გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დაფნე დიუ მორიე - მისი მამა (თარგმანი - თამარ ნამგლაძე)

 
 (თარგმანი შესრულებულია ინგლისური ენიდან)



იმ კაცზე მეკითხებოდით, მომესმა? ასეც ვფიქრობდი. თქვენ ახალი ჩამოსულები ხართ დასასვენებლად. ბოლო დროს ზაფხულობით ბევრნი ჩამოდიან. როგორღაც ყოველთვის პოულობენ გზას ნაპირისკენ, კლდეების გადავლით. შემდეგ ისვენებენ ზღვასთან და უკან, ტბისკენ იყურებიან. ზუსტად ისე, როგორც თქვენ გააკეთეთ.
საყვარელი ადგილია, არა? წყნარი და მოშორებული. არ არის გასაკვირი საცხოვრებლად რომ შეარჩია იმ კაცმა. 
არ მახსოვს პირველად როდის გამოჩნდა. არავის არ ახსოვს. მრავალი წლის წინ უნდა ყოფილიყო ეს ამბავი. ის უკვე აქ იყო, როცა მე ჩამოვედი, ომამდე დიდი ხნით ადრე. შეიძლება ცივილიზაციას გამოექცა, ისევე როგორც მე. ანდა გარშემომყოფებმა მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახადეს. რთული სათქმელია. სულ თავიდანვე მქონდა შეგრძნება, რომ მან რაღაც ჩაიდინა, ან მის მიმართ ჩაიდინეს რაღაც, რამაც ცხოვრებაზე გააბოროტა. მახსოვს, პირველად რომ დავინახე, ჩავილაპარაკე - „თავს დავდებ, აუტანელი ხასიათი ექნება“.
დიახ, აქ ტბასთან ცხოვრობდა, თავის ქალბატონთან ერთად. რაღაც სასაცილო ხუხულა ჰქონდათ, ვერანაირი ამინდისგან რომ ვერ იცავდათ, თუმცა, ეს მგონი არც აღელვებდათ.
მის შესახებ გაფრთხილებული ვიყავი: ერთ-ერთმა ბიჭმა ფერმიდან ღიმილით მირჩია - ტბასთან მცხოვრები კაცისგან თავი შორს დამეჭირა, რადგან არ სწყალობდა უცნობებს. მეც, წინდახედულად, გვერდს ვუვლიდი იმ გასასვლელს. გინდაც არ ამევლო, დიდი სხვაობა არ იქნებოდა, რადგან მის ენაზე ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. პირველად რომ დავინახე ტბის პირას იდგა, ზღვას გაჰყურებდა. თავაზიანობის გამო, მის ახლოს რომ არ ჩამევლო, მდინარეზე გადებული ფიცარი არ გამომიყენებია და ნაპირს გავუყევი ტბის მეორე მხარეს გადასასვლელად. შემდეგ, იმ არასასიამოვნო შეგრძნებით, თითქოს სხვის სივრცეში ვიჭრებოდი და იქ არაფერი მესაქმებოდა, სწრაფად ჩავიმალე კურდღლისცოცხას ბუჩქებში, ამოვიღე ჩემი ჭოგრიტი  და თვალთვალი დავუწყე.
ბრგე კაცი იყო, დიდი და ძლიერი - ახლა, რა თქმა უნდა, დაბერდა - მე წლების წინანდელ ამბავს ვყვები.  მაგრამ ახლაც კი ემჩნევა როგორი იყო ერთ დროს. იმისთანა ენერგია და ძლევამოსილება იგრძნობოდა მისგან, მოხდენილი თავიც კი მეფურად ეჭირა. ამ აზრშიც არის რაღაც. არა, არ ვხუმრობ. ვინ იცის რომელი მეფის სისხლს დაატარებს ძარღვებში, რომელ შორეულ წინაპართან დაკავშირებულს? ეს სისხლია, ხანდახან, მისდა უნებურად რომ მოაწყდება და მოზღვავდება, სძლევს და მრისხანებით ჭკუიდან გადაჰყავს. მაშინ ამაზე არ მიფიქრია. უბრალოდ ვუყურებდი და როცა ტრიალდებოდა, ბუჩქებში ვიმალებოდი. ვმკითხაობდი, თუ რა ხდებოდა მის გონებაში, ნეტავ თუ იცოდა, იქ რომ ვიყავი და ვუთვალთვალებდი.
რომ გადაეწყვიტა და ტბის ნაპირს გამოჰყოლოდა, ჩემს კვალდაკვალ, ძალიან სულელურ დღეში აღმოვჩნდებოდი. ალბათ ეს აზრი გადათქვა, ან საერთოდაც არ ადარდებდა. ზღვას გაჰყურებდა, თოლიებსა და ზღვის მოქცევას ადევნებდა თვალს. ცოტა ხნის შემდეგ, მსუბუქი ნაბიჯით გაუყვა ტბის ნაპირს, გაეშურა სახლისკენ და ცოლისკენ, და შესაძლოა სავახშმოდაც.
იმ დღეს ცოლისთვის თვალიც არ მომიკრავს. უბრალოდ, იქ ახლო-მახლოს არ ყოფილა. მათი საცხოვრებელი ადგილიდან  გამომდინარე, ნამდვილად არ მქონდა იმის გამბედაობა რომ ახლოს მივსულიყავი და მის პირისპირ აღმოჩენა გამერისკა -  ტბის მარცხენა ნაპირით გარშემორტყმულნი, ადგილამდე მისასვლელი წესიერი ბილიკის გარეშე ცხოვრობდნენ. თუმცაღა, როდესაც ვნახე, იმედი გამიცრუვდა. ბევრი არც არაფერი იყო სანახავი. იმას ვგულისხმობ, რომ ცოლის პიროვნება არაფრით ჩამოჰგავდა ქმრისას. ჩემი შეფასებით წყნარი, რბილი ხასიათის არსება იყო. 
როცა დავინახე, ორივენი თევზაობიდან ბრუნდებოდნენ და ზღვის ნაპირიდან მაღლა, ტბისკენ მიემართებოდნენ. წინ, რა თქმა უნდა, კაცი მიუძღოდა. ცოლი უკან მისდევდა. არცერთს არ შეუმჩნევია ჩემი იქ ყოფნა, რამაც ძალიან გამახარა, რადგან კაცი შეიძლება გაჩერებულიყო, მოეცადა, ცოლი სახლში გაეშვა და კლდეებისკენ ჩამოსულიყო, სადაც მე ვიჯექი. გაინტერესებთ რას ვეტყოდი, ასე რომ  მოქცეულიყო? წყეულიმც ვიყო, თუ ვიცოდე. შეიძლება ავმდგარიყავი, უდარდელი სახითა და სტვენა-სტვენით; შემდეგ თავს დავუკრავდი და მართლაც უსარგებლო, მაგრამ ინსტინქტური ღიმილით (თუკი გესმის რასაც ვგულისხმობ), ვუსურვებდი კარგ დღესა იქიდან წამოვბოდიალდებოდი. არა მგონია რამე გაეკეთებინა. დაჟინებულ მზერას გამომაყოლებდა, თავისი უცნაური, ვიწრო თვალებით და გამომიშვებდა.
ამის შემდეგ, ზამთარ-ზაფხულ, ყოველთვის  ქვევით ვიყავი სანაპიროზე, ანდა კლდეებზე. ისინი კი აგრძელებდნენ თავიანთ უცნაურ, განცალკევებულ არსებობას. ხანდახან ტბაში თევზაობდნენ, ხანდახან - ზღვაში. დროგამოშვებით ესტუარში მდებარე ნავსადგურში მხვდებოდნენ, იახტებისა და სავაჭრო გემების თვალიერებისას. მაინტერესებდა, ნავსადგურში წასვლა ნეტავ რომელ მათგანს მოუვიდა თავში აზრად. შესაძლოა, ნავსადგურის ალიაქოთმა და სიცოცხლემ უეცრად მიიტყუა კაცი; იმ ყველაფერმა, რაც ან ძალიან სწრაფად უარყო, ან არც არასდროს იცნობდა. აი მაშინ ეტყოდა ცოლს - „დღეს ქალაქში მივდივართო“. ისიც, ბედნიერი იმის კეთებით რაც ქმარს ახარებდა, გამოჰყვებოდა თან.
იცი, ერთი რამ მკაფიოდ იკვეთებოდა - და შეუძლებელია ვერ შეგემჩნია - მათი ერთმანეთისადმი თავდადება იყო. მინახავს, როგორ ეგებებოდა მთელი დღის თევზაობიდან სახლში დაბრუნებულ კაცს ცოლი - საღამოსკენ ჩამოდიოდა ტბასთან, ან ზღვის სანაპიროზე ელოდებოდა. შორიდანვე ამჩნევდა ქმრის მოახლოებას. მეც ვამჩნევდი, ზღვის ყურიდან მალულად მოთვალთვალე. კაცი პირდაპირ ნაპირზე გამოდიოდა, ცოლი ეგებებოდა და გულში იკრავდნენ ერთმანეთს. სულ არ აღელვებდათ, ვინმე დაინახავდა თუ არა. გულისამაჩუყებელი იყო, თუკი გესმის რასაც ვგულისხმობ. გრძნობდი რომ იყო რაღაც მიმზიდველი ამ ადამიანში, ასეთი ურთიერთობა თუ ჰქონდათ. გინდაც სხვებისთვის დემონი ყოფილიყო ის კაცი, ქალისთვის მთელ სამყაროს წარმოადგენდა. როდესაც მათ ასე ერთად ვხედავდი, რაღაცნაირი თბილი გრძნობა მიჩნდებოდა ამ კაცის მიმართ.
გაინტერესებს ოჯახი თუ ჰქონდათ? მანდ მივდიოდი. ეს ამბავი ოჯახის შესახებ არის. ძალიან მინდოდა მომეთხრო. იმიტომ რომ ტრაგედიაა, გესმის. და ჩემ გარდა არავინ არაფერი იცის. ვფიქრობ, შემეძლო ვინმესთვის მეთქვა, მაგრამ რომ მეთქვა, არ ვიცი... შეიძლება კაცი წაეყვანათ, ქალს გული მოუკვდებოდა მის გარეშე, და ბოლოსდაბოლოს, ეს არ იყო ჩემი საქმე. ვიცი, მამაკაცის წინააღმდეგ ძლიერი სამხილები იყო, მაგრამ მე არ მქონდა პირდაპირი მტკიცებულება, შესაძლოა უბედური შემთხვევაც ყოფილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბიჭი გაქრა არავის დაუწყია გამოძიება და მე ვინღა გამოვიდოდი - მაბეზღარა,  დამსმენი, რომელიც სხვის საქმეში ჰყოფს ცხვირს?
ვეცდები ავხსნა რაც მოხდა. მაგრამ გაითვალისწინე, ეს ყველაფერი წლების წინ ხდებოდა, ხან სხვაგან ვიყავი წასული,  ხან დაკავებული ვიყავი და ტბასთან ვერ მივდიოდი. იქ მყოფი წყვილის ცხოვრება კი, როგორც ჩანდა, ჩემ გარდა არავის არ აინტერესებდა. ამიტომ, ეს ამბავი მხოლოდ იმისგან  შედგება, რაც საკუთარი თვალით ვნახე. სხვისგან არაფერი გამიგია, არანაირი ხმები ან ჭორები მათ შესახებ არ ყოფილა.
დიახ, ყოველთვის ასე მარტონი კი არ იყვნენ, როგორც ახლა. ოთხი შვილი ჰყავდათ. სამი გოგო და ერთი ბიჭი. ოთხივე იმ ხუხულაში დაზარდეს, ტბის პირას. ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, ეს როგორ მოახერხეს. ღმერთო, იყო დღეები, როდესაც წვიმისგან ტბა სულ ტალღებად იყოფოდა და ტალახიან ნაპირს ასკდებოდა მათ სახლთან ახლოს, დაგუბებული წყალი ჭაობდებოდა და მასში გამჭოლი ქარი ქროდა. ნებისმიერი, ვისაც სულ ოდნავ გონება მაინც გააჩნდა, მოკიდებდა ცოლ-შვილს ხელს და ისეთ ადგილას წავიდოდა, სადაც არსებობა მაინც იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ არა ეს კაცი. რადგან თვითონ უძლებდა, მის ცოლსაც უნდა გაეძლო და შვილებსაც - ალბათ ასე გადაწყვიტა. ან იქნებ მკაცრ პირობებში უნდოდა მათი აღზრდა.
შენ წარმოიდგინე, მომხიბვლელი ბავშვები იყვნენ. განსაკუთრებით სულ პატარა გოგონა. არ ვიცი მისი სახელი, მაგრამ მე თაინის - პაწიას ვეძახდი. გასაოცარი ხასიათი ჰქონდა. თავისი ზომის მიუხედავად პირწავარდნილი მამა იყო. ახლაც ვხედავ, მზიან დილას, ჯერ ისევ ციცქნა, პირველი რომ ეშვებოდა წყალში ტყაპუნით, საგრძნობლად წინ უსწრებდა დებსა და ძმას.
ძმას ბიჭი შევარქვი. უფროსი იყო, და ჩვენ შორის დარჩეს, ცოტა წაუსულე-ლებდა. დებისნაირი მომხიბვლელი გარეგნობა არ ჰქონდა და მოუხერხებელი ყმაწვილიც იყო. თუკი გოგოები თამაშობდნენ და თავს ირთობდნენ, ამან არ იცოდა რა ეკეთებინა და უსაქმოდ დაყიალობდა უკანა ეზოში. თუ შეეძლო, სახლში რჩებოდა, დედასთან. ნამდვილი დედიკოს ბიჭი. ამიტომაც შევარქვი ეს სახელი. თუმცა ვერ ვიტყვი რომ დედა განსაკუთრებულად თავს დასტრიალებდა. როგორც მე ვხედავდი, ოთხივეს ერთნაირად ექცეოდა. მისი აზრები ყოველთვის უფრო კაცისკენ იყო მიმართული, ვიდრე შვილებისკენ. მაგრამ ბიჭი უბრალოდ დიდი ბავშვი იყო, და ეჭვი მაქვს, ჩერჩეტიც.
მშობლების მსგავსად, შვილებიც თავიანთთვის იყვნენ. გავბედავ და ვიტყვი, მამისგან ჰქონდათ თავში ჩადებული. ნაპირზე სათამაშოდ არასოდეს ჩამოდიოდნენ. ალბათ რამხელა ცდუნება უნდა ყოფილიყო ზაფხულში, როდესაც ადამიანები კლდე-ების გავლით ჩამოდიოდნენ სანაპიროზე, ცურაობდნენ და პიკნიკებს აწყობდნენ. ვფიქრობ, მხოლოდ მისთვის გასაგები უცნაური მიზეზების გამო, კაცმა გააფრთხილა რომ უცხოებთან შეხება არ ჰქონოდათ.
ჩემს აქეთ-იქით ბოდიალს შეჩვეულები იყვნენ, ზღვისგან გამორიყული ხე და სხვა ნივთები დამქონდა. ხშირად ვჩერდებოდი და ვუყურებდი ტბის პირას მოთამაშე ბავშვებს, თუმცა არ გამოვლაპარაკებივარ. შეიძლება წასულიყვნენ და კაცისთვის ეთქვათ. ჩავლისას ამომხედავდნენ ხოლმე, შემდეგ თვალს მარიდებდნენ, სხვაგან იყურებოდნენ, თითქოს ერიდებათო. ყველანი თაინის გარდა. თაინი თავს უკან გადააგდებდა და სალტოს აკეთებდა, მხოლოდდამხოლოდ თავის გამოსაჩენად. 
ხანდახან ვუყურებდი ექვსივენი როგორ მიდიოდნენ სათევზაოდ - კაცი, მისი ცოლი, ბიჭი და სამი გოგონა - ზღვაზე, მთელი დღით. წინამძღოლი, რა თქმა უნდა, კაცი იყო. დახმარების სურვილით სავსე თაინი მამას ეკვროდა. ქალბატონი ამინდს აკვირდებოდა - შენარჩუნდებოდა თუ არა, მას დანარჩენი ორი გოგო მიჰყვებოდა. და ბიჭი, საწყალი, ტუტუცი ბიჭი, ყოველთვის უკანასკნელი ტოვებდა სახლს. არ ვიცი დროის გატარების რა ხერხი ჰქონდათ. გვიანობამდე კი რჩებოდნენ. მე უკვე აღარ ვიყავი ხოლმე სანაპიროზე, როცა ისინი ბრუნდებოდნენ. მაგრამ, როგორც ვხვდები, მშვენივრად ართმევდნენ თავს. ეჭვი მაქვს, თითქმის მხოლოდ იმით არსებობდნენ, რასაც იჭერდნენ. რა ვიცი, როგორც ამბობენ თევზი ვიტამინებით არის სავსეო, არა? იქნებ იმ კაცს კვებისადმი საკუთარი სპეციფიური მიდგომა ჰქონდა. 
დრო გადიოდა, ბავშვები მოზარდობაში გადავიდნენ. მომეჩვენა, თითქოს თაინიმ მაშინ თავისი პიროვნების რაღაც ნაწილი დაკარგა. უფრო დებს დაემსგავსა. ნებისმიერ შემთხვევაში, სასიამოვნო დასანახი ტრიო იყო. წყნარი, კარგად აღზრდილი. 
რაც შეეხება ბიჭს, უზარმაზარი გახდა. თითქმის ისეთივე დიდი, როგორც მამა, მაგრამ სხვაობაც როგორი იყო მათ შორის! არაფერი ჰქონდა მამის შესახედაობის, ან შინაგანი ძალის, ან ხასიათის. უბრალოდ იყო დიდი, ტლანქი, მოუხერხებელი არსება. და უბედურებას, ჩემი აზრით, სწორედ ისწარმოადგენდა რომ კაცს მის გამო სრცხვენოდა. ბიჭი დანარჩენების მსგავსად სახლში არ მუშაობდა, ამაში დარწმუნებული ვარ. თევზაობის დროსაც სრულიად გამოუსადეგარი იყო. გოგოები ჭიანჭველებივით მუშაობდნენ, ბიჭი კი უკან დაბოდიალობდა და არეულობას ქმნიდა. თუკი დედა მათთან ერთად იყო, უბრალოდ დედის გვერდზე რჩებოდა.
ვხედავდი, კაცს სიმშვიდეს რომ უკარგავდა ამისთანა დაულაგებელი ვაჟის ყოლა. აღიზიანებდა კიდეც, რადგან ბიჭი ასეთი ზორბა იყო. როგორც ჩანს, მისი შეუწყნარებელი გონებისთვის ეს მიუღებელი იყო - ძალა და უჭკუობა ვერ ეწყობოდა ერთმანეთს. სხვა ჩვეულებრივ ოჯახში ბიჭი უკვე სამუშაოდ იქნებოდა წასული სახლიდან. ადრე მაინტერესებდა, ნეტავ ცოლ-ქმარი თუ კამათობდა ამის შესახებ საღამოობით, თუ ეს იყო ამბავი, რომელსაც არცერთი არ აღიარებდა მაგრამ უხმოდ თანხმდებოდნენ - ბიჭისგან ხეირი არ იყო.
თუმცაღა, საბოლოოდ მაინც დატოვეს მშობლების სახლი. გოგოებმა მაინც.
მოგიყვებით, ეს როგორ მოხდა.
გვიანი შემოდგომა იყო. ისე მოხდა რომ საყიდლებზე ვიყავი პატარა ქალაქში, ამ ადგილიდან სამი მილის დაშორებით, რომელიც ნავსადგურს გადაჰყურებდა. უეცრად დავინახე ის კაცი, მისი ცოლი, სამივე გოგო და ბიჭი პონტისკენ მიემართებოდნენ - ეს არის ზღვის ყურის ზემოთ, ნავსადგურიდან აღმოსავლეთით. იქ, პონტში რამდენიმე კოტეჯია, ფერმა და ფერმის უკან, მაღლა - ეკლესია. მთელი ოჯახი ისეთი კოპწია და მორთული იყო, კაცი და მისი ცოლიც კი, რომ გამეფიქრა, ნეტავ სტუმრად ხომ არ მიდიან - მეთქი. ეს მათთვის უჩვეულო საქციელი იყო, თუკი მართლა ვინმეს სტუმრობდნენ. თუმცა შეიძლება იქ მეგობრები ან ნაცნობები ჰყოლოდათ, რომელთა შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, უკანასკნელად სწორედ იმ შაბათს, შუადღისას ვნახე, პონტისკენ მიმავალნი.
იმ შაბათ-კვირას აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ამოვარდა, ნამდვილი ქარიშხალი. სახლში ვიჯექი, გარეთ ცხვირიც არ გამიყვია. ვიცოდი, თუ როგორ ულმობლად და ძლიერად იმსხვრეოდნენ ტალღები ნაპირზე. მაინტერესებდა, კაცმა და მისმა ოჯახმა თუ შესძლო სახლში დაბრუნება. ჭკვიანური იქნებოდა მეგობრებთან პონტში დარჩენა, თუ ჰყავდათ მეგობრები. 
ქარი მხოლოდ სამშაბათს ჩადგა და მეც ისევ სანაპიროზე ჩავედი. არემარე წყალმცენარეებით, გამორიყული ხის ნაჭრებით, კუპრითა და ნავთობით იყო მოსვრილი. აღმოსავლეთის ქარიშხლის შემდეგ ყოველთვის ასეა. იმ კაცის ქოხმახისკენ გავიხედე, იქ იყო, თავის ქალბატონთან ერთად, ტბის პირას იდგა. მაგრამ შვილების ნიშანწყალიც არ იყო. 
ეს ამბავი ცოტა სასაცილოდ მომეჩვენა და მათ გამოჩენას მოვუცადე. არ გამოჩენილან. ტბას შემოვუარე. მოპირდაპირე ნაპირიდან მათი სახლი კარგად ჩანდა, და ჩემი ძველი ჭოგრიტიც ამოვიღე უკეთ დასანახად. შვილები უბრალოდ იქ არ იყვნენ. კაცი მეთუნეობით იყო დაკავებული, როგორც ყოველთვის როცა არ თევზაობდა, ცოლი კი მზის ქვეშ მოკალათებულიყო და თბებოდა. ამ ამბის მხოლოდ ერთი ახსნა არსებობდა. შვილები პონტში დატოვეს მეგობრებთან. არდადეგებზე გაუშვეს. 
ვაღიარებ, გულზე მომეშვა, რადგან ერთ საშინელ წამს ვიფიქრე, იქნებ შაბათ საღამოს სცადეს სახლში დაბრუნება და ქარიშხალში მოყვნენ - მეთქი. და აი, ცოლ-ქმარი უსაფრთხოდ დაბრუნდა, მაგრამ არა შვილები. თუმცა ეს გამორიცხულია. გავიგებდი. ვინმე რამეს იტყოდა. კაცი არ იქნებოდა უშფოთველად თიხის ჭურჭლით დაკავებული, ქალი კი - მზეს მიფიცხებული. არა, ეს ასე უნდა ყოფილიყო - შვილები მეგობრებთან დატოვეს ანდა, ბოლოსდაბოლოს, გოგოები და ბიჭი სოფელში წავიდნენ სამუშაოს საძებნელად. 
როგორღაც ამ ამბავმა სიცარიელის შეგრძნება დატოვა. დამასევდიანა. ამდენი ხნის განმავლობაში მივეჩვიე მათ ყურებას - თაინისა და დანარჩენების. უცნაური გრძნობა მქონდა რომ სამუდამოდ წავიდნენ. სისულელეა, არა? ამ ამბისთვის ამხელა მნიშვნელობის მინიჭებას ვგულისხმობ. იყო კაცი, მისი ცოლი და ოთხი ბავშვი, რომელთა გაზრდასაც მეტ-ნაკლებად თვალს ვადევნებდი. და ახლა ასე უმიზეზოდ ბავშვები წავიდნენ.
ვნატრობდი ამ კაცის ენაზე ერთი-ორი სიტყვა მაინც მცოდნოდა, მაშინ ხომ შევძლებდი მეზობლურად გამოვხმაურებოდი და მეთქვა: “ვხედავ, თქვენ და თქვენი ცოლი მარტონი ხართ. იმედია, ყველაფერი რიგზეა?“
თუმცაღა, ამასაც არ ჰქონდა აზრი. თავისი უცნაური თვალებით შემომხედავდა და ეშმაკსაც წაუღიხარო, მეტყოდა.
გოგოები მეტი აღარ მინახავს. აღარასდროს. უბრალოდ აღარ დაბრუნებულან. ერთხელ მომეჩვენა თითქოს თაინი დავინახე, სადღაც ზევით ესტუარში, მეგობრებთან ერთად, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. თუ ის იყო, გაზრდილა, სხვანაირად გამოიყურებოდა. გეტყვით რასაც ვფიქრობ. მე მგონი, იმ უკანასკნელ შაბათს, კაცმა და მისმა ქალბატონმა შვილები იმ გადაწყვეტილებით წაიყვანეს, რომ უკან აღარ მიიღებდნენ. ან მეგობრებთან მოაწყეს, ანდა საკუთარი თავის ანაბარა დატოვეს.
მესმის, მძიმე მოსასმენია, საკუთარ ვაჟსა და ქალიშვილებს თქვენ ასე არ მოექცეოდით, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ის კაცი უხათრო, მტკიცე ადამიანი იყო, საკუთარი წესებით მცხოვრები. ეჭვიც არ მეპარება, მიაჩნდა რომ ეს საუკეთესო შედეგს მოიტანდა და ალბათ ასეც იყო, თუმცა ის მაინც რომ მცოდნოდა თუ რა მოუვიდათ გოგოებს, განსაკუთრებით თაინის, აღარ ვიდარდებდი.
მაგრამ ხანდახან ვდარდობ. ვდარდობ იმის გამო რაც ბიჭს დაემართა.
საქმე იმაშია, რომ ბიჭს ჭკუა რა ეყო და დაბრუნდა. იმ უკანასკნელი შაბათიდან სამ კვირაში მოვიდა უკან. ტყის გავლით ჩავდიოდი ქვევით, იმ მდინარის გაყოლებით რომელიც ტბას ზემოდან ასაზრდოებდა და არა ჩემი ჩვეული გზით. ჩრდილოეთით მდებარე ჭანჭრობებიდან შემოვუარე ტბას, კაცის სახლთან შორიახლოს და პირველივე რაც დავინახე, ბიჭი იყო.
არაფერს არ აკეთებდა. უბრალოდ ჭანჭრობებთან იდგა, გათიშულს ჰგავდა. მისალმებისთვის შორს იყო, ამასთანავე, გამბედაობაც არ მყოფნიდა. მაგრამ ვუყურებდი როგორ იდგა  - რაღაცნაირად ტლანქად, მოუხერხებლად - მისთვის ჩვეულებრივად. შორს, ტბის ბოლოსკენ იყურებოდა. კაცს მიშტერებოდა.
კაცს და მის ქალბატონს ბიჭი არცკი შეუმჩნევიათ. ნაპირთან იყვნენ ახლოს, ხიდად გადებულ ფიცართან. ან ახლა უნდა წასულიყვნენ ნავით სათევზაოდ, ან უკან ბრუნდებოდნენ. ბიჭი კი აქ იყო, განცვიფრებული, ტუტუცური გამომეტყველებით. თუმცა გამომეტყველება მხოლოდ ტუტუცური არ ჰქონდა - დაზაფრულიც იყო.
მინდოდა მეკითხა - ხდება რამე? - მაგრამ არ ვიცოდი როგორ მეთქვა. მეც ბიჭივით ვიდექი და მივშტერებოდი კაცს.
შემდეგ რისი მოხდენისაც ორივეს გვეშინოდა, ის მოხდა.
კაცმა ასწია თავი და ბიჭი დაინახა.
ეტყობა ცოლს რაღაც უთხრა, რადგან ის არ განძრეულა, როგორც იდგა ხიდთან, ისეც დარჩა. კაცმა კი ელვის სისწრაფით შემოატრიალა ნავი და ტბის მეორე მხარე წამოვიდა, ჭანჭრობებისკენ, ბიჭისკენ. საზარელი დასანახი იყო. არასდროს დამავიწყდება მისი გარეგნობა. მისი შესანიშნავი თავი, ყოველთვის რომ აღმაფრთოვანებდა, ახლა გავეშებული იყო, ბოროტი. გზად ბიჭს ლანძღავდა. გეუბნებით, მე თვითონ გავიგონე.
ბიჭი, დაბნეული და შეშინებული უიმედოდ ეძებდა თავშესაფარს. დასამალი ადგილი არსად არ იყო - მხოლოდ წვრილი ლელქაში იზრდებოდა ჭანჭრობთან. მაგრამ საბრალო იმდენად სუსტი ჭკუისა იყო რომ ლელქაშში შევიდა, ჩაცუცქდა და თავი დაცულად ჩათვალა - უსაშინლესი სანახავი იყო.
უკვე ვიკრებდი გამბედაობას რომ ჩავრეულიყავი, როდესაც კაცმა მოულოდნელად შეაჩერა ნავი, ლანძღვითა და წყევლა-კრულვით შეტრიალდა და უკან, ხიდთან დაბრუნდა. ბიჭი თავისი სამალავიდან ადევნებდა თვალს. შემდეგ საბრალო ჩერჩეტი ისევ ჭანჭრობთან გამოვიდა, მე მგონი, სახლში წასვლა ჰქონდა ჩაფიქრებული.
მიმოვიხედე. არავინ იყო რომ დამეძახა. არავინ, რომ მომხმარებოდა. რომც მეცადა და ფერმაში წავსულიყავი მშველელის მოსაძებნად, მეტყოდნენ არ ჩავრეულიყავი, რომ ჯობდა იმ კაცს მძვინვარებისას არავინ გაკარებოდა, და ნებისმიერ შემთხვევაში, ბიჭი საკმარისად დიდი იყო იმისათვის რომ საკუთარი თავისთვის მიეხედა. ტანად ზორბა იყო როგორც მამა. შეეძლო პასუხი დაებრუნებინა. მე სხვა რამ ვიცოდი. ბიჭი თავს ვერ დაიცავდა. მან უბრალოდ არ იცოდა როგორ.
საკმაო ხანი დავყავი ტბასთან, მაგრამ არაფერი არ მომხდარა. შებინდდა. ჩემს ლოდინს უკვე აზრი აღარ ჰქონდა. კაცმა და მისმა ცოლმა ხიდი დატოვეს და სახლში წავიდნენ. ბიჭი ისევ ჭანჭრობთან იდგა, ტბის პირას.
ფრთხილად დავუძახე - „აზრი არ აქვს. მაინც არ შეგიშვებს სახლში. ისევ პონტში დაბრუნდი, ან სადაც აქამდე იყავი, იქ. წადი სადმე, ნებისმიერ ადგილას, ოღონდ აქაურობას მოშორდი“.
ამომხედა, ისევ იმ უცნაური გათიშული გამომეტყველებით სახეზე და მივხვდი, ერთი სიტყვაც არ გაუგია ჩემი ნათქვამიდან.
ვიგრძენი, რომ მეტის გასაკეთებლად ძალა არ შემწევდა. სახლში წავედი, მაგრამ მთელი საღამო ბიჭზე ვფიქრობდი. დილით ისევ ტბას მივაშურე, თან დიდი ჯოხიც წავიღე, რომელიც გამბედაობას მმატებდა. ისე დიდად კი ვერაფერში გამომადგებოდა. იმ კაცის წინააღმდეგ - ნამდვილად არა.
რა გითხრათ... როგორც ჩანს, ღამის განმავლობაში რაღაცაზე შეთანხმდნენ. ბიჭი იქ იყო, დედის გვერდით. კაცი კი ისევ მეთუნეობით დაკავებულიყო.
უნდა გითხრათ, გულზე მომეშვა. რადგან, საბოლოო ჯამში, მე რა უნდა მეთქვა ან რა გამეკეთებინა? თუ იმ კაცს ბიჭის სახლში გაჩერება არ უნდოდა, ეს მისი საქმე იყო. და თუ ბიჭი იმდენად სულელი იყო რომ მაინც სახლში ბრუნდებოდა, ეს უკვე ბიჭის საქმე იყო.
მაგრამ მე ყველაზე მეტად დედას ვადანაშაულებდი. ბოლოსდაბოლოს, მის მოვალეობაში შედიოდა იმის ახსნა ბიჭისთვის რომ სახლიდან უნდა წასულიყო, რომ კაცი მისთვის ჩვეულ ცუდ განწყობაზე იყო და თვითონ ბიჭისთვის იქნებოდა უკეთესი დროზე დაეტოვებინა სახლი, სანამ ეს ჯერ კიდევ შეეძლო. მაგრამ, ჩემი აზრით, ქალი დიდი გონიერებით არ გამოირჩეოდა. არც ნებისყოფა გამოუჩენია ოდესმე.
ნებისმიერ შემთხვევაში, მათი შეთანხმება რაღაც დროის განმავლობაში მუშაობდა. ბიჭი დედაზე იყო მიწებებული - ალბათ სახლის საქმეში ეხმარებოდა, არ ვიცი - კაცი კი სულ უფროდაუფრო ხშირად მათ გარეშე იყო, განმარტოებული.
კაცი ხიდთან ჯდომას დაეჩვია, წელში მოხრილი, უცნაურად ჩაფიქრებული ზღვას გაჰყურებდა ხოლმე. გაუცხოებულს და მარტოსულს ჰგავდა.  ეს არ მომწონდა. არ ვიცი რაზე ფიქრობდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბოროტება ჰქონდა განზრახული. უცებ მომეჩვენა, თითქოს ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ის, მისი ცოლი და შვილები სათევზაოდ იყვნენ წასულები, ბედნიერი, შეკრული ერთობა. ახლა მისთვის ყველაფერი შეცვლილიყო. მისი ცოლი და ბიჭი იყვნენ ერთად, ის კი სიცივეში გაერიყათ.
მეცოდებოდა, მაგრამ მეშინოდა კიდეც. ვგრძნობდი, ასე ვერ გაგრძელდებოდა უსასრულოდ. რაღაც მოხდებოდა.
ერთ დღესაც ნაპირზე გავედი გამორიყული ხის შესაგროვებლად - წინა ღამეს ძლიერი ქარი ქროდა - ტბისკენ გავიხედე და შევამჩნიე, ბიჭი დედასთან არ იყო. ისევ ჭანჭრობთან იდგა, სადაც პირველ დღეს დავინახე. ისეთივე დიდი, როგორც მამამისი. საკუთარი ძალის გამოყენება რომ შესძლებოდა, ნებისმიერ დროს შეეწინააღმდე-გებოდა. მაგრამ საამისოდ ჭკუა არ ჰყოფნიდა. ჰოდა იდგა იქ, ჭანჭრობში, უზარმაზარი, შეშინებული ჩერჩეტი ბიჭი, და აქ იყო ის კაცი, თავის სახლთან, მოკვლის სურვილით სავსე თვალებით მიშტერებოდა შვილს.
მოკვლას უპირებს - ჩავილაპარაკე. მაგრამ არ ვიცოდი როგორ, ან როდის, ან სად; ღამე, ძილის დროს თუ დღისით, თევზაობისას. დედა ხელს არ შეუშლიდა, ამ მხრივ სრულიად უმაქნისი იყო. აზრიც არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს. ოღონდაც ბიჭს ერთო ბეწო გონიერება მაინც გამოეჩინა და წასულიყო.
შებინდებამდე ვიცდიდი და ვუთვალთვალებდი. არაფერი მომხდარა.
იმ ღამეს იწვიმა. მოქუფრული ცა იყო, ციოდა, ბნელოდა. უფერულ, უფოთლო ხეებს ვეღარაფერი იცავდა - დეკემბერი იდგა. ტბაზე გვიან შუადღემდე ვერ ჩავაღწიე, ცა უკვე მოწმენდილი იყო და მზე, სანამ ზღვაში ჩაეშვებოდა, ზამთრისთვის დამახასიათებელ წყალწყალა სინათლეს აფრქვევდა.
კაცი დავინახე, მისი ქალბატონიც. თავიანთ ხუხულასთან იდგნენ, გვერდი-გვერდ. ჩემკენ იყურებოდნენ და დამინახეს როგორ ვუახლოვდებოდი.  ბიჭი იქ აღარ იყო. ჭანჭრობთანაც არ იდგა. არც სანაპიროზე ჩანდა.
ხიდზე გადავედი და ტბის მარცხენა ნაპირს გავუყევი. ჭოგრიტი თან მქონდა, მაგრამ ბიჭს ვერ ვხედავდი. ვიცოდი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში კაცი თვალს მადევნებდა.
შემდეგ დავინახე. ცოცვით ჩავამთავრე ნაპირი, გადავკვეთე ჭანჭრობი და ლელქაშის უკან რომ იწვა, იმ რაღაცისკენ წავედი.
მკვდარი იყო. ღრმა ჭრილობა ჰქონდა სხეულზე. ზურგზე სისხლი იყო შემხმარი. ეტყობოდა, მთელი ღამე იქ იწვა - მთლიანად წყლით იყო გაჟღენთილი.
შეიძლება სულელად მიმიჩნიოთ, მაგრამ იდიოტივით ავტირდი და იმ კაცს დავუღრიალე - „მკვლელო, ღვთისგან დაწყევლილო, სისხლიანო მკვლელო“. პასუხი არ გაუცია. არც განძრეულა. უბრალოდ იდგა ხუხულასთან, ქალბატონთან ერთად და მიყურებდა.
თქვენ დაგაინტერესებთ მე რაც გავაკეთე. სახლში დავბრუნდი, ნიჩაბი ავიღე და ჭანჭრობის უკან, ლელქაშში ბიჭს საფლავი ამოვუთხარე. რა სარწმუნოებისა იყო, არ ვიცოდი, ამიტომ ერთ-ერთი ჩემებური ლოცვა ვთქვი. როდესაც მოვრჩი, ტბის გაღმა გავიხედე, კაცისკენ. 
და იცით რა დავინახე?
დავინახე თუ როგორ დახარა თავისი დიდებული თავი, ცოლისკენ გადაიხარა და მოეხვია. ქალმაც ასწია თავი და ქმარი გულში ჩაიკრა. ეს იყო ერთდროულად რექვიემიცა და ლოცვა-კურთხევაც. მონანიება და უფლის დიდება. თავიანთი უცნაური ფიქრითაც იცოდნენ რომ ბოროტება ჩაიდინეს, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა, რადგან მე ბიჭი დავმარხე. ის წავიდა. ახლა უკვე შეეძლოთ ისევ ერთად ყოფილიყვნენ, აღარ იყო მესამე, მათი დამშორებელი. 
ტბის შუაგულში გამოვიდნენ და უცებ დავინახე რომ კაცმა კისერი დაიგრძელა, ფრთები აიქნია და, ძლევამოსილებით აღსავსე, წყლიდან აფრინდა. ქალიც მიჰყვა. შევყურებდი ორ გედს, ზღვის ფონზე, ჩამავალი მზის გულში რომ მიფრინავდა. და უნდა გითხრათ, ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი სანახაობა: ცაში მოლივლივე ორი გედი, განმარტოებულნი, ზამთარში.
Daphne du Maurier “The Birds and other stories”–The Old Man (227-237); Pan Books Ltd.1977.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge