გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*




დარბაისლობა

ასე მოკლედ რატომ წერო, - მკითხეს არაერთხელ.
როგორ წერო? - ასეც მკითხეს.
მოკლედ ვუპასუხე, - ასე მეწერება-მეთქი.
კიდევ მკითხეს.
ორივენაირად.
ორმა რეზომ მიშველა.  
რეზო კვესელავა:
„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის!“ - აი, ავტორის სტილის არსებითი მხარე, თუმცა, როცა საჭიროა, მას შეუძლია, გრძლად ისაუბროს.“
რეზო სირაძე:
„ბატონი სოსო პატივს სცემს მკითხველს თავისი ლაკონიურობით - ამ იშვიათი უნარით. მოგეხსენებათ, ეს როგორ ფასობს დღეს, როცა ენად გაიკრიფა ქვეყანა და დარბაისლობა, ენობრივი დარბაისლობა, სანთლით საძებარია.“
***
როცა ეს სანატრელი შეფასებები ითქვა და დაიწერა, ჯერ კიდევ არ მქონდა წაკითხული ნიცშეს სიტყვები: „მე ამბიციური ვარ. მსურს, რომ ათი წინადადებით ვთქვა ის, რასაც სხვები მთელი წიგნით ამბობენ.“
რა თქმა უნდა, ვიცი, რომ  მხოლოდ ნიცშეს აქვს უფლება, იყოს ამბიციური. 
თუმცა, რატომ არ უნდა ჰქონდეს მსგავსივე ამბიცია, მაგალითად, ნიკო ლორთქიფანიძეს, ვინც ერთ სამსიტყვიან წინადადებაში მთელი პორტრეტი ჩაატია - გარეგნულიც და შინაგანიც:
„გაძვრა-გამოძვრა მაჭანკალი“.
____________________________________________
*ასე განმარტავს „ფიქრს“ სულხან-საბა.
  
  რომელი

კაცის (ადამიანის) მიმართ ეს განსაზღვრება არ უნდა გამოვიყენოთო, - მითხრა ერთხელ მურმან ჯგუბურიამ.
„რომელს“ გულისხმობდა. 
მაგალითად, ასეთ კონტექსტში: „ილია ჭავჭავაძე, რომელმაც“...
უმალვე დავეთანხმე, მაგრამ იმწამსვე გამახსენდა:
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ“...
რა თქმა უნდა, ესეც:
„რომელმან შექმნა სამყარო“... 
და, მაინც...ვეთანხმები მურმან ჯგუბურიას. 
„ილია ჭავჭავაძე, ვინც“...
      
                          
               რასაკვირველია...

დიდი მწერალი პირველივე ფრაზით იცნობა.
„ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო.“
გამოაკელით ამ წინადადებას  სიტყვა „რასაკვირველია“...
ეს უკვე აღარ იქნება დავით კლდიაშვილი. 
აქ არის იომორიც, კეთილშობილი ირონიაც და საერთოდ არ არის სარკაზმი.
აქ თანაგრძნობაც იკითხება. 
უჩვეულო სითბოც იღვრება ამ ფრაზიდან.
მაინც, რა ძალა აქვს ჩართულ სიტყვასაც კი დიდ მწერალთან?! 
                               

       გაფრენად...

„მთვარე რომ ამობრწინდება, გული საფრენად მზად არი“ ...
ასე მღერის ერთ არაჩვეულებრივ ჩანაწერში გამოჩენილი  ქართველი ტენორი.
ზოგჯერ, ლიტერატორებიც კი(?!) ასე იმოწმებენ.
და როგორ ვერ იტანს ანას ლექსი თუნდაც ერთი ასო-ბგერის შეცვლას?!
უკვე ანა აღარაა.
ანა ესაა: 
„გული გაფრენად მზად არი“...

       კულტურა

რა აღმატებული ეპითეტი არ მიუძღვნიათ ნანი ბრეგვაძისთვის:
რეზო ლაღიძემ ბულბულს შეადარა;
ჯანსუღ კახიძემქალღმერთი უწოდა;
ცნობილმა მუსიკისმცოდნემ ნანა ქავთარაძემ დაწერა, საქართველოსთვის იგივეა, რაც ედიტ პიაფი საფრანგეთისთვისო...
უფრო მეტი რაღა უნდა თქმულიყო?!
და მაინც ითქვა.
ლიზა ბაგრატიონმა თქვა:
„ნანი ბრეგვაძემ შექმნა ქართული სასიმღერო კულტურა“    ...
მართლაც: ხომ განუმეორებელია მისი ხმა, მაგრამ პირველი, რაც ნანის ხსენებაზე „მოდის“, ეს კულტურაა - სასიმღერო კულტურა, რაც უამრავ კომპონენტს მოიცავს.
ისევე, როგორც ცნება: „კულტურა“... 
                                     
   
               პლაკატურობა

პლაკატურობა სულაც არ არის სპექტაკლის ნაკლიო, - დამმოძღვრა ერთმა თითქმის ახალგაზრდა თეატრმცოდნემ, უკაცრავად, თეატროლოგმა.
და გამახსენდა თემურ ჩხეიძის ნათქვამი ერთი სახელგანთქმული რეჟისორის კიდევ უფრო სახელგანთქმულ ფილმზე: 
„მთავარი გმირი ძალიან კარგია, მაგრამ პლაკატურობამ დამთრგუნა.“
ნუთუ ამდენი განსხვავებაა თეატრსა და კინოს შორის, რომ პლაკატურობა ორივესთვის ნაკლი არ იყოს?!
თეატროლოგსა და კინოლოგს შორის კი, ვიცი, დიდი განსხვავებაა. 
   
       
                             ასოციაცია

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონს ელდარ შენგელაიას „სამანიშვილის დედინაცვალი.“
ყველაფერი მომწონს.
რაც დავით კლდიაშვილის არაა, ისიც, რადგან ყველაფერში კლდიაშვილია.
აქ ჭეიშვილიც კი კლდიაშვილია.
დიდებულია ფილმის ფინალი: აღელვებული პლატონი დედინაცვალს მუცელში ჩაარტყამს, გასაგებია, რატომაც. მერე გონს მოეგება და გარეთ გასვლას დააპირებს. კარს რომ გამოაღებს, იქ ლამაზთვალება საქონელი დახვდება. 
ბეთლემის ღვთიური ბაგის ასოციაცია.
ანუ: ვინც ორსულ ქალზე ხელს აღმართავს, ჩვილი იესოს მოკვლას დააპირებს. 
დიდებულია!..

                           „დადისკურსება“

„როგორ უნდა შუქდებოდეს კულტურის საკითხები?“
ასეთი „პროექტი“ სულ ახლახან შემოგვთავაზეს.
ამან ჩემი სტუდენტობა გამახსენა.
ჩვენი მოძღვარი, პროფესორი ნოდარ ტაბიძე გვეუბნებოდა:
„ჩვენ გასწავლით იმას, თუ როგორ არ უნდა წეროთ.“
და ამით გვასწავლიდა წერას. 
და დღეს მინდა, ჩვენს ახალგაზრდა თეატრმცოდნეებს ვაჩვენო, როგორ არ უნდა წერონ.
ვაჩვენო სულ მთლად ცინცხალი მაგალითით.
რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რეცენზიიდან:
„არა უშუალოდ ქალთა უფლებების დადისკურსების დემონსტრირება, არამედ მთლიანი კაცობრიობის კონვულსიური შფოთვა,
დაუსრულებლად წრიული ჭიდილი მარადიული პრობლემებისადმი და ეს მარადიულობა მოიცავს ინტეგრალური წვრილმანების მორფოლოგიას“...
რეცენზენტი? - ა. ც. 
უთუოდ, თეატრმცოდნეა.
უკაცრავად, თეატროლოგი.
        
                                             სამშობლო

როცა დავით კლდიაშვილზე ვფიქრობ, მგონია, რომ თეატრის სამშობლო იმერეთია.
ამ აზრს მიმყარებს იმის გაფიქრებაც, რომ სამი მთაწმინდელი მსახიობი იმერეთიდანაა: ვერიკო ანჯაფარიძე, უშანგი ჩხეიძე, სერგო ზაქარიაძე.
მაგრამ რა ვუყოთ კახეთს, სადაც ქართული თეატრის ორი უდიდესი რეჟისორი იშვა? -  კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი.
სამშობლოს შუაზე ხომ ვერ გავგლეჯთ?!
ღმერთმა დაგვიფაროს. 
           
                                           რუსეთი 
ფრანგმა ლიტერატორმა მარკიზ დე კიუსტინმა რუსეთში 1839 წელს იმოგზაურა.  
მისი შთაბეჭდილებები  გადმოცემულია წიგნში „ნიკოლოზ პირველის დროინდელი რუსეთი“, რომელიც ქართულად 1935 წელს ითარგმნა და გამოიცა. 
ერთი ფრაგმენტი:
„უნდა იცხოვრო ამ მოუსვენარ უდაბნოში, ამ დაუსვენებელ ციხეში, რომელსაც რუსეთი ეწოდება, რომ იგრძნო ევროპის ხალხთა თავისუფლება, რანაირიც არ უნდა იყოს იქ მმართველობის წეს-წყობილება.“
ამბობენ, როცა ნიკოლოზ პირველმა ეს წიგნი წაიკითხა, განრისხებულმა, ძირს დაახეთქაო. 
არადა, თვითონ იმპერატორი ავტორს ერთობ სიმპათიურად ჰყავს წარმოდგენილი:
„ბერძნული პროფილი აქვს,  მაღალი, მაგრამ ოდნავ შეზნექილი შუბლი, სწორი ფორმის ცხვირი, ძალიან ლამაზი პირი, კეთილშობილი, მოგრძო პირისახე, სამხედრო და უფრო გერმანული, ვიდრე სლავიანური გარეგნული შეხედულება“...
მაგრამ, იმპერატორისთვის,  მთავარი ეს იყო - ციხე, რომელსაც რუსეთი ეწოდებაო.
ჩვენთვისაც ეს არის მთავარი.
      
                                           მთაწმინდა

არსებობს მუშა-მწერლის ვანო საათაშვილის ნაამბობი:
„ჩვენი სიამაყე, მთის არწივი ვაჟა, ავადმყოფი, თავისი ძმის, სანდროს ბინაში იმყოფებოდა, მაშინ, როცა მე და შიო მღვიმელი მივედით მის სანახავად... როცა კარი შევაღეთ, ვაჟას ნიდაყვი მუთაქაზე დაეყრდნო, ნახევრად მწოლიარე გაჰყურებდა მამადავითის მთას, რომელიც ფანჯრიდან კარგად მოჩანდა.“
ეს რომ წავიკითხე, უმალვე მურმან ლებანიძის სტრიქონები გამახსენდა, გალაკტიონზე თქმული: „მთაწმინდისკენ გაუშტერდა თვალი საქართველოს პოეტების მეფეს.“
ვაჟას, რა თქმა უნდა, მთას გაჰყურებდა.
მთაწმინდა, მისთვის, იმ დროს, მთა იყო და არა პანთეონი.
მთა ენატრებოდა. 
უმისოდ არ შეეძლო.
მთაწმინდის პანთეონისკენ კენ კი უამრავს გაშტერებია თვალი. 
თვითონ მურმანსაც, ვინც მეფეს ასე მიმართავდა:
„შენთან, შენთან, გალაკტიონ, შენთან მოვალ მალე“...
ვერ მივიდა.
უფრო სწორად, ვერ ავიდა.
სამაგიეროდ, ზოგი ისეთი ავიდა, იქით თვალი ერთხელაც რომ არ გაშტერებიათ.
იცოდნენ, რომ ამაზე არც უნდა ეოცნებათ.
რაგინდ გასაოცარიც იყოს, ავიდნენ. 
მურმანი კი, ნამდვილად მთაწმინდის ღირსი პოეტი, ვერ ავიდა.
და ეს, დიდწილად, მისი ბრალია.
ამაზე - სხვა დროს...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge