ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
02 იანვ 21:13ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ჩემი სათაურის ულისე წარმგზავნის ჯეიმს ჯოისთან და არა ჰომეროსის იმ ეშმაკ, ზღვის ქარებით დევნილ პერსონაჟთან, რომელიც ტყუილებისა და ვერაგობის მეშვეობით ყოველთვის ახერხებდა თავიდან აეცილებინა ადამიანთა და ღმერთების ხელისაგან დაღუპვა და რომელიც ხანგრძლივი მომქანცველი მოგზაურობის შემდეგ მაინც დაბრუნდა მშობლიურ ოჯახში. ჯოისის ულისე, თავისი უძველესი სეხნიისაგან განსხვავებით, წარმოადგენს პასიურ, წმინდად მჭვრეტელურ ცნობიერებას, როგორც უბრალო თვალი, ყური, ცხვირი და პირი, გრძნობადი ნერვი, რომელსაც არ აქვს არჩევანი და დგას თვითნებურად მძვინვარე, ქაოტურ, ლუნატური კატარაქტის ფიზიკური სამყაროსა და ფიზიკური მოვლენების წინაშე, რომელთაც იგი ფოტოგრაფიული სიზუსტით არეგისტრირებს.
„ულისე“ - შვიდას ოცდათხუთმეტ გვერდიანი წიგნი, დროის ნაკადის სიგრძით შვიდას ოცდათხუთმეტი დღის, სინამდვილეში ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებიდან ერთი - ერთადერთი უსახო დღის შემცველი, არაფრად ყურადსაღები 1904 წლის თექვსმეტი ივნისის ქალაქ დუბლინში - დღე, რომლის მანძილზედაც, გულახდილად თუ ვიტყვით, არაფერი არ ხდება. ნაკადი წარმოიშვება არსაიდან და მიედინება არსაით. შესაძლებელია, ეს მხოლოდ ერთ-ერთი წარმოუდგენლად გრძელი და რთული სტრინბერგული სენტენციაა ადამიანური ცხოვრების არსის თემაზე - სენტენცია, რომელიც, მკითხველის გასაოცრად, არც კი იქნა დასრულებული? შესაძლებელია, იგი დაკავშირებულია არსთან, მაგრამ უსათუოდ ასახავს არსებობის ათიათასობით ფასეტს და მათ ასიათასობით ფერთა იერს, რამდენადაც მე შევამჩნიე, ამ შვიდას ოცდათხუთმეტ გვერდზე არ არის გამეორებები და არ არის უმცირესი კუნძული, რომელზედაც მრავალტანჯული მკითხველი დასვენებას შეძლებდა; არ არის ადგილი, სადაც იგი ჩამოჯდომას შეძლებდა და მოგონებებთან ერთად დალევდა და კმაყოფილი თვალით გადახედავდა გავლილ გზას, დაე, თუნდაც ას გვერდზე ან ნაკლებზეც კი. შესაძლებელი რომ ყოფილიყო მოძიება თუნდაც პაწაწინა საერთო ადგილისა, რომელიც თვალს მოხვდებოდა, მაშინ, როდესაც მას არ მოელი! მაგრამ, არა! ულმობელი ნაკადი დაუსვენებლად უფრო შორს მიედინება და უკანასკნელ ორმოც გვერდზე მისი სიჩქარე და სიმკვრივე იმდენად მატულობს, რომ პუნქტუაციის ნიშნებსაც კი წარეცხავს. აქ სულის შემხუთველი სიცარიელე ხდება ისეთი აუტანელი, რომ აღწევს ფეთქებად ნიშნულს. ეს აბსოლუტურად უიმედო სიცარიელე დომინანტურია მთელი წიგნისათვის. იგი არა მხოლოდ იწყება და მთავრდება არარაში, არამედ შედგება მარტოოდენ არარასაგან.2 აქ ყველაფერი - ეშმაკისეული უაზრობაა. ნაწარმოები, როგორც ტექნიკური სრულყოფილების ნიმუში, დიდებულია და იმავდროულად ის ინფერნალური მონსტრია.3
ბიძა მყავდა, რომლის აზროვნებაც გამოირჩეოდა კონკრეტულობითა და საგნობრიობით. ერთხელ ქუჩაში გამაჩერა და მკითხა: „თუ იცი ჯოჯოხეთში ეშმაკი როგორ ტანჯავს ადამიანსო?“ როცა ვუპასუხე - „არა“, ბიძამ თქვა: „იგი მათ ლოდინს აიძულებსო“. შემდეგ შებრუნდა და გზა განაგრძო. ეს შენიშვნა გამახსენდა, როდესაც პირველად ვძვრებოდი „ულისეში“. თითოეული წინადადება ბადებს შეგრძნებას, რომ იგი დასრულებულია; ბოლოს და ბოლოს, წმინდა პრინციპისაგან წყვეტთ რაიმესადმი მოლოდინს და თქვენდა საუბედუროდ თქვენ ხვდებით, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს არსი. სინამდვილეში არაფერი არ ხდება, აქედან არაფერი არ გამომდინარეობს,4 და უიმედო ბრძოლაში დაკარგულ ფარული მოლოდინის მკითხველს გვერდიდან გვერდისკენ დაატარებს. არაფრის შემცველი შვიდას ოცდათხუთმეტი გვერდი უეჭველად წარმოადგენს სუფთა ფურცელს და მიუხედავად ამისა, იგი მჭიდროდაა დაფარული ტექსტით. თქვენ კითხულობთ, კითხულობთ, კითხულობთ და თვალთმაქცობთ, რომ თითქოსდა წაკითხული გაიგეთ. დროდადრო თქვენ ვარდებით ახალ შემოთავზებულ ჰაეროვან ორმოში, მაგრამ სრული დაბნეულობის მიღწეულმა დონემ გაგხადათ ყველაფრისათვის მზად. ამგვარად წავიკითხე 135 გვერდამდე, გზაზე ორჯერ ჩავიძინე და მივედი სრულ სასოწარკვეთილებამდე. ჯოისური სტილის მრავალმხრიობას მივყავართ მონოტონურობისა და ჰიპნოზის ეფექტამდე. არაფერი არაა მკითველისკენ მიბრუნებული, მისგან ყველაფერი ზურგშექცეულია და მას ხავსზე ჩაჭიდება უწევს. წიგნს მივყავართ მაღლა და შორს, თავისთავად უკმაყოფილო, ირონიული, გესლიანი, მოწამლული, დამცინავი, ნაღვლიანი, სასოწარკვეთილი და უბედური. იგი უდიდესი დამღუპველობით თამაშობს მკითხველის სიმპათიებზე, ვიდრე არ ჩაერევა კეთილმოსურნე ძილი და ბოლოს არ მოუღებს იმ ენერგეტიკულ ძარცვას. როგორც იტყვიან „წიგნზე ჯეროვნად პატივის მიგებისათვის“, რამდენიმე გმირული მცდელობის შემდეგ, 135 გვერდამდე მიღწევისას, მე ჩავვარდი ღრმა ბურუსში5 და როდესაც რამდენიმე ხნის შემდეგ გავიღვიძე, ჩემმა ვარაუდმა შეიძინა ისეთი სიცხადე, რომ წიგნის კითხვა დავიწყე პირუკუ მიმართულებით და ეს ხერხი არც თუ უარესი აღმოჩნდა ჩვეულებრივთან შედარებით; წიგნის წაკითხვა შეიძლება ბოლოდან დასაწყისისაკენ, ვინაიდან მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული, არც თავი და არც ბოლო. ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო მანამდე და შეიძლება მოხდეს შემდეგაც.6 ყოველგვარი საუბარი თქვენ შეიძლება თანაბარი კმაყოფილებით წაიკითხოთ ბოლოდან წინისაკენ, ვინაიდან კალამბურების არსი მაინც გასაგები რჩება. თითოეული წინადადება - კალამბურია, მაგრამ ერთად აღებული უაზრობაა. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეჩერდეთ წინადადების შუაში და მოგეჩვენებათ, რომ მის პირველ ნაწილს თავისთავად აქვს აზრი. მთელი ნაწარმოები გვაგონებს შუაზე გაჭრილ ჭიას, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ამოეზარდოს ახალი თავი ან ახალი კუდი.
ჯოისის აზროვნების ეს განსაცვიფრებელი და შემზარავი თვისება გვკარნახობს, რომ ეს ნაწარმოები უნდა მიეკუთვნებოდეს ცივსისხლიან ცხოველთა კლასს, განსაკუთრებით ჭიათა ოჯახს. ჭიები რომ დაჯილდოებულნი იყვნენ ლიტერატურული უნარებით, ისინი დაწერდნენ, ტვინის არ ქონის გამო, სიმპათიური ნერვული სისტემით.7 ამ დროიდან დგება ფსიქიკური და ვერბალური ავტომატიზმის სიჭარბე და სრული უგულვებელყოფა ყოველგვარი ინფორმაციული აზრის. ეჭვი მაქვს, რომ რაღაც ამგვარი დაემართა ჯოისსაც და რომ აქ გვაქვს შემთხვევა პერიფერიული აზროვნების8 ცერებრალური აქტივობის მკაცრი აკრძალვითა და პერცეპციის პროცესით მისი დამორჩილების. ძნელია აღტაცებული არ იყო ჯოისის გმირობით აღქმის სფეროში - რასაც იგი ჭამხ, ხედავს, ესმის, შეიგრძნობს გემოს და სუნს, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად, სწორედ რომ განსაცვიფრებელია. ჩვეულებრივი მოკვდავი, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი არის სპეციალისტი პერცეფციის სფეროში, ჩვეულებრივ შეზღუდულია ან შინაგანი სამყაროთი ან გარეგანით. ჯოისისთვის ორივე ცხადია. დუბლინის ქუჩათა ობიექტური პერსონაჟები შეფუთულნი არიან სუბიექტურ ასოციაციათა გირლიანდებით. ობიექტური და სუბიექტური, გარეგნული და შინაგანი ისე მრავალჯერ გადაიხლართება, რომ საბოლოო ანგარიშით, მიუხედავად ცალკეულ სახეთა სიცხადისა, ძნელია გაიგო, საქმე გვაქვს ფიზიკურ თუ ტრანსცენდენტალურ ლენტურ ჭიასთან.9 ეს უკანასკნელი თავისთავად წარმოადგენს ცოცხალ კოსმოსს და საოცრად პროდუქტულია; ეს, როგორც მე მგონია, არც თუ ისე სიმპათიური, მაგრამ დამაჯერებელი სახეა ჯოისისეული მძაფრად მზარდი თავების. მართალია, რომ ლენტურ ჭიას შეუძლია რეპროდუცირება მხოლოდ ლენტური ჭიის, მაგრამ ისინი წარმოიშვებიან ურიცხვი ოდენობით. ჯოისის წიგნი შეიძლება ყოფილიყო ათას ოთხას სამოცდაათ გვერდიანი ან უფრო მეტიც, მაგრამ ეს არ გამოიწვევდა მისი უსაზღვროების შემცირებას, ხოლო არსი კვლავ გამოუთქმელი დარჩებოდა. მაგრამ აპირებს კი ჯოისი გამოთქვას არსი? აქვს კი აქ არსებობის უფლება ამ ძველმოდურ შეხედულებას? ოსკარ უაილდ ოდესღაც ამტკიცებდა, რომ ხელოვნების ნაწარმოები საკუთრივ წარმოადგენს რაღაც უსარგებლოს. დღეს ფილისტერიც კი არ დაიწყებდა ამაზე კამათს, თუმცა სულის სიღრმეში იმედოვნებდა იმაზე, რომ მხატვრულ ნაწარმოებში დაფარულია რაღაც „არსი“. სადაა იგი ჯოისთან? რატომ არ გამოთქვამს იგი მას ღიად? რატომ არ გადასცემს იგი მას მკითხველს გამომსახველობითი ჟესტით - „პირდაპირი გზით, სადაც სულელსაც კი არ ერევა გზა“?
დიახ, ვაღიარებ, რომ გამაპამპულეს. წიგნი ჩემთვის ნახევრად გაუგებარი დარჩა, მასში არაფერი მისაღები ან ჩანდა, ეს კი მკითხველში წარმოშობს საკუთარი თავისადმი გამაბეზრებელი არასრულფასოვნების შეგრძნებას. როგორც ჩანს, ჩემ სისხლში იმდენი ფილისტერულია, რომ გულუბრყვილოდ ვვარაუდობდი რაღაცის არსებობას და რომ წიგნს სურს მითხრას რაღაც და გასაგები - ლიტერატურულ ნაწარმოებზე პროეცირებული მითოლოგიური ანთროპომორფიზმის სამწუხარო შემთხვევა. წიგნი კი უდაოდ - გულისხმობს ჩახატვას დამარცხებული ჭკუადაკარგული ინტელიგენტი მკითხველის, რომელიც, სიტყვამ მოიტანა, არც თუ ისე სრულია (იზიდავს ჯოისის მკვეთრი სტილის გამოყენებისაკენ). რა თქმა უნდა, რომანს აქვს შინაარსი, ის რაღაცას წარმოადგენს; მაგრამ ვეჭვობ, რომ ჯოისი არაფრის „წარმოდგენას“ არ აპირებდა. წარმოადგენს კი იგი თავად მას - შეიძლება იგი განმარტავს მის სოლიფსიტურ იზოლირებულობას, ესაა დრამა მაყურებლის გარეშე, გულმოდგინე სასოწარკვეთილი მკითხველის სრული უგულვებელყოფა? ჯოისმა ჩემში გააღვივა უკეთესი ზრახვანი. მკითხველს ცხვირი არ უნდა ჩააყოფიო საკუთარ სისულელეში, მაგრამ ეს - სწორედ ისაა, რასაც „ულისე“ აკეთებს.
ექიმი, ჩემსავით, მუდმივად დაკავებულია მკურნალობით, თვითმკურნალობითაც კი. გაღიზიანება ნიშნავს: შენ ჯერ კიდევ არ დაგინახავს, რა დგას მის იქით. მაშასადამე, რათა განსაზღვრო ამ გაღიზიანების წყაროები, საჭიროა შეისწავლო ჩვენი ცუდი განწყობილება. მე განვსაზღვრე შემდეგი: ეს სოლიპსიზმი, კულტურული და ინტელიგენტური წარმომადგენლობის მკითხველი საზოგადოების ეს უგულვებელყოფა, რომელიც ცდილობს რაღაცის გაგებას10 და რომლებიც წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე, ცდილობენ იყვნენ კეთილისმსურველნი და სამართლიანი, ზემოქმედებს ჩემ ნერვებზე. აი, ეს მისი აზროვნების მშვიდი გულგრილობა, გამომდინარე მასში ფარული წყალხმელეთობისაგან, ან კიდევ უფრო სიღრმისეული ფენებისაგან - მასში კუჭ-ნაწლავის ფარული ლაპარაკისაგან, ქვის ადამიანისაგან, ქვისრქოსანისაგან, ქვაწვეროსნისაგან, გაქვავებული შიგნეულობისაგან, მოსესაგან, გაქვავებული გულგრილობით მსხვერპლისაკენ, ეგვიპტის ღმერთებისა და მკითხველებისადმიც ზურგშექცეული, რომლითაც შეურაცხჰყოფს მათ კეთილისმსურველ გრძნობებს.
ამ ქვიანი მიწისქვეშა სამყაროდან ამოიზარდა ლენტური ჭიის სახე, აპკოვანის, პერსისტალტიკური, მონოტონური თავის საზარელი ნაყოფიერი ყლაპვით. თითოეული გადაყლაპვა მცირედით განსხვავდება წინარესაგან, მაგრამ მათი არევა იოლია. წიგნის თითოეული ნაწილისათვის, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს იგი, თვით ჯოისი წარმოადგენს ერთადერთ შინაარსს. ყველაფერი ახლებურად გამოიყენება და ამასთანავე რჩება ისეთივე, როგორც თავდაპირველად იყო. საუბარია ბუნებასთან მსგავსებაზე! როგორი არეულდარეული მრავალფეროვნებაა - და როგორი მოწყენილობა! ჯოისის მოწყენილობას გაშმაგებამდე მივყავარ, მაგრამ ეს მომშხამავად საშიში მოწყენილობა, იმაზე უფრო უარესია, ვიდრე იგი, რომელსაც ძალუძს გამოიწვიოს ჩვეულებრივი ბანალურობა. ეს ბუნების მოწყენილობაა, გებრიდის კლდის მწვერვალებზე ქარის უხალისო ზუზუნია, საჰარის ქვიშაზე აისი და დაისი, ზღვის ხმაური - ვაგნერის ნამდვილი „პროგრამული მუსიკა“, როგორც სამართლიანად შენიშნავს კურტიუსი და მაინც უსასრულო გამეორება. მიუხედავად ჯოისის უშრეტი მრავალმხრივობისა, ზოგიერთი თემა მაინც შეიძლება გამოცალკავებულ იქნას, თუმცა, ყოველივეს გათვალისწინებით, ისინი უნებლიედ წარმოიშვნენ. ალბათ, მას არ სურდა მათი გამოვლენა, ვინაიდან მიზეზობრივობისა და დასრულებულობის მის სამყაროში მათ ადგილი არ აქვთ, იქ მათი მნიშვნელობა დაკარგულია; და მიუხედავად ამისა, არსებობა გარდაუვალია, ისინი წარმოადგენენ ყოველგვარ ფსიქიკურ მოვლენათა საფუძველს, როგორადაც არ უნდა ეცადოთ, ჯოისის მსგავსად, თითოეული მოვლენის სულის უკანასკნელ წვეთამდე გამოწურვით. ყველაფერი სულდაცლილია, სისხლის ყოველი უჯრედი გაყინულია, მოვლენები ვითარდებიან ყინულიან ეგოიზმში. წიგნში არაფერი არაა სასიამოვნო, არაფერი გამაცოცხლებელი, არაფერი დამაიმედებელი, მასში არის მხოლოდ ნაცრისფერი, უსიამოვნო, საზიზღარი ან პათეტიკური, ტრაგიკული, ირონიული - ყოველივე ცხოვრების ბნელი მხარეებიდან, ამასთანავე იმდენად ქაოტური, რომ თქვენ მოგიწევთ ეძიოთ შინაგანი კავშირი მაგიური კრისტალის დახმარებით; და თემები მაინც არსებობენ, უპირველეს ყოვლისა ფარული ფორმით, ღრმად პიროვნული წყენით, როგორც ბავშვობის იძულებით წართმევის შედეგი, შემდეგ კი თვით აზრის ისტორიის ნარჩენების სახით, გამოტანილი, უბადრუკი სიშიშვლით, საყოველთაო დათვალიერებისათვის. ავტორის რელიგიური, ეროტიკული და ოჯახური წინაისტორია აისახება მოვლენათა ნაკადის მღვრიე ზედაპირზე და ჩვენ კიდევაც ვაკვირდებით მისი პიროვნების დაშლას ბლუმზე, Phomme moyen sensuel11 და თითქმის ჰაეროვან სტივენ დედალუსს, რომელიც სხვა არაფერია თუ არა გონების სპეკულაცია და თამაში. ამ ორთაგან, პირველს არასოდეს არ ეყოლება შვილი, ხოლო მეორეს არასოდეს არ ჰყოლია მამა.
სადმე, თავებს შორის, შეიძლება არსებობდეს რაღაც პარალელები და ფარული მოწესრიგებულობა - მეტად დიდი ავტორიტეტები დაჟინებით მიუთითებენ ამის შესახებ12 - მაგრამ, ამ შემთხვევაში, ისინი დაფარულია იმდენად ღრმად, რომ მე ვერ შევძელი მათი შემჩნევა; და რომც შემძლებოდა, ეს ფაქტი უმწეო გაღიზიანების მდგომარეობაში, ძნელად თუ მიიქცევდა ჩემ ყურადღებას უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა უბადრუკი ადამიანური კომედიის მონოტონურობა.
1922 წელს მე უკვე დავძლიე „ულისე“, მაგრამ დაბნეულობასა და ფრუსტრაციაში დროებით გადავდე წიგნი. დღეს იგი ჩემში იწვევს ისეთივე სევდას, როგორც ადრე. რატომ მოვკიდე ხელი მასზე წერას? ჩვეულებრივი თვალსაზრისით მე არ მაქვს არგუმენტი ამ საქმის განხორციელებისათვის, ვიდრე სიურეალიზმის ყოველი მაგალითის აღწერისათვის (რა არის „სიურეალიზმი“?). ვწერ ჯოისზე, ვინაიდან გაგებას მოკლებული გამომცემელი აღმოჩნდა საკმაოდ აჩქარებული, ეთხოვა ავტორზე ჩემი აზრი ან უფრო მეტად „ულისეს“ შესახებ, ზრუნავდა რა მხოლოდ იმაზე, რათა შეხედულება ყოფილიყო აშკარა გამოწვევა. ერთადერთი მომენტი, რომელიც დისკუსიას არ ექვემდებარება, წარმოადგენს წიგნის მეათედ გამოცემის ფაქტი და ის, რომ მისი ავტორი ან ზეცამდე აჰყავთ, ან შეაჩვენებენ. იგი ორ მოწინააღმდეგე მხარეთა ცეცხლშუა აღმოჩნდა და ამგვარად წარმოადგენს ფენომენს, რომელსაც ფსიქოლოგია ყურადღების გარეშე ვერ დატოვებს. ჯოისმა შესამჩნევი გავლენა მოახდინა თანამედროვეებზე და სწორედ ეს აღმოჩნდა „ულისესადმი“ ჩემი ინტერესის მიზეზი. თუკი ნაწარმოები დავიწყების ჩრდილში შეუმჩნეველი იქნებოდა, მე, რა თქმა უნდა, არ დავიწყებდი მის არარსისაგან გამოყვანას; მითუმეტეს, იგი ჩემში იწვევს მხოლოდ გაღიზიანებას და პრაქტიკულად კმაყოფილებას არ მანიჭებს. გარდა ამისა, იგი მოწყენილობით მემუქრება, ახდენს მხოლოდ უარყოფით ეფექტს და ვშიშობ, რომ იგი წარმოადგენს ავტორის განსაკუთრებულად ნეგატიური მდგომარეობის პროდუქტს.
მაგრამ, მას ეჭვს გარეშეა ვეკიდები წინასწარგანსაზღვრულად. მე ფსიქიატრი ვარ და ეს კი გულისხმობს პროფესიულ მიდგომას ყოველნაირი ფსიქიკური გამოვლენისადმი. ამის გამო მკითხველი უნდა გავაფრთხილო: საშუალო ადამიანის ტრაგიკომედია, ცხოვრების ცივი და ბნელი მხარეები, სულიერი ნიჰილიზმის მოწყენილობა და უფერულობა მთლიანად მემსახურება არსობის პურად. ეს მოვლენები მაგონებს გაცვეთილ და მომხიბვლელობას მოკლებულ ქუჩის არღნის მოტივებს. ამ კატეგორიის საგნიდან არაფერი არ მიღელვებს გულს და არ მაცბუნებს, ვინაიდან ძალიან ხშირად მიწევს დავეხმარო ადამიანებს გამოვიდნენ მსგავსი სავალალო მდგომარეობიდან. ჩემი მოვალეობაა - განუწყვეტლივ ვებრძოლო მათ და განვიცდი სიმპათიას მხოლოდ იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ზურგს არ მაქცევენ. „ულისე“ კი ზურგს მაქცევს. იგი არა დამჯერია, მას ურჩევნია უსასრულობაში სიარული, ცხვირწინ ისტვინოს თავისი დაუსრულებელი მოტივი, - მოტივი, ჩემთვის ცნობილი - იქეთკენ გამჭიმავი პერიფერიული აზროვნებისა და ტვინის აქტივობის განგრიონალური თოკის კიბის, დაყვანილი წმინდა აღქმამდე. მასში არ არის სინთეზისაკენ უმცირესი მისწრაფება - გასაგებია, დესტრუქცია თავისთავად დაკმაყოფილებულია.
მაგრამ ეს საკითხის უბრალოდ ერთი მხარე არაა - ეს სიმპტომატიკაა! აქ ყველაფერი ცნობილია, ყოველივე ეს - ავადმყოფის აბნეული ბუტბუტი, მინიჭებული ფრაგმენტული ცნობიერება და კანონიერად დატანჯული განსჯის სრული უუნარობით და ღირებულებათა სისტემის ატროფიით. მათ მასში შეენაცვლა გამძაფრებული გრძნობადი აღქმა. ამგვარ ნაწარმოებებში ჩვენ ვხედავთ დამკვიდრებულ გამძაფრებულ ოსტატობას, განცდილ შეგრძნებებზე ფოტოგრაფიულ მახსოვრობას, გრძნობად ცნობისმოყვარეობას, მიმართულს როგორც გარეთ, ასევე შიგნით, მოგონებათა და გულში ჩამარხულ წყენათა სიჭარბეს, ჰალუცინაციურ შერევას სუბიექტურის და ფსიქიკურის ობიექტურ-რეალურთან, წარმოდგენის მეთოდს, დაფუძნებულს არა მკითხველის აღქმაზე, არამედ ნეოლოგიზმზე, ფრაგმენტულ ციტირებაზე, ბგერით-მეტყველებით ასოციაციებზე, უეცარ წარგზავნებსა და სააზროვნო დანაკარგებზე. ჩვენ ასევე ვამჩნევთ გრძნობათა ატროფიას,13 რომლებიც არ აღიძვრიან სამყაროსეული მასშტაბის აბსურდულობითა და ცინიზმით. თვით ადვოკატისთვისაც არ იქნება ძნელი ანალოგიის გავლება „ულისესა“ და შიზოფრენით დაავადებულს მენტალობას შორის. ანალოგია, პირიქით, იმდენად საეჭვოა, რომ მოუთმენელი მკითხველი მაშინვე მოისვრის წიგნს განზე და დასვამს დიაგნოზს: „შიზოფრენია“. ფსიქოლოგისთვის ანალოგია, უდავოდ, საოცარია, მაგრამ იგი ვერ შეძლებს იმ ფაქტის აღუნიშვნელობას, რომ ავადმყოფი ადამიანი კომპოზიციის განმასხვავებელი თვისება, საკუთრივ სტერეოტიპული გამონათქვამები, აქ არ არის. „ულისეს“ რაშიც გინდა შეიძლება ბრალი დასდო, მაგრამ არა აზრის განმეორების მონოტონურობაში. (ამაში არ არის წინააღნდეგობა ადრე ნათქვამთან; საერთოდ ძნელია „ულისეს“ შესახებ რაიმე წიააღმდეგობრივის თქმა). წარმოდგენილი შინაარსიანი და დენადია - ყველაფერი მოძრაობაშია და მუდმივი არაფერი არაა. მთელი წიგნი შექმნილია პერიფერიული ცხოვრების ნაკადზე, რაც დემონსტრირებს მიზანშეწონილობასა და ზედმიწევნით შერჩევას და მიუთითებს მთლიანი პიროვნების არსებობასა და გარკვეულ განზრახვებზე. მენტალური ფუნქციები მკაცრი კონტროლის ქვეშაა მოქცეული; ისინი თავს არ ამჟღავნებენ სპონტანური და აჩქარებული სახით. პერცეფციის ფუნქციებს - შეგრძნებებსა და ინტუიციას - სრული უპირატესობა აქვს მინიჭებული, მაშინ როცა, დისკრიმინირებული ფუნქციები, აზროვნება და გრძნობა შეუპოვრად იგნორირებულია. ისინი ავანსცენაზე ჩნდებიან მხოლოდ როგორც პერცეფციის ერთ-ერთი ობიექტის აზრობრივი შინაარსი. მკითხველს არა აქვს დასვენების საშუალება, დაწესებულს კონტრასტულად წარმოდგენილ ინდივიდუალურ აზროვნებასა და გარე სამყაროს შორის, მიუხედავად ზოგადი ტენდენციისა, მშვენიერების მოულოდნელი დანახვის ხშირი ცდუნებისა. მსგავს თვისებებს არც თუ ისე ხშირად შეხვდებით ავადმყოფებთან. ამგვარად ჩვენ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სახის ავადმყოფთან, მაგრამ ფსიქიატრს არ ჰყოფნის კრიტერიუმები მსგავსი პიროვნების შესაფასებლად. ის, რაც ფსიქიკურ დარღვევად გვეჩვენება, შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქიკური სიჯანსაღის ნაირსახეობა, რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ გაგებას; ის, ასევე, შეიძლება აღმოჩნდეს აზროვნების განვითარების უფრო მაღალი ხარისხის შენიღბულობა.
არასოდეს თავში არ მომივიდოდა „ულისეს“ როგორც შიზოფრენიის პროდუქტად კლასიფიცირება. უფრო მეტიც, ამგვარი იარლიყი არაფერს არ განმარტავს, ჩვენ კი გვაინტერესებს, თუ რატომ ფლობს „ულისე“ აუდიტორიაზე ამგვარი უძლიერესი ზემოქმედების ძალას, იმისდა დამოუკიდებლად, ავტორი წარმოადგენს მაღალი თუ დაბალი დონის განვითარების შიზოფრენიკს. „ულისე“, მთელ მოდერნისტულ ხელოვნებაში, იმსახურებს ყველაზე უფრო პათოლოგიური მოვლენის წოდებას. ყველაზე ღრმა აზრით იგი „კუბისტურია“, ვინაიდან ართმევს რეალობას სინამდვილის ყველაზე უფრო რთულ სურათს და ნაწარმოების ძირითად ტონად აქცევს აბსტრაქტული ობიექტურობის მელანქოლიას - დაავადება კი არა, არამედ ტენდენცია - წარმოადგინოს რეალურობა განსაზღვრული სახით, რომელიც შეიძლება იყოს ან გროტესკულად რეალისტური, ან გროტესკულად აბსტრაქტული. მოცემულ შემთხვევაში შიზოფრენიის კლინიკური სურათი - წმინდა ანალოგია, დაფუძნებულია იმაზე, რომ შიზოფრენიკი წარმოადგენს რეალობას ისე, თითქოს იგი მისთვის იყოს აბსოლუტურად უცხო ან პირიქით, აუცხოებს საკუთარ თავს რეალობისაგან. კლინიკური ავადმყოფის შემთხვევაში, ეს მიდრეკილება არ იღწვის განსაზღვრული მიზნისათვის, მაგრამ წარმოადგენს სიმპტომს, უსათუოდ თანმხლებს პიროვნების ფრაგმენტულ ნაწილებად (რომლებიც ავტონომიურ კომპლექსებს წარმოადგენს) რღვევას. თანამედროვე ხელოვნებაში ეს მოვლენა არ წარმოადგენს ინდივიდუუმის ავადმყოფობას, მაგრამ არის ჩვენი დროის კოლექტიური მანიფესტაცია. ხელოვანი მიჰყვება არა პირად მიზანს, არამედ უფრო კოლექტური არსებობის დინებას, აღმოცენებულს არა იმდენად ცნობიერი სფეროდან, რამდენადაც თანამედროვე ფსიქიკის კოლექტიური არაცნობიერისაგან. იმის გამო, რომ ის კოლექტიური ფენომენია, იგი წარმოშობს ერთნაირ შედეგებს სხვადასხვა სფეროში - ფერწერაში, ლიტერატურაში, სკულპტურასა და არქიტექტურაში. მეტად ყურადსაღებია ის, რომ მოდერნისტული მოძრაობის ერთ-ერთი სულიერი მამა - ვან გოგი - მართლაცდა შიზოფრენიით დაავადებული იყო.
ავადმყოფისათვის, მშვენიერების დამახინჯება და გროტესკული ობიექტურობის მნიშვნელობის ან არც თუ ნაკლებ გროტესკული ირეალობის, წარმოადგენს პირადი რღვევის შედეგს, ხელოვანისათვის კი შემოქმედების მიზანს. იმ აზრისაგან შორს, რომ იგი ცდილობს გამოხატოს თავისი პიროვნების დაცემა, თანამედროვე ხელოვანი შეიგრძნობს თავის ინდივიდუალურობის ერთიანობას რღვევაში. აზრის მეფისტოფელური უაზრობით შეცვლა, სილამაზის - სიმახინჯით, თავის თავში ატარებს მაცდუნებელ მომხიბვლელობას - ესაა შემოქმედებითი მიღწევა, რომლის ხარისხიც მიღწეული არ იყო კაცობრიობის კულტურის ისტორიის ადრეულ მსვლელობაში, თუმცა პრინციპში აქ ახალი არაფერია. შეიძლება სტილის მსგავს ცვლილებას თვალი მივადევნოთ ეხნატონის ეპოქაში, ადრეულ ქრისტიანთა კრავის გონნაკლულ სიმბოლიზმში, პრერაფაელიტთა ნაღვლიანი სახის პერსონაჟებში, საკუთარი ჩახუტებულობით გაგუდულ გვიანდელი ბაროკოს ხელოვნებაში. მიუხედავად ამ ეპოქათა განსხვავებების მათთვის დამახასიათებელია შინაგანი მსგავსება: ეს ეპოქები წარმოადგენენ შემოქმედებით ინკუბატორებს, რომელთა მნიშვნელობა არ შეიძლება სრულყოფილად აიხსნას მიზეზობრიობის თვალსაზრისით. კოლექტიური ფსიქიკის მსგავსი მანიფესტები თავის მნიშვნელობას აღმოაჩენენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ განიხილავენ ფილოლოგიური თვალსაზრისით, როგორც რაღაც ახლის მომასწავებელს.
ეხნატონის ეპოქა გახდა მონოთეიზმის აკვანი, რომელიც მსოფლიოსათვის შემონახულ იქნა ებრაული ტრადიციით. ადრექრისტიანული ერის ინფანტილური სიუხეშე გულისხმობდა არც მეტი, არც ნაკლები, როგორც რომის იმპერიის ტრანსფორმაციას ღვთიურ სეტყვაში. ამ პერიოდში მეცნიერებისა და ხელოვნების უარყოფა წარმოადგენს არა იმდენად ადრეულ ქრისტიანთა ასკეტიზმს, რამდენადაც მათ მნიშვნელოვან სულიერ მიღწევას. პრიმიტივისტი პრერაფაელიტები გახდნენ სხეულებრივი სილამაზის იდეალის გერალდები (მაცნენი), რომელიც მსოფლიოსათვის დაკარგული იქნა კლასიკური დროის შემდეგ. ბაროკო გახდა უკანასკნელი ეკლეზიასტური სტილი და მისი თვითგანადგურება მოასწავებს შუა საუკუნეების დოგმატიზმზე მეცნიერული სულის ტრიუმფს. მაგალითად, თეოპოლო, რომელმაც მიაღწია ტექნიკური სრულყოფილების საშიშ ზღვარს, არ წარმოადგენს დეკადანსის სიმპტომს თუკი მას განვიხილავთ როგორც შემოქმედებით პიროვნებას, მაგრამ როგორც ადამიანს, რომელმაც თავისი არსება მთლიანად მოამზადა იმისათვის, რათა ეტარებია იმ მომენტისათვის აუცილებელი რღვევა.
ეს მდგომარეობა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, ფლობს პოზიტიურ, შემოქმედებით ღირებულებასა და მნიშვნელობას, არა მხოლოდ „ულისესათვის“, არამედ, ასევე, მისი მხატვრული თანამოძმეებისთვისაც. მშვენიერების კრიტერიუმებისა და მნიშვნელობის რღვევაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს, „ულისე“ გაოცების ღირსია, იგი შეურაცხჰყოფს ჩვენ ჩვეულ გრძნობებს, იგი უხეში სახით უარს ამბობს გაამართლოს მნიშვნელობისა და შინაარსისადმი ჩვენი დამოკიდებულების მოლოდინი, იგი ცხვირს აბრუნებს ყოველგვარი სინთეტიკურისაგან. უსამართლონი ვიქნებოდით თუკი დავიწყებდით ნაწარმოების ფორმაში სინთეზის კვალის ძიებას, ვინაიდან თუკი ჩვენ შევძლებდით „ულისეში“ ასეთი არათანამედროვე ტენდენციების აღნიშვნას, ეს მიუთითებდა კოლოსალურ ესთეტიკურ დეფექტზე. ყოველივე შეურაცხმყოფელი, რაც კი შეიძლება „ულისეზე“ ითქვას, ემსახურება მის განსაკუთრებულ თვისებათა დადასტურებას, ვინაიდან ეს შეურაცხჰყოფა ხდება არათანამედროვე ადამიანის წყენის გამო, რომელსაც არ სურს დაინახოს, რაც ღმერთებმა ასე დიდსულოვნად მისგან გადამალეს. ყველა ამ უმართავმა ძალამ, რომელიც ჩქეფს ნიცშეს დიონისურ სიუხვეში და რომელშიც მთლიანად ჩაიძირა მისი ინტელექტი, თუმც განსხვავებული სახით, ჰპოვა თავისი შემდგომი განვითარება თანამედროვე ადამიანში. თვით ყველაზე უფრო მუქი პასაჟები „ფაუსტის“ მეორე ნაწილიდან, „ზარანტუსტრადან“ და რა თქმა უნდა, „Esse Homo“, ამა თუ იმ ხარისხით ცდილობენ თავი წარუდგინონ მკითხველებს. მაგრამ მხოლოდ თანამედროვე ადამიანმა შეძლო შეექმნა წაღმა-უკუღმა ხელოვნება, ხელოვნების უკანა ეზო, რომელიც განკუთვნილი არ არის იმისათვის, რათა რაღაცით დაგვაჯილდოვოს, არამედ უბრალოდ გვიჩვენებს, სად არის გამოსავალი და ამას აკეთებს რევოლუციური გამბედაობით, რომელიც უკვე ნაგრძნობი იყო მკითხველთა მიერ მოდერნის იმ მაუწყებელთაგან (გავიხსენოთ ჰელდერლინი), რომლებმაც ადრე დაიწყეს ძველი იდეალების დისკრედიტაცია.
თუკი მხოლოდ გამოცდილებას მოვეჭიდებით, ჩვენ ვერ შევძლებთ ნათლად დავინახოთ, რა ხდება სინამდვილეში. ეს არ არის ერთნაირი ძალისხმევის საკითხი, მიმართული ერთი განსაზღვრული მიზნისაკენ, არამედ არის თანამედროვე ადამიანის ყოველმხრივი „რეაბილიტაციის“ საკითხი, რომელიც თავიდან გადაიგდებს გაცვეთილ სამყაროს. სამწუხაროდ არ გვაქვს შესაძლებლობა მომავალში შეხედვის და ჩვენ სრულად ვერ შევიცნობთ თუ რამდენად მივეკუთვნებით შუა საუკუნეებს, ამ განსაზღვრების ყველაზე ღრმა აზრით. თუკი მომავლის მიუწვდომელი სიმაღლიდან ჩვენ გამოვჩნდებით შუა საუკუნეებში ყურებამდე ჩაფლული, მე, პატიოსნად ვიტყვი, ეს არ გამიკვირდება. თვით ამ ფაქტის გამოც კი საკმარისია, რათა გავიგოთ, თუ რატომ არის საჭირო წიგნები ან ხელოვნების ნაწარმოებები, „ულისეს“ სულისკვეთებით დაწერილი. ისინი წარმოადგენენ ძლიერმოქმედ სასაქმებელს, რომელთა სასარგებლო თვისებები ფუჭად დაიკარგებოდა, თუკი არ წააწყდებოდა მძლავრ და მტკიცე წინააღმდეგობას. ეს თავისებური ფსიქოლოგიური წამალი მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფობის მატარებელი გამოირჩევა განსაკუთრებული ამტანიანობითა და სიჯიუტით. მსგავს ნაწარმოებებს საერთო აქვთ ფროიდის თეორიასთან, ვინაიდან ფანატიკური შეუპოვრობით ცდილობენ შეარყიონ ის საფუძვლები, რამაც უკვე თავისთვის დაიწყო რღვევა.
„ულისე“ გამოხატავს ნახევრად მეცნიერულ ობიექტურობას და ზოგჯერ „მეცნიერულ“ ენასაც კი იყენებს, და მიუხედავად ამისა, ავლენს სრულიად არამეცნიერულ ხასიათს: იგი წარმოადგენს წმინდა უარყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ის პროდუქტიულია, იგი შემოქმედებითი რღვევაა. ეს არ არის ტაძართა დაწვის ჰეროსტრატისეული თეატრალური ჟესტი, არამედ გულწრფელი მცდელობაა, რეალურობის ბინძურ მხარეში თანამედროვეთა ცხვირის ჩაყოფინების, ყოველგვარი უკვე აზრის გარეშე, ობიექტურობის მიამიტური ალალმართლობით. შეიძლება მთელ წიგნს პესიმისტური ვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ბოლოს, ბოლოდან მეორე გვერდზე, ღრუბლებში ციმციმს იწყებს მომნანიებელი შუქი. ეს ერთადერთი გვერდია, დაპირისპირებული შვიდას ოცდათხუთმეტი გვერდისადმი, რომლებიც, როგორც ერთი, ორკომისგან14 შობილნი არიან. სადღაც - არა, არა, დიახ გამობრწყინდება, სიბინძურის შავ ნაკადში, წმინდა კრისტალი, რაც აიძულებს „არამოდერნისტს“ აღიაროს ჯოისში ხელოვანი, რომელიც ფლობს ოსტატობას - რაც არ შეიძლება ითქვას უმრავლეს თანამედროვე ავტორზე - და, ამის გამო, უფრო მეტადაც, ძველი წრთობის ოსტატი, რომელმაც მთელი თავისი უნარები მიიტანა უმაღლესი მიზნის საკურთხეველზე. თავის „მხილებათა“ მიუხედავად ჯოისი რჩება ჭეშმარიტ კათოლიკად, იგი ასაფეთქებელს დებს ეკლესიის ქვეშ, ან იმ ფსიქიკური კონსტრუქციების ქვეშ, რომლებიც მიეკუთვნება ან მიდრეკილია ეკლესიის გავლენას. მისი „ანტისამყარო“ ატარებს შუასაუკუნეობრივს, მთლიანად პროვინციულ ატმოსფეროს, რომელშიც ირლანდიელი შეუპოვრად ცდილობს მიიღოს სიამოვნება თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლობისაგან. ჯოისი „ულისეზე“ მრავალ ქვეყანაში მუშაობდა, რომელთა შორისაც იგი იმედითა და სიყვარულით უცქერდა დედა ეკლესიას და მშობლიურ ირლანდიას. იგი საზღვარგარეთ ყოფნას იყენებდა უბრალოდ როგორც ღუზებს, რომელიც ხომალდს ამოსუნთქვის შესაძლებლობას აძლევდა ირლანდიური რემინისცანციებისა და წყენათა გრიგალში. მიუხედავად ამისა, „ულისე“ არ მიისწრაფვის უკან ითაკისაკენ - პირიქით, იგი მიმართავს წარმოუდგენელ ძალისხმევას, რათა თავი დაიხსნას ირლანდიური მემკვიდრეობისაგან.
შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ამგვარმა ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ლოკალური ინტერესი და დანარჩენი სამყარო უნდა დატოვოს საკმაოდ გულგრილად. მაგრამ სამყარო არ რჩება გულგრილი. ლოკალური ფენომენი, ჩანს, ატარებს მსოფლიო ხასიათს და იგი ხდება ჯოისის ყველა თანამედროვის განმსჯელი; ასე ვთქვათ: მისი შესაბამისი. როგორც ჩანს, არსებობს მოდერნისტთა მთელი საზოგადოება, იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ 1922 წლიდან გაბრძნობილად გადახარშეს „ულისეს“ ათი გამოცემა. წიგნი მათთვის ბევრ რამეს უნდა ნიშნავდეს, უფრო ზუსტად, გახსნა რაღაც აქამდე მათთვის იდუმალი. იგი მათ სევდას არ ჰგვრის და პირიქით, ეხმარება, ახალისებს, ურჩევს, ახლებურად ზრდის, „გადააკეთებს“. ცხადია, რაღაცნაირად ისინი აღმოჩნდნენ სასურველ მდგომარეობაში, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ სიძულვის შეეძლო აეძულებია მკითხველი დაჟინებული ყურადღებითა და თვლემის შეტევათა გარეშე გაევლო მთელი გზა პირველი გვერდიდან 735-ე გვერდამდე. ამგვარად, გვრჩება ვარაუდი, რომ შუასაუკუნეობრივი კათოლიკური ირლანდია ფარავს ფართობს, რომელიც აზრადაც არ მომივიდოდა და როგორც მინიმუმი, იგი გაცილებით აღემატება რუკაზე ასახული ამ ქვეყნის ტერიტორიას. კათოლიკური შუა საუკუნეები, ბატონებთან - დედალოსებსა და ბლუმებთან, მეტად უნივერსალურ საგნად ჩანს. უნდა არსებობდეს მოსახლეობის მთელი ჯგუფები, თავის სულიერ გარემოსთან იმდენად მიბმულნი, რომ აუცილებელია ჯოისისეული ასაფეთქებელი ნივთიერება, რათა დაეხმაროს მათ ამ ჰერმეტული იზოლაციიდან თავის დახსნაში. ეჭვ გარეშეა, ჩვენ ყურებამდე ჩავეფლეთ შუა საუკუნეებში; და მხოლოდ, ჯოისის თანამედროვეებს, შუა საუკუნეებით ერთთავად ნასაზრდოვებთ, სჭირდებათ ისეთები, როგორიც ისაა ან ფროიდი, ნიჰილისტი წინასწარმეტყველნი, იმისათვის, რათა თვალები აეხილათ რეალობის სხვა მხარისაკენ.
რა თქმა უნდა, ეს კოლოსალური ამოცანა ძნელად თუ შეეძლო შეესრულებინა ადამიანს, რომელიც ქრისტიანული გულდამშვიდებით ცდილობდა ადამიანთა ზარმაცი თვალები მიებრუნებინა ყოფიერების ბნელი მხარეებისაკენ. ეს შეიძლება დასრულებულიყო საკითხისადმი მხოლოდ მათი სრული გულგრილობით. არა, განახლება უნდა მომხდარიყო აზროვნების შესაბამისი საშუალებით და ამაში ჯოისი, უდავოდ, ოსტატია. მხოლოდ ამგვარი სახით შეიძლებოდა უარყოფითი ემოციების მთელი სიძლიერით მობილიზება. „ულისე“ გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ნიცშეანური „ზურგში უპატიო დარტყმის“ რეალიზება. ჯოისი მას ამზადებს ცივად და ანგარიშიანად და ახდენს „ღმერთთაგან თავის დახსნის“ ისეთ დემონსტრირებას, რომელზედაც ნიცშეს შეიძლება მხოლოდ ეოცნება. ყოველივე დაფუძნებულია გაბედულ ვარაუდზე, რომ განსაცვიფრებელი სულიერ გარემოზე ზემოქმედების სიძლიერით დაკავშირებულია არა გონებასთან, არამედ განსაკუთრებით გრძნობებთან. ის, რომ ჯოისი საშინლად ამჟღავნებს უსულგულო და უღვთო სამყაროს, არ გვაძლევს დასკვნის გამოტანას, რომ თითქოს ერთმა ადამიანმაც კი არ უნდა მიიღოს მცირედი სიამოვნება ამგვარი წიგნიდან. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, უცილობელ ჭეშმარიტ ფაქტად რჩება „ულისეს“ სამყაროს უპირატესობა იმათ სამყაროს წინაშე, რომელიც უიმედოდ მიბმულია თავისი სულიერი სამშობლოს სიბნელესთან. ბოროტებისა და ნგრევის ელემენტი თუმც კი წარმოადგენს ნაწარმოების გაბატონებულ ელემენტს, მაგრამ ისინი გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე წარსულიდან მემკვიდრეობით გადმოცემული „სიკეთე“ და რომელიც ცდილობს დარჩეს ერთადერთ ტირანად აწმყოში, - ესაა ცრურწმენათა ილუზორული სისტემა, რომელიც სიცოცხლეს თავის სისავსეს აკარგვინებს, ახდენს მის კასტრაციას და ქმნის აუტანელ მორალურ კომპლექსს. ნიცშეანური „მორალის მონათა აჯანყება“ იქნებოდა „ულისეს“ მშვენიერი ეპიგრაფი. რაც ათავისუფლებს პატიმარს სისტემისაგან, ესაა „ობიექტური“ აღიარება მისი შინაგანი სამყაროსი და დამოუკიდებელი ბუნების. ზუსტად იმგვარად, როგორც ბოლშევიკი ტკბება თავისი დაუბანელი სიფათით, ადამიანის, რომლის სულიც დამონებულია, აუწერელ სიხარულს ჰპოვებს, როდესაც საჩვენებლად წარმოადგენს თავის შინაგან სამყაროს. კაშკაშა შუქით დაბრმავებული ადამიანისათვის წყვდიადი წარმოადგენს კურთხეულ და თავისუფალო ბარს, გათავისუფლებული ტუსაღის სამოთხეს. თანამედროვეობის შუა საუკუნეების ადამიანისათვის სხვა არაფერი, გარდა მონანიებისა, შეიძლება გახდეს უარის თქმა ღვთიური, მშვენიერი და ჯანსაღი აზრის განხორციელებაზე. თუკი საქმეს ბნელი მხრიდან შევხედავთ, იდეალები არ წარმოადგენს კლდის მწვერვალზე დადგმულ შუქურებს, მაგრამ წარმოადგენენ ზედამხედველებსა და მედილეგეებს, რაღაც მეტაფიზიკური პოლიციის მსგავს, სინას მთაზე ტირანული დემაგოგის მოსეს გამოგონილსა და შემდგომში კაცობრიობაზე ეშმაკური ხერხების მეშვეობის ძალით თავსმოხვეულს.
მიზეზობრიობის თვალსაზრისით ჯოისი წარმოადგენს რომაული კათოლიცისტური ავტორიტარიზმის მსხვერპლს, მაგრამ თეოლოგიურად იგი - რეფორმატორია, მოცემულ მომენტში უარყოფით დაკმაყოფილებული, პროტესტანტი - საკუთარი პროტესტიდან ამოზრდილი. გრძნობათა ატროფია დამახასიათებელია თანამედროვე ადამიანისათვის და ყოველთვის ვლინდება რეაქციულად გარემოში, სადაც ყველა გრძნობა ჰიპერტროფირებულია, და განსაკუთრებით ყალბი გრძნობები. „ულისეში“ გრნობათა უქონლობის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დასკვნა მისი წარმოშობის ეპოქის სენტიმენტალურობაზე. მაგრამ, დღეს ასე სენტიმენტალურები ვართ?
კვლავ მივდივართ საკითხამდე, რომელსაც პასუხს გასცემს მხოლოდ დრო. მიუხედავა ამისა, არსებობს მრავალი მოწმობა იმისა, რომ ჩვენ ჩათრეული ვართ წარმოუდგენელი მასშტაბის სენტიმენტალურ მისტიფიკაციაში. დავფიქრდეთ მხოლოდ ომის დროს საზოგადოებრივი სენტიმენტების სავალალო როლზე! გაიხსენეთ ჩვენი ეგრეთწოდებული ჰუმანიზმი! მხოლოდ ფსიქიატრებისთვისაა სრულად ცნობილი თუ როგორ იოლად ვხდებით უძლურნი, მაგრამ სიბრალურის არ გამომწვევი, საკუთარივე სენტიმენტების მსხვერპლი. სენტიმენტალობა უხეშობისა და სისასტიკის ზედნაშენს წარმოადგენს. გულქვაობა - პირდაპირ საპირისპიროა, და იტანჯება იმავე ნაკლოვანებით. „ულისეს“ წარმატება ამტკიცებს, რომ მასში გრძნობათა არ არსებობა, დადებით ეფექტს ახდენს მკითხველზე, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია კონსტანტირება - სენტიმენტალურობის სიჭარბე საპირისპიროა იმ ეფექტისა, რისთვისაც გამიზნულია რომანი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩავეფლეთ შუა საუკუნეებში, არამედ, ასევე საკუთარ სენტიმენტალობაში. მაშასადამე, სავსებით გასაგებია, რომ წინასწარმეტყველმა საკომპენსაციოდ არ უნდა გამოიყენოს უმცირესი გრძნობებიც კი, ჩვენი თანამედროვეობის სწავლების მიზნით. წინასწარმეტყველნი ყოველთვის სხვებს არ ეთანხმებიან და გამოირჩევიან ცუდი მანერებით, მაგრამ, როგორც იტყვიან, ისინი ზოგჯერ თავს იქავებენ. როგორც ცნობილია, არსებობენ დიდი და პატარა წინასწარმეტყველნი, ხოლო, თუ რომელს მიეკუთვნება ჯოისი, ისტორიის გადასაწყვეტია. როგორც ყოველი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, ხელოვანი წარმოადგენს თავის დროის ფსიქიკურ საიდუმლოებათა უნებლიე რუპორს, ხშირად ისეთივე არაცნობიერს, როგორც მთვარეული. ის ფიქრობს, რომ თვითონ ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში სიტყვას იღებს დროის სული, ხოლო ჭეშმარიტება იმისა, რასაც წარმოთქვამს, შეიცნობა „ულისეს“ რეზულტატით - ჩვენი დროის ადამიანური დოკუმენტი, რომელიც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეიცავს საიდუმლოს. იგი გვათავისუფლებს სულიერი ბორკილებისაგან და მისი გულგრილობა ყინავს ყოველგვარ სენტიმენტალურს და სულ მთლად თვით ჩვეულებრივ გრძნობებს. მაგრამ ამით მისი სასარგებლო თვისებები არ ამოიწურება. მტკიცება იმისა, რომ ეშმაკმა ხელი შეუწყო წიგნის შექმნას, თუკი ეს თქვენთვის საინტერესოა, ძნელად თუ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნო ჰიპოთეზად. ნაწარმოებში არის ცხოვრება და ცხოვრება არასოდეს არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ბოროტებისა და დესტრუქციისაგან. უდავოდ, რომანის განსაკუთრებულად ცხად თვისებას წარმოადგენს უარყოფა და რღვევა, მაგრამ ყოველივე ამის უკან გამოიცნობა რაღაც კონსტრუქციული - ფარული მიზანი, რომელსაც აქვს აზრი და ღირებულება. წარმოადგენს კი იგი სიტყვათა ნაკუწებისა და „სიმბოლური“ სახეებისაგან შეკერილ ჭრელ საბანს? მე არ ვლაპარაკობ ალეგორიაზე (ღმერთო მაპატიე!), არამედ სიმბოლოზე, როგორც რაღაცის გამოხატულებაზე, რომლის დაფიქსირება ჩვენ არ შეგვიძლია. ამ შემთხვევაში დაფარული აზრი უსათუოდ უნდა გამოშუქდეს მისი ცალკეული ადგილების დახლართული ფაქტებისაგან, იქ და აქა-იქ უნდა ამოტივტივდეს საგნები, რომლებიც წარმოადგენენ სხვა დროსა და სხვა ადგილს, შესაძლებელია, უცნაური სიზმრები ან უძველესი რასების დაფარული სიბრძნე. ეს შესაძლებლობა არ შეიძლება გამოვრიცხოთ, მაგრამ პირადად მე ვერ ვახერხებ გასაღების მოძებნას. პირიქით, წიგნი მიმაჩნია ნათელ ცნობიერებაში დაწერილად, ეს სიზმარი არაა და არც არაცნობიერის გამოტანა. „ზარატუსტრასთან“ შედარებით ან „ფაუსტის“ მეორე ნაწილთან, მასში ჩანს გაცილებით უფრო ძლიერი მიზანმიმართულება. აი რატომ, ალბათ, არ აქვს „ულისეს“ სიმბოლური ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ბუნებრივია, არქეტიპული საფუძველი ნათლად იგრძნობა. დედალუსსა და ბლუმს უკან დგანან სულიერ და სხეულებრივ ადამიანთა მარადიული ფიგურები. მისის ბლუმი, ალბათ, წარმოადგენს ანიმას, ტყვეობაში დაკარგულს და საკუთრივ ულისე სავსებით შესაძლებელია წარმოადგენდეს გმირს. მაგრამ წიგნი ამ საფუძველზე არაა ფოკუსირებული, იგი გადის საპირისპირო მხარეს და მთელი ძალით ცდილობს აბსოლუტური ობიექტურობით მიაღწიოს ცნობიერებას. ნაწარმოები, ეჭვს გარეშეა, არ წარმოადგენს სიმბოლურს და არც ამის პრეტენზია აქვს. თუკი იგი, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ეპიზოდში გამოხატავდა სიმბოლოებს, ეს ნიშნავდა, რომ ქმნილებას შეუძლია რამდენჯერმე შემქმნელის მოტყუება. საქმე იმაშია, რომ თუკი რაიმე „სიმბოლურია“, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი აღმერთებს თავის დაფარულ მიუწვდომელ ბუნებას და შეუპოვრად ცდილობს სიტყვათა ბადეში დაიჭიროს საიდუმლო, რომელიც ხელიდან უსხლტება. ეს რომ არ იყოს - თუ მატერიალური სამყაროს საიდუმლო, თუ სულიერი - მან მისკენ უნდა მიმართოს მთელი თავისი სააზროვნო უნარები და შეაღწიოს მრავალფეროვან საფარში, რათა დღის სინათლეზე გამოიტანოს ბნელ სიღრმეში დაფარული ოქრო.
„ულისეს“ გასაოცარ თავისებურებას წარმოადგენს აბსოლუტური არარა, რომელიც მჟღავნდება ათასობით საფარის იქით; იგი არ მიეკუთვნება არც მატერიის სამყაროს, არც სულის და ცივად გვიმზერს, მსგავსად მთვარისა,16 კოსმოსის სიღრმეებიდან და კომედიას შესაძლებლობას აძლევს დაბადებისა და ნგრევის თავის რიგზე მსვლელობას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ულისე“ არ წარმოადგენს სიმბოლურ ნაწარმოებს, ვინაიდან, თუკი ის ასეთი იქნებოდა, ეს იქნებოდა მისი მარცხი. რა ასეთი სათუთად შენახული საიდუმლო შეიძლება იმალებოდეს, არნახული უდრეკობით, შვიდას ოცდათხუთმეტი უსასრულო გვერდების მანძილზე? სჯობს დრო და ძალები არ დავკარგოთ უცნობი განძის ძიებისათვის. ბუნებრივია, ამ წიგნში არ უნდა იყოს არაფერი სიმბოლური, ვინაიდან, თუკი იქნებოდა, მაშინ ჩვენი ცნობიერება შეთრეული აღმოჩნდებოდა უკან, მატერიისა და სულის სამყაროში, ბატონი დედალუსებისა და ბლუმების გაღმერთებაში და ცხოვრების ათასი ფასეტით მოტყუებული. მაგრამ, სწორედ ამის საპირისპიროს გაფრთხილებას ცდილობს „ულისე“: მას სურს იქცეს მთვარის თვალად, ცნობიერებად, ობიექტიდან მოცილებულად, არც ღმერთისა და არც გრძნობათა ხელქვეითად, არც სიყვარულთან, არც სიძულვილთან, არც შეხედულებებთან, არც ცრურწმენასთან დაკავშირებულად. „ულისე“ ამას კი არ გვასწავლის, არამედ პრაქტიკულად ახორციელებს - ცნობიერების გამოყოფა17 მიზანს წარმოადგენს, რომელიც ამ წიგნის ღრუბლებში ციმციმებს. რა თქმა უნდა, სწორედ, ამაში მდგომარეობს მისი ნამდვილი საიდუმლო, ახალი კოსმოსური ცნობიერების საიდუმლო და იგი მჟღავნდება არა მისთვის, ვინც ყურადღებით აღვსილი გზით გაივლის შვიდას ოცდათხუთმეტ გვერდს, არამედ იმისთვის, ვინც შეძლებს შვიდას ოცდათხუთმეტი დღის მანძილზე უცქიროს სამყაროსა და საკუთარ თავს თვით ულისეს თვალებით. დროის ეს სივრცე, ყველა შემთხვევაში, გაგებული უნდა იქნას სიმბოლურად - „დრო, დრონი და კიდევ ნახევარი დრო“ - სხვაგვარად რომ ვთქვათ, განუსაზღვრელი პერიოდი; მაგრამ საკმარისი იმისათვის, რათა მომხდარიყო ტრანსფორმაცია. ცნობიერების გამოყოფა შეიძლება გამოხატული იყოს ოდისევსის ჰომეროსისეული სახით, მცურავის სცილასა და ქარიბდას შორის, მსოფლიო მატერიის მიჯრილ კლდეებსა და სულს შორის; ან დუბლინური ჯოჯოხეთური სახის გამოყენებით, მამა ჯონ კონმისა და ირლანდიის ვიცე მეფეს შორის, ლიფის ქვემოდ მცურავ „დაჭმუჭმულ ქაღალდს“: ილიამ, მსუბუქმა გემმა, დაჭმუჭნული ქაღალდის ფურცელმა, მცურავი დიდი და პატარა ხომალდების გვერდით, საცობთა არქიპელაგის შუაგულში, განვლო აღმოსავლეთით ნიუ-ვოპინგ სტრიტი, ბენსონის ბორანის ახლოს და აგურით დატვირთულ ბრიდჟუოტერიდან მომავალ სამანძიანი სანდალ „როუზვინის“ გვერდით.
შეიძლება კი ცნობიერების ეს განცალკავებულობა, პიროვნების ეს დეპერსონალიზაცია მართლაც იყოს ჯოისის ოდისეის ითაკა?
თითქოსდა, სამყაროში სადაც არაფერი არაა, გარდა მხოლოდ წვრილმანი რამისა, როგორც მინიმუმი „მე“ - თავად ჯეიმს ჯოისი - უნდა დარჩეს თავის ადგილზე. მაგრამ შეამჩნია კი ვინმემ ამ წიგნში არსებობა ერთიანი, ნამდვილი ეგო, გარდა უბედურთა დასისა, შეუხედავ „მე“-თა, რომლებითაც ავსებულია იგი? მართალია „ულისეში“ თითოეული პერსონაჟი უმაღლესი ხარისხით რეალურია და არც ერთი მათგანი არ ფლობს ეგოს - ადამიანურს, სრულად გაცნობიერებულ შუაგულს, კუნძულს, გარშემორტყმულს თბილი სისხლით, მცირედით, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანით. ყველა დედალუსი, ბლუმი, ჰარისი, ლინჩი, მალიგანი და დანარჩენნი ლაპარაკობენ და დადიან თითქოსდა კოლექტიურ სიზმარში, რომელიც იწყება არსად და მიემართება არსაით და რომელიც არსებობს მხოლოდ იმის წყალობით, რომ „ვიღაც“ - უხილავი ოდისევსი - ხედავს ამ სიზმარს. მათ შორის არავინ ეჭვობს ამაზე და მიუხედავად ამისა, ისინი ცხოვრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი აიძულებს მათ ცხოვრებას, ასეთია ცხოვრება - vita somnium brev15, მაგრამ ეგო, რომელმაც ისინი უნდა გააერთიანოს, არსად არ ვლინდება. იგი არაფრით არ ამჟღავნებს თავს, - არც მსჯელობით, არც სიმპათიით, არც ანთროპომორფოზით. ამ პერსონაჟთა შემქმნელის ეგო მოუხელთებელია. იგი თითქოსდა განზავდა „ულისეში“ მცხოვრებ ურიცხვ ხასიათში;16 და მიუხედავად, უფრო სწორად კი ამ მიზეზით, ყველა და ყველაფერი, თვით უკანასკნელ თავში პუნქტუაციის უქონლობა, წარმოადგენს თავად ჯოისს. მისი განცალკავება, დამკვირვებელი ცნობიერება, გულცივად თვალის მიმდევნებელი დროის იქით მდებარე, 1904 წლის თექვსმეტ ივნისს მიმდინარე მოვლენების, უნდა ლაპარაკობდეს ყველა ამ გამოვლინებებზე: Tat tvam asi, „ასე შექმენი შენ“ – „შენ“ უმაღლესი აზრით, არა ეგო, არამედ თვითობა. ეგოსა და არა-ეგოს, ინფერნალური მხარეების, ადამიანის შიგნილების, imagines et lares და ზეცას ხომ მხოლოდ თვითობა აერთიანებს.
ყოველთვის, როდესაც „ულისეს“ ვკითხულობ, გონებაში ამოტივტივდება ჩინური სურათი, რიჰარდ ვილჰელმის გამოქვეყნებული,20 რომელზეც გამოსახულია ადამიანი მედიტაციის პოზაში; მისი თავიდან ამოიზრდება ადამიანის ხუთი ფიგურა და კიდევ ხუთი თითოეული ამ თავიდან.
ეს სურათი გამოხატავს იოგას სულიერ მდგომარეობას, რომელმაც უკვე თითქმის თავი დააღწია საკუთარ ეგოს და მზადაა გადავიდეს უფრო მაღალ, უფრო ობიექტური თვითობის მდგომარეობაში. ესაა მდგომარეობა - „მთვარის ბადროსი, მშვიდი და ერთნაირი“, მდგომარეობა cam-4 umahahda, შეთავსება ფუფუნებისა და არარსობისა, გათავისუფლების აღმოსავლური გზის საბოლოო მიზანი, ინდური და ჩინური სიბრძნის ფასდაუდებელი მარგალიტი, საუკუნეთა მანძილზე მიმდევართა მიერ განცდილი.
„დაჭმუჭნილი ქაღალდის ფურცელი“ აღმოსავლეთისკენ მიცურავს. ეს „დაჭმუჭვნილი“ შენიშვნა სამჯერ ვლინდება „ულისეს“ ტექსტში და თითოეულ შემთხვევაში ილიასთან იდუმალ კავშირში. ორჯერ გვეუბნებიან, რომ „ილია მიდის“. ის მართლაცდა ჩნდება ბორდელის სცენაში (მერი მილტონის შეპირისპირებული „ფაუსტის ვალპურგის ღამესთან), სადაც ამერიკანიზირებულ ვარიანტში განმარტავს ნახსენები შენიშვნის აზრს.21
ბავშვებო, დადგა მომენტი, უფლის დრო - ზუსტან 12.25. უთხარი დედილოს, რომ იქ იქნები. მიეცი შეკვეთაში შენი კოზირი ტუზიც. აიღე მარადიულად - სორტირებული პირდაპირი ექსპრესით! სირბილით ჩვენ რიგებში! უსიტყვოდ. შენ ღვთიური ხარ, თუ პირშუშხა ჭილოფში? თუკი მეორედ მოსვლა კონი-აილენდში მოხდება, მზად ვართ თუ არა? ქრისტე ფლორ, ქრისტე სტივენ, ქრისტე ზოა, ქრისტე ბლუმ, ქრისტე კიტი, ქრისტე ლინჩ, ყველა თქვენთაგანმა უნდა იგრძნოს ეს კოსმიური ძალა. ჩვენ რა, შევშინდით კოსმოსის წინაშე? არა. იყავი ანგელოზების მხარეზე. იყავი პრიზმა. შენ გაქვს შინაგანად ეს რაღაც, მე-ზე უფრო მაღალი.22 შეიძლება დრო გაატარო ქრისტესთან, გაუტამასთან, ინგერსოლთან ერთად. აბა, როგორ გრძნობთ ამ ვიბრაციებს? თავს ვდებ, რომ გრძნობთ. ძმებო, საკმარისია ამის ერთხელ დაჭერაც კი და საქმე კარგადაა, ზეცაში მხნედ გასეირნება უზრუნველყოფილია. მიაღწია? ეს ცხოვრების პროჟექტორი, მე თქვენ გეუბნებით, ყველაზე უფრო სასტიკი სისულელეა, ისეთივე როგორც კრემიანი პეროგი. საუკეთესო და ყველაზე მოსახერხებელი ხაზი. დიდებული, ზეფუფუნებური რამ, რომელსაც ფორმაში მოჰყავხართ.
ახლა ნათელია, რომ ხდება ადამიანური ცნობიერების გამოცალკავება და მისი თანდათან მიახლოვება ღვთაებასთან - „ულისეს“ საფუძველი და ყველაზე უფრო მხატვრული მიღწევა - ინფერნალური სახით მახინჯდება, როგორც კი გამოჩნდება ბორდელის გამაბრუებელ შეშლილობაში თავის ტრადიციულ სამოსში. ულისე, მრავალი რამის გადამტანი ყარიბი, ყოველთვის მიისწრაფოდა თავისი მშობლიური კუნძულისაკენ, თავგადასავლების თვრამეტ თავში გაღწევით, უკან თავისი ჭეშმარიტი თვითობისაკენ და ბოლოს და ბოლოს იგი ახერხებს განთავისუფლდეს სიცრუისა და ილუზიების სამყაროსაგან, და ახლა მას ვნებადამცხრალს შეუძლია „შორიდან დაკვირვება“. ასე მიაღწია მან იმას, როგორც ბუდამ ან იესომ და რისკენაც მიისწრაფოდა ფაუსტი - სულელთა სამყაროზე გამარჯვებას, დაპირისპირებულობისაგან გათავისუფლებას; და ზუსტად იმგვარად, როგორც ფაუსტი, განზავდა მარად ქალურში, ასევე მოლი ბლუმი (რომელსაც სტიუარტ გილბერტი ადარებს აყვავებულ მიწას), რომელიც უკანასკნელ სიტყვას ამბობს რომანში, მონოლოგს სასვენი ნიშნების გარეშე, თავის ჰარმონიული ფინალური აკორდით იგი იძლევა ჯოჯოხეთური, შეუწყნარებელი შეუსატყვისობებისა და დაპირისპირებულობათა ბედნიერ გადაწყვეტას.
ულისე - ჯოისის ღმერთი შემოქმედი, ნამდვილი დემიურგია, რომელიც გათავისუფლდა ფიზიკური და მენტალური სამყაროს ბორკილებისაგან და აკვირდება მას განდგომილი ცნობიერებით. ჯოისისათვის ის იგივეა, რაც გოეთესათვის ფაუსტი, ან ნიცშესათვის ზარატუსტრა. იგი - უმაღლესი თვითობაა, დაბრუნებული სანსარის ბრმა ხეტიალის შემდეგ, თავის ღვთაებრივ სახლში. წიგნში ულისე არსად არ ჩნდება. ულისე - თვით წიგნია, ჯეიმს ჯოისის მიკროკოსმოსი, თვითობის სამყარო და ერთდროულად სამყაროს თვითობაა. ულისეს შეუძლია სახლში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ, როგორც კი იგი ზურგით შებრუნდა აზრისა და მატერიის სამყაროსაკენ. ეს სწორეს ის შეტყობინებაა, რომელსაც თავის თავში ატარებს 1904 წლის ივნისის დღე, ყოველი ადამიანის ყოველი დღე, რომლის განმავლობაში ნაკლებმნიშვნელოვანი პერსონაჟები განუწყვეტლივ რაღაცას აკეთებენ და რაღაცას ლაპარაკობენ, დაწყებისა და დასრულების გარეშე, - ნაღვლიანი სურათი, სიზმრის მსგავსი, ინფერნალური, სარდონისტული, მახინჯი, ჯოჯოხეთური, მაგრამ მართალი. სურათი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღამისეული კოშმარი ან მსოფლიო გლოვის გარემო, რომელსაც შეიძლება განიცდიდა 1914 წლის პირველი აგვისტოს შემქმნელი. დე მიურგისათვის, შესაქმეს მეშვიდე დღის ოპტიმიზმის შემდეგ, ძნელი იყო 1914 წლის შემქნელთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება. „ულისეს“ დაიწერა 1914-1921 წლებში - სამყაროს მხიარული სურათის არც თუ ისე შესაფერის დროს ან მისადმი სიყვარულის გამოხატვის (სიტყვამ მოიტანა, როგორც დღეს). ამგვარად, გასაკვირი არაა, რომ დემიურგი ხელოვანის სახით ხატავს ნეგატიურ სურათს, თანაც იმდენად ღვთისმგმობი ნეგატიურობით, რომ ანგლო-საქსურ ქვეყნებში წიგნი აკრძალულ იქნა, რათა აეცილებინათ სკანდალი, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო შესაქმეს ტექსტთან დაპირისპირების გამო! აი, ამგვარად გაუგებარი დემიურგი ხდება ულისე.
„ულისეში“ იმდენად მცირეა გრძნობები, რომ ყველა ესთეტი აღფრთოვანებული უნდა იყოს; მაგრამ მოდით ვივარაუდოთ, რომ ულისეს ცნობიერება - არა მთვარეა, არამედ ეგო, რომელსაც აქვს განსჯის, გაგებისა და გრძნობის გული და მაშინ თვრამეტი თავის ხანგრძლივი გზა გამორჩეული იქნება არა მხოლოდ კმაყოფილების არ არსებობით, არამედ იქცევა გოლგოთისაკენ მიმავალ გზად; და გატანჯული, გაგიჟებული ყარიბი ბოლოსდა ბოლოს დასასრულს ჩაეხუტება დიდ დედას, რომელიც აღნიშნავს სიცოცხლის დასაწყისსაც და დასასრულს. ულისეს ცინიზმის იქით იმალება დიდი თანაგრძნობა; მან იცის, რომ სამყაროს ტკივილი არაა ლამაზი, არაა კარგი და რაც კიდევ უფრო უარესია, უიმედოდ ეშვება მარადისობაში და იმეორებს ყოველდღიურად და მიათრევს იდიოტურ ცეკვაში ადამიანური ცნობიერების საათებს, თვეებსა და წლებს. ულისემ გადადგა ნაბიჯი, რომელსაც ცნობიერება მიჰყავს ობიექტისაგან გამოცალკევებისაკენ; მან თავი გაითავისუფლა სიყვარულისაგან, დატვირთვისა და გაორებისაგან და ახლა შეუძლია გაემართოს შინისაკენ. იგი უფრო მეტს გვაძლევს, ვიდრე ვიღაცის შეხედულებათა სუბიექტური გამოხატვა, ვინაიდან შემოქმედ გენიას ერთი სახე კი არა აქვს, არამედ მრავალი და იგი სიჩუმეში მიმართავს მილიონობით სულს, რომელთა მნიშვნელობასა და ბედს იგი განასახიერებს, როგორც საკუთარს.
მე მგონია, რომ ყოველივე ნეტატიური ჯოისის ნაწარმოებში, ყოველივე გულგრილი, უცნაური და ბანალური, გროტესკული და ჯოჯოხეთური, წარმოადგენს პოზიტიურ თვისებას, რომელიც აღტაცებას იმსახურებს. ჯოისის აუწერლად მდიდარი ენა, რომელიც შედგება ურიცხვი ფასეტისაგან, მსგავსად ჭიის ცოცვისა, გადაიშლება პასაჟებში, შემაძრწუნებლად მოსაწყენსა და მონოტონურში, მაგრამ თავად მოწყენილობა და მონოტონურობა აღწევს ეპიკურ სიდიადეს და წიგნს აქცევს მსოფლიო ამაოებისა და სისაძაგლის „მაჰაბჰარატად“. „ნაპრალებიდან, თხრილებიდან, სანაგვე ორმობიდან, ნეხვის გროვათა ყოველი მხრიდან აღიძვრის სიდამპლის აორთქლება“; და ამ ღია კლოაკაში პრაქტიკულად აისახება მაღალი რელიგიური აზრები ყველაზე უფრო ღვთისმგმობი დამახინჯებებით, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება სიზმარში. (ალფრედ კუბინის „სხვა მხარე“ წარმოადგენს ქალაქური „ულისეს“ სოფლურ თანამოძმეს).
ამასაც კი ხალისით ვიზიარებ, ვინაიდან ამაზე არაფრით არ შეიძლება შეპასუხება. პირიქით, ესქატოლოგიის სკატოლოგიად ტრანსფორმირება ასაბუთებს ტერტულიანეს ფრაზის ჭეშმარიტებას: anima naturaler Christiana.17 ულისე თავს ავლენს, როგორც შეგნებულ ანტიქრისტედ და ამგვარად დემონსტრირებს კათოლიციზმთან ერთგულებას. მაგრამ იგი არა მხოლოდ ქრისტიანია, არამედ - რაც კიდევ უფრო მიმზიდველია - ბუდისტია, შივისტიცაა და გნოსტიკოსიც.24
(ტალღების ხმით)... ღმერთების თეთრი იოგინი. ჰერმეს ტრისმეგისტრის ოკულტური პოიმანდრი. (ზღვის ქარის სტვენით). ბალდაპენდჟაუბის პუნარდჟანით! ვერ მომატყვილებ. ოდესღაც ითქვა, - გაუფრთხილდი მარცხენას, შაკტის კულტს. (ქარიშხლის ძახილს.) შაკტი, შივა! წყვდიადში დაფარული მამა!.. აიმ! ბაუმ! პიჟაუმ! მე ფერმის სინათლე ვარ, მე საუცხოო კარაქი ვარ.
განა ეს ამაღლებული და მნიშვნელოვანი არაა? თვით ნეხვის გროვაშიც კი უძველესი და ჭეშმარიტი სულიერი ღირებულებები არ დაკარგულა. ფსიქიკაში ჭუჭრუტანები არაა, რომლის იქითაც ღვთაებრივ გამოცხადებას შეეძლოს მთელი თავისი ცხოვრების ამოსუნთქვა და დაღუპვა მყრალ სიბინძურეში. ბებერი ჰერმესი, ყველა ერესის მამა, მართალია: „რაც ზემოთაა, ქვემოთაც ისაა“. სტივენ დედალუსი, ფრინველისთავიანი ზეციური ადამიანი, ცდილობს განერიდოს ჰაერის ყველა გაზიან მხარეს და ეცემა დედამიწის საფლობში და მის სიღრმეში კვლავ მოიპოვებს იმავე სიმაღლეს, რომლისგანაც იგი ჩამოვიდა. „და მე ფრენით უნდა მივაღწიო დედამიწის კიდემდე...“ ამ წინადადების დასასრული ღვთისგმობას წარმოადგენს, რომელიც არის თვით „ულისეში“25 ამგვარი აზრის დადასტურება. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ გაიძვერა ბლუმი, გარყვნილი სენსუალისტი და იმპოტენტი, სიბინძურეში განიცდის რაღაცას, რომელსაც იგი არასოდეს არ შეჯახებია: საკუთარი თავის გარდაქმნას. კარგი სიახლეებია: როდესაც მარადიულობის ნიშნები ქრებიან ზეცის სახისაგან, მას მიწის ჩიჩქნისას ტრიუფელის ძიებაში ღორი პოულობს. იმიტომ, რომ ის წარუშლელი საღებავებით მოხატულია, როგორც ზემოთ, ასევე ქვემოთ, მხოლოდ ღვთით დაწყევლილ უსიცოცხლო გადასასვლელ სივრცეში არ ხერხდება მათი მოძიება.
ულისე აბსოლუტურად ობიექტური და აბსოლუტურად პატიოსანია და ამიტომაც შეიძლება მისი დაჯერება. მის ცნობებს შეიძლება ვენდოთ ისევე, როგორც წმინდა ნაწილებს, სამყაროსა და სულის ამაოებას. ულისე წარმოადგენს ერთადერთ რეალობას, სიცოცხლეს, მნიშვნელობას; მასშია აზრისა და მატერიის ფანტასმაგორია, ეგო და არა-ეგო; და აქ მინდა შეკითხვა დავუსვა ბატონ ჯოისს - „შეამჩნიეთ“ თუ არა თქვენ, რომ ხართ წარდგენა, აზრი და შეიძლება ულისეს კომპლექსიც კი? რომ ის დგას თქვენ თავს ზემოთ, როგორც ასთვალა არგუსი, თქვენ ირგვლივ ობიექტებით აღვსილი სამყაროსა და ანტისამყაროს შემქმნელი, რომლის გარეშეც თქვენ საერთოდ ვერ შეძლებდით საკუთარი ეგოს შეცნობას? არ ვიცი, დიდად პატივცემული ავტორი რას მიპასუხებდა. მაგრამ ეს არ ცვლის საქმეს - არაფერი არ შემიშლის ხელს ჩემი სიამოვნებისათვის წავიფილოსოფოსო. მაგრამ ასეთი კითხვისაკენ გიბიძგებს, როდესაც ხედავ როგორი აკურატულობით იქნა გამოყვანილი 1904 წლის 16 ივნისის დუბლინის მიკროკოსმოსი მსოფლიო ისტორიის ქაოტური მაკროკოსმოსისაგან, როგორ იქნა იგი პრეპარირებული და გადმოადგილებული საგნობრივ მინაზე, აბსოლუტურად გულგრილი დამკვირვებლის მიერ, მთელი თავისი მაცდუნებელი დეტალების სილამაზითა და პედანტური სიზუსტით. აი, ქუჩები, სახლები, მოსეირნე ახალგაზრდა წყვილი, ნამდვილი მისტერ ბლუმი მიდის თავის სარეკლამო საქმეებზე, ნამდვილი სტივენ დედალუსი თავს ირთობს აფორიზმული ფილოსოფიით. გასაკვირი არ იქნებოდა, თუკი თვით მისტერ ჯოისი უეცრად გამოჩნდებოდა დუბლინის რომელიმე გზაჯვარედინზე. რატომაც არა? იგი უეჭველად ისეთივე რეალურია, როგორც მისტერ ბლუმი და შეიძლება წარმატებით დაჭერა, პრეპარირება და აღწერა (როგორც ეს არის, მაგალითად, „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში“).
მაინც ვინ არის ულისე? ეჭვს გარეშეა, ის არის სიმბოლო იმისა, რასაც ქმნის ტოტალურობა, ყველა პერსონაჟის ერთიანობა, „ულისეში“ გამოვლენილი - მისტერ ბლუმი, სტივენი, მისის ბლუმი და დანარჩენები, მისტერ ჯოისის ჩათვლით. შეეცადეთ წარმოიდგინოთ არსება, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ უბრალოდ უფერულ სულიერ კონგლომერატს, შედგენილს განუსაზღვრელი რაოდენობის შეუთავსებელი და ანტაგონისტური ინდივიდუალური სულისაგან, და ამასთანავე შედგენილს სახლებისაგან, ქუჩის პროცესებისაგან, ეკლესიებისაგან, მდინარე ლიფისაგან, რამდენიმე საროსკიპოსა და ზღვისკენ მცურავი დაჭმუჭნული ბარათისაგან - და მაინც ფლობს ამთვისებელ და მაფიქრებელ ცნობიერებას! ასეთი მონსტრი განგაწყობს სპეკულაციურ გუნებაზე, განსაკუთრებით ვერაფრის დასაბუთების შეუძლებლობის გათვალისწინებითა და ამის შემდეგ ვარაუდებით დაკმაყოფილების იძულებით. უნდა ვაღიარო, რომ ვფიქრობ ულისეს დიდ შეგნებულობაზე, იმაზე, რომ იგი წარმოადგენს საგნობრივ მინაზე სუბიექტს ყველა ობიექტისათვის, არსებას, რომელიც იქცევა ისე, როგორც მისტერ ბლუმი, ან ტიპოგრაფია, ან დაჭმუჭნული ქაღალდი, მაგრამ სინამდვილეში წარმოადგენს ყველა ამ ეგპემპლარის „წყვდიადში მიმალულ მამას“. „მე ვარ ის, ვინც სწირავს და მე ვარ მსხვერპლი“. ინფერნალ სფეროთა ენაზე: „მე საუცხოო კარაქი ვარ“. როდესაც იგი გულს უძებნის სამყაროს, ყველა ბაღი ყვავილობს, მაგრამ, როდესაც იგი ზურგს შეაქცევს მას, ერთმანეთის მიყოლებით იწყებენ გაქრობას უშინაარსო დღეები - labitur et labetur in omne volubilisaevum.18
დემიურგმა თავდაპირველად შექმნა სამყარო, რომელმაც თავმომწონედ ჩათვალა იგი, სრულყოფილად, მაგრამ, ზევით რომ აიხედა, სინათლე შეამჩნია, რომელიც მას არ შეუქმნია. ამგვარად, იგი ზურგით შემობრუნდა იმ ადგილიდან, სადაც მისი სახლი იყო. მაგრამ, როდესაც ის ასე მოიქცა, მისი მამაკაცური შემოქმედებითი ძალა გადაიქცა ქალურ დამთმობლობად და იძულებული იყო ეღიარებია:
ყველა საგანი ეფემერულია,
სხვა არაფერია თუ არა ასახვა;
მიუღწეველი აქ იძენს დასრულებულობას;
აუწერელი აქ განხორციელდა,
მარად ქალური
ჯერ კიდევ გვიზიდავს.
წიგნის სურათიდან, იქ, შორს ქვემოთ, მიწაზე, ირლანდიაში, დუბლინში, ეკლზ-ქუჩის, 7-ში, თავისი საწოლიდან, ღამის ორ საათზე ჩაძინებული, 1904 წლის 17 ივნისის დაწყებისთანავე, ქარაფშუტა მისის ბლუმი წარმოთქვამს: ოჰ, ზღვაო, ზოგჯერ ცეცხლივით მეწამურო, დიდებულო დაისებო და ალამუდის ბაღების ლეღვის ხეებო, ყველა უცნაურო შუკავ და ვარდების, ჟასმინების, ნემსიწვერთა და კაკტუსთა ვარდისფერო, ცისფერო და ყვითელო ხეივნებო, გიბრალტარო, სადაც მე გოგონა და მთის ყვავილი ვიყავი და როდესაც თმები ვარდით დავიმაგრე, როგორც ამას აკეთებენ ანდალუზიელი გოგონები ან ალისფერი რომ მივიბნიე და როგორ მკოცნიდა იგი მავრიტანულ კედელთან და გავიფიქრე - სულერთი არაა ეს იქნება თუ სხვა და მაშინ თვალებით ვუთხარი, რომ კვლავ ეთხოვა და მკითხა - მსურდა თუ არა მეთქვა დიახ, დიახ ჩემი მთის ყვავილი და თავდაპირველად ხელები შემოვხვიე და მივიზიდე ჩემსკენ ისე, რომ იგრძნო ჩემი მკერდი და სურნელი, გული ძლიერ ძგერდა და ვუთხარი - დიახ მინდა.
ოჰ, „ულისე“ შენ ხარ - ნამდვილად ღვთისმოსავი წიგნი, ობიექტებით გაბრუებულთათვის, ობიექტებით შეპყრობილი თეთრი ადამიანისათვის! შენ ხარ - სულიერი სავარჯიშო, ასკეტის დისციპლინა, აგონიზირებულობის რიტუალი, მიწყობილი ქამანდი, თვრამეტი ერთმანეთზე დადგმული ალქიმიური რეტორტი, რომლებშიც დისტილირდება ამინო მჟავა, მომწამვლელი გაზები, ცეცხლი და ყინვა, და ახალი სამყაროსეული ცნობიერების ჰომუნკულუსი.
შენ არაფერს არ ლაპარაკობ და არაფერს არ ამხელ, მაგრამ, ოჰ, „ულისე“ შენ ჩვენ გვაძლევ სამუშაოს! პენელოპეს უკვე აღარ სჭირდება თავისი დაუსრულებელი ნართის რთვა; მას უკვე შეუძლია დედამიწის ბაღებში დასვენება, ვინაიდან მისი ქმარი დაბრუნდა, მისი მოგზაურობები დასრულდა. სამყარო დაიფშვნა და კვლავ შეიქმნა.
დამამთავრებელი ფრაზა: მე უკვე მშვენივრად ვართმევ თავს „ულისეს“ კითხვას - წინ!
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ნინო დარბაისელი - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი