გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“

        
                
                

აღნიშნული მოთხობისათვის ავტორი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ დაჯილდოებულ იქნა დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიით 2023 წლის მაისში. ,,აფინაჟის“ რედაქცია ულოცავს ლეილა მესხს ამ წარმატებას!

აბსურდის სამყოფელი შეიძლებოდა დამერქმია ამ  მოთხრობისთვის, მტკვრის სანაპიროზე წამოჭიმულ, ამ  ვეება შენობისთვის,  რომელმაც, რაც თავი მახსოვს, მრავალჯერ იცვალა სახელი, ფერი,  გარეგნობა... რა თქმა უნდა, პატრონიც. წინათ, საქეიფო,  სალხინო,   დროს სატარებელ  ადგილად მიიჩნევდნენ, ახლაც ასე იყო...უჩვეულო გარემო, მტკვრის სიახლოვე, გრილი, კამკამა ჰაერი,   შორი-ახლო მქროლავი მანქანები...  აშკარად იზიდავდა მიმსვლელს.   
     რესტორანს, ამჟამად  ,,თეთრი დუქანი“ ერქვა (ფიროსმანის დროინდელი სახელი აღადგინეს!).  ძველ ქალაქელებსაც ამგვარად ახსოვდათ! მოგვიანებით, ბევრჯერ უცვალესფერი, თეთრი კედლები წითლად გადაღებეს, ზედ ნამგალი და უროც დაახატეს, ამასაც არ დაჯერდნენ,  მთავრობის წევრთა თავშესაყარ ადგილად აქციეს, საბანკეტო დარბაზად... ხუთწლედების დასრულებას,  ქაღალდზე შესრულებულ გეგმებს ზეიმობდნენ... იმ წლებს, ამგვარად ჩვეოდა და ისინიც აგრძელებდნენ...
*
თავდაპირველად  ოთხნი შეიკრიბნენ,  ძველი მეგობრები, შემდეგ ორი მიემატათ. ყველაფერი აკავშირებდათ ერთმანეთს_ საერთო ასაკი, ბავშვობა, სიყმაწვილის წლები (რაც ბევრს ნიშნავდა!), იმდენი დრო ჰქონდათ  ერთმანეთის სიახლოვეს გატარებული, ზედმეტი  მოკითხვა  თუ მოძიება, არც იყო საჭირო.   მათ სავალალოდ, ბოლო ჟამს, ორი მეგობარი გამოაკლდათ, დამშვიდობება ვერ მოასწრეს, ისე უცებ წავიდნენ. მძიმე ავადმყოფები არ იყვნენ...  წინა საღამო, უდარდელ მოკითხვებში  რომ გაატარეს, დილით, უკვე  დიდი სოფლის ბინადარნი აღმოჩდნენ. ამ ფაქტმა, აშკარად დააფრთხო ისინი. თავდახრილები ისხდნენ პანაშვიდზე, ჭირისუფლებს შორის. ყველაზე მეტად, ,,კოვიდმა“ (თუ რაღაც ჯანდაბამ!)  დააფრთხო ისინი. წესიერად ვერ დაიტირეს,  სასაფლაომდე მისვლაც ვერ გაბედეს, უხმოდ მობრუნდნენ უკან... ერთმანეთს მზერას  უმალავდნენ...
დრო გავიდა, მცირედათ გაუნელდათ შიშ-ფეთება. ახლა ქორწილში პატიჟებენ, თავისივე თანაკლასელი, ძველი მეგობარი. მესამედ ქორწინდებოდა... ჰოდა აიშალნენ, ერთმანეთი მონატრებოდათ. მეგობრის დაქორწინება... ახალგაზრდა ცოლი... მათ ფსიქიკაზე დადებითათ მოქმედებდა.
საღამო ჩამოდგა.  ,,ტაქსიდან’’ ერთ-მეორის მიყოლებით გადმოვიდნენ. კიბეს, მშვიდი ნაბიჯით აჰყვნენ... რომ  ეგონათ, ვინც რესტორანში მიიწვია, პირველი იგი შეეგებებოდა,  არსად ჩანდა!ვერც დარბაზში დალანდეს.  (ახლად შერთულ პატარძალთან ერთად უნდა ეხილათ!)   ოდნავ დამფრთხლებმა  შეაღეს რესტორნის  კარი. ოფიციანტს თავიანთი ვინაობა უთხრეს. უხმოდ მიიღო, არც ,,ლურჯი პასპორტი’’ მოუთხოვია , არც მწვანე... (ქალაქში ჭორი დადიოდა  ,,ლურჯი პასპორტის’’ გარეშე რესტორანში არ უშვებენო...) მათ კიდევ, არც პასპორტი ჰქონდათ და არც აცრილები იყვნენ.  ამიტომ იყო, მცირედათ დამფრთხალნი შეილალნენ დარბაზში.
არ ეცალა ოფიციანტს,  მათზე ადრე მისულებს დასტრიალებდა თავს. როგორც იქნა მოიცალა, უმალ ადგილი შეურჩია ოთხეულს, ფანჯარასთან დასვა, საამო სივრცის საცქერლად.  პირდაპირ მტკვარს  უმზერდნენ, მწვანედ მოლივლივესა და  ტალღებაქოჩრილს...
   ახალგაზრდა ოფიციანტი, გრძელცხვირა,  აწოწოლი ვაჟი იყო.  ქათქათა ხალათი ლაზათიანად ადგა ტანზე, მოქნილი ჩანდა. მაგიდიდან, მაგიდასთან მიმორბოდა.
თანდათან შეივსო დარბაზი, ყველა ასაკის და ყველა რჯულის ადამიანით . უმეტესად, უცხოელები ჭარბობდნენ. ქერა, ფეროვანი ევროპელები, ჟღალი თმით და ჟღალი სახით. არ ხმაურობდნენ, სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. ოფიციანტი კიდევ სტუმრებს უღიმოდა, თავისთან იწვევდა... სკამებს სთავაზობდა. 
*
როგორც მოგახსენეთ, რესტორანი  ძველი იყო (ოდესღაც საბჭოური ეშხით დამშვენებული), მრავლჯერ გადაღებილი და იერშეცვლილი.  კედლებზე, ერთ დროს, ფიროსმანის ნახატები (ასლები)  ეკიდა, ძნელად მიმსგავსებული...  ახლა აღარ ჩანდა! ბოლო რემონტის შემდგომ, ახალმა მფლობელმა, ფულიან-დოვლათიანმა კაცმა ( ყველაზე დიდი თანხა ფულის შეცვლის დროსიშოვა!)  კუპონების ჟრიამულში,  გაუფასურების ჟამს, უცებ გამდიდრდა. ტყიბულის მაღაროებსაც მაშინ დაეპატრონა... იმოდენა სიმდიდრე (წიაღისეულს ვგულისხმობ!) კაპიკებად ჩაიგდო ხელში. გალაღდა კაცი! თუმცა, არ აცალა განგებამ, ფეხი წაიმტვრია... თორმეტი მუშა, ერთდროულად დაეღუპა. ქართველები. ცოლშვილიანები , ჯანიანი მუშაკაცები... გაუმართავი ვინტილაციის გამო, მაღაროში გაიგუდნენ. ჰოდა, დაფრთხა მეპატრონე.. მშიშარა აღმოჩნდა! უმალ დათმო იქაურობა!  გაყიდა, სხვას გადულოცა...  იმ ფულით კიდევ, მილიონებს რომ ითვლიდა, დედაქალაქში სამი რესტორანი შეიძინა (ერთი მათგანი ,,თეთრი დუქანი’’ გახლდათ!).
   მაშინ იყო, ფიროსმანის სურათები რომ ჩამოხსნეს   და სანაცვლოდ,  თანამედროვე, მოდური მხატვრის ,,შედევრებით’’ მორთეს. ისიც ითქვა, ახალგაზრდა პრეზიდენტს, განსაკუთრებით უყვარს ამ რესტორანში ქეიფიო, ღამეული თავშეყრები ,,ევასებაო’’, თანამოაზრე-თანამეინახეებთან ერთად, სახალისოდ და დროის გასაყვანად ხშირად მოდისო.  ცნობილ, მომღერალ ქალბატონებსაც გამოიყოლებდა  თან და წავიდა გრიალი!  თავად მას, ღია ფანჯარასთან, მკერდგაღეღილს უყვარდა ჯდომა.  ხმამაღალი ხითხითი ჩვეოდა...
თუმცა, ყველაფერი უცებ დამთავრდა... შეშინებულმა , უკან მოხედვაც ვერ მოასწრო , მოკურცხლა. ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა... ჭრელია ქვეყანა!
ნახატებზე გიამბობდით, ფიროსმანის შემდეგ, ვიღაც თანამედროვე, ულტრა-მხატვარმა უღიმღამო პეიზაჟებით  აავსო კედლები.  ეტყობა საკმაო თანხა აახია  პატრონს, (მხატვრობაში ნაკლებად გარკვეულ, ფეხის ხმას აყოლილ, ფულიან კაცს...) 
ამიტომ იყო, სუფრის წევრები, ოდნავ გაოცებით შესჩერებოდნენ  კედლებს.გიორგი რატიანს, ინჟინერს, კედლის მხატვრობის დიდათ არ გაეგებოდა (იგი ხეზე კვეთის ოსტატი იყო!), უფრო მოყვარული. მაგრამ ამ ჭრელა-ჭრულა უდაბნოებს, ქვიშებს, გამოქვაბულებს ნამდვილად ვერაფერი გაუგო. დაჭყეტილთვალებიანი, სამთითა უცხოპლანეტელები რანაირად მოსწონებოდა, ამასაც ვერ მიხვდა. ამიტომ იყო, ერთმანეთში  აერია  ფერი, სახე , ცეცხლოვანი ხომალდი,   უცხო არსებების დაგრძელებული კიდურები,  უაზრო მზერა... ვერც ის გაერკვია, სად იწყებოდა და სად მთავრდებო ნახატი.... ამას ერქვა  ახალი მხატვრობა?!  ,,განსხვავებული ხელწერა’’?!... კოსმიური რაკეტაც შეამჩნია, გასაფრენად გამზადებული...  ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე. არეულ-აწეწილი. უხელო კაცები და უფეხო ქალები,  უაზრო ქანდაკებების დომხალი... 
ყოველივე ამას, მისი აზრით, სამი თითის კომბინაციას ერქვა!
*
,,ოთხეული’’ გაოცებით შესჩერებოდა კედლებს... სუნთქვა გახშირებოდათ... (ნემსები, ჩხვლეტები, აცრები. ფაიზერი და სინოვაკი, ასტრა-ზელეკა თუ სინოფარნი... აშკარად დაივიწყეს! ქალაქში მოტორტმანე შიშის განცდაც. არადა,  აშკარად დაფრთხა ხალხი,რიგითი ადამიანები.  ვინც მედიცინაში  არ იყვნენ გარკვეული, ერთობ საშიში დაავადება შემოიჭრა ქალაქში. იხოცება ხალხი. საავადმყოფოებში ადგილები არ არის! პალატები გადატვირთულია... აცრებს მიეძალნენ, მაგრამ არც იმან უშველათ...
აცრის შემდგომ, ჩვილბავშვიანი დედა გარდაიცვალა..(მაშასადამე, აცრამ არ უშველა!) ახლადდაქორწინებული წყვილი, პირველსავე აცრაზე ცუდათ გახდნენ..  მოხუცი ცოლ-ქმარი საწოლში  იპოვეს მკვდრები... მოჭიდავე ბიჭი, მეორე აცრისას მოკვდა.ცნობილი ექიმიც მიჰყვა, გამოცდილი და მრავლისმცოდნე.. წადი და არკვიე სიმართლე!  ვის გინდა დაუჯერო?  
ხალხი პანიკამ მოიცვა, სახლებში ჩაიკეტნენ. ყოველგვარი მისვლა-მოსვლა შეწყვიტეს. ყოველგვარ აცრაზე უარი განაცხადეს, დასანახად ვერ იტანდნენ ექიმს, სასწრაფოს, პირბადიან ექთნებს. ერთმანეთსგაურბოდნენ, ემალებოდნენ... ტელეფონზე დარეკვისას, გაძნელებით პასუხობდნენ.  ,,კანონმა იკანონოსო, ნდობამ კი იბატონოსო!’’ მერე სად იყო ნდობა?!
მაგრამ მოდის დრო, როცა გეჩვენება, თითქოს  ყველაფერი დამთავრდა, გეძინა და უცებ გამოგეღვიძა, წასული იყავი და დაბრუნდი... მკვდარი რომ  გეგონა საკუთარი თავი, აღმოჩნდა,  რომ ცოცხალი ხარ, არსებობ, იღწვი...  ყველაზე მეტად, ძველი მეგობრების ხილვა გწადია... ამიტომ იყო, პირველსავე ზარს  დაფეთებით  გამოეხმაურაგიორგი რატიანი.. როგორც გადარჩენის ბოლო იმედს. შეძრულს ჰგავდა კაცი,  რაღაც უხაროდა... ცოლის ყურსა და თვალს რა გამოეპარებოდა და ,,რა ხდება?”_ჰკითხა ბელამ. (ერთ დროს კისკისა, თვალებნაბია ქალმა, ახლა საკმაოდ შემჭკნარმა, უფერულმა და უგუნებომ ... ისინი თანაკლასელები იყვნენ.)  ,,ქორწილში გვეპატიჟებიან...” –უპასუხა ქმარმა. _ ,,სად, ვინ?  დღეს ვინ იხდის ქორწილს?!’’ _,, ჩვენი მუხრანი...მუხო...’’  _ ,,ბეჩა! მერამდენე ქორწილს  იხდის?!’’  _,,მესამეს!’’
  ქორწილში წასვლის სურვილი ხომ გაამჟღავნა  გიორგი რატიანმა , საშუალო ტანის, ფერმკთალმა, გაცრეცილმა კაცმა, მზადებაც იწყო. შინ ჯდომა მობეზრებოდა, მეგობრებთან საუბარი სურდა. მათთან მიეთ-მოეთს დანატრული ჩანდა, გული მათკენ გასწეოდა.უპირველესად, ახლო მეგობრებს შეატყობინა, ძველისძველ თანაკლასელებს...ატაცებული ჩანდა , ზომაზე მეტად გამხიარულებული... უპირველესად,  ლილუს დაუკავშირდა. ბოხი ხმით მოლაპარაკე, შავწარბებიან თანაკლასელ ქალბატონს. მაღალი ტანის, ჟირაფივით, გრძელი კისრით და უიღბლო გამოხედვით... იგი  გაუთხოვარი გახლდათ! თუმცა დიდათ არ დარდობდა, არც შთამომავლობისთვის იკლავდა თავს. ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, საბურთალოს ბაზართან ახლოს. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა.წინა წლებში მოსწავლეებს ამზადებდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ახლა შემოელია მოწაფეც და მომზადების მსურველიც.  ამჟამად, ოპერის წინ, ვიწრო ჯიხურში, ბილეთებს ყიდის, (თუმცა, არ ამხელს, ერცხვინება.) ფილარმონიის ოფისში ვმუშაობო,-იწონებს თავს.   ცნობილ მომღერლებს ასახელებს, მათთან ვმეგობრობო. რამდენად მართალი იყო, არავინ იცოდა. ახალგაზრდობაში, ერთ, ცნობილ  მომღერალთან ქალბატონთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. საღამოს კაბაც მან შეუკერა მომღერალს.  მთელი ცხოვრე მის მეგობრად თვლიდა თავს. ამიტომ, როცა მომღერლებზე და მუსიკაზე იწყებოდა საუბარი, ლულუს თავისი აზრები და მიხვედრები გააჩნდა...  
მეოთხე, მათ შორის მუსიკოსი იყო.,  თავმსხვილა, წითური კაცი,  რომელსაც, ჯერ კიდევ ჭაბუკობიდან, კლარნეტზე დამკვრელ, ნიჭიერ მუსიკოსად მიიჩნევდნენ. გოდერძი ბუაძე. ალალმართალი, ჩუმი კაცი გახლდათ..  
ცოლი, რუსი ,კაზაკის ქალი ჰყავდა. სავსემკერდიანი, ფუშფუშა ქალი. იმასაც ამბობდნენ, ზოგჯერ ხელდახელ გადადიან ერთმანეთზეო... რამდენად მართალი იყო, არავინ იცოდა, სრულიად ახალგაზრდა ვაჟმა, გასტროლების დროს გაიცნო. როგორც ნიჭიერი პიანისტი... სამჯერ ჩააკითხა მშობლიურ ქალაქში, ბოლოს წამოიყვანა და დაქორწინდა..
ვაი, ამ წამოყვანას! 
არც ქალისგან დადგა დიდი პიანისტი და არც კაცისგან_ცნობილი მუსიკოსი. ერთმანეთს კბენდნენ, უბღვერდნენ, ამუნათებდნენ. ყოველდღიური შეხლა-შემოხლა, მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახლაც, მეგობრების წინაშე დარცხვენილი წარდგა, ცოლის თითების აშკარა ანაბეჭდი სახეზე ემჩნეოდა...  არ მალავდა კაცი,  ლამის ყველას ანახებდა!  ნახეთ, რა დღეში ვარო... ხუთი თითის ანაბეჭდi ჯილდოთ ჩნდა სახეზე. როცა ჰკითხეს, გაიღიმა და - ,,დათვმა დამტორაო... ‘’თქვა.
*
,,შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი,- მაგრამ არ იცი ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოქარგა უწინ’’... მოკლედ, მასპინძელი არ ჩანდა, ვინც ლხინში დაპატიჟა ,  ვინაც თანხა უნდა გადაიხადოს. არადა, რა ხანია სუფრა გაშლილია. სულო და გულო! თავდაპირველად, მცირედათ გააპარა მუსიკოსმა ხელი. (დილიდან მშიერი იყო! დანაყრება ვერ მოასწრო. გიორგიც აჰყვა, გემრიელად შეექცნენ,  ღვინოც შესვეს, მწყურვალედ და მადლიანად, უმეტესად კაცებმა. სიძე _დედოფალი ჯერაც არ ჩანდნენ!  ზოგადი ფრაზებით, მიეთ-მოეთით,  გაყავდათ დრო... 
რაკი წითური  მეგობარი ნიჭიერ მუსიკოსად მიიჩნევდა  თავს, ამიტომაც იოლად წამოიწყო;
_ ჩვენთან ღირსეულის დაფასება არ იციან, ნახეთ, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე რა დღეში ჩააგდეს, სათანადოდ ვერ დააფასეს.  ინტრიგებში გახვიეს... იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა...
_ ,,კამეჩის მოჭიდავე ხარს რქები არ შერჩებაო’’, ნათქვამია.  პოლიტიკოსობა მოინდომა და იმიტომ... მე პირადათ,  მცდარ ნაბიჯად ვუთვლი..._ჩაერია რატიანი. _ახლა რუსეთში გაიქცა... ესეც შეცდომაა...
   _ მერე რა მოხდა, სოტკილავაც მღეროდა  რუსეთში, ზურიკო ანჯაფარიძეც, მაყვალა ქასრაშვილიც... ამით რა დააშავეს, იქ დიდი სარბიელია... ნაჭუჭში ხომ არ  ჩაიკეტებიან?! ,,იღბალი აქვს ლიპლიპასა, ყველა მისკენ მიტლინკავსა!’’ხომ გაგიგონია...
ერთხანს უხმოდ ისხდნენ, გაუბედავად, ლამის დამუნჯებულები.
რა ხანია, არცერთ მათგანს, შინიდან ფეხი არ გაუდგამს, ქუჩას გადაირბენენ, პურსა და  პროდუქტს შეიძენენ და ჰაიდა, შინისკენ მოკურცხლავენ. შინ უფრო მყუდროდ  გრძნობენ თავს..  მერე  ნაგვიანები ზარი გახმოვანდა და ყველანი  აიშალნენ. აიფოფრნენ, ქეიფის იშტაზე  დადგნენ, დროსტარების სურვილი მოეძალათ... რაც მთავარია, ერთმანეთის ხილვა, პირისპირ შეყრა მოუნდათ. 
  ოთხი ათეული წლის წინ, ერთ  მხიარულ დაბაში გაიზარდნენ .  საშუალო სკოლა ერთად დაამთავრეს და როგორც ხშირად  ხდება -ხოლმე,ყველამ  დედაქალაქს მოაშურა, სასწავლებლად თუ სამუშაოდ...   სულ მალე თბილისის მკვიდრნი გახდნენ. თუმცა  ძველი ჩვევა, ერთმანეთის ხშირად მონახულება არ მოიშალეს... რესტორანში  მათი მიმპატიჟებელი, ფულის გადამხდელი_მუხრანი... ,,მუხოც’’, თანაკლასელი იყო.
ჯერაც არ ჩანდა სიძე. ცნობილი თამადა, მოქეიფე, მექალთანე, ფულის ამფრიალებელი, ტაშის მოყვარული კაცი,,ჩვენი მუხო! ‘’
მუხოს ხილვა და მისი მესამე ცოლის გაცნობა, აშკარად მოსურვებოდათ! ,,კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება სწორების ჯობინობაში, გონჯი კი ბოსლის ბოლოში, ქალების ლოდინობაში’’... ანდაზებით შეთამაშება უყვარდა გიორგი რატიანს. რომ არ ელოდი , ისეთ მოქნილ-მოკვარახჭინებულ ფრაზას დაახეთქებდა, გაოცდებოდი.ახლაც... ოღონდ, ხეირიანად ვერ მიხვდნენ, ვისკენ ისროდა ისარს... 
მათ შორის,, ყველაზე ხშირად თანამდებობები მუხრან სირბილაძემ, იგივე ,,,მუხომ’’ იცვალა , სხვადასხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან  კონტრაქტები დადო, ხელშეკრულებები გააფორმა,  რასაც  მიწვდა,  ყველაფერი სათავისოდ დაითრია. დამკვეთსა და შემსრულებელს შორის  საერთო ენის გამონახვა არ ეშლებოდა. ამას თავად კისრულობდა...  საჭირო ხალხი   გაიცნო, დაიმეგობრა კიდეც. ფულიც საკმაო იშოვა... ამიტომ იყო, მალიმალ იწვევდნენ, შინ თუ გარეთ, რჩევას ეკითხებოდნენ... არაფერი  შეშლია, პარტნიორებს  მეგობრებს ესახდა, შინ იწვევდა... თვითფრინავი ბილეთს თავად ყიდულობდა, მანქანის საბარგულში, საუკეთესო ღვინოები ეწყო., კონიაკის ბოთლებს  ჩუქნიდა.წინათ რუსებს კერავდა, ახლა უცხოელებს. ორ ჭიქაში  რომ თვრებიან და გონს ჰკარგავენ. 
თანაკლასელის მაქინაციებში,  დიდათ გარკვეული არ ჩანდნენ მეგობრები, რომ გეკითხათ, მისი სამსახურის სახელწოდებაც არ იცოდნენ. თუმცა, ცნობილი ბიზნესმენი და ჩალიჩ-მალიჩა კაცი ნამდვილად იყო,    წყალი არ გაუდიოდა.   თუ მეგობრები   მობერებულნი ჩანდნენ, უიღბლო კაცის იერი დაჰკრავდათ. თავად, ,,მუხო’’, ეშხიან კაცად გამოიყურებოდა. ახალგაზრდა ცოლმა მთლად გააცოცხლა და გაახალისა.  თანამდებობები ხომ გამოიცვალა,  ვიღაცის ჯიბრზე, ცოლების გამოცვლაც იწყო.  პირველი ცოლი თავად წავიდა მისგან. ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, შვილთან ერთად. ისე წავიდა ქალი, უკან არ მოუხედავს. ,,ცოლ-ქმრობის უღლიდან განთავისუფლებო’’_ შემოუთვალა. არ უდარდია კაცს, მცირედათ ეამა კიდეც, უდავიდარაბოდ მოიცილა  პრეტენზიული, მკაცრი ქალი. (არაფერი მოსწონდა, ყველაფერს იწუნებდა!)
სულ მალე ახალ ,,ტურფას’’ შეეყარა, ასე ეძახდა ქალს. რაკი თავს  განთავისუფლებულად გრძნობდა   სხვა რა დარჩენოდა, ახალ ბედ-იღბალს  დაუწყო ძებნა., უცაბედათ შეეყარა_თქო ვერ ვიტყვი, რომელიღაც ოფისს, ხელშეკრულების გასაფორმებლად ეწვია.   ქალიც იქ დახვდა...  მცირე გასაუბრება, კაფეში მიპატიჟება   ( სიმორცხვის არაფერი ეტყობოდა!) ამას მოჰყვა გვიანი სუფრა,  მხიარულება... იმ ღამით, ქალის ბინაში დარჩა. სამაგიეროდ ახალი ოფისი,  ახალი პერსპექტივები. ,,მიდი-მოდი, თეთრო ხიდო!’’ აშკარად ხელი მოითბო, ორი-სამი წელი მასთანტკბილად გაატარა. მცირედათ  რომ მობეზრდათ ერთმანეთი. (მანქანა უკვე შეიძინა,  ბინაც  აიშენა...) თავისუფლება უნდოდა და ... იპოვა.
მცირე დრო გავიდა... ახალი ცოლი მოესურვა. ზუსტათ ისეთი, როგორიც ეწადა. ახალგაზრდა,  კეკლუცი, მომღიმარი. გამოცდილებამ უკარნახა თუ თავად ბედისწერა ჩაერია!  ქალი ოცდახუთი წლის იყო,  საკმაოდ უმცროსი. მამაკაცის ასაკი არც მას შემოყრია დიდათ გულზე, საქმროს შემოსავლებს, ფულსა და დოვლათს აშკარადდახარბდა. ახლა, სუფრას  შლის ,,თეთრ დუქანში’’, სიყრმის მეგობრებს პატიჟებს. რაც მთავარია, მათ წინაშე ახალგაზრდა ცოლის წარდგენას სურს. თავის მოწონება და მარიფათის გამოჩენა  სურს.
რაც შეეხება ლილუს,  რახანია, არსად არავინ პატიჟებს... გაძვალულ-  გაანჩხლებული ქალი, ვიწრო მხრებითა და ავადმზირალი თვალებით, ვის გაახსენდებოდა?! დღევანდელ დღეს საკუთარი მარტოხელობითაც  ვერავის გააკვირვებ!  თანდათან შემოეცალა ახლობლები. ზოგი იმქვეყნად წავიდა, ზოგიც ,,კოვიდმა’’ ჩაკეტა... მერე, გიორგი რატიანმა რომ დარეკეა, ,,გამოგივლით და დაგვხვდიო’’,  ჯერ დაიბნა,ეამა კიდეც, მერე ტირილი დაიწყო. რახანიარესტორანში  არავინ დაუპატიჟნია, ვისიმე დაკრძალვაზე თუ მოუწევს წასვლა, თორემ,  ლხინი კარგა ხანია  გადაავიწყდა... უმალ შეიმოსა ლილუ, თავისი მწვანე კაბით და მსუბუქი შარფით. ყელზე მოიფინა, ფრანგული სუნამო იპკურა და უკვე მზად იყო!
რაც შეეხება ბელას, გიორგი რატიანის მეუღლეს, ,,დიდი ოჯახის პატარა დიასახლისს’’, როგოც თავად  უწოდებდა საკუთარ თავს , ( დიდი მკითხველი არ გახლდათ, მაგრამ ჯეკ ლონდონის ეს  რომანი  ნამდვილადწაკითხული ჰქონდა!) ,,დიდი სახლის პატარა დიასახლისი’’... უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა , თუმცა არც ერთი დღე  არ უმსახურია, არც ფრანგული ენა უსწავლებია ვინმესთვის, მგონი გადაავიწყდა კიდეც!  ამჟამად, მხოლოდ  ცოლად, დედად და დიასახლისად  მიიჩნევს საკუთარ თავს... არავინ იცის ,,რა ჟანგი ჭამს ქალის გულს’’...
*
ასე იყო თუ ისე,ყველაფერი ყალყზე  იდგა რესტორანში.  ჭაღი, ფარდები, მწკრივად ჩამოწყობილი სკამები, მოხორხოცე ხალხი, ნაჭამ-ნუჭამით ავსებული მაგიდები, ღვინით შევსებელი ჭიქები, მამაკაცების ოფლიანი მხრები, ქალების გამოკრული უკანალი... გადაძახილი და გადმოძახილი. ტკარცალი, კისკისი. ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე, 
შუა დარბაზში ვიღაც ქალი მღეროდა,  წითელთმიანი, (პარიკით!) ტანსავსე. და უდარდელი. თეძოს არხევდა, იგრიხებოდა , თავისას ისწორებდა... სხვებსაც ართობდა. (თუ გართობა ერქვა!) მერე წავიდა ცეკვები... გიჟური. უაზრო. ხოშის გამსწორებელი. თითქოს უნდა ეჩქარათ, ამ წუთებში უნდა მოესწროთ , მერე ყველაფერი დამთავრდებოდა.... უფრო სწორად,  გაქრებოდა!  ლხინის სუფრას აალაგებდნენ.  გამოდის, რომ, მოსწრებაზე იყვნენ! 
ზუსტათ ამ დროს, წითელთმიანმა მომღერალმა ქალმა მიკროფონი მოიმარჯვა. და შუა სცენაზე გამოვიდა.  სიმღერა დაიწყო. ხმა ღალატობდა, ალაგ-ალაგ ელეოდა, სუსტდებოდა, თუმცა არ იმჩნევდა!
*
_ვახ, ეს ხომ თათული ამაღლობელია, აქ მღერის?!_ გაიოცა  ,,მუსიკოსმა’’ _ერთად ვსწავლობდით მუსიკალურ სასწავლებელში.  კომსერვატორიაშიც. მერე ოპერაში მღეროდა.  ხმა დაკარგა,მცირედათ გაებზარა...  აბა რა იქნებოდა,  არ მოისვენა,არც საკუთარი თავი  დაინდო...  მარტოხელამგაზარდა სამი შვილი. გულიანი გოგო იყო, აქ რამ მოიყვანა?  ეხ, რა არის ცხოვრება!
დარდიანი მზერა ჰქონდა მუსიკოსს.
ყველანი მომღერალ ქალს შესცქეროდნენ. ვიღაცის მორთმეული, ვარდების  მოზრდილითაიგული  ეჭირა ხელში... საბრალომ , ვერც მაგიდაზე დადო, ვერც  სკამზე ჩამოჯდა, რომ წუთით  დაესვენა და დასიებულ ფეხებს სული მოეთქვა, ტუფლებში ვერ ატევდა,  სახეც  შეშუპებოდა... ტანჯვა იყო მისი სიმღერა! წითელი პარიკი  ბულულად  ადგა თავზე... 
მერე ის ზონზროხა კაცი გამოჩნდა...ტანსრული, მოშვებული სხეულით.  სისხლჭარბი ჩანდა .. ამერიკულად შეკრეჭილი თმით. მოკლედ, ყალყზე შემდგარი.  რომელიღაც სუფრიდან წამოდგა, თეთრი ვარდებით ხელში,  პირდაპირ მომღერალ ქალს მოაშურა.თავი დაუხარა, ქათინაური უთხრა, მერე ვარდები მიართვა. ნასვამი ჩანდა, მცირედათ ბორძიკობდა. უძვირფასესი პიჯაკი ეცვა, ცალ ღილზე შეხსნილი, თავმომწონე ჩანდა. ბრიქად მზირალი. მოღეღილ ყელზე საკინძე  შეეხსნა, რაც მის დაუდევარ ხასიათზე მეტყველებდა... აშკარად ჩანდა,  დარბაზიც და დამსწრენიც , სულ ფეხებზე ეკიდა. კორიდაზე  გამოვარდნილ, გავეშებულ ხარს ჰგავდა, სიბნელეში ნამყოფს... წითელი ქსოვილის აფრიალება რომ აგიჟებს. ამგვარად გაიწია კაცი წითელთმიან მომღერალ ქალისკენ... ქალს  მიკროფონი ეჭირა  და  უკანალისრხევით,  უცხოურ სიმღერას მღეროდა. 
ერთბაშად მიასკდა კაცი, ხელები დაუკოცნა,  თაიგული მიართვა . ძველ ნაცნობობას ახსენებდა. ,,სული სულს იცნობს და გული გულსაო’’.
თუმცა,  დიდათ აღფრთოვანებული არ ჩანდა ქალი, აშკარად ეტყობოდა, რომ ყველაფერი მობეზრებოდა. ყვავილებიც, მოქეიფენიც, უცხო მამაკაციც. რადგან ყველაზე მეტად დასიებული ფეხები აწუხებდა...ცოტაც და... ახლა მკლავი მოხვია მამაკაცმა, გულში ჩაიკრა, ლამის ტუჩები დაუკოცნა.. დიდათ არ დამფრთხალა მომღერალი, ასეთებს ნაჩვევი ჩანდა, მაგრამ  მერედამერე ზედმეტი რომ მოინდომა ხვადმა, უაზრომ და გალეშილმა,  უსიამოდ აიმღვრა ქალი, გაცლა ამჯობინა. არ გაუშვა კაცმა,  წაეპოტინა, თავისკენ დაითრია... და ამ უთავბოლო ბღლარძუნსა და მიეთ-მოეთში, უცებ მომღერალი წაბორძიკდა, გადიხარა, თავიდან პარიკი გადაძვრა...  გაშიშვლებული, ხრიოკა თავით, წითლად აფერადებული პირისახით,  ცრემლიანი თვალებით აღმოჩნდა არუზრუზებული დარბაზის წინაშე. ( პარიკი იატაკს დაენარცხა! ) უმალ იგრძნო ქალმა, შეეცადა შიშველი თავი, ხელებით დაეფარა.  ვერ შეძლო.მამრის მკლავებიც ძნელად  გაიცილა!  მერე  იყო და ეს შლეგი კაცი, თავისდაუნებლიეთ, პარიკზე შედგა , ფეხით გადათელა . პარიკი ხომ ადამიანის თმისაგან არის დამზადებული , ქსოვილზე დაკერებული, თავზე დასახურად გამზადებული...ხოლო ახლა , გათელილი და ფორმადაკარგული, ერთობ უსიამო  სანახავი იყო...
სადღაც გაიცინეს,  უკანა რიგებში ვიღაცამ გადიხარხარა. 
უმალ გამოერკვა  მომღერალი,დაიძაბა. ქალს, მელოტი თავი ჰქონდა, ჭაღარა ბუსუსებით დაფარული, უსიამოშესახედავი იყო. შესიებული ფეხები, ფაშფაშა უკანალი, გამოღლილი სხეული... ცრემლს ძლივს იკავებდა! თვალის უპეები  შავი საღებავით გათხიპნოდა...  საფრთხობელას ჰგავდა! და გამოერკვა კაცი, მაღალი და ზონზროხა, სურვილს აყოლილი, უმალ დაცხრა... დაიხარა და პარიკი აიღო, მცირედათ გაბერტყა,  გაასწორა. უხერხულად იშმუშნებოდა... განუწყვეტლივ ბოდიშობდა. სამაგიეროდ დარბაზი იყო აღფრთოვანებული, რადგან ეს ყოველივე გართობად მიიჩნიეს... 
და ამ  დროს გამოვარდაოფიციანტი, მაღალი ,ჭოლოკა ბიჭი....გაავებული ჩანდა.. ხელი დასტაცა პარიკს,შეაგორგალა,   ატირებულ ქალს მკლავი მოხვია და მკერდში ჩაიკრა. განუწყვეტლივ ეჩურჩულებოდა, აშკარად ამშვიდებდა. ორთავენი გასასვლელისკენგაემართნენ 
  _ მგონი დედაა... _ ჩაილაპარაკა ვიღაცამ.
  მაშინ იყო,  ფეხზე წამოვარდა  ,,მუსიკოსი,’’დედაშვილის დაცვა გადაწყვიტა, მათზე გადევნება, როგორც დამცველსა და, დამხმარეს, არ დასცალდა, ფეხზე წამომდგარ მუსიკოსს,  უპირველესადბელამ  შეავლო თვალი. (გიორგი რატიანის მეუღლემ!) გაიოცა ქალმა, მერე ხმამაღლა გადიკისკისა. რასაც ხედავდა,   არ  სჯეროდა... ტაში შემოკრა.
ნაცრისფერ კოსტუმთან ერთად... კაცს, ფეხზე, ოთახის ჩუსტები ეცვა. საბრალო მუსიკოსს.. . რბილები, ფუმფულები, ვარდისფერები...  ქალის ჩუსტები იყო, ალბათ ცოლის.! ეტყობა, მეგობრების დაძახილზე,  ,,არიქა, ,,ტაქსში’’ ვზივართ და ქვემოთ გელოდებითო’’, რომ ამცნეს,  დაფეთდა ...  ცოლის  კლანჭებიდანთავისდახსნა მოინდომა.  არც ფეხზედაუხედავს , პიჯაკი მოიცვა და ჰაიდა! გარეთ გამოვარდა. 
ახლა კიდევ ქალბატონი ბელა, მთელი ხმით კისკისებს. ფეხზე წამომდგარ კაცს ისე შესჩერებია, თითქოს პირველად ხედავდეს...  
... წამით, თავისდაუნებლიეთ, წარსული გაახსენდა კაცს, ამ ქალს ოდესღაც ეტრფოდა, მელოდიებს  უწერდა, დღე და ღამ მის ფაჯრებთან ,ათენებდა და აღამებდა...  წვიმასა და ქარში ატუზული, სევდიან სიმღერებს უმღეროდა.  ძველებურს, ქალაქურს ახლაც ახსოვს:,, მეუბნებიან, რატომ გამხდარხარ  და სევდიანი დაიარები... სატრფომ  უარი შემომითვალა და ...’’ ერთხელაც არ გამოუხედავს ქალს, თითქოს არ ესმოდა. ვაჟიკვლავაც აგრძელებდა:,,შეყვარებული ვის არ ჰყოლია, მაგრამ საფლავში არ ჩაყოლია. იტირე სულო, იტირე  გულო, იტირე ჩემო შეყვარებულო!’’(იმ სიმღერის მოსმენა, ყოველთვის  ცუდ ხასიათზე აყენებს...) თუმცა,  ყოველივე ეს, სიჭაბუკის ჟამს მოხდა, (თავის კაზაკ ცოლს არ იცნობდა). ახლოს არ გაიკარა ქალმა! ცხვირი აუბზუა,  თვალებციმციმა, მომხიბვლელი ასული  მალე გათხოვდა, ძმაკაცს გაჰყვა.  გიორგი რატიანს. ახლა,  გვერდიგვერდ სხედან , მტრედებივით,წყვილად ღუღუნებენ.
ახალი პატარძალის ხილვა  ნამდვილად ეწადა ბელას. მცირედათ გაერთობოდა, მეგობრებსაც  ნახავდა,  ამიტომ იყო, დილიდან შეეხმიანა ლულუს. პატარძალს განუცხადებია, ,,სოფლურ ტაშ-ფანდურს ვერ ვიტან... უმჯობესია საზღვარგარეთ წავიდეთ სამოგზაუროდო’’.  დუბაი მოსურვებიაო, არაბთა სამფლობელო, მილიონერთა ქალაქი..  გაემგზავრნენ კიდეც. დატვირთულები დაბრუნდნენ,  მზეზე გაშავებულები... ნავაჭრით დახუნძლულები. მართალია, დიდი გემოვნება ვერ გაამჟღავნა პატარძალმა, უმეტესად ბრჭყვიალა, ზიზილო-პიპილოები  შეერჩია, მაგრამ რაკი ქმარი ყველა სურვილს უსრულებდა,  აისრულა კიდეც...
აქეთ ,,მუსიკოსი’’ განაწყენდა.  ვისი რა საქმეა , რას ჩაიცვამს. ჩუსტებს თუ ქალამანს. ყველამ თავისას მიხედოს. შეეძლო ,ყოველივე ფეხზე დაეკიდა, ხუმრობაში გაეტარებინა, ერთი ფიქრით, წასვლაც დააპირა, თუმცა  შეუძლებელი იყო.  სხვა რა გამოსავალი ჰქონდათ, სიძე-კაცი უნდა ენახათ, ბოლოსდაბოლოს დაგვიანების მიზეზი ეკითხათ. უნდა დაურეკონ, მოიძიონ... ხომ მშვიდობაა... 
მაშინ იყო მობილური ააწკრიალეს. მოიძიეს, მოიხმეს.
,,მოვდივარ, მოვდივარო’’_ უპასუხა  ,,მუხომ’’, მცირედათ შეშფოთებული  ჩანდა.
* * *
სინამდვილეში რა მოხდა, ჯერ არავინ  იცოდა...
მანქანას, რომელსაც  ,,მუხო’’ მართავდა, შუა პროსპექტზე, მოულოდნელად  საბურავი გაუსკდა!... თითქოს  ბომბი  აფეთქდა.  იმგვარი ხმაურით,  ზათქით გახმოვანდა. კაცი  იფიქრებდა,განზრახ ჩაიდინესო. შიშმა შეიპყრო პატარძალი. ლამის გული გაუსკდა! აქეთ სიძე-ბატონი აღელდა,  მანქანიდან გადმოვიდა,  საბურავის შემკეთებელს, მის დამბერსა და წესრიგსი მომყვანს დაუწყო ძებნა...
ლამის ასფალტს დაკვროდა მანქანა, მოძრაობის უნარი წართმეოდა. არადა, უცხო უბანში აღმოჩნდნენ, ახლო-მახლო არავის   იცნობდა სიძე, არც  ვინმე მშველელი ეგულებოდა. ღამდებოდა, დამაშვრალი ადამიანები  შინისკენ მიიჩქაროდნენ, შინაურ სამყოფელს ეშურებოდნენ. მითთვის არავის ეცალა! სხვა რა გამოსავალი ჰქონდა, ქალი მანქანაში დატოვა და  თვითონ, ხელოსნის საძებნელად გაემართა. ახლო-მახლო  ადგილები მოიარა, დაათვალიერა.  საოცრება! ამოდენა ქალაქში, ამდენ მანქანის  შემკეთებელ საამქროებს  შორის, საბურავის გამომცვლელი ვერავინ იპოვა! არავინ ჩანდა, ყველას სადღაც მიეჩქარებოდა, აგვიანდებოდა და გარბოდა.  თუმცა, ხელოსნის პოვნას ვინ დაეძებს, ღამეული ქალაქის ხმაურიან ქუჩებში, ქალის მარტო  დატოვება ეთანაღრებოდა კაცს...   თუმცა რა ექნა!  იძულებული იყო, ახლადშერთული ცოლი მანქანაში დაეტოვებინა და  გუნებაშეცვლილი  გაჰყოლოდა გზას. 
   ერთხანს ყუჩად იჯდა  ახალგაზრდა ქალი, სურნელოვან კევს ღეჭავდა, მუსიკას უსმენდა. მერე ეს ყველაფერი მობეზრდა და ქუჩაში  დაიწყო ცქერა. ქუჩის მეორე მხარეს, ჯინსიანი ბიჭები  იდგნენ, მწკრივად,  ოთხნი იყვნენ. აბოლებდნენ,   დროდადრო , უცხოურ მანქანაში, მარტოდმარტო  მჯდომ, ოქროსფერთმიან, ახალგაზრდა ქალს ათვალიერებდნენ. მალიმალ მოხედავდნენ. მარტოდმარტო დარჩენილიქალი, ვიღაცას რომ ელოდა და მომსვლელი არ ჩანდა, აშკარა იყო!   ნელ-ნელა დაიძრნენ, შეუმჩნევლად  მოიწევდნენ, მოპარვით უახლოვდებოდნენ...  
ქალი დაძაბული იჯდა. რატომღაც, უპირველესად საყურეები შეიხსნა, ერთხანს მუჭში ჰქონდა, ბეჭედიც შეიძრო, რვაკარატიანი, ბრილიანტებით დამშვენებული.  ბოლოს, ცხვირსახოცში გახვია ეს ყველაფერი  და აზღუდში ჩამალა...  მცირედათ დამშვიდდა.. რატომღაც, ქმარი არ გახსენებია, მხოლოდ საქორწინო  ბეჭდზე ფიქრობდა... რითაც თავს იწონებდა!  საკმაო თანხა გადაიხადა კაცმა, საკუთარი გემოვნებით აარჩევინა ცოლს...  სიძის მონატანი ნივთები რომ შეამოწმეს ახლობლებმა...ჩაკითხეს, რამდენი გადაიხადაო, განსაკუთრებით, ბეჭედზე დაიფეთეს... ფასი არ იცოდა. სულ კარატობით  გაზომეს, აშკარად აღფრთოვანდნენ.  ჰოდა, მის შემდეგ ბევრ რამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.  ქმრის ასაკმაც ნაკლებად შეაშფოთა ისინი. მესამე ცოლად რომ მოჰყავდა ,არც ამისთვის Mმიუციათ დიდი მნიშვნელობა... წინა საღამოს, დაქალები ესტუმრა პატარძალს, იჩურჩულეს, იკისკისეს, _ ,,მთავარია, კარგად მაცხოვროს, ჩემს გემოზე. ასაკს სრულებით არ ვაქცევ ყურადღებას... “-განაცხადა ქალმა.-,,მალე  მანქანას გამოვცვლით და, წავიდა გრიალი!  
,,ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყანაზე.’’_ ეს დედამ უთხრა, გათხოვების წინაღამეს... მისახვედრელს მიახვედრა.
თუმცა, ახლა, ამ წუთებში, ერთობ განაწყენებული ჩანდა ქალი, მცირედათ დამფრთხალიც...  ჯინსიანი ბიჭები, აგრე ხელაღებით რომ მოიწევდნენ მისკენ,  თანდათან უახლოვდებოდნენ...  რაღაც უსიამოს უგრძნობდა გული.. ძვირფასეულობა რა ხანია გადამალა, თუ დამალვა ერქვა! ქმარი  კიდევ არ ჩანდა!  უკვე  ქუჩა გადმოჭრეს ბიჭებმა. სიგარეტის ნამწვი უდარდელად მოისროლეს და  უადგილო ადგილას შეჩერებულ, საბურავებდაშვებულ, უცხოურ  მანქანას, ხარბი მზერით დააცქერდნენ. ახედ-დახედეს. მანქანის სიმყუდროვეში მიმალულიახალგაზრდა ქალი უმალ შეამჩნიეს. ოქროსფრად შეფერადებული  მისი თმები, ლამის ანათებდა... 
იგრძნეს, მხიარული თავგადასავალი ელოდათ...
*
სანამ ,,მუხო’’ქუჩაში დახეტიალობდა  და ხელოსანს ეძებდა, საკმაო დრო გავიდა. წარწერა _,,ვულკანიზაცია’’ძნელად საპოვნელი აღმოჩნდა. ერთგან,ჩაკეტილ-ჩაგმანული  იპოვა. კარზე,  ვეება ბოქლომი ედო.. მცირე მანძილი გაიარა და  კვლავ გამოჩნდა, შესასვლელთან  ნათურა ენთო და კარიც ღია იყო, რათ გინდა მერე... ,,საბურავების შეკეთება’’ (იტყობინებოდა წარწერა!)  ერთადერთი ხელოსანი  მოჩანდა და ისიც უაზროდ ღაფავდა თვალებს...  (მთვრალი იყო!) ბათინკებით,  დივანზე გათხლაშულს ეძინა, გადმოვარდნაზე იყო!  სანამ  გონზე მოვიდოდა,  ალბათ გათენდებოდა კიდეც. უხმოდ იბრუნა პირი.
თუმცა, უაზრო ხეტიალმა, აღმა-დაღმა წანწალმა, ტყუილუბრალოდ არ ჩაუარა,  ჩიხის ბოლოს, როგორც იქნა მიაკვლია. გრძელცხვირა, თვალებზეთიანი, შავყვითელა სომეხი აღმოჩნდა. რკინის კარებზე ვიღაცას აჩხა-ბაჩხა ასოებით, ცარცით წაეწერა -,,არტუშას ცეხი’’.  თავისი საქმისა, აშკარად იცოდა  კაცმა, რიგიც ედგა,  საბურავებს ხსნიდა, აწეპებდა, ბერავდა... მოელაპარაკა და თავისივე მანქანით გამოჰყვა. ,,როგორმესახელოსნომდე მოვათრიოთო...’’_ შეთხოვა. რათ გინდა მერე, დანიშნულ ადგილას რომ მივიდნენ, სადაც ახალგაზრდა ცოლი დატოვა კაცმა, (ლამის გული გადაუჩერდა!).  ბღვიალა ნათურის ახლოს,  აღარც ქალი ჩანდა,  (ლამაზი, ოქროსფერთმიანი,  მორთულ_მოკაზმული...)  და არც მანქანა, კრემისფერი, ფრანგული ეშხით Dამშვენებული ,,პეჟო’’... მხოლოდ საბურავების კვალი ემჩნეოდა ტროტუარს,  მისწოლოდნენ და გაეჩოჩებინათ... მანქანა და ქალი, ორივე  ერთად გამქრალიყო! გულშეღონებულ  კაცს  გამოსავალი ვერ ეპოვა... ამ დროს  იყო,  რესტორნიდან  დარეკეს.... შეშფოთებული ჩანდნენ ძველი მეგობრები.  ,,ხალხი დაიბარე, სუფრა გაშალე, შეკვეთა  მიეცი, შენ კი დაიკარგე. რა ხდება? რატომ არ  ჩანხარ! ‘’ აშკარად უხერხული იყო... ასეთი რამის კადრება უდაოდ სირცხვილია. ამიტომ იყო, ერთბაშადმოწყდა ადგილს, შეფურცუხდა, შეშფოთდა... არტუშას მოუბოდიშა, მცირე თანხა ჯიბეში ჩაუკუჭა და ,,დილით მოვალო,’’ დაუბარა. 
,,ტაქსი’’ გააჩერა და ჩაჯდა... 
*
ბედისწერა ყველაფერში ერევა, ამ უცნაურ ღამის მსვლელობაშიც ედო  თავისი წილი. ყოველი წუთი მაგიური და ძნელად მისახვედრი ჩანდა... მანქანას რომ მიუახლოვდნენ ბიჭები და  მცირედი თავდახრით შეიჭვრიტეს . პირველი სიტყვა, რამაც თავჩახრილ ქალს, თავი ააწევინა და მათვის შეახედა, შეძახილი იყო. _ ,,ვახ, ამას ვის ვხედავ... საიდან სადაო,  აქ რა გინდა, გოგო? ქმარმა გამოგაგდო?!_იცინოდნენ, ხარხარობდნენ ბიჭები, ირგვლივ უტრიალებდნენ.  უდარდელები იყვნენ, ხალისიანები... მუხლებზე ხელს ირტყამდნენ.  
უმალ იცნო, თავისი უბნის ბიჭები აღმოჩდნენ, ძმის ძმაკაცები. ერთად  შეზრდილები,  ოჯახის ხშირი სტუმრები. მოცეკვავეთა ანსაბლშიც Eერთად ცეკვავდნენ, გასტროლებზეც დადიოდნენ. უნივერსიტეტში ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ. ლექციებსაც ხან აცდენდნენ, ხანაც ესწრებოდნენ,..
ბიჭებმა ხომ იცნეს ქალი, საბურავებდაშვებული მანქანაც შეამჩნიეს,  ბევრი არ უფიქრიათ, ვიღაცის მანქანას გამოაბეს და თან გაჰყვნენ.უყურადღებოდ ხომ არ დატოვებდნენ შუა ქუჩაში, მარტოდმარტო. ვინ იცის როდის დაბრუნდებოდა ქმარი?  (მერე როგორი სათვალო ,  ნახატივით გოგო დაითრია ტიპმა!) 
ასე ვერ მიატოვებენ, ვინ იცის რამდენი მოცლილი დაძრწის ქუჩაში. ეგებ სარკე მოხსნან, ფარები დააძრონ... ჰოდა,  ასე ჩოჩიალ-ფხორკიალით ადგილიდან დაძრეს მანქანა. ქალიც თან გაიყოლეს, ნახევრად შიშველი, (ყელ-კისერ მოშიშვლებული...)  დაპირდნენ, ქმარს უეჭველად მოგაძებნინებთო...  
თუმცა, სულ მალე, მანქანის თრევა მობეზრდათ და რომელიღაც ჩიხში, ნაცნობ ეზოში შეაყენეს. ძმაკაცის ბიძასმისახედათ დაუტოვეს, ,,დილით მოვა, პატრონიო...’’ დაუბარეს. მერე მხიარულებმა და ლაღებმა, იმ რესტორნისკენ  გააქანეს ქალი, სადაც სტუმრები ელოდათ.. 
*
იქ კიდევ ქეიფი და ლხინი დახვდათ.  მხიარული, ახალგაზრდული გრიალი და  ჯაგა-ჯუგი... მიდი და მოვდივარ!. მუსიკა უკრავდა, ნათურები ციმციმებდნენ. წყვილები ცეკვავდნენ. სულ მალე ,,ტაქსი’’ მოასკდა რესტორნის კიბეს... ლურჯპიჯაკიანი, ტანსავსე კაცი გადმოვიდა, შავულვაშა, ეშხიანი პირისახით. ( მანქანა დაკარგა, ცოლი გაებნა, რესტორანში  მეგობრები ელოდნენ!) ამიტომაც ჩქარობდა.აქაც ხომ არ შეირცხვენდა თავს.  აჩქარებული ნაბიჯით,  ლამის ძუნძულით, აირბინა კიბე. გაჭედილი დარბაზი გადაჭრა და მეგობრებს მიაშურა., მოუთმენელი, ხარბი მზერით შეათვალიერა იქაურობა და... ისინიც იპოვა!  ფანჯარასთან ახლოს ისხდნენ, ციმციმა ფარდების მიღმა აქაფებული მტკვარი მოჩანდა, ერთბაშად წაადგა თავზე. ღიმილიანი ჩანდა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს!
მეგობრები უმალ წამოიშალნენ. პატარძალი მოიკითხეს, ,,შეუძლოდ არის. მოგვიანებით შემოგვიერთდებაო’’ ამცნო.
_ მაშ, გაუმარჯოს უპატარძლო ქორწილს! _გიორგი რატიანს უკვე ღვინო მოკიდებოდა...
*
ახალი სახეები შემოემატა დარბაზს... უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ, მხიარულები,  თავგადასავლების მაძიებელნი.  წვერმოშვებულები, დაკუნთულები. მოდურად ჩაცმულები. ქალებიც ახლდათ, შარვლიანი გოგოები... (ჩაუქრობლად  რომ აბოლებდნენ სიგარეტს!) იქვე ახლოს ჩამოჯდნენ, როგორც კი  საცეკვაო მელოდია  აჟღერდა, უმალფეხზე წამოიშალნენ. და წავიდა, უდარდელი სიგიჟე, მიეთმოეთი. ერთმანეთს ჩაკრულ-ჩაგრეხილები ცეკვავდნენ. ამაში არაფერი იყო მიუღებელი  ოღონდ,  მოგვიანებით,ნახევრად ბნელ კუთხეში, ორი, დაკუნთულიახალგაზრდა ვაჟი ერთმანეთს ჩაკვროდა და.... ყელ –კისერს ულოშნიდნენ  ერთმანეთს. ყველას თვალწინ... დასანახად.. ამაზე გიული რატიანი აიმღვრა.. მათკენ გახედვა არ სურდა. შეურაცხოფილად გრძნობდა თავს.  ,,აქ სად მომიყვანე?!’’- უჩურჩულა ძმაკაცს. ,,დაბერდი!’’_ჩაიცინა სიძემ. _,,ახლა ასეთებია მოდაში...’’  _,,მაგათი მოდაც...’’_შეიგინა.
და ამ დროს,სულ ახლოს, ამაღლებულ სცენაზე,  წამიერად გიტარები  აჟღერდა. სამი ვაჟმა,  ქალიშვილთან ერთად ცეკვა წამოიწყეს.  ანდალუზიური ჟღერადობის მუსიკა იყო.. გასაოცარი რიტმი, პლასტიკა.  რომელიღაც ანსაბლის მოცეკვავეები აღმოჩნდნენ. ქართველები გოგო-ბიჭები... ლაღათ ცეკვავდნენ, მოქნილები ჩანდნენ, უდარდებლებიც. ტაშის ცემის ხმა ისმოდა...
საამო სანახაობისთვის თვალის  ერთი შევლება და, ადგილზე გაშეშდა ,,მუხო’’,   რასაც ხედავდა,  ძნელადერწმუნა, ძნელად დაეჯერა...  ვერც იმას მიხვდა, როგორ მოქცეულიყო... წყენაზე მეტად, მოუთმელნლობამ  შეიპყრო.რასაც  ხედავდა, სინამდვილედ  ნაკლებად ირწმუნა...  ვაჟებთან მოცეკვავე ახალგაზრდა ქალი,  მისი მესამე ცოლი აღმოჩნდა...
საიდან, სადაო... აქ როგორ  გაჩნდა?  ვინ მოიყვანა?მანქანაში   დატოვა,  ,,დამელოდეო!”_დაუბარა. მერე ვერც ქალი იპოვა და  ვერც მანქანა, არადა, აგერ ცეკვავს,  თან რა ჟინით, აღტაცებით, ტანს არხევს, ულამაზეს ილეთებს  აკეთებს... ნაცადი ჩანს! ბიჭებიც აჰყოლია.  სამნი არიან... ცეცხლოვანნი...აშკარად ჩანს, ამგვარ მხიარულობაში პირველად არ იღებენ მონაწილეობას, აქაურობის ხშირი სტუმრები იყვნენ!   გამოდის რომ საკუთარ ცოლს არ იცნობს. მის შესახებ არაფერი იცის...
ვაჟებს, საცეკვაო რკალში მოექციათ ქალი... ყველანი სურვილატანილებს ჰგავდნენ... გონიდან გადასულებს.. აშკარად ეხერხებოდათ ცეკვა! წლობით ნავარჯიშებს ჰგავდნენ. ერთმანეთთან შეწყობილ-შეხმატკბილებულნი  იყვნენ... ქალის კენარი ტანი, მოქნილი და მოსხლეტილი, ხელიდან  უსხლტებოდა  ვაჟებს, გასაფრენად გამზადებულს ჰგავდა  ამგვარი თავდავიწყებიდან ქალის გამორკვევა, უდაოდ ძნელი ეჩვენა კაცს!  ამიტომ იყო , კარგა ხანს მდუმარედ იჯდა, უაზროდ. შორიდან  უჭვრეტდა... ბუჩქებში მიმალულ, მამალ ხოხობს ჰგავდა, ყოყოჩას და თავმომწონეს. არავინ იცოდა, როდის აფრთხიალდებოდა. თავსაც გასცემდა და  მათაც დააფრთხობდა... 
ახალგაზრდა ცოლის გადამეტებულ მხიარულებას, ცეკვას და გამომწვევ ილეთებს, ნდურვით უმზერდა,  არ ამხელდა...მხოლოდ თითები უთრთოდა... საცა იყო,ფეხზე წამოიჭრებოდა და ,,ბიჭ-ბუჭების’’ წინაშე ,ცოლის ზედმეტ ხტუნაობას წერტილს დაუსვამდა. მაგრამ, საამისო ძალას თუ სურვილს ჯერაც ვერ გრძნობდა. ამიტომ   იყო უგუნებო და თავდახრილი.  იმასაც ხვდებოდა, ოდნავ ზედმეტი ყურადღება რომ გაემჟღავნებინა, მოცეკვავეებისაკენ თვალი გაქცეოდა... გვერდით მჯდომნი, უმალ მიხვდებოდნენ, სად იყო ძაღლის თავი დამარხული...  
აკი განაცხადა_ ,,ცოლი შეუძლოდ გახდა და ვერ წამოვიდაო’’.
_მიზეზობს?_ ჩაკითხა ბელამ
_არ ვიცი... შეიძლება!
_ ახალგაზრდა ქალს და ჭარმაგ მამაკაცს, ინდიგო ბავშვები უჩნდებათ... ამ ბოლო დროს მედიცინამ დაამტკიცა..._ ეს ლილუმ თქვა, ყველაზე ბრძენმა და მრავლისმცოდნემ _ ამგვარი ბავშვები, განსაკუთრებით გამორჩეულები  არიან... გონიერები იბადებიან.
,,მუხო’’ არ უსმენდა, სადღაც გაქცეოდა ფიქრი.
_ ,,თუ მიხვდნენ, ის მოცეკვავე  ჩემი ცოლია, ინდიგო ბავშვების გაჩენა მერე ნახე...’’_გაუელვა წამით. ჩაეცინა.
*
_ ,,ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს!’’_ ზუსტათ ამგვარი  განწყობით ცეკვავდა ქალი.  სურვილს აყოლილი ჩანდა...   კაბა უფრიალებდა... თავზე ემხობოდა, ფეხებში ედებოდა. ექსტაზში შესული,  ესპანური ხალხური ცეკვის ურთულეს ილეთებს ასრულებდა... ბიჭები გარს უტრიალებდნენ,  ფეხების ბაკუნით თავისკენ იწვევდნენ,  ტაშისცემით, შეძახილით,   იხმობდნენ. ისინი კიდევ,  ძველ ესპანელ იდალგოებს ჰგავდნენ, თავმომწონე რაინდებს, ქალისადმი პატივისცემა ძვალსა და რბილში რომ ჰქონდათ გამჯდარი.  ცეცხლის ნაპერწკლებს  ისროდნენ სცენაზე...
პირველად ახლა შეამჩნია ,,მუხომ’’, ქალი ფეხშიშველა ცეკვავდა,თმაგაწეწილი მზერაანთებული, ნამდვილ ბოშას ჰგავდა. ეშხით აქნევდა უკანალს...   მზერა ვერ მოწყვიტა კაცმა! ყველაზე მეტად რამაც გააოცა, ჩანს, რომ  არ იცნობდა საკუთარცოლს. არც ის იცოდა  მოცეკვავე  თუ იყო. არ გაუმხელია,  ნეტავ რატომ დამალა?! გაშლილ თმაში, წითელი  ვარდი უჩანდა... მთლად ეშხის პეპელა იყო!. არადა, ორი თვის დაქორწინებულები არიან! გამოდის რომ, არც იცნობს.
უხმოდ იჯდა კაცი. უძრავად.  მოცეკვავეებისკენ გახედვა  უჭირდა,რაღაც უშლიდა ხელს... რა იყო ვერ მიმხვდარიყო.  იმასაც ამჩნევდა, ბიჭები, აშკარა პატივისცემით უტრიალებდნენ ქალს,  მოწიწებით უხრიდნენ თავს. თითქოს ცეკვა მონატრებოდათ! დარბაზში მსხდომნი, აღფრთოვანებულები შესჩერებოდნენ მოცეკვავეებს,  გატრუნულნიისხდნენ,  თვალს ადევნებდნენ...  სამი გიტარა ერთთდროულად  ჟღერდა. გატაცებით უკრავდნენ მუსიკოსები..  ცეკვავდა ქალი, თითქოს ყველაფერი დავიწყნოდა, სად იყო,  ვინ მოიყვანა, აქ როგორ აღმოჩნდა... გვერდით მყოფნიც დავიწყნოდა... ხოლო შემდგომ, როცა ჩამოდგა წუთები და მუსიკა შეწყდა,  ერთბაშად ჩაჩუმდნენ გიტარები....  მთრთოლვარე სხეული ერთბაშად დაუმშვიდდა  ქალს, გამოერკვა. დაფეთებით მიმოიხედა, გონზე მოვიდა... სივრცე შეათვალიერა,  და მაშინ იყო, გადაჭედილი დარბაზის შორეულ კუთხეში, უცხო ადამიანებსშორის, მოულოდნელად  ის დაინახა, ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა... ვისმა ხილვამაც შეაშფოთა ...სავსემხრებიანი, ჭაღარა კაცი  თავდახრილი იჯდა. მზერას მალავდა...
*
რა ხანია მუსიკა შეწყდა, ცეკვა შენელდა. ახალგაზრდები საცეკვაო არენას გაეცალნენ,  იქვე ახლოს, სკამებზე ჩამოსხდნენ. ქალმა მაღალქუსლიან, მოხდენილ ფეხსაცმელში  ფეხი ჩააცურა. ჩქარობდა... რაღაც უსიამოს მოელოდა! მცირედათ რომ მოითქვა სული,  ლიმონათით პირამდე აავსო ჭიქა და ლამის  სულმოუთქმელად,  დასცალა. ერთბაშად გონზე მოვიდა. ხელჩანთიდან მობილური ამოღო...   დაფეთებით, ჩქარ-ჩქარა  აკრიფა... ,, სად ხარ ძვირფასო!  სწრაფად მიპასუხე,  შენს ლოდინში გული გადამელია... დამტოვე და წადი,  დაბრუნებას არ დაადგა საშველი...  რომ იცოდე ახლა სად ვარ! როცა გიამბობ, არ დაიჯერებ!  შენს ლოდინშიჩემი ძმის მეგობრები წამომადგნენ თავზე,მიშველეს... მანქანა საიმედო ადგილას დატოვეს და მე  იმ რესტორანში წამომიყვანეს, სადაც მეგობრებს უნდა შეხვედროდი.  ამ ბიჭებთან ერთად გავიზარდე, ძვირფასო, ანსაბლშიც,  მათთან  ერთად ვცეკვავდი...ჩვენს ქორწილში  მინდოდა დამეპატიჟნა,  გაგაცნობდი, მაგრამ... გადავიფიქრე...  სად ხარ ?  სწრაფად მიპასუხე. ვღელავ!’’
ერთხანს ფეხზე იდგა ქალი, დარბაზში მსხდომთ ათვალიერებდა, თითქოს ქმარს ეძებდა, სინამდვილეში იცოდა სადაც იყო... ხელახლა მობილურს მიუბრუნდა,..მიაყარა და მიაყარა...  ,,რომ იცოდე, როგორ მინდა შენი დანახვა, სადა ხარ? მემალები?... ნუ გიყვარს ჩემი წამება, გეყოფა!  გამოჩდი!’’(კაცი თავჩახრილი კითხულობდა გზავნილს... სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.) ქალი აგრძელებდა: ,,ძვირფასო!   რომ იცოდერა ბედნიერი ვარ! რამდენი ვიცეკვე... წარმოგიდგენია, ცეკვა მომნატრებია. ნეტავ დაგენახე,  როგორ ვცეკვავდი... მიყვარხარ ძვირფასო!  მოდი, მიპოვე! ვიცი, აქ ხარ, სადღაც ჩემს ახლოს... ამას ვგრძნობ. შორიდან მითვალთვალებ... ეგებ მებუტები? გთხოვ, გამოჩნდი!’’
_,,იჯექი, მე თვითონ მოვალ!’’ _მიიღო პასუხი.
  *
წამოდგა, წელში გაიმართა,  ხალათის ღილი შეიკრა. ქამარი შეამჭიდროვა,  მეგობრებს ღიმილით გადახედა და დარბაზის ბოლოსკენ  წავიდა. სულ ახლახან უგუნებო ჩანდა, ახლა მოუთმენლობათან ერთად, სიანცეს შეეპყრო,   თითქოს მფარველი ანგელოზი გამოეცხადა,  წამიერად დაადგა  თავზე...მისეულ შუქს გრძნობდა. ძველი მეგობრების წინაშე  თავის მოწონება სურდა, ახალგაზრდა ცოლის წარდგენა გადაწყვიტა. 
,,შეუნდე და შეგინდობენ!’’, ,,ირწმუნე და გირწმუნებენ!’’ მამაკაცის აფორიაქებულ მზერას, უპირველესად ლილუმ დაადგა თვალი. უმალ იგრძნო, რაღაც მოხდა... მზერა გაადევნა... მოგვიანებით, ისიც დაინახა, როგორი   პატივით  მოჰყავდაკაცს, ახალგაზრდა ქალი, თვალებში შესციცინებდა...მაგიდას მოუახლოვდნენ... 
    _,,ჩემი მეუღლეა, გაიცანით!’’  ყველანი ფეხზე წამოიშალნენ. ხელზე ეამბორა გიორგი რატივანური სიდინჯით, შეღიმა და მოიკითხა.მოცეკვავე ვაჟებიც  შემოუერთდნენ.მაღლები, მოქნილები, საცეკვაოდ თუ სალაღობოდ შემზადებულები... ერთერთმა,ცისფერთვალება, გამხდარმა ვაჟმა,  მანქანის გასაღები მიაწოდა ,,მუხოს’’. _ ბიძაჩემის ეზოში დავაყენეთ. საიმედო ადგილასო..’’ ამცნო. 
ოდნავ დარცხვენილი, მოხათრებული მზერით  შესცქეროდა ქალი ქმარს. დიდათ აფოფინებული არ ჩანდა კაცი, სათქმელი და გასამხელი რომ დაუგროვდება და უჭირს  ამოღერღვა, ამგვარ დღეში იყო. მათ შორის, ჩუმი, უთქმელი მიხვედრილობა იდგა. როცა, ყველამ ყველაფერი იცის და ვერ ამხელენ...  მეგობრებმა ჭიქები შეავსეს, ფეხზე წამოიშალნენ, დაილოცეს, სადღერგძელოები წარმოთქვეს... 
ამ დროს ოფიციანტმაც მოირბინა, სულ სხვამ,  გრძელფეხება, შხვართმა გოგომ.  მარჯვე ჩანდა, მარმაწა. უმალ დანახარჯი დაიანგარიშა, ძველ ფასს ახალი მიამატა,  ქვითარი გამოწერა და  მაგიდის კუთხეში, ყველას დასანახად დადო. ,,მუხო’’ დაწვდა ქვითარს,  დახედა. თანხის რაოდენობას დიდათ არ შეუშფოთებია,  ჩვეულებრივად მიიღო. პიჯაკის ჯიბიდან  მოლურჯო საკრედიტო ბარათი ამოიღო და  ქალიშვილს გაუწოდა..  ამასაც არ დაჯერდა, სამთავე ქალისთვის ბელას, ლილუს და  მეუღლეს საჩუქრები  მიართვა.პარკში, შამპანურის ბოთლს ამოეყო თავი.. შოკოლადები და ფორთოხლები...  ხელმკლავით გამოიყვანეს ქალები. კიბეზე დაეშვნენ, გიორგი რატიანი და ლილუ  ერთად მიდიოდნენ,   საშუალო ტანის,  ჭაღარა კაცი საკმაოდ შეზარხოშებული ჩანდა... მუდამ ჩუმი და უენო, ახლა ენად გაკრეფილიყო.  ძველს იგონებდა, თან  ხითხითებდა...  ,,ერთ მერხზე ვიჯექით მე და შენ... _ ქალმა გაიღიმა.  _ ახლა მითხარი, ქართულ წერაში, თემას რატომ არ მაწერინებდი?! მკლავს  აფარებდი ,ნაწერს მალავდი. არადა, რა კარგ თემებს წერდი, ვშურიანობდი.’’ იცინოდა ლილუ. ორთავე აღტაცებულნი  ჩანდნენ. 
_ეჰ, ჩემო გიორგი, ოპერის ბილეთების გაყიდვას სრულებით არ სჭირდება  ქართული ენისა და ლიტერატურის  ცოდნა, არც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა... ოთხი კლასის განათლება ყოფნის..._სევდიანი ხმა ჰქონდა ლილუს.
_აბა რა სჭირდება?_ხითხითებს კაცი.
_იღბალი.
ყველანი დუმდნენ, თითქოს დავიწყნოდათ,  ბოლოსდაბოლოს, რისთვის იყო საჭირო ქართული ენისა და ლიტერატურის კარგი ცოდნა. ან სანიმუშო თემების დაწერა, ვის რაში სჭირდება,  მითუმეტეს დღევანდელდღეს, ამ აწეწილ დროსა და აღრეულ ჟამში.  ვერაფერშიგამოიყენებ , ფასი არ ააქვს...  აი მაშინ იყო, ოდნავ განზე გადგა ლილუ, ხელჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლიანი თვალები შეიმშრალა.  ჭოლოკა ქალი, თავჩაღუნული და უგუნებო იყო,  ჩუმათ ტიროდა. 
     კიბეს ჩამოყვნენ,  მეორე თუ მესამე საფეხურზე, სახელურს ჩაჭიდებული, წითელპარიკიანი მომღერალი ქალი შეამჩნიეს.ყელ-კისერი მწვანე შარფით დაეფარა,დარცხვენილი ჩანდა.  წინ შვილი ატუზოდა, ფიქრიანი და დედის უიღბლობით შეწუხებული. ,,მუსიკოსიც’’ მათთან იყო,  (ცოლისჩუსტებით რომ ამოყო რესტორანში თავი.!)  მშვიდი სახეები ჰქონდათ,  რაღაც ისეთზე საუბრობდნენ, ამდენხანს რომ არ გახსენებიათ,   მომღერალი ქალიც ერთვოდა საუბარში მიახლოებისას, ბოლო სიტყვებს წაჰკრეს ყური:
_ რამდენი ხანია, რესტორნიდან წასვლა მინდა, ვერ ვახერხებ, მიძნელდება .შვილიც ჩემთან არის..... მაგრამ მივხვდი! მეტის ატანა აღარ შემიძლია. დამთავრდა ჩემი სიმღერა... რამდენხანს უნდა ვიტყუო თავი?!
მათმა გამოჩენამ ქალი ჩააჩუმა.
ყველანი ერთად შეჯგუფდნენ.  მრავლისმნახველი თუ მრავლისმომსწრე, გუნებაამღვრეული ადამიანები.  წამით ისიც გაახსენდათ,  ოთხეულიდან არცერთ მათგანს ,,მწვანე პასპორტი’’  არ ჰქონდა. არც მოუთხოვიათ. მაშასადამე საზოგადოებისთვის საშიშ არსებებს არ წარმოადგენენ.... რა ხანია გაუთავებელ შიშსა და კანკალში  იმყოფებიან. ახლა ქორწილში დაპატიჟეს და ყველაფერი იყო, ქორწილის გარდა. სიძე,  არ ჰგავდა  _სიძეს, და პატარძალი  _პატარძალს. 
  შეცნობისა და შეუცნობლობის ,ძნელად მიხვედრის წუთები იდგა.ერთი-მეორის მიმდევრობით ჩამოჰყვნენ კიბეს... ყველაზე მეტად პატარძალი ჩქარობდა, როგორც კი  ,,ტაქსი’’ გამოჩნდა, პირველივე ჩახტა მანქანაში. ქმარი  შეიყოლა, ხელი არ გაუშვია,.  ხეირიანადდამშვიდობებაც ვერ მოასწრეს, ვეღარც მადლობის თქმა. ოთხეული ფეხით გაჰყვა სანაპიროს... ირგვლივ  მანქანები მიმოქროდნენ, გრილი ნიავი  უბერავდა,ნახევრად გაშიშვლებული ხეებიდან გამხმარი ფოთლები ცვიოდა. 
ხეირიანად არ ჩასცილებოდნენ ,,თეთრ დუქანს,’’ სრულიად მოულოდნელად,  მეორე სართულზე ფანჯარა გაიღო...  და ქუჩას,მამაკაცის უდარდელი, მხიარული  ხმა გადასწვდა : ,,ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეთამ, ჯონდო დააორსულა!” ატყდა  სიცილი... კივილი.
თავისდაუნებლიედ, ერთ ადგილას შედგნენ მეგობრები, რაც ესმოდათ, თითქოს არ სჯეროდათ. რა ხდება?! იმასაც მიხვდნენ, ,,ჯამლეთა და ჯონდო’’, აქ არაფერ შუაში იყო!   გაუცხოებულ ქალაქში, ადამიანებიც შეცვლილნი ჩანდნენ. ამიტომ იყო, შემთხვევით მოხვედრილ მგზავრებს მიამგვანეს საკუთარი თავი...  უნდა ეჩქარათ,  აქაურობას გაცლოდნენ. მალე ალბათ, ერთმანეთის შეცნობაც გაუძნელდებათ. ვინ იყვნენ,  საიდან მოვიდნენ,  ან როგორ აღმოჩდნენ ამ ნახევრად ჩაბნელებულ  ქუჩაზე, მტკვრის პირას, წივილით მიმქროლავ მანქანებს შორის. თავგზააბნეულები მიაბიჯებდნენ, (თითქოს უსასრულობაში  მიეხეტებოდნენ...)  
ყოველივე სიზმარს ჰგავდა, ოღონდ, ძნელად მისახვედრს და შესაცნობს.
ჩვენც ხომ სიზმარში ვცხოვრობთ,  ნახევრად ზღაპარში. რაც დასაჯერებელია, ძნელად გვჯერა, მხოლოდ უცხოსა და  მიუღებელს ვეპოტინებით...
2022 წ. 10 თებერვალი
.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge