ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
პოემა-რეკვიემი
„ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად,
სხვას არა წაუღია რა.“
ხალხური
ჟამი მოდის გაცილების–მარადიულ ჩვეულების –
კვირტში გადანაწილების, რტოში გადასხეულების.
ეთხოვები ზვრებს და ყანებს, რაც რო ხანი, რაც რო თესე –
რასაც დღემდე ეთაყვანე, ეფერე და ეალერსე.
დილის ცვარი მოჟიჟმატე – ღვთის ნებით რო მოსავს ქედებს,
გულისწყვეტას მოგიმატებს, უკან ბევრჯერ მოგახედებს.
ია გამოგეტირება – მერხის სითბოს გაგახსენებს,
წარსული რო გეტკინება – ღაწვს კურცხალი დაასველებს.
ხრამმა მკერდი აიბნია გვირილების ფოლაქებით,
კვლავ ჩურჩულებ - „აი, ია“ - თუ ბავშვობის მონა ხდები.
გინდა ნახო „დიმნას ციხე“ – ნატვრა გულში აღიარე,
თეთრი ნისლით გადაიხვევს ბებერ ტანზე ნაიარევს.
ძუძუმტეა შორაპანის, მისი ხორცი, მისი სისხლი,
ბევრი ცრემლით მონაბანი – მატიანე ასე გვიხსნის.
ქვები... ქვები ბებერები... მაღლა ცა და ძირს მოლია,
ხელით ნაზად ეფერები ლანდადქცეულ ისტორიას.
და... „თვინიერ ქართულისა, არღა!“ - გვმოძღვრავს მეფე ჩვენი,
თუმცა მძიმე წარსულისა - სიამაყე დღემდე გვშვენის.
ხავსი ათბობს მთვლემარ წამებს, ტანზე იცვამს ქარს მოცხარი,
„შენც გაწამეს, მეც მაწამეს, დღემდე მაინც ვართ ცოცხალი“.
შორს გეზელი მიფარფატებს, ხელისგულზე სძინავს ზვინებს,
თუ თვალებზე მიგახატავს ეს საზღაპრო სინამდვილე:
ფერდი! – სარკიათის ფერდი, თავზე ამილახვარია,
შენ რომ წერდი – „აქ ყოველთვის სხვა დღეა და სხვა ღამეა“.
ამოცნობას უპირებენ - ათი სარკის ძალა ჰპოვეს,
ამ მინდორთან უპირობო სიყვარული გაახლოებს.
გინდა, ჩირგვებს ჩაეკონო, ცრემლი ითხოვს მოღვარღვარე,
რომ მიდიხარ, არ ეგონოთ - დღეს წახვალ და მოხვალ ხვალე.
გული წამოინატრულებს ქარში გაშლილ თხმელიანებს,
სათითაოდ ინახულებ, როგორც ძმებს და შენიანებს.
გიღიმიან გორებიდან ჩინარები – შორი დები,
ჩუმად ეამბორები და ხელს გაიშვერ მორიდებით.
ვარდის ტოტზე დაცურდება ცვარი - შუქის მასპინძელი,
ეს წუთები თვალს უხდება - ამხელს თვალი, რაც იგრძენი,
ხარობს ახლა მზის ამოსვლით, ახო-ახო ხმელი ჩალაც,
ნისლის მჩატე პირსახოცით სერმა სახე შეიმშრალა.
შორს ლივლივებს ხანისწყალი თუ „ლეკური“ მიმოხრილი,
ნაპირ-ნაპირ ნასიცხარი ბორცვებია მიმოყრილი.
თვალწინ – შენი წაბლიღელე, ნაკარვები ოქროპირის,
ნაწვიმარზე წაიმღერებს, შქერით სხეულმოღობილი.
მზერას ხიბლავს ნაისლარის თავზე ბიქინეთის ჩრდილი,
ცხრა თოფის და ცხრა ისარის გასროლაზე მხარგაშლილი.
გადაყურებ ქარაფიდან შეთვალებულ ზვარს და ყანას,
კოდისწყაროს ჩააფრინდა ქორი ცაში წასაყვანად.
„მიაქროლებს გოგო ულაყს“ – ნისლი გაძლევს ამის ნებას,
თვლემს მთებს შორის გოგოულა, ქარი ცდილობს გაღვიძებას.
ეს ამხელა მწვანე ველი, ზედ რო ხათრად აბიჯებენ,
„ციდან ჩამოგზავნილ წერილს“, რო ჩამოჰგავს – დაგიჯერე.
გოგოულას მაღლაც ტყეა, შუაზე ხევით გაყოფილი,
პირ-სახეზე გახატია, რო ხარ მზერით კმაყოფილი.
გაგონდება მომცრო ბიჭი, ხელში, წაბლის ხოპიათი -
ჩაიყენა თვალში იჭვი გოგომ _ მარწყვი რო მიართვი.
იყო მართლა თვალხატულა - ლექსშიც დღემდე ისმის ქება,
დაიტოვა ნაკადულმა იმის გადაკისკისება.
შენს საყვარელ სერზე დგახარ – სივრცე მართლა ამას ჰქვია,
დიმმა თავად დაგინახა, როხმა თავბრუ დაგახვია.
ბუკნარი და სარეცხელა თავად გამოება ჭალას,
ახლა შინ და გარეთ ცხელა - ქარმა დროზე ფრთა გაშალა.
თვლემს წარსულში დედულეთი, შემკობილი მზით და მთვარით,
გახსენებაც, მე თუ მეტყვი, მადლობაა ერთდაგვარი.
ფიქრშიც უნდა მოიმწყემსო _ როხის ვალი ახლაც გადევს -
შენში ებანოიძეს ხომ, უდგას მხარში ვაშაყმაძე.
გახსენდება საბალახო _ მინდვრის ელმად დაცურება -
„წლები უნდა გადავლახოთ ბავშვობაში წასულებმა“.
მზერა ნამით მომბალია - ლანდიც გვაფრთხობს მეველესი,
თვალწინ ბერნაობალია, ჩვენი ყრმობის ევერესტი.
ჩიფჩიფს ძლივს რო გაგაგონებს, მზემ რომ ზონარს მიამგვანა
(რა თქმა უნდა, ახლა თორემ, მაშინ იყო ნიაგარა):
ორი დროით დანახული, ზოგჯერ თავზე მეტი ხდება
და ფლატეზე ნაკადული თმებით გადაეკიდება.
აგავდა ჩრდილი გოგოს მანდილს, მზემ რო მზერა გამობინდა,
რო გვწყუროდა - ნოყოს ვსვამდით, ხრამში ჩამდგარ ჭაობიდან.
გახსენდება, რო ვმღეროდით - „ჰიტლერი და შოშიაო“,
ჩამოუტყდათ მუხის ტოტი - „შეძვრენ ფუღუროშიაო“.
იდგა დიდი ომის წლები, სისხლის საშინელი ლელო,
თვალზე ახლაც მოიმცვრევი, გულის ცრემლო მაშინდელო.
მთელი ხუთი წელიწადი - ჭინჭარი და წათხის წვენი,
ტყემალი და ხმელი მჭადი - სარჩო იყო მაშინ ჩვენი.
აჰა, შენი ურქო ძროხა, უშობელი - წინწასული,
„წვიმამ გული მოიოხა, აუვარდა მიწას სუნი“.
ხეებს შეფარებულები ხრამის ხმაურს ვაყურადებთ -
„ახლაც გვერდში მეგულები, მამხნევებ და მაგულადებ“.
მთებზე ნისლმა მოიმატა, გვიან შუქიც გამოიცრა -
„ცისარტყელა მომიხატავს დობილოს და ნაფოიცარს“.
თოხოურზე – კვალი თოხის, ნაისლარზე – ისლის კვალი,
„წუთისოფლის ვალის მოხდით – რას ვისტუმრებთ, ის მითხარით!“–
რეფრენივით ტოვებ კითხვას, გზას აგრძელებ შენი ნებით,
ვეღიმები ჩემს თავს დიდხანს, შენ რო შენს თავს ეღიმები.
მზერით გულზე გადაწერე ფშანები და ჭორომები,
აფხანაურს გაგახსენებს ძელქვის მწვანე კორომები.
რა შხვართალა ტანებია, რტოებია რა შრიალა -
თვალში დაგივანებია, თავის მწვანე თავშლიანა.
დაგიტოვებს გულის ტკივილს, თუკი თვალი ვერ მოკარი,
აბულაძის ძელქვის ჩრდილი, კახიანის ეზო-კარი.
ჰა, ხანძარი ბროწეულთა, კედარებიც კელაპტარობს,
შეადარო ან რას უნდა, ან რა უნდა შეადარო,
ცალი შარა, ღობე - ყორით, ხშირი კოპიტების გრილო,
„ფანტაზიავ ხომ მეყოფი, სოფელ-სოფელ განაწილო“.
ვარციხე და... როკითი და... დიდველა და... საიმედო...
შუბლს მარჯვენით მოიჩრდილავ, უფრო შორს რო გაიხედო.
შორს ჭაღარა ქედებია, ქედებამდე ველებია,
სუნთქვა გაგიჩერებია, თვალი გაგიშტერებია.
როკითამდე დიდველიდან მზერას ნამი დაგისველებს,
ცოტას მაინც გიშველიდა, იმდენ რამეს გაიხსენებ.
რა სცოდნია მოლისფერად ღინღლს სახეზე ამოწვერილს -
ვეღარც სკამზე მოისვენებ, ვეღარც ტახტზე წამოწვები.
რამ ჩააცხროს ჟრუანტელი, ვინ ჩურჩულებს - „მო, აქ ვარო“ –
თუ ეს საქმე დროა ხელის აჩქარებამ მოაგვაროს.
ჩქამზე თვალი გააშტერე - გმართებს მალვით ხეტიალი,
რაც რომ სახლში არ გაჩერებს, თავბრუა და რეტი არის.
ძაღლების ხმას ერიდები, მიხვალ, ყელში გჩრია გული -
გირჩევნია შორი გზებით და შემოვლით სიარული.
წყლის წისქვილი... იქვე - შუკა... ძილგამტყდარი მასპინძელი...
დიდი ლეღვი სახლის უკან - თავი კაცად აქ იგრძენი.
ჭიშკარს ისე ეტანები - ოდნავადაც არ ჭრიალებს,
მაშინდელი ნეტარება, ტანში ახლაც გაჟრიალებს.
ბანგავს სუნთქვას ვარდის სუნით მოშრიალე კაბის კალთა,
ამხელს თვალი ჩანისლული - „შენი მოსვლა გამიხარდა“.
ხელს ცახცახით შეაპარებ - აღარ ვამხელ სად და რატომ?...
ის უფსკრული შია თვალებს, ის მინდორი საბალახო.
სუნთქვა სუნთქვას ეთავსება, ეჭარბება მაჯას გული -
ხდებით მერე ერთარსება - ვნების თასმით გათასმული.
ავალია რიტმულ ქოშინს, კვნესაც მჩატედ ანაწილოს,
ხარ შესული სა(მ)შო(ბლო)ში და გამოსვლას აღარ ცდილობ,
ამ დროს მკერდი... ამ დროს სახე... ამ დროს თეძო და განცდები...
„თავს წარსულში ჩავისახლებ და ხელახლა დავკაცდები“.
თვალი ტყე-ტყე დაცურდება, სხივი კურცხალს ააგორებს,
ახლოდანაც დასტურდება, შორიდან რო გამაგონე:
„აჯამეთი ზღაპარია, ოცნებას რო გვიადვილებს“,
უღრუბლო ცა აფარია ამ საქვეყნო სინამდვილეს.
კვირტი, კვირტი, მარტის კვირტი, ხიდან ხეზე მიაქვს ნიავს,
ეს თვე ბებერ დედამიწის სიყმაწვილედ მიგაჩნია.
ყვავილები ხალიჩებად ნაპირ-ნაპირ აფენია -
შორიდანვე გაირჩევა - მწუხრია თუ გამთენია.
მიუყვები ტყე-ტყე ბილიკს - დაგაწია გულმა ნება -
გინდა გაუსინჯო კბილი მარადიულ მდუბარებას.
რა უეცრად წამოფრინდა, ქორია თუ ძერა არის:
„ეს ცხოვრება“ – ბევრჯერ ითქვა – „ცრემლიანი მღერა არის“.
ცრემლიანი თვალის იქით - ატმის ყვავილების ბნედა -
„მაინც ვხედავ ვარდის გვირგვინს, ვარდის ქალაქს მაინც ვხედავ“.
მზერა გემზეც შეყოვნდება - ერთი... ორი... სულ რამდენი?!
დღევანდელი გეგონება მაშინდელი სურათები.
აგერ „არგო“, „არგოც“ მოჩანს, რჩება კვალი წყალზე მისი,
წყალზე - გემი, გემზე - დროშა, წინ - კოლხეთი, ოაზისი.
ლერწმიანში ჩადგა ქარი, გაახილა თვალი მღვიმემ,
გახდა თქორით ცა მომბალი და ფშანები - მოლივლივე.
სავაჭრო და სამდინარო - ანტიკური გზა და ხიდი,
რამდი მიდის, ხედავ, თვალო?! - მიდის... თანაც, რამდი მიდის?!
მზე თანდათან ჩამოიწევს და წითელხევს მოადგება,
შაშვი კვნესას წამოიწყებს, გული ითხოვს ყურადღებას.
შაშვი არის ბარიტონი - ბულბული რო ტენორია,
ამხელს მგლოვიარე ტონი სოფლის ტკივილს - მემორიალს.
თავს კოდალაც შეგახსენებს - ფრინველების ოდის ხურო,
სალამს უთვლის მაღალ სერებს კორისწყალი მოდიდგულო.
ანაწილებს სოფელს ორად - გამოღმა და გაღმა მხარედ,
გადაყურებს სურო მორევს და წამწამებს ახამხამებს.
ჭალა-ჭალა შეკრავ ულოს, მიზეზ-მიზეზ იარ გზაზე,
თვალი, თვალი ემსახუროს უნდა სოფლის სილამაზეს.
„რტო ფესვთან და ფესვი რტოსთან ლამის თავად აიკინძნენ“, -
ხეზე კვეთის ნამდვილ ოსტატს, შეხვდი მურმან ფაიქიძეს.
იყო მირზა კაკუშაძეც ამ შეხვედრის მონაწილე,
რა სითბოს და რა გულს აძლევს თვალი რომ ვერ მოვაცილეთ.
„ცას წყალობა გაუღია“ - ხელი შეღმა შეიშვირე -
სრა-სახლები აუგიათ მდიდარ კოტორეიშვილებს.
წითელხევი სახელია ძველი სადემეტრაოსი,
ისევ ნისლი აფენია, ახლა შენ რო ფერდს ამოცდი.
დაეწევა „ლილე“ სმენას, ცხადში - არა! - ოცნებაში!
გადამდები ჰანგის ენა გაგახსენებს ფოცხვერაშვილს.
ფეხით ამოიშეღმართე, მინდორ-მინდორ თბება თვალი,
თავს უტყდები: - „ისევ გმართებს, მიდიხარ და გრჩება ვალი“.
ატმები და ალუჩები ისე ხათრად მიგაცილებს,
რო საეჭვოდ გაყუჩდება ქარის ცელქი სიყმაწვილეც.
გული ჩუმად ეფერება - რავი... რას და რატო, რავი?!.
ფანტაზიით შენფერებმა უნდა გაიბრიყვონ თავი.
უნებურად წამოგცდება - „შეხსენება რაღად მინდა“
და ჩემს მჩატე დამოწმებას გამოიხმობ ქარაგმიდან.
სანიაოს ნიავს უქებ – ჟრჟოლა ბანგავს ბებერ წნორებს,
ეჰეჰეი, სიჭაბუკე, რამდენ რამეს მოგაგონებს.
მზე თოხისტარს გადაშორდა, ტანი ჩრდილებს მიანება,
არ იფიქრონ, არ გახსოვდეს შუბნის გამოხმიანება;
თავხელიძის ბოგირს აცდი, ბოლო სხივი ხამხამებდა,
თეიმურაზ აბულაძის სახლთან შემოგაღამდება.
სერზე, როგორც ჩვილი ბავშვი, თვლემს სალხინოს ეკლესია,
არცრო შეგეშლება სხვაში - წინ ბიბინა ბელესია;
და ბელესზე კოპიტების მობნეული არის ჩეროც -
ხელს აღმართავ მორიდებით - გსურს, პირჯვარი გადიწერო.
გაოჩნდება ოჩნიღელე – რიგითა და წესით ვყვები, –
ფერსათს უკვე მოვრჩით, მერე – რომელს გამოესიტყვები.
რამდენ რამეს გამოარჩევს მზერა, როა შემაჭრული –
საიმედოს გამოაჩენს სოკოები ჭრელა-ჭრულა.
ვერ უხერხებ ამორჩევას - ნაირ-ნაირ ხალიანებს -
რამე მაინც გამოგრჩება და თვალს დაივალიანებ.
აირჩევ და ვერ ყიდულობ - ხელი მორცხვად დამოკლდება -
ვის, ვის უნდა ედიდგულო, ეს ხომ ფასის გამო ხდება.
სხვაა ბაზრის ასპარეზი, თანაც შობა-ახალი წლის,
რო გესმოდა - აღარ გესმის, რო იცოდი - აღარ იცი.
ტყიდან ტურა დაიკივლებს – ესეც არის მისი ნება,
ოღონდ იმას გაიკვირვებ – ჰანგივით რო ისმინება.
მგლების ხმებსაც გაიგონებ, ტურის ტირილს აყოლილებს...
სმენისმოყვარეობას რო ყური დაიკმაყოფილებს,
ნაბიჯ-ნაბიჯ აუყვები მოშრიალე ზვარს და ყანას,
ქარმა სუნთქვა ნაგუთნების ეწერამდე აიტანა.
ამხელს ეწერს მარნის სუნი, წამღერებას გული ცდილობს –
ბევრი, ბევრი დანიშნული ემზადება საქორწინოდ.
გადაშორდა დიმი მიჯნებს, ადის ზეგნის სერებამდე;
„ჯერ სტრიქონი გამისინჯეს - სოფლის ქება მერე მანდეს“.
გზა მაყვლებით აიბარდა, ჩაიბურა ანწლისღელეც,
თენებოურს აიარ და ობჩას გაიმასპინძელებ.
ლაღიძეთა, კახიძეთა – დააქვს მზერას ის აქამდი –
სიმღერა რომ გვაღვიძებდა – პირჯვარს გადაისახავდი.
ერთ-ორ სტრიქონს, შენი ნებით, ცოტა შეცვლილს ვახმაურებ
და ხელახლა გავაგონებ ჩვენი დროის აქაურებს:
„ობჩაშია ბურჯანაძე, სვირში არის ჯუღელიო,
გოგოები მეხვეწება - „ხარს დაადგი უღელიო“.
ქარაგმას რო მოთარგმნიან - ქვეტექსტები არ ეშლებათ -
გაზაფხულის მომთბარ ნიავს საღერღელი აეშლება.
თუმცა მაინც წარსულს მღერის, აწმყოს ნირი შეუცვალა:
„რაღად უნდა ხარს უღელი - ხვნა თუ აღარ შეუძლია“.
ფანტაზიის ნაყოფია, ცხოვრებას რო გვიადვილებს,
და,,, საჭირო გაყო კია - ზღაპარი და სინამდვილე.
„სხივმა სხივში გაიარა“ - ლამაზ ქალზე წამოსცდებათ,
ლექსმა „სახე“ აღიარა და თვალებმა - გაოცება.
კუპროული ლოკონია, მართლა ღელე არ ეგონოთ,
„გოგო, გოგო, გოგონიავ, გულში უნდა ჩაგეკონო“.
სილამაზე ჩაძინებულ გულუხვობას შეაღვიძებს
და ფერდობზე დაკიდებულ გზაზე შეღმა შეაბიჯებ.
ნაბდისხელა ყანა მოჩანს, იქ რა ბოლავს?! - ბუხარია!
მწვანე ყანა მარტო ობჩას?! - მთელ სამყაროს უხარია!
„თესე!“ - საგამოზაფხულო ჰანგი გუგულს ევალება,
„მარტში სიზმარს რო ვნახულობ, ჩემი თავი მენანება -
მეჩვენება, ვეღარ ვასწრებ, ვეღარ მივდევ კვალში ალოს,
თითო ყანა ქვეყანაზე ყველამ უნდა ვაშრიალოთ“.
საბუკია ქედმაღალობს, სოფელს მთიდან გადმოყურებს,
გული ამბობს: „შე მაღალო, სასხვენევ და საქონგურევ,
გვირგვინივით ვის მიართმევ, ამ სოფელს რო ფერი შვენის“,
მინდორ-მინდორ ნისლია თუ გოგო მოდის ფეხშიშველი.
„შემოგოგდიც“ გაიგონე – სმენა მზერას გიადვილებს,
გზა-გორგალი გაიგორე, თავი გადაიადგილე:
ჩალხეეთი! – სახლი სამი! შუშის სამი ფანჩატური!
თუ სიზმარი ზამთრის ღამის, უფლის ხელით დახატული.
წყალგამყოფი ქედის იქით, რო თვლემს წყალაფორეთია,
„გადაშლილი მთების წიგნი, მსურდა ჩოქვით მომერთმია“
მეც ვიხსენებ იმის ღიმილს, აწეული წარბის ჩეროს,
ჩვენს წინ ახლა ტყეა ხშირი - უნდა მთვარემ გზა გვიჩვენოს.
მივალთ, მკრთალი ათინათი ეფინება დამფრთხალ სერებს,
შიშნეული ხასიათის გამო ხშირად თავს გახსენებ.
თოვლის მჩატე უფერობას ალაგ-ალაგ ისევ სძინავს,
მოლს სისხამზე უპეს მობანს ნაკადული პაწაწინა.
დააქვს ტანი დამფრთხალ შველის, კურცხალ-კურცხალ მარაგდება,
საკრაულას მართლა შვენის ყელის ნაზად გადაგდება.
უხარია თვალს გირჩები - ნაძვის მწვანე მეჭეჭები,
დღე ღამისგან გამოირჩა - აღარ იშვერ ხელს ცეცებით.
გვარიანად აჯაგრული ტევრი მზერით გამოხშირე
და თანდათან ჩადგა გული - ახლა აქეთ გაშოშმინებს.
მინდორს მარტი მარტო ფერავს, იწყებს მღერას ფერში მთები,
„ყვავილების სახრჩობელას ყელით ჩამოვეკიდები“.
აჰა, ჩრდილი მზიანი და, ავდრიანი - აჰა, დარი,
სუროს შაშვი შეაფრინდა, გაახილა დილამ თვალი,
გაღმა არის ხუზიარი – ვრცელი ჭალის მქონებელი,
საკუთარი თუ ზიარი თვალის მომაფონებელი
აილანდა ზეგნის სერიც, ცოტა ჯანღი მორევია,
რო ბუტბუტებს ჩანგის ენით, დოგრაშვილის მორევია.
ბოდოკიას თხილებს არხევს ქარშოშინი უსხეულო,
„ჩემი ლექსი იმას ამხელს, რასაც თვალი უმზერს, გულო.“
რასაც გული უმზერს თვალო - შეიძლება ასეც ითქვას
სიტყვას უნდა უთვალთვალო, უნდა ეალერსო სიტყვას.
ლეკისჭალა! - მოლი ჩია, ძველი გზა და ნასოფლარი,
სერს გადაღმა კორიშია, გურთაც იქვე ახლოს არი.
გოგობოსელს გამოარჩევ, უფლის სანთელს?! - რა თქმა უნდა!
გულისტკივილს ცა მოარჩენს თუ საეჭვოდ ახმაურდა.
მთები! - უცხო ფერებით და სახელებით რჩეულები,
ხეობების ხველებიდან თვლემას გადაჩვეულები.
წიაქობენ ღელეები - დაფანტული წიწილები,
„და ფიქრებში ნაწილ-ნაწილ უნებურად ვიძირები“.
ეპარება ნებიერეთს, მთვარეც ხათრად ეპარება,
წიფას გაანებიერებს მარტის გამოტყემალება.
და გორგოძე კოხოძესთან დაწყვილებას გიადვილებს,
„ჭურში დევი ხორხოცებდა“... – სიზმარი ცვლის სინამდვილეს.
აშინებდა ამ გვარებით „მოყოლილებს“ დედაჩემი -
ბევრი რამე ამგვარები ზიარია მე და შენი.
ცხრა ხრეში და ცხრა ტომარი, ცხრა კოდი და ცხრა ნაცარი,
იქვე - კაკლოურობა და ნახშირი და დანაც არის.
დუღდა წყალი ცხრა წყაროსი, წყალი დუღდა ქვაბსა შინა -
ბევრი, ბევრი ტარტაროზი ამ მდუღარემ დააშინა.
როცა ქვაბში ჩაიხედეს, შეეფეთა წავი თვალებს,
„წადით მალე თქვენ დედასთან, თქვენ მამასთან წადით მალე“.
სიცხესა და ბურანს ებრძვი, გარეთ ამ დროს წივის ქარი,
გადადნობილ ტყვიას ვერძის ფორმას აძლევს ცივი წყალი.
„გაეყარეთ ამ ზალიკოს“ - გესმის, თითქოს, არცრო გესმის,
„თქვენი ძირი აქ არ იყოს, აქ არ იყოს თქვენი ფესვი“.
იდუმალი რეფრენებით ცამდე ადის ლოცვის ჭერი,
„თვალს ამაოდ ეფარებით - უკვე გზები მოგიჭერით“.
ყბები!.. ყბებმაც დაღლა იცის, მერე ხმებიც ღარიბდება,
მაინც გესმის - „გადაიცვი ჯავშნად ჩემი დარიგება:
მოერიდე ნაძრახ ღელეს - ავსულების გზას და ბილიკს,
თავი, თავი ასახელე, დარჩი თავის კმაყოფილი“.
უფრო გრილი გეჩვენება, შუბლზე ამ დროს დედის ხელი,
გაღვიძებას ეშურები - მკერდზე ღილი შეიხსენი.
სმენას ჩქამი მოეკიდა, მზერას - ფოთლის ჩუქურთმები
და სიზმრების მოედნიდან სინამდვილეს უბრუნდები:
ჩირგვში ჭრელი ჩიტი კვნესის, სევდის გამოხატვას ცდილობს,
შეინახავს შენი ლექსი იმის ხმას და იმის კილოს.
ფოთოლ-ფოთოლ შეგახსენებს თავს ნიავი - რომ არსებობს
და ცერებზე შემდგარ სერებს გინდა ისევ მოახსენო:
„მივდივარ და თქვენი ტრფობა ნაბიჯ-ნაბიჯ მიმაცილებს,
თქვენთან რჩება ჩემი ყრმობა, ბავშვობაც და სიყმაწვილეც“ –
სიბერეში შეიჯამა ამ სამივემ თავი ნებით,
ქედებს ნისლის შვენის კაბა, ველებს - მინდვრის ყვავილები,
ეჭარბებათ ხარისთვალებს უპე-უპე ლილა ფერი,
„მწვანე ბევრი დავითვალე, თეთრს - აქა-იქ მივაგენი“.
გადამდები მორიდებით გზა-გზა ლანდად დაეშვები,
მოგაცილებს კოპიტები, ჯუჯა ხელისფარეშებით.
საჭილიის ხიდის ახლოს (გადავარცხნის ქარი ტინებს),
ერთი მეგობარი სახლობს – შევლას გაითვალისწინებ.
ქარი კიკნაველეთური, ორი ზეგნის გაზრდილია,
ელეთურით, მელეთურით ჩამოაღწევს „ბრაზილიას“.
ბალაგანით წაიგრძელებს ხელს და ხრამებს ახმაურებს,
ააკვნესებს ჩალიღერებს, ამ არქაულ სალამურებს.
ჩიჩხოურას მორევს ჟრჟოლას, გადაადებს მჩატე ხელით
და თოდაძის ბეკზე ბჟოლას ეჩვენება ქარტეხილად.
ნიავების მეკავშირე, იგრძნობს ბოლოს შებერებას,
სალამს მისცემს ჭრელაშვილებს და ზედა დიმს ეფერება.
ხვნეშა-ხვნეშით გამოიქცა, შუკა-შუკა წალიკდება,
რო მოილევს ნაფოიცარს, მერე მართლა ღარიბდება.
ასავსავებს აჰა, ხელებს, რაღა დარჩა – ზომე თვალით,
დობილომდეც ჩავა, მერე – აღარ გინდა კომენტარი.
არც უქაროდ არ ეგების – არემარეს ქარით იგრძნობ,
ნიავს ფეხქვეშ გაეგები, რომ ხელახლა გაიღვიძოს.
პეპელას ფრთა გამოისხა ფოთოლმა და ცახცახს იწყებს,
თავზე ხელებს ჩამოისვამ და თმებს შუბლზე ჩამოიწევ.
მონატრებულ მზერით მწყემსავ ცაში წასულ მაღალ სერებს
და იხსენებ – რა გითხრეს და – თავად შენ რა გადაწერე.
ციდან ნისლი ჩამოცურდა საირმის მთის დანახვაზე –
დამხვდურთა და ჩამოსულთა ხორხოცი რომ ალამაზებს.
ტყეში მცირე ქალაქია, თუ სამოთხის თავფურცელი -
ხელისგულზე ალაგია - ბიჭი ხარ და გაუძელი.
ცოდვაც კარზე მომდგარია, აღმა-დაღმა ხეტიალით,
თვალი თვალით მომთბარია, ცრემლი ცრემლზე მეტი არის.
საირმეში სიარული იმედია ათასების,
ახსენებენ სიყვარულით, ღირსებით და დაფასებით.
ერთი თვალით - ავანსცენა, ანდა - ერდო თაღიანი,
უნებურად გაგახსენა - ბინაც ერთოთახიანი.
ტოკავს კლდეზე ნაძვი ცალი, თუ ანძაა ძველისძველი –
ნათავისარ-ნასხვისარი ხმები მართლა შეიგრძენი.
გზა-გზა მინდვრებს – ტყის სარჩულებს, გასდევს ფუტკრის ქალაქები,
ბაგე დუმილს ინარჩუნებს – ფიქრში ელაპარაკები,
მეთერთმეტევ, მეთვრამეტევ... მზე - ცაში და ტყეში - გრილო,
გაჩენიდან ჩაგიკეტეს კარი თავთან სამარტვილოდ.
„წნორს ფერდობზე დგომა შვენის“ - სურათს მზერით ეწირები -
„წაღებიდან ამოშვერილ თითებს უგავს ხეს ძირები“.
„ფესვღრმაჰყოო“ - გვმოძღვრავს დიდი კაცი - „რტონი უჩინაო“,
ბილიკ-ბილიკ ლანდი მიდის და საკუთარ გულში დაობს.
ჩაღრმავდები როცა შენში - ლექსშიც ჩაღრმავების დროა:
„რტო - ჰაერში არის ფესვი და მიწაში ფესვი - რტოა“.
ასე, წაღმა-უკუღმიდან ფხას ვუსინჯავთ სინამდვილეს
და არ ვიცით, წუთისოფელს ვირთულებთ თუ ვიადვილებთ.
ფერმა ფერი გაიმეტა, ბგერა ბგერის სტუმარია,
აქეთ რჩება საირმე და იქით - აბასთუმანია.
და მათ შორის აღმართული ქედებია საბალახო,
გევედრება ახლა გული - „ერთხელ კიდევ გადავლახოთ,
რკინის ჯვარი, ბრტყელი ქვები, ურემა და დიდმაღალი“,
სხვა - არავინ! - შენ იქნები! - კოცონთან რო ზიხარ ღამით,
გაფრთხობს ჩქამი უნდობარი, ხმა ჩამცხრალი ნაკადულის,
ველურობა ბუნდოვანი, თავისთავში ჩაკარგული,
თავისთავში ჩაძირული უღრანები ზამთარს ელის,
შიმშილისგან განწირული აყმუვლდება სადღაც მგელი,
ხუთზე მეტი ათეული წლების მერე მახსენდები -
დახვალ მართლა მთვარეული - თან შრები და თან სველდები
სივრცე არის ბაიყუში, თუ სიცოცხლემ ხმა გაკმინდა
ჩაიკეტა კარი გულში - არაფერი აღარ გინდა.
ჩირგვი, წითლად მობარბარე, მზერას ტკივილს მიაყენებს -
გაგონდება, მოკანკალემ - ქარს ლეკერტი მიახველე.
სიცხიანი ღამეც გახსოვს, განა ერთი ანდა ოცი,
და ძლივს მობრუნებულ სასო-ლანდს მორჩილად გადაკოცნი.
ჟამი, ჟამი კლინიკური - თვლემა ფეხზე პალატების,
დამფრთხალი და ირიბული მზერა ჭარბად ანანთები.
კარმელს შუშა გაუტეხავს, ასათიანს - თერმომეტრი,
„ვინ დამძრახოს, ჰაი დედა - ჩავიდინო მე რო მეტი“.
დილის ათი საათია. შუქი ცვრიან მინდორს მოყვა.
უძილარი გაათია ღამე პავლე ინგოროყვამ.
კედელ-კედელ ღამის თოში, სარკმელ-სარკმელ ჭირხლი დილის,
ამ გაყურსულ გარემოში თვლემს რამდენი ქარტეხილი.
ლექსს უკითხავ ლებანიძეს, ლექსს უკითხავ აბულაშვილს -
ძველ ტკივილებს შეაღვიძებ, სამყაროში საკუთარში.
ქავთარაძე თამუნიას, ანდა ციცო ზვიადაძეს,
თვალწინ ბევრჯერ ჩაუვლიათ, ცრემლით გამბალ ნიადაგზე.
სხვებიც, სხვებიც გიდგას თვალში, გახსოვს ბევრის გვარ-სახელიც -
მოყოლილი იმ წარღვნაში, დღეს ლოცვაში გასამხელი.
ხუდადოვის „დაჭრილ დათვებს“, ზაფხულობით აქ ეძინათ,
სიზმარში რო გითხრეს - „გაძლებ!“ - ცხადში მწარედ გაგეცინა.
ილამბება ამ სიცილის ირონიულ ათინათით,
ოცხესა და ყანობილის საზიარო განთიადი.
სენი, სენი გადამდები, პირის მორიდებას ითხოვს,
და ქმნის თეთრი ხალათები ცოტა შიშს და ცოტა სითბოს.
მკერდის ხიხინს აყურადებ, პერანგს სიმწრის ნამავს ხვითქი,
თავს შიგნიდან აგულადებ, გარედან რო მაჯას ითვლი.
რწმენამ ძალა შეიძინა - შუქმა გადაწონა ჩრდილი -
რწმენამ „არჩილ მხეიძე“ და „თომა იაკობაშვილი“.
რწმენამ „მარგალიტაძე“ და რწმენამ „ცისკარიშვილი“ და
მათი სიტყვაც ჭირსაზედა კაცს უწამლოდ გიშველდა.
რწმენამ „კვარაცხელია“ და რწმენამ „ჯალაღანაძე“ და
ჩვენთა შორის მათი ყოფნა მთვლემარ იმედს აღვიძებდა.
მაინც გზარავს შინაურთა: - „მძიმე ტვირთი არა ზიდო!“.
ხელში მოგიშინაურდა „ზეკარი“ და „არაზინდო“.
ცრემლი! - ცრემლის ღალა თვალებს! - სადაც ცრემლი აგეთია -
ბავშვობიდან დაატარებ „ჰიპოკრატეს „ტრაგედიას“ ...
დახვალ, ხალხის გერიდება - თითქოს რამე ბრალი გადევს,
ვერ უხერხებ ხელის ხლებას უსხეულო ბარიკადებს.
იქით-აქეთ სხვა ჟამია, სხვა ჭალის და მთის მოლია,
წამიც კმარა - გადაიარს თვალზე მთელი ისტორია.
აქ „აკაკის ნაძვი“ ხარობს, გული ითხოვს - ხატო ნებით,
დგას სასახლეც მოწითალო, რუსი იმპერატორების.
აიმჩატა მთები ნისლმა, თვალწინ მომცრო ჩიტი დახტის,
სად მემკვიდრის ობელისკმა ჩაინაცვლა მეფის ტახტი.
მიმწუხრია. ფერი ბაცი, შვენის დაფნის მიმორხევას,
ესალმები ერთი კაცის წესით გზაში ვინც რო გხვდება.
გომბორიდან მღეროდა და იხუტებდა გულში თბილისს,
შენ ამ ლექსის მელომანთან მეგობრობა გქონდა თბილი.
იქით-აქეთ თავის დახრით (წამს კმარობდა მისახედად)
როგორ ცნობდა თავის ხალხი ლიხს იქეთ და ლიხს აქეთაც.
იდუმალის რამე რიდი, ტყე-ტყე ყოფნას გიადვილებს,
ჩაფრენია ფლატეს შინდი და ქმნის ახალ სინამდვილეს.
ფერდობ-ფერდობ - ძახველები, გაძეძილი ქარში თმები,
გახსენდება მნახველების ნუგეშები მაშინდელი.
არ ებადათ რაც რო თავად, შენთვის უნდა შეეძინათ -
თან სახეზე საცოდავი ღიმილები შეერჩინათ.
ნაბიჯ-ნაბიჯ... გზაა ხრეშის - დაჭიმული რამე სიმი,
ტყე-ტყე ცივი ქარი ხვნეშის, თუ მოთქმაა კლავესინის.
მზე შემოდგა მახვილოზე, საფრიეთიც ინაწილებს,
სიზმარ-სიზმარ დათვი მოგდევს თუ მთის ჩრდილი მიგაცილებს.
ხეობიდან ხეობაში გზები გადაგიყოლიებს,
„აგერ ჩიტიც, მე რო მაშინ თვალში დიდხანს ვიყოლიე“.
თითქოს მანაც გაგიხსენა, ქსოვს ჭიკჭიკით მისტერიას -
ეს ცხოვრება არის სცენა და მაღლიდან გვიცქერიან.
მაღლა, ძერას - ამბორები! - ჩრდილი ქუდად გახურია
და თვალები ამ გორების და ჭალების მსახურია.
მიუყვები ჭალის გზავნილს და ფლატეებს გადაცქერი,
მორჩა სხვების მასტერკლასი, ახლა თავად ხარ „მასტერი“.
ხმა ფლეიტას ესესხება, ანდა - პირიქითაც, მესმის -
არწივს, არწივს - ესეც ხდება - დააყურებს შენი ლექსი,
„ლანდი, ლანდი სხივზე მიდის, ჩრდილებს მალე მზე მოწვდება“ –
გადამდებად მიამიტი, ორეულიც გემოწმება:
ბავშვობა და სიყმაწვილე, კაცობა და ბერკაცობა,
ცოტა-ცოტა გვნაცნობა და ცოტა-ცოტა ვერ გვნაცნობდა.
პირჯვარს მაინც მოისახავ, იმნაირი შნო აქვს სერებს
აგერ წყაროც, რომლის სახელს თავთან მორცხვად თუ ვახსენებთ.
ადრეც მორიდებით დაგცდა, მორიდებას ახლაც ითხოვს,
გაჩენიდან არის კაცთა რამე ბაჯაღლო და ხვითო:
გარეშემო – ხავსი ბნელი და შუაში – პირი ღია,
„ეჰ, რამდენი, ეჰ, რამდენი მისგან სიტკბო მიგვიღია“ –
ბევრჯერ ხატეს ლეღვის ფოთლის სამოსელით შემკობილი,
„მოთმინება აღარ მყოფნის - ლამისაა გავხსნა კბილი“...
კაკასხიდში წამოგცდება და ზეკარში დაასრულებ:
„როა ხანი საოცრება – ელაობაც ადასტურებს“.
გასართობად სად ეცალა – დგება, როცა მთვარე ჩადის,
ხანელს დღესაც მატებს ძალას ლანდი ვანო ტაბეშაძის.
თავს იწონებს, რა თქმა უნდა - გულგოროზიც მიტო არის -
ღირსებაა აქაურთა მითიური რიტუალი.
„სოფლის ჩარჩოს“ დაამძიმებს - „მცირე სახელმწიფო?!“ მესმის!
ბიჭი ხარ და დაამცირე მისი კანონი და წესი.
საარტახე სერი - წარბი, შუბლი - ვაკე ტყელოვანის,
თავზე - ნისლი - დირიჟაბლი, დახატული ხელოვანის.
თიბათვეში სტუმრებს ელის, მოსალოცად ამოსულებს,
შეეხები კაცი ხელით გამოხმობილ ამო-სულებს.
გიმასპინძლებს ვარდუკეთის ღვინით, ცოტა მომჟავოთი
(ვარდის მაინც აქვს ბუკეტი) - ხარს დაკლავს და ლორს ჩამოთლის.
ხარი, ხარი, ხარ-ირემი, შეწირული მისი ნებით -
ფანტაზიავ, არ ილევი - მაინც ტყისკენ იმზირები.
მოდიოდა?.. აღარ მოდის... გზაა უნდოდ მონისლური,
თვლემს მინდორში ახლაც ლოდი - ნიში, ციდან მონიშნული.
ღარიბდება მთვარიანი - რიდი ჩაგრავს ალიონის,
ახლო ხანისწყალი არის, შორს - ყვირილა და რიონი.
ლაშურა და წაბლისწყალი, ხმამაღალი ზღაპარია,
ცა ლივლივა, ცა ცინცხალი თავზე მჩატედ აფარიათ.
საკრაულას საკრალური ფერი აქვს და ხმაური აქვს,
რო არ მოეფერო გულით - მართლა დანაშაულია.
ლუხუტა და კორისწყალი, ლიპის მერე - ჩია ფლატე,
ღაწვი ცრემლით მოირწყავი და ორივეს მიამატე.
ბანურა და ჯამისწყალი, უსახელოც ჰპოვე ღელე,
წათვლემილი წაისწარი და სამივეს მოეფერე.
აიმგზავრებს ყანჩა თვალებს, ან რო რამე მოლანდება -
დღეს თუ არა, ალბათ ხვალე, საგზლად რო გამოგვადგება.
ვინ რა იცის, რა მიგვყვება, ამოცნობას მაინც ლამობ,
გვეპატიოს გაბრიყვებაც ორჭოფული ფიქრის გამო.
ფოთოლს ქარი აიტაცებს და ნიავსაც გული უცემს
და წუხს წიგნი მაგიდაზე, ბოლო დღეს რომ გადაფურცლე.
თავს იწონებს სველი თავშლით ცა და აფრთხობს ღია ტბორებს
და წუხს თოხი სვრელის თავში, ბოლო დღეს რომ მიატოვე.
ამოვარდნას გული ცდილობს, როცა ელდა ნერვს აჩერებს
და წუხს ლექსი, გუშინწინ რომ დაიწყე და ვერ დაწერე.
ეს დღე თავად მიგიმსგავსებს, მზერაში რო მზე ბანცალებს
და წუხს თასი ღვინით სავსე – ბოლო დღეს რომ ვერ დაცალე.
შეიწყვიტა დილამ ღილი – ცვრიან ვარდებს მწყემსავს თვალი,
და წუხს ვაზი რქა-ნაყარი – გუშინწინ რო ვერ გასხალი.
დღეს პირ-სახე შეებურა, მზერა მაინც ათბობს ჭალებს,
და წუხს ბადე, ძველებურად მორევში რომ ვერ გაშალე.
სინანულით ეტანები ნაადრევად შემჭკნარ ულოს
და წუხს ცხადი, ნეტარებას სიზმარშიც რო ვერ ნახულობ.
თვალი, თვალი არ ნადირობს, აღარც ხეტიალი - ხელად
და წუხს მუხლი, მარნამდი რო ბილიკს ფეხი ვეღარ თელავს.
ემჩატები ცას სხეულით, ძარღვს სისხლი რო ვერ ახელებს
და წუხს ხელში წაქცეული ბოძი, მაგრამ ვერ აყენებ.
მზერა ეძებს რიბი-რაბოს, დარდს შიგნიდან შეაშრები,
და წუხს გული იმის გამო, რო გინდა და ვეღარ შვები.
ტრაგედიაც „ვერა“-შია, ეს ამდენი „ვერა“, „ვერა“...
შველა – გედის მღერაშია, ბოლო დღეს რო გვმართებს ყველას.
ცრემლიანი გულით მღერის გაფოფრილი ხანისწყალი –
საზიარო სადარდელით ერთმანეთი წაისწარით.
„ვერას“ მერე, ამიხსენი, – ვის და რაზე ვეხვეწებით,
ჩემგან თავი დაიხსენი – მიდიხარ და ვერ გეწევი.
წყალთაშუა-კორიშიდან, გურთა-ალისმერეთიდან,
სიტყვამ გული მოიმშვიდა – ორთავეს რო შეგვეხიდა.
მაღლა, სამოლოქიიდან, კაპან-ძიროთ-ლიანთხიდან,
ნიშანი რომ მოგივიდა, უფალს ლოცვა მიართვი და
მერე ალვის კელაპტრებით დაფენილი მოიარე,
ახლა ბაღდათს ენატრები – ლექსში გაიმსხმოიარებს.
ნერგეეთიც მიაქვს თვალებს, ფერდობებით დანახული,
მთას რომ ბარი მიეთვალა, გახდა ტექსტი დანაღმული.
ხელზე გიზის წამიერი, გასაფრენად იხსნის ღილებს,
გრძელი მრავალჟამიერი მიდიხარ და მიგაცილებს.
P.S.
თითქოს გული მოიჯერე – რო გინდოდა, გამოთქვი და...
წყალგაღმიდან მოიწერე, რა წაიღე გამოღმიდან.
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე