ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ქეთევან ლომთათიძეზე)
მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ქეთევან ლომთათიძეზე)
„ჭკვიანი ნიჭის“ მქონე ქალბატონი
„არნოლდ ჩიქობავამ თქვა – „ქეთევან ლომთათიძეს აქვს ჭკვიანი ნიჭიო; ძლიერი შემოქმედებითი ნიჭიო“... (ანა კალანდაძის ჩანაწერებიდან). ვკითხე ქალბატონ ანას, რა არის მეთქი „ჭკვიანი ნიჭი“... გაიღიმა: „აი ის, ქალბატონ ქეთევანს რომ აქვსო“... ხოლო თავად ქალბატონი ანა აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძისადმი მიძღვნილ წერილში წერდა: „სწორედ ეს შემოქმედებითი ნიჭია, შარავანდად რომ ადგას ქეთევან ლომთათიძის საკმაოდ რთულსა და მრავალმხრივ მოღვაწეობას“...
და კიდევ: თუ ვინმეს დაშვენდება ეს გამონათქვამი, უპირველესად ქალბატონ ქეთევანს: იგი „არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ თავისი სახელის ხსენებითაცო!“ (ილია ჭავჭავაძე).
ჩვენთვის, დედაუნივერსიტეტის კავკასიურ ენათა განყოფილების სტუდენტებსათვის, „ფუფუნება“ იყო ის, რომ ლექციებს გვიკითხავდნენ არნოლდ ჩიქობავა, ქეთევან ლომთათიძე, გიორგი როგავა, ილია ცერცვაძე და სხვები...
***
ეს იმათთვის, ვინც არ იცნობდა ქეთევან ლომთათიძეს:
ქალბატონი ქეთევანი ქართული ენათმეცნიერების კლასიკოსია. იგი იყო ერთ-ერთი პირველი აკადემიკოსი ქალბატონი საქართველოში. აფხაზური ენის უდიდესი სპეციალისტი (მკვლევარი, მასწავლებელი)... ამბობენ, გურიაში დაბადებულმა და გაზრდილმა ქალბატონმა აფხაზური ენა (მისი ყველა დიალექტითურთ) აფხაზებზე უკეთ იცოდაო... თითქმის მეოთხედი საუკუნე ხელმძღვანელობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტს (1953 – 1963... 1976 – 1987)... სხვა რომ არა იყოს, მისი დირექტორობის პირველ პერიოდში გამოიცა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი – „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეული... მერე, როგორც ხდებოდა ხოლმე, „ვიღაცას თანამდებობა დასჭირდა“ და... და როცა გაჭირდა საქმე, ისევ დააბრუნეს დირექტორად...
დიახ, ეს ორიოდე სიტყვა იმათთვის, ვინც არ იცნობდა ქეთევან ლომთათიძეს...
მე ვიცნობდი ქალბატონ ქეთევან ლომთათიძეს...
***
მესამე კურსზე დაგვეწყო აფხაზური ენის კურსი; სამი სემესტრი გრძელდებოდა; კვირაში ორი ლექცია გვქონდა... პატარა ჯგუფი იყო, ათკაციანი... ლექცებზე სუფევდა არნოლდ ჩიქობავას მიერ დამკვიდრებული ტრადიცია ურთიერთობისა სტუდენტსა და ლექტორს შორის („კოლეგებს შორის“),... გვიკითხავდაულამაზესი და უსათნოესი ქალბატონი...
მეოთხე კურსზე ვართ. იანვარში გამოცდა უნდა ჩაგვებარებინა; აფხაზური ენა მეხუთე გამოცდაა. იმ სემესტრში „ჩავარდნა“ მქონდა: მარქსისტულ ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, ლოგიკასა და რუსულში „ოთხები“ მივიღე. ამ „ბარგით“ მივედი აფხაზურის გამოცდაზე. გაშალა მატრიკული ქ-ნმა ქეთევანმა და... ჯერ გაკვირვებულმა უყურა, მერე შუბლშეკრულმა მკითხა; რა არის ეს?.. – ვერაფერი ვუპასუხე... იმ დღეს ხუთიანი მივიღე... არნოლდ ჩიქობავასთან დაკავშირებით ვთქვი: ვიცოდით თითქოს ვინ იყო, მაგრამ იმჟამად ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით მათ სიდიადეს...
იშვიათია ისეთი ორგანიზატორი მეცნიერებისა... 1976 წელი იყო, როცა დააბრუნეს დირექტორად ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ათიოდ წელში ინსტიტუტი თითქმის სანახევროდ გააახალგაზრდავა... ამ „ნაკადში“ მოვხვდი მეც...
(მანამდე იყო და (1974 წელს) ბატონ არნოლდთან მიშუამდგომლა და მათი წყალობით უნივერსიტეტში მიმიწვიეს მასწავლებლად... ვწერდი ამის თაობაზე: „მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ, I, მე ვიცნობდი არნოლდ ჩიქობავას...“)
ამ შემთხვევაში მე გამონაკლისი არ ვყოფილვარ (ამ ფაქტით ამის თქმა მსურდა)... მრავლად იყვნენ „ჩემნაირები“... ამგვარი დამოკიდებულება ამ სკოლის (არნ. ჩიქობავას სკოლის) წარმომადგენელთათვის „ცხოვრების წესი“ იყო... მე მინახავს მათი ზრუნვა და წუხილი სხვათა მდგომარეობაზე...
1971 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი. 1973 წლის ზაფხულში დავბრუნდი ჯარიდან - ორწლიანი სავალდებულო სამსახურიდან. ადრეც გავიხსენე, ქ-ნი ქეთევანის დაჟინებული მოთხოვნით შევხვდი ბატონ არნოლდ ჩიქობავას და, მათი წყალობით, 1974/1975 სასწავლო წლიდან საათობრივი ანაზღაურების წესით ვასწავლიდი თსუ-ში ქართულ ენას... და მერე: იმავდროულად ორიოდე სემესტრი ვასწავლიდი ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1975 წლიდან რამდენიმე წელი – ტექნიკური უნივერსიტეტის მეორეულ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის სპეციალობაზე ქართული ენის პრაქტიკულ სტილისტიკას ვკითხულობდი... და ამგვარი ყოფა 3-4 წელი გაგრძელდა...
მაგრამ „საათობრივი ანაზღაურება“ წყვეტილი საქმიანობაა მაინც, არ იყო სტაბილური სამსახური...
როგორც ამბობდნენ, ვაქტიურობდით; ბ. ჯორბენაძესთან ერთად დავაარსეთ მუდმივმოქმედი სემინარი „საენათმეცნიერო საუბრები“... ეს იყო ერთობლივი სამეცნიერო სემინარი უნვერსიტეტისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის ახალგაზრდებისა... ვკითხულობდი სამეცნიერო მოხსენებებს.
და 1976 წელს აკადემიკოსი ქეთევან ლომთათიძე აირჩიეს მეორედ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორად...
1977 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის ეზოში შემხვდა; გამესაუბრა, გამომკითხა ჩემი ამბები და ასე დავშორდით... 1978 წლის იანვრის დასაწყისში გურიაში ვიყავით, ლესაში, ზურიკო გოგიჩაიშვილის ქორწილში. თბილისში დაბრუნებულს მითხრეს, ინსტიტუტიდან ბიჭები გეძებდნენო – ვაჟა შენგელია და მურმან სუხიშვილიო. 10 იანვარს მივედი ენათმეცნიერების ინსტიტუტში; ქ-ნი ქეთევანი გიბარებსო... ახლა ვერ შევალ-მეთქი (სამდღიანი გურული ქორწილიდან „ნამეტანი გადაღლილი“ ვიყავი და მეუხერხულა)... მეორე დღეს მივედი ინსტიტუტში; შევედი ქ-ნ ქეთევანთან. ერთ კაბინეტში სამნი ისხდნენ: ქ-ნი ქეთევანი – ინსტიტუტის დირექტორი, გურამ თოფურია – დირექტორის მოადგილე და გურამ ბედოშვილი – ინსტიტუტის სწავლული მდივანი.
ქ-ნმა ქეთევანმა გამომკითხა, რას ვაკეთებდი, რაზე ვმუშაობდი, რა ინტერესები მქონდა და... შემომთავაზა: უმცროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობა გვაქვს; ხელფასი არაა სახარბიელო (105 მანეთი იყო), მაგრამ პერსპექტიული საქმეაო...
მადლობის თქმაც გამიჭირდა – იმდენად მოულოდნელი და ჩემთვის საოცნებო შემოთავაზება იყო... 1978 წლის 11 იანვარი იყო... „ხვალ მოხვალთ სამსახურში“, - ღიმილით დაასრულა საუბარი...
1978 წლის 12 იანვარს დაიწერა ბრძანება და მე ინსტიტუტის თანამშრომელი გავხდი... გზას, რომელიც იმ დღიდან დღემდე განვვლე, სიამოვნებით გავივლიდი თავიდან... მადლობა ცოტაა იმ მადლიერების გამოსახატად...
ასე დაიწყო ჩემი „საინსტიტუტო ცხოვრება“...
იმავე წლის შემოდგომაზე ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარედ ამირჩიეს... ეს იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი გავხდი...
საბჭოში იყვნენ: ქეთევან ლომთათიძე, არნოლდ ჩიქობავა, ანა კალანდაძე, თინათინ შარაძენიძე, ივანე გიგინეიშვილი, ალექსანდრე კობახიძე, მიხეილ ჭაბაშვილი, როგნედა ღამბაშიძე, ივანე ქავთარაძე, გურამ თოფურია,... საბჭოს ყოველი სხდომა დიდი გაკვეთილი იყო... სხვათათაშორის, მოგვიანებით (1987 წელს) ქალბტონმა ქეთევანმა მთხოვა, ფოტოგრაფი მომეყვანა და საბჭოს სურათი გადაგვეღო. რუსთაველის პროსპექტზე, ფოტოატელიეში ფოტოგრაფს შევუთანხმდი და საბჭოს სხდომის დღეს დავიბარე ინსტიტუტში. იმ ფოტოზე ბატონი არნოლდი არ არის (გარდაიცვალა 1985 წელს)...
ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი ხელმძღვანელი მინახავს სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულებისა; ქეთევან ლომთათიძე გამორჩეული იყო მათ შორის. თითქმის ყველაფრის საქმის კურსში იყო, რაც ხდებოდა ინსტიტუტში... გავიხსენე ზევით, ბ-მა ბიძინა ფოჩხუამ არნ. ჩიქობავას მონოგრაფიაზე რეცენზიის დაწერა რომ დამავალა... მივუტანე რეცენზია ბ-ნ ბიძინას და... მეორე დღეს ქ-ნი ქეთევანი შემოდის ჩვენთან განყოფილებაში, ხელში ჩემი ხელნაწერი უჭირავს: მოდის ჩემს მაგიდასთან: „კარგად გიმუშავიათ, ყმაწვილო... კარგია, ოღონდ...“ და ორიოდე უმნიშვნელო შენიშვნა მომცა... ზომიერი შექება და უფრო მოზომილი შენიშვნები... ის რეცენზია დაიბეჭდა... დირექტორის სამუშაო დროის დიდი ნაწილი ამგვარ საქმიანობაში გადიოდა...
* * *
ჰო, მიმიღეს ქართველურ ენათა განყოფილებაში. დიდი განყოფილება იყო, ბ-ნი ივანე ქავთარაძე (ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი) განაგებდა... ერთ დიდ ოთახში იყო განთავსებული განყოფილება... შემიყვანეს, ადგილი არ იყო – მაგიდა არ მქონდა... თედო უთურგაიძემ მიხმო. ორტუმბოიანი მაგიდა ედგა. გაათავისუფლა ერთი მხარე: ეს იქნება შენი მაგიდაო და კარგა ხანს ასე ერთად „ვცხოვრობდით“ იმ მაგიდასთან... „ორსაწოლიან მაგიდას“ ვეძახდით...
1982 წლის 27 ოქტომბერს (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს!) დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თსუ-ში... ამ დროს უკვე ჯაფარიძის ქუჩაზე იყო ინსტიტუტი გადასული (უფრო სწორად, გადაბარგების პერიოდი იყო)...
რამდენიმე დღეში მიხმო ქ-მა ქეთევანმა და ინსტიტუტის სწავლული მდივნობა შემომთავაზა... სწავლული მდივნის მაგიდა ამ ოთახში დაიდგმებაო – ანუ დირექტორის კაბინეტში...
და 1982 წლის 1 ნოემბრიდან ვიყავი ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი... თითქმის სამი წელი ქ-ნი ქეთევანის კაბინეტში ვიჯექი...
ჩემი სწავლული მდივნობა რთულ პერიოდს დაემთხვა (ე. წ. „ანდროპოვის ხანას“)...
სამსახურში სიარული ყოველდღიური მკაცრი გრაფიკით: 10-იდან საღამოს 6 საათამდე... და მე დამევალა „წესრიგისათვის“ თვალის დევნება... (მაშინ თქვა ბატონმა არნოლდმა: „სამსახურში შეიძლება მხოლოდ განცხადების დაწერა; ისიც თუ შინ გაქვს მოფიქრებული, რაზე უნდა დაწეროო“)...
რაც მთავარია, არ იყო იოლი იმ კაბინეტში „ცხოვრება“... არაერთი მაგალითი ვიცოდი იმისა, არნ. ჩიქობავამ თუ ქ. ლომთათიძემ არასწორი (მეცნიერისა და მოქალაქისათვის შეუფერებელი) ნაბიჯის გამო ზურგი რომ აქციეს თავიანთი გუნდის ნიჭიერ წარმომადგენლებს... იოლი იყო შეცდომის დაშვება... მისი პატიება ქ-ნი ქეთევანისაგან – წარმოუდგენელი!... ნდობის დაკარგვა – იოლი, აღდგენა – შეუძლებელი...
ლეილა კვანტალიანმა (ქართველურ ენათა გაყოფილების თანამშრომელი იყო, პირდაპირობითა და პრინციპულობით, სიმართლით გამორჩეული პიროვნება) სულხან-საბას ის არაკი შემახსენა, მეფესთან ახლოს მყოფი ბუხართან მჯდომს რომ შეადარა საბამ და დააყოლა: ქ-ნი ქეთევანის გვერდით ყოფნა, ასე ახლოს, მარტო იმერელს შეუძლიაო (გულისხმობდა იმერულ „დიპლომატიას“)... ჰოდა ეს სამი წელი ჩემთვის იყო დიდი სკოლა...
მთელი დღე მუშაობდა; წერდა, კითხულობდა, შეხვედრები ჰქონდა. თუ ინსტიტუტის საქმეზე ჰყავდა ვინმე დაბარებული, ხმამაღლა საუბრობდა – ეს ჩემთვისაც გასაგონი ამბავი იყო...
იყო შემთხვევა, ვთქვათ, ქ-ნი როგნედა ღამბაშიძე შემოვიდოდა (ყველაზე ახლო მეგობრობა მასთან ჰქონდა)... საუბრისას მომენტალურად დაუწევდა ხმას. მე ამ დროს ავდგებოდი და ვტოვებდი კაბინეტს...
საღამოობით ბ-ნი გიორგი (გიორგი როგავა, უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრის გამგე, ქ-ნი ქეთევანის მეუღლე) ჩამოივლიდა, დაელოდებოდა სამსახურის დამთავრებას და მიდიოდნენ ერთად დირექტორის მანქანით...
ბ-ნი გიორგი ჩუმად იჯდა კედელთან, კუთხეში... ზოგჯერ ქ-ნი ქეთევანი გაცხარდებოდა რაღაცაზე; ვიღაცაზე; მე მომმართავდა გაბრაზებული ტონით... აქ „ჩაერეოდა“ ბ-ნი გიორგი და თითქოს ბოდიშს მიხდიდა: არ მიაქციო ყურადღება, გურულია, გურული... იღიმოდა ბ-ნი გიორგი; ცხადია - მეც... ქ-ნი ქეთევანი მშვიდდებოდა...
გამომცემლობა „მეცნიერებასთან“ და მის სტამბასთან ურთიერთობა მე მევალებოდა. ამბობდნენ, რიგიანად ვუძღვებოდი. ჟურნალ „მაცნეს“ რამდენიმე სერია იყო. ერთხელ ქ-ნმა ქეთევანმა მკითხა, ფილოსოფიის სერიის რედაქციაში თუ იცნობ ვინმესო; ვიცნობდი. მაგიდაზე ედო საქაღალდე. აიღო. ეს ვაჟას ნაშრომიაო (ვაჟა როგავა – ქ-ნი ქეთევანის ვაჟი იყო). რაღაც ისტორია მიამბო მოკლედ: წლიური თემა ფილოსოფიის ინსტიტუტში ვიღაცამ მიითვისა და ამ სტატიაში არის ის დებულებები; დიდი ხანია რედაქციაში დევს და არ იბეჭდებაო (ეჭვობდა, ვიღაც უშლიდა ხელს)... იქნებ ჩაერიოთ, დაბეჭდონო... დააყოლა: შენი ჭირიმე, ვაჟამ არ გაიგოს, მე რომ ჩავერიეო... არადა, თავად უზარმაზარი გავლენების ქალბატონი იყო... ის სტატია მალე დაიბეჭდა. დილით რომ მოვიდა, ჩემი მაგიდისკენ წამოვიდა, მადლობაო, მითხრა და თავის მაგიდას მიაშურა...
საოცარი პიროვნება იყო ვაჟა როგავა; არ გამკვივრებია, ქალბატონმა ქეთევანმა რომ მითხრა, არ გაიგოსო... ერთხელ კაბინეტიდან გავედი, ვაჟა კანცალარიაში კუთხეში იჯდა და ქ-ნ ქეთევანს ელოდა. კაბინეტში მე რომ ვიყავი, არ შემოვიდა... მობრძანდით-მეთქი; ძლივს დავითანხმე შემოსულიყო კაბინეტში, მე, რა თქმა უნდა, გარეთ გავედი...
ქალბატონმა ქეთევანმა როცა გაიგო, უნივერსიტეტში ქართული დიალექტოლოგიის კურსი მომცეს წასაკითხად, წიგნი მაჩუქა; ეგნატე ნინოშვილის „პარტახი“ (ავტოგრაფის მიხედვით გამოცემული, პროფ. აკაკი შანიძის რედაქციით; შენიშვნები, ლექსიკონი და კორექტურა ქეთევან ლომთათიძისა; ტფილისი, 1935 წ.). უნიკალური გამოცემაა - სანიმუშო, სამუზეუმო; ტიტულზე აწერია - „ვანო გიგინეიშვილს... მითხრა: გამოგადგებაო. წარწერას ნუ მიაქცევ ყურადღებასო...
**
ზოგჯერ მოესურვებოდა ხოლმე და თავის ამბებს მიამბობდა:
მთაწმინდაზე ვცხოვრობდით, ერთ პატარა ოთახშიო. ბავშვებს რომ დავაძინებდი, მერე შუქს ვეღარ ვანთებდი დილამდეო... საწოლთან მქონდა რვეული და ფანქარი და რაღაც აზრებს ჩავიწერდი სიბნელეში... ერთ დილითაც გავშალე რვეული და არაფერი ეწერა – თურმე ფანქარს წვერი მოსტეხოდა და მთელი ღამე მოტეხილწვერიანი ფანქრით „ვწერდიო“...
ზამთარი იყო, ყინავდაო. მარინა პატარაა. ვაჟაზე ფეხმძიმედ ვარო. მთაწმინდაზე ვცხოვრობდით; ქვევით ვეშვებით. მარინე მომყავს ხელჩაკიდებული. გაყინუოი გზააა. აიტეხა მარინემ, ხელში ამიყვანეო. ვერ ავიყვანდი, ყველანი დავიღუპებოდით, რომ დავცემულიყავი. მარინა აღარ ჩერდებაო და... მივეყუდე კედელს და ავტირდიო... ამ დროს დარეჯან რამიშვილმა (ცნობილი ფსიქოლოგი იყო) ჩამოიარა, რომ გაიგო, რა მჭირდა, მარინე აიყვანა ხელში და ასე ჩამოვედით ქვევითო... (საოცარი განცდა ეხატა სახეზე, ასეთ ამბებს რომ მიამბობდა...).
**
1987 წლის 9 იანვრის ჩანაწერიდან:
თენგიზ აბულაძის „მონანიებაზე“ ვსაუბრობდით. ქ-მა ქეთევანმა „იმდროინდელი“ ამბები გაიხსენა:
...მშობლები დაიჭირეს; ორი მცირეწლოვანი გოგონა დარჩა უპატრონოდ... მეზობლებსა და ნათესავებს საჭმლის მიწოდებაც კი ეშინოდათ - „მავნებლის ოჯახს ეხმარებიანო“, - ემოციურად, მძიმედ, პაუზებით ჰყვებოდა...
შვილი დაუჭირეს ჩვენს ახლობელს... კარგა ხნის შემდეგ მშობლებსაც მიადგნენ დასაპატიმრებლად - უთხრეს, თქვენმა შვილმა აღიარა, რომ თქვენც დამნაშავენი ხართო... დედ-მამა სიხარულისაგან ერთმანეთს გადაეხვია - გაუხარდათ, შვილი ცოცხალი ყოფილაო...
ჯვებეს (ბ-ნ გიორგი როგავას) მეგრულად მარქსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ თარგმნა დაავალეს... ითარგმნა და გამოიცა... მერე ამისთვის დაჭერა დაუპირეს; მავნებელი ხარ, რისთვის გჭირდებოდა მეგრულად ამის თარგმნაო... ბ-ნმა გიორგიმ ჩრდილო-კავკასიაში გაასწრო, ჩერქეზეთში; ენიმკის მივლინებით (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი); სიმონ ჯანაშია (ენიმკის დირექტორი) მივლინებებს უგრძელებდა და უგზავნიდა, სანამ ვითარება არ ჩაწყნარდაო...
ქ-მა ქეთევანმა ნაშრომი გამოაქვეყნა „-ქ სუფიქსისათვის მეგრულ ზმნებში“; ამოს გამო ცეკაში დაუბარებიათ, მეგრულის გარდა საკვლევი ვერაფერი ნახეო?...
ვინმე X-მა „ვეფხისტყაოსანი “ თარგმნა მეგრულად. საქმე მოსკოვამდე მისულა. მოსკოვმა თბილისს დაავალა და ვარლამ თოფურია დაიბარეს მთავრობაში (ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი იყო იმჟამად); დაავალეს, შეესყიდა ეს თარგმანი, როგორც ენობრივი მასალა; სოლიდური თანხა გადაუხადეს პატრონს, რომ გაჩერებულიყო; თარგმანი ინსტიტუტში შეინახეს... მერე დაიბარეს ბ-ნი ვარლამი ისევ „მაღლა“ („კოლეგა-მეგობრების “ დასმებით) და პასუხს სთხოვდნენ, რისთვის სჭირდებოდა მეგრულად „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა... - ეს უკვე 50-იანი წლებია...
**
ერთ ცნობილ პიროვნებაზე საუბრობდა... რაღაც ამბავი გაიხსენა – ეს ჩაიდინაო... ბ-ნმა არნოლდმა თქვა, ეს რომ შერჩება კაცს, მერე იწყება მისი აღმასვლაო... ასე აგიხდეთ ყოველივე კარგიო...
იყო სახალისო ეპიზოდებიც:
იმ პერიოდში პარტრაიკომი გვავალებდა თვეში ერთხელ „სახალხო რაზმელების“ გაყვანას ქალაქში. 10 რაზმელი უნდა გაგვეყვანა; გვირიგებდნენ წითელ სამკლაურებს და „ვიცავდით წესრიგს“ ქუჩაში...
ინსტიტუტში ამ საქმის კურირება მე დამევალა (პარტბიუროს მდივანი ვიყავი). პარტრაიკომში ამ საქმეს რაიკომის მესამე მდივანი (იმ დროს ჯ. ხ-ი იყო) თავკაცობდა... ერთხელაც ჩაიშალა ჩვენი მორიგეობა; მხოლოდ ერთი „რაზმელი“ გამოცხადებულა და... იმ ერთმა „რაზმელმა“ (ბ. ც-ე) „მიჩივლა“ ქ-ნ ქეთევანთან (ერთ კაბინეტში აღარ ვისხედით): გოგი გოგოლაშვილმა დამცინა, მარტო მე რომ მივედი რაზმელადო... დამიძახა ქ-ნმა ქეთევანმა, რა იყო, რა მოხდაო. მეც ვუამბე:
რაიკომის მესამე მდივანმა დაგვიბარა ორგანიზაციებიდან ამ საქმის პასუხისმგებელი პირები და მაგიდაზე მუშტის ცემით გვესაუბრა. „ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან 10-იდან მხოლოდ ერთი რაზმელი იყოო. რას იტყვიო“, მკაცრად მომმართა მე. მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე: „გავარკვევთ, ვინ იყო ის ერთი და მივიღებთ-მეთქი ზომებს“... იცინეს სხვებმა, მესამე მდივნის გარდა... ეს ამბავი გავრცელდა და „იმ ერთმა“ ქ-ნ ქეთევანთან „მიჩივლა“, დამცინაო...
ქ-ნმა ქეთევანმა ბოლომდე მომისმინა და... ასეთი გულიანი სიცილი იშვიათად მინახავს მისი...
იუმორის გრძნობა ჰქონდა დიდი. ერთხელაც, მურმან სუხიშვილს, უმცროს მეცნიერად მუშაობის ათი წელი რომ შეუსრულდა, ბუღალტერიაში უთხრეს, განცხადება დაწერე დირექტორის სახელზე და მოგიმატებთ ხელფასსო... დაიწყო განცხადების წერა. „შემისრულდა უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობის 10 წელი“... და აქ შეჩერდა, არ იცოდა, როგორ გაეგრძელებინა, რა და როგორ მოეთხოვა... განცხადება დატოვა მაგიდაზე და წავიდა ბუღალტერიაში, შესაკითხად...
ავთო არაბულმა „დაასრულა“ განცხადება: „გთხოვთ გადამიხადოთ იუბილეო“. მე ავიღე ეს განცხადება და ქ-ნ ქეთევანს სხვა ხელმოსაწერ ქაღალდებთან ერთად დავუდე მაგიდაზე...
მობრძანდა ქ-ნი ქეთევანი. დაიწყო ქაღალდების გაცნობა და შეჩერდა ამ განცხადებაზე... ჯერ ვერ გაიგო, რა ხდებოდა; გაოცებულმა გადმომხედა... მე სიცილით ავუხსენი, „რაც იყო“... იცინა ბევრი, „ციგნები ხართო“ (უყვარდა ეს გამოთქმა)...
კიდევ ერთი გამოთქმა იცოდა, „შე თათარო“:
აკადემიაში არჩევნები ტარდებოდა. ივანე გიგინეიშვილი იყო ერთ-ერთი კანდიდატი. ენისა და ლიტერატურის განყოფილების სხდომა დამთავრდა, ქ-ნმა ქეთევანმა მისცა ხმა და წამოვიდა ინსტიტუტში. აქ დაელოდა კენჭიყრის შედეგებს. ბევრი იყრიდა კენჭს ერთ ადგილზე... დაურეკეს ქ-ნ ქეთევანს, ივანე გიგინეიშვილი გავიდაო. გახარებულმა ქ-ნმა ქეთევანმა დაურეკა ბ-ნ ივანეს (მეგობრები და თითქმის თანატოლები იყვნენ): „ვანო, შე თათარო, გილოცავ“... ორივენი გურულები იყვნენ და იცოდნენ ამ მიმართვის მნიშვნელობა...
აკადემიამ გამახსენა: ქ-ნი ქეთევანი მესაუბრებოდა აკადემიაში არჩევნების უცნაურობაზე. სოხუმელი ქალბატონი ლიდა ჭკადუა წარადგინა ქ-ნმა ქეთევანმა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. აფხაზი იყო, ქართული ორიენტაციისა, ქ-ნი ქეთევანის მოწაფე. იმჟამად კონკურენტები სხვაც იყო. ქ-ნი ქეთევანი, ერთი მხრივ, ანგარიშს უწევდა ლ. ჭკადუას მეცნიერულ ღირსებას, მეორე მხრივ – საზოგადოებრივ-პოლიტიკურად ამ კანდიდატის მნიშვნელობას... ვერ გავიდა ქ-ნი ლ. ჭკადუა; ერთი ხმა მიიღო. ქ-ნი ქეთევანი ღიმილით იხსენებს: კენჭიყრის შემდეგ ჩემთან მოვიდა ერთი აკადემიკოსი (გვარი თქვა მისი) და მითხრა: – ქეთო, ხო იცი, მე მივეციო ხმა!... ქ-ნი ქეთევანის მყისიერი პასუხი: მაშინ მე არ მიმიცია, გეთაყვა...
შევსწრებივარ უხერხულ სიტუაციებსაც. მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწის წოდებაზე ინსტიტუტმა რეკომენდაცია გაუწია ოთხ დოქტორს: დაღესტნელ ალ. მაჰომეტოვს, სომხური წარმოშვების არ. მარტიროსოვს და კიდევ ორ დოქტორს...
მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება სწორედ წარმოშობით არაქართველ მეცნიერებს მიენიჭათ – ჩვენი ეროვნული პოლიტიკის „წყალობით“...
ქ-ნი ქეთევანი ძალიან შეწუხდა, ყველამ რომ ვერ მიიღო საპატიო წოდება და ის ორი, რომელთაც არ მიენიჭათ, იხმო თავისთან; სცადა აეხსნა და დაჰპირდა, ყველაფერს იღონებდა, მათაც რომ მიეღოთ... ერთ-ერთი მათგანიუხერხულობისგან (თავდამბლობით) ცუდად შეიქნა ლამის; „როგორ გეკადრებათო“ და უკან-უკან სვლით, ბოდიშ-ბოდიშით გავიდა კაბინეტიდან... მეორე ძალიან იყო აღელვებული, აღშფოთებული და... საოცარი ამბავი დააწია... რატომ მე არაო... ხმაურზე გვერდითი კაბინეტიდან დირექტორის მოადგილე, გურამ თოფურია, გამოვიდა... ძლივს დავამშვიდეთ და გავისტუმრეთ... გაკვირვებული იყო ქ-ნი ქეთევანი: დედა, არ ვიცნობდი, ეს ვინ ყოფილა, რა ყოფილაო! – რამდენჯერმე ჩაილაპარაკა...
– უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნა რას არ ათქმევინებს კაცსო. ნოდარ ნათაძე ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომელი იყო. კონფლიქტური პიროვნება იყო. როგნედა ღამბაშიძესთან უთანხმოება შეემთხვა. სახელმძღვანელო გააკეთეს ერთად და მე მეტი მერგება ჰონორარიო, მეტი საქმე გავაკეთეო... მე დამადგა პირზე: თქვენ კი არ ტყუით, ცრუობთო!... – მითხრა... – სიცრუე უფრო მაღალი ხარისხი იყო, ვითომ... (შევნიშნავთ: განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი რედაქტორი ქ-ნი ქეთევანი არის, ამ ორ სიტყვას შორის სემანტიკური განსხვავება არაა; ნ. ნათაძე, როგორც ჩანს, სულხან-საბას ითვალისწინებდა...).
ერთხელ რაღაც საქმეზე შემოსული ერთ-ერთ თანამშრომელს ოჯახის ამბავი მოჰკითხა და მეუღლე მოიკითხა; უნდა გაგაცნოთო და ერთხელაც ქალბატონ ქეთევანთან მეუღლე მოიყვანა გასაცნობად. ქალბატონი ქეთევანი სტუმარს ფეხზე წამოუდგა, შეეგება, გადაკოცნა, მოიკითხა და სიკეთე უსურვა... ზედმეტი ფერუმარილი ჰქონდა წასმული („ნამეტანი“)... ქ-ნი ქეთევანი ამ მხრივაც სხვა იყო, არც არასოდეს უხმარია ალბათ ფერ-უმარილი... რომ გავიდა, გადმომხედა ღიმილით: – „რა იყო, ბეჩა, ეს?!“...
უცნაური იყო დამოკიდებულება ბ-ნი არნოლდ ჩიქობავასადმი. საბჭოს სხდომაზე ბ-ნი არნოლდი ჯდებოდა დირექტორისაგან მარჯვენა მხარეს, კუთხეში. მის შემდეგ ერთ ან ორი სკამი ცარიელი იყო და მერე: თ. შარაძენიძე, ი. გიგინეიშვილი და ა. შ. ბ-ნი არნოლდი ჩვეულებრივ თავდახრილი იჯდა, ხელჯოხი ეჭირა ხელში, მუხლებს შორის მოქცეული. როცა რაღაც საკითხი წყდებოდა, ქალბატონი ქეთევანი ფრთხილად, ქვევიდან გახედავდა ბ-ნ არნოლდს, მისი სახის გამომეტყველებაზე ხვდებოდა, რა ხდებოდა... ასე მართავდა სიტუაციებს...
ეს იყო ალბათ შემთხვევა – მარადიული მოწაფე-მასწავლებლობისა...
მაგრამ არასოდეს ბ-ნი არნოლდს დირექტორისთვის სიტყვა არ გაუწყვეტინებია, არ შეუჩერებია; არ გამოუხატავს წინააღმდეგობა... თუმცა ბ-ნი არნოლდის აზრი ყოველთვის იყო გადამწყვეტი.
ორი ასეთი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული 1987 წელს. 21 თებერვალი, 1987 წელი (ამ დროს უკვე პარტბიუროს მდივანი ვარ). პრეზიდიუმიდან ცნობა მოვიდა, დოქტორანტურა დაუშვესო აკადემიის სისტემაში. 40 წლამდე მეცნიერ-თანამშრომლებისთვისო, ჩემზეც ყოფილა საუბარი; ვუთხარი კიდეც ქალბატონ ქეთევანს; მერე მე რა ვქნაო მიპასუხა. აქაურობას რა ვუყოო. ამდენი საქმე რომაა, ამას ვინ გააკეთებსო. სხვა მხრივ მოგცემ თავისუფლებას; როცა გინდა, მოდი, როცა გინდა წადიო; ოღონდ აქ იყავი და დოქტორანტურაში ნუ წახვალო... შენ ისედაც მოახერხებ ამას და მე აქ მჭირდებიო...
ეგ კი არა და, მეორე მოადგილის საკითხის დასმა მინდოდა, მაგრამ პრეზიდიუმის ახალი განკარგულება (ასაკობრივი ზღვრის გამო მოსალოდნელ ცვლილებებზეა საუბარი) გვიკრძალავს, სანამ ხელმძღვანელობის ცვლის საკითხი არ გადაწყდება, კადრების არავითარი ცვლა არ მოახდინოთო; თორემ მე ძალიანი კარგ კანდიდატად მიმაჩნიხარ დირექტორის მოადგილისაო... ჰოდა, მერე ბესიკი რომ მოვიდეს (იმჟამად უკვე საუბარი იყო ბ.ჯორბენაძის დირექტორად მოყვანაზე...). ამ საკითხის დასმა მისგან უხერხული არ იყოსო“ (მეგობრები ვიყავით)... კარგა ხნის წინათ მითხრა ქ-ნმა ქეთევანმა ამის თაობაზე (გურამ თოფურიასა და ვახტანგ მაღრაძესთანაც ულაპარაკია). ეს, რა თქმა უნდა, ჩემგან არ მოდის და არც შეიძლება მოდიოდეს; არ დამდგარა მოადგილის საკითხი; მე პრეტენზია არასოდეს მქონია ამისა...
25 მაისის 1987 წ.
დღეს დირექტორს ჰქონდა ჩემთან საუბარი ისევ იმ საკითხზე, წინა ჩანაწერებში რომ ვსაუბრობდი; ისევ დადის ხმები, ბესიკი თუ დირექტორად მოვიდა, გოგის დაისვამს მოადგილედო.
„გოგი ბატონო, თქვენი და ბესიკის ურთიერთბა ზოგიერთებს აღიზიანებთ“, − ჩუმად, თავდახრილმა მითხრა, თითქოს სხვას ესაუბრებოდა... მშვიდად ჩავეკითხე, რას გულისხმობდა... შეყოვნდა... ავუხსენი: ბესიკი არის ჩემი შვილის ნათლია; ოჯახებით ვართ ძალიან ახლოს. მის დიდ ოჯახში შვილივით მიღებენ ბესიკის დედა-მამა... თუ რაიმე დამჭირვებია სამედიცინო სფეროში, საკუთარი შვილივით თან გადამყოლიან... და ა. შ. ჩემი ყველა მოხსენება წინასწარ ბესიკთან გადამიმოწმებია; ასეა ისიც, ჩემთან ათანხმებს ბევრ რაიმეს და ა. შ. და ბოლოს: ცოტა ღიმილით ვკითხე: – რას მირჩევდით, ქალბატონო ქეთევან, შევწყვიტო მეგობრობა? – შემომხედა, გაიცინა... არა, გეთაყვა... დაფიქრდა... – ასეთები არიან ადამიანები...
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ვკითხე: რატომ შეიძლება გაჩენილიყო ეს აზრი... ქ-ნი ქეთევანი: - მე პარტბიუროს მდივნები სხვებიც მყავდნენო (ასახელებს ორს)... კი იყვნენ აქტიურები, მაგრამ ეს სათავისო აქტიურობა იყო. მე თქვენში ამგვარი არაფერი შემიმჩევია. ისევ ვიმეორებო: ამით ბესიკს ებრძვიან;, ასე უნდათ შექმნან შთაბეჭდიება, დაჯგუფებას ხელმძღვნელობსო; ფიქრობენ, თუ ზურგს შეაქცევ, დასუსტდებაო... მე მეტიც მინახავს და განმიცდია – ნათესავისაგან, კოლეგისაგან, უფროსისაგან, უმცროსისაგან... ეს დაიხსომეთ: ხალხი ვერ გაპატიებს უდანაშაულობას... დამნაშავეს მიუტევებენ; უდანაშაულოს კი ვერ იტანენ... დაიხსომე: უდანაშაულობას კაცი კაცს არ პატიობსო...“
ეს საუბარი შემდგარა 1987 წლის 25 მაისს. ბოლოში მიმიწერია: „ღმერთო!!!“
(გადახვევა მადლიერება-უმადურობის თემაზე: ქალბატონ ქეთევანს თავისი ასპირანტისთვის (ნანა მაჭავარიანისთვის) უთქვამს: წუმპეში მყოფს ხელს რომ გაუწვდი და ამოიყვან, ამით მტერს გაიჩენო − ის არ მოასვენებს, მისი ავკაცური წარსულის მოწმე რომ ხარო...
1987 წლის ნოემბერია. ქ-ნი ქეთევანი აკადემიის პრეზიდიუმში დაიბარეს. დაბრუნდა. დამიძახა. შეშფოთებული მეჩვენა. ამიხსნა სიტუაცია; ასაკის გამო დირექტორებს მოსთხოვეს განცხადების დაწერა და წასვლა თანამდებობიდან... მე იმიტომ დამიძახა, რომ ბესიკზე მესაუბრა... ბესიკი იმ დროს უკვე ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო... ბესიკ ჯორბენაძეს მოიაზრებდა თავის შემცვლელად... მე თანამოაზრედ გამიხადა...
მალე ჩატარდა ეს არჩევნებიც. ქ-ნი ქეთევანი საპატიო დირექტორად დარჩა; იმავე კაბინეტში; მანქანაც მას შეუნარჩუნდა... დირექტორად ბესარიონ ჯორბენაძე ავირჩიეთ...
ბესიკი რომ გადაიცვალა (1993 წლის 10 მაისი), რამდენიმე დღის შემდეგ დამიბარა, მესაუბრა; შემითანხმა, რომ მასთან ჰქონდათ კონსულტაციები აკადემიის პრეზიდიუმიდან და ასე სჯობია, თქვენ ორ შორის (იგულისხმებოდა დირექტორის ორი მოადგილე – მე და ვაჟა შენგელია) უპირატესობას არცერთს არ მოგანიჭებთ (მოვალეობის შესრულებას არ დაგაკსირებთო რომელიმეს) დირექტორის არჩევნებამდე... მომავალ დირექტორზედ ვისაუბრეთ... გუჩა კვარაცხელია საერთო აზრი იყო...
როგორც შემდეგ გავიგე, ასე ინდივიდუალური საუბარი ჰქონია ვაჟა შენგელიასთანაც...
მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ქალბატონმა ქეთევანმა ინება...
ჩვეულებრივ მომმართავდა – „გოგი ბატონო“; არასოდეს - სახელით (არც გიორგი დაუძახია)... ოფიციალურად - ბატონო გოგი (ესეც საინტერესოა: არაოფიციალურად - გოგი ბატონო; ესეც საინტერესოა ამგვარი მომართვის შინაარსობრივი ნიუანსის გასააზრებლად)... ერთი ასეთიწერილი შემომრჩა:
„ბ-ნო გოგი!
ბოდიში რომ გაწუხებთ.
გიორგის არქივში შემხვდა დავით მაჭავარიანის მოხსენების ტექსტი „ვნებითო გვარის“ შესახებ.
მისი ავტორი ერთი ჩუმი, დაფიქრებული ავტორი იყო. მოხსენების ტექსტი გ. როგავას გამოუგზავნა, ალბათ გასაცნობად და დასტურის მისაღებად.
თუ არ ვცდები, ის გამოქვეყნებული არ უნდა იყოს.
გთხოვთ გადახედოთ და თუ, თქვენი აზრით, სასურველია მისი დაბეჭდვა, ეგებ ხელი შეუწყოთ ამ საქმეს.
კარგი იქნება, თუ ამის თაობაზე დაეთათბირებით ბ-ნ კორნელის (და სხვა „ქუთათურებს“).
პატივისცემით ქ. ლომთათიძე
25.IX. 96.“
ეს წერილი ბევრი რამით არის საგულისხმო...
ქალბატონი ქეთევანი ბოლოს რომ ვნახე, უკვე ლოგინად იყო... დიდი ხნის უნახავი მყავდა; რაც შინ გამოიკეტა; ავადმყოფობდა, ამბავს ვიგებდით მხოლოდ...
მე და მაგული დოლმაზაშვილი (ინსტიტუტის ბუღალტერი) ავედით სანახვად...
იწვა... აღარ იყო ის ლამაზი, შეუპოვარი, მკაცრი და ლმობიერი, პრინციპული და მომთხოვნი „დიდი ქალბატონი“...
ერთი მოხუცი, სუსტი... ტუჩებზე ცხვირსახოცს იფარებდა; საუბარიც უჭირდა... დიდხანს ვერ გავჩერდით... მერე აღარ მინახავს...
მე ვიცნობდი დიდებულ ქალბატონს -ქეთევან ლომთათიძეს...
ახალი სტატიები
იოსებ ჭუმბურიძე - მომცრო სტატიის უკიდეგანო სივრცე, ანუ განსაკუთრებული არაფერი ხდება?! 15:07რაულ ჩილაჩავა - ლექსები 15:04გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ქეთევან ლომთათიძეზე) 14:32ნინა ნინეა სამხარაძე - ლექსები 14:25ქართლოს ქარჩხაძე - ლექსები 14:13ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი
ნინო დარბაისელი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები