გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ამირან ჯანჯღავა - ლექსები



***
შენ ისევ დუმხარ ნიშნის მოგებით,
“მოგება” — ფიქრობ, ქალის ვალია...
მზეს (ვ)უმზირები და ვან გოგები,
სულძვრებს იწყებენ ლექსებბალიანს...
შენ ისევ შორს ხარ... ვლოკავ ძველ ფირებს,
ვგრძნობ, რომ სიშორის ფირი მავნეა,
ვიგროვებ სიზმრებს, თან ვიზეპირებ
— ცას, თოვლს, სიცივეს, ფიროსმანიანს...
შენ ისევ... ფრენა... აეროპორტი...
მე ისევ... უტყვი, რუსთავი, “არკა”...
იმ დღეს მოტეხა ჰაერმა ტოტი,
იმ დღეს დუმილმა ჯვარზე გამაკრა...


***
ასეა, რადგან შევეგუო მეც უნდა ამ წესს,
არ ავიწყდებათ აქ ამინდებს მოტანა წვიმის,
სველდება, უკვე დღეებია რამდენი ამწე
და იტკიებენ სიცივისგან დაჟანგულ წვივებს,
უშვერენ კერტებს მიტოვებულ კაუჭებს შიშველ
ცივი ჰაერით გამოტენილ ერთ ბეწო ქალაქს
და მოტეხილი ფრჩხილებივით ეზრდებათ შიში
უფროს კაცებთან სიყვარულზე საუბრის ქალებს,
ამიტომ ალბათ შენც ამ ქალურ ლოგიკის გასწვრივ
პოულობ დროის გამოგონილ ალესილ ხიჭვებს
და ვერ იჯერებ, რომ ყოველდღე მე ტკივილს გასწრებ
შენი სხეულით, შენი მხრებით, შენ თვალებს ხუჭავ,
არადა, წლების ამ უფერულ, მტკივნეულ ზონარს
ხომ შეიძლება შენც დაუსხლტე სხეულის მიღმა,
მაგრამ არც იცი, რომ უშენო სიცოცხლეს ზომავს
ცა ჩემს სხეულზე აორთქლებულ ცრემლებს რომ მიღვრის
და სხვა რა გზაა, ვეგუები მიწიერ ამ წესს,
იზომებიან აქ კაცები რატომღაც წლებით
ბოლო ხანია, მე და კიდევ ასობით ამწე
სველი სხეულით თხელ ბალახზე მსუბუქად ვწვებით
და ვაკვირდებით, სიცოცხლე რომ სიკვდილებს არწევს.


***
იქნებ, ოდესმე გაბედო შენც, რომ
პოეტის ცოლი დაგარქვას ხალხმა
და თუ ასეა, დამნებდი, შერონ,
თორემ ლოდინით სხეულიც გახმა.
იქნებ, ერთ ღამეს თოვლივით დადო
შენი სხეული ჩემს დაღლილ სულზე,
მე ახლა ლაშას, აჩიკოს, ლადოს
ჩარჩოში ჩასმულ ეპოქას ვუმზერ.
არ ვიცი, როგორ აგიხსნა მე, რომ 
ფილტვებით დამაქვს სამყაროს სუნთქვა.
შენ უჩემობას უხდები, შერონ
და პოეტებსაც ათასჯერ უთქვამთ
— გერქვას პოეტი, მძიმეა, მძიმე
და ცოლობა კი — გოლგოთა, უფრო.
დღეები მოჰგავს გაწყვეტილ მძივებს,
ამინდები კი — ბუნების სუფრას.
ხესთან ლეკვივით ჩამომჯდარ ჩერომ
ლოკვა დაუწყო ენძელებს, გამხმარს...
იქნებ, ოდესმე შენც, ჩემო შერონ,
პოეტის ცოლი დაგარქვას ხალხმა.


***
იქნებ, არცაა დამთხვევა, რომ 
ქალაქი ვენა და ჩემი ვენა
უფრო უგებენ ერთმანეთს,
ვიდრე 
ენა ფაუსტის,
ენა ბიოლის,
კაცს შეიძლება გული გაუსკდეს,
მაგრამ არ კვდება ასე იოლად!
ვიოლა,
ჩემს სულში ამოზრდილი შენ ხარ, ვიოლა...
ქარი დილიდან ცის თეთრ დღიურებს
მიკითხავს...
მაცნობს თვალებში ჩარჩენილ სულებს...
იმ დღეს კედელზე ამოსულ დიურერს
კი არ ვუმზერდი,
ვიმახსოვრებდი შენს ღვთიურ სურნელს...
და არც ის არის დღეს გასაკვირვი,
რომ ჩვენი სული,
ამოშენებული თიხით და კირით,
დაშორებული მილიონ მეტრით,
ჰგავს უფრო მეტროს,
სადგურს, სადაც ჩვენი ფიქრები 
გროვდებიან და უცემთ საფეთქელი
გამალებით...
ბეტონის შენობები, გზები, მთები და ვერც ტრამალები
ვერ იარსებებენ ჩვენ შორის...
იმ დღეს მართლა კი არ ვუმზერდი შილეს...
შენი თვალებით ვუამებდი ჩემს სულს
ატკივებულ შიმშილებს...
დანამდვილებით შემიძლია
ახლა იმის თქმა,
რომ ქალაქი ვენა და ჩვენი ვენა,
შენი თმა,
ენა ღმერთის 
და ენა ბიოლის
ისე შეუხორცდა ჩვენს სულებს, 
რომ სიკვდილიც მოჩანს უფრო იოლი...
ვიოლა, 
შენ ხარ ჩემს სულში ამოზრდილი თეთრი ვიოლა...


***
ქარმა ფოთლების შემოაცვა ქუჩებს მატინე,
ცა კი ღრუბლებმა შემორაგეს თეთრი მესერით,
შენ ეს შეძელი — ყველას გული ერთად მატკინე,
დღემდე ნასროლი ყველა ტყვია ერთად მესროლე.
კადრებით ვხვდები, ახლო არის ახლა ფინიში,
წვიმა — ბუნების უტყუარი ძველი მიმიკა
მინდა, რომ ერთხელ შენს სხეულთან ახლოს მიმიშვა
და მერე სულზე შენი სუნთქვა ისე მივიკრა,
მთელი სხეული ავწიო და სადმე ვისროლო,
ანდაც კედლებთან ლექსებივით ჩუმად დავტოვო.
სამწუხაროა, მე არ მერგო ალბათ ის როლი,
როცა ახალ წელს გაჩუქებდი ვარდებს, დათოვლილს.
მაგრამ რას იზამ, ასე არის როცა მესერი —
შენი სხეული სულს გიფარავს, როგორც მატინე.
შენ ეს შეძელი — ყველა ტყვია ერთად მესროლე,
დღემდე ნატკენი ყველა გული ერთად მატკინე.


***
შარშან ჯიუტად თუ თოვლივით მარტშიც გელოდე,
შენ მაინც მოდი, რა აზრი აქვს, დრო თუ არ იცდის?!
ახლა, ქუჩებიც შენს თვალებში მარჩიელობენ
და მეც მოვყვები ქუჩას შენკენ, ტროტუარივით...
მომაქვს სხეული, მაგ სულისთვის შეუსაბამო,
თანაც მაგ თვალებს ეს თითები არ ეკადრება.
იქნებ, თოკებზე გამოფინე შენი საბანი,
ფერმკრთალ თვალებში ჩარჩენილი ზამთრის კადრები —
თოვლის თავშალი რომ ებურათ გარეთ გაზონებს,
მთვრალი ცაცხვები გაჰყვიროდნენ “ვინო ვერიტას”.
მე კი ჯიუტად ჩემს სამყაროს სულზე გაზომებ
და ვერ ვხვდები, რომ ეს სამყარო შენს სულს ვერ იტევს.
ხელგამოწვდილი აივნებიც მარტში გელოდნენ,
ნუ შეგაშინებს, ულმობელი დრო თუ არ იცდის, 
დღეს შუქნიშნებიც შენს თვალებში მარჩიელობენ,
და მეც მოვყვები ქუჩებს შენკენ, ტროტუარივით...


***
უშენო დღეთა იკვრება წრედი
და ეს დღეც ისევ უშენოდ მოდის,
მე შეიძლება ჩიტებზე ვწერდე,
მაგრამ შენ მაინც მიმიხვდე მოტივს.
წვიმებით მკლავებს ცა უსვამს წერტილს,
მთავრდება ფრთები, შორია ცამდე
და თუმცა ღმერთზე რა ცხადად ვწერდი,
მე მხოლოდ შენი თვალების მწამდა.
ხდებოდა ისეც, კარებთან წერტის 
გვქონია კაცებს კამათი ვრცელი
და როცა უცნობ ქალებზე ვწერდი,
ფიქრები შენზე — ეს ბასრი ცელი
კისერზე მედო. ჰაერი ხმელი
ფოთლების მსგავსად იწევდა ქვევით,
იჭერდა სული საკუთარ ხელით
უშენო სხეულს და ცეცხლის ქვები —
ფიქრები ჩემი — აჩენდნენ ხანძარს,
სდიოდათ კვამლი ხან ქვების, ხან ხის
და შენით, როგორც თბილისის ანძით,
კვლავ მოხიბლული რჩებოდა ხალხი.
ასეა, ახლაც გრძელდება წრედი,
მიათრევს სხეულს ფიქრები ცამდე,
მე შეიძლება ჩიტებზე ვწერდე
და მხოლოდ შენი თვალების მწამდეს.


***
უყურებ მთვარეს, ღრუბლების ჩადრით
როგორ იფარავს გადაღლილ სახეს,
როცა ეზოში მზე მშვიდად ჩადის,
ქუჩებში ტოვებს ბეტონის სახლებს.
რუტინას ისევ ანაცვლებს სარკე,
კისერზე გიჭერს ფიქრების ხლართი,
დგები ყოველდღე შენ ასე, ცალკე,
ატარებ სხეულს სულ სხვების ხათრით.
უცხადებ პროტესტს განგებას, აშარს,
სუნთქვა კი ხდება დღითიდღე მძიმე,
ამინდი ფიქრებს ქარებით აშრობს,
მაგრამ ვერ შველის ჩვეულ სამძიმარს,
რომ ეს სხეული — განგების ქარგა —
არის ალიბი, სულ უფრო მკვეთრი,
რომ შენზე კონტროლს სამყარო კარგავს
და მის გარეშეც სივრცეებს კვეთავ,
ბრუნდები ზოგჯერ...
მგზავრობამ, ხშირმა,
დაგღალა უკვე, გტკივდება გვერდი,
ნაწილი შენი სხეულის — შირმა —
ვერ ეგუება სამყაროს ვერდიქტს.
უყურებ ისევ, ღრუბლების დაფას
გამარჯვებულის აწერენ სახელს
და სიმბოლურად ფიფქები დაფნის
გვირგვინის მსგავსად ახურავთ სახლებს.
სარკის წინ მშრალი ფიქრები გელის,
ფიქრები — შენი სხეულის ყურე —
და მაინც სადღაც, სიღრმეში გულის,
ხვდები, რომ ნანახ კადრებს უყურებ.


***
მე უშენობის სამყარო მოვიგონე რადიუსით
ერთი მეტრი. მეტრო — ჩემი სხეულის მაკეტი,
მარტი — მარტივი მოტივი, ვიღებ მაკრატელს
და ცხოვრების კადრებს ვანაწევრებ. რადიოში
ტალღებზე წოლას ვამჯობინებ ზღვას. რელიკვიად
ცა მიმაჩნია. ახლა გათენებას მე მთხოვენ
ღამეები. ვუსმენ ყანჩელს და არა ბეთჰოვენს.
ჩემს ლექსიკონში სიყვარულს მაინც “მერი” ჰქვია.
ფილტვებში ჩაფენილ სამყაროს ვურევ ნიკოტინს,
ვუმატებ კოფეინს, ფილმის ნაცვლად ცას ვუყურებ.
შენ სამყაროს იქით ხარ, გულს მხოლოდ ეს მიკორტნის.
აქ ნაძვებს ძალიან უხდებათ წვიმის საყურე.
ცხოვრება ბანქოს მეთამაშება, ცა — წეროებს.
სხეულს ყოველთვის არ ვატარებ,
დედამიწაზე ვარ პოეზიის ავატარი.
ჩემი ოთახის კედლები სავსეა წარწერებით:
ლაშა, ოთარი, შოთა, მირზა, ლადო, აჩიკო...
ქუჩები სახეს იმალავენ ნისლის ვუალით,
ისე უხდებათ, სურვილი გაქვს, ვარდი აჩუქო,
ვფიქრობ, სიცოცხლე ჩემთვის იყო გარდაუვალი,
ალბათ სასჯელი ჩადენილი ცუდი ქმედების,
დასჯა კი — მკაცრი, უშენობით სავსე ძარღვები,
სხეული — სულზე შემოკრული მძიმე ქედები,
ბოლოს საჯიჯგნი უნდა იყოს, რადგან ძაღლების
მე მოვიგონე სულ სხვა სამყარო რადიუსით
ერთი მეტრი, მეტროს მარტივი მაკეტი.
კოფეინს ვუმატებ ნიკოტინს, ვიღებ მაკრატელს,
ვჭრი ფოტოებს. უშენობას ვსწავლობ რადიოში.


***
კარიდან გავალ, მაგრამ იმ კარებს,
უშენობა რომ დაიზეპირა,
ვერ ვპატიობ და ვეღარ ვიკარებ,
გადამრავლებულს თითქოს ექვს პირად,
ექვს სახელურად, და შენ, სამოველ...
“უსამოსელოდ” ვფიცავ, არ ვივლი,
სულში კი ღმერთი ისე ამოვა,
შენს ბაგეებზე, როგორც ყვავილებს
(ანუ იმ დღეებს, ანუ იმ კარებს),
უშენოდაც რომ მზეზე თბებიან,
დააქვთ სურნელი, სხვა რომ იკარებს
უცხო სიტყვები, ხმა და თმებია...
და იქ, ღრუბლებში, სადაც კარები
კარგავენ აზრს და ყველა ლოგიკას,
გაჩუმდი მაინც, სხვას ნუ იკადრებ:
უშენოდაც რომ კაცი მოგიკლავს...


***
საქართველოში ორ ცას უვლიან,
ერთი ცა მხოლოდ ვარსკვლავებს ჭედავს.
მეორე ცა კი — უცნაურია —
აკვანში მზესთან მჯდომარე დედა.
სულს უსხეულოდ სად არ უვლია,
ვერ შეელია მშობლიურ ამბორს,
თვითონ სამშობლოც სასწაულია,
ერთი სიტყვა რომ სამ მშობელს ამბობს.
ზოგჯერ კი რაღაც მაშინებს ისე,
თავხედი ფიქრი ამდენს რომ ბედავს,
რატომ ხვდა წილად მარიამს ქრისტე?!
თვითონ ღმერთს სურდა, ჰყოლოდა დედა!


***
მინამ ქარიდან ცის მინაქარი,
შემოგინახა წლების ალიბით
და შენი სული ვის მიაკარო,
უკვე დრო არის, ჩამოყალიბდე.
მზე ჩავა მალე... მე ჩავიმალე
ყველა შესაძლო ფიქრის კუთხეში.
გადაფარავენ მზეს ჩალით მალე,
შემოგიჩნდება ფიქრი უხეშად
და იმ ომების, ლამპიონების...
სარკის თვალები, შიშის მუხლები
მოგადგებიან ამბიონებთან...
თითები, როგორც ჩრდილი მუხების,
შეგიფარებენ, სანამ ცა იმ ცერს
თითზე გათხოვებს, გადაიწერე
და სანამ სულში რამეს ჩაიწერ,
ის ორი თითიც, გარდა იმ ცერის,
ერთად შეკარი. მეხს მოერევი...
ცა, ცის ცერები, ცის მინაქარი...
და, ჩემო მოკლე მეხსიერებავ,
გახსოვდეს, სული ვის მიაკარო...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge