გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)

   
                                 თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა

დოსტოევსკი მსოფლიოს ბედს წარმოიდგენს თავისი ხალხის ბედით. ესაა გამოჩენილი ნაციონალისტებისათვის დამახასიათებელი შეხედულება, რომლებისთვისაც ზოგადსაკაცობრიო შეიძლება გამომჟღავნდეს მხოლოდ ეროვნულ ფორმაში. რომანის სიდიადე ვლინდება იმ აბსოლუტურ თანაზიარ დამოკიდებულებაში, რომლითაც გამოხატულია კაცობრიობისა და ერის მოძრაობის მეტაფიზიკური კანონები, ამიტომაც მასში არ არის არც ერთი მოძრაობა ადამიანის სიცოცხლის სიღრმის, რომელიც არ იძენდეს თავის გადამწყვეტ ადგილს რუსული სულის აურაში. ამ მოძრაობის აურის ციალში გამოხატვა, ეროვნულ სტიქიაში თავისუფლად მოლივლივე და ამასთანავე მისგან, როგორც თავისი სამყოფელიდან განუყოფელი, წარმოადგენს, როგორც ჩანს, მწერლის დიდ შემოქმედებაში თავისუფლების კვინტესენციას. ეს ცხადი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გაიცნობიერებ სხვადასხვა ელემენტის კოშმარულ გადახლართულობას, რომლებიც ძლივს-ძლივობით შეადგენენ დაბალი ჟანრის რომანულ პერსონაჟს. მასში ეროვნული პიროვნება, მშობლიური ქვეყნის ადამიანი, ინდივიდუალური და სოციალური პიროვნება ბავშვურად შეწებებულია, ხოლო ფსიქოლოგიურად საგრძნობს მასზე გადაკრულ საზიზღარ ქერქს ავსებს ეს მანეკენი. მაგრამ დოსტოევსკის პერსონაჟთა ფსიქოლოგია - სრულიადაც არ არის ის, რაც ავტორის ნამდვილი ამოსავალი შეიძლება იყოს. იგი არის მხოლოდ რაღაც ნაზი გარსის მსგავსი, რომელშიაც ცეცხლოვანი ეროვნული პროტოპლაზმის გარდაქმნის პროცესში წარმოიშვება წმინდა ადამიანური. ფსიქოლოგია არის ადამიანის სასაზღვრო ყოფიერების მხოლოდ გამოხატულება. სინამდვილეში ყოველივე, რაც ჩვენი კრიტიკოსების ცნობიერებაში არის ფსიქოლოგიური პრობლემა, სწორედ რომ ასეთს არ წარმოადგენს: როგორც, ვთქვათ, საუბარი რომ იყოს რუსულ „სულზე“ ან ავზნიანის „სულზე“. კრიტიკა მხოლოდ მაშინ ადასტურებს თავის უფლებას მიუახლოვდეს ხელოვნების ნაწარმოებს, როდესაც პატივს სცემს მისთვის დამახასიათებელ ნიადაგს და არ გაბედავს მასზე ფეხის დადგმას. ამ საზღვრების უსირცხვილო დარღვევას წარმოადგენს ქება-დიდება, რომლითაც ავტორს აჯილდოებენ მისი პერსონაჟების ფსიქოლოგიურობისათვის და მხოლოდ ამიტომაც კრიტიკოსები და ავტორები უმეტესწილად ერთმანეთის ღირსნი არიან და რომ საშუალო რომანისტი იყენებს იმ წაშლილ შაბლონებს, რომლის გამოცნობის უნარიც თავის მხრივ კრიტიკას გააჩნია და რადგანაც მას მათი გამოცნობა შესწევს, ამიტომაც აქებს. ყოველივე ამისგან კრიტიკამ შორს უნდა დაიჭიროს თავი; უსირცხვილობა და შეცდომა იქნებოდა ეს ცნებები გამოგვეყენებინა დოსტოევსკის შემოქმედებისათვის. საჭიროა მივუბრუნდეთ დოსტოევსკის შემოქმედებაში ეროვნულის, როგორც საკაცობრიო იდეის, მეტაფიზიკურ იგივეობას.
ეს რომანი, როგორც ხელოვნების ყოველი ნაწარმოები, დაფუძნებულია იდეაზე, „თავის თავში ატარებს a priori იდეას, არსებობის აუცილებლობას“, როგორც ნოვალისი ამბობს და კრიტიკის ამოცანა მდომარეობს იმაში, რათა გამოააშკარაოს ეს აუცილებლობა. რომანის მთელი მოქმედების ძირითადი ხასიათი დაფუძნებულია იმაზე, რომ იგი წარმოადგენს ეპიზოდს, მთავარი გმირის, თავად მიშკინის ცხოვრების ეპიზოდს. მისი ცხოვრება მანამდე და ამ ეპიზოდის შემდეგაც დაფარულია წყვდიადით, სწორედ იმიტომაც, რომ უშუალოდ წარსულ და მომდევნო წლებს ის საზღვარგარეთ ატარებს. რა აუცილებლობას მოჰყავს ეს ადამიანი რუსეთში? მისი რუსეთში ცხოვრება ჩნდება დროის წყვდიადიდან, გატარებული უცხო ქვეყანაში, როგორც სიბნელიდან სპექტრის ხილული ზოლები. რომელი შუქტეხი მჟღავნდება რუსეთში მის ცხოვრებაში? შეუძლებელია ითქვას მისი რომელი მრავალრიცხოვანი შეცდომებისა და ზოგიერთ კეთილ ქმედებათა წყაროები ემთხვევა ამ დროს. მისი ცხოვრება მიედინება უსარგებლოდ, თვით საუკეთესო წუთებშიც კი სნეული ადამიანის უხეირო ცხოვრებაა. იგი უიღბლოა არა მხოლოდ საზოგადოებრივი საზომებით, მისი უახლოესი მეგობარი - საქმის არსი იმაში რომ არ მდგომარეობდეს, რომ მას მეგობარი არ ჰყავს - ისიც ვერ შეძლებდა მის ცხოვრებაში აღმოეჩინა რაიმე იდეა ან წარმმართველი მიზანი. თითქმის შეუმჩნევლად მას გარს აკრავს სრული მარტოობა: ყოველი ურთიერთობა, რომელშიც იგი ებმება, მალე, როგორც ჩანს, ექცევა დაახლოების საწინააღმდეგო რაღაც ძალის ველში. სრული თავმდაბლობისას, უფრო მეტიც, მორჩილებისას, ეს ადამიანი სავსებით მიუკარებელია და მისი ცხოვრება გამოჭამს წყობას, რომლის ცენტრსაც წარმოადგენს საკუთარი, მომწიფებული მარტოობის უმნიშვნელოდ მცირე სიდიდეები და მართლაცდა ამით მიიღწევა განსაკუთრებულად უცნაური შედეგი: ყველა მოვლენა, რაოდენ დაშორებულიც არ უნდა იყოს მისგან, ფლობს მასზე გრავიტაციულ ზემოქმედებას და ერთ ადამიანზე ეს ზემოქმედება შეადგენს წიგნის შინაარსს. ამასთანავე, ისინი ისე ნაკლებ მიისწრაფვიან მასთან მისაღწევად, როგორც იგი - მათგან არიდებას. ეს არის დაუცხრომელი და მარტივი დაძაბულობა - ცხოვრების დაძაბულობა, სულ უფრო უსასრულობაში გადაშლილი, მაგრამ ფორმის არდამკარგველი. რატომ წარმოადგენს პავლოვსკში მოვლენების ცენტრს მიშკინის ბინა და არა ეპანჩინის?
ეპიზოდში თავად მიშკინის ცხოვრება მოცემულია მხოლოდ იმისათვის, რომ სიმბოლურად წარმოადგინოს მისი უკვდავება. მისი სიცოცხლე ნამდვილად არ შეიძლება შეწყდეს, ისევე ან ნაკლებადაც კი, ვიდრე ბუნების სიცოცხლე, რომელთანაც მას აერთიანებს ღრმა კავშირი. ბუნება შესაძლებელია იყოს მარადიული, ხოლო თავად მიშკინის სიცოცხლე - სავსებით ზუსტად უკვდავია და ეს გაგებული უნდა იქნას იდუმალი, სულიერი მნიშვნელობით და მისი ცხოვრება და ყველას ცხოვრება, ვინც მოექცევა მის გარშემორტყმულ გრავიტაციის ველში. უკვდავი სიცოცხლე - არაა ბუნების მარადიული სიცოცხლე, რაოდენ ახლობელიც არ უნდა ჩანდნენ, ვინაიდან მარადიულობის ცნებაში მოიხსნება უსასრულობის ცნება, ხოლო უკვდავებაში იგი იძენს თავის სრულ ბრწყინვალებას. უკვდავი სიცოცხლე, რომლის დასტურსაც ეს რომანი წარმოადგენს, - არც მეტი და არც ნაკლები, არის უკვდავება ჩვეულებრივი აზრით. მასში ხომ, სწორედ სიცოცხლეა სასრული, ხოლო ხორცი, ძალა, პიროვნება, სული მისი სხვადასხვა ვარიაციებით უკვდავია: ასე ამბობდა გოეთე მოქმედი ადამიანის უკვდავებაზე ეკერმანთან საუბარში, მიიჩნევდა რა, რომ ბუნება ვალდებულია მოგვცეს მოქმედების ახალი ველი მას შემდეგ, როგორც კი იგი ჩამოგვერთმევა დედამიწაზე. ყოველივე ეს უკიდურესად შორსაა სიცოცხლის უკვდავებისაგან, იმ სიცოცხლისაგან, რომელიც უსასრულოდ წინ სწევს თავის უკვდავებას გრძნობაში და რომელსაც უკვდავება აძლევს ფორმას; და აქ საუბარი არაა ხანგრძლივობაზე. მაგრამ მაშინ როგორი სიცოცხლეა უსასრულო, თუ არა ბუნებისა და პიროვნების სიცოცხლე? პირიქით, თავად მიშკინზე შეიძლება ითქვას, რომ მისი პიროვნება იკარგება მის სიცოცხლეში, მსგავსად იმისა, როგორც ყვავილი - თავის სურნელებაში ან ვარსკვლავი - თავის ბრწყინვალებაში. უკვდავი სიცოცხლე დაუვიწყარია; აი ნიშანი, რომლითაც ის შეიძლება ამოვიცნოთ. ესაა სიცოცხლე, რომელსაც ეკუთვნის დავიწყებისაგან დაცვა, თუმცა მას არ დაუტოვებია არც ძეგლი და არც ხსოვნა საკუთარ თავზე, შეიძლება, არანაირი მოწმობაც. იგი არ შეიძლება დავიწყებული იქნას. ეს სიცოცხლე თითქოსდა გარსისა და ფორმის გარეშეც რჩება წარუვალი. „დაუვიწყარი“ თავისი მნიშვნელობით ნიშნავს მეტს, ვიდრე უბრალოდ ის რისი დავიწყებაც არ შეგვიძლია; ეს აღნიშვნა მიუთითებს რაღაც არსებითად ყველაზე უფრო დაუვიწყარზე, იმაზე, რომლის წყალობითაც იგი ასეთს წარმოადგენს. თავადის შემდგომი ავადმყოფობის გონდაკარგულობაც - მისი სიცოცხლის არდავიწყების სიმბოლოა; ვინაიდან მხოლოდ გვეჩვენება, რომ თითქოსდა იგი ჩაიძირა მისი ხსოვნის მორევში, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. რომანის მოკლე ეპილოგი ყველა პერსონაჟზე ტოვებს ამ სიცოცხლის მარადიულ ბეჭედს, რომლის თანამონაწილენი ისინი იყვნენ და თავადაც არ იცოდნენ რანაირად.
მის უკვდავებაში სიცოცხლის წმინდა გამოხატულობას წარმოადგენს სიტყვა „სიყმაწვილე“. აი, რის შესახებაა ამ წიგნში დოსტოევსკის უდიდესი ჩივილი: ყმაწვილური აღტყინების მსხვრევა. მისი სიცოცხლე რჩება უკვდავი, მაგრამ იგი იკარგება საკუთარ სინათლეში: „იდიოტი“. დოსტოევსკი წერს იმაზე, რომ რუსეთს - ეს ადამიანები ხომ ატარებენ თავის თავში მის ახალგაზრდულ გულს - არ შეუძლია შეინარჩუნოს, შეიწოვოს თავის თავში საკუთარი უკვდავი სიცოცხლე. ის იკარგება უცხო მხარეში, იგი თავს აღწევს მის საზღვრებს და განზავდება ევროპაში, ამ თავქარიან ევროპაში. მსგავსად იმისა, როგორც თავის პოლიტიკურ შეხედულებებში, დოსტოევსკი მუდმივად აცხადებს აღორძინების უკანასკნელ იმედად წმინდა ხალხურობას, ასევე აქაც, როგორც პოეტი, იგი ბავშვში ხედავს ახალგაზრდა ადამიანებისა და მათი ქვეყნის ერთადერთ ხსნას. ეს უკვე ნათელი იყო ამ წიგნიდან, რომელშიაც კოლიასა და თავადის ფიგურები წარმოადგენენ არსებითად ბავშვებს, რომლებიც ჩანან ყველაზე უფრო სევდიანები მაშინაც, თუკი დოსტოევსკი არ წარმოადგენდა „ძმები კარამაზოვებში“ ბავშვის სიცოცხლის უსაზღვრო, გადამრჩენ ძალას. ბავშვობის მსხვრევა - აი ამ სიყმაწვილის ტკივილი, ვინაიდან, სწორედ, შელახული ბავშვობა რუსი ადამიანისა და რუსეთის მიწის ადაბლებს მის ძალას. დოსტოევსკისთან მუდმივად გრძნობ, რომ ადამიანური სიცოცხლის კეთილშობილური განვითარება ხალხის სიცოცხლიდან საწყისს იღებს მხოლოდ ბავშვის სულში. ბავშვური ენის უქონლობის გამო დოსტოევსკის გმირების მეტყველება თითქოსდა იშლება და უპირველესყოვლისა ამ რომანის ქალთა ფიგურები ლიზავეტა პროკოფიევნა, აგლაია და ნასტასია ფილიპოვნა, შეპყრობილნი ბავშვობის აულაგმავი წუხილით - თანამედროვე ენას თუ გამოვიყენებთ, მას შეიძლება ისტერია ვუწოდოთ. წიგნის მთელი მოქმედების მსვლელობა შეიძლება მივამსგავსოთ ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული კრატერის ვეებერთელა ჩანაქცევს. ბუნებისა და ბავშვობის უქონლობაში ადამიანური მიღწევადი ხდება მხოლოდ თვითგანადგურების კატასტროფაში. ადამიანური სიცოცხლის კავშირი ცოცხლებისადმი მის სრულ დაღუპვამდე, კრატერის განუზომელი უფსკრული, რომლიდანაც ერთხელაც შეიძლება წარმოდგნენ ადამიანური სიდიადის მძლავრი ძალები, წარმოადგენენ რუსი ხალხის იმედს.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
მილან კუნდერა - რომანის ხელოვნება და გვარის გაგრძელება (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) მილან კუნდერა - რომანის ხელოვნება და გვარის გაგრძელება (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფსიქოლოგია / გამოქვეყნებული ზურაბ ხასაია - ამერიკული მსოფლმხედველობისათვის ზურაბ ხასაია - ამერიკული მსოფლმხედველობისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული კარლ გუსტავ იუნგი - აპოლონური და დიონისური საწყისები (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) კარლ გუსტავ იუნგი - აპოლონური და დიონისური საწყისები (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ლევან კაკლიანი - ბედთან მებრძოლი ოიდიპოსი ლევან კაკლიანი - ბედთან მებრძოლი ოიდიპოსი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფსიქოლოგია / გამოქვეყნებული მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge