ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
12 იანვ 01:01ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
კარლ გუსტავ იუნგი - თანამედროვე საზოგადოებაში ინდივიდის გაჭირვებული მდგომარეობა (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
რას მოიტანს მომავალი? ეს საკითხი უხსოვარი დროიდან აინტერესებდა ადამიანს, თუმცა ყოველთვის არათანაბარი ხარისხით. ისტორია ადასტურებს, რომ ადამიანი შიშითა და იმედით უცქერის მომავალს ფიზიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი რყევების დროს, როდესაც წარმოიშობა მრავალი იმედი, უტოპიური იდეები და აპოკალიფსური ზმანებანი. გვახსენდება, მაგალითად, ქრისტიანული ერის განთიადისას იმპერატორ ავგუსტინიანეს თანამედროვეთა ხილიასტური მოლოდინი, ან კიდევ, დასავლეთში ქრისტეს დაბადებიდან პირველი ათასწლეულის დასასრულის თანმდევი სულიერი ცვლილებები. ჩვენს დროში, როდესაც მეორე ათასწლეული დასასრულს უახლოვდება, ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ საყოველთაო განადგურების აპოკალიფსური სახეებით ავსებულ მსოფლიოში. რა მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ორ ბანაკად გაყოფას, რომლის სიმბოლოსაც „რკინის ფარდა“ წარმოადგენს? რა მოუვა ჩვენ ცივილიზაციასა და თავად კაცობრიობას, თუკი დაიწყებენ წყალბადის ბომბების აფეთქებას ან თუკი სახელმწიფოებრივი აბსოლუტიზმის სულიერი და ზნეობრივი სიბნელე შთანთქავს მთელ ევროპას? არანაირი საფუძველი არ გვაქვს ასეთი დასასრული ნაკლებმოსალოდნელად მივიჩნიოთ. დასავლეთის ყველა ქვეყანაში არსებობენ მავნებლურ ელემენტთა მცირე ჯგუფები, რომლებიც იყენებენ რა ჩვენ ჰუმანურობასა და სამართლიანობისაკენ მისწრაფებას, ბიკფორდის ზონართან მზად აქვთ ასანთი და მათი იდეების გავრცელების შეჩერება შეუძლია მხოლოდ კრიტიკული გონების უმაღლეს დონეზე განვითარებული და გონებრივად სტაბილური მოსახლეობის ცალკეულ ფენას. არ არის საჭირო ამ ფენის „სისქის“ გადაჭარბებული შეფასება. თითოეულ ქვეყანაში იგი განსხვავებულია და დამოკიდებულია მოსახლეობის ეროვნულ ტემპერამენტზე. ამასთანავე, ამ ფენის „სისქე“ დამოკიდებულია მოცემული კონკრეტული ქვეყნის განათლების დონესა და ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის განსაკუთრებულად ძლიერ ფაქტორებზე. თუკი კრიტერიუმად გამოვიყენებთ პლებისციტს, მაშინ ყველაზე უფრო ოპტიმისტური შეფასებით, ამ ფენის „სისქე“ შეიძლება შეადგენდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ორმოც პროცენტს. მაგრამ უფრო პესიმისტური შეფასებაც სავსებით გამართლებული იქნება, ვინაიდან ჯანსაღი აზრისა და კრიტიკული აზროვნების ნიჭი არ მიეკუთვნება ადამიანის ყველაზე უფრო დამახასიათებელ განმასხვავებელ თვისებებს და იქაც კი, სადაც მას ნამდვილად აქვს ადგილი, იგი არ წარმოადგენს მტკიცესა და ურყევს, და როგორც წესი, სუსტდება პოლიტიკური ჯგუფის ზრდასთან ერთად. მასა ახშობს შორსმჭვრეტელობასა და დაკვირვებულობას, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია ცალკე აღებულ პიროვნებას, და უცილოდ მივყავართ დოქტრინერულ და ავტორიტარულ ტირანიასთან, როგორც კი კონსტიტუციური სახელმწიფო სისუსტეს გამოიჩენს.
რაციონალურ არგუმენტთა გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს წარმატების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოცემული კონკრეტული სიტუაციის ემოციურობა არ აღემატება განსაზღვრულ კრიტიკულ დონეს. თუკი ვნებათა დაძაბულობა იწევს კრიტიკულ დონეზე მაღლა, მაშინ ქრება ყოველგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ გონების ხმამ გავლენა იქონიოს და მას ცვლის ლოზუნგები და ფანტაზიის ილუზორული სურვილები. ესე იგი დგება თავისებური კოლექტიური სიგიჟე, რომელიც სწრაფად გარდაიქცევა ფსიქიკურ ეპიდემიად. ამგვარ პირობებში ყველაზე უფრო მაღლა ადიან ის ელემენტები, რომლებიც გონებით მართვის ეპოქაში მიიჩნევიან ასოციალურად და რომელთა არსებობას საზოგადოება მხოლოდ ითმენს. ასეთი ინდივიდები არანაირად არ წარმოადგენენ იშვიათ არაჩვეულებრივ ეგზემპლარებს, რომელთაც შეიძლება შეხვდე მხოლოდ ციხეებსა ან ფსიქიატრულ საავადმყოფოებში. ჩემი შეფასებით, თითოეულ აშკარა შეშლილზე მოდის, როგორც მინიმუმი ათი ფარული, რომელთა სიგიჟე იშვიათად ვლინდება ღია ფორმაში; ხოლო შეხედულებები და ქცევები, მიუხედავად მთელი გარეგნული ნორმალურობისა, მათი ცნობიერებისათვის შეუმჩნეველი, განიცდის პათოლოგიურ და გაუკუღმართებულ ფაქტორთა ზემოქმედებას. გასაგებ მიზეზთა გამო არ არსებობს ფარულ ფსიქოზთა ამგვარი სამედიცინო სტატისტიკა. მაგრამ თუნდაც მათი რაოდენობა ოდნავ ნაკლებიც რომ იყოს, გადამეტება აშკარა ფსიქოპათთა და დამნაშავეთა რაოდენობის, მოსახლეობის საერთო მასასთან, მათი სიავეთა რაოდენობის შედარებითი სიმცირე კომპენსირდება ამ ადამიანთა უკიდურესი საფრთხით. მათი გონებრივი მდგომარეობა ენათესავება ჯგუფისას, რომელიც იმყოფება კოლექტიურ აგზნებაში და ექვემდებარება მიკერძოებულ შეფასებებსა და სურვილებს. როდესაც ასეთი ადამიანები იმყოფებიან თავიანთ გარემოში, ისინი ეგუებიან ერთმანეთს და შესაბამისად თავს გრძნობენ სახლში. თავიანთი პირადი გამოცდილებით მათ შეიცნეს ამგვარი სახის სიტუაციის „ენა“ და იციან, თუ როგორ მართონ იგი. მათი იდეა-ქიმერები, ფანატიკური აღშფოთებით ნაკვები, იწვევენ კოლექტიურ ირაციონალიზმს და მასში ჰპოვებენ ნოყიერ ნიადაგს; ისინი გამოხატავენ ყველა იმ მოტივსა და ყველა იმ უკმაყოფილებას, რომლებიც უფრო ნორმალურ ადამიანებს დაფარული აქვთ კეთილგონიერებისა და შორსმჭვრეტელობის საფარქვეშ. ამიტომაც, მიუხედავად მათი პროცენტული სიმცირისა, ისინი წარმოადგენენ დიდი საშიშროების მქომე სენის წყაროს, სწორედ იმიტომ, რომ ეგრეთწოდებული ნორმალური ადამიანი ფლობს თვითშემეცნების შეზღუდულ დონეს.
ადამიანთა უმრავლესობა „თვითშემეცნებას“ ურევს თავის ეგო-პიროვნების გაცნობიერებულ ცოდნაში. ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს თუნდაც რაღაც ეგო-ცნობიერება, ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ მან იცის საკუთარი თავი. მაგრამ ეგომ იცის მხოლოდ თავისი შიგთავსი და არ იცის არაცნობიერი და მისი შიგთავსი. ადამიანები თავიანთ თვითშემეცნებას განსაზღვრავენ თავისი სოციალური გარემოცვის საშუალო ადამიანის საკუთარი თავის ცოდნის დონით და არა რეალური ფსიქიკური ფაქტებით, რომლებიც უმეტესწილად, მათგან დაფარულია. ამ აზრით ფსიქე მსგავსია სხეულის, რომლის ფიზიოლოგიისა და ანატომიის შესახებ, ასევე, ცოტა რამ იცის საშუალო ადამიანმა. რიგითი ადამიანი თუმცა კი ცოცხლობს სხეულში და სხეულით, მაგრამ მისი დიდი ნაწილი მისთვის სრულიად უცნობია და ცნობიერებას იმის გასაგებად, რაც სხეულის შესახებაა ცნობილი, სჭირდება სპეციალური მეცნიერული ცოდნა. აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რაც „უცნობია“ სხეულის შესახებ, მაგრამ, რაც, მიუხედავად ამისა, არსებობს. მაშასადამე, რაც მიღებულია იწოდებოდეს „თვითშემეცნებად“, სინამდვილეში არის მეტად შეზღუდული ცოდნა, რაც ხდება ადამიანის ფსიქიკაში. ამიტომაც ადამიანებს ყოველთვის წარმოექმნება შეგონება, რომ გარკვეული რამ ხდება არა „ჩვენ თავზე“, არა „ჩვენ ოჯახში“ ან არა ჩვენ მეგობრებთან და ნაცნობებთან. მეორე მხრივ, ადამიანებს ექმნებათ საკუთარი თავისადმი არანაკლებ ილუზორული რწმენა, გარკვეულ თვისებათა არსებობის შესახებ და ეს რწმენა მხოლოდ მალავს საგანთა ჭეშმარიტ მდგომარეობას.
არაცნობიერის ამ ფართო ზონაში, რომელიც საიმედოდ დაცულია კრიტიკისა და ცნობიერების კონტროლისაგან, და რომლისგანაც ჩვენ სავსებით დაუცველნი ვართ, ღიაა ყოველი სახის ფსიქიკური ზემოქმედებისა და ფსიქიკური ინფექციებისთვის. როგორც ყველა სხვა სახის საშიშროებისას, ასევე, შეგვიძლია ავიცილოთ ფსიქიკური ინფექციის რისკი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გვეცოდინება, რომ შემოგვიტევს და აგრეთვე, სად, როდის და რა სახით მოხდება თავდასხმა. ვინაიდან თვითშემეცნება ეს არის კონკრეტული ფაქტების ცოდნა, ამიტომაც აქ თეორია ძნელად თუ შეძლებს დახმარებას. თეორია რაც უფრო მეტად აცხადებს პრეტენზიას თავის უნივერსალურ ჭეშმარიტებაზე, მით უფრო ნაკლებად შეუძლია გამოდგეს ცალკეული კონკრეტული ფაქტების სწორი შეფასების საფუძვლად. ყველა ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული თეორია უცილოდ სტატისტიკურია; მას გამოჰყავს იდეალური საშუალო სიდიდე და უკუაგდებს ყველა გამონაკლისს სკალის ორივე მხარეს და ცვლის მათ აბსტრაქტული აზრით. ეს თეორია სავსებით ჭეშმარიტია, მაგრამ ცხოვრებაში საქმეები ყოველთვის მასთან შესაბამისობაში არ მომდინარეობს. მიუხედავად ამისა, თეორიის აბსტრაქტული აზრი ფიგურირებს ურყევ ფუნდამენტურ ფაქტად. უკიდურესობის ყოველი გამორიცხვა, თუმც კი წარმოადგენს არანაკლებ რეალურს, თეორიაში საერთოდ არ შეიტანება, ვინაიდან ერთმანეთს უარყოფენ. მაგალითად, თუკი მე გამოვიანგარიშებ თითოეული კენჭის წონას, კენჭებით დაფარულ პლაჟზე და მივიღებ საშუალო წონად ხუთ უნციას, ეს ციფრი ბევრს არაფერს მეტყვის კენჭების რეალური ბუნების შესახებ. ყველა, ვინც ჩემი გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტს, რომ პირველივე მცდელობისთანავე შეძლებს ხუთი უნციის წონის კენჭის შერჩევას, სერიოზული იმედგაცრუება ელის; და მართლაცდა, ისე შეიძლება მოხდეს, რომ მან მრავალსაათიანი ძებნის შემდეგაც ვერ იპოვოს ზუსტად ხუთი უნციის წონის კენჭი.
სტატისტიკური მეთოდი ფაქტებს გვიჩვენებს იდეალური საშუალო სიდიდის შუქზე, მაგრამ წარმოდგენას არ გვაძლევს მათი ემპირიული რეალობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო სიდიდე, ეჭვგარეშეა, ასახავს რეალობის გარკვეულ ასპექტს, მას შეუძლია ყველაზე უფრო ვერაგული სახით ჭეშმარიტების ფალსიფიცირება. ეს უპირველს ყოვლის ეხება სტატისტიკაზე დაფუძნებულ თეორიებს. თუმცა ფაქტის განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს მისი ინდივიდუალობა. უხეშად რომ ვთქვათ, რეალური სურათი მდგომარეობს მხოლოდ წესიდან გამორიცხვაში და შესაბამისად, აბსოლუტურ რეალობაში სრულად ბატონობს მცდარობა.
ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როდესაც საუბარი ეხება იმას, რომ თეორიას, თვითშემეცნების გზაზე, შეუძლია იყოს მეგზური. არ არსებობს და არც შეიძლება იარსებოს არანაირმა თვითშემეცნებამ თეორიული ვარაუდების საფუძველზე, ვინაიდან ამ შემეცნების ობიექტს წარმოადგენს ინდივიდი - შედარებითი განსაკუთრებულობა და „მცდარობის“ ფენომენი. ამიტომაც ინდივიდისათვის დამახასიათებელი თვისებები წარმოადგენენ არა უნივერსალურსა და სწორს, არამედ უფრო უნიკალურს. იგი აღქმული უნდა იქნეს არა როგორც სტანდარტული ერთეული, არამედ რაღაც უნიკალური და თავისებურად ერთადერთი, რისი, პრინციპში, ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია და არც რაიმე სხვასთან შედარება არ შეიძლება. ამასთანავე, ადამიანი, როგორც კაცობრიობის გვარეულობის წარმომადგენელი, შეიძლება და უნდა იყოს აღწერილი, როგორც სტატისტიკური ერთეული; წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება მის შესახებ საერთოდ რაიმეს თქმა. ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის იგი განხილულ უნდა იქნეს, როგორც შედარების ერთეული. ამის რეზულტატს წარმოადგენს უნივერსალურად სწორი ანთროპოლიგია და ფსიქოლოგია ადამიანის აბსტრაქტული ფიგურით. მეცნიერული ვარაუდების ზემოქმედების ქვეშ არა მხოლოდ ფსიქე, არამედ ინდივიდუალური ადამიანი და ინდივიდუალური მოვლენაც ხდება მსხვერპლი „გათანაბრებისა“ და „განსხვავებათა წაშლის“, რომლებიც ამახინჯებენ რეალურობის სურათს, აქცევენ რა მას კონცეპტუალურ საშუალო სიდიდედ. ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ სტატისტიკურ სურათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება: იგი უარყოფს ინდივიდს და ცვლის მას უსახო ერთეულებით, რომელსაც აგროვებს მასობრივ ფორმაციაში. კონკრეტული ინდივიდის ადგილზე ჩვენ გვაქვს ორგანიზაციათა სახელწოდებები და როგორც კულმინაცია, პოლიტიკური რეალობის პრინციპის სახით, სახელმწიფოს აბსტრაქტული იდეა. ამასთანავე ინდივიდის ზნეობრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად იცვლება სახელმწიფო ინტერესებით raison d’etat (სახელმწიფო აუცილებლობა, სახელმწიფოს სიკეთე (ფრანგ.)). ინდივიდთა ზნეობრივი და გონებრივი დიფერენციაციის ნაცვლად ჩვენ გვაქვს საზოგადოების კეთილდღეობა და ცხოვრების დონის ამაღლება. მიზანი და მნიშვნელობა ინდივიდუალური ცხოვრების (რომელიც წარმოადგენს ერთადერთ რეალურ ცხოვრებას) უკვე მდგომარეობს არა ინდივიდუალურ განვითარებაში, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკაში, რომელსაც ინდივიდს ძალით თავს ახვევს გარედან და მდგომარეობს ცხოვრებაში აბსტრაქტული იდეის გარდაქმნაში, რომელსაც აქვს მთელი ცხოვრების თავისკენ მიზიდვის ტენდენცია. ინდივიდს სულ უფრო მეტად უსპობენ ზნეობრივი გადაწყვეტილების უფლებას, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს თავისივე საკუთარ ცხოვრებაში. მას აჭმევენ, აცმევენ, ასწავლიან და, როგორც საზოგადოების ერთეულს, მას აბინავებენ შესაბამის საცხოვრებელ ერთეულში და ანიჭებენ სიამოვნებას და კმაყოფილებას იმ ფორმაში, რომელშიდაც მათ ბრბო აღიქვამს. მმართველნიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ საზოგადოების ისეთივე ერთეულს, როგორც ქვეშევრდომნი და ამ უკანასკნელისაგან განსხვავდებიან მხოლოდ იმით, რომ წარმოადგენენ სახელმწიფო დოქტრინის რუპორს. ისინი სრულიადაც არ არიან ვალდებულნი ფლობდნენ ჯასაღ აზრს, მათ შეუძლიათ უბრალოდ იყვნენ კარგი სპეციალისტები და სავსებით უსარგებლონი თავიანთი სპეციალიზაციის იქით. სახელმწიფო პოლიტიკა განსაზღვრავს, რა უნდა მიაწოდონ და რა უნდა ისწავლონ.
სახელმწიფოს ყოვლისშემძლეობის დოქტრინა ნაწილობრივ მსხვერპლი ხდება სახელმწიფოს ინტერესებისათვის მანიპულაციის გამტარებელი ადამიანების მიერ, რომელთაც მთავრობაში მაღალი თანამდებობები უკავიათ და თავიანთ ხელში თავი მოუყარეს მთელ ძალაუფლებას. ყველა ადამიანი, მოხვედრილი პატიოსანი არჩევნების გზით თუ ბედის ახირებით, ერთ-ერთ ასეთ თანამდებობაზე, უკვე აღარავის არ ემორჩილება; იგი თვითონ წარმოადგენს „სახელმწიფოს პოლიტიკას“ და შეუძლია მიჰყვეს თავის განსაზღვრულ მიმართულებას. ლუდოვიკო XIV-ს მსგავსად მასაც შეუძლია თქვას: „სახელმწიფო ეს მე ვარ“. მაშასადამე, იგი წარმოადგენს ერთადერთს ან მაინც ერთ-ერთს იმ მცირე ოდენობის ინდივიდთა შორის, რომელთაც შეეძლოთ გამოეყენებინათ თავისი ინდივიდუალობა, თუკი ეცოდინებოდათ, როგორ ჩამოეშორებინათ იგი სახელმწიფო დოქტრინისაგან. მაგრამ ისინი, როგორც წესი, წარმოადგენენ მონებს თავიანთი საკუთარი გამონაგონების. ამგვარი ცალმხრივობა ფსიქოლოგიურად ყოველთვის კომპენსირდება არაცნობიერი მავნებლური ტენდენციებით. მონობა და ამბოხი ერთმანეთისაგან განუყოფელია. შედეგად, ბრძოლა ძალაუფლებისათვის და უკიდურესი ეჭვნეულობა გამსჭვალავს სათავეში და მის ქვემოთ მყოფთა მთელ ორგანიზმს. უფრო მეტიც, მიისწრაფვის რა თავისი ქაოსური უფორმობის კომპენსირებისაკენ, მასა ყოველთვის ბადებს „ბელადს“, რომელიც, როგორც ისტორია გვასწავლის, უსათუოდ ხდება მსხვერპლი თავისივე უზომოდ გაზვიადებული ეგო-ცნობიერების. მოვლენათა ასეთი განვითარება უცილოდ ლოგიკური ხდება იმ მომენტში, როდესაც ინდივიდი უერთდება მასას და წყვეტს ინდივიდად არსებობას. გარდა მასების ვებერთელა აგლომერაციისა, რომელშიდაც ინდივიდი ყველა შემთხვევაში განზავდება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზთაგანი მასობრივი ფსიქოლოგიური ცნობიერების, არის მეცნიერული რაციონალიზმი, რომელიც პიროვნებას ანიჭებს მისი ინდივიდუალობისა და ღირსების საფუძვლებს, როგორც სოციალური ერთეული, პიროვნება ჰკარგავს თავის ინდივიდუალობას და ხდება უფერულად აბსტრაქტული სტატისტიკური სიდიდე. მას შეუძლია ითამაშოს მხოლოდ იოლად შესაცვლელი და სრულიად უმნიშვნელო „დეტალის“ როლი. თუკი მას გვერდიდან და რაციონალურად შევხედავთ, მაშინ, სწორედ, დეტალს წარმოადგენს და ამ თვალსაზრისით სავსებით აბსურდული იქნება მსჯელობა ინდივიდის ღირსებისა ან მისი მნიშვნელობის შესახებ; მართლაცდა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ინდივიდუალური ღირსეული ცხოვრება, თუკი ჭეშმარიტება, მზესავით ნათელია და პირდაპირ საპირისპიროა მტკიცებულების. თუკი ინდივიდს შევხედავთ ამ თვალსაზრისით, მაშინ მისი მნიშვნელობა ნამდვილად მცირდება და ყველა, ვინც მოინდომებს სადაო გახადოს ეს მდგომარეობა, სწრაფად აღმოაჩენს არგუმენტთა უკმარისობას. ის ფაქტი, რომ ინდივიდი განიცდის საკუთარ თავს თავისი ოჯახის წევრად ან მნიშვნელოვან პიროვნებათა ახლო მეგობრებში, მხოლოდ ხაზს უსვამს მისი შეგრძნებების რამდენამდე სუბიექტურობას. ვინაიდან რა მნიშვნელობა აქვს რამდენიმე ადამიანს, ათასს ან ასიათას, რომ არაფერი ვთქვათ, მილიონთან შედარებით? მახსენდება ერთი ჩემი მეგობრის ღრააზროვანი გამოთქმა, რომელთანაც ერთად გავეჩხირე ვეებერთელა ბრბოში. მან მაშინ მოულოდნელად წამოიძახა: „აი, ყველაზე უფრო საიმედო საფუძველი უკვდავების რწმენის უქონლობისათვის: ხალხის მთელ ამ გროვას სურს უკვდავება!“
რაც უფრო დიდია ბრბო, მით უფრო უმნიშვნელოა ინდივიდი. თუკი ინდივიდს აღავსებს საკუთარი უმნიშვნელობისა და სისუსტის შეგრძნება და იგრძნობს, რომ მისმა ცხოვრებამ დაკარგა აზრი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, არაა შესატყვისი საზოგადოების კეთილდღეობისა და ცხოვრების მაღალი დონის, იგი უკვე ახლოსაა იმასთან, რომ გახდეს სახელმწიფოს მონა, რომელსაც იგი არ ისურვებდა და არ იფიქრებდა, და მისი მხურვალე მომხრე. ადამიანს, რომლის მზერა მიპყრობილია მხოლოდ გარე სამყაროზე და, რომელიც იკრუნჩხება „დიდი ბატალიონის“ დანახვისას, არაფერი აქვს დასაპირისპირებელი იმ ინფორმაციისადმი, რომლებსაც მას ატყობინებენ გრძნობის ორგანოები და თავისი გონება. სწორეს რომ ეს ხდება ახლა: ჩვენ ყველანი მოჯადოებულად მუხლთ მოყრილნი ვართ სტატისტიკური ჭეშმარიტებებისა და დიდი რიცხვების წინაშე; ჩვენ ყოველდღიურად გვამცნობენ ინდივიდუალურ პიროვნებათა უმნიშვნელობისა და ამაოების შესახ, თუკი იგი არ არის წარმოდგენილი და პერსონიფიცირებული რომელიმე მასობრივი ორგანიზაციის მიერ; და პირიქით, ის პერსონაჟები, რომლებიც მედიდური იერით დადიან მსოფლიო სცენაზე და რომელთა ხმაც აღწევს ყველა ადამიანამდე და თითოეულამდე, არაკრიტიკულად მოაზროვნეთა პუბლიკას წარმოუდგენია რომელიმე მასობრივი მოძრაობის ან საზოგადოებრივი აზრის ამაღლებულ ტალღად. ამიტომაც ბრბო ან ტაშს უკრავს მათ, ან წყევლის. ვინაიდან აქ წამყვან როლს თამაშობს მასობრივი აზროვნება, ამიტომ არ არსებობს რწმენა იმისადმი, - გამოხატავენ კი ეს ადამიანები თავიანთ შეხედულებას, რომელზედაც ისინი პერსონალურ პასუხისმგებლობას ატარებენ, თუ წარმოადგენენ მხოლოდ რუპორს და კოლექტივის შეხედულების გამომხატველს.
ამგვარ პირობებში ძნელად თუ შეიძლება გაგვიკვირდეს ის, რომ ინდივიდს სულ უფრო მეტად უჭირს თავის თავზე შეხედულებათა ფორმირება და, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებელი გახდა კოლექტივი, ანუ ინდივიდმა მოიხსნა იგი და კოლექტივს გადასცა. ამგვარად, ინდივიდი სულ უფრო და უფრიო ხდება საზოგადოების ფუნქცია, რომელიც, თავის მხრივ, ახდენს რეალური ცხოვრების მატარებლის ფუნქციის უზურპაციას, თუმცა, სინამდვილეში, საზოგადოება სხვა არაფერია თუ არა აბსტრაქტული იდეა, სახელმწიფოს მსგავსი იდეა. ორივე ეს იდეა განივთებულია, ანუ გახდნენ ავტონომიურნი.
სახელმწიფო განსაკუთრებულად ნახევრად გასულიერებული არსება გახდა, რომლისგანაც ყველა ყველაფერს ელოდება. სინამდვილეში იგი - ესაა მხოლოდ კამუფლიაჟი იმ ინდივიდებისათვის, რომლემბაც იციან თუ როგორ უნდა მოახდინონ ამით მანიპულირება. ასე რომ, კონსტიტუციური სახელმწიფო ჩამოცოცდება საზოგადოების პრიმიტიულ ფორმაში, პირველყოფილ ტომთა კომუნიზმის ფორმაში, სადაც თითოეული წარმოადგენს ბელადის ავტოკრატიული მმართველობის ან ოლიგარქიის სუბიექტს.
ახალი სტატიები
სალომე გოგოლაძე - ლექსები 22:52თენგიზ გუმბერიძე - ზოგადეროვნული საკითხები ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკასა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში 01:09კარლ გუსტავ იუნგი - თანამედროვე საზოგადოებაში ინდივიდის გაჭირვებული მდგომარეობა (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 01:01ირაკლი ნადარეიშვილი - ზადენი (ფენტეზი) 20:57დაფნე დიუ მორიე - მისი მამა (თარგმანი - თამარ ნამგლაძე) 20:53გივი ჩიღვინაძე - ტოპონიმები, ამბები და ადამიანები 20:27გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა 19:46ირინა თოფურია - ლექსები 19:31
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ბექა ახალაია - ლექსები