გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე)


ღამე ტკივილიანი, ნისლიანი, მძიმე კვამლივით იფანტებოდა ჰაერში. ბერლინის ერთ-ერთ გარეუბანში ბაიშურ ბლაცამდე ერთმანეთის მიყოლებით, თითქოს ერთ ჯაჭვად გადაბმულები, აენთნენ ბოძებად წამომართული შუქურები, თითქოს ვიღაცას მოეწყინაო მათი უტყვად და უსინათლოდ ყოფნა.შუკაში, მიუსაფარი სახლიც აენთო, ხოლო მის ერთ-ერთ ოთახში, რომელიც ახალგაზრდა ვაჟს ეკუთვნოდა, საოცრებები დატრიალდა... ოთახში გამომწყვდეული ღამის ბურუსი გაფერმკრთალდა, ყველაფერი შეიცვალა. თქვენ წარმოიდგინეთ, მასში განთავსებულმა საგნებმაც კი მოძრაობა დაიწყეს. ქუჩიდან შემოჭრილმა შუქმა ფარდების მარმაშს უფრო სიცხადე და სიწარმტაცე შესძინა, ფანტაზიაში გაახვია ის.
წარსული მძიმე ბოლივით იფანტებოდა.
3-ჯერ შემოჰკრა საათმა. ის, როგორც ჟამის აღმრიცხველი, კუშეტზე გაწოლილი ყმაწვილკაცის ფიქრთა ჭიდილის უტყვი მემატიანე გამხდარიყო, საათებს, წუთებს, წამებს აღრიცხავდა. წახემსებისას დისა და მამის უბრობა მხოლოდ წიგნის კითხვით შემოიფარგლა. ძმა მხოლოდ უხმოდ ადევნებდა თვალს მამა-შვილის ტკივილიან გაბუტვას. ასეთი გაბრაზებისას მხოლოდ დედა შველოდათ. დედის სიმყუდროვეს დაეძებდა თითოეული მათგანი. ამ ძიებაში დაფანტულიყვნენ მამაცა და შვილებიც, ამ მონატრებაში. ღამის მწუხრი კი გასაოცარი, მინავლებული, გარედან შემოჭრილი შუქით ასხივებდა ფანჯრის მინებს, მას უკვე მოსწყინებოდა ფარდის მარმაშის კიაფი, ადამიანების შეცნობის სურვილი ჰკლავდა „მზიან ღამეს“.
მიშა, - ასე ერქვა ახალგაზრდა ხმელ-ხმელ ყმაწვილკაცს და პენსეთი, პატარ-პატარა ულვაშებით იწონებდა თავს, ლამაზი პირისახით, ოდნავ მოჭუტული ღრმად ჩამჯდარი ჭკვიანი თვალებით მისშტერებოდა ჭერს და აზრთა ლაბირინთებში გახვეული არიადნას ძაფივით ეძებდა გამოსავალს წარსულისა და აწმყოს გასაყართან. ნებისმიერი ჩქამი, ნებისმიერი მოძრაობა მის შემეცნებაში ზღვასთან, ოჯახის ერთად ყოფნასთან, ბედნიერებასთან ასოცირდებოდა, რომელიც ფარდის მარმაშის სხივთა კიაფით თითქოს სწერდა ახალ მატიანეს. ეს იყო ერთგვარი მეტამორფოზებით ყმაწვილი კაცის უტყვი ბაასი სამყაროსთან, ის ღმრთისგან იყო სულნაბერი, სადაც დღევანდელობა ნავარდობდა წარსულთან, მაგრამ რაღაც ახლის მაუწყებლადაც გვევლინებოდა დაუწერლად, უსიტყვოდ. გასაოცარია, არა?!
ყველაფერი ჩვენს წინ გადაშლილიყო ერთ მთლიან მაკროკოსმოსად, ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცად, ღამისეულ სამყაროდ.
ოთახის ოთხივ კუთხეში იქმნებოდა რაღაც გასაოცარი, ჯადოსნური, წარმოსახვითი სამყარო, მირაჟი, მომავლის პერსპექტივა, გამაოგნებელი თავისი განსაკუთრებულობით, გამჭვირვალობით და თუნდაც უდაბურობით: ცოცხლდებოდნენ აზვირთებული ზღვის ტალღები, ნაპირზე დაყრილი ლამაზ-ლამაზად აფერადებული ხვინჭკებით. ზღვის ტალღის უზარმაზარი ზვირთი შავ მეჩეჩზე უნებურად გარიყულიყო, აფეთქებულიყო და შეყინულიყო. პატარ-პატარა მოგონებებად ის აცოცხლებდა წარსულს.
უცებ, მეორე ოთახის კარები გახმაურდა და ღამის ნათურის მკრთალად მოციმციმე ყვითელ შუქში თითქოს ღრმა წყალში, ისე ატივტივდა აწმყო. სკამის საზურგეთი აკიაფდა, წყლის ციაგის და ღამის ნათურის მეშვეობით გაკაშკაშდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასტუმრო ოთახის კარების გაღება დააფიქსირა. მას ნაწყვეტ-ნაწყვეტად მოჰქონდა მეორე ოთახში მოსაუბრე ქალ-ვაჟის ხმები. ეს არაუხვსიტყვიანი, გაუგებარი საუბარი იყო, რომელიც ჩახველებამ და უნებურად ატეხილმა სიცილმა ჩაახშო. ზღვა მიყუჩდა... მაგრამ უცებ ოთახის მყუდროებაში ქუჩიდან შემოჭრილი ხმაური შემოიჭრა, გაბატონდა და როგორც მძიმე კვამლი, ისე გაიფანტა ოთახში, შუქიც ჩანავლდა, ნისლივით დაიფანტა. ჰაერი გაიყინა. მას მხოლოდ იმ ავტომობილების ხმაური არღვევდა, რომელნიც გაბმული საყვირით არღვევდნენ ღამის წყვდიადს. საშას ოთახი თითქოს აერთიანებდა გარე სამყაროსა და ოთახის შიგა სამყაროს სიჭრელეს. ყმაწვილის ფანტაზიას გაქანებას აძლევდა ხმაურის ამგვარი შერწყმა, ეს მისი ერთგვარი შემოქმედებითი წვა იყო.
ზღვის მედუზის სხეულში არეკლილი წყლის ჭავლი აღბეჭდავდა ნებისმიერ ციმციმს, რომელიც ბერლინის ცივ ქუჩებში დანავარდობდა და საშას იმ სამყაროს უნებურ მეგზურად აქცევდა, რომელიც სადღაც მიიჩქაროდა, ვიღაცასავით იტანჯებოდა, ოცნებობდა, უხაროდა, წუთისოფლის ამაოებას შესტრფოდა. ის შეიძლება ყოფილიყო ქუჩაში აბუზული, გაწუწული ძაღლიც კი, უფოთლო, მაგრამ ძალზედ ლამაზი ხის ტოტები, რომლებიც არც თუ ისე ლამაზი, ნისლიანი, ბურუსით მოცულ ცის კაბადონზე აციმციმებულიყვნენ, შეიძლება ყოფილიყო გაჩახჩახებული ვიტრინების შუქ-ჩრდილები, სალონების ბრჭყვიალობები და უცილობელი  Inconce de la Seine, რომელიც ასე პოპულარული იყო ბერლინში. ყმაწვილი, უნებურად იმ ისტორიის კუთვნილება გამხდარიყო, რომელიც, ახლა, ამ წუთას იწერებოდა და გარკვეულ ხარკსაც უხდიდა დროს უცაბედად, როგორც ეგვიპტის სამარხში განთავსებული მუმია.
ყმაწვილი შეინძრა, ახმაურდა. მან რატომღაც გადაწყვიტა არაიმქვეყნიური და ამქვეყნიური აზრების ჭიდილისაგან განთავისუფლებულიყო, არ სურდა საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვა მძიმე ბოლოსთვის, მაგრამ შუქ-ჩრდილების ციაგმა დაძლია და მისი ცხოვრებისეული საზღვრების მყიფეობა გამოააშკარავა. 
სამყაროს ნაწილებად ქცეულიყო ბიჭის სხეული: ხელი, - სახლის შესასვლელი გამხდარიყო, ხერხემალი ზეცაზე მთაგრეხილის მსგავს ღრუბლებს დამსგავსებოდა. და არც ეს საოცრად, ოქროსფრად მოელვარე მოციმციმე ზღვის სიღრმისეული რხევაა, სადაც კარების მინები კაშკაშებდნენ. არც ეს წარმოსახვითი მოხაზულობები არ აძლევდა საშუალებას ყმაწვილკაცს ნაწილ-ნაწილ აკოწიწებული მისი სხეული შეედუღაბებინა და ბოლოს და ბოლოს ამოეცნო საკუთარი თავი. და უცებ, რაოდენ სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს, კბილებში გაჩხერილი ხორცი ძალუმად შეიგრძნო, რამაც ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი რეალურ სამყაროს დაუბრუნა ის, იმ სიყვარულმაც დააბრუნა, რომელიც სახლის მეორე მხარეს გამეფებულიყო და მოსვენებას აკარგვინებდა მთელს ოჯახს.
ბიჭს, როგორც მიუსაფარ ბრბოს, ისე უნდოდა რაღაც ცხოვრებისეული საბჯენი ეპოვნა და ეს ცხოვრებისეული მძიმე ჯანღი გაერღვია, სიჩუმე გაეპო. და ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ უცებ წამოიმართა, ნათურა აანთო და ჩაფიქრდა. საკუთარი თავი სძაგდა. ამიტომ გადაწყვიტა თავისსავე ნაჭუჭიდან ამომძვრალიყო, რკინის ჯავშნისთვის თავი დაეღწია, ბინდმოკიდებულ ცხოვრებაში მოეძებნა ის ადამიანი, რომელიც შეეშველებოდა, მის სულს არ დაამახინჯებდა, არ დაანაკუწებდა, არ დაფლეთდა მას.
დღევანდელობა ულმობელი აჩრდილივით დასდევდა საშას, ერთფეროვანი დღეები იჯრით ერწყმოდნენ ერთმანეთს. ეს იყო ჩვეულებრივი რუტინა ქანცგამოლეული ადამიანისა. უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა, მამის ერთი და იგივე დავალება და ტრაქტირისაკენ მიმავალი, გატკეპნილი უგზო გზა, უგზოობა, ბერლინის უხვწვიმებისაგან გაჯერებული ნესტიანი ჰაერი, მინისლული კვამლის სიდიადე, რომელიც ბოლივით მიიკლაკნებოდა სადღაც ზემოთ და ნაღველივით აწვებოდა მის სულსა და გულს, ყოფას.
მაგიდაზე მიგდებულმა რვეულმა ყოფიერებასთან დააბრუნა. იქვე ეგდო მელნით მოთხუპნული ქაღალდის საჭრეთელი და ინგლისური შესაკრავი, რომელმაც რატომღაც კბილის საჩიჩქნის მოვალეობა შეითავსა.
კარების ღრიჭოდან პატარა ხელმა შემოანათა. ეს წყლის ნიმფას ხელი იყო, რამაც აუტანელი ბურუსი, რომელიც ოთახში დაბუდებულიყო, გაფანტა.
- გრიშა, საყვარელო! - თქვა დამ, ერთი ღერი პაპიროსი მომაწოდე.
სიჩუმემ ისევ დაისადგურა. გოგონამ თვალები მოჭუტა. გადაწყვიტა გაეგო ეძინა თუ არა ძმას.
თხოვნა განმეორდა. გუშინდელი წაკამათების შემდეგ და ვეღარ ბედავდა მამისათვის სიგარეტი გამოერთმია.
გრიშა დაყაბულდა და მეგობრისაგან მიტოვებული სიგარეტის კოლოფის ძებნა დაიწყო წიგნების თაროებს შორის, რომლებიც კვამლივით ზემოთ-ზემოთ აზიდულიყვნენ და იფანტებოდნენ ოთახში. საყვარელ წიგნებს გადააწყდა, ბევრი მისთვის გამოუსადეგარი წიგნებიც სადღაც კუთხეში შექუჩულიყვნენ.
წარსული გაახსენდა, მისთვის ძვირფასი წიგნების წაკითხვის დროც გაიხსენა, მეხსიერების მივიწყებულ კუნჭულებში რაღაც ძვირფასი მოიძია. მოთეთრო-მოცისფრო ცარიელმა სიგარეტის კოლოფმა გაჰფანტა ეს ბურუსიც.
სხვა რა გზა დარჩენოდა, წამოდგა, ფეხები წუღებში წაჰყარა და ოთახიდან გაილალა. სახლში ბნელოდა, მხოლოდ შემოსასვლელში, სარკის სადგამზე გარედან შემოჭრილი შუქის ლაცლიცზე შეამჩნია უცნობის მოდური ქუდი, გაზეთის ნახევი, რომელშიდაც სავარაუდოდ ვარდები იყო ლამაზად შეფუთული.
რა ხდებოდა დასა და ამ უცხო ჯენტლმენს შორის სტანჯავდა მამა-შვილს. ეტყობოდა უცნობი კარგი ოჯახის შვილი, მდიდარი, გავლენიანი და საკმაოდ განათლებული იყო. მაგრამ მისი პიროვნება აფრთხობდა მათ ყოფას. ისინი ხომ ასეთი გულწრფელები და სათნონი იყვნენ. მამას ეშინოდა მეუღლის დაკარგვის შემდეგ ბავშვების სული არავის არ დაემახინჯებინა.
საკიდზე მამის პალტო ეულად ეკიდა. თავისი გაფითრებული თითებით, თითქოს მამის ჯიბეს რაღაც უბედურებას უპირებდა, ყმაწვილმა ის მიჩხრიკ-მოჩხრიკა და უცებ საკუთარი თავისადმი უდიდესმა სიძულვილმა შეაზანზარა. მამის ჯიბის სამყარო კიცხავდა მას. პაპიროსი ჯიბეშიდაც არ აღმოჩნდა.
საშამ მამის კაბინეტისაკენ განაგრძო გზა. ეს მისი მამისაკენ მიმავალი თვითშემეცნების გზა იყო ნისლიანი, უდაბური, დაბნელებული, უშუქო. უცებ სარკეში თავისი თავის ანარეკლი დაინახა და ვერც კი იცნი ის.
სასადილო ოთახის კარები ფრთხილად შეაღო. მაგიდაზე ჩაის სერვიზი კიაფობდა. მხოლოდ ოჯახის წევრებს ელოდა მამა. იქნებ დედასაც... ეს მამის ერთგვარი დედის მონატრების რიტუალი იყო. იჯდა ასე ყოველ საღამოთი მარტოსული მამა და ელოდა ჩაისათვის მის საოცრად კარგად განათლებულ, დახვეწილ, მაგრამ ცხოვრებისგან ოდნავ ფრთაშეკვეცილ შვილებს. ახლაც ასე იყო. მხოლოდ ლოდინი, რომელიც მძიმე ბოლივით გაწელილიყო ოთახში, მაგიდაზე გაშლილი ბერლინის რუკით შემოსაზღვრულიყო დღეს. მამა იწიწკნიდა წვერს, დასჩერებოდა ბერლინის რუკას და იმ უაზრო კამათის წაგებული თანამოსაუბრე გახლდათ, ემიგრანტების იმ ოჯახს ეკუთვნოდა, რომელთაც ჯერ კიდევ კარგად ვერ შეესწავლათ უცხო გარემო, ეს უცნაური ატმოსფერო, რომელიც არ იყო მათი ნავთსაყუდელი. ეს არ იყო მათი სამშობლო, დროებით დატოვებული, როგორც ამას თვითონ განმარტავდნენ, სადაც ყველაფერი ნაცნობი და ძვირფასი იყო მათთვის.
ბერლინი თავისი გაუკვალავი, უცნობი ქუჩებით თავის ადგილს იმკვიდრებდა მათ დროებაში თუ უდროობაში?
- რა გსურს? - იკითხა მამამ და მის ხმაში, როგორც ეკლესიის ზარის ხმაში, გაისმა იმედი ერთად შეკრების სიხარულისა, წარსულის არდავიწყებისა. მამას ისე სურდა ამ მტანჯველი ბოლის გარღვევა, იმ ცხოვრებისეული სიჯანსაღისა, რომელიც ტანჯავდა მას დედის გარდაცვალების შემდეგ... შვილები შემოფანტულიყვნენ, გაუცხოებულიყვნენ.
სიჩუმე არ დაირღვა და მამაც მიხვდა... ისევ ლოდინი და ალბათ ისევ სიგარეტი. 
- ის წავიდა? - უკვე მერამდენედ ჯიუტად კითხულობდა მამა.
ვაჟს არ ძალუძდა პასუხი გაეცა.
- არა! - ძლივს უპასუხა და ოთახიდან გავიდა. გატეხილ ბროლივით ჟღერდა ორთავეს ხმა.
ნუთუ ისევ ტკივილი, ისევ ნისლის გაუგებრობა. და უცებ... სიბნელეში დედის ნატიფი სახე გამოჩნდა, გამოიძერწა და ცხოვრების ჯადოსნური წრეც დაირღვა. ირგვლივ ყველაფერი გაირინდა, შემდეგ კი... გაქარწყლდა.
ეს იყო წამიერი, ძალზედ ფაქიზი წარსულის აფეთქება და დედის ისეთი მონატრება, სიტყვებითაც რომ არ გადმოიცემოდა.
ყოფის შეულამაზებელი პირობა არღვევდა ჯებირებს. მძიმე კვამლი წყლის სამყაროს ედებოდა, მასში კრთებოდა დედის უსპეტაკესი სახე, მამის ძლიერი მხრები, შვილების სიცილ-კისკისი კი ავსებდა არემარეს. ეს იყო კვამლისფერი წუთისოფლის მსხვრევა, სადაც ხეებზე ქარისაგან მოწყვეტილი ფოთლები, ადამიანის გარდაცვლილი სულების მსგავსად, ოდნავ ყოვნდებოდნენ ჰაერში, ანგრევდნენ ამ მძიმე ბოლს, ჯანღს, ნისლს, ნაღველს, ტკივილს და შემდეგ... ნელ-ნელი დაშვებით ელამუნებოდნენ მიუსაფარი ემიგრანტების სახლების სახურავებს, მათ სულებს.
და უხმოდ შემოვიდა და გავიდა.
მძიმე ბოლი კვლავ გაიფანტა, მაგრამ რაღაც ბოჭავდა შემოქმედს და საოცრება... მაინც განათდა, ყველაფერი გამოცოცხლდა და ყველაზე მეტად იცით რა? ცოცხალი ბწკარედი!
ის როგორც იქნა აეწყო და როგორც კიბეზე სანთლით აღმავალი ადამიანი, ლექსად გადმოიღვარა ფურცელზე.
იტალიური მუსიკით გაჯერებული ალერტერაციები მოსდებოდა ატმოსფეროს. აწ გარდასული ყოფიერების სურათები სიტყვების ახლებური აჟღერებით ავსებდნენ ოთახის სიმყუდროვეს, იწერებოდნენ, შეიგრძნობდნენ.
აი, ისინიც: „სიცივე“, „ნაპირი“, „ჟამი“. ეს ვიღაცასთვის მოსაბეზრებელი, არაფრისმთქმელი სიტყვები სიმსუბუქეს სძენდა ყოფიერებას.
ნუთუ ისინიც უნდა გამქრალიყვნენ?!
- არა, არა და არა! ისინი ავტორის ცრემლნარევი მელნით დაწერილნი, აგრძელებდნენ სვლას, ლექსად აწყობას და სანამ შეშრებოდნენ ქაღალდზე, ისე კიაფობდნენ, ისეთი გასაოცრები იყვნენ... ყოფიერება უკვე ამკვიდრებდა მათ.
ღამის სიბნელე ფერმკრთალდებოდა. ჟამიანობა მთავრდებოდა. აისი გაბატონებულიყო მძიმე ბოლზე.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge