გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო დარბაისელი - ლექსები



რას გვერჩის, ნეტა, სიყვარული ახალთახალი

რას გვერჩის, ნეტა, სიყვარული ახალთახალი, თითქოსდა გრიგალს კი არ მოჰყვა ამ გაზაფხულზე, ადრე, ოდესღაც ფიცხელ ომში გაწვეულისთვის უღალატობის ფიცი დაგვედოს და დაბრუნებულს დადებული თავის ადგილზე ვერ დავახვედრეთ.

და რით ვიმართლოთ ახლა თავი? - რომ უიმედო ლოდინით დაღლილს მტვერი გვინდოდა გადაგვეწმინდა და სიფრიფანა ფიცი ხელში შემოგვტყდომია?
ან ჩვენ რას ვერჩით ამ ახალთახალს! აქამდე როგორ მოაღწევდა, გზად ტოტი რომ არ ჩამოეტეხა, ის მინდორი არ გადმოევლო, იმ მდინარეში არ შეეცურა, იმ ლაფში რომ არ ჩაფლულიყო, ან ქვრივის ქოხში კუნაპეტ ღამით თავშეფარებულს არ გაეთელა გახამებული თეთრეული ზორბა სხეულით.

რატომ გვაწვალებს შეგუება, რომ ერთმანეთში ახალი კვალი კი არ გაგვყავს, ნასვენებ სახნავს მივუყვებით, ბელტად ვაბრუნებთ წარსულსა თუ წარმოსახულ ნაალერსალებს?
ნეტა დროს ისე მიჰყვებოდეს ადრინდელობა, როგორც შხაპს მისდევს ყველაფერი ნაგუშინდლარი, ან არსებობდეს რაღაც ნათლობა - სასიყვარულო - ხელჩაჭიდებით, ცხვირზე თითებმოჭერილებმა ერთად ჩაყვინთოთ, დინებამ თავზე გადაგვიაროს და ვიშვათ ახალ სპეტაკებად ერთმანეთისთვის.
ანდა ჰაერმა ჩვენთვის თავი გაიგრიგალოს, ორივე ერთად აგვიტაცოს, მთის წვერზე დაგვსვას, ფეხქვეშ ქვეყანა ჭრელა-ჭრულად გადაგვიშალოს, გამოგვითიშოს ვარსკვლავები, მთვარესაც ცოტა ჩაუწიოს, თავქვეშ ღრუბელი ამოგვიდოს და დაგვახუროს მრავალკეცი ნისლის საბანი.

ან ცეცხლი ენთოს, ერთად შევიდეთ, იქ დასაწვავი დაიფერფლოს, ორთავეს გარსი შემოგვეცალოს, გამოვაღწიოთ, შეტყუპებულნი ვეღარაფერმა გაგვაცალკეოს.

ან მიწა იყოს, დაგვეყაროს და ჩავიმარხოთ ერთმანეთში ჩახლართულები და ერთიანად ამოსუნთქვის ძალი მოგვეცეს და მიწის პირზე ისევ ერთად ამოვაღწიოთ, ფეხი დავკრათ და ავსრიალდეთ ლაჟვარდებისკენ.
რა პატარაა და უმწეო ყველაფერი, რაც დაბლა რჩება!

ამბობს: - ვიკმაროთ, რაც აქამდე ვიყოყმანეთო.
ამბობს, რომ ეყო, რაც უჩემოდ დღემდე უვლია.
რა გახდა ერთი დღის გაძლება უერთმანეთოდ!
ვიდრე გვერჩის და და ვიდრე ვერჩით - სიყვარულია!



ბებრის ყვავილობ

არც მე ვარ მონაზონი და არც ის არა ჰგავს მწირს.
გავჭრილვართ მონაზომიდან და ერთმანეთი გვჭირს.

ორივემ ვიცით, რა გვინდა. არ ვეჭიდებით ხავსს.
მას უხარია, რომ ვყავარ, მე მიხარია, მყავს!

აღარც მახსოვხარ, არც გნატრობ, აღარც წარსული მწამს..
ეგ ჩრდილი რაღად ეცემა ყველა ბედნიერ წამს?

თქვენ ორში ნეტა მესამედ ყოფნა რგებია ვის?
ან ცრემლის ყლუპი რად მახრჩობს, მე, გადამცურავს ზღვის.

ღმერთო, ვის ვისი სული და ვისი სხეული სურს,
ვინ - ვისთვის ცოცხლობს, ვინ იცის, ვინ - ვისთვის დალევს სულს.


დასაპეპლ-დაუპეპლავნი
      (ფროიდს)

“ხანდახან სიგარა - უბრალოდ სიგარაა”,
ისე გამეცალა, არ ვიცი, სიქა რაა!

ხანდახან ჩიბუხი - უბრალოდ,  ჩიბუხია,
ფარდას შეფარულმა - ფარდა ჩამოხია!

ხანდახან - ქვაბიც კი, - უბრალოდ, ქვაბია,
და სულ არ ანაღვლებს, ვის სად რა აბია.

ხანდახან ქალიც კი  - უბრალოდ, ქალია,
საწყვილის ლოდინში ვინც ყოფა გალია.

ხანდახან კაციც კი  - უბრალოდ, კაცია
და შენს თავს მოჰკითხე, თუ გაცხელ-გაცია!

ხანდახან სექსიც კი - უბრალოდ სექსია,
ზოგთან სექსს გერჩია, ძაღლები გექსია!

მამალს მოელიან -  უბრალოდ, ქათმები...
მათი შემხედვარე  იცინი, გათბები.

მამალი ცოტაა, დედლები - მეტია,
თავს ყველგან დაიძვრენ (თუკი გაგეტია!),

ხანდახან ოცდება მკითხველთა ერთობა:
ეს ქალი გაგიჟდა? რა თემით ერთობა?

ხანდახან არ ვიცი,  რაა მოთმინება, 
სათქმელი არა მაქვს და მერითმინება.


რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული

რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული, რამდენ ხანს გასძლებს, როდემდე უნდა შეიფარონ ღამის ჩრდილებმა. აშარი ქარიც - თვალმოჭუტვით ექირქილება, ,,მიუწექით! გაწვალდებითო", წასასვლელი კი არსადა აქვს.

ამ დროს რამდენი გულცარიელი ბინა არის ღამის ქალაქში და გასაღები სადმე, კუთხეში უქმად აგდია.
ან ეს ძალა მიზიდულობის! ეს მაგნიტი თუ ანდამატი სისხლშია ნეტა შერეული და სხეულებში მიმოიქცევა თუ კიდევ რაღაც ნაწილია ჩვენს არსებში, ბრძენთაგან ჯერაც მიუგნები, ამოუცნობი - ნდომის, გონების, სულისა და გულის ნაჯერი. რა მოსდის მერე ამ მაგნიტსა თუ ანდამატს, შრება? ილევა? აივსება?

რამდენი წყვილი, ქვეშაგებში მოწრიალე, ზურგშექცევით ჩათვლემას ცდილობს და აღარც ახსოვს, ადრე რომ ასე დაეძებდა სადმე წასასვლელს! 
ან იქნებ სიზმრად ისევ ზეზეულ სიყვარულს ხედავს: ხელჩაჭიდებას, იღლიისქვეშ თავშეფარებას, ელდა-კოცნებს და კოცნა-კვდომებს,
ხოლო ესენი, ღამის ქუჩას შეფარებულნი, ერთმანეთს რომ ასე ეკვრიან, ფრთებს ატოლებენ, რადგანაც განგება, ჩავლილ სიყვარულს თუ ცოცხლები გადავურჩებით, ყოველ ჯერზე ახალ და სხვაგვარ ცალ ფრთას გვარგუნებს, უერთმანეთოდ ვერასოდეს მიწის პირს რომ ვერ გავეცალოთ.

ცალი ფრთა- მეთქი, შაშვის, ბეღურის, გნოლის, გედის... აქა-იქ ქორის ან ფასკუნჯისაც გამოერევა და შენი ფრთის ცალს თუ ვერ ეწევი,  აიწევი და დაცემამდე დაილეწები. 
(დედამიწაზე სიცოცხლე რომ არ გადაშენდეს, ღვთიურ მარაგში ძირითადად შინაური ფრინველების სანდო ფრთებია).
წყვილი იყოს და ფრთა იყოს და ნუღარ დავეძებთ!

როგორ ეკვრიან!
გაეცალეთ, გაეცალეთ შეყვარებულებს, ვიდრე ასეთი სიყვარულია!
გააღეთ ყველა დაგმანული კარი, ფანჯარა
და ყველა მდელო იყოს ლბილი, იყოს ნელთბილი,
თორემ ეს ღამეც ჩაივლის და
ეს სიყვარულიც ჩაივლის და
სიტყვაც ჩაივლის
და ღმერთმა იცის, რა გათენდება




ჩემი პირველი სიყვარული მესიზმრა წუხელ

ჩემი პირველი სიყვარული მესიზმრა წუხელ
და ისევ ისე დავუგრილე ცხელი ტუჩები...
მის ვინაობას ახლა ვინმეს როგორ გავუმხელ,
მხოლოდ ვიხსენებ, მოგონებით განაყუჩები,

როგორ უყვარდა ჩემს კალთაში თავის ჩადება,
როგორ მიყვარდა მის წარბებზე თითის სრიალი.
სხეულში ლტოლვა უეცარი რომ იბადება,
აბრიალდება ისევ ვნების ციური ალი!

სად არის ახლა? ალბათ უკვე არც ვაგონდები
ან ვაგონდები, მაგრამ სხვისი ფიქრი ერევა;
შემოეხვია წარსულს ჩვენსას კვამლის ბლონდები,
იმ სხვას დაერქვა სიცოცხლე და ბედნიერება.

არაფერია დასამალი ან საკვირველი,
არაფერია არც სარკვევი ან დასასკვნელი:
ჩემი ყოველი სიყვარული - იყო პირველი.
და ამავე დროს, ყველა იყო - უკანასკნელი.




ორი დილისპირული
ა. ეროტიული დილისპირული

მე მიყვარს, როცა
ვწევართ ასე
თავფეხშექცევით.
გამეღვიძება და
შენი ცერის ფართო ეკრანზე
აინთებიან შორს გადამფრენი წეროები
და უცხო ცები.

აი, მე და შენ!
რანაირი ვჩანვართ შორიდან.
აი, შევდივართ
მარტოდმარტო
უსიერ ტყეში.
ხელის ფათურით შენ დაეძებ ჩემთვის
სოკოებს
და მძიმდება ჩემი კალთა
პოვნის აზარტით,
აღტაცებით,
ან იქნებ - შხამით?

რამ დააწყვილა ასე შიში და ნეტარება,
ან გული ჩვენი სულ აკრძალულს
რად ეტანება,
ან ასე მკაცრი რატომ არის
ღვთის ნება ნეტა,
შენ მოგროვება გიწერია და მე - ტარება?

ვერც საკუთარ თავს, ვერც ერთმანეთს
ვერ გავექცევით,
დავრჩეთ, ძვირფასო, სამუდამოდ
თავფეხშექცევით!


ბ. მაგიური დილისპირული

ღამე - დადუმებული,
გული - დაღამებული.
ვერ დადგება წაუსვლელად
ჩემი შეყვარებული.

რა მიშველის?
თეთრი დანა.

თეთრი დანა, შავი ტარი,
თეთრი ხელი, შავი მური,
ხელისგულზე - ჯვარი,
ჯვარი - გზაჯვარედინი.

მარჯვნივ წავიდეს - წყალში შევიდეს,
თევზი დაიხრჩოს, ეს - გამოვიდეს,
მარცხნივ წავიდეს - ცეცხლში შევიდეს,
რკინა დაიწვას, ეს - გამოვიდეს,
წინ წავიდეს - კლდეს შევიდეს,
კლდე გაიპოს, გამოვიდეს,
დაბრუნდეს და გაიხაროს!

ცაზე მიდის თეთრი კრავი,
კრავს დახვდება კარავი,
იმ კარავში - არავინ,
კიდობანი ოქროსი,
კიდობანში - მანანა,
ფიცარი და კვერთხი,
სასარკმლეში - საკმელი,
სასანთლეში - სანთელი,
საგულეში - გული!

დილა გაღიმებული,
ჩიტი - ამღერებული,
ასემც ხარობს,
ასემც ლაღობს
ჩემი შეყვარებული!

ამინ!
ამინ!
ამინ!



ტაძრის მეძავი
(ციკლიდან - ‘’ეროტიზმი ბიბლიაში’)

რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი,
კაცად ივარგე, არ ვიყავი ქალად მეც ავი.
იამე ჩემგან, დამეთხოვე მე გულმომბალი.
ერთი  ბეჭედი, თოკი ერთი, ერთიც კომბალი -
ეს დამიტოვე, იმ თხის ნაცვლად,  შენ რომ დამპირდი:
კდემამოსილი  უცებ  როგორ გავპირდაპირდი!
მე მუცლად ვიღე  ძენი შენი, ტყუპი გიშობე,
ჯიშიანისა  -  ჩანასახნიც მარად ჯიშობენ.
სხვა გებადება, თუკი ძენი დაგეხოცება,
მახსოვს გვიანი შფოთი შენი და გაოცება.

რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი,
მამის კარს ვიდექ, დამრჩა მატყლი დაუჩეჩავი,
არც ქმარი მყავდა, აღარ შემრჩა აღარც ონანი,
გზად მოდიოდი, მოგყვებოდნენ მწყობრად მონანი,
ვერ გაიმეტე შვილი შენი, ის,  უცოლო და
არ მოინდომე კაცდანატრულს  ქმრად რომ მწოლოდა.
თავადაც იცი, არ იყავი ჩემთან მართალი,
მე სად მეპოვა  გზანი იგი, მეომართანი!

ბევრიც მეძებე, ვერ მიპოვე ტაძრის მეძავი,
გემალებოდი გამხელამდე,  შენზედ მესავი.
როდესაც ტყუპი იბადება ღმერთს მინდობილი,
ვინ გაარჩიოს,  რომელია პირველშობილი.
ძაფმა რა იცის,  რომელია  მემკვიდრე იგი,
როგორ მოერგოს მას საუფლო წესი და რიგი!
ქმარი ხარ ჩემი, მამამთილო, ასე გვერგუნა,
ცოლურად უნდა გემსახურო რადგან  ერთგულად.
გაქრება ჟამი, არ დაიცდის ჩვენთან ფრთამალი,
რაღაა უკვე საჩუმათო და დასამალი!
სვეტზე ნათელზე აელვარა ჩვენმა ცამ ალი,
გულის წყლულისა მოგვივლინა იგი წამალი.

მეძავად მთვლიდი, შემომხსენი წელზე ქამარი
შენ ხარ იუდა,  მე - მართალი შენთან -  თამარი.
გიშობე  ჯიში, მე მტერთაგან დაულეწავი.
რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი…
ტაძრის მეძავი!


მარინა?! - ჩვენი, პლეხანოველი
(მინი პოემა)

1.

მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ.
ამას რას ვამბობ,
არასოდეს დაგინახივართ?!
ვერც დამინახავთ!

მე ის ქარი ვარ,
ის ქართველი,
საქართველოში
სულ უმიზეზოდ  შუაღამის ქალაქში რომ ამოვარდება.
მე ვარ ის ქარი და კიდევ  სხვები - მომრავლებული ჩემისთანები,
და იმიტომაც ვუბერავთ ასე გამწარებით, თითქოს ეგ ყოფა გვინდა ძირიდან ამოვაგდოთ,
მერე ვნაზდებით,
ვეალერსებით
მოკლე ყუნწებზე მოქანავე ფოთლებს, კენწეროს,
მტვრიან ნაყოფებს  და ამ ალერსში გამოვილევით
და ასე  ვქრებით
ასე ვკვდებით ყოველღამე,
გათენებამდე.

2.
მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და
რუსთაველზე რუსთაველს ვეძებ.
ნუ იცით ხოლმე, ჟურნალისტებო,
სადაც რაიმე სახასიათოს გადააწყდებით, ზედ რომ აცხრებით.
გმირის შექმნა გსურთ ვინმე საწყალი მოკვდავისაგან,
ხოლო ისინი, ნამდვილები, 
უკვდავები,
გმირადწასულნი,
ან გმირადმყოფნი,
გმირადგამძლებნი - გვერდზე გრჩებიან.
მარინა გმირი არ ყოფილა,
მოკვდავი იყო,
სულიერად ავადმყოფი და
საკუთარი შეშლის მიზეზი
მოჩვენებითი ჭკვიანობისას  თუ ჭკვიანობის ფაზებისას სხვაგან
და სხვაგან მონაყოლი იმდენი ჰქონდა, 
იმდენნაირი ვერსია იყო გავრცელებული,
რომ სხვებს კი არა,
ბოლოს თვითონვე ერეოდა და
ის ერჩია, ყოველ ჯერზე ახალი  და ცინცხალი ეთქვა.
იმის შესახებ სინამდვილე მე ვიციო,
მე კი არა და განა ვინმეს დაეფიცება?

3.

ჰო,  ახალგაზრდას სულ აქტრისა მარგარიტას მეძახდნენო
და  არა მარტო  იმას ბაძავდა,
თუ  კარგად იყო,
სულ  ცოცხალი ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში -
გაზაფხულობით - ყოჩივარდები,
მერე ვარდები, მიხაკები,
ქრიზანთემები.
ტაქსისტებისგან გამიგია,
ყოველდღე ადის  სულ სხვადასხვა სასაფლაოზე
და  თაიგულებს იქ იპარავსო.

იმ ჩვენს მარინას
პირისკანი ხომ თეთრი ჰქონდა,
“პუდრა-ფისოთი” მრავალგზისად გადაფეთქილი,
როგორც აქტრისა მარგარიტას,
მკვეთრად მოხაზულ შავ თვალ-წარბს ქვემოთ
ღაწვები მაინც  მოუჩანდა მოვარდისფერო.
ჩაცმა უყვარდა გემოვნებით,
გაზაფხულობით -  მოფრიალე ჭრელი კაბები
ან მუქ კაბაზე ჟაკეტი ვარდისკოკრებიანი,
და ზამთარ-ზაფხულ,
პომადა  - სწორად გადასმული - ახლად მოწეულ ალუბლისფერი
და ნაზკანიან, მოვლილ თითებზე - კარგი ბეჭდები და  ალისფერი მანიკური,
ზამთრობით -  შავი კარაკული და  რედიკული,
რედიკულში - ბლომად ფულები, სულ ქაღალდისა,
საიდანაო?
თბილისელი შავობა  და მოძველბიჭო ხალხი ჩუქნიდა.

4.

დილა-საღამოს,
დღეში ორჯერ,
წლობით რომ ნახავ ჩვენს მარინას,
გაუჩერდები,
დაუდგები,
რაღა ჭკუა მოგეკითხება!
მართლა რა გოგო ვიყავიო, ნეტა იცოდე,
თუ სადმე დიდი პოეტი იყო
ლექსებს მიძღვნიდა და
თავს იკლავდა, 
მერე იმ ლექსებს  სხვები  მპარავდნენ, ითვისებდნენო,
ერთმა ასეთიც დამიწერაო:
“მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მიყვარხარ ძილში, ცხადში…”
და მთელი ლექსი გამოთქმით მითხრა. პეტეფის ცნობას რა უნდოდა,
მაგრამ გავჩუმდი,
პოეტი გვარად ჩხიკვაძეაო,
როდესაც მითხრა.
მერე უბეში ხელი ჩაიყო,
წვრილად ნაკეცი,
გაცრეცილი ფურცელი  მომცა და რომ გავშალე,
რაღა თქმა უნდა, ლექსი გამოდგა,
სულ კლიშეები, კლიშეები…
აკროსტიხში  კი იკითხებოდა:
,,მარინა მიყვარხარ შენ”.
დასაწყისი ახლაც  კი მახსოვს:
“მე ვინც მიყვარს, სხვისი საკოცნელია,
არ ვახსოვარ, სიყვარული  ძნელია”
ვაქე და ვაქე,
ძველ ნაკეცებზე გადაკეცა  ისევ ფურცელი და უბიდან  ლიფქვეშ  ჩაიდო.

როცა ურევდა, 
თვითონ ყვებოდა,
სადგურზე, სადმე
სასტუმროს ნომერს ავიღებო,
კაცს  შევიტყუებ,
გავატიტვლებ,
ფულს ამოვაცლი,
მერე  შარვალს და მთელ ტანსაცმელს
შიგ ჩავუყრი წყლიან ვანაში,
ანდა ფანჯრიდან გადავუყრი,
გამოვექევი,
მერე მეძებონ,
ნახონ, ერთი, როგორიაო,
და თუ თავისი ბოზობის ამბავს  ხითხით- ხარხარით
მთელ ქვეყანას არ უყვებოდა,
იდგა წყნარად და აქტრისასავით პოზირებდა,
იღიმებოდა.

5.

აბა ვის ახსოვს,
სადმე, თბილისურ რესტორანში
გალიცლიცებულ ღვინიან ჭიქას
ხელის ზურგზე რომ დაიდგამდა,
სულ გამოცლამდე ჰაერში როგორ ატრიალებდა,
რამდენი ჭიქა გაგვტყდომია შინ ვარჯიშისას!
მერე პლატმასზე გადასულებს ცოტა დაგვღვრია?
- ეს კითხვა ყველას არ ეხება,
ჩემებს ვგულისხმობ,
დანარჩენები ამას როგორ გააკეთებდნენ!

საღამოობით - კინო უყვარდა, ზოგჯერ თეატრიც, ფილარმონიაც.
კინო “სპარტაკში”ან “რუსთაველში”
იდგა სეანსის  დაწყებამდე
თავდაჭერილად და დაბალ ხმაზე  მობაასეს თუ ვერ იცნობდი,
გაიფიქრებდი,
ეს დახვეწილი ქალბატონი,
სანდომიანი,
რა იქნებოდა, ამდენ სუნამოს არ ისხამდესო.
დარბაზში შუქი ჩაქრებოდა და დასჭექდა:
- მიდით, ბიჭებო, მომენტიაო!
- გოგოებო, აბა, დროზე, პირები  კარგად დააღეთო!

წივილ-კივილი უნდა გენახათ!
ჰოდა, იმასაც ეს უნდოდა,
ათას რამეს,
უარესზე უარესსაც ზედ უმატებდა.
ხოლო ბიჭები ამხნევებდნენ უგოგოებო:
- მიდი, მარინა, ეგრე, მიდი!
წყვილები - წყნარად  დარბაზიდან იპარებოდნენ.
მილიცია კი,  დღეს პოლიციად რომ იწოდება,
როგორც ყველა  ტრივიალურ დეტექტივშია,
თითქოს ახლა-ღა გაიღვიძაო,
მომთავრებულზე გამოჩნდებოდა:
- აბა, რა მოხდა!  მოქალაქენო, მილიციაში წამობრძანდით და ვისაც გნებავთ,
განცხადება დაგვიწერეთო!
  ვინ გაჰყვებოდა!

6.
იმ დროს მე ახლოს ვმუშაობდი და დღეში ორჯერ, - ტრანსპორტიდან და ტრანსპორტამდე 
სოლოლაკში გზაჯვარედინზე უნდა გამევლო.
ხოლო ის  იჯდა ზამთარ- ზაფხულ, უკვე აღარ იგინებოდა.
იჯდა თავისთვის, დარდიანი,
თითქოს ამბობდა:
მარჯვნივ წახვალ - დაიკარგები,
მარცხნივ წახვალ- დაიღუპები,
გაბრუნდები და  ეს ყველაფერი იგივეაო.
  მეუბნებოდა, დღეს პურის ფულიც ვერ ვიშოვეო,  რა მეშველება, როგორ ყველა  დამეხოცაო,
ცოცხლებიც სადღაც დამეკარგაო!
გამვლელ- გამომვლელს თავისი თავი გასჭირვებოდა.
გოგო ხომ კარგად გავათხოვე, მდიდარი სიძე გამომადგა, თანა ჰყვებაო, ახლა
დისშვილი ჩამომივიდა, ორი პატარა ბავშვი ჰყავს და სამსახური ვერ უშოვია,
ჩემთან ცხოვრობენ,
სახლში მშივრები მელოდებიან, ხელცარიელი, აბა,  როგორ წავიდეო.

7.
ერთ დღესაც, უკვე ბინდდებოდა, გამომიჭირა, 
ის ტაბურეტი  მეპურესთან შემანახინა,
კაკოს ვირივით წამომკიდა ფუთა- პარკები,
ვერც ვერაფერი გავაჩერეთ,
კამოს ქუჩამდე  სვენებ-სვენებით მიმაზიდინა.

მაინც რა არის ადამიანი!
გულში ვფიქრობდი,
ის ხომ მაინც მეცოდინება, სად ცხოვრობს- მეთქი.
კამოს ქუჩაზე იყო რაღაც საავადმყოფო,
ეს ყველაფერი  პირველ სართულზე შემატანინა და სულის მოთქმაც არ დამაცალა, 
შევარდა სულმთლად უმადლობოდ.

შემდეგი უკვე  გაუპარსავი დარაჯისაგან:
დიდი ხანია მაგას ასთმა აქვს, 
მერე ეგ ფეხიც მოიტეხა და არ ურჩება,
რაც თავი მახსოვს, აქა ცხოვრობს,
მიმღებში სძინავს  კოიკაზე,
რასაც შოულობს -  ავადმყოფებს და სანიტრებს აჭმევს.
დღეს რომ ძალიან დააგვიანდა,
მაგის ლოდინში ხალხი შიმშილით დაიხოცაო…


8.

მე ხომ ქარი ვარ, ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და
სოლოლაკში, სადაც პურის მაღაზიაა,
ანდა იყო,
ლერმონტოვისკენ,
ვიცი, ჩავივლი და იქ დამხვდება,
შუა ქუჩაში,
ტაბურეტზე,
ფეხმოტეხილი, 
შემცივნული,
ტანშეფუთნული,
თავისი ჯოხით ებონიტის ძაღლისთავათი, 
და მეტყვის ისევ:

- მაინც საქმე არაფერი გაქვს,
მოდი, მიშველე და გამყიდველთან შენახული ჩემი ფუთები  პლეხანოვზე
წამაღებინე!
და  ძველებურად დავიზურგები კაკოს ვირივით
ან
- შენ რა კარგი სუნი აგდის,
გეხვეწები, დუხი დამასხი.
მომე ეგ ბოთლი,  სულ ჩემი იყოს!
უცებ სიცილით გამომტაცებს,
ჩაბღუჯავს და  არ დამიბრუნებს.

მერე ქვეყანა სულ აირია.
მე აღარ ვიცი, როგორ მოკვდა,
ვინ უპატრონა, ვინ დაიტირა,
ნეტა დაწვეს თუ სამარეშია დღეს მარინა, 
ან რას მოველი,
ვისზე მგლოველი?
უკვე აივსო მკვდართა ველი,
ქრება ყოველი,
გაქრა მარინაც
ვინ მარინა?!
- პლეხანოველი!
ერთი შეშლილი,
ფსკერის  ლექი, განა ფერია!
ამ ცხოვრებაში კარგად  უნდა მიმოიხედო,
ყველაფერს ნახავ, 
შესათხზავი - არაფერია.

შენ, ბედო ჩემო,
რად დამიგე მახე, ტიალო?
როდემდე გინდა,
რუსთაველზე მახეტიალო!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge