ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
08 იანვ 15:07ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფსიქოლოგია / გამოქვეყნებული
იოსებ ჭუმბურიძე - მომცრო სტატიის უკიდეგანო სივრცე, ანუ განსაკუთრებული არაფერი ხდება?!
„იმ ანკარა წყაროდან, რომელსაც აკაკის პოეზია ჰქვია, ყველა თაობა თავის კუთვნილ წყალსა სვამს.“
თამაზ ჭილაძის ეს სიტყვები აკაკის პუბლიცისტიკაზეც უნდა გავავრცელოთ. ოღონდ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წყაროს დღეს ცოტა ვინმე თუ ეწაფება, რაც მეტად დამაფიქრებელია.
მართალია, საქართველო მგოსნების მხარეა(„აქ პოეზია იყო მისი შემჭიდროება“- გალაკტიონი), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მეცხრამეტე საუკუნე ილიამ და აკაკიმ პუბლიცისტიკითაც „გამოიგონეს, შექმნეს და დაჰკირეს“(ტიციანი). ერის გადარჩენაში მათს პუბლიცისტურ ქმნილებებს ლირიკულ თუ პროზაულ შედევრებზე ნაკლები წილი არ უდევთ.
და თუ მათს „ ანკარა წყაროებს“ დღეს აღარ ვეწაფებით, ეს ქართული ჟურნალისტიკისმცოდნეობის სერიოზულ ნაკლზეც მიუთითებს.
ჩვენი მწერლობის კლასიკოსებმა, უკვდავ მხატვრულ ქმნილებებთან ერთად, უმდიდრესი პუბლიცისტური მემკვიდრეობაც დაგვიტოვეს. მათი უმეტესი ნაწილი კი დღემდე შეუსწავლელია.
უნდა ითქვას, რომ პუბლიცისტიკის მნიშვნელობა კარგად არცა გვაქვს გაცნობიერებული. ასე რომ არ იყოს, მაშინ ლიტერატურის ინსტიტუტში ჟურნალისტიკის განყოფილებას კი არ გავაუქმებდით, უფრო გავაძლიერებდით.
კიდევ უფრო მრავლისმთქმელია ეს ფაქტი: ალექსანდრე - კახა ლომაიას მინისტრობისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააუქმეს პუბლიცისტიკის კვლევის ცენტრი, რომელსაც პროფესორი ნოდარ ტაბიძე ხელმძღვანელობდა.
არც კი ესმოდათ, რომ რომ ამით, აუქმებდნენ ილიას, აკაკის, ვაჟას, ნიკო ნიკოლაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვათა „ანკარა წყაროებს“, საიდანაც ყველა თაობას „თავისი წილი წყალი“ უნდა შეესვა.
თუმცა, ესეც საკითხავია:
არ ესმოდათ თუ ესმოდათ და იმიტომ აუქმებდნენ?
***
თუ რა ფასდაუდებელი საუნჯეა ხსენებულ „წყაროებში“, ამას აკაკის ერთი სტატიაც დაგვანახებს.
სტატიას „ორი შეხვედრა“ ჰქვია.
თითქოს, განსაკუთრებული არაფერი ხდება: ოცდაორი წლის ქართველი ახალგაზრდა პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვა და მეორე დღესვე „ცისკრის“ რედაქციას მიაშურებს.
1862 წელია.
„ცისკარს“ ივანე კერესელიძე რედაქტორობს.
„ის იდგა საკუთარ სახლში ალექსანდრეს ქუჩაში და სტამბაც აქავე ჰქონდა.“
ამთავითვე უნდა აღინიშნოს ამ საკმაოდ მომცრო სტატიის მთავარი ღირსება: ის უაღრესად შთამბეჭდავი პორტრეტებითაა სავსე.
და აი, პირველი პოტრეტი პირველივე სტრიქონებიდან.
„გამოვიდა ერთი შავგვრემანი, კარგი თვალ-ტანადი ვაჟკაცი...ის იყო ივანე კერესელიძე. საკვირველი მწუხარე სახე ჰქონდა, რომ იცინოდა, მაშინაც თითქო სტირისო, ასე ეგონებოდა კაცს, მაგრამ ეს მოჭმუხვნა-სევდიანობა შვენოდა და სასიამოვნო საყურებელი იყო.“
ერთმანეთს ჯერ პირადად არ იცნობენ, „მიწერ-მოწერით კი დიდი ხნის მეგობრები არიან.“
განსაკუთრებული არაფერი ხდება?!
ასე ვიტყოდით, ის 22 წლის ახალგაზრდა აკაკი წერეთელი რომ არ იყოს.
კი, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე „საიდუმლო ბარათის“ ავტორია და „შამილის სიზმარიც“ აქვს დაწერილი. თუმცა, მეორეს ჯერ არ უბეჭდავენ...
ივანე კერესელიძე აკაკის სადილს გაუმართავს და სამ პიროვნებას მიიწვევს - ალექსანდრე ორბელიანს, ლავრენტი არდაზიანსა და დიმიტრი ბერიევს.
სტატიის მთავარი ღირსება უკვე აღვნიშნეთ.
ჩვენი მთავარი მიზანიც ის არის, რომ ყურადღება ავტორის პუბლიცისტურ ოსტატობას მივაპყროთ და პორტრეტის ხატვის ხელოვნება წარმოვაჩინოთ.
აქ ქართველ მოღვაწეთა არაჩვეულებრივი სილუეტები იკვეთება.
ზოგიერთი კალმის ერთი მოსმითაა დახატული.
მაგრამ ეს აკაკის კალამია.
საკუთარ დედას ივანე აკაკის ასე წარუდგენს:
„ - დედი, ეს ის არის, რომ დაწერა, „გულს პერანგი დაჰფართხალებსო“...
ამგვარად გაცნობა დედაზეც გვიქმნის წარმოდგენას - ნამდვილი პოეზიის მცნობი და დამფასებელი ქალბატონი მოჩანს.
პორტრეტებში მოღვაწეთა შინაგანი ბუნებაც ოსტატურადაა დახატული. თითოეული მათგანის ხასიათი მათსავესაქციელებშია გამოხატული, ზოგჯერ, კონტრასტული შტრიხებითაც.
დიმიტრი ბერიევს მუნდირი აცვია, ალექსანდრე ორბელიანს - ქართული კაბა.
ივანე კერესელიძე მათ აკაკის წარუდგენს.
„ალექსანდრე წამოდგა და გადამეხვია. ბერიევმა კი მხოლოდ ხელი გამომიშვირა.“
ლავრენტი არდაზიანი?
„ზრდილობიანად მოგვესალმა და რომ გამოვემცნაურეთ ერთმანეთს, ნელი ხმით მითხრა - მიამაო და მიჯდა განზე.“
აქ გაიმართება დიალოგი ივანესა და ლავრენტის შორის, საიდანაც შევიტყობთ, თუ რატომ არ იბეჭდება ზემოხსენებული ლექსი:
„მაგას არ უყვარს ლაპარაკი... ერთს იტყვის, მაგრამ კარგსო, - სთქვა მასპინძელმა და მიათითა ლავრენტიზე. - აი მაგას მოეწონა შენი ლექსიო.
- რომელი? - იკითხა ლავრენტიმაც.
- „შამილის სიზმარი“.
- დიაღ, მომეწონა. იბეჭდება?
- არა.
- რატომაო? ცენზორ...
- გრიგოლმა არა ქნა. ნამეტანი გამბედავად არის დაწერილი და კილოც იმერულიაო. ჯერ არ მინდა, რომ ვაწყეინო და მერე კი უთუოდ დავბეჭდავ.
- როდის მერე?“
„რაღად დავფიცო, ჩვენიანები ხართ... ეს ოხერი სახლი მაქვს პრიზაკში შეტანილი და ვცდილობ, რომ მაპატიონ ვალი. გრიგოლიც(ორბელიანი იგულისხმება - ავტ.) შუამავლობს, მპირდება: - ჩვენი ყველაფერი მიაქვსთ და ჩვენც რომ ყვავს კაკალი გავაგდებინოთ, რა ცოდვააო.“
ეს პასაჟი, ანუ ეს „ვალი“ უნდა დავიმახსოვროთ.
აქ არდაზიანი გაიღიმებს და დიალოგი ასე გაგრძელდება:
„ - რას იცინი, მძრახავ განა?
- არა, მე სულ სხვა რამ მომაგონდა.“
მეტად მწარე ქვეტექსტი აქვს ამ იგავს, თუმცა, რაღა ქვეტექსტი?!
ვინ იცის, იქნებ აკაკიც სწორედ ამის სათქმელად იხსენებს ამ შეხვედრას.
იქნებ ჩვენც ვიჩქარეთ, სტატიის მთავარი ღირსებაც რომ უკვე აღვნიშნეთ.
იქნებ სათქმელი პორტრეტებზე უფრო მნიშვნელოვანია...
***
„როგორც შევატყე, ბაასი გაგრძელდებოდა, მაგრამ ამ დროს ორი სტუმარი შემოვიდა“...
აკაკის, როგორც ახალგაზრდას, დარიგებას დაუწყებენ.
და აქ თვითონ„დამრიგებელთა“ პოტრეტები იხატება:
„ორბელიანი ქვეყნისათვის თავდადებას მირჩევდა, კერესელიძე - ბევრ წერას, არდაზიანი მეუბნებოდა, არ აჰყვე ზოგიერთებს, რჯულზე მტკიცედ იყავიო.“
რაც შეეხება დიმიტრი ბერიევს:
„გამიხმო განზე და მითხრა:
მე შეგატყე, რომ ჩემი დანახვა არ გიამა, იმიტომ, რომ კვარტლის მუნდირი მაცვია. მაგრამ არც მაგრე გამოაშკარავება ვარგა თავის გრძნობისა. ეგების არც მე...ვინ იცის, ეგების ამ მუნდირში მე სულ სხვა გული მიცემდეს“...
აქ, რა თქმა უნდა, თვითონ ახალგაზრდა(ოცდაორი წლის) აკაკის ხასიათიც არის „გამოაშკარავებული“, მით უფრო, რომ სტატიაში(უკვე ორმოცდაცამეტი წლისა) ამას წერს:
„ამ ახალ გაცნობილების დარიგება დღეს სასიამოვნოდ მაგონდება, მაშინ, როგორც ყმაწვილს, არ მეპიტნავა და დავაპირე მკვახე პასუხი მიმეცა“...
***
და მაინც, ივანე კერესელიძის იმდღევანდელ სტუმართა შორის, ყველაზე შთამბეჭდავად ალექსანდრე ორბელიანის პოტრეტი იკვეთება.
აკაკი მის პიროვნულ მნიშვნელოვანებას თითქოს საგანგებოდ არ გახაზავს, მაგრამ მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაინც აშკარად მოჩანს.
აკაკის იმერელად რომ წარუდგენენ, ალექსანდრე ორბელიანი იმერეთისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გაამჟღავნებს და ამას რომ ახსნის, ზოგადქართულ სატკივარს გამოკვეთს:
„ძალიან მომწონს იმერეთი და მიყვარს იმერლები!..ქართველობა ჯერ კიდევ იქ უფრო წმინდად არის შენახული. აქ კი ყოველიფერი: ენა, ზნე, ჩვეულება, თითქმის გადასხვაფერებული გვაქვს. ასე გასინჯეთ, რომ სიმღერასაც ვერ ვახერხებთ ქართულად...ბაიათებსა და შიქასტებს გავჰკივით. ზურნა-დაფის ხმაზე ჩვენი საქრისტიანო ამოვარდა; მეფეები და ერი ეწამა, და ჩვენ დღეს კიდევ მოგვწონს და გვენატრება ის ხმა. მაგრამ სულ სხვა არის იმერული ჩანგური და ზედ ღიღინი... ქართული გული იგრძნობს, რომ იმ ხმებში ძალაც ქართულია ჩამარხული!“
ძნელი მისახვედრი არ არის, ამით რას მისტირის ალექსანდრე ორბელიანის ქართული გული, რა ისრით არის ნაჩხვლეტი.
შემთხვევით არ წასჩურჩულებს ბერიევი მასპინძელს:
„ - ივანე, შეაჩერე, თორემ ხომ იცი მაგის ამბავი: თვითონაც ატირდება და ჩვენც აგვატირებს და რა დროსია?“
არადა, ვაი, რომ „დროსია“...
***
სტატიას „ორი შეხვედრა“ ჰქვია.
რატომ?
„შემდეგში კიდევ უფრო დავუახლოვდი ივანე კერესელიძეს და დავრწმუნდი, რომ ის ძალიან გულკეთილი და ქვეყნის ერთგული კაცი იყო... დრომ და ვითარებამ ერთმანეთს დაგვაშორა“...
და, აი...
1892 წელია.
„შარშან, სწორედ ოცდა ათს წელს შემდეგ, ქუჩაში შემეყარა ერთი ვიღაც მოხუცი კაცი, გაჩერდა და შემომძახა: „კაცო, ეგ შენა ხარო?“
ეს „ვიღაც მოხუცი კაცი“ ივანე კერესელიძეა.
„ძველი ნაცნობი კერესელიძის ნიშან წყალიც აღარ ეტყობოდა... რას მიყურებო! - მითხრა მწუხარე ხმით. - გიკვირს განა, რომ ასე მხედავ?“
ივანე კერესელიძე არა მხოლოდ სიბერით დაჩაჩანაკებულა.
რამდენ რამეს შესჩივლებს აკაკის?!
„ამტეხია ერთი ვიღაც მოვალე და მაღრჩობს“...
„ერთი რაღაცა საცოდავი მამული მქონდა, იმასაც მიყიდის ბანკი“...
და აქ ივანე კერესელიძე წარმოთქვამს მართლაც გულისმომკვლელ სიტყვებს, სადაც კიდევ ერთხელ გაიელვებს ალექსანდრე ორბელიანის უკვდავი სახება:
„ქართველისაგან მამულის შელევა ღვთის გმობაა... „ჩვენი ქვეყანა გმირთა აკლდამააო“, - ალექსანდრე იტყოდა ხოლმე. მე და ჩემმა ღმერთმა, რომ მართალია!.. ჩვენი მიწები სულ ქართველების, ჩვენი მამა-პაპების სისხლით არის მორწყული და ძვლებით დაპოხიერებული. ის უნდა ვიგინდარას, უცხოს ჩაუვარდეს ხელში და ჩვენი სიწმინდე ფეხითა სთრგუნოს! ვისაც შაფანსკის მეტი არა დაუღვრია რა, ის, რასაკვირველია, არ ინაღვლის. იმან რა იცის, თუ რა ნათესაური კავშირი აქვს ჩვენს მიწას ჩვენთან.“
***
ივანე კერესელიძე აკაკის ამჯერადაც შინ მიიპატიჟებს.
„მომკიდა ხელი და წამიყვანა, „ახალ გოლანდიაში“ იდგა. მის ოთახში რომ შევედი, შევკრთი... ძველებურად ვეღარა ვნახე რა! თარი და ჭიანური კი ისევ კედელზე ჰქონდა ჩამოკიდებული.“
რა მეტყველი სურათია?!
რა პუბლიცისტური დეტალი?!
აკაკის ეს ფრაზაც რა მრავლისმთქმელია:
„ - აი, აბა ამაზეა ნათქვამი, - კიდევ დამიწყო:
ჩემი ავლა-დიდებაო
კატას აეკიდებაო!..“
***
ვფიქრობთ, სრულიად ნათელია, რატომ გაიხსენა აკაკიმ ეს ორი შეხვედრა და რა უკიდეგანოა ამ საკმაოდ მომცრო სტატიის სივრცე, რა მნიშვნელოვანია მისი სათქმელი.
რა თქმა უნდა, ვიჩქარეთ, სტატიის მთავარი ღირსება თავიდანვე რომ აღვნიშნეთ.
პორტრეტის ხატვის ოსტატობამ მოგვნუსხა.
მაგრამ სათქმელიც რომ ძალიან მნიშვნელოვანია?!
ქართული მიწების უცხოს ხელში ჩავარდნაც რომ დღესაც აქტუალურია?!
კი, გულისმომკვლელია, მოხუცი ივანე კერესელიძის სიმღერა რომ ტირილს ჰგავს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რაც ალექსანდრე ორბელიანს ატირებს.
ივანე კერესელიძე „ცალი თვალით იცინოდა, მაგრამ მეორეთი კი სტიროდა.“
ალექსანდრე ორბელიანი ორივე თვალით ტირის.
და სწორედ მისი ცრემლები ქმნიან იმ „ანკარა წყაროს“, რომელსაც ქართველთა ყველა თაობა უნდა დაეწაფოს.
ახალი სტატიები
იოსებ ჭუმბურიძე - მომცრო სტატიის უკიდეგანო სივრცე, ანუ განსაკუთრებული არაფერი ხდება?! 15:07რაულ ჩილაჩავა - ლექსები 15:04გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ქეთევან ლომთათიძეზე) 14:32ნინა ნინეა სამხარაძე - ლექსები 14:25ქართლოს ქარჩხაძე - ლექსები 14:13ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი
ნინო დარბაისელი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები