გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები



ნეომითოლოგიზმის, როგორც კომპლექსური მხატვრული ფენომენის, ობიექტურ სირთულეს ემატება ისიც, რომ ლიტერატურულ კრიტიკაში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული საკვლევი ობიექტის საზღვრები, არ არის ჩამოყალიბებული საკითხისადმი მიდგომის ერთიანი კრიტერიუმები, არასაკმარისადაა დიფერენცირებული მისი ცალკეული ასპექტები. ამ ფაქტს გერმანელი მკვლევარი რობერტ ვეიმანი ერთიანი მეთოდოლოგიური პოზიციის არარსებობით ხსნის და მიუთითებს, რომ აუცილებელია საკითხის კვლევის ერთიანი მეთოდის შექმნა. იგი ერთმანეთს უპირისპირებს რამდენიმე კონცეფციას და მათი ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ სიტყვიერი ნიშანი ,,მითი“ დღესდღეობით აღნიშნავს ურთიერთგამომრიცხავ მნიშვნელობებს და გამოიყენება არა მხოლოდ როგორც მრავალმნიშვნელიანი, არამედ როგორც განუსაზღვრელი ცნება. მკვლევარი მართებულად აღნიშნავს, რომ ცნებების უკან ყოველთვის მეთოდები დგას. შესაბამისად, ერთიანი ცნებების შექმნა შესაძლებელია ერთიანი მეთოდოლოგიის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში კი, რამდენადაც არ არსებობს ერთიანი მეთოდოლოგია, შეუძლებელია ერთიანი ცნებების შემუშავებაც. მითისა და ხელოვნების ურთიერთმიმართების პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად, ვეიმანის მიხედვით, მეთოდოლოგიური წანამძღვრების შექმნასა და ამოსავალი პოზიციის ზუსტ განსაზღვრასთან ერთად აუცილებელია მრავალი მომიჯნავე მეცნიერების ქმედითი თანამშრომლობა.[1]
ვეიმანის ეს პოზიცია, საზოგადოდ, მართებულია, თუმცა მკვლევარი ერთიანი მეთოდოლოგიის შექმნის პრობლემის დასმით კმაყოფილდება და არც მისი შემუშავების კონკრეტულ გზას გვთავაზობს და არც იმას განმარტავს, თუ რა ფარგლებშია დასაშვები ,,მრავალი მომიჯნავე მეცნიერების ქმედითი თანამშრომლობა“, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორი ფორმა უნდა შეიძინოს ლიტერატურული კრიტიკისა და მითის შემსწავლელი სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებების ურთიერთკავშირმა, რომ ეს მართლაც ცალკეული, დამოუკიდებელი დისციპლინების თანამშრომლობა იყოს და არა - მათი აღრევა.
საკითხის კვლევის ერთიანი მეთოდოლოგიის შესაქმნელად, ,,მითის“ ერთიანი ცნების შესამუშავებლად და სხვადასხვა ჰუმანიტარული მეცნიერების თანამშრომლობის მიჯნების დასადგენად, პირველ რიგში, აუცილებელია პასუხი გაეცეს რამდენიმე ძირითად კითხვას, რომელიც თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში დგას: რა იგულისხმება ,,თანამედროვე მითოშემოქმედებაში“ და სად გადის სადემარკაციო ხაზი ,,მითოსურ“ და ,,არამითოსურ“ მხატვრულ ნაწარმოებებს შორის? რამდენად მიზანშეწონილია საერთოდ საუბარი ,,თანამედროვე მითოშემოქმედებაზე“? რა შემთხვევაში შეიძლება იქცეს მითი ლიტერატურული კრიტიკის ანალიზის ობიექტად? მიუხედავად ამ საკითხებთან დაკავშირებით ლიტერატურათმცოდნეობაში გამოთქმული უამრავი, ხშირად წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებისა, მაინც შეიძლება მკვლევართა დაჯგუფება პრობლემისადმი მიდგომის ზოგიერთი ზოგადი ნიშნის თანხვედრის საფუძველზე:
1. მითოლოგიურ-რიტუალური სკოლა ((Myth Criticism) (ჯ. უესტონი, ე. ჩემბერსი, ფ. კორნფორდი, მ. ბოდკინი, უ. ტროი, ლ. ფედერი და სხვ.). მიუხედავად იმისა, რომ ეს მეცნიერები მითოკრიტიკის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები არიან - მათი ნაწილი რიტუალურ-მითოლოგიურ ხაზს (ჯეიმზ ფრეიზერის ხაზი) განეკუთვნება, მეორე ნაწილი იუნგიანური ხაზის მიმდევარია (მ. ბოდკინი და სხვ.), სხვანი კი ამერიკულ სკოლას წარმოადგენენ (უ. ტროი, ნ. ფრაი), რომელიც ფრეიზერისეული და იუნგიანური კონცეფციების შეჯერებას ცდილობს, - მათ აერთიანებთ პრობლემისადმი არსებითად ერთნაირი მიდგომა: მართალია, ზოგიერთი მათგანი მხატვრულ სახეებსა თუ ლიტერატურულ მოტივებში პირველყოფილი რიტუალების გამოძახილს ხედავდა[2], სხვანი კი მხატვრულ სახეთა სტრუქტურასა თუ სიმბოლოებში კოლექტიური არაცნობიერის საშუალებით მემკვიდრეობით გადაცემული არქეტიპების - ადამიანის ფსიქიკის პირველადი სახე-სქემების - გამოვლენის ნიშნებს ეძებდნენ[3], მაგრამ ყველა მათგანისათვის საერთო იყო ლიტერატურის ერთადერთ პირველწყაროზე - მითსა და რიტუალზე - დაყვანის მცდელობა, მითის ნიშნების ძიება თითქმის ყველა ნაწარმოებში და, ფაქტობრივად, მითისა და ლიტერატურის, მითოშემოქმედებისა და მხატვრული წარმოსახვის გაიგივება.
მითოლოგიურ-რიტუალური სკოლის კვლევითი პრინციპები თანმიმდევრულადაა ხორცშესხმული ნორთროპ ფრაის ნაშრომში Anatomy of Criticism (კრიტიკის ანატომია, 1957). ფრაის მიხედვით, მითი მხატვრული თხრობის გარკვეული ტიპი, სიტყვიერი ხელოვნების ფორმაა. მისი აზრით, თანამედროვე ლიტერატურა ძველი მითოლოგიიდან უფრო წარმოიშობა, ვიდრე თანამედროვე ემოციური აუცილებლობიდან. მკვლევარი ცდილობს მთელი ლიტერატურა წარმოგვიდგინოს როგორც მოვლენა, რომელიც ბუნდოვანი ,,ერთიანი ცენტრიდან“ კი არ მომდინარეობას, არამედ სავსებით კონკრეტული მითიდან/პირველმითიდან. მითები, არქეტიპები, მიიჩნევს ფრაი, ცოცხლობენ ლიტერატურაში მთელი მისი ისტორიის მანძილზე. მკვლევარი გვთავაზობს იმ ძირეულ, არქაულ მოდელებს, რომლებიც განსაზღვრავენ ლიტერატურის ძირითადი მიმართულებების, ჟანრებისა და სახეების სტრუქტურულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ფრაის კონცეფციით, აუცილებელია ცნება ,,მითის“ გამოყენება ლიტერატურის ისტორიის სისტემატიზაციისა და ლიტერატურული კრიტიკის მწყობრი სისტემის შექმნისათვის. ამრიგად, მითი ლიტერატურის ისტორიის რაციონალური კლასიფიკაციის საფუძვლად იქცევა.[4]
თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობა, ერთი მხრივ, აღიარებს მითოლოგიურ-რიტუალური სკოლის დიდ დამსახურებას ლიტერატურის კვლევის საქმეში, მეორე მხრივ კი, მართებულად აკრიტიკებს ამ სკოლის მეთოდოლოგიურ პრინციპებს: მათი კონცეფციები ხელოვნური და სქემატურია, ვინაიდან ლიტერატურის დოგმატურ დეტერმინირებას ახდენს სეზონური ციკლებითა თუ პირველყოფილი რიტუალებითა და არქეტიპებით; გარდა ამისა, დაუშვებელია მითისა და ლიტერატურის, მხატვრული ფანტაზიისა და ძველი მითოშემოქმედების გაიგივება, ვინაიდან მხატვრული ფანტაზია ყოველთვის ხედავს განსხვავებას თავის თავსა (როგორც საგანთა ანარეკლსა) და თავად საგანთა შორის, როცა მითის მოთხოვნაა მისი ნამდვილობის აღიარება, მითი კი სინამდვილეა იმ აზრით, რომ ის, ვინც ქმნიდა მითს, აღიქვამდა მას როგორც სინამდვილეს. ამრიგად, მართალია, ლიტერატურა მითიდან წარმოიშვა, მაგრამ იგი წარმოშობის მომენტიდან აღარ არის მითოლოგია. მას საკუთარი იმანენტური კანონები გააჩნია, რომლებიც არასგზით დაიყვანება მითოსური არქეტიპების კანონებზე; მითოკრიტიკის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს შეემუშავებინათ საკუთრივ ლიტერატურათმცოდნეობითი მიდგომა მხატვრული ტექსტის მიმართ. მათი ამოსავალი წერტილი და იმ ცნებათა უმრავლესობა, რომელთაც ისინი იყენებენ, ნასესხებია ან ფსიქოანალიზიდან, ან ანალიტიკური ფსიქოლოგიიდან. მათ გამოკვლევებში ლიტერატურული ნაწარმოები ფსიქოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევის საგანი უფროა, ვიდრე მხატვრული ანალიზის ობიექტი. შესაბამისად, მხატვრული ქმნილების თავისებურებანი ან არქაულ რიტუალურ მოდელებზე დაიყვანება, ან ავტორის დათრგუნულ სექსუალურ ენერგიაზე, ვინაიდან არალიტერატურული კრიტიკული მეთოდოლოგიის გამოყენება არ იძლევა ესთეტიკური ფენომენის წვდომის შესაძლებლობას.[5]
ცალკე ჯგუფად შეიძლება გამოიყოს ის მკვლევარები, რომელთა გამოკვლევებში, გარკვეული მოდიფიკაციით, თავს იჩენს მითოკრიტიკის კვლევითი მეთოდების ზოგიერთი თავისებურება. ასე მაგალითად, როჟე გაროდი ხელოვნებას განსაზღვრავს როგორც მითოშემოქმედებას, რომელიც გამოხატავს წმინდად ადამიანურ აქტს და მიიჩნევს, რომ ასეთი ,,მითოშემოქმედება“ თავად ხელოვნების ფუნქციაა ჰომეროსიდან მოყოლებული მხატვრული ლიტერატურის ისეთი შედევრების ჩათვლით, როგორიცაა სერვანტესის დონ კიხოტი, გოეთეს ფაუსტი, მაქსიმ გორკის დედა. გაროდის მიხედვით, ეს ხელოვნება იყენებს ,,ბუნების ენას“, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამსოხმულა მეცნიერული და ტექნიკური მოთხოვნების ფორმაში.[6] ა. დოროშევიჩის აზრით კი, მითისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართების პრობლემა ორ შემთხვევაში წამოიჭრება: 1. როცა მწერალი ლამობს თავის ნაწარმოებში ხაზი გაუსვას მის მიერ ასახული სიტუაციის მსგავსებას რომელიმე მითოლოგიურ სიჟეტთან; 2. როცა ავტორი თავის თხზულებაში ქმნის ყოველდღიური ცხოვრებისაგან განსხვავებულ, საკუთარ, ფანტასტიკურ რეალობას. პირველ შემთხვევაში, განმარტავს დოროშევიჩი, ასახული მოვლენები და პერსონაჟები კარგავენ ინდივიდუალობას და ისტორიულად გარდამავალ ხასიათს და მარადგანმეორებადი, ყოფიერების საწყისიდანვე მოცემული სქემის ერთ-ერთ ვარიანტად იქცევიან. მეორე შემთხვევაში მწერალი თავის ნაწარმოებში ქმნის წარმოსახვით სინამდვილეს არა სინამდვილესთან მსგავსების პრინციპებზე დაყრდნობით, არამედ თავად მის მიერ დადგენილ კანონზომიერებათა მიხედვით, რომლებსაც იგი კანონებად მიიჩნევს არა მარტო მხატვრული სიმართლის, არამედ საერთოდ ჭეშმარიტებისათვის. ამ პერსპექტივით მითი, რომელიც კერძო მხატვრული მეთოდის ჩარჩოებს ცდება, დოროშევიჩის მიხედვით, შეიძლება ფართოდ გავიგოთ, როგორც ერთგვარი იდეალური წარმონაქმნი, წარმოსახვის პროდუქტი, რომელსაც ცნობიერება აღიქვამს, როგორც რეალურს. პირველყოფილი ეპოქის მითები, ქრისტიანული მითი, ახალი დროის მითი - ეს ყოველივე ცნობიერების განსაკუთრებული სტრუქტურის ქმედების შედეგია, რომელიც ყოველ ეპოქაში სპეციფიკური სოციალური მიზეზებითაა განპირობებული, ამ იდეალური წარმონაქმნის მიმართ არაკრიტიკულ, ემოციურ დამოკიდებულებას იწვევს და შესაძლებელს ხდის მისი რეალური არსებობის რწმენას.[7] ამრიგად, დოროშევიჩი, გაროდისაგან განსხვავებით, მითოშემოქმედებასთან აიგივებს არა საერთოდ მხატვრულ ლიტერატურას, არამედ, ფაქტობრივად, მთელ არარეალისტურ ლიტერატურას. ამ მკვლევარებს მითოკრიტიკის წარმომადგენლებთან აახლოებს ის გარემოება, რომ ისინი მითოშემოქმედებასთან აიგივებენ ან საერთოდ ლიტერატურას ან არარეალისტურ მხატვრულ ქმნილებებს. ამდენად, ეს კონცეფციები არ იძლევა საშუალებას მითოლოგიზმი მე-20 საუკუნის ლიტერატურაში შევაფასოთ როგორც ახალი, კონკრეტული მხატვრულ-ესთეტიკური ფენომენი და განვსაზღვროთ, თუ რომელი მწერლები მიეკუთვნებიან ,,მითოშემოქმედთა“ რიცხვს.
მკვლევართა ნაწილი მითოშემოქმედებას არ აიგივებს საზოგადოდ ლიტერატურასთან და მას მხოლოდ მე-20 საუკუნის ხელოვნებისათვის დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევს (დ. ზატონსკი, ე. მელეტინსკი). დ. ზატონსკი ცდილობს განსაზღვროს ,,თანამედროვე მითოშემოქმედების“ არსი და მე-20 საუკუნის ,,მითოშემოქმედთა“ საკუთარ კლასიფიკაციას გვთავაზობს: მკვლევარი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მითოშემოქმედება სულაც არ დაიყვანება ძველი მითების გარდასახვასა თუ ხელახალ გააზრებაზე. მისი თვალსაზრისით, სავსებით ბუნებრივია, რომ ოდისევსის ელინურ მითზეა აგებული ჯოისის ულისე, კელტურ მითებზე კი - მისივე ფინეგანის ქელეხი, ვინაიდან სესხულობდნენ რა მითისაგან მსოფლხედვისა თუ გამოხატვის ხერხს, მწერლები ნებსით თუ უნებლიედ იყენებდნენ მის ფაქტურას, მაგრამ, ამტკიცებს ზატონსკი, ეს სულაც არ არის აუცილებელი, მით უმეტეს, რომ ბერძნული მითების ნათელი ატმოსფერო მკვეთრ კონტრასტს ქმნის მრავალი მოდერნისტის განწყობილებასთან. მაგალითად მას მოჰყავს ბეკეტის შემოქმედება, რომლის დრამებშიც ტრადიციულ მითოლოგიურ სიუჟეტებთან კავშირის კვალსაც ვერ ვპოვებთ. მიუხედავად ამისა, ზატონსკი ბეკეტის პიესებს გოდოს მოლოდინში, თამაშის დასასრული, მელონი კვდება და სხვ. თანამედროვე ირაციონალური მითოშემოქმედების ყველაზე მკაფიო ნიმუშებად მიიჩნევს, ვინაიდან ,,მითისაგან ის იღეებს მხოლოდ პრიმიტიულ-სიმბოლურ ლტოლვას აბსტრაქტული ცნებების პერსონიფიკაციისაკენ, პირველქმნილ შიშს შეუცნობელი სამყაროს წინაშე“.[8]  მეორე მხრივ, მკვლევარი მართებულად მიიჩნევს, რომ ყოველი უარის თქმა ცხოვრების ცხოვრებისეული ფორმებით ასახვაზე, ყოველი შემთხვევა მხატვრული სახის სიმბოლური გაფართოებისა არ უნდა განიხილებოდეს როგორც მითოშემოქმედება. იგი საკუთარ კრიტერიუმს გვთავაზობს იმის გასარკვევად, თუ რომელი მხატვრული ქმნილება უნდა მივიჩნიოთ ,,მითოსურად“ და რომელი - არა: მკვლევარი დაუშვებლად მიიჩნევს ტერმინ ,,მითის“ გამოყენებას დანტეს, შექსპირის, სერვანტესის, გოეთეს ნაწარმოებების მიმართ, ვინაიდან ისინი თავიანთ ეპოქას ასახავდნენ, თანაც იმდენა ღრმად, რომ იმავდროულად ზოგიერთ ზოგადკაცობრიულ პლასტსაც წვდებოდნენ. სწორედ ისტორიულმა კონკრეტულობამ აქცია, საბოლოოდ, დონ კიხოტის, დანიელი პრინცისა და დოქტორ ფაუსტის სახეები იმდენად მოქნილად, რომ ყოველ ახალ თაობას შეუძლია ჩადოს მათში რაღაც ,,საკუთარი“. ამრიგად, ზატონსკის, მიხედვით, არც შექსპირი და არც გოეთე ,,მითებს“ არ თხზავდნენ. დონ კიხოტი და ჰამლეტი დიდ სიმბოლურ განზოგადოებებად შემდგომმა საუკუნეებმა აქცია. თვით ჰომეროსიც კი არ ქმნიდა მითს ილიადაში, იგი მხოლოდ ტროას ომის კონკრეტულ ისტორიას წერდა. რაც შეეხება თანამედროვე მწერლებს, ზატონსკის აზრით, ისინი წერენ მითებს და არა ისტორიას. ამგვარ შემოქმედებას იგი ძველი იდეალიზმისა და ძველი მეტაფიზიკის პირმშოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მისი ,,გასაღება ნოვატორობად ნამდვილად არ ღირს“.
თუ თანამედროვე ,,ირაციონალური მითოშემოქმედების“ წარმომადგენლებს (კაფკა, ბეკეტი) ზატონსკი უარყოფით შეფასებას აძლევს იმ მოტივით, რომ მათი შემოქმედება მოკლებულია ჯანსაღ ფოლკლორულ საფუძველს, მითი კი მათ ქმნილებებში ემიჯნება ყოველივე სოციალურს, იქცევა უაღრესად ინდივიდუალურ კონსტრუქციად, იგი აუცხოებს ხელოვანს სინამდვილისაგან, ცხოვრებისეული სიმართლისაგან, სამაგიეროდ მისგან დადებით შეფასებას იმსახურებს ისეთი ხელოვნება, რომელიც ასე თუ ისე უკავშირდება ხალხურ პოეტიკას, ,,ნაივურ“ მითებს, თქმულებებს, ლეგენდებს. მაგალითად მკვლევარს მოჰყავს ლათინური ამერიკის ქვეყნების ხელოვნება და ლიტერატურა, რომლისთვისაც მითი არ მომკვდარა, ვინაიდან აცტეკების, ინკებისა და მაიას ტომის მეტაფორული ლეგენდები დღესაც სამხრეთ ამერიკის ხალხების ნაციონალური კულტურის ცოცხალი შემადგენელი ნაწილია. იგი კვებავს მოწინავე ლიტერატურას, ფერწერას, თეატრს. ხალხური ფანტასტიკა, საბოლოო ანგარიშით, ყოველთვის ეყრდნობა რეალობას, კონკრეტულ ადამიანურ წარმოდგენებსა და მოთხოვნილებებს. ზატონსკი მითის გამოყენებისათვის ასევე დადებითად აფასებს ჯონ აპდაიკის კენტავრს, ვინაიდან იგი, მართალია, მეტაფორული რომანია, მაგრამ იმავდროულად რეალისტურიცაა: მითი სინამდვილეს ემსახურება.[9]
ზატონსკის ძალიან კარგად ესმის, რომ პირველყოფილი მითოშემოქმედება თვისებრივად განსხვავდება ნეომითოლოგიზმისაგან, ვინაიდან თანამედროვე მწერალი ,,პირველად მითს“ კი არ ქმნის, არამედ მხოლოდ ,,მეორადის“ კონსტრუირებას ახდენს, რომელიც ,,დაფლეთილი“, ხელოვნური, გონებაჭვრეტითი, მეტისმეტად ,,აზრისმიერია“.; პირველყოფილი მითი კოლექტიური ცნობიერების ქმედების შედეგად წარმოიშობა, მოდერნისტული მითოპოეტიკა კი უკიდურესად სუბიექტური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, იგი პირველყოფილ მითსა და ზოგიერთ მოდერნისტულ ნაწარმოებს შორის თანხვედრის მომენტებსაც ხედავს და სწორედ ამას მიიჩნევს თანამედროვე ,,მითოშემოქმედების“ გამსაზღვრელ ფაქტორად: 1. თანამედროვე ხელოვნება ,,მითოსურია“ იმდენად, რამდენადაც იგი, ისევე როგორც მითი, არაფერს ხსნის და მხოლოდ აღნიშნავს. იგი არა მარტო გამოთქვამს, არამედ თავადვეა ის, რასაც ამბობს, უმიზეზოა და დროისმიერ პერსპექტივას მოკლებული, პარაბოლაა იმ აზრით, რომ არსებობას უთანაბრდება; 2. თანამედროვე ,,მითოსურ“ ნაწარმოებებში არ არსებობს ობიექტური ავტორისეული შეხედულება, ყოვლისმცოდნე ავტორი ქრება (საილუსტრაციოდ ზატონსკი აანალიზებს ულისეს ერთ-ერთ პასაჟს), ამიტომაც სამყაროს ერთადერთი რეალობა ამ ტიპის რომანში ,,სუბიექტური შეგრძნებების, მითიური ხედვის ,,რეალობაა“ ... თანაც მითი, ისევე როგორც ძველ სამყაროში, რეალურის გამოვლენის ერთ-ერთი შესაძლო ფორმა, მხატვრული ქარაგმა კი არ არის, არამედ თავად ,,რეალობა“, რომელსაც არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს თავის გამოვლენის სხვა, უფრო ,,რაციონალური“ ფორმა. ამდენად, მითი ულისესა თუ კენტავრში მარტო დასაშვები კი არა, აუცილებელიცაა.
მიუხედავად იმისა, რომ ზატონსკის ზოგიერთი საგულისხმო დაკვირვებაც აქვს მითის ფუნქციებთან დაკავშირებით თანამედროვე ლიტერატურაში, მის კონცეფციებში მრავალი რამ სადაოა: 1. თუკი ბეკეტი ,,ირაციონალური მითოშემოქმედების“ წარმომადგენელია, რის საფუძველზე ასკვნის ზატონსკი, რომ იგი მითიდან სესხულობს ,,პრიმიტიულ-სიმბოლურ მისწრაფებას აბსტრაქტული ცნებების პერსონიფიცირებისაკენ?“ გამოხატვის ამა თუ იმ ხერხის სესხება ხომ ცნობიერ შემოქმედებით აქტს გულისხმობს? მაგრამ ჯოისის შემთხვევაშიც, რომელიც ცნობიერად იყენებს მითოსს საკუთარი მხატვრული ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად, გაუგებარი რჩება, თუ რატომ უკავშირებს ზატონსკი მისი რომანების პოეტიკის ამა თუ იმ თავისებურებას პირველყოფილ მითებს და არა მოდერნიზმის ლიტერატურულ ესთეტიკას; 2.  არადამაჯერებელია ,,მითოსურ“ და ,,არამითოსურ“ ნაწარმოებთა ერთმანეთისაგან გასამიჯნად ზატონსკის მიერ შემოთავაზებული კრიტერიუმებიც: განა ჯოისისა თუ კაფკას ნაწარმოებებში ნაკლები სიღრმით აისახა თანადროულობის სული, ეპოქის თავისებურებანი თუ თანამედროვე ადამიანის მსოფლშეგრძნება, ვიდრე გოეთესა თუ შექსპირის ქმნილებებში? გასაგებია, საითაც უმიზნებს მკვლევარი: ზოგადკაცობრიული/უნივერსალური, სიღრმისეული პლასტების წვდომა მხოლოდ მოცემული ეპოქის ღრმად შეცნობითაა შესაძლებელი და არა მისთვის გვერდის ავლით. აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ თანამედროვე ,,მითოშემოქმედნი“, რამდენადაც ისინი მითებს თხზავდნენ და არა ,,კონკრეტულ ისტორიას“, ვერც ,,ზოგადკაცობრიულ სიღრმისეულ პლასტებს“ წვდებოდნენ და ცხადია, ღირებულსაც ვერაფერს ქმნიდნენ; 3. ზატონსკი ერთმანეთისაგან მკვეთრად მიჯნავს ,,მოდერნისტულ მითოშემოქმედებასა“ და ხალხურ პოეტიკასთან, ,,ნაივურ“ მითებთან დაკავშირებულ ხელოვნებას და ავიწყდება, რომ, მართალია, ლათინოამერიკელი და აფრო-აზიელი მწერლებისათვის მითოლოგიური ტრადიციები ჯერ კიდევ ცოცხლობენ და მათ ,,მითოშემოქმედებას“, თანხვედრის მომენტების გარდა, მოდერნისტული მითოლოგიზმისაგან განმასხვავებელი ნიშნებიც გააჩნია, მაგრამ ,,აქედან არ უნდა დავასკვნათ, რომ არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი მითოლოგიზმი, რომელნიც არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და მხოლოდ გარეგნულად ჰგვანან ერთმანეთს“.[10] ის ფაქტი, რომ ზატონსკი დადებითად აფასებს აპდაიკისეულ მითოლოგიზმს, ხოლო კაფკასეულს - უარყოფითად, სულაც არ ნიშნავს, რომ მას მითთან დაკავშირებით ორი განსხვავებული, წინააღმდეგობრივი თვალსაზრისი გააჩნია, როგორც ეს ა. გულიგას ჰგონია.[11] მისეულ შეფასებებს განსაზღვრავს ის გარემოება, თუ რა დანიშნულებას ასრულებს მითი მხატვრულ ქსოვილში - ,,სინამდვილისაგან აუცხოებს ხელოვანს“ თუ ,,სინამდვილის სამსახურში დგას“. აქ საბჭოური ლიტერატურათმცოდნეობისათვის დამახასიათებელი იდეოლოგიური კლიშე მოქმედებს და ბუნებრივია, რომ მკვლევარის შეფასება პირველ შემთხვევაში უარყოფითია, მეორეში კი - დადებითი, თუმცა, ცხადია, რომ ასეთ შეფასებებს ლიტერატურულ კრიტიკასთან საერთო არაფერი აქვს; 4. ზატონსკის მიერ თანამედროვე მითოლოგიზმსა და პირველყოფილ მითს შორის გავლებული პარალელები ზედაპირულ ანალოგიებს ეფუძნება და არა მათ თვისობრივ მსგავსებას: მართალია, მოდერნისტული ტექსტი, ისევე როგორც პირველყოფილი მითი, ,,არა მარტო გამოთქვამს, არამედ თავადვეა ის, რასაც ,,ამბობს“, მაგრამ მათი ეს თავისებურება სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული: პირველყოფილი მითისა და მისი მასალის განუყრელ მთლიანობას, მათ იგივეობას განაპირობებს პირველყოფილი მითოსური ცნობიერება, რომელსაც არ შეუძლია ობიექტისა და სუბიექტის, ფორმისა და შინაარსის, მთელისა და ნაწილის, საგნისა და მისი ატრიბუტების ერთმანეთისაგან აბსტრაჰირება და ისინი აბსოლუტურად იდენტურად წარმოუდგენია, ხოლო ის ფაქტი, რომ მე-20 საუკუნეში ,,პროზა და მასალა (თემატიკა) ერთ განუყოფელ მთელად იქცა“, მოდერნიზმის ლიტერატურულ ესთეტიკას უკავშირდება და ,,პირველი დიდი ტექნიკური გარღვევაა“ თანამედროვე პროზის ხელოვნებაში.[12] ის ფაქტი, რომ თანამედროვე რომანში ხშირად არ არსებობს ობიექტური ავტორისეული შეხედულება თუ პოზიცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამყაროს ერთადერთი რეალობა რომანში ,,მითიური ხედვის რეალობაა“, ვინაიდან ,,მითოლოგიის ხელოვნება“ ,,განისაზღვრება მისი მასალის თავისებურებით {...} მითოლოგია როგორც ხელოვნება და მითოლოგია როგორც მასალა გათქვეფილია ერთსა და იმავე ფენომენში“ და, რაც მთავარია, ,,მაფორმირებელი ცნობიერება უკანა პლანზე გადადის“, მითოლოგიის მასალა ,,აფორმებს თავის თავს საკუთარი კანონების თანახმად“[13], თანამედროვე რომანში კი ავტორის ხედვის რაკურსის არარსებობა თავად ავტორის მხატვრული მეთოდის, მისი ტექნიკის შემადგენელი ნაწილია, ავტორისა, რომელიც სავსებით შეგნებულად ირჩევს თხრობის ამგვარ პერსპექტივას და, რაც მთავრია, მითისაგან განსხვავებით, შემოქმედი, როგორც დემიურგი, თავად ახდენს ,,სუბიექტური შეგრძნებების“, ,,მითიური ხედვის რეალობის“, ერთი სიტყვით, მთელი მასალის ორგანიზებას საკუთარი მხატვრული მიზნების შესატყვისად, სასურველი ესთეტიკური ეფექტის მისაღწევად. ამრიგად, ზატონსკის მიხედვით, თანამედროვე მითოლოგიზმი, არსებითად, იდენტურია პირველყოფილი მითოლოგიისა, რითაც მკვლევარი ცდილობს დააკნინოს მოდერნისტული მითოლოგიზმი, როგორც თავისთავადი, ნოვატორული ფენომენი, ვინაიდან იგი იდეოლოგიური წანამძღვრებიდან ამოდის და მოდერნისტული ლიტერატურის განქიქების და მისი მნიშვნელობის დამცირების სურვილი ამოძრავებს, ან, გასაგები მიზეზების გამო, იძულებულია ასე მოიქცეს. 
ისევე როგორც ზატონსკი, ელიაზარ მელეტინსკიც ,,მითოლოგიზმს“ მე-20 საუკუნის ლიტერატურისათვის დამახასიათებელ მოვლენად მიიჩნევს არა მარტო როგორც მხატვრულ ხერხს, არამედ ასევე როგორც ამ ხერხთან დაკავშირებულ მსოფლშეგრძნებასაც და მართებულად ამტკიცებს, რომ აქ საქმე მარტოოდენ ცალკეული მითოლოგიური მოტივების გამოყენებას არ ეხება. მკვლევარი გამოჰყოფს რამდენიმე საკითხს, რომელთა გათვალისწინებაც, მისი აზრით, აუცილებელია მე-20 საუკუნის მითოლოგიზმის არსის გასაგებად: 1. პირველყოფილი და ძველი მითოლოგიის სპეციფიკა და მათი მიმართება მე-20 საუკუნის მითოლოგიზმთან (ამ ტერმინს მკვლევარი ხან ბრჭყალებში ხმარობს, ხანაც ბრჭყალებს გარეშე). იგი წერს: ,,რა თქმა უნდა, აუცილებელია მითის კლასიკური ფორმების დაკავშირება მათ წარმომშობ ისტორიულ სინამდვილესთან, განსაკუთრებით კი - მე-20 საუკუნის მითოლოგიზმისა მე-20 საუკუნის საზოგადოებრივ სიტუაციასთან და პირველყოფილ მითსა და თანამედროვე მითოლოგიზირებას შორის იმ განსხვავებათა გამოვლენა, რომლებიც აქედან გამომდინარეობს“. 2. მითის სტრუქტურის ანალიზი. ეს აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ,,მითის უახლესი ინტერპრეტაციები წინა პლანზე წამოწევენ მითს (და რიტუალს) როგორც ერთგვარ მოქნილ ფორმასა თუ სტრუქტურას, რომელსაც შეუძლია ხორცი შეასხას ადამიანის აზროვნებისა და სოციალური ქცევის, ასევე მხატვრული პრაქტიკის ყველაზე ფუნდამენტურ ნიშნებს“; რამდენადაც დაიწყო თავისებური ურთიერთზემოქმედება ეთნოლოგიისა და ლიტერატურისა, აუცილებელია მითის გაგების გაღრმავება ამ ურთიერთზემოქმედების ფარგლებში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მელეტინსკი აყალიბებს თავისი მონოგრაფიის მითის პოეტიკა ორ ამოცანას: ა) ,,ნამდვილი“ მითოლოგიის განხილვა თანამედროვე თეორიების შუქზე; ბ) მითის თანამედროვე მეცნიერული და მხატვრული ინტერპრეტაციებისა და მითისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართების პრობლემის შესწავლა მითის კლასიკური ფორმების დღევანდელი გაგების გათვალისწინებით. საყურადღებოა, რომ მკვლევარი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს ტერმინის ,,მითის პოეტიკა“ გამოყენებისას, ვინაიდან მითოშემოქმედება შეიცავს მხოლოდ არაცნობიერ პოეტურ საწყისს, რითაც, მიუხედავად, იმისა, რომ ლიტერატურამ სწორედ მისგან იმემკვიდრა განზოგადების გრძნობად-კონკრეტული ხერხი, იგი თვისობრივად განსხვავდება მხატვრული შემოქმედებისაგან. აქედან გამომდინარე, მელეტინსკი ამ ტერმინს იყენებს ,,გარკვეული პირობითობით {...} მითის სპეციფიკის განხილვისას ლიტერატურის წინარეისტორიის ასპექტში“. გარდა ამისა, ეს ტერმინი განსაკუთრებულ აზრს იძენს ,,მე-20 საუკუნის ზოგიერთი მწერლის მიერ მითოლოგიის ცნობიერ გამოყენებასთან დაკავშირებით“.[14]
ამრიგად, მელეტინსკი გამოჰყოფს ორ, გარკვეულწილად ერთმანეთთან დაკავშირებულ, პრობლემას: 1. მითისა და მხატვრული ურთიერთმიმართების პრობლემა; 2. მითოლოგიზმის პრობლემა მე-20 საუკუნის ლიტერატურაში.
მართლაც, ერთია, როცა მკვლევარი დაინტერესებულია ლიტერატურისა და მითოლოგიის - ორი სხვადასხვა, თავისთავადი ფენომენის - გენეტიკური ურთიერთმიმართების დადგენით, მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავების გამოვლენით, და მეორეა, როცა მისი მიზანია მითის ფუნქციების კვლევა მხატვრულ ლიტერატურაში. ცხადია, პირველ შემთხვევაში ლიტერატურათმცოდნეობა გვერდს ვერ აუვლის მის მომიჯნავე დისციპლინათა მონაცემებს, მითის სტრუქტურულ ანალიზს, მითის თეორიების კრიტიკულ შესწავლას ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას დასჭირდება სხვადასხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებასთან თანამშრომლობა საკუთარი მიზნების მისაღწევად. ბუნებრივია, ასეთი თანამშრომლობა არც მეორე შემთხვევაშია გამორიცხული, ოღონდ არა პირველყოფილი მითისა და მე-20 საუკუნის ,,მითოშემოქმედების“ შეპირისპირების მიზნით, არამედ მითის იმ თავისებურებათა დასადგენად, რომელთაც გარკვეულწილად განაპირობეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მისი გამოყენება თანამედროვე ლიტერატურაში გარკვეული მხატვრული მიზნების მისაღწევად. ბუნებრივია, საამისოდ სულაც არ არის აუცილებელი მითის თეორიების მეცნიერული ღირებულების შეფასება. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ნაშრომები ეთნოლოგიის, ეთნოფსიქოლოგიისა თუ ფსიქოლოგიის დარგში, რომლებმაც გარკვეული გავლენა მოახდინეს მოდერნისტთა მხატვრულ კონცეფციებზე (მაგ., ჯეიმზ ფრეიზერის ოქროს რტო, იუნგისა და ფროიდის კონცეფციები), მაგრამ ეს მხოლოდ კვლევის ერთ-ერთი ასპექტია და არა მისი ძირითადი გეზის გამსაზღვრელი ორიენტირი. მე-20 საუკუნის მითოლოგიზმის სპეციფიკის გასარკვევად არაფერს მოგვცემს მისი და პირველყოფილი მითოლოგიის შეპირისპირებითი ანალიზი, ვინაიდან მის თავისებურებას მითის კლასიკურ ფორმებთან მსგავსება-განსხვავება კი არ განსაზღვრავს, არამედ მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა. საინტერესოა, რომ თეოდორ ციოლკოვსკი ერთმანეთისაგან განასხვავებს ცალკეული მითების ადაპტაციასა და არქეტიპული მოდელების ლიტერატურულ განსხეულებას. იგი მიუთითებს, რომ არქეტიპული მოდელები/სტრუქტურები განსხვავდება სხვა პრეფიგურაციული მოტივებისაგან იმით, რომ ,,ისინი არ არიან აუცილებლად რომელიმე კონკრეტულ სახელთან, ფიგურასა თუ მოვლენათა კონფიგურაციასთან დაკავშირებული“.[15] ანუ, სხვაგვარად, როგორც ჯონ უაითი აღნიშნავს, მითოსური რომანის ძირითადი თვისებაა არა იმდენად სტრუქტურული მსგავსება თანამედროვე სიუჟეტსა და კლასიკურ მითს შორის, რამდენადაც კონკრეტული მითისა თუ მითოსური მოტივის ცნობიერი გამოყენება.[16] მელეტინსკიც მე-20 საუკუნის ,,მითოშემოქმედების“ კვლევისას სწორედ მოდერნიზმის ფილოსოფიურ, მსოფლმხედველობრივ თუ სოციალურ წანამძღვრებზე, მისი ესთეტიკის თავისებურებებზე ამახვილებს ყურადღებას და ზუსტ დაკვირვებებსაც გვთავაზობს მითის ფუნქციებთან დაკავშირებით მე-20 საუკუნის ლიტერატურაში.
ასე რომ, ძნელია არ დაეთანხმო მკვლევართა იმ ჯგუფს, რომელიც მითის გამოყენებას მოდერნისტულ ლიტერატურაში, უწინარეს ყოვლისა, მოდერნიზმის ლიტერატურულ ესთეტიკას უკავშირებს. კ. სანდულესკუ მიიჩნევს, რომ ჯეიმზ ჯოისის ,,ცნობიერების ნაკადის“ მეთოდიდან უშუალოდ წარმოიშობა როგორც შინაგანი მონოლოგი, ასევე ეპიფანია და მითი.[17] მოდერნიზმის ლიტერატურულ ესთეტიკასთან მიმართებაში განიხილავს ნეომითოლოგიზმს თემურ კობახიძეც, რომელიც საკითხის კვლევის ერთიან, საკუთრივ ლიტერატურათმცოდნეობით მეთოდოლოგიას აყალიბებს და უაღრესად საინტერესო კონცეფციებს გვთავაზობს თავის გამოკვლევებში.[18] მისი აზრით, მითისა და ,,მითოშემოქმედების“ კვლევისას ლიტერატურათმცოდნეობა საკუთარ თავზე უნდა იყოს ორიენტირებული და საკუთარ მიგნებებს დაეყრდნოს. მან კი არ უნდა იხელმძღვანელოს სხვა დისციპლინებიდან შეძენილი მონაცემებით, არამედ მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს ისინი. მითი, ამტკიცებს მკვლევარი, ლიტერატურაში უნდა განისაზღვროს როგორც ლიტერატურული და არა როგორც ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ეთნოლოგიური, ისტორიული, კულტურული თუ სხვაგვარი ფენომენი, რაც შეაძლებინებს მკვლევარს გამოიყენოს იგი როგორც ლიტერატურული კრიტიკის კონკრეტული ტერმინი; მითი, როგორც არაცნობიერი ფსიქოლოგიური მონაცემი, შეიძლება ნებისმიერ ლიტერატურულ ნაწარმოებში შეგვხვდეს. ყველა მათგანში მოიპოვება მდიდარი არაცნობიერი კონოტაციის სახეები, რომლებიც სპორადულად წარმოიშობა ,,პირველყოფილი შემოქმედებითი ბნელი წიაღიდან, რომელიც ჩვენი წარმოსახვის საფუძველს შეადგენს“, ვინაიდან ლიტერატურა ადამიანის სულიერი და ესთეტიკური მოღვაწეობის სფეროა და ამიტომაც უნდა განიხილებოდეს, როგორც ფსიქიკური პროცესების შედეგი. ამრიგად, არაცნობიერი მითოსური სტრუქტურები დამახასიათებელია საზოგადოდ ლიტერატურისათვის და ამ საფუძველზე შეუძლებელია ,,მითოსური“ და ,,არამითოსური“ ნაწარმოებების დიფერენცირება. მითი ლიტერატურულ ფენომენად შეიძლება აღვიქვათ არა მაშინ, როცა იგი ტექსტში არსებობს როგორც არაცნობიერი სიმბოლო, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა იგი ცნობიერად და მიზანმიმართულადაა გამოყენებული როგორც ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის ორგანული შემადგენელი ნაწილი, პოეტური სტრუქტურის ელემენტი. შესაბამისად, მითი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იქცეს ლიტერატურული კრიტიკის კვლევის ობიექტად.[19]
თემურ კობახიძის მიერ შემოთავაზებული მეთოდი საშუალებას იძლევა ერთმანეთისაგან განვასხვაოთ ,,მითოსური“ და ,,არამითოსური“ მხატვრული ნაწარმოებები და ,,მითოსი“ გავიაზროთ როგორც ლიტერატურული კრიტიკის კონკრეტული ტერმინი.
მკვლევართა ნაწილი (ჰ. ჰონგსი, რ. ჰოკე, ვ. დნეპროვი) მიიჩნევს, რომ მოდერნიზმის უდიდესი წარმომადგენლები (მუზილი, კაფკა, პრუსტი, ბროხი, ჯოისი) არ შეიძლება მითოშემოქმედნი იყვნენ, ვინაიდან მითიური გამოცდილება გულისხმობს ნაივურ, გულუბრყვილო დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ, ეს მწერლები კი მეამბოხე, გაორებული, კრიზისული ნატურები არიან. მკვლევართა ეს ჯგუფი უარს ამბობს მოდერნიზმის ამ მიმართულებას ,,მითოშემოქმედება“ უწოდოს. ვ. დნეპროვი წერს: ,,მითი სინამდვილის მოვლენის გადამუშავებაა ხალხის ფანტაზიაში. მითი კი არ ითხზვება, არამედ ხდება მისი კრისტალიზაცია, იგი ეხვევა მასის წარმოსახვაში, ისევე როგორც კენჭი - ზღვის მოვარდნილ ტალღებში“.[20] დნეპროვი ამას წერს კაფკას შემოქმედების შესახებ. რამდენადაც ამ უკანასკნელისათვის უცხოა ფოლკლორული მოტივები, მის შემოქმედებას, გვარწმუნებს კრიტიკოსი, არა აქვს კავშირი მითოლოგიასთან: ,,შინაგანი კავშირი მასის ცხოვრებასთან მითის მიუცილებელი თვისებაა. კაფკას სახეები კი ნაყოფია სუბიექტურობისა, რომელსაც დაუკარგავს მასასთან კონტაქტი და ტრაგიკულად განიცდის მისგან მოწყვეტას, მარტოობასა და განწირულობას. სწორედ უკიდურესი სუბიექტურობიდან წარმოიშობა რეალურ ურთიერთობათა აღრევა კაფკას სახეებში“. მკვლევარი ასკვნის, რომ ,,კაფკას პოეტიკის გაიგივება მითის პოეტიკასთან გარეგნულ ანალოგიებს ეფუძნება“.[21] ძნელია არ გაიზიარო დნეპროვის მსჯელობა. ნათელია, რომ ტერმინი ,,მითოშემოქმედება“ (“mythmaking”) არ გამოდგება მე-20 საუკუნის ლიტერატურაში მითის ცნობიერი და შერჩევითი გამოყენების დასახასიათებლად, ვინაიდან იგი, ფაქტობრივად, მოდერნისტული რომანისა და პირველყოფილი მითის პოეტიკის გაიგივებას გულისხმობს. ამ ფენომენის არსს, როგორც მართებულად აღნიშნავს თემურ კობახიძე, გაცილებით უფრო ზუსტად გამოხატავს ტერმინი ,,მითისაკენ მიბრუნება“ (Reversion to Myth), ვინაიდან იგი ხაზს უსვამს მითისადმი ცნობიერ მიდგომას თანამედროვე ლიტერატურაში.[22] ამ მხატვრულ-ესთეტიკური ფენომენის არსს ასევე ზედმიწევნით შეესატყვისება ტერმინები ,,მოდერნისტული მითოსური ექსპერიმენტი“ და ,,მოდერნისტული მითოპოეტიკა“.
ზემოთ განხილული კონცეფციების შეჯერების საფუძველზე შესაძლებელია კვლევის ამოსავალი პოზიციის ფორმულირება და პრობლემისადმი საკუთრივ ლიტერატურული მიდგომის შემუშავება:
მითი ლიტერატურული კრიტიკის ანალიზის ობიექტად შეიძლება იქცეს მხოლოდ მაშინ, როცა ესა თუ ის მწერალ მას იყენებს როგორც მხატვრულ მეთოდს საკუთარი ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად;
ნეომითოლოგიზმი არ დაიყვანება ცალკეული მითოლოგიური მოტივების გამოყენებაზე, მათ თუნდაც ახლებურ გააზრებაზე (ტრადიციული სიუჟეტების ახლებური ინტერპრეტაცია საზოგადოდ დამახასიათებელია თანამედროვე ლიტერატურისათვის). მის თვისობრივ ესთეტიკურ სიახლეს და სპეციფიკას განსაზღვრავს მისი კავშირი მოდერნიზმის მხატვრულ-ესთეტიკურ პარადიგმასთან;
ამდენად, ნეომითოლოგიზმის არსის გასარკვევად საჭიროა არა მისი შეპირისპირება პირველყოფილ მითოსთან, არამედ მისი შესწავლა მოდერნიზმის ლიტერატურულ ესთეტიკასთან მიმართებაში;
მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მითოსის ის თავისებურებანი, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს მოდერნისტული მითოსური ექსპერიმენტი - მითოსის კონკრეტულ მხატვრულ ხერხად გამოყენება; ასევე აუცილებელია მითთან დაკავშირებული იმ ფილოსოფიური, ეთნოლოგიური თუ ფსიქოლოგიური მონაცემების მხედველობაში მიღება, რომლებმაც გარკვეული ზეგავლენა იქონიეს მოდერნიზმის მხატვრულ კონცეფციებზე. 
გამოყენებული ლიტერატურა
კობახიძე, თემურ. თომას სტერნზ ელიოტი: პოეზია და მითოსი. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1991. 
კობახიძე, თემურ. ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა. თბილისი: უნივერსალი, 2015.
Bodkin, Maud. Archetypal Patterns in Poetry. Oxford University Press, 1965.
Burgess, A. Here Comes Everybody: An Introduction to James Joyce for Ordinary Reader. London, 1965.
Dneprov, V. Cherti romana XX veka. Maskbva-Leningrad, 1965.
Doroshevich, D. G. “Mif v literature XX veka”. Vaprosy literature, 1970, # 2.
Frye, Northrop. Anatomy of Criticism. Princeton: Athenaum, 1957.
Guliga, A. “Puti mifotvorchestva I puti iskustva”. Novi mir, # 5, 1965.
Kereni, N. “Prolegomeni”. V knige: Dusha i mif.  Kiev-Moskva, 1997.  
Kobakhidze, Temur. Myth and the Literary Aesthetics of Modernism. Tbilisi: State University of Tbilisi Press, 1998.
Sandulescu, C. G. The Joycean Monologue. Colchester: University of Essex Press, 1979.
Weston, J. From Ritual to Romance. Princeton University Press, 1993.
White, John. Mythology in the Modern Novel: A Study of Prefigurative Techniques. Princeton: Princeton University Press, 1971.
Ziolkowski, Theodore. The Novels of Herman Hesse. Princeton: Princeton University Press, 1965.
Zatonskii, D. “Iskustvo I mif”. Inostrannaia literature, 1965, # 6.
Вейман, Роберт. История литературы и мифология. М.: Прогресс, 1975.
Гароди, Роже. О реализме без берегов. М.: Прогресс, 1966.
Мелетинский, Е. Поэтика мифа. М.: Наука, 1976. 
[1] Вейман, Роберт. История литературы и мифология. М.: Прогресс, 1975: 260-264.
[2] Weston, J. From Ritual to Romance. Princeton University Press, 1993. 
[3] Bodkin, Maud. Archetypal Patterns in Poetry. Oxford University Press, 1965.
[4] Frye, Northrop. Anatomy of Criticism. Princeton: Athenaum, 1957. 
[5] Kobakhidze, Temur. Myth and the Literary Aesthetics of Modernism. Tbilisi: State University of Tbilisi Press, 1998: 5.
[6] Гароди, Роже. О реализме без берегов. М.: Прогресс, 1966.
[7] Doroshevich, D. G. “Mif v literature XX veka”. Vaprosy literature, 1970, # 2: 129-133.
[8] Zatonskii, D. “Iskustvo I mif”. Inostrannaia literature, 1965, # 6: 191. 
[9] Zatonskii, op. cit., 193.
[10] Мелетинский, Е. Поэтика мифа. М.: Наука, 1976: 298. 
[11] Guliga, A. “Puti mifotvorchestva I puti iskustva”. Novi mir, # 5, 1965: 217-218.
[12] Burgess, A. Here Comes Everybody: An Introduction to James Joyce for Ordinary Reader. London, 1965: 50. 
[13] Kereni, N. “Prolegomeni”. V knige: Dusha i mif.  Kiev-Moskva, 1997.
[14] Мелетинский, Е. Поэтика мифа. М.: Наука, 1976: 7-11.
[15] Ziolkowski, Theodore. The Novels of Herman Hesse. Princeton: Princeton University Press, 1965: 119.
[16] White, John. Mythology in the Modern Novel: A Study of Prefigurative Techniques. Princeton: Princeton University Press, 1971: 27-28.
[17] Sandulescu, C. G. The Joycean Monologue. Colchester: University of Essex Press, 1979: 142.
[18] თომას სტერნზ ელიოტი: პოეზია და მითოსი. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1991; Mythos and Literary Aesthetics of Modernism. Tbilisi: U of Tbilisi Press, 1998; ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა. თბილისი: უნივერსალი, 2015.
[19] Kobakhidze, Temur. Mythos and Literary Aesthetics of Modernism. Tbilisi: U of Tbilisi Press, 1998: 4; 9-22.
[20] Dneprov, V. Cherti romana XX veka. Maskbva-Leningrad, 1965: 160.
[21] Dneprov, Op. cit., 160.
[22] Kobakhidze, Temur. Mythos and Literary Aesthetics of Modernism. Tbilisi: U of Tbilisi Press, 1998: 13.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ბადრი ფორჩხიძე - უპიროვნო აზრის გაგება სამყაროს იმანენტურ წესრიგთან მიმართებაში (გერმანული და ქართული ფილოსოფიის მიხედვით) ბადრი ფორჩხიძე - უპიროვნო აზრის გაგება სამყაროს იმანენტურ წესრიგთან მიმართებაში (გერმანული და ქართული ფილოსოფიის მიხედვით) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ზურაბ ხასაია - მითოსიდან ლოგოსამდე ზურაბ ხასაია - მითოსიდან ლოგოსამდე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული თამარ ჩიხლაძე - ფენტეზის პარადოქსი, ანუ ფენტეზი გადაარჩენს ლიტერატურას? თამარ ჩიხლაძე - ფენტეზის პარადოქსი, ანუ ფენტეზი გადაარჩენს ლიტერატურას? ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მეცნიერება / მომხმარებლები გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები ნუგეშა გაგნიძე - ნიცშეს ლირიკა ნუგეშა გაგნიძე - ნიცშეს ლირიკა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge