოკლეხნიან ალკოჰოლურ სიმთვრალესა და რაღაც მოკლეხნიან სომატურ დაავადებასთან და ა.შ. შეპირისპირებაში. ამიტომაც შიზოფრენია უნდა შევადაროთ სხვა ფსიქიკურ პროცესებს ან ტვინის დაავადებებს. ჩემთვის უცნობია შემთხვევა - და ეს უკიდურესად ნაკლებ დამაჯერებელია, - რათა ჩვენ მიერ განხილული ტრანსფორმაციები წარმოადგენენ ალკოჰოლიზმის შედეგს, რომელიც მთლიანად ცვლის ადამიანს. დაავადებებს (ისეთი, მაგალითად, როგორიც ჰქონდა გ.ტ. ფეხნერს) თუმც კი შეაქვთ ესა თუ ის ახალი ელემენტი, - ვთქვათ, გარკვეულ ინტერესთა გამძაფრება, - მაგრამ სტილის არა მკვეთრი ცვლილება. სიცოცხლე ინახავს რაღაც ერთიან საერთო სურათს და თუკი ხდება ბზარი, იგი ეხება არც თუ ყველაზე უფრო ღრმა ფენებს, არამედ რაღაც უფრო ზედაპირულს, ხოლო დამბლის შედეგები შიზოფრენიის შედეგთა სადარია. ასე რომ, შეიძლება დანახვა, რომ ნიცშეს (თუკი ჩვენ ვეთანხმებით მასზე დასმულ დიაგნოზს, ვინაიდან დაუჯერებლად წარმოგვიდგენია, რომ მის შემთხვევაში საუბარი შეიძლებოდეს შიზოფრენიისა და დამბლის რაღაცნაირ შეთავსებაზე) პირველ სულიერ გარდატეხასთან დაკავშირებით მოხდა რაღაცნაირი „სტილის შეცვლაც“. ამგვარად მასაც ორი სახე აქვს და ნიცშეს მცოდნე უმეტეს შემთხვევაში პირდაპირ გრძნობს, მიეკუთვნება მისი ნაწარმოები პირველ თუ მეორე სახეს.
ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია დავსვათ მესამე საკითხი: შეაქვს კი სტილის შიზოფრენიულ ცვლილებებს რაღაც ხილული სპეციფიკური თვისებები ნაწარმოებში? საჭიროა მივმართოთ შედარებას და შევხედოთ, არის კი აქ დამბლით განპირობებული განსხვავება მსგავს ცვლილებათა ნიშნების ცხადი ფორმულირებისათვის; და საჭიროა შევადაროთ - ამჯერად არა ბიოგრაფიული, არამედ შემოქმედებითი - შიზოფრენიის მქონე ხელოვანთა ნაშრომები ერთმანეთს და თითოეული მათგანის შემოქმედება - არაშიზოფრენიული „ჯანსაღი“ ცვლილებები გენიალური ადამიანების შემოქმედებასთან. აქ გადაიშლება გიგანტური მასშტაბის ამოცანა, რომლის გადაწყვეტისათვის ჯერ კიდევ მცირე ოდენობის ნაბიჯებია გადადგმული.
თუკი ფსიქიატრი მიუბრუნდება 1888-1890 წლების ვან გოგის ან ჰელდერლინის - 1802 წლის შემდგომ და საკუთარ თავს გადაიყვანს მათი შექმნის დროში, თავისი ყოველგვარი მეცნიერულობის გარეშე იგრძნობს მათში რაღაც „შიზოფრენიულ ატმოსფეროს“. ჩვენ დროში თანამედროვე ქმნილებათა მსგავსების გამო, დამკვირვებლისათვის ეს გახდა გაცილებით ძნელი, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, ჯერ კიდევ 1900 წელს. თუმცა, ამგვარი გრძნობა და წინათგრძნობა არ იძლევა გაგების საშუალებას და მხოლოდ აღნიშნავს ამოცანას. ისინი არის მითითება იმაზე, რომ არ არის რაღაც ისეთი, რისთვისაც საჭიროა მოიძებნოს შესაბამისი წარდგინება და ობიექტური ფორმულირება. მაგრამ თავდაპირველად საჭიროა ავიცილოთ ზოგიერთი ადვილად წარმოშობადი გაუგებრობები. „შიზოფრენია“ - სულაც არაა მკაცრი, მაგრამ სამაგიეროდ უსასრულოდ მდიდარი ცნებაა, რომელიც სხვადასხვა ურთიერთკავშირში იძენს სხვადასხვაგვარ მნიშვნელობას. იგი შეიძლება აღნიშნავდეს ყველა შეუქცევად პროცესს, ტვინის ცნობილ ორგანულ დაავადებებს ან ეპილეფსიას, იგი შეიძლება აღნიშნავდეს ფსიქოლოგიურ-ფენომელოგიურად აღწერილი განცდების ტიპს - სულის მთელი სამყაროს უცნაურ ყოფიერებას, რომლისთვისაც მოძეულია მრავალი, უფრო მკაცრი, კერძო ცნებები, მაგრამ რომლის მთლიანობაში დამაკმაყოფილებლად დახასიათება მაინც ვერ მოხერხდა. ამ საოცარ რეალობას ამოიცნობენ არა უბრალო და აშკარად ობიექტური ნიშნებით, არამედ როგორც რაღაც სულიერ ტოტალობას (რომლის ეკზისტენციის შესახებ სპეციალისტი ხშირად აკეთებს დასკვნას მაინც მისთვის ცნობილი ცალკეული „სიმპტომებით“, მაგრამ მას არ ძალუძს დარწმუნებული იყოს თავის დასკვნებში, იქამდე, ვიდრე მისთვის ნათელი არ იქნება ეს მთლიანობა). აქ ლაპარაკი არ შეიძლება იმის თაობაზე, რათა, ვთქვათ, ვან გოგის ტილოები გავხადოთ გასაგები და მივაწებოთ მათ თითქოსდა რაღაც „შიზოფრენული“ განმარტებითი ეტიკეტები. მაგრამ მას, ვისთვისაც შიზოფრენიული სამყაროს ეკზისტენცია მიეკუთვნება არსებითს, ჩვენი ყოფიერების შემაძრწუნებელ რეალობას, ამ ტილოებს შეუძლიათ მისცენ იმედი ჩაწვდეს მასში რაღაც ისეთს, რასაც იგი, კლინიკაში ავადმყოფთა დაკვირვებით, ისე მკაფიოდ გაგებას ვერ შეძლებს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი ამისაკენ არის - მისი შეგრძნება იმისა, რომ იგი აქ ხედავს რაღაც „განუმეორებელს“. ასევე, ვისთვისაც ეს ხელოვნება გაშლილია „სავსებით გასაგებ ისტორიულ ურთიერთკავშირზე“, ან ის, ვინც ვერ შეამჩნევს, რომ ეს ნამუშევრები რაღაც სხვაგვარი სახით განუმეორებელია, ნებისმიერ უბრალო ორიგინალური ხელოვანის ნაწარმოებებთან შედარებით, ის ვერ იგრძნობს იმ „ბიძგს“, რომელიც მე - და არა მარტო მე - მოგვცა ამ ტილოებმა, და იგი ამიტომაც ვერ შეძლებს შეკითხვების დასმას, ვინაიდან მასში არ წარმოიშვება გარკვევის მოთხოვნილება და ჯერჯერობით ის, რაც უნდა გაირკვეს, მისგან დაფარულია.
საჭიროა კიდევ ერთი შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილება. მცდელობა, გავხადოთ ფორმულირებული ამ ნაწარმოებთა შიზოფრენიული ატმოსფერო, არ ნიშნავს, რომ ნაწარმოები „ავადმყოფია“. გონება იმყოფება ჯანმრთელის ავადმყოფთან დაპირისპირების იქითა მხარეს. მაგრამ ნაწარმოებებს პროცესის ნიადაგზე წარმოშობილს, ავადმყოფურად მიჩნეულთ, შეიძლება ჰქონდეთ რაღაც სპეციფიკური ხასიათი, რომელიც წარმოადგენს სულიერი კოსმოსის არსებით მომენტს და მაინც მხოლოდ მაშინ მოპოვებულ რეალობაში არსებობს, როდესაც მითითებული პროცესი ქმნის ამის პირობას. ობივატელურად გამოყენებული „ავადმყოფის“ ცნება ხელოვანის დამცირებისათვის ან მის საფუძვლიანად აღიარებულ ურთიერთკავშირში ჩარევის უმეცრებად მიჩნევით, ჩვენ ვხდებით ბრმები იმ სინამდვილისადმი, რომლის ამჟამად წარმოდგენა შეგვიძლია მხოლოდ კაუზალურად და რომლის არანაირად ახსნა არ შეგვიძლია, უფრო მეტიც, თვით ფორმულირებაც კი გვიძნელდება - შეიძლება იმიტომაც, რომ შემოხლართული ვართ ცნებითი აპარატის შეზღუდულ შეფასებათა კატეგორიებით, რომლითაც ჯერ კიდევ შებოჭილები ვართ, მაშინ როდესაც ჩვენ უკვე ვგრძნობთ, რომ იგი გარდაიქმნება დიდი სიფართოვის, თავისუფლებისა და მოძრაობის მიმართულებით.
ახლა შევაერთოთ ის მცირედი ფრაგმენტები, რომლებიც ვნახეთ ამ სამყაროს სპეციფიკის წვდომის ჩვენ გზაზე.
უპირველეს ყოვლისა ყურადსაღებია ჰერდერლინისა და ვან გოგის შედარება. მათ შორის არსებობს განსხვავება, რომლის ფესვები სულაც არ არის დაკავშირებული მათი მხატვრული შემოქმედების განსხვავებულ სფეროებზე. ჰერდერლინის არამიწიერი და იდეალური საპირისპიროა მიწაზე დაშვებული და რეალისტი ვან გოგისთვის. ორივე მათგანი - ძნელად ადაპტირებული პიროვნებაა, მაგრამ ჰერდერლინი - ნაზია, უზომოდ გულმოკლული ან შევიწროვებული, მზადაა წინააღმდეგობისათვის. მათი საწყისი სულიერი ხასიათის ეს განსხვავება არ გამორიცხავს მათ მსგავსებას შიზოფრენიის დროს, რომელიც, პირიქით, კიდევ უფრო თვალშისაცემია. თავდაპირველად ქრონოლოგიურად ვნახოთ: მსოფლმხედველობრივი აღგზნების ზოგიერთი წინასწარი სტადიის შემდეგ, რომელიც ხასიათდება თვითშეგნების დიდი სიმტკიცითა და უდარდელობით, და მათ შემოქმედებაში თვალშისაცემი ცვლილებებით, რომლებიც თვით მათ მიერ და სხვათა მიერ აღიქმება როგორც ზრდა და მწვერვალზე ასვლა, წარმოიშვება, დროის მცირე შუალედებში, ფსიქოზის განმეორებად პირველი მწვავე აღგზნება.
შემოქმედება ჯერ კიდევ გრძელდება, იგი მცირედითაა ჩათრეული დაავადებაში და მოაქვს რაღაც ნაწილობრივ სრულიად ახალი. მთელი ამ დროის მანძილზე არსებობს მაღალი დაძაბულობა ძლიერი განცდებისა და შემოქმედების მადისციპლინირებელ პრაქტიკას შორის. ძლიერ დიდი დატვირთულობა აძაბუნებს ორგანიზმს და თანდათანობით ძალები მიჰყავს უკიდურეს რღვევამდე. ორივესათვის ამ შიზოფრენიულ დროში მითიური ზმანებანი, მითიური მოცემულობა, ვლინდება უფრო რეალისტურ თუ უფრო იდეალურ სახეებში. ხელოვნება (და ცხოვრება) მაღალზომიერად, ვიდრე ადრე, იძენს მნიშვნელობას, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ მეტაფიზიკური ან რელიგიური. ნაწარმოებებში კიდევ უფრო შესამჩნევია მწყობრი წერის გაქრობა. ჰელდერლინის „ზოგადი დაახლოებები“ ვან გოგის სურათებზე აკვიატებული კონტრასტების ანალოგიურია. ის, რასაც ჩვეულებრივად უწოდებენ ცხოვრების შეგრძნებას, ბუნების შეგრძნებას, სამყაროს შეგრძნებას ორივესთან ხდება უფრო რეალისტური, უფრო უშუალო და ამასთანავე მეტაფიზიკურად სავსე.
მაგრამ შიზოფრენიის სამყარო ფართოა. მასში მკვიდრობს სხვადასხვა ფიგურების მასა. ჩვენ იქ, ავადმყოფური პროცესების დაწყებისას, ვამჩნევთ არა მხოლოდ სულის ცნობილ დემონურ განთავისუფლებას, არამედ ცნობიერების საშინელ დავიწროებასა და გამოცარიელებასაც, და ჩვენ ვაკვირდებით პირველად პარანოიასა და მექანიკურ გარდაქმნებს. თუკი ჩვენ შემოვიფარგლებით იმ რამდენიმე შემთხვევით, რომელიც აღწერილია მოცემულ ნაშრომში, მაშინ ჰერდერლინი და ვან გოგი იმავდროულად წარმოდგებიან დიამეტრალურად განსხვავებულ ტიპებად სტრინდბერგისა და სვედენბორგით წარმოდგენილ ტიპებთან შედარებით. სტრინდბერგისა და სვედენბორგის შემოქმედებისთვის შიზოფრენიის მნიშვნელობა არსებითად - მხოლოდ სუბსტანციონალურია, მატერიალურია, მაშინ, როდესაც ჰერდერლინთან და ვან გოგთან თანაზიარია ყველაზე ღრმა ფორმასთან, თავად ქმნილებასთან. პირველებთან არც ერთ სტადიაზე არ წარმოიშვება საკუთრივ დისოციაცია, ლიტერატურული წარმოების შესაძლებლობა შემონახულია საბოლოო მდგომარეობამდე. მეორეებთან ნაშრომები წარმოიშვება რაღაცნაირ ბობოქარ სულიერ მოძრაობაში, რომელიც უახლოვდება იმ დროის მომენტს, როდესაც რღვევის პროცესები ხდება კიდევ უფრო ძლიერი და საბოლოო მდგომარეობაში იკარგება შემოქმედებითი პოტენციალი და ლიტერატურული წარმოების უნარი. ჰერდერლინთან და ვან გოგთან პროდუქტიულობა იზრდება, სწორედ, დასაწყის ფაზაში და პირველი მძაფრი პერიოდის წლებში, ხოლო სტრინდბერგთან ოთხმოცდაათიანი წლების მძაფრი პერიოდი არაქმნადია და მისი მთავარი ნაწარმოებები შექმნილია თითქმის საბოლოო მდგომარეობაში.
მითითებული ორი ტიპის ეს დაპირისპირებულობა, როგორც ეს ამ გამოჩენილ პიროვნებათა შემთხვევაში, - რასაკვირველია, მხოლოდ სქემაა; და უნდა ვთქვათ, რომ ყველა შიზოფრენის, პოეტის, ფილოსოფოსის ან მხატვრის ამ სქემაში მოქცევა ვერ მოხერხდება. ასე, მაგალითად, თუკი კირკეგორი იყო შიზოფრენი, რომელიც დღესდღეობით დაუსაბუთებელია, ვინაიდან რაიმე უხეში, ბრუტალური სიმპტომები ამ დაავადების გამოვლინების უცნობია, ამიტომაც იგი არ მიეკუთვნება არცერთ ამ ტიპს. რადგანაც შიზოფრენიით დაავადებული გამოჩენილი ადამიანები იშვიათია, შეიძლება გვეფიქრა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შიზოფრენიით დაავადებული ფართო მასის, - რომლებიც წერენ ლექსებს, ქმნიან სურათებს, დაკავებულნი არიან ხეზე კვეთით და ა.შ. გამოკვლევაზე, რათა მოგვეცვა შიზოფრენიით განპირობებულობა მის მრავალფეროვნებაში. რა თქმა უნდა, მასის შიზოფრენიით დაავადებულს არა აქვს ის გენიალური წინასწარი განწყობა, დიდ შემოქმედთა ის ნიადაგი, რომელზედაც მხოლოდ შიზოფრენიის „ნებართვით“ წარმოიშვება მათი ნაწარმოებები. მიუხედავად ამისა, ფსიქიატრიულ დაწესებულებათა კრებულში არსებობს გასაოცარი ნაშრომები, რომლებიც უკვე აღმოჩნდნენ სისტემატური შედარებითი შესწავლის არეალში. პირველ ეტაპზე საუბარი უნდა იყოს არა იმაზე, რომ ყველა ეს გამოვლინება დავაყენოთ საყოველთაო მნიშვნელობაზე, არამედ პირიქით, იმაზე, რომ ზუსტად გავიგოთ და დავაფიქსიროთ სხვადასხვაგვარობა. რაოდენ ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს ამ მასიურ გამოვლინებათა ახსნა იმ უდიდესებთან დამოკიდებულებაში და პირიქით, დღესდღეობით ახსნა შეუძლებელია. პირადად მე ჯერჯერობით არ შემხვედრია ნაშრომი, რომელიც შეედრებოდა ჰელდერლინისა და ვან გოგის ნაშრომებს, მაგრამ ხელში ჩამივარდა ნაშრომები, რომლებიც შეიცავდნენ ცალკეულ ნართაულს სტრინდბერგისა და სვედენბორგის (იოზეფსონი) ნაწარმოებთა ტიპზე, ან არც ერთი ამ ორი ტიპის მონათესავის (მერიონი). მაგრამ მნიშვნელოვანია ყოველივე ის, რომ შიზოფრენიაში უდავოდ იმალება სრულიად სხვაგვარი პოტენციები, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ არ გამოვლენილა რომელიმე გენიალურ ავადმყოფში: შიზოფრენია - მთელი სამყაროა. ამ მოვლენათა შესწავლისათვის საჭირო იქნებოდა, ამასთანავე, ყურადღება მიგვექცია ასეთ მომენტებზე: ყოველგვარი ახსნის წინაპირობას წარმოადგენს ქრონოლოგია, ანუ ცოდნა ნამუშევრის წარმოშობის დროისა და დაავადების სტადიური პროცესის გაშლის დროს. ამ ორ ქრონოლოგიურ რიგს შორის კავშირის დადგენა ამჟღავნებს ინიციალური ფაზის (ანუ პროდრომალური სტადიისას და პირველი პერიოდისა) და შემდეგ, მომდევნო მწვავე პერიოდების უფრო ნათელი შუალედების შეპირისპირებას. ასევე საჭირო იქნებოდა გარკვევა: ჰქონდა თუ არა ადგილი ავადმყოფებთან, ამ სასაზღვრო ფაზებში, რაიმე ინტუიტიურ ფენომენს, ასე რომ შემდეგში ისინი მხოლოდ თავის თავს მიბაძავდნენ; შეიგრძნობა კი და შეიძლება კი ნაჩვენები იქნეს არსებობა ზემოთ აღწერილი დაძაბულობების (სულის „მატერიალურ“ მღელვარებასა და მადისციპლინირებელ ფორმათწარმოქმნის დაპირისპირებულობა) ან პირიქით, უსასრულო სურათები, მონახაზები და ა.შ. იქმნებოდა სრულიად მშვიდი მონდომებით, უდრეკი მუშაობის მსვლელობაში. ვინაიდან მრავალი ავადმყოფი იწყებს ხატვას, წერას და ლექსის თხზვას მხოლოდ ფსიქოზის მდგომარეობაში (ბუნებრივია, რომ ამგვარ „ხელოვანთა“ რაოდენობა შიზოფრენიით დაავადებულ საერთო მასასთან შედარებით დიდი არაა, მაგრამ მათი აბსოლუტური რაოდენობა არცთუ მცირეა), ამიტომ საჭიროა ვნახოთ, რა როლს თამაშობს სწავლება, როგორც ტექნიკის, ასევე ფორმის თვალსაზრისით, - ამ აზრით განსაკუთრებულად საინტერესოა, ალბათ, ავადმყოფები, რომლებმაც მხატვრული განათლება ფსიქოზამდე მიიღეს. სულაც არაა შეუძლებელი, რომ ნამუშევრებში, რომლებიც მნახველზე ან მკითხველზე ახდენენ გარკვეულ შთაბეჭდილებას, ავადმყოფი დებდა სრულიად სხვა აზრს და, რომ ეს ნამუშევრები ზემოქმედებდნენ როგორც ბუნების ქმნილებები. ძლივძლივობით თუ არის შესაძლებელი მკაცრად გაყოფა - მაგრამ მაინც საჭირო იქნებოდა განსვავება - ასახულის, ინსტიქტური ფორმების და სრულიად შემთხვევითი კონგლომერატების მხატვრული გაცნობიერება, რომელთაც ძალუძთ, რაღაც სახით, მხატვრული ზემოქმედება; დაბოლოს, მნიშვნელოვანი იქნებოდა ადრეული ხანის (1900 წლამდე) შიზოფრენიით დაავადებულთა ნაშრომების დღევანდელთან შედარება. ამას შეიძლება გამოემჟღავნებია რაღაც სპეციფიკური, ის, რაც დამახასიათებელია შიზოფრენიისათვის დროს გარეშე. ცნობილი ფიგურები, ნანახი გოეთეს მიერ სიცილიაში (ვილა პალაგონია), ქმნის ახლო მსგავსებას შიზოფრენიით დაავადებულ თანამედროვეთა ნამუშევრების უშუალო შთაბეჭდილებას.
ის ფაქტი, რომ ფსიქიკური დაავადებისას წარმოიშვება შემოქმედებითი აქტიურობა, ბუნებრივია განიმარტოს, როგორც გარკვეული ძალების გათავისუფლება, რომელიც ადრე შებოჭილი იყო. დაავადება ბორკილებს ხსნის, არაცნობიერი დიდი როლის შესრულებას იწყებს, აფეთქებს ცივილიზაციურ შეზღუდულობას. აქედანაა სიზმრებთან, მითებთან და ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებასთან მიახლოვება. ბორკილებისა და მათგან გათავისუფლების ამ წარმოდგენას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მნიშვნელობა. უდიდესი გარკვეულობითა და სიცხადით გამოირჩევა დამბლის დროს წარმოშობილ მოვლენათა სურათი. თუკი გვიანდელი ნიცშეს ნაშრომებს შევხედავთ, როგორც ბორკილებისაგან გათავისუფლებას, მისი თავდაპირველი სულის ნაყოფს, შეიძლება წავიდეთ შორს; მაგრამ სწორედ მაშინ ვიგრძნობთ კონტრასტს ვან გოგსა და ჰელდერლინთან დამოკიდებულებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქ, უფრო, იგრძნობა ახალი ძალები. ზემოთ ყველგან გამოიყენებოდა საკმაოდ, სულის გამოღვიძების, არასავალდებულო სურათი. მაგრამ გამოცდილება მიუთითებს ისეთი სულიერი შინაარსის არსებობას, რომელიც ადრე არ იყო. ეს არის არა მხოლოდ რაღაც, აღგზნებით გაძლიერებული პროდუქტიულობა, რომელიც, ასევე, იწვევს ახალ საშუალებათა აღმოჩენას, რაც შემდეგ შემოდის მხატვრულ მიმოქცევაში, არა, აქ წარმოიშვება ახალი ძალები, რომლებიც თავის მხრივ იძენენ ობიექტურ ხასიათს, - ძალები, რომელიც თავისთავად სულიერია და არ წარმოადგენენ არც ჯანსაღს და დასნეულებულს, მაგრამ ამოიზრდებიან დაავადების ნიადაგზე.
გადახვევა. არიან შიზოფრენიით დაავადებული გამოჩენილი ხელოვანები, რომელთა პატოგრაფიაც უნდა დაგვეწერა, ხოლო ნაშრომებისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია ჩვენმიერ დასმული საკითხების გაშუქებისათვის. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივუთითოთ მათზე.
1. სტრინდბერგის ტიპის ხელოვანის შესაპირისპირებელს წარმოადგენს იოზეფსონი. როგორც სტრინდბერგი არანაირად, გარდა საკუთრივ ფსიქოზის ფაქტისა, არ შეედარება ჰელდერლინს, ასევე იოზეფსონი არ შეედრება ვან გოგს. იოზეფსონს აღენიშნება სრული უქონლობა, ჯანსაღი პერიოდის ნატურალისტურ ნამუშევრებთან, რომლებმაც იგი ცნობილი გახადა, ავადმყოფობის პერიოდის ნამუშევრებთან კავშირი, რომლებზედაც მშვიდად, არაექსტაზურად აღბეჭდილია ჯადოსნური, დემონური შინაარსი და რომელთაც არ გააჩნიათ განსაზღვრული ფორმა. როგორც სვედენბორგთან არსებულ ადრეულ საბუნებისმეტყველო და გვიანდელ თეოსოფიურ შრომებს შორის უფსკრული, - ასევე არსებობს იგი იოზეფსონთანაც. სრულიად ახლო წარსულის ნაშრომები, რომლებიც მიეკუთვნება მისი ფსიქოზის პერიოდს, არანაირ ინტერესს არ იწვევდა. ისინი „არ შეიძლება ჩაითვალოს ხელოვნების ნაწარმოებებად ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, მათში რაღაც დანაწილებულია, რაღაც არეულია, მათი ფორმათა წარმოიშობა და პროპორციები უნდა ვეძიოთ დასუსტებულ გონებაში; მიუხედავად ამისა ისინი ატარებენ განსაკუთრებით მდიდარი ფანტაზიის ნიშანს, წვდომისა და აზრის სულიერ სისავსეს, დეკორატიულობის შეგრძნების სიფაქიზეს.“ ასე წერდა იოზეფსონზე 1909 წლის სტატიაში, კრიტიკოსი ვოლინი (Wehlin. Kunstundkilnstler. Jg. 7, Sl 479 ff სტატიაში ილუსტრაციებად გამოყენებულია ჯანსაღი პერიოდის მრავალრიცხოვანი რეპროდუქცია და არც ერთი - ავადმყოფობის დროინდელი). შეადარეთ ფსიქოზის პერიოდის კარგი რეპროდუქციების მქონე ჰარტლაუბას 1920 წლის სტატიას (Hartlaub. Genius, 2. Jg., Heft 1).
2. განსაკუთრებულად საინტერესო მხატვრად წარმოგვიდგება მერიონი. მისი ნამუშევრები რეპროდუქციებში იოლად მისაწვდომია: EckeG. Meryon, in: MeisterdeGraphik. Bd. XI Leipzig (წინასიტყვაობა 1923 წ.). ეკკეს კარგი შესავალი იძლევა იმ გავლენაზე წარმოდგენას, რაც მერიონის ნამუშევრებმა შეიძინა. მისი ბიოგრაფიის დეტალები ჯერჯერობით არასაკმარისადაა შესწავლილი (ეკკე ყურადღებას აქცევს ფართო შემოქმედების არსებობას და ჯერ კიდევ ღირსეულად შეუფასებელ მის შემოქმედებით მემკვიდრეობას). გაგაცნობთ შედარებით ცნობილ ფაქტებს: დაიბადა 1821 წელს, სიყმაწვილიდან დაიწყო საზღვაო ოფიცრის კარიერა, შემდეგ სამსახურს თავს ანებებს და მხოლოდ 1849 წელს შეისწავლის გრავირებას. მთელი სიცოცხლის მანძილზე შემოიფარგლება გრავიურებით და თავის ოსტატობას განიხილავს არა როგორც ხელოვნებას, არამედ როგორც მასთან კონტაქტში შესული იდუმალი ძალის გამოცხადებას. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომების გამოჩენასთან ერთად (1850-1854 წ.წ.) იწყება ფსიქიკური დაავადება, რომელსაც 1898 წელს პირველად მიჰყავს საგიჟეში. სურათებში ავადმოფობები იძენენ ჰალუცინაციებს, დევნის („იეზუიტები“) შეგრძნებას და სხვა კლასიკურ სიმპტომებს. 1866 წელს იგი კვლავ აღმოჩნდება შარანტონის საგიჟეში, სადაც 1868 წელს გარდაიცვლება. მის მხატვრულ განვითარებაში არ არის საკუთრივ სტილის ცვლილება, იგი იწყება თითქმის უეცრად (და პირველივე ნაწარმოებები წარმოადგენენ სავსებით დასრულებულს), აღწევს თავის ერთადერთ უმაღლეს წერტილს 1852-1854 წლებში, მაგრამ შემდეგ ხდება შემოქმედებით ძალთა და დამოკიდებულების დაკარგვა, თუმცა ცალკეული მაღალი დონის ნამუშევრები მოგვიანებით მაინც ჩნდება. პროდუქტულობის მკვეთრი ცვლილებები გარეგნულად და უხეშად შეიძლება აღწერილი იქნას წლების მიხედვით გრავიურების ასლებისა და ორიგინალების შემდეგი ოდენობით: 1849-1850 - მხოლოდ 16 ასლი, 3 ორიგინალი; 1851-1854 – 25 ორიგინალი და 1 ასლი; 1855 - მოულოდნელი სიცარიელე - არანაირი ორიგინალი, 3 ასლი; 1852 - არანაირი ნამუშევარი; 1858 – 1 ასლი; 1859 - კვლავ არაფერი; 1860-1861 – 10 ასლი, 5 ორიგინალი; შემდგომ წლებში ცალკეული ნამუშევრები; 1867-1868 - არაფერი. ამგვარად: კოპირების ორწლიანი სწავლის შემდეგ - რამდენიმე წელი აქტიური მუშაობა, რომელშიც - ავადმყოფობის დაწყებისას - იქმნება უდავოდ დიდებული ქმნილებები, შემდგომში უცაბედი ვარდნა, შემდეგ კვლავ ახლები, ისეთივე ორიგინალური ხასიათის, როგორც ჰელდერლინის თარგმანები და ვან გოგის ასლები. გვიანდელ ფირფიტებზე უკვე ჩნდება შიზოფრენული შინაარსი, მაგალითად, გველეშაპები და სხვა საშინელებები ჰაერში, მაშინ, როდესაც ადრეული ხანის იდუმალი ძალები გამოხატულებას ჰპოვებდნენ მხოლოდ ფორმებში.
3. დაბოლოს, დავასახელოთ მხატვარი, რომელიც, რამდენადაც ეს ცნობილია, არ იყო შიზოფრენიით დაავადებული, მაგრამ იმ დროში, როდესაც ამგვარი სურათები ჯერ კიდევ არ იყო მოდაში, შექმნა ცალკეული ნამუშევრები, რომლებიც პირველივე ნახვისთანავე გიჩენს აზრს შიზოფრენიაზე: ოდილონ რედონი. პფაიფერი აშკარად საუცხოო შინაარსის სურათებს, ჯანსაღი ადამიანის შექმნილს, ადარებდა შიზოფრენულ ნაწარმოებებს. მაგრამ ამ შემთხვევაში, დიდი ხელოვანის მაგალითზე, შედეგები შეიძლება ყოფილიყო უფრო მნიშვნელოვანი, ვინაიდან შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული პიროვნების თავდაპირველმა და სერიოზულმა ინტენციებმა გამოხატულება ჰპოვეს ნამუშევრებში, რომლებიც შიზოფრენიით დაავადებულთა ნამუშევრების მსგავსი იყო. აქაც საუბარია იეზოფსონის ტიპის მხატვართა ნამუშევრებსა და დაავადებულთა უმრავლესობის ხელოვნებაზე და არა ვან გოგის ტიპზე და არც მერიონის ტიპზე. ლიტერატურა რედონზე: A. Mellerio. Odilon Redon peintre, dessinateur et graveur. Paris 1923; H. Floury, ed. Rue Saint Sulpice. 2. (მადლობას ვუხდი გრულეს ამ მხატვრისა და ამ წიგნის გაცნობისათვის).
ჩვენი დროის შიზოფრენია და კულტურა
ის, რომ დღესდღეობით ზოგიერთმა შიზოფრენიით დაავადებულმა, მაღალი ინტელექტუალური დონის ადამიანმა, სახელი მოიხვეჭა თავიანთი ნაშრომების წყალობით, რომლებიც ავადმყოფობის დროსაა შექმნილი, ყურადსაღები ფაქტია. სტრინდბერგს სახელი მოუტანა, უპირველესყოვლისა, იმ დრამებმა, რომელიც შექმნილი იქნა ავადმყოფობის მეორე ფაზის საბოლოო მდგომარეობისას; ვან გოგის სახელი უეჭველად დაკავშირებულია შიზოფრენიის პერიოდში შექმნილ ნამუშევრებთან. ჰელდერლინის ლექსები, რომლებიც მიეკუთვნება მისი ავადმყოფობის პირველ პერიოდს, არც ისე ცნობილი იყო და არასოდეს არ თამაშობდა რაიმე განსაკუთრებულ როლს, და მხოლოდ ახლა, ერთობლიობაში აღებული, ზოგიერთი მკვლევარის მიერ აღიარებულია მისი შემოქმედების მწვერვალად. ასევე ვხედავთ, დღესდღეობით თუ როგორ განადიდებენ შიზოფრენული პერიოდის იოზეფსონის სურათებს, მაშინ, როდესაც 1909 წელს ისინი არ იწვევდა მაღალ ინტერესებს; უფრო მეტიც, დღესდღეობით უკვე მრავალი მზადაა მიიჩნიოს, რომ შეშლილთა ხელოვნებას აქვს მნიშვნელობა, სწორედ, როგორც ხელოვნებას და არა უბრალოდ როგორც ფსიქოლოგიურ მასალას ფსიქიატრიული კვლევებისათვის.
თუკი ჩვენ შევიხედავთ მეთვრამეტე საუკუნემდელი დასავლეთ ევროპის ისტორიაში, იქ ვერ მოვიძევთ შიზოფრენიით დაავადებულებს, რომლებთაც შეიძლება ჰქონოდათ, თავისი დროისათვის, იმგვარივე კულტურული მნიშვნელობა, როგორც იმ არამრავალრიცხოვან შიზოფრენიით დაავადებულებს, რომლებსაც ჩვენ ყურადღება მივაქციეთ. ბუნებრივია იბადება კითხვა: შეიძლება იყოს ისე, რომ ადრე ხანდახან იყვნენ შესამჩნევი პიროვნებები, რომლებიც დაავადნენ შიზოფრენიით და თავისი შიზოფრენული ეკზისტენციით გავლენა მოახდინეს გარშემომყოფებზე, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არაფერი არ ვიცით აღნიშნულის შესახებ. თუმცა ჩვენ ძალგვიძს შიზოფრენიის ცალკეული შემთხვევების კონსტატირება, რომელსაც ადგილი ჰქონდა შუა საუკუნეებშიც კი, მაგრამ მხოლოდ მეტად უმნიშვნელო პიროვნებებთან. ცალკეულ ადამიანთა ბიოგრაფიებიც, თვით მცირე ოდენობის მასალის შემთხვევაშიც, ზოგჯერ იძლევა საფუძველს დიაგნოსტური ეჭვებისათვის. მიუხედავად ამისა ჩემ ძიებებში დღემდე არ შემხვედრია აღწერა მნიშვნელოვან პიროვნებათა, რომლებიც იწვევდნენ ასეთი შიზოფრენიული ეჭვის საფუძველს. მაგრამ, აი, შესამჩნევი და დიდი აღმოჩნდა ისტერიის შესაბამისი როლი. არც შუა საუკუნეების სამონასტრო მისტიკა (განსაკუთრებით ქალთა მონატრებში), არც წმინდა ტერეზა წარმოუდგენელი იქნებოდა ისტერიული მიდრეკილების გარეშე. მაგრამ ჩვენ დროში ვერ ვხედავთ იმგვარ მოვლენებს, რომლებზედაც ისტერია ვლინდებოდეს, პირველ პლანზე, იმ ზომით, როგორც ეს ადრე იყო. პლუტ კალიოსტრო და წინასწარმეტველი პრევო ავადმყოფობაში მყოფნი, რომელთაც ი. კარნერი აკვირდებოდა, - არიან ისტერიით უკანასკნელი დაავადებულებები, რომლებმაც შეძლეს თავის დროში დიდი მნიშვნელობა მოეპოვებინათ.
შეიძლებოდა დავკმაყოფილებულიყავით ამ ფაქტების კონსტატაციით. ყოველი მომდევნო ახსნა უსათუოდ აღბეჭდილი იქნება სუბიექტური ხასიათით და ექნება მეტად ნაკლები უნივერსალობა. მაგრამ ამგვარი სახის სუბიექტური აზრები, რომელიც უსათუოდ უჩნდება ყველას, მაინც შეიძლება გამოთქმული იქნას. ამგვარად, დასაშვებად წარმოგვიდგენია შემდეგი ვარაუდი: როგორც მეთვრამეტე საუკუნემდე უნდა არსებულიყო რაღაც ბუნებრივი სულიერი მიდრეკილება ისტერიისადმი, ასევე ჩვენ დროს, როგორც ჩანს, რაღაც სახით შეესაბამება შიზოფრენია. რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში გონი ავადმყოფობაზე დამოკიდებული არაა. მაისტერ ეკხარტი და თომა აქვინელი არ იყვნენ ისტერიკიანები. გონი ქმნის თავის ქმილებებს, ასე ვთქვათ, იმ მიზეზობრივ-ფსიქოლოგიური პირობების გათვალისწინებით, რომლებიც მათ შეესაბამება. მისტიკას შეეძლო ისტერიის გვერდის ავლა, მაგრამ მისი გამოვლინება იქნებოდა შეზღუდული, მწირი - არა იმაში, რაც შეეხება სულიერ მნიშვნელობასა და აზრს დეტალებსა და მექანიზმებზე, არამედ იმაში, რაც შეეხება გავრცელებასა და ნაყოფიერ შთაბეჭდილებებს. ჩვენი დროისა და შიზოფრენიის ურთიერთდამოკიდებულება სრულიად სხვაგვარია. ჩვენ დროში დაავადება უკვე აღარ წარმოადგენს საკომუნიკაციო გარემოს, მაგრამ იგი ამზადებს ნიადაგს ცალკეული განსაკუთრებული შესაძლებლობების ინკარნაციისათვის.
როგორი შეიძლება იყოს კავშირი მათსა და შიზოფრენიულ ეკზისტენციებს შორის? ალბათ შეიძლება მივუთითოთ ყოველივე შორეულისადმი, უცნობისადმი, უჩვეულოსა და პრიმიტიულისადმი დამოკიდებულების ჩვენი დროის ენთუზიაზმზე, - აღმოსავლური ხელოვნებისადმი, აფრიკული ხელოვნებისადმი, ბავშვთა სურათებისადმი დამოკიდებულებაზე. ეტყობა, ის ნამდვილად არის, მაგრამ - საიდანაა იგი? მისი სათავეები სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია. თავდაპირველად ყველაზე უფრო უკეთესია საკუთარი გამოცდილების გამოყენება. უნდა გამოგიტყდეთ, რომ სტრინდენბერგისადმი ჩემი დამოკიდებულება ინდივიდუალურია, ის ჩემში იწვევს თითქმის მხოლოდ ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრულ ინტერესს, ხოლო ვან გოგით გატაცებული ვარ; მან გამიტაცა, შეიძლება, უპირველეს ყოვლისა, მთელი თავისი მსოფლმხედველობით, რეალიზებული ეკზისტენციით და ასევე - უშუალოდ მისი ავადმყოფობის დროს წარმოშობილი თავისი სამყაროთი. მასთან შეხებისას, მე ნათლად, თუმც არც მთლარ რეალურად, განვიცადე ის, რასაც ფრაგმენტულად ვაკვირდებოდი შიზოფრენიით დაავადებულებთან, - ის, რასაც მე შევეცადე ზემოთ აღმეწერა. აქ თითქოს დროშია გადაშლილი ფაქტიური არსებობის პირველწყარო, თითქოს ჩვენი ყოფიერების ფარული საფუძვლები უშუალოდ ავლენენ საკუთარ თავს. მაგრამ ჩვენთვის ეს - რყევა, რომლის ატანა დიდი ხნით არ ძალგვიძს, რომლისგანაც ჩვენ შვებით კვლავ თავს ვაღწევთ, რომელსაც ჩვენ რომელიღაც წამში ნაწილობრივ განვიცდით ვან გოგის დიდებული სურათების წინ, მაგრამ აქაც ხანგრძლივად მისი ატანა არ შეგვიძლია. ეს ისეთი რყევაა, რომელსაც არ მივყავართ უცხოსთან ასიმილაციისაკენ, მაგრამ გვიბიძგებს სხვაგვარი ჩვენთვის თანაზომიერი განსახიერების გარდაქმნისაკენ. ეს წარმოუდგენლად ამაღელვებელია, მაგრამ არაა საკუთარი ჩვენი სამყარო, მისგან მომდინარეობს რაღაც თვითდაეჭვება, საკუთარი ეკზისტენციისადმი რაღაც მოწოდება - და ისინი სასიკეთოა, ვინაიდან ინიცირებენ რაღაც გარდაქმნას.
მე მგონია, რომ მსგავსი სახით შეიძლება აღიწეროს ამ ხელოვანის ის ზემოქმედებითი ფენომენი, რომელსაც ვამჩნევდი სხვა ადამიანებთან. დღევანდელი სიტუაციის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შევარყიეთ ჩვენი ყოფიერების ძირითადი ფუნდამენტი. დრო ჩვენგან მოითხოვს „უკანასკნელი საკითხების“ და ყველაზე უფრო უშუალო პრაქტიკულ გამოცდილებათა გაცნობიერებას. საერთო კულტურულმა სიტუაციამ ჩვენი სულები გახადა არაჩვეულებრივად გახსნილი ყველაზე უფრო უცხო საგნებისათვის, თუკი ისინი წარმოგვიდგებიან ნამდვილად და ეკზისტენციურად.
მაგრამ ამასთანავე ეს სიტუაცია გვიბიძგებს სწრაფი ანტიციპაციებისაკენ, არაჭეშმარიტი მიბაძვისკენ, სურესტიული რაღაც გულახდილი ზემოქმედებისადმი დამორჩილებისაკენ, გადაულახავი იძულებითი მოძრაობისაკენ, კრიტიკისაკენ, რომელშიდაც ვკარგავთ თვითკონტროლს. გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ყველა ამ ცდუნებას, რომელსაც მეტნაკლებად თითქმის ყველა ჩვენთაგანი დავემორჩილეთ, უპირისპირდები - ფუძემდებლური თვისებები ჩვენი ეთნოსის საფუძვლიანობა, გონივრულობა ჭეშმარიტი სულისკვეთებით, კეთილსინდისიერება, უტყუარობა, ალამართლობა, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც აუცილებლობას და რომელზედაც დაყრდნობა შეგვიძლია. 1912 წლის კიოლნის გამოფენაზე, სადაც ვან გოგის გასაოცარი სურათების გვერდით შეგეძლოთ გენახათ, თავისი ერთფეროვნებით შესანიშნავი, მთელი ევროპის ექსპრესიონისტული ხელოვნება, ზოგჯერ გვეუფლებოდა ისეთი გრძნობა, რომ „შეშლილი“ ვან გოგი აღმოჩნდა იძულებით საამაყო მარტოობაში იმ ხალხთან, რომლებიც ისურვებდნენ ყოფილიყვნენ შეშლილები, მაგრამ ამისათვის მეტისმეტად ჯანმრთელნი იყვნენ. გვწამს კი საშუამავლო მისია მაღალი ინტელექტუალური კულტურის და ჩვენთვის დამახასიათებელი გარკვეულობისადმი უსაზღვრო ნების, პატიოსნებისადმი მოვალეობისა და მასთან შესაბამისი რეალიზმის? გვჯერა კი ამ ფართოდ გაღებული სიღრმის ნამდვილობის, ამ ღვთაებრივი ცნობიერების, რომლითაც დაჯილდოებულნი არიან მხოლოდ მსგავსი სულით ავადმყოფნი? ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნურად მიბაძვის, ყოველგვარი არსებობისკენ მარტივი მისწრაფების, „დანახვის“ და სცენური განცდის ზემოქმედების, იმ ადამიანთა დროში, რომლებმაც დასაბამიდან იციან, რომ ისინი ასეთები არიან და უფრო მეტიც, ადამიანებში, რომლებიც გამორჩეულნი არიან წინასწარ განსაზღვრული თავდაბლობით და ყალბი, ბაკქანალური გამოცდილების დისციპლინით გამფორმებლების და ერთდროულად ორივეთი კმაყოფილების განმცდელთა დროში. არ შეიძლება კი ასეთ დროში შიზოფრენია წარმოადგენდეს ნამდვილობის რაღაცნაირ პირობას იმ სფეროებში, სადაც არა ესოდენ თავაშვებულ დროში შიზოფრენიის, რომელზედაც შენარჩუნებულიყო აღქმისა და გამოსახვის ნამდვილობა? ხომ არ ვამჩნევთ სასურველის ირგვლივ რაღაცნაირ ცეკვას, მაგრამ მხოლოდ ყვირილით ხორცშესხმულს, კეთებით, ძალადობით, თვითგარეტიანებით და თვითგაღიზიანებით, ცრუ უშუალობით, პრიმიტიულისადმი ბრმა მისწრაფებით და თვით კულტურისადმი მტრობით, - იმის ირგვლივ, რაც ცალკეულ შიზოფრენიით დაავადებულებთან ჭეშმარიტია და სიღრმისეულად ცხადია? ხომ არ არის, მიუხედავად განსხვავებული განწყობისა და შეკითხვებისა, რაღაცნაირი ერთობა სტრინდებერგის, სვედენბორგის, ჰელდერლინისა და ვან გოგის ირგვლივ ყველა ამ მოცეკვავეთა - თეოსოფების, ფორმალისტების, პრიმიტივისტების - არაჭეშმარიტი, უნაყოფო, უსიცოცხლო ერთობა? ამგვარ შეკითხვებზე მარტივად დადებითი პასუხების გაცემა იქნებოდა იძულებითი და უგნური აბსოლუტიზაცია. ამგვარი „პასუხები“ აღემატება ჩვენი შემეცნების ზღვარს. რა არის „არაჭეშმარიტი“ - ეს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ გადაუწყვეტელია, არამედ ფორმულირებულიც კი არაა საკმაო სიცხადით.
მაგრამ ზემოთ გამოთქმული მისაღებია საკითხებად და უნდა ვნახოთ რა ზომით შეიძლება ვუპასუხოთ „კი“ და რა ზომით - „არა“, როდესაც ჩვენ დავაზუსტებთ იმ ცნებებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გაუჭრიათ გზა ჩვენ ცნობიერებაში უბრალო ბუნდოვანი შეფასებებიდან ნათელ  გაგებამდე; და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ აღიარება გარკვეული, ერთგვარად ერთადერთი შიზოფრენიით გაპირობებული ნამუშევრების, არ წარმოადგენს მათ დამდაბლებას. ჩვენ ვხედავთ ღრმა ზეშთაგონებას იქ, სადაც ის ჰპოვებს თავის ნამდვილ გამოხატულებას, მაგრამ შიზოფრენიით დაავადებულთან ჩვენ ვხედავთ მის განუმეორებელ, შეუდარებელ სახეებში. ასეთი ადამიანები - სიკეთეა ჩვენთვის, თუკი ჩვენ აღვიქვამთ მათი ეკზისტენციის ამ მოწოდებას, თვითდაეჭვების ამ იმპულს - და თუკი მათ ნამუშევრებში, როგორც ყველაფერში, რაც ნამდვილადაა შობილი, აბსოლუტურში ხედვას, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის დაფარულია და გამომჟღავნდება მხოლოდ ამგვარ ზღვრულ განსახიერებებში. მაგრამ მათი ნიმუშად მიჩნევა სახიფათოა. ადრე მრავალი, ასე ვთქვათ, ცდილობდა გამხდარიყო ისტერიით დაავადებული; დღეს მრავალზე შეგვიძლია გვეთქვა, რომ ისინი ცდილობენ გახდნენ შიზოფრენიით დაავადებულნი. მაგრამ ფსიქოლოგიურად შესაძლებელია - შეზღუდული ზომით - მხოლოდ პირველი, მეორე კი - შეუძლებელია, ამიტომაც ასეთ მცდელობებს უცილობლად მივყავარ სიყალბემდე.
თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი შენიშვნები მოწოდებულია მხოლოდ სუბიექტური სახით წარმოადგინოს ურთიერთკავშირების ზოგიერთ სფერო, რომელსაც, შეიძლება, აქვს მხოლოდ ყველაზე უფრო პერიფერიული მნიშვნელობა, მაგრამ ახლანდელი განთავისუფლების ამოცანებთან შესატყვისობაში, უნდა მოეპოვებია ნათელი მოხაზულობა, რომელთანაც დაკავშირება შეიძლება მნიშვნელოვნად მოგვეჩვენოს, ვიდრე იგი არის. დაე მკითხველმა თვითონ განსაზღვროს მისი ის ადგილი, რომელსაც ის მისთვის შესაფერისად მიიჩნევს.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - მოქანდაკე ჯონი გოგაბერიშვილის შემოქმედების კრიტიკული ანალიზი გორვანელი - მოქანდაკე ჯონი გოგაბერიშვილის შემოქმედების კრიტიკული ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები ბერტრან რასელი - რატომ არ ვარ ქრისტიანი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) ბერტრან რასელი - რატომ არ ვარ ქრისტიანი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული კარლ გუსტავ იუნგი - აპოლონური და დიონისური საწყისები (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) კარლ გუსტავ იუნგი - აპოლონური და დიონისური საწყისები (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ქართული რეალიები ბულატ ოკუჯავას რომანში „გაუქმებული თეატრი. ოჯახური ქრონიკა“ ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ქართული რეალიები ბულატ ოკუჯავას რომანში „გაუქმებული თეატრი. ოჯახური ქრონიკა“ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული მიხეილ გოგატიშვილი - მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა (კარლ შმიტი _ ლეო შტრაუსი) მიხეილ გოგატიშვილი - მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა (კარლ შმიტი _ ლეო შტრაუსი) ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge